კითხვა-პასუხი - როგორ გავიგოთ როგორია ჩვენზე ღმრთის ნება? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
როგორ გავიგოთ როგორია ჩვენზე ღმრთის ნება?
გოგონა წვიმაში
შეკითხვა: რას ნიშნავს მიჰყვე ღმრთის ნებას? ამგვარ რჩევას ხშირად ვისმენთ მღვდლებისგან და ნაცნობი მორწმუნე ადამიანებისგან, მაგრამ სავსებით არ მესმის როგორ უნდა მივყვე ღმრთის ნებას, როგორ გავიგო რაში გამოიხატება ეს ნება? შინაგან ხმას ვუსმინო? მაგრამ როგორ განვასხვავო საკუთარი ხმა ღმრთის ხმისგან? იქნებ მღვდლის დარიგებებია უფლის ხმა? და კიდევ, ვგრძნობ წინააღმდეგობას: ყველანი ამბობენ, რომ თუ გსურს რაიმეს მიაღწიო, ნუ ელოდები გაურკვევლობას, რაღაც ნიშნებს, არამედ იმოქმედე. მაგალითად, თუ დაოჯახება გინდა - ჩამოაყალიბე მოთხოვნები შენი მომავალი მეორე ნახევრის მიმართ და აქტიურად დაიწყე ძებნა გაცნობათა მეშვეობით. წარმატების მიღწევა თუ გსურს - ეძებე კარგი სამსახური, და ერთ ადგილას ნუ ზიხარ; რეზიუმეები დააგზავნე. ჩემთვის ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა ძალიან ახლობელია. მაგრამ ეს სულაც არ ეხმაურება ღმრთის ნების ძებნას. მაშ, როგორ შევცვალო ჩემი ცხოვრება და რის მიღწევას ვეცადი, თუკი მორწმუნე ვარ?
 
მკითხველი.
 
 
***
 
 
როგორია ღმრთის ნება ჩემზე? რა გავაკეთო არჩევანის შემთხვევაში? როგორი უნდა იყოს ჩემი გზა ამ ცხოვრებაში? ეს კითხვები, არსებითად, ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის. რადგან თუკი მე საკუთარი ნებით არ მოვსულვარ ამ ქვეყანაზე, თუკი ყოფიერებისკენ ღმერთმა მომიწოდა, მაშასადამე, მანვე ეს უბრალოდ როდი დაუშვა. მაშასადამე, მე რაღაც მისია გამაჩნია, რომლის აღსრულებასაც ჩემგან ღმერთი ელოდება. მხოლოდ ამ მისიის შეტყობის შემდეგ შემიძლია ჩემი სიცოცხლე გააზრებულად და ღმრთივსათნოდ ჩავთვალო.
 
ეს ძალზედ გონივრული განსჯაა, და ქება იმ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც საკუთარ თავს უსვამენ ამგვარ კითხვას: პასუხი ხომ იქაა შესაძლებელი, სადაც შეკითხვა ისმება. მაგრამ ასეთ მსჯელობაში შეიძლება გაერიოს სისტემური შეცდომა, რომელიც პასუხს პრინციპულად შეუძლებელს გახდის.
თეზისი პირველი:
ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ღმერთს გააჩნია რაღაც იდეალური გეგმა, რომელსაც ისინი უნდა შეესაბამებოდნენ, თუკი შეიტყობენ, როგორია ეს გეგმა. სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
 
გაურკვევლობანი რომ ავიცილოთ, იმთავითვე უნდა განვმარტოთ: გეგმის არარსებობა სულაც არ ნიშნავს ცოდნის არარსებობას იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენი ცხოვრების ყოველ ეტაპზე. ღმერთმა, როგორც ყოვლისმცოდნემ, ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე იცოდა აბსოლუტურად ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზე. და, რაც გინდ უცნაურად ჟღერდეს, სწორედ ამიტომაც მას ადამიანებთან მიმართებაში არანაირი გეგმები არ გააჩნია.
 
რომ გავიგოთ, რატომ არა აქვს აზრი ასეთ გეგმა თითოეულ ჩვენთაგანთან მიმართებაში, მოვიტან ასეთ ანალოგიას: დავუშვათ, ქარხანია უშვებს რაღაც პროდუქციას, მაგალითად, ავტომობილებს. კონვეიერზე ყოველი მუშა გეგმის შესაბამისად ასრულებს გარკვეულ ოპერაციას: ერთი კარებს ამაგრებს, მეორე საბურავებს, მესამე ნათურებს, მეოთხე ძრავს ამონტაჟებს, მეხუთე - გადაცემათა კოლოფს და სხვა. ყველაფერი დეტალურად გათვლილია, ყოველი მუშის ფუქნცია ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია, პროცესი დალაგებულია და ოპტიმიზირებულია.
 
მაგრამ რა დაემართება ასეთ ქარხანას, თუკი მისი ხელმძღვანელი უეცრად ცალკე განკარგულებით მუშებს მისცემს იმის უფლებას იმოქმედონ არა მკაფიოდ გამოზომილი საწარმოო გეგმის, არამედ საკუთარი შეხედულების მიხედვით - აკეთონ მხოლოდ ის ოპერაციები, რომლებიც მათ განსაკუთრებულად მოსწონთ ან საერთოდ არაფერი აკეთონ, თუკი არა აქვთ მუშაობის განწყობა? პასუხი ცხადია: კონვეიერი გაჩერდება, ქარხანა შეწყვეტს პროდუქციის გამოშვებას, გეგმა ჩავარდება და საერთოდ, ამგვარ პირობებში ყოველგვარ აზრსაც კი დაკარგავს. არ არის საჭირო მართვის სპეციალისტად ყოფნა, რომ დაინახო, - ამგვარი ხელმძღვანელის მოქმედება, რომელიც მკაცრ დაგეგმარებას მისი შესრულების თავისუფლებასთან აკავშირებს, სრულიად უგუნურია.
 
გაუაზრებლად სწორედ ასეთ ქცევას მივაწერთ ღმერთს, როდესაც მივიჩნევთ, თითქოსდა მას რაღაც იდეალური გეგმა გააჩნია ყოველ ჩვენთაგანზე. შექმნა რა ადამიანი თავის ხატად და მსგავად, ღმერთმა მას გასაოცარი ნიჭი - თავისუფალი არჩევანი მიანიჭა. ადამიანს თავისუფლად, საკუთარი ნებით შეუძლია აირჩიოს სიკეთე ან ბოროტება. ეს ლამაზად და პოეტურად ჟღერს. მაგრამ თუ დავფიქრდებით, ამგვარი თავისუფლების აზრი სწორედ ღმრთის ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ წასვლის შესაძლებლობასაც ნიშნავს. იცის რა ღმრთის ნება ქმნილებათა მიმართ, ადამიანს თავისივე შეხედულებით შეუძლია გადაწყვიტოს, მისდიოს ამ ნებას თუ დაარღვიოს იგი.
 
ადამმა და მისმა ცოლმა სრულიად ზუსტად იცოდნენ, რომ ღმერთმა მათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა. მაგრამ ღმერთს ამ ხისთვის სამი წყება ჯაჭვის წინაღობა არ შემოუხვევია და მის გვერდით შეიარაღებული დაცვა არ დაუყენებია. მან მხოლოდ მისი ნების დარღვევის მოსალოდნელ შედეგზე გააფრთხილა ადამიანი: "რომელ დღესაც შეჭამთ მისგან, სიკვდილით მოკვდებით" (დაბ. 2:17). გადაწყვეტილება თვით ადამიანებს უნდა მიეღოთ. და ბიბლიიდან ვიცით, როგორი იყო ეს გადაწყვეტილება. შემდეგ, კაცობრიობის მთელი ისტორია ადამიანის ნებასა და ღმრთის ნებას შორის არსებული ამ ტრაგიკული წინააღმდეგობის ირგვლივ განვითარდა. იქ, სადაც ადამიანი შეიწყნარებს ღმრთის ნებას, კაცობრიობის ისტორია ადამიანური სიწმიდით იფურჩქნება. ხოლო იქ, სადაც უარყოფს, იფეთქებს ცოდვის, ტანჯვის და სიკვდილის ისტორია.
 
კვლავ ქარხნის ზემოთხსენებულ მაგალითს თუ დავუბრუნდებით, აღმოჩნდებოდა, რომ მუშები პროდუქციის დამზადების ნაცვლად დაარღვევდნენ უსაფრთხოების მოთხოვნას, დაზგებში ჩაყოფდნენ ხელებსა და ფეხებს, რათა ენახათ, თუ რა გამოვიდოდა აქედან, სცემდნენ ერთმანეთს სამუშაო ინსტრუმენტებით და, დრო და დრო დირექტორის კაბინეტსაც კი შეუტევდნენ, სადაც მათ დაემალებოდა ის, ვინც მათთვის ასეთი "იდეალური გეგმა" შეიმუშავა, ნაცვლად იმისა, თავნება მუშები მორჩილი და თვინიერი რობოტებით შეეცვალა. მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ ასეთი მაგალითი აბსოლუტურად არასწორია.
თეზისი მეორე:
ადამიანი ღმერთისთვის წარმოების იარაღი როდია, ის არც რაღაც განყენებული მიზნების მიღწევის საშუალებაა, რომელიც ადამიანს სულაც არ ეხება. ღმრთის მიზანი - თვით ადამიანია.
 
სხვა არაფრისთვის შევუქმნივართ ღმერთს, გარდა ერთისა - მოგვანიჭოს მისი სიყვარულით ტკბობის სრული სიხარული. ღირ. იოანე დამასკელი წერს: "ღმერთს უპირველეს ყოვლისა სურს ყოველთა ცხონება და მის სასუფეველში მისვლა. მართლაც, როგორც კეთილმა, მან დასასჯელად კი არ შეგვქმნა, არამედ იმისთვის, რათა მისი სიკეთის მოზიარეები ვყოფილიყავით". ღმერთმა ადამიანი შექმნა იმისთვის, რათა მას ნეტარ ყოფიერებაში მიეღო მონაწილეობა. მთელი ქვეყნიერება ისე იყო მოწყობილი, რომ ადამიანთა ამ ქვეყნად არსებობა მათ არსებობას სიხარულითა და სიტკბოებით ავსებდა, უმთავრესი სიხარული კი, ადამიანისთვის, ღმრთისადმი სიყვარული იყო. მაგრამ სიყვარულს პასუხობს მხოლოდ ის, ვინც ფლობს არჩევანის თავისუფლებას.
 
და ღმერთმაც მიანიჭა ადამიანს ეს გასაოცარი შესაძლებლობა - უყვარდეს ან არ უყვარდეს თავისი შემოქმედი. აი ასე, მის მიერ შექმნილ ამ უზარმაზარ სამყაროში, სადაც ყველაფერი სრულად ემორჩილება მის შემოქმედს, უეცრად გაჩნდა ტერიტორია, რომელზეც მას არ ჰქონდა ძალაუფლება. ეს იყო გული ადამიანისა, რომელიც მხოლოდ მას უნდა აღევსო ღმრთისადმი სიყვარულით. თუმცა თავისუფლადვე შეეძლო ადამიანს ამ სიყვარულზე უარი ეთქვა.
 
ღმერთს რომ წაერთმია ადამიანისთვის ეს თავისუფლება, ადამიანები გადაიქცეოდნენ ზომბებად, ავტომატებად, მკაცრად სიკეთეზე და ღმრთის მორჩილებაზე დაპროგრამებულ რობოტებად. და მაშინ რომელ სიყვარულზე იქნებოდა შესაძლებელი ლაპარაკი, რადგან რობოტებს სიყვარული არ შეუძლიათ.
 
ხოლო იქ, სადაც თავისუფლებაა, შეუძლებელია რაიმე გეგმის არსებობა: შეუძლებელია დაგეგმო სხვა ადამიანის მოქმედება, თუკი ის თავისუფალია. ამიტომაც არანაირი იდეალური გეგმა ყოველ ჩვენგანთან დაკავშირებით ღმერთს არ გააჩნია. ღმერთმა განუზომლად საუკეთესო რამ გაგვიმზადა - ცოცხალი ურთიერთობა მასთან, რომელიც ერთი წამითაც კი არ წყდება, რაც გინდ ხდებოდეს ჩვენს თავს და როგორადაც ვიყენებდეთ ჩვენთვის ბოძებულ თავისუფლებას. ეკლესია ამ დამოკიდებულებას ღმრთის განგებულებას უწოდებს. ხოლო ღმრთის განგებულება ასე შეიძლება განიმარტოს: ეს არის ღმრთის ყოვლადძლიერების, მისი სიკეთისა და სიბრძნის უწყვეტი მოქმედება, რომლითაც უფალი ინარჩუნებს ქმნილებათა ყოფიერებას და ძალას, მიმართავს მათ კეთილი მიზნებისკენ, ყოველგვარი სიკეთისკენ, ხოლო სიკეთეს დაშორებულ ბოროტებას წინ აღუდგება და კეთილი შედეგებისკენ მიაქცევს მას.
თეზისი მესამე:
იდეალური გეგმა არ არსებობს, რადგან ჩვენ არაიდეალურები ვართ. ღმერთი განგებულებითად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ცხონებისკენ მიმართავს ჩვენს უძლურებას და ცოდვებსაც კი. და ესეც - ღმრთის ნებაა.
 
აი მარტივი ჭეშმარიტება: ჩვენ არაიდეალურები ვართ. უცნაური იქნებოდა, ყოვლისმცოდნე ღმერთს, რომელმაც იცის ამ ფაქტის შესახებ, ჩვენზე რაიმე იდეალური გეგმები დაესახა. ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის ჩვენი უძლურებები და არასრულყოფილებები. როდესაც სრულყოფილებისკენ მოგვიწოდებს, ის ყოველთვის ითვალისწინებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ვიმყოფებით. როგორ ჩიხშიც გინდ მოვემწყვდეთ, საკუთარი გზებითაც რომ ვიაროთ, ღმერთს ყოველთვის მოეძებნება ჩვენთვის გზა, რომელიც ამ ჩიხიდან გამოგვიყვანს. ზოგჯერ ყველაზე ჩიხური მდგომარეობაც კი მას შეუძლია სიკეთედ შემოაბრუნოს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მრავალი სხვა ადამიანისთვისაც.
თეზისი მეოთხე:
ღმრთის ნების შეცნობა ჩვენზე და კონკრეტულ საკითხზე შესაძლებელია ლოცვით, გონებით და სინდისით.
 
მაგრამ, მაინც როგორ გავიგოთ ღმრთის ნება ჩვენზე ამა თუ იმ შემთხვევაში? აქ ერთი არცთუ სასიამოვნო რამის აღიარება გვიწევს: თუკი ჩვენ ამ ნებას ყოველთვის შევასრულებთ, როდესაც ის ჩვენთვის ცხადზე უცხადესია, ჩვენი სულიერი მხედველობა ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო განიწმინდება; ჩვენ ღმრთის ნებას უფრო მკაფიოდ დავინახავთ და მთელ ჩვენს ცხოვრებას მისი მეშვეობით ავაგებთ, და არა საკუთარი შეხედულებებისამებრ. რადგან ჩვენ გვაქვს სახარება, გვაქვს მცნებები, რომლებშიც ძალიან მარტივად და მისაწვდომად არის გადმოცემული, თუ რა და როგორ ვაკეთოთ ამა თუ იმ ვითარებაში. მაგრამ დღეს ყოველ შემთხვევას როდი მივუსადაგებთ ამ სახარებისეულ კრიტერიუმს. იქ, სადაც ჩვენთვის ყველაფერი ნათელია და, სადაც სახარებისეული მცნებების აღსრულება ასევე მკაფიოა ისევე, როგორც მისი დარღვევა, - განა ყოველთვის ღმრთის ნების შესაბამისად ვიქცევით?
 
უფალმა თქვა: "მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა" (ლკ. 16:10). რაში სჭირდება ადამიანს იმისი ცოდნა, რის აღსასრულებლად მზად არ არის? ასეთი უნაყოფო ცოდნა მხოლოდ დიდ განკითხვად დაჰბადებს. ამიტომაც ღმერთი ყველაფერს როდი გვიცხადებს ჩვენი ცხოვრებიდან. მხოლოდ მისი ნების აღსრულების შესაბამისად, იქ, სადაც ის ჩვენთვის ზუსტად ცნობილია, ვპოულობთ შესაძლებლობას გავაფართოვოდ ჩვენი ხედვის ჰორიზონტი ჩვენზე ღმრთის ნების არსებობასთან დაკავშირებით.
 
მაგალითად, ისეთ ვითარებაში, როდესაც ახლო ადამიანი გაცეცხლებული რაიმე გულსატკენს გეტყვის, უდავოდ, ღმრთის ნება იქნება იმაში, რომ არ უპასუხო, დაელოდო, სანამ "გაგრილდება", და მხოლოდ ამის შემდეგ, მშვიდად და სიყვარულით გაარკვიო, თუ რამ გამოიყვანა იგი მდგომარეობიდან, ხოლო თუ საჭიროა, განმუმარტო, რომ შენთან ასეთი მოქცევა არ შეიძლება, რომ თქვენ ეს ძალიან გულს გტკენთ და ანგრევს მისდამი თქვენს სიყვარულს. ცხადია, ღმრთის ნების საწინააღმდეგო მოქმედება ასეთ შემთხვევაში იქნება მის შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით პასუხი, ყოველგვარი სისაძაგლეების თქმა და მრავალსაათიანი, შესაძლოა მრავალდღიანი დამდურებაც. ეს ყოველმა ჩვენთაგანმა იცის წმიდა წერილიდან: "ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად" (იაკ. 1:19-20).
 
მაგრამ ამ ცოდნის გამოყენება რეალურ კონფლიქტში, ვაი, რომ ყოველთვის როდია შესაძლებელი. შეიძლება კიდევ მრავალი მსგავსი მაგალითის დამოწმება, რომლის არსი იმაშია, რომ საკმარისი არ არის ღმრთის ნების ცოდნა, საჭიროა კიდევ ვისწავლოთ მისი აღსრულება.
 
როდესაც ღმრთის ნება ჩვენთვის მართლაც მიუწვდომელია, არსებობს ძალიან მარტივი და ქმედითი მეთოდი მის გასაგებად. ყველაზე ფართე გაგებით, ღმრთის ნება მდგომარეობს იმაში, რათა ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდეთ საკუთარი გონიერების და სინდისის მიხედვით. ანუ - გულწრფელად და პატიოსნად. ხოლო ჩვენი მოქმედებები აუცილებლად უნდა ეთანხმებოდნენ ღმრთის მცნებებს, რადგან ეს აშკარად ესათნოვება უფალს.
 
თუნდაც ძალზედ განათლებულნი არ ვიყოთ ცოდნითა და მადლით, თუნდაც ჩვენი სინდისი ჩვენი ცოდვებით ნახევრად დამწვარი იყოს, სხვა ინსტრუმენტი პატიოსანი და ღვთივსათნო ცხოვრებისთვის ჩვენ არ გაგვაჩნია. და თუკი გონება და სინდისი გვკარნახობენ: "მართებული იქნება ასე მოქცევა", ეს მოცემულ მომენტში ღმრთის ნების გამომხატველი აღმოჩნდება.
 
ასეთ შემთხვევაში ჩვენი გონება რამეშიც რომ შეცდეს და არასწორი გზა აირჩიოს, უფალი გაასწორებს ამ შეცდომას თავისი ყოვლადსახიერი განგებით. ხოლო თუ მყარად გვწამს, რომ ასეთი მოქცევა საჭირო არ არის, მაგრამ მაინც გავაკეთებთ ამას, შეიძლება დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ამით დავარღვევთ ღმრთის ნებას და მის საწინააღმდეგოდ წავალთ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული მიიჩნევდა, რომ ღმრთის ნებაზე სხვადასხვა წარმოდგენის მქონე ადამიანების ხვედრი გადაწყდება "იმ კანონის ერთგულებით ან არაერთგულებით, რომელიც ყოველ ადამიანს თავისთვის აუცილებლად მიაჩნდა". აი ეს პრინციპი შეიძლება ქრისტიანის მოქმედების საფუძველი გახდეს, რომელმაც ზუსტად არ იცის, როგორია ღმრთის ნება ამა თუ იმ შემთხვევაში, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ვითარებაში.
 
შემდეგში ყველაფერი მარტივად ხდება: თუკი რაიმეს მიღწევა გსურს, "ნუ ელოდები გაურკვევლობას, რაღაც ნიშნებს, არამედ იმოქმედე. მაგალითად, თუ დაოჯახება გინდა - ჩამოაყალიბე მოთხოვნები შენი მომავალი მეორე ნახევრის მიმართ და აქტიურად დაიწყე ძებნა გაცნობათა მეშვეობით. წარმატების მიღწევა თუ გსურს - ეძებე კარგი სამსახური, და ერთ ადგილას ნუ ზიხარ; რეზიუმეები დააგზავნე". მაგრამ ამასთანავე - უსმიენ საკუთარ გულს, საკუთარ გონიერებას. და, რაც ყველაზე მთავარია - ილოცე, რათა არ განეშორო უფალს შენს ძიებებში. ნელ-ნელა ღმერთი ისე მოაწყობს შენს სავალ გზებს, და ხელს ისე მოგიმართავს, რომ შენ ამაზე გაფიქრებასაც კი ვერ შეძლებდი.
 
ღმერთს არ გააჩნია რაიმე იდეალური გეგმა ჩვენთან მიმართებაში, რადგან ჩვენ არაიდეალურები ვართ. მაგრამ ღმერთის სიყვარული ყოველთვის თან გვდევს მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, გინდაც ძლიერ დაბნეული და დახლართული იყოს ეს ცხოვრება.
 
უკვე ხსომება ამ სიყვარულისა შეიძლება ადამიანისთვის გზამკვლევი ნათელი გახდეს ნებისმიერ ცხოვრებისეულ ჩიხში და ჩვენს ადამიანურ ცდომილებებში. გაიხსენე მის შესახებ - და მისი ნათელი გაანათებს შენი ცხოვრების იმ კუთხეებს, სადაც თითქოსდა ღმრთის ნების შესახებ ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნებოდა. მაშასადამე, ღმერთი იქაც შეიძლება შენს გვერდით იდგეს.
 
"პირით შენით განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაჲ" (ფსალმ. 16:2). ეს ნიშნავს: "მე მთლიანად შენი ვარ უფალო! ჩემი სიცოცხლე და სიკვდილი შენს ხელშია! შენ მონაწილეობ ჩემს ყველა საქმესა და ვითარებებში: შენ შემეწევი ჩემს სათნო საქმეებში; შენ ითმენ ჩემს ცოდვებს, ჩემს უგუნურებას. დაე მუდმივად წარმმართავდეს მე შენი მარჯვენა! მისი შეწევნის გარეშე მე დიდი ხნის დაკარგული ვიქნებოდი და შეუქცევადად დავიღუპებოდი. შენ მხოლოდ ხარ შემძლე განიკითხო ადამიანი, შენ მსჯი მე და წყვეტ ჩემს ხვედრს შენი სამართლიანი მსჯავრით, შენი მიუწვდომელი წყალობითა და კაცთმოყვარებით. მე - შენი ვარ და ვიყავი ჩემს გაჩენამდეც, ჩემს სიცოცხლეშიც და ამქვეყნიური ცხოვრების მიღმაც".


წყარო: foma.ru
 
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
Назад к содержимому