კითხვა-პასუხი - "რაშიც გიპოვით, იმაში განგსჯით" - საიდან მოდის ეს გამოთქმა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
"რაშიც გიპოვით, იმაში განგსჯით" - საიდან მოდის ეს გამოთქმა?
სინანულის საიდუმლო
ხშირად გვესმის ასეთი გამოთქმა, რომლითაც თითქოსდა ღმერთი გვაფრთხილებს: "რაშიც გიპოვით თქვენ, იმაში განგსჯით". ანუ, თუკი ადამიანი რაიმე ცოდვაში მოკვდება, ღმერთი მას ამ ცოდვის გამო დასჯის, ხოლო თუ ადამიანი ინანიებს ამა თუ იმ ცოდვს, ღმრთისგან ამის გამო არ დაისჯება.
 
როგორც ცნობილია, ამგვარი ფრაზა სახარებაში არ გვაქვს, მაშ საიდან მოდის იგი?
 
ეს არის ე. წ. აგრაფა - ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს გამონათქვამები, რომლებიც არ შეუტანიათ ოთხ სახარებაში, მაგრამ ჩვენამდე ძველ ქრისტიან ავტორთა თხზულებების მეშვეობით მოაღწია. მოტანილი სიტყვები გვხვდება წმ. მოწამე იუსტინე ფილსოფოსთან ( 156-166), რომელიც თავის თხზულებაში "დიალოგი ტრიფონ იუდეველთან" წერს:
 
"... ადამიანი ცხონდება, თუ არ შეუდგება სხვა ადამიანების (ანუ წარმართების) ყველა გზით იმაში დარწმუნებას, რომ მათ ისევე უნდა დაიცვან რჯული, როგორც თვითონ (იცავს), მაგრამ რჯულს თუ არ დაიცავენ - ვერ ცხოდნებიან... ისინი, რომლებმაც შეიცნეს და აღიარეს, რომ ის არის ქრისტე, და რაღაც მიზეზის გამო რჯულით ცხოვრებას დაუბრუნდნენ, უარყვეს ქრისტე და სიკვდილამდე ეს არ შეინანეს, ჩემი აზრით, ვერანაირად ვერ ცხონდებიან.
 
ასევე ვაცხადებ, რომ მათ მსგავსად ვერ ცხონდებიან ისინი, რომლებიც აბრაამის თესლიდან არიან, რჯულის მიხედვით ცხოვრობენ და სიცოცხლის აღსასრულამდეც ქრისტეს არ იწამებენ; განსაკუთრებით კი (ვერ ცხონდებიან) ისინი, რომელნიც სინაგოგებში წყევლიდნენ და წყევლიან თავად ქრისტეს მორწმუნეებს, რომლებსაც სურთ მიიღონ ცხონება და განერიდონ ცეცხლისმიერ სასჯელს.
 
ღვთის სახიერება, კაცთმოყვარება და განუზომელი სიმდიდრე იმას, ვინც ცოდვებს ნანობს, ეზეკიელის მოწმობით, როგორც მარტალსა და უცოდველს იღებს. ხოლო იმას, ვინც ღვთისმოსაობისა და მართალი ცხოვრებიდან ურჯულოებასა და უღმერთობაში ექცევა, ცოდვილად, ურჯულოდ და უწმინდურად მიიჩნევს. ამიტომაც, ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ თქვა: "რაშიც გიპოვით თქვენ, იმაში განგსჯით" (წმ. იუსტინე მარტვილის "დიალოგი ტრიფონ იუდეველთან". თ. 47. თბილისი 2016 წ. გვ. 73-75).
 
ეს აზრი სრულ შინაარსობრივ შესატყვისობაშია სახარებასთან, სადაც ნათქვამია: "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი" (მთ. 24:42). მაცხოვარს სურს, რომ არ ვიყოთ დაუდევარნი და გულგრილნი საკუთარი ცხონების მიმართ, არამედ ვეწეოდეთ ღვთივსათნო ცხოვრებას და ყოველთვის მზად ვიყოთ მასთან შესახვედრად.
 
მოგვანიჭე, უფალო, გულწრფელი სინანული და მარადიული ცხონება.
 
 
საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.
Назад к содержимому