იდუმალი სამყარო - იდუმალების სფერო 4 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
გრიგოლ დიაჩენკო

იდუმალების სფერო

მასალები ცდისეული ფსიქოლოგიისა და ქრისტეანობის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო აპოლოგიისთვის
მომავლის დანახვა
ნაშრომი "იდუმალების სფერო" (ორიგინალში: Из области таинственного) ეკუთვნის ცნობილ მართლმადიდებელ მქადაგებელს, მწერალს, მეცნიერსა და პუბლიცისტს. არსებითად ეს არის ფუნდამენტური აპოლოგეტური ნაშრომი.

წიგნის შინაარსი მოცავს ყოველგვარი საიდუმლო შემთხვევისა და მოვლენის საიდუმლო ჩამონათვალს, რომლებიც აღებულია ცნობილი და გავლენიანი ისტორიული მოღვაწეების (იულიუს კეისარი, ნაპოლეონ I და ჟოზეფინა, ჰენრიხ IV, კარლოს XI, პავლე I, ეკატერინე II, ა. ს. პუშკინი და სხვა), ასევე ჩვეულებრივი ადამიანების (კერძო პირების) ცხოვრებიდან. ავტორის მიერ გამოყენებული მაგალითების უმეტესობა აღებულია ბეჭდვითი (სამეცნიერო, ისტორიული, პუბლიცისტური) გამოცემებიდან და აღჭურვილია შესაბამისი საინფორმაციო წყაროებით.

მიცვალებულთა გამოცხადებანი, სხეულის ფუნქციონირება თავის მოჭრის შემდეგ, მიცვალებულთა აღდგომა, სმენა და დანახვა შორ მანძილზე (შორსმხედველობა), აზრების კითხვა, სპირიტიზმი, ჰალუცინაციები და იულზიები, ჰიპნოტიზმი, სიკვდილის მოახლოების ნიშნები, წინასწარმეტყველური სიზმრები, ცნობიერების გაორება სიზმარში, შეხვედრა მოჩვენებებთან - აი ზოგიერთი თემა, რომელსაც ეხება წინამდებარე წიგნი. ყველა შემთხვევა გადანაწილებულია განყოფილებების მიხედვით - მკაცრად სისტემატური თანმიმდევრობით. განყოფილებაში ასევე ჩართულია საჭირო შენიშვნები და დასკვნები. დამოწმებული ფაქტების უმეტესობა მატერიალიზმის საშუალებებით მათი განმარტების შეუძლებლობას ადასტურებს.

საკუთრივ, სწორედ ამას მიეძღვნა ამ წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ამგვარად ავტორი მკითხველს არწმუნებს (მისი წიგნი კი ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი), რომ როგორც ადამიანის ბუნებაში, ასევე მის სიცოცხლეში, მის გარემომცველ სამყაროში არსებობენ იდუმალი, სულიერი არსებები და მოვლენები. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სულის სუბსტანციური არსებობის მტკიცებულებაზე. ამ მიმართებით ავტორი უარყოფს ფილოსოფოს-ათეისტთა აზრს და პოლემიკაში შედის ფიზიოლოგებთანაც. ოსტატურად და გონებამახვილურად არის გამოყენებული ისტორიული ილუსტრაციები; გონივრულად არის შედგენილი ლოგიკური დასკვნები, რაც დამაჯერებლად ადასტურებს: ადამიანის სული არ არის მოლეკულარულ-უჯრედოვანი ორგანიზმის პროდუქტი, ეს არ არის ნივთიერი სხეულის ფუნქციონირების შედეგი.

აზროვნება, ნება, მეხსიერება, პიროვნების სხვა მახასიათებლები, რომელსაც ვამჩნევთ ადამიანის გონებრივ და თავისუფალ მოღვაწეობაში, სწორედ სულის არსებობით არის განპირობებული. ადამიანის ფსიქიური ცხოვრების საფუძველი არის სული, და არა ტვინი, - დეკლარირებს წიგნში მისი ავტორი. თავის მხრივ ტვინი არის გონიერი სულის ოდენ იარაღი, აზრის იარაღი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში წყარო ან აზროვნების წარმომშობი.აქცევს რა ყურადღებას სულის ბუნებასა და თვისებებს, იყენებს რა "იმქვეყნიური საიქიო ცხოვრების" მოვლენათა ნიმუშებს, დეკანოზი გ. დიაჩენკო თავისი შემოქმედებით ერთადერთი სწორი დასკვნისთვის განგვაწყობს: სულის სიცოცხლე ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც გრძელდება; მეტიც, ის არ შემოიზღუდება ამ სწავლებით და უთითებს პირდაპირ დამოკიდებულებაზე გარდაცვლილის სულის ხვედრსა და მის მიერ ამქვეყნად გატარებულ ცხოვრებას შორის. იმოწმებს რა წმიდა წერილსა და ეკლესიის გადმოცემას, ავტორი ადასტურებს მიცვალებულთა აღდგომის შესაძლებლობას, საყოველთაო აღდგომისა და მომავალი საშინელი სამსჯავროს გარდაუვალობას.

სამყაროში, მატერიალისტური იდეოლოგიის მიერ აღიარებულ ძალთა გარდა, მოქმედებენ სხვა, სულიერი და რაციონალური აზროვნების არსენალითაც კი აუხსნელი ძალები. ისინი ზებუნებრივად ვლინდებიან და გააჩნიათ ზებუნებრივი ხასიათი. მატერიალისტები მათი გარემომცველი სინამდვილისადმი უფრო დაკვირვებულები რომ ყოფილიყვნენ და ნაკლებად თვალდახუჭულები თავიანთ მსოფლმხედველობრივ წანამძღვრებში, აუცილებლად შენიშნავდნენ ამ მძლავრი ძალების არსებობას. მოცემული შეხედულების სასარგებლოდ მოძღვარს მოჰყავს იმდენი მოწმობა, რომ უბრალოდ მათი აღება და უარყოფა შეუძლებელი იქნება მკითხველისთვის.

ღმერთის არსებობის საუკეთესო მტკიცებულებად ის მიიჩნევს ღმრთის მყოფობის ქმედით და ცოცხალ შეგრძნებას. მაგრამ, - ირწმუნება იგი, - ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ეწევა სათნო, ღმრთისმოსაწონ ცხოვრებას. სათნოება ხელს უწყობს უზენაეს არსთან დაახლოვებას. სრულყოფილი ცხოვრება შეუძლებელია ღმრთისადმი რწმენის გარეშე. ყოველი ადამიანი, მისი საქმიანობისდა მიუხედავად, ფლობს "რელიგიურ გრძნობას". ავტორი მას "ღმრთის შეგრძნებას" უწოდებს. ამ ღრმა გრძნობასთან არის დაკავშირებული ადამიანისთვის თანდაყოლილი იდეა ყოვლისშემძლე, ყოვლადსრულყოფილი და ყოვლისმომცველი "პიროვნების" შესახებ. ეს "პიროვნება" არის ღმერთი (ერთი ღმერთი სამ იპოსტასში: მამა, ძე და სულიწმიდა).

რელიგიური გრძნობა, - დარწმუნებულია აპოლოგეტი, - შეუძლებელია გაგებულ იქნას როგორც ბუნებრივი ევოლუციის შედეგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის არ წარმოადგენს ფანტაზიის ევოლუციონირებისა და იდუმალებისადმი შიშის ნაყოფს; ის არ არის ჩვენი სამყაროს ობიექტების გაღმერთების კანონზომიერი შედეგი (როგორც ამას ფიქრობს ზოგიერთი რაციონალისტი). ის ადამიანებს ბუნებრივად ახასიათებთ: "ბუნებითგან".

წიგნი დაწერილია ადვილად გასაგები ენით და გააჩნია ძალიან წარმტაცი თხზულების ხასიათი.

აი რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება: როდესაც განიხილავს შემთხვევებს "იდუმალების სფეროდან" და აჩვენებს მატერიალიზმის პოზიციიდან მათი განმარტების შეუძლებლობას, ავტორი ამავდროულად არ ცდილობს დეტალურად განმარტოს ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანის თვალსაზრისით. უმეტესწილად ის მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევები ყოფილა და, რომ ყოველივე ამის უკან დგანან სულიერი ძალები. ღვთისმეტყველებაზე დაფუძნებით, ნაწარმოებში მოცემული ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება განვაკუთვნოთ უზენაესი განგებულების გამოვლინებას, ხოლო სხვა ნაწილი - ბოროტ, დემონურ სულთა მოქმედების გამოვლინებას. ზოგიერთი მაგალითი ჯეროვანია დავუკავშიროთ ადამიანის ფსიქიკის განსაკუთრებულ მდგომარეობას. რაღაც შემთხვევები შეიძლება განიმარტოს თანამედროვე საბუნებისმეტყველო ცოდნის საფუძველზეც. დასასრულ, რაღაც, ალბათ, შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ.

ალექსეი მიხეილის ძე ლეონოვი. სანკტ-პეტერბურგის რელიგიათმცოდნეობისა და საეკლესიო ხელვონების მართლმადიდებლური ინსტიტუტის დოგმატური ღვთისმეტყველების მასწავლებელი.

ნაწილი პირველი
 
 სულიერი ცხოვრების გამოვლინებები ადამიანის ფხიზელ მდგომარეობაში
 

თავი მეორე. მომავლის ხედვა
 
1. კამილ ფლამარიონის მოთხრობები
 
ოდესღაც ახლო ურთიერთობაში ვიყავი პატივცემულ მეცნიერთან, ბრწყინვალე მათემატიკოსთან, 1869-1872 წლებში პარიზის ობსერვატორიის ყოფილ დირექტორთან, შარლემ დელონესთან. მას უწინასწარმეტყველეს, რომ დაიხრჩობოდა; მსგავსი ხვედრი ეწია ადრე მამამისსაც. თვით შარლ დელონე არა მარტო არასდროს მოგზაურობდა ზღვით, არამედ ყველაზე უვნებელ ადგილებსაც კი გაურბოდა, სადაც შეიძლებოდა ნავით გასეირნება. ერთხელ, 1872 წლის აგვისტოს ნათელ და მზიან დღეს, მისმა ცოლისძმამ, ბ-ნმა მილიომ, პოსტის მთავარმა კონტროლიორმა, ის შერბურგში მიიწვია, სადაც გადაწყვიტეს მოლის დათვალიერება ორ მეზღვაურთან ერთად. ამ ექსკურსიის უკანა გზაზე, უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა, ნავი, რომელშიც ოთხი მეზღვაური იჯდა გადაყირავდა და ვერც ერთი ვერ გადარჩა.
 
ამ შემთხვევაში, შეიძლება დავინახოთ უბრალო დამთხვევა. რა თქმა უნდა, მსგავსი სახის ერთ ფაქტს ჯერ კიდევ არა აქვს დიდი მნიშვნელობა მომავლის წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით. ადამიანს წყლის ეშინია - და იძირება. ადამიანს ავადმყოფურად ეშინია სიცოფის - და სწორედ მას კბენს ცოფიანი ძაღლი, ის ერიდება მოგზაურობებს - და ზუსტად, თითქოს სპეციალურადო, საგზაო-სარკინიგზო კატასტროფაში კვდება. ცხოვრებაში ხშირად ვხედავთ ასეთ დამთხვევებს, მაგრამ მათი მეშვეობით ჯერაც ვერაფერი დამტკიცდება.
 
მართლაც, ასე უნდა გვემსჯელა მსგავსი შემთხვევები თითო-ოროლა რომ ყოფილიყო, მაგრამ ასე როდია. ამგვარი უცნაურობები უფრო მეტია და უფრო მეტად განსაზღვრულია, ვიდრე ამაზე უთითებს ვარაუდობათა გაანგარიშება.
 
აი კიდევ სხვა ფაქტი, რომელსაც ქ-ნი ლეკონტ დე-ლილი, პოეტის საცოლე ჰყვება.
 
ვინმე ჰ.-მ მკითხავთან მისვლა გადაწყვიტა. ბანქოზე მას უწინასწარმეტყველეს, რომ გველის ნაკბენისგან მოკვდებოდა.
 
ეს. ბ-ნი ჰ, ადმინისტრაციული ჩინოვნიკი გახლდათ, რომელიც ჯიუტად არ იღებდა ადგილს მარტინიკაში სწორედ შხამიანი გველების გამო, რომლებიც იქ უხვადაა. გ. ბ.-მ, გვადელუპის გუბერნატორმა, როგორც იქნა დაარწმუნა იგი მიეღო კარგი ადგილი ამ კოლონიაში, სადაც გველები სულაც არ ბინადრობენ.
 
გვადელუპაში თავისი მსახურების დრო რომ ამოწურა, ბ-ნი ჰ. უკან საფრანგეთში ბრუნდებოდა. გემი, ჩვეულებისამებრ მარტინიკაში გაჩერდა, მაგრამ ჰ.-მ, რა თქმა უნდა, ნაპირზე ჩასვლა არ ისურვა. ამ დროს გემზე ხილით მოვაჭრე ზანგის ქალები ავიდნენ. წყურვილით გათანგულმა მოგზაურმა ერთ-ერთი კალათიდან ფორთოხალი აიღო; უეცრად სასოწარკვეთილმა შეჰკივლა - მას კალათის წნულებში ჩამალულმა გველმა უკბინა. რამოდენიმე საათის შემდეგ ის მოკვდა.
 
ეს შემთხვევა შემდეგ "ფსიქიურ მეცნიერებათა ანალებშიც" გამოქვეყნდა.
 
აი, კიდევ მომავლის ხედვის არანაკლებ საინტერესო შემთხვევა:
 
ერთხელ1883 წლის ოქტომბერში, ლედი ა.-მ, რომელიც პარიზში, Bel-Respiro-ს ქუჩაზე ცხოვრობდა, შენიშნა, რომ მას 3500 ფრანკი მოჰპარეს. ის ამას აცნობებს პოლიციის კომისარს, რომელიც ატარებს ჩხრეკას და მსახურთა დაკითხვას - მაგრამ ვერაფერს პოულობს. თავისი მსახურების ჩამოთვლისას, ლედი ა.-მ ითხოვა საეჭვო პირთა სიიდან ამოეღოთ მეორე ლაქია, ძალიან მოხერხებული და მახვილგონივრული ახალგაზრდა, რომელსაც ეძახდნენ "პატარას" არა მისი სიმაღლის, რადგან საკმაოდ მაღალი იყო, არამედ მისდამი მოფერებითი დამოკიდებულების გამო, რაც მან სახლეულთა შორის თავისი დაუზარებლობითა და თავაზიანობით დაიმსახურა.
 
ამასთან ლედი ა.-ს ახლობელთა წრეში ხმა დაირხა ვინმე ქალწულ ს.-ზე, რომელიც თითქოსდა ყავის ნალექზე ყველაზე უჩვეულო მოვლენებს წინასწარმეტყველებდა. ბ-ნმა დ'ერვიემ ცნობისმოყვარეობის გამო თავის გუვერნიორ ქალთან ერთად ამ ადამიანს მიაკითხა, და მანაც გააოგნა იგი ლედი ა.-ს ოთახების უზუსტესი აღწერით და ყველა მსახურის ჩამოთვლით. ბოლოს და ბოლოს, მან განაცხადა, რომ არ შეუძლია დაასახელოს მპარავის სახელი, მაგრამ ორი წლის შემდეგ ის გილიოტინაზე ავა.
 
რამოდენიმე კვირის შემდეგ, "პატარამ" ლედი ა.-სთან მუშაობაზე უარი განაცხადა, ორი წლის შემდეგ კი ეშაფოტზე დაისაჯა. ეს სანიმუშო, ყველასთვის საყვარელი მსახური ვინმე მარშადონი, მთელ პარიზში ცნობილი მკვლელი ყოფილა.
 
მოისმინეთ კიდევ ერთი ისტორია. ვინმე თულე, ნანსის გიმნაზიის პროფესორი, თავის ახალგაზრდობაში პიემონტში იმყოფებოდა საზღვაო ფლოტის გადამდგარ ოფიცერთან, თავის მეგობარ და თანაშემწე ბ-ნ ფ.-სთან ერთად. ბ-ნი ფ. იმ დროს ძველი გოგირდის მაღაროებს უწევდა ექსპლოატაციას. ისინი მომიჯნავე ოთახებში იწვნენ, თანაც ამ საძინებელთა კარები ღამით არ იკეტებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბ-ნ ფ.-ს ცოლი, რომელიც იმ დროს ტულონში ცხოვრობდა, დღე დღეზე მშობიარობას ელოდა. ფ. ამის შესახებ თავის მეგობარს უყვებოდა, მაგრამ ცოლის მშობიარობაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავდა; მისი ცოლი უკვე მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, და ყველაფერი მშვიდობიანად მიმდინარეობდა.
 
ერთხელ, განთიადზე, თულე უეცრად წამოტა საწოლიდან, ეცა თავისი მეგობრის საძინებელს, თავისი მეგობარი გააღვიძა და უკითხავს ტელეგრამას, რომელიც გოგონას დაბადებას იუწყება. მაგრამ, მან ექვსი სტრიქონიდან მხოლოდ ორის წაკითხვა მოასწრო, რადგან თითქოსდა ვიღაცამ ხელიდან წარსტაცაო, დეპეშა მოულოდნელად გაქრა. ფ. ადგა, თავისი მეგობარი სასადილო ოთახში გაიყვანა და სთხოვა დაეწერა ის, რაც ახლახან წაიკითხა, შემდეგ ორივემ ერთმანეთს შეხედეს, ერთმანეთის აჩოჩილ კოსტიუმებზე გაიცინეს და თავ-თავიანთ საძინებლებს მიაშურეს.
 
ათი დღის შემდეგ იღებენ იმავე ტელეგრამას, რომელიც ექვსი სტრიქონისგან შედგება, და რომლიდანაც ორი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც თულემ თავის ჰალუცინაციაში დაინახა. იბადება კითხვა, როგორ არის შესაძლებელი წინდაწინ დაინახო საგანი, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობს?
 
გოეთე თავის "მემუარებში" ჰყვება უცნაური ხილვის შესახებ, რომელიც მას ჰქონდა იმ დროს, როდესაც სოფლიდან მოდიოდა და, სულ ახლახან გამოემშვიდობა ფრიდრიხს. "მე არა ხორციელი, არამედ სულიერი თვალებით ვნახე, მხედარი, რომელიც იმავე ბილიკს მიუყვებოდა სეზენიეიმის მხარეს; ეს მხედარი - მე თვითონ ვიყავი, მეცვა ნაცრისფერი კამზოლი, ოქროს სირმებით მოქარგული, - ასეთი მე არასოდეს მიტარებია. შევფრთხიალდი, რათა განმეგდო ჰალუცინაცია, და ისიც გაქრა. რვა წლის შემდეგ, მე აღმოვჩნდი იმავე გზაზე, ფრიდრიხისკენ მიმავალი და მეცვა ზუსტად ისეთივე კოსტიუმი. უნდა დავამატო, რომ ამ სამოსში გამოვეწყვე არა საკუთარი ნებით, არამედ შემთხვევითობის წყალობით".
 
კვლავ დავსვამ იმავე შეკითხვას: "შეიძლება თუ არა ადრევე ვნახოთ ჯერ კიდევ არ არსებული საგანი?"
 
ამ მოვლენის ახსნას ასე ცდილობენ: ჩვენ, ზოგჯერ, ერთი მომენტის ხანგრძლივობაში გვეჩვენება, თითქოსდა უკვე ოდესღაც ვიმყოფებოდით იმ პირობებში, რომლებიც უზუსტესად იმეორებს იმას, რომელშიაც ახლა ვიმყოფებით, - ეს თითქოსდა წამიერი ჰალუცინაციაა. მაგრამ ასეთი ახსნა წმიდა წყლის ჰიპოთეზაა, რომელიც, სხვათა შორის, შეუთავსებელია ჩვენ მიერ ადრე დამოწმებულ შემთხვევებთან.
 
ამ საკითხის შესწავლისას მთავარია შევკრიბოთ რაც შეიძლება მეტი ნამდვილი, სანდო ფაქტები. ზოგჯერ ერთი რომელიმე შემოწმებული და ზუსტად აღრიცხული ფაქტი ათას თეორიაზე მეტი ღირს.
 
მოგიყვებით კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც გადმომცა ჰრუსარმა, წმ. რადეგონდას ეკლესიის მღვდელმა.
 
ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში, ნიარის პანსიონში ყოფნისას, მან სიზმარში ნახა, რომ თავის მასწავლებელთან ერთად იმყოფება სენ-მეკსანტეში, - ქალაქში, რომლის შესახებაც მას მხოლოდ ყურმოკვრით თუ გაეგო რამე; ისინი დგანან მოედანზე, აფთიაქის წინ, ჭასთან ახლოს. ამ დროს მის მოძღვარს უახლოვდება ქალბატონი, რომელიც მას ადრე მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. ქალბატონს რომელიღაც მნიშვნელოვან საკითხზე სურდა საუბარი მოძღვართან. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი მოძღვარი, რომელსაც ეს სიზმარი მოუთხრო, რაღაც საქმით გაემგზავრა სენ-მეკსანტეში, და თან ეს ბიჭუნაც გაიყოლა. როგორი იყო მისი გაკვირვება, როდესაც აღმოჩნდა ზუსტად ისეთივე მოედანზე, როგორიც სიზმარში ნახა, იმავე აფთიაქის წინ, ჭასთან ახლოს, და ნახა მისკენ მომავალი იგივე ქალბატონი, რომელმაც მოძღვართან დაიწყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომელიც ბიჭს ესიზმრა.
 
მე მაქვს უამრავი ანალოგიური შემთხვევა, რომელთა მოთხრობითაც მკითხველის ყურადღებას არ გადავღლი, მაგრამ რომლებიც ასევე საყურადღებოა ჩვენთვის საინტერესო საკითხისთვის. მაგრამ მე მინდა მოგითხროთ კიდევ ერთი შემთხვევა, რომელშიც მოქმედი პირი იყო ჩემი ნაცნობი ადამიანი.
 
ლაპარაკია ერთ-ერთ ჩემს მეგობარზე, რომელიც მყავდა ჟურნალისტიკის სარბიელზე საქმიანობის დაწყების პერიოდში. მას ერქვა ემილ დე-ლა-ბედალერი, გაზეთ "Siécle"-ს თანამრომელი. ვითარებები, რომლის პირობებშიც ის დაქორწინდა, საკმაოდ საინტერესოა. ერთ მშვენიერ გოგონას, რომელიც შაირტე-სიურ-ლუარში ცხოვრობდა, ხელი სთხოვა სამმა საქმრომ. გოგონას მშობლებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ მისი გადაწყვეტილება. უეცრად მას ესიზმრება ქორწილი, და ის მის წინაშე ხედავს ახალგაზრდა კაცს საგზაო კოსტიუმით, ფართოკიდეებიანი ჩალის შლაპით და სათვალეებით. შინაგანი ხმა აფრთხილებს მას, რომ ეს ადამიანი გახდება მისი ქმარი. მეორე დილით ნანახი სიზმრის შემდეგ ის მშობლებს უცხადებს, რომ არ გაჰყვება სამი საქმროდან არც ერთს.
 
მომდევნო, აგვისტოს თვეში, ვაკაციების (არდადეგების - "აპოკ." რედ.) დროს ახალგაზრდა ემილ დე-ლა-ბედალიერი, მგზავრობდა რა თავის მეგობართან ერთად, შევიდა ქალაქ შარიტაში, ჩერდება აქ საზაფხულო საქველმოქმედო წვეულებაზე. როგორც მოგზაური, ის შემოსილი იყო საგზაო კოსტიუმში, ეხურა მანილური შლაპა და ეკეთა სათვალეები.  ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის აღმოჩნდა ამ მხარეში. ახალგაზრდა გოგონამ იმწამსვე იცნო თავისი მომავალი საქმრო, რომელიც ადრე სიზმარში ჰყავდა ნანახი. რამოდენიმე თვის შემდეგ, ისინი დაქორწინდნენ. დიახ, ბევრია ქვეყანაზე ამოუცნობი საიდუმლო!" («Новое время»: сн. «Ребус» 1897 года, № 5).


2. სიკვდილის წინათგრძნობა
 
ამერიკის ქალაქ პიტსბურგში ცხოვრობდა უილიამსების ოჯახი, რომელიც მამის, დედის და სამი შვილისგან შედგებოდა. ყველაზე პატარა იყო რვა წლის, არაჩვეუელებრივად ცოცხალი და გამჭრიახი გონების ბიჭუნა. ის მშობლების უსაყვარლესი შვილი იყო. ერთხელ, სადილის შემდგ, როდესაც მ-ს უილიამსი თავისი პატარა ბაღის ჩრდილქვეშ ისვენებდა და მეზობლებს ესაუბრებოდა, ბიჭუნამ მიირბინა მასთან და დედას მეგობრებთან თამაშის უფლება სთხოვა, რაც დაუყოვნებლივ მიიღო, მაგრამ იმ პირობით, რომ იქვე მყოფ მდინარეს ახლოს არ გაეკარებოდა.

რამოდენიმე წუთის შემდეგ, ერთ-ერთმა მეზობელმა ქალმა შეამჩნია რომ მ-ს უილიამსი უეცრად გაფითრდა, მას შეშინებული და გაშეშებული მზერა ჰქონდა და ჰკითხა: თუ რა სჭირდა?
 
- არ ვიცი, არ მესმის რა მემართება, - უპასუხა მან, ხელი ასწია თითქოს სახიდან რაღაცა მოიცილაო, - ჩემს თვალწინ ბურუსია, და მის იქით ვერაფერს ვხედავ.
 
ერთი წუთის შემდეგ, მან ხელები მაღლა ასწია და შეჰყვირა:
 
- უფალო! - ჩემი შვილი იხრჩობა!
 
ერთ-ერთმა ქალმა მისი დაწყნარება სცადა:
 
- ეს შეუძლებელია, - ამბობდა იგი, - როდის უნდა დაიხრჩოს, როცა აქედან ახლახან წავიდა.
 
სწრაფი, აკანკალებული მოძრაობებით დედამ ორივე გული გვერდებზე მიიკრა და აღმოიგმინა: "გეუბნებით, ის დაიხრჩო. მან ხელები შემომხვია, აი აქ, თავისი ორივე პაწაწინა ხელებით და მდინარიდან ამოყვანას მევედრებოდა". ეს თქვა და უგონოდ მიწაზე დაეცა.
 
ის სახლში შეიყვანეს და ძლივს მოასულიერეს; მკვდარივით გაფითრებული მისი სახე საშინელ სასოწარკვეთას გამოხატავდა. კვლავ ეცადნენ მის დამშვიდებას, ალბათ ცდებაო, ფიქრობდნენ, შეუძლებელი იყო ბავშვი ასე მოკლე დროში დამხრჩვალიყო, მაგრამ მან მტანჯველი გრძნობით ამოიგმინა:
 
- ჩემი შვილი დაიხრჩო! მე ახლაც ვგრძნობ მისი პაწაწინა ხელები როგორ მეხვევიან, როგორ მევედრება მის გადარჩენას. გამხადეთ ტანისამოსი და დაინახავთ.
 
მას ლიფი შეხსნეს და, ჰოი საოცრებავ, ყვლას გასაკვირად და გასაოცრად, დედის სხეულზე ათობით პაწაწინა თითები ნახეს, ხუთ-ხუთი ყოველი მხრიდან, რომელიც კანზე მუქ-წითელ ზოლებად გასდევდა ქალის სხეულს, ზუსტად ისე, თითქოსდა წყალში ჩავარდნილი ბავშვი თავის წინასასიკვდილო ბრძოლაში დედას ეჭიდებოდა, რადგან მასში ეძებდა შველას.
 
ამავე წუთას ოთახში შემოვიდა რამოდენიმე მამაკაცი, რომელთაც ხელში უკვე გარდაცვლილი ბავშვი მოჰყავდათ, რომელიც სულ ნახევარი საათის წინ სიხარულით გარბოდა მეგობრებთან სათამაშოდ. ბავშვი წყალში რომ ჩახდა, უეცრად წყალგაყვანილობის მილის მახვილ ბოლოს თავი წამოჰკრა, თავით წყალში ჩავარდა და გაოგნებული იმწამსვე გაიგუდა.
 
მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ თითების მუქ-წითელი ლაქები, რომლებიც დედის სხეულზე აღიბეჭდა, ჯერაც არ გამქრალიყო, თუმცა იმ დროიდან უკვე ორი წელი გავიდა. ეს ლაქები იმდენად მკაფიო და ცხადია, რომ ყოველი უნებლიედ მიიღებს მას ცოცხალი თითების ანაბეჭდებად, რომლებიც მ-ს უილიამსს სასიკვდილო საშიშროების დროს მოეჭიდა. ამ უცნაური შემთხვევის დასკვნა თქვენთვის მომინდვია («Ребус», 1890 г., № 28).
 
 
3. გასაოცარი სიზმარი
 
ცნობილი ფიზიოლოგი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი დიუბუა-რეიმონდი ყოველი სამი სემესტრის შემდეგ თავის ცნობილ ლექციებს კითხულობდა ანთროპოლოგიაში, რომელზეც ის, სხვათა შორის, გადმოსცემდა საკუთარ თეორიას ცოდნის საზღვრების შესახებ. პროფესორმა აუცილებლობად ჩათვალა თავისი მსმენელებისთვის მოთხრო შემდეგი ფაქტი.
 
პომერანიის რომელიღაც ქალაქში ერთი ექიმი შინაგანი სნეულებით დაავადებულ ახალგაზრდა ქალს მკურნალობდა. ექიმმა ზუსტად არ იცოდა დაავადების სახეობა. ეს სერიოზული ექიმი გახლდათ და პაციენტიც მისი პირადი მეგობარი იყო. მაგრამ სნეულება მის ძალისხმევას არ ემორჩილებოდა და დაავადებული ადამიანი ნელ-ნელა სიკვდილს უახლოვდებოდა.
 
ექიმმა მთელი სამედიცინო ლიტერატურა გადაქექა, მრავალ გამოჩენილ პროფესორსაც მისწერა, შეკრიბა კონსილიუმები, მთელი დღეების განმავლობაში დაავადებულის საწოლს არ სცილდებოდა, მაგრამ ვერც თვითონ, და ვერც სხვა ვინმემ ვერაფერი გააწყო დაავადებასთან. ასე გაიარა რვა თვემ.
 
გატანჯული და მოტეხილი ექიმი ერთხელ საღამოს პირქუში განწყობით სახლში დაბრუნდა: სნეული დღეს თუ ხვალ უნდა გარდაცვლილიყო. ექიმმა კიდევ გადაათვალიერა რამოდენიმე წიგნი და დასაძინებლად დაწვა. ძილში ის ხედავს, თითქოსდა ერთ ახალ ბროშურას ათვალიერებს და მასში ხედავს იმ სნეულების აღწერას, რომელიც ყველა პარამეტრით მისი პაციენტის სნეულებას წააგავს. ის იქვე პოულობს რეცეპტს, რომელსაც ავტორი უწევდა რეკომენდაციას, როგორც ძალზედ ქმედით საშუალებას.
 
აღმოჩენით გაკვირვებული, ექიმი უცებ წამოხტა, რათა ჩაეწერა ის გადამრჩენელი რეცეპტი, სიზმარში რომ ნახა, მაგრამ აქ მან გამოიღვიძა და შეიგნო, რომ ასეთი რამ სიზმარში შეემთხვა, და ვერაფრის გახსენებას ახერხებდა. შემდეგ მან კვლავ ჩაიძინა და კვლავ იგივე სიზმარი ნახა. ამჯერად კარგად დაიმასხოვრა რეცეპტი, ასევე პარაგრაფი და გვერდი, რათა არ დაევიწყებინა, წამოხტა საწოლიდან და უცებ ეს ყველაფერი ქაღალდის პირველივე ნაგლეჯზე დაწერა, რომელიც კი მაგიდაზე შეხვდა.
 
დილით რომ გაიღვიძა, ექიმმა იგრძნო თითქოსდა კოშმარიდან იყო გამოსული. ტანთ ჩაიცვა და უკვე წასვლას აპირებდა თავის პაციენტთან, რომ თვალი შეავლო საწერ მაგიდას და ერთ-ერთ ქაღალდზე რაღაც ნაჯღაბნი შეამჩნია. წაიკითხა ისინი და საკუთარი სიზმარი გაახსენდა. ექიმმა დაუყოვნებლივ მიაშურა აფთიაქს, შეუკვეთა იდუმალი წამალი და მასთან ერთად თავის მომაკვდავ პაციენტს მიაკითხა. სნეული ადამიანი წამლის პირველი მიღებიდანვე გამომჯობინდა, მოკლე დროში კი სრულიად გამოჯანმრთელდა.
 
გავიდა ერთი წელიწადი. ერთხელ, ექიმი თავისი ბერლინელი წიგნის გამყიდველისგან იღებს ახლადგამოცემულ სამედიცინო ბროშურას. ამ ბროშურას რომ ათვალიერებდა, ექიმმა მასში იმ დაავადების აღწერაც იპოვა, რომლითაც მისი პაციენტი ქალი იყო დასნებოვნებული. ყველაფერი, რაც მან აქ წაიკითხა, ძალზედ ნაცნობი იყო მისთვის, არადა მშვენივრად უწყოდა, რომ ეს ადრე არასოდეს წაეკითხა. მომდევნო გვერდზე რომ გადაფურცლა იქვე ის რეცეპტიც იპოვა, რომელმაც გასულ წელს მისი პაციენტი სიკვდილისგან იხსნა. ექიმს თანდათანობით გაახსენდა ყველაფერი, აიღო თავისი წიგნი, სადაც საკუთარი სიზმარი ჩაწერა, და შეადარა: იგივე დოზები, გვერდი, იგივე პარაგრაფი.
 
ამ შემთხვევამ თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია. დაინტერესებულმა პირებმა დაიწყეს მოკვლევა; აღმოჩნდა, რომ, როგორც მთელი ბროშურა, ასევე კერძოდ სნეულების აღწერა და რეცეპტი პირველად გასაოცარი სიზმრის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას; ასევე აღმოჩნდა, რომ ბროშურის ავტორმა, რომელიც გერმანიის სულ სხვა კუთხეში ცხოვრობდა, არაფერი იცოდა პომერანელ ექიმსა და მის პაციენტზე.
 
"ეს ფაქტი, - ამთავრებს დიუბუა-რეიმონდი თავის თხრობას, - საკმაოდ მკაცრად შემოწმდა, მაგრამ ჩვენმა მეცნიერებამ ვერ შეძლო მისი ახსნა და მას მხოლოდ გვერდი დუმილით აუარა" («Ребус» 1890 г. № 26).
 
 
4. ფაკირის წინასწარმეტყველება
 
საინტერესო თხზულებაში: "მოგონებები ნადირობასა და ვესტ-ინდოეთის სამხედრო ცხოვრებაზე" (Records of а Sport and Military live in Western India), პოლკოვნიკმა ფრაზერმა, მისთვის დამახასიათებელი სიზუსტით და კეთილსინდისიერებით, მოათავსა ამბავი, რომელიც მას ერთი გენერლის ქვრივმა აუწყა:
 
ერთხელ ის შეხვდა ფაკირს, რომელმაც მას ასეთი სიტყვებით მიმართა:  - "თქვენ ხართ გენერალ საიბის ცოლი, თქვენ გყავთ ბიჭი და გოგო". - ეს სიმართლეა, ოღონდ ჩემი ბიჭი რამოდენიმე ხნის წინ მოკვდა. – "არა, მე სწორად ვამბობ, - გააგრძელა ფაკირმა. თქვენ მალე გაემგზავრებით სამშობლოში" (ჩემი ქმარი არაერთხელ ამბობდა, რომ ის უკვე აღარასოდეს წავიდოდა ინდოეთიდან). - მშვიდობიანად ჩავალთ სახლში? – "დიახ, ოღონდ ინდოეთიდან წასვლის შემდეგ, მეთოთხმეტე დღეს თქვენი ქმარი გარდაიცვლება. დღეიდან მეთვრამეტე დღეს თქვენ უკვე გემზე იქნებით, გაყიდით მთელ თქვენს მონაგარს, ერთი ცხენის გარდა". - აჰა საჯინიბო, ვუთხარი მე, მაჩვენე ეს ცხენი. – "ესაა", - მიპასუხა ფაკირმა და ნაცრისფერ არაბულ ცხენზე მიმითითა, რომელიც ორი დღის წინ, დაბადების დღეზე, ქმარმა მაჩუქა. - მივაღწევ სახლამდე და ვნახავ ჩემს ქალიშვილს? – "დიახ, ინდოეთიდან მგზავრობისას გზაში თქვენ საკუთარი ბიჭსაც ნახავთ, მაგრამ ვერ დაელაპარაკებით მას. ის შორიდან დაგიქნევთ ხელს ცხვირსახოცით. ფინანსური საქმეები გაიძულებენ თქვენ ინდოეთში დაბრუნებას, მაგრამ კვლავ უკან წამოხვალთ. გარკვეული დროის შემდეგ ინგლისში მიიღებთ თქვენს თანხებს და ბედნიერად იცხოვრებთ".
 
ზუსტად იმ ღამეს ქმარმა აუწყა მეუღლეს, რომ გადაწყვიტა სახლში დაბრუნება. ყველა ნივთი გაყიდეს, არაბული ცხენის გარდა. როდესაც ბომბეის შუქურას ჩაუარეს, შენიშნეს ნავი, რომელიც გემის დაწევას ცდილობდა, და მასში ნახეს ადამიანი, რომელიც ცხვირსახოცს იქნევდა. ამის შემდეგ ქალბატონმა საკუთარი შვილი ამოიცნო, რომლის გარდაცვალებაზე ცნობა ტყუილი აღმოჩნდა. მოგზაურობის მეთოთხმეტე დღეს გენერალი უეცრად გარდაიცვალა, ასე რომ ფაკირის ყოველი სიტყვა უდიდესი სიზუსტით აღსრულდა ("Civil and Military Gazette", Lahure; сн. «Ребус» 1890 г., № 13).

გაგრძელება იქნება.

წყარო: Из области таинственного: простая речь о бытии и свойствах души человеческой, как богоподобной духовной сущности. / сост. Дьяченко Г.М. - Москв : тип. Т-ва И.Д. Сытина, 1900.

პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ. თებერვალი.
Назад к содержимому