იდუმალი სამყარო - იდუმალების სფერო 3 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
გრიგოლ დიაჩენკო

იდუმალების სფერო

მასალები ცდისეული ფსიქოლოგიისა და ქრისტეანობის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო აპოლოგიისთვის
იდუმალების სფერო
ნაშრომი "იდუმალების სფერო" (ორიგინალში: Из области таинственного) ეკუთვნის ცნობილ მართლმადიდებელ მქადაგებელს, მწერალს, მეცნიერსა და პუბლიცისტს. არსებითად ეს არის ფუნდამენტური აპოლოგეტური ნაშრომი.

წიგნის შინაარსი მოცავს ყოველგვარი საიდუმლო შემთხვევისა და მოვლენის საიდუმლო ჩამონათვალს, რომლებიც აღებულია ცნობილი და გავლენიანი ისტორიული მოღვაწეების (იულიუს კეისარი, ნაპოლეონ I და ჟოზეფინა, ჰენრიხ IV, კარლოს XI, პავლე I, ეკატერინე II, ა. ს. პუშკინი და სხვა), ასევე ჩვეულებრივი ადამიანების (კერძო პირების) ცხოვრებიდან. ავტორის მიერ გამოყენებული მაგალითების უმეტესობა აღებულია ბეჭდვითი (სამეცნიერო, ისტორიული, პუბლიცისტური) გამოცემებიდან და აღჭურვილია შესაბამისი საინფორმაციო წყაროებით.

მიცვალებულთა გამოცხადებანი, სხეულის ფუნქციონირება თავის მოჭრის შემდეგ, მიცვალებულთა აღდგომა, სმენა და დანახვა შორ მანძილზე (შორსმხედველობა), აზრების კითხვა, სპირიტიზმი, ჰალუცინაციები და იულზიები, ჰიპნოტიზმი, სიკვდილის მოახლოების ნიშნები, წინასწარმეტყველური სიზმრები, ცნობიერების გაორება სიზმარში, შეხვედრა მოჩვენებებთან - აი ზოგიერთი თემა, რომელსაც ეხება წინამდებარე წიგნი. ყველა შემთხვევა გადანაწილებულია განყოფილებების მიხედვით - მკაცრად სისტემატური თანმიმდევრობით. განყოფილებაში ასევე ჩართულია საჭირო შენიშვნები და დასკვნები. დამოწმებული ფაქტების უმეტესობა მატერიალიზმის საშუალებებით მათი განმარტების შეუძლებლობას ადასტურებს.

საკუთრივ, სწორედ ამას მიეძღვნა ამ წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ამგვარად ავტორი მკითხველს არწმუნებს (მისი წიგნი კი ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი), რომ როგორც ადამიანის ბუნებაში, ასევე მის სიცოცხლეში, მის გარემომცველ სამყაროში არსებობენ იდუმალი, სულიერი არსებები და მოვლენები. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სულის სუბსტანციური არსებობის მტკიცებულებაზე. ამ მიმართებით ავტორი უარყოფს ფილოსოფოს-ათეისტთა აზრს და პოლემიკაში შედის ფიზიოლოგებთანაც. ოსტატურად და გონებამახვილურად არის გამოყენებული ისტორიული ილუსტრაციები; გონივრულად არის შედგენილი ლოგიკური დასკვნები, რაც დამაჯერებლად ადასტურებს: ადამიანის სული არ არის მოლეკულარულ-უჯრედოვანი ორგანიზმის პროდუქტი, ეს არ არის ნივთიერი სხეულის ფუნქციონირების შედეგი.

აზროვნება, ნება, მეხსიერება, პიროვნების სხვა მახასიათებლები, რომელსაც ვამჩნევთ ადამიანის გონებრივ და თავისუფალ მოღვაწეობაში, სწორედ სულის არსებობით არის განპირობებული. ადამიანის ფსიქიური ცხოვრების საფუძველი არის სული, და არა ტვინი, - დეკლარირებს წიგნში მისი ავტორი. თავის მხრივ ტვინი არის გონიერი სულის ოდენ იარაღი, აზრის იარაღი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში წყარო ან აზროვნების წარმომშობი.აქცევს რა ყურადღებას სულის ბუნებასა და თვისებებს, იყენებს რა "იმქვეყნიური საიქიო ცხოვრების" მოვლენათა ნიმუშებს, დეკანოზი გ. დიაჩენკო თავისი შემოქმედებით ერთადერთი სწორი დასკვნისთვის განგვაწყობს: სულის სიცოცხლე ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც გრძელდება; მეტიც, ის არ შემოიზღუდება ამ სწავლებით და უთითებს პირდაპირ დამოკიდებულებაზე გარდაცვლილის სულის ხვედრსა და მის მიერ ამქვეყნად გატარებულ ცხოვრებას შორის. იმოწმებს რა წმიდა წერილსა და ეკლესიის გადმოცემას, ავტორი ადასტურებს მიცვალებულთა აღდგომის შესაძლებლობას, საყოველთაო აღდგომისა და მომავალი საშინელი სამსჯავროს გარდაუვალობას.

სამყაროში, მატერიალისტური იდეოლოგიის მიერ აღიარებულ ძალთა გარდა, მოქმედებენ სხვა, სულიერი და რაციონალური აზროვნების არსენალითაც კი აუხსნელი ძალები. ისინი ზებუნებრივად ვლინდებიან და გააჩნიათ ზებუნებრივი ხასიათი. მატერიალისტები მათი გარემომცველი სინამდვილისადმი უფრო დაკვირვებულები რომ ყოფილიყვნენ და ნაკლებად თვალდახუჭულები თავიანთ მსოფლმხედველობრივ წანამძღვრებში, აუცილებლად შენიშნავდნენ ამ მძლავრი ძალების არსებობას. მოცემული შეხედულების სასარგებლოდ მოძღვარს მოჰყავს იმდენი მოწმობა, რომ უბრალოდ მათი აღება და უარყოფა შეუძლებელი იქნება მკითხველისთვის.

ღმერთის არსებობის საუკეთესო მტკიცებულებად ის მიიჩნევს ღმრთის მყოფობის ქმედით და ცოცხალ შეგრძნებას. მაგრამ, - ირწმუნება იგი, - ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ეწევა სათნო, ღმრთისმოსაწონ ცხოვრებას. სათნოება ხელს უწყობს უზენაეს არსთან დაახლოვებას. სრულყოფილი ცხოვრება შეუძლებელია ღმრთისადმი რწმენის გარეშე. ყოველი ადამიანი, მისი საქმიანობისდა მიუხედავად, ფლობს "რელიგიურ გრძნობას". ავტორი მას "ღმრთის შეგრძნებას" უწოდებს. ამ ღრმა გრძნობასთან არის დაკავშირებული ადამიანისთვის თანდაყოლილი იდეა ყოვლისშემძლე, ყოვლადსრულყოფილი და ყოვლისმომცველი "პიროვნების" შესახებ. ეს "პიროვნება" არის ღმერთი (ერთი ღმერთი სამ იპოსტასში: მამა, ძე და სულიწმიდა).

რელიგიური გრძნობა, - დარწმუნებულია აპოლოგეტი, - შეუძლებელია გაგებულ იქნას როგორც ბუნებრივი ევოლუციის შედეგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის არ წარმოადგენს ფანტაზიის ევოლუციონირებისა და იდუმალებისადმი შიშის ნაყოფს; ის არ არის ჩვენი სამყაროს ობიექტების გაღმერთების კანონზომიერი შედეგი (როგორც ამას ფიქრობს ზოგიერთი რაციონალისტი). ის ადამიანებს ბუნებრივად ახასიათებთ: "ბუნებითგან".

წიგნი დაწერილია ადვილად გასაგები ენით და გააჩნია ძალიან წარმტაცი თხზულების ხასიათი.

აი რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება: როდესაც განიხილავს შემთხვევებს "იდუმალების სფეროდან" და აჩვენებს მატერიალიზმის პოზიციიდან მათი განმარტების შეუძლებლობას, ავტორი ამავდროულად არ ცდილობს დეტალურად განმარტოს ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანის თვალსაზრისით. უმეტესწილად ის მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევები ყოფილა და, რომ ყოველივე ამის უკან დგანან სულიერი ძალები. ღვთისმეტყველებაზე დაფუძნებით, ნაწარმოებში მოცემული ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება განვაკუთვნოთ უზენაესი განგებულების გამოვლინებას, ხოლო სხვა ნაწილი - ბოროტ, დემონურ სულთა მოქმედების გამოვლინებას. ზოგიერთი მაგალითი ჯეროვანია დავუკავშიროთ ადამიანის ფსიქიკის განსაკუთრებულ მდგომარეობას. რაღაც შემთხვევები შეიძლება განიმარტოს თანამედროვე საბუნებისმეტყველო ცოდნის საფუძველზეც. დასასრულ, რაღაც, ალბათ, შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ.

ალექსეი მიხეილის ძე ლეონოვი. სანკტ-პეტერბურგის რელიგიათმცოდნეობისა და საეკლესიო ხელვონების მართლმადიდებლური ინსტიტუტის დოგმატური ღვთისმეტყველების მასწავლებელი.

ნაწილი პირველი
 
 სულიერი ცხოვრების გამოვლინებები ადამიანის ფხიზელ მდგომარეობაში
 
თავი პირველი. წინათგრძნობა

მომავლის წინათგრძნობის ან წინარეხილვის უნარი სიცხადის სხვადასხვა ხარისხით ჩანასახიდანვე არსებობს ყოველ ადამიანში, მაგრამ განსაკუთრებულად ვლინდება ზოგიერთ სპეციფიკურ მდგომარეობებში. ზუსტი და განსაზღვრული ტერმინი მომავლის ცოდნის უნარს არ გააჩნია: მას უწოდებენ წინათგრძნობას, ან წინარეხილვას, ან წინასწარმეტყველებას და ა. შ., გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ვლინდება იგი. როდესაც მომავალი გაცნობიერებაზე უფრო მეტად შეიგრძნობა,  მაშინ ლაპარაკობენ წინათგრძნობაზე; ხოლო როდესაც ის ამავდროულად გაცნობიერებულიცაა, მაშინ ლაპარაკობენ წინარეხილვაზე, წინასწარმეტყველებაზე და ა. შ. ჩვენ ამ უნარზე ვილაპარაკებთ ყველა მის გამოვლინებაში, და პატიებას ვითხოვთ, რომ ვერ ვიყენებთ რაიმე ერთ განსაზღვრულ სახელწოდებას. ვისარბებლებთ მომავლის ცოდნის უნარის სხვადასხვა სახელწოდებებით, რადგან ენაში არ გვაქვს სიტყვა, რომელიც მთელი სისრულით გამოთქვამდა ამ ცნებას.
 
აქედან გამომდინარე ჩვენ ვამჯობინეთ გამოვიყენოთ ტერმინი, რომელიც, როგორც ჩანს, გამოიყენება დასავლეთში, კერძოდ - დივინაცია (ლათ.: divinare; მაგალითად Divinationsmögen, la divination და ა. შ.) (1).
 
____________________
 
1. ლათინური divinatio მოცემულ შემთხვევაში უფრო გამოსადეგი გვგონია, ვიდრე ყველა სხვა სახელწოდება იმ ფართო მნიშვნელობით, რომელიც მოცემულია ამ სიტყვაში; თუმცა ამ მხრივ ის არც იდეალურია, რადგან აღნიშნავს: 1) სულის უნარს შეიცნოს მომავალი ბუნების ღმერთებთან (deus) ერთობის საფუძველზე და 2) მომავლის შეცნობის ხელოვნება, სადაც სარგებლობენ: ა) ღმერთებთან ურთიერთობის ამ უნარით.
 
____________________
 
დივინაციის სინამდვილე ყოველგვარ ეჭვგარეშეა; ხოლო მათთვის, ვინც არ ყოფილა მისი უშუალო მოწმე, არსებობს შპოლტჰერბერის თხზულება "ძილი და სიკვდილი", ლასოლის (Lasaulx) "Die prophetische Kraft der menschlichen Seele in Dichtern und Denkern"( München 1858), პოგოდინის (M. П. Погодин) "Простая речь о мудрёных вещах" (Изд. 3, Москва 1875) და სხვა. ამ მდიდარი მასალებიდან ჩვენ წარმოვადგენთ მომავლის სხვადასხვა სახის წინათგრძნობისა და წინათცნობის ტიპიურ ნიმუშებს. ყველაზე მეტად დივინაცია ვლინდება პირად ხვედრთან ან ახლობელთა ცხოვრებასთან მიმარტებაში, უფრო იშვიათად - უცხო ადამიანებთან დაკავშირებით, და კიდევ უფრო იშვიათად - ერთან ან მთელი კაცობრიობასთან მიმართებაში.
 
დივინაციის შინაარსს წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები პიროვნების, მისი ახლობლების ცხოვრებიდან, ან სახალხო თუ მსოფლიო ისტორიიდან, მაგალითად, სიკვდილი, საშიშროებები, მნიშვნელოვანი გადატრიალებები და ა. შ. ამგვარად დივინაცია იყოფა: ა) პირების მიხედვით, ვისაც ის ეხება; და ბ) შინაარსით, რომელსაც ის საკუთარ თავში მოიცავს.


1. საკუთარი ბედის წინაცნობა (2)
 
____________________
 
2. ნიმუშები იხ.: Splittgerber’-თან (237–238).
____________________
 
ფრანგი დედოფალი მარია ანტუანეტა, საფრანგეთის რევოლუციის დაწყებამდე რამოდენიმე წლით ადრე, ტრიანონის პარკში თავის ფრეილინთან ერთად სეირნობდა. უეცრად მას შეხვდა უცნობი ადამიანი, რომელიც იმწამსვე გაშორდა. მაგრამ წამიერი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ დედოფალს საკუთარ თავში აუწერელი საშინელება ეგრძნო, რაც ამცნო კიდეც ფრეილინსაც. ეს ადამიანი იყო სწორედ ის ლუდის მხარშველი საპტერი, რომელიც შემდეგ თავს გამოიჩენს, როგორც სამეფო გვარის მტერი და მეფის დასჯასაც დაესწრება.
 
მათემატიკის ცნობილმა მარბურგელმა პროფესორმა ბემმა ერთხელ, სასიამოვნო საზოგადოებაში ყოფნისას, უეცრად სახლში დაბრუნების გადაულახავი მოთხოვნილება იგრძნო, თუმცა შინ მას არაფერი ესაქმებოდა. როდესაც თავის ოთახში შევიდა, ახალი გადაულახავი სურვილი დაეუფლა თავისი საწოლი ჩვეული ადგილიდან სხვა, ნაკლებად მოხერხებულ ადგილზე გადაენაცვლებინა, რასაც უხალისოდ დაჰყვა. ეს რომ გააკეთა, ის კვლავ დაუბრუნდა თავისი საზოგადოებას და სავახშმოდ დარჩა, 10 საათისთვის კი სახლში დაბრუნდა და დაიძინა. შუაღამით ძლიერმა ტკაცატკუცმა და გრუხუნმა გააღვიძა. ბემი ადგა და ხედავს, რომ მძიმე ხის კოჭი დაფებითურთ იმ ადგილს დასცემია, სადაც ადრე მისი საწოლი იდგა.
 
 
2. ახლობლებთან დაკავშირებული დივინაცია (3)
 
____________________
 
3. ნიმუშები იხ.: Splittgerber’-თან (239–248).
 
____________________
 
ნაპოლეონ I-ის მეუღლე, იმპერატრიცა ჟოზეფინა განთქმული იყო უკიდურესად განვითარებული უნარით წინასწარ ენახა თავისი მეუღლის ღონისძიებათა შედეგები, თანაც წარუმატებლებისა. გარდა ამისა, მან წინათგრძნობით რამოდენიმეჯერ იხსნა ნაპოლეონ I-ის სიცოცხლე შეთქმულებებისგან.
 
მაქს სიმონი ერთ-ერთი თავისი ახლობელი ქალის შესახებ ამბობს, რომ ის თავისი სახლიდან ხანმოკლე განშორების დროს სწრაფადვე უკან დაბრუნდა იმ რწმენით, რომ მის დას, რომელიც მან სრულიად ჯანმრთელი დატოვა, სერიოზული საფრთხე ემუქრება. ის იყო სახლის ზღურბლს გადააბიჯა, რომ ამცნეს, მის დას თურმე ყელიდან ძლიერი სისხლდენა დამართნია, და მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
 
 
3. უცხო ადამიანებთან დაკავშირებული დივინაცია
 
ლიხტენბერგმა, როდესაც საღამოს საწოლში წვებოდა, უეცრად იგრძნო ერთგვარი დაუოკებელი შიში ცეცხლის წინაშე და თითქოსდა ფეხებიც გაუხურდა. ამის შემდეგ მას ესმა სახანძრო მანქანების ხმა, თუმცა ხანძარი შორს მდებარე სახლს გასჩენოდა.
 
პოგოდინი მრავალ შემთხვევათა შორის გვაუწყებს უცხო ადამიანის ბედის წინასწარმეტყველების ერთ აღსანიშნავ შემთხვევას. ერთ ოფიცერ კახოვსკის, ბედი უწინასწარმეტყველა მისთვის უცხო, მის მიერ საქმისთვის გამოძახებულმა მეეტლემ (რომ მას ჩამოახრჩობდნენ) (4).
 
____________________
 
4. ამ შემთხვევას გამოცემა "Русская Старина"-ს გვერდებზე მ. ნ. ნოვიცკი აღწერს (1874 г. Сент. книга, стр. 179).

____________________
 
4. სიკვდილის წინასწარხილვა
 
საფრანგეთის მეფე ჰენრიხ IV-ს ჰქონდა განსაზღვრული წინათგრძნობა, რომ ძალადობრივად მოკვდებოდა და თავისი სიკვდილის დღეს თავის ახლობელ სელის ეუბნებოდა: "მეგობარო, მე საერთოდ არ უნდა გავიდე; ვიცი, დღეს უბედურება შემემთხვევა". ჟან-პოლ რიხტერმა 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილის თვე და დღე.
 
პროფ. პოგოდინი გვაუწყებს სიკვდილის წინასწარმეტყველების მრავალ საინტერესო შემთხვევას, რომლებიც ძალიან დეტალურად და მკაფიოდ არის აღწერილი. მაგალითად, ელიზავეტა პეტრეს ასულის მეფობის დროს, ტატიშჩევის შესახებ, რომელიც, იყო რა სრულიად ჯანმრთელი, თავისი სიკვდილის წინ წმიდა საიდუმლოებებს ეზიარა და საკუთარი საფლავის გათხრის განკარგულება გასცა, და. სხვ.
 
 
5. სხვადასხვა საშიშროებებისა და უბედურებების წინათგრძნობა
 
ერთ საღამოს პასტორმა დოდმა იგრძნო თავისი მეგობრის მონახულების მოთხოვნილება, რომელიც მისგან ერთი მილის დაშორებით ცხოვრობდა, თვითონ პასტორი თავისი ვიზიტის მიზანსა და დანიშნულებას ვერც ხვდებოდა. მისი მისვლისას სახლში, მეგობრის გარდა, ყველას ეძინა, რომელმაც კარი გაუღო სიტყვებით: "თვით ღმერთმა გამოგაგზავნათ ჩემთან! ჩემი შვილების ფული დავხარჯე, და აი ჩემს ჯიბეში ახლა მიდევს თოკი, რომლითაც თავის მოკვლას ვაპირებდი".
 
მათემატიკის პროფესორი როშტოკში მეგობრებთან სტუმრობის შემდეგ, რომლის დროსაც საღვთისმეტყველო საუბრები გაჩაღდა, ბიბლიოთეკაში მიდის საჭირო წიგნის გამოსატანად. უეცრად, აქ, საწერ მაგიდასთან, საკუთარ თავს ხედავს, სადაც მისი მეორე მე თითით გადაშლილ ბიბლიაზე, წინასწარმეტყველ ესაიას ერთ მუხლზე უთითებს, სადაც წერია:  "ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო" (ეს. 38:1). შეშინებული კვლავ თავის საზოგადოებაში ბრუნდება, სადაც ამაოდ ცდილობენ მის დამშვიდებას: ის მტკიცედ იდგა იმ აზრზე, რომ უნდა მომკვდარიყო, საზეიმოდ გამოემშვიდობა თავის მეგობრებს და, მართლაც, მეორე დღეს ის გარდაიცვალა (Splittgerber’ р. 267–268).
 
ერთი ახალგაზრდა კაცი, იუწყება მაქს-სიმონი, ერთხელაც თავისი მშობლების სანახავად გაემგზავრა. გზაში ორ ოფიცერს შეხვდა, რომელთაც შეუთანხმდა, რომ საფოსტო კარეტით ერთად იმგზავრებდნენ. ის-ის იყო კარეტაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა, რომელმაც თითქოსდა გააშეშა: კარეტაში მისი ჩაჯდომა შეუძლებელი გახდა. ოფიცრებმა, როდესაც მის სახეს ცვლილება შეატყვეს, ჰკითხეს, თუ რა სჭირდა; მან განუმარტა, რაშიც იყო საქმე. მაშინ ოფიცრებმა შესთავაზეს, რომ ჩაჯდომაში დაეხმარებოდნენ, მაგრამ ახალგაზრდა კაცმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა. ოფიცრები გაემგზავრნენ, ის კი დარჩა, მაგრამ ძალიან მალე მღელვარებამ გადაუარა, და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლა, რათა გზა გაეგრძელებინა. როდესაც ელბის ნაპირებს მიადგა, ერთ ადგილზე შეკრებილი ბრბო დაინახა, და მის კითხვაზე, თუ რა მოხდა, უპასუხეს, რომ რომელიღაც კარეტა ცხენებთან ერთად მდინარეში ჩავარდა და ორი ოფიცერი, რომლებიც ამ კარეტაში ისხდნენ, დაიხრჩვნენ.
 
კიდევ შემთხვევა. ერთხელ აბატი მონტმორენი წმ. ლუდოვიკოს ეკლესიაში შევიდა და მუხლი მოიყარა, რათა ელოცა. უეცრად იგრძნო ადგილის შეცვლის ძლიერი მოთხოვნილება. არ მიიჩნია რა საჭიროდ ამ გრძნობისადმი დამორჩილება, მან ლოცვა განაგრძო, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისეთი მღელვარება დაეუფლა, რომ ადგა და ეკლესიის საწინააღმდეგო მხარეს გადავიდა. მუხლებზე დაშვებაც კი ვერ მოასწრო, რომ თაღიდან დიდი ქვა მოწყდა და დაეცა იმ ადგილს, სადაც ის ამასწინათ ლოცულობდა.
 
მრავალ მსგავს შემთხვევას გადმოგვცემენ ძველები სოკრატეზე. სოკრატე მონაწილეობას იღებდა წარუმატებელ ბრძოლაში დელოსთან და უკან დახევის დროს არ მოისურვა სხვებთან ერთად გაქცეულიყო ერთ-ერთი გზით სამიდან, არამედ სულ სხვა გზა აირჩია. კითხვაზე, ასე რატომ გააკეთა, სოკრატემ უპასუხა, რომ მას იმ გზაზე დემონი არ უშვებდა; ისინი, ვინც მეორე გზით გაიქცნენ, მტრის მხედრობას წააწყდნენ. ციცერონი ამბობს, რომ სოკრატეს წინასწარხედვის (divinatio) ასეთი მტკიცებულებები ბევრია შეკრებილი ანტიპატრესთან (Cicero. De divinatione Lib. I, cap. LIV).
 
მაქს სიმონი მოგვითხრობს ამბავს, რომელიც მის მამას შეემთხვა. ერთხელ, როდესაც ის საღამოთი სახლში ბრუნდებოდა, აზრად მოუვიდა, რომ მისი სახლი იწვოდა. ეს აზრი იმდენად აეკვიატა, რომ სიარულს აუჩქარა; სახლს რომ მიუახლოვდა, ამცნეს, რომ ნახევარი საათის წინ მის სახლში ცეცხლი გაჩნდა.


6. სახალხო და მსოფლიო-ისტორიულ მოვლენათა დივინაცია (5)

____________________
 
5. მაგალითების კრებულები იხილეთ: Lasaulx, Splittgerber p. p. 313–380, у Perty B. II, 313–347.
____________________
 
მისი მაგალითები უხვადაა სხვადასხვა ხალხებში და სხვადასხვა ეპოქაში. ჰომეროსის მიხედვით კალჰასმა იწინასწარმეტყველა ტროას ცხრაწლიანი ალყა, ესქილემ თავის "მიჯაჭვულ პრომეთეში" (v. 755 и sq.) - წარმართობის დაცემა (6); პლატონმა (7) და ვირგილიუსმა (8) ლოგოსის, ანუ მესიის მოსვლა; იოსებ ფლავიოსმა მხედართმთავარ ვესპასიანეს უწინასწარმეტყველა, რომ ის უკანასკნელი იმპერატორი იქნებოდა ნერონის შემდეგ (9).
 
____________________
 
6. "თვით ზევსს დაამხობენ ოლიმპიდან მასზე უკეთესი და უძლიერესი მისი შთამომავლის მოსვლით, როდესაც კაცის სული თავისი საკვრელებისგან გათავისუფლდება".
 
7. Apol. Socr. р. 117. 118. De rep. VI, р. 179. 209. Phaed. р. 61. Gorgias р. 58 და სხვა ადგილებში.
 
8. Virgil, eclog. IV: «Pollion».
 
9. ამის შესახებ ცნობები მოიპოვება არა მარტი მის საკუთარ თხზულებაში Bellum Jud., არამედ რომაელ ისტორიკოსებთანაც: Dio Cass. LXVI, 1, Sueton. Vesp. с. 5.
 
____________________
 
შუა საუკუნეებში წინასწარმეტყველებებით სახელი გაითქვა ცნობილმა აბბა ბერნარ კლერვოსკიმ. მან, მაგალითად, იწინასწარმეტყველა ჯვაროსანთა მეორე ლაშქრობის აღსასრული და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო VI-ის შვილის სიკვდილი. დანტემ († 1321), შუასაუკუნეების უდიდესმა პოეტმა, თავის "ღვთაებრივ კომედიაში" იწინასწარმეტყველა პაპიზმის დაცემა და რეფორმაცია, რის გამოც ხშირად "რეფორმაციის წინასწარმეტყველსაც" უწოდებენ (10). სავანაროლა, რომელიც გამოირჩეოდა წინასწარჭვრეტის ნიჭით, და აოცებდა თანამედროვეთ, წინასწარმეტყველებდა კიდეც; ასე, მაგალითად, მან, იტალიასა და საფრანგეთს შორის არსებული სრული მშვიდობის პირობებში იწინასწარმეტყველა საფრანგეთის, კერძოდ ფრანგი მეფის კარლოს VIII-ის თავდასხმა იტალიაზე, მედიჩების ბედი ფლორენციაში და სხვა (11).
 
____________________

10. იხ., მაგალითად, სალხინებელი v. 106–111, XXIII, 37–45, ასეთივე წინასწარმეტყველებებს რეფორმაციასთან დაკავშირებით პოულობს ისტორიკოსი ნეანდერი ჰუსთან: "Kirchengeschichte". В. VI, 5. 194 595.
 
11. იხ. მაგალითები у Splittgerber-თან 336–337. პროტესტანტები მრავალ წინასწარმეტყველებას მიაწერენ ლუთერს; იხ. ibid. 339–341.
___________________
 
ნოსტრადამუსის (12) შესახებ არსებობს საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა; მისი მრავალი წინასწარმეტყველება აღსანიშნავია აღსრულების ბუკვალური სიზუსტის გამო (განსხვავებით დივინაციისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისების -  მიახლოებითობისგან განსხვავებით). თავის ცნობილ კატენებში ის იუწყება საფრანგეთის ისტორიის შორეულ მოვლენებს, რომლებიც ეხება თვით მეორე იმპერიის დროებას; ფიქრობენ, რომ მან იწინასწარმეტყველა 1789–1793 წლების უმთავრესი მოვლენები: საფრანგეთის რევოლუცია, მეფის გასამართლება, სისხლისღვრა პარიზში და ორლეანელი პრინცის აღზევების ამაო მცდელობები (13).
 
____________________
 
12. დაიბ. რემში, საფრანგეთის სამხრეთით 1503 წ.-ს და გარდაიცვალა მედიცინის პროფესორის რანგში მონპელიეში 1566 წ-ს.
 
13. В Cent. III, 49. IX, 11. III, 51; ნოსტრადამუსის შესახებ იხ. Splittgerber-თან 344–351. Cent. I, 60. VIII, 57. II, 66. VIII, 43, კომენტატორთა ერთსულოვანი აზრით შეიცავს წინასწარმეტყველებას ნაპოლეონ I-ის შესახებ.
____________________
 
მრავალი უახლესი წინასწარმეტყველებათგან ცნობილია ლეიბნიცის წინასწარმეტყველება საფრანგეთის რევოლუციაზე.
 
ძველი კლასიკური ლიტერატურა (ბერძნული და რომაული) სავსეა დივინაციისადმი ძველი სამყაროს საყოველთაო რწმენის მოწმობებით. ჯერ-ერთი, აქ, ციცერონის, პლუტარქეს, ტიტუს ლიბიუსის, ქსენოფონტეს, ჰეროდოტეს, პლატონისა და სხვათა თხზულებებში, შეკრებილია ძველი დროების დივინაციის მრავალი ფაქტი ან ნიმუში; მეორეც, აქ ჩვენ ვპოულობთ საკმაოდ ნათლად გამოთქმულ აზრს ადამიანის სულის უნარზე მომავლის ცოდნასთან დაკავშირებით.
 
არ ვთვლით რა საჭიროდ დივინაციის ამ კლასიკური ნიმუშების დამოწმებას, ჩვენ მხოლოდ სოკრატეს იდუმალ პიროვნებაზე შევჩერდებით, რომელიც ყველას აოიცებდა განსაკუთრებულად განვითარებული უნარით "შეეღწია" მომავალში და, რაც მათთვის მკაფიო მტკიცებულებას წარმოადგენდა იმისა, რომ ადამიანში შეიძლება არსებობდეს ისეთი უნარი, რომელიც შესამჩნევად ვლინდება მხოლოდ რამოდენიმე ადამიანში (14).
 
____________________
 
14. ახალ დროებაში გოეთეს გვარი გამოირჩა ამ საგვარეულო ნიშნით, ბაბუისგან დაწყებული და თავად მისით, ანუ გოეთეთი დამთავრებული. იხ. Pert В. II, 269 f. f.
____________________
 
ახალი დროების მწერლებმაც არცთუ მცირედი გამოკვლევები მიუძღვნეს სოკრატეს "დემონის" იდუმალი საკითხის გარკვევას, რომლის ხმასაც ის მიაწერდა თავის წინასწარმეტყველებებს, და რომელიც ხელმძღვანელობდა მის ქცევას, აკავებდა რა მას უგუნური და მავნე ქმედებებისგან.
 
ძველები, ისევე როგორც თვით სოკრატე, ამ ხმას ღვთაებას მიაწერდნენ; ზოგიერთი უახლესთაგან მასში სინდისის ხმას გულისხმობდა, იგივე ხმას ღვთაებისა, ოღონდ იმის ახსნის გარეშე, თუ საიდან მოდიოდა წინასწარმეტყველება; სხვები, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სოკრატეს დემონის ხმას უპირველეს ყოვლისა საკუთარი უმაღლესი მე-ს შთაგონებად მიიჩნევდნენ, რომელშიც წინასწარმეტყველების ნიჭიც ვლინდებოდა და სინდისის ხმაც (მაგ.: Splittgerber р. 262).
 
საკუთარ თვალწინ დივინაციის ესოდენი მკაფიო მტკიცებულების არსებობის გამო, როგორსაც სოკრატე წარმოადგენდა, ყველა ძველი პოეტი და ფილოსოფოსი უყოყმანოდ მიაწერდა ადამიანის სულს მომავლის წინასწარხედვისა და წინასწარგრძნობის უნარს, - ყველა, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა. ყველამ იცის, რომ პითაგორელთა სკოლაში, პითაგორას მაგალითზე, არა მარტო თეორიულად აღიარებდნენ წინასწარმეტყველურ უნარს, არამედ პრაქტიკაში ჰქონდათ მანტიკა მის სხვადასხვა სახეებში. ემპედოკლე ამ უნარს მხოლოდ რჩეულ სულებს მიაწერდა, და ისიც სპეციალურ სფეროში: პოეტს - პოეზიის სფეროში, დოქტორს - მედიცინაში და ა. შ. რწმენა წინათგრძნობის მიმართ სოკრატესთან დამოწმებულია მკაფიოდ პლატონისა და ქსენოფონტეს, ასევე მათი მოწაფეების თხზულებებში (Plat. Criton, 2, 44; Phaedon, 60; Apolog. 33).
 
სოკრატე უმეტესწილად ადამიანებში მომავლის ცოდნას ღმერთების გამოცხადებებს მიაწერდა (Xenoph. Cyrop. III. 1, 5; Memorab. IV. 3, 12; I, 4, 14), მაგრამ ნაწილობრივ მათ საფუძველს თვით ადამიანის სულში ეძებდა, რასაც განსაკუთრებით ვამჩნევთ მის მოწაფეებში. პლატონი მრავალი წინასწარმეტყველებისთვის საჭიროდ არ მიიჩნევს ღვთაებრივ ზეგავლენას, რადგან მათ სულის უნარებს მიაწერს ცნობილ შემთხვევებში იცნონ მომავალი; ის ვლინდება ისეთ ადამიანებში, რომლებიც ეწევიან სერიოზულ, სწორ, გონივრულ ცხოვრებას; რომლებიც უფრო სულზე ზრუნავენ, სწორედ მის გონიერ ნაწილზე, ვიდრე სხეულზე (De republ. IX. p. 572).
 
ქსენოფონტე იზიარებს იმ აზრს, რომ სულს საკუთარი ძალებითაც შეუძლია მომავლის შეცნობა ღვთიურ სულთან თავისი ნათესაობის გამო, განსაკუთრებით თავის გარკვეულ მდგომარეობებში, მაგალითად, სიკვდილის წინ (Cyrop. VIII, 7, 21). არისტოტელე, უარყოფდა რა ზებუნებრივ საფუძველს, ანუ ღმერთების გამოცხადებებს, მანტიკისთვის, მიუხედავად ამისა, ნაწილობრივ აღიარებდა მას, რადგან ის ეფუძნება ადამიანის სულის ბუნებრივ და თანდაყოლილ უნარს იგრძნოს და შეიტყოს მომავალი.
 
არისტოტელეს მიხედვით, სულმა მომავალი იცის არა ღმერთების გამოცხადებების გამო, არამედ საკუთარი ბუნების ძალით, და ეს უნარი, მისი მიხედვით, ვლინდება ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგალითად, სიზმარში და სიკვდილის წინ (De divinat. per somn. I p. 462, 12 f. F.), ასევე ზოგიერთ ფსიქოპათოლოგიურ მდგომარეობებში, მაგალითად, მელანქოლიის ან ექსტაზის დროს (Cicero. De divin. I, cap. XXXVIII; Aristoteles quidem eos etiam, qui valetudinis vitio furerent et melancholici dicerentur, censebat habere aliquid in animis praesapiens atqne divinum). პლუტარქე იზიარებს აზრს სულის წინასწარმეტყველების თანდაყოლილ უნარზე, რომელიც მასში მიძინებულია, სანამ მას არ გამოაღვიძებს რაიმე ფიზიკური (ნერვული) შერყევა, რომელსაც ის ენთუზიაზმს უწოდებს.
 
ენთუზიაზმის ამ მდგომარეობაში სული წინასწარმეტყველური სულის გავლენით თრთის, როგორც სიმი ვიოლინოს ხემის შეხებისას. ამ მდგომარეობაში სული ხდება ღმერთის იარაღი, როგორც სხეულია სულის იარაღი (Plut. Defect orac., 40, 48: De Puth. orac., 21) . პლატონის, ქსენოფონტეს და არისტოტელეს იდეებმა უფრო სრული განვითარება ჰპოვეს სტოიკოსთა სკოლაში.
 
სტოიკოსები, მაგალითად, ქრიზიპე და პოსეიდონიუსი, რომლებიც იცავდნენ მანტიკას, მისთვის სხვადასხვაგვარ გამამართლებელ საფუძველს შორის უთითებდნენ ადამიანის სულსაც. ადამიანის სული ღმერთებთან თავისი ნათესაობის გამო, იმ მდგომარეობებში, როდესაც ის ნაწილობრივ ან სრულიად თავისუფლდება სხეულისგან, შეიძლება ღმერთების დახმარებისა და გარეგანი გრძნობების გარეშეც ხედავდეს მომავალს.
 
სხვათა შორის, ასეთი ხელსაყრელ მდგომარეობად ისინი მიიჩნევდნენ სიზმარს, რომელშიც სული, თავისუფლდება რა სხეულისა და მიწიერი საზრუნავისგან, უფრო ახლოს მიდის ღმერთებთან და მოხერხებული იარაღი ხდება საღმრთო გამოცხადებისთვის. "როდესაც სული, - ამბობს პოსეიდონიუსი, - სიზმარში გათავისუფლდება სხეულთან შეხებისგან და ურთიერთობისგან, მაშინ ის იხსენებს წარსულს, ხედავს აწმყოს და ჭვრეტს მომავალს. თუმცა ადამიანებს, თავიანთი ბუნებით, რომელიც საერთო აქვთ ღმერთებთან (а natura deorum haustos animos et libatos habent), გააჩნია მომავლის შეცნობის უნარი, ოღონდ, მის დანახვას მღვიძარე მდგომარეობაში ხელს უშლის ის ვითარება რომ, როდესაც ადამიანები ზრუნავენ უფრო მიწიერზე, ვიდრე სულსა და ღვთაებრივზე, ღმერთებთან კავშირს წყვეტენ, რადგან სხეულის მიერ არიან შეზღუდულნი (De divin. I, XLIX p. 110 cp. LVII, p. 129; L, p. и LI, p. 115 особ.). ამასთან სული, თავისუფლდება რა სხეულისგან, იძირება საკუთარი თავის ჭვრეტაში, - მთელ თავის შინაარსში, იმაში, რაც მან მარადისობიდან იცის, როდესაც სულთა უმაღლეს სამყაროში ცხოვრობდა".
 
ზედმეტი არ იქნება შევნიშნოთ, რომ სტოიკოსთა სწავლებით არსებობს დივინაციის სამი წყარო: ა) ადამიანის სულის საკუთარი ბუნება, რომელიც ღმერთების ბუნებას ენათესავება; ბ) ღმერთების პირდაპირი გამოცხადებები; და გ) სულის შეხება უამრავ უკვდავ სულთან, რომლებიც ავსებენ საჰაერო სივრცეს და, რომლებშიც აღბეჭდილია ჭეშმარიტების ნიშნები. სტოიკოსთა სწავლება დივინაციის შესახებ კავშირშია მათ სწავლებასთან ბედ-იღბალზე, რომლის ძალითაც ძლიერდება სულის უნარი შეინცოს მომავალი.
 
ამ სწავლების მიხედვით სათამაშო თანმიმდევრობა წარმოადგენს მიზეზებისა და მოქმედებების აუცილებელ კავშირს, სადაც ცნობილ ნიშანთა მიხედვით შეიძლება ამოვიცნოთ მიზეზები, რომელთაგანაც მომდინარეობენ ცნობილი შედეგები. ასე რომ, ყოველგვარ მოვლენას წინ უსწრებს ცნობილი მინიშნებები.
 
თუკი ერთ მთლიანობად გავაერთიანებთ ძველთა წარმოდგენას დივინაციაზე, მივიღებთ სრულიად დასრულებულ სწავლებას მის ბუნებასა და წარმომავლობაზე. ძველები უთითებენ დივინაციის ზუსტ წყაროებს: ა) მაგიური ცოდნის თანდაყოლილი უ ნარი; ბ) უსხეულო სულთა სამყაროსთან ზეგრძნობიერი კავშირი; და გ) ღმერთების პირდაპირი გამოცხადებანი. მათ თითქმის სრულიად ამოწურეს ასევე საკითხი დივინაციის პირობებთა და კერძოდ, მაგიური შესაძლებლობებთან დაკავშირებით (ძველად ამისთვის არსებობდა განსაკუთრებული მეცნიერება ან ხელოვნება: თეურგია ან მანტიკა).
 
უმთავრესი პირობა, რომლისგანაც გამომდინარეობდნენ დანარჩენი პირობები, მათი აზრით იყო სულის (ანუ მისი უმაღლესი ნაწილის) ერთგვარი გამოყოფა (ემანსიპაცია) სხეულისგან. ისინი ამ სწავლებაში გამომდინარეობდნენ იმ ზოგადი და სრულიად მართებული წარმოდგენიდან, რომ წმიდად სულიერი საწყისი აღემატება მატერიალურ საწყისს. აქედან მოდის ყველა მდგომარეობანი, რომლებშიც სული ნაწილობრივ ან სრულიად დამოუკიდებელი ხდება სხეულისგან, და სულიერი საწყისი ადამიანში პირველობს მატერიალურ-გრძნობითზე. ყველაზე ხელსაყრელ პირობად სულის პროფეტული (ანუ წინასწარმეტყველური) უნარის ან საერთოდ, მის უზენაეს უნართა გამოსავლენად მიაჩნდათ: სიზმარი, სიკვდილი, ექსტაზი, მელანქოლია და მძიმე დაავადებები, რომლებიც აქვეითებენ და თრგუნავენ სხეულის ფუნქციონირებას სულის ხარჯზე, და წარმოადგენენ ხელსაყრელ მდგომარეობას დივინაციისთვის.
 
ძველები ფლობდნენ ხელოვნებასაც კი წინასწარგანსაზღვრულად, ამა თუ იმ მიზნისთვის, საკუთარი თავი ჩაეყენებინათ სულის უმაღლეს მაგიურ ძალთა დასანახად (მანტიკა). საერთოდ უნდა ითქვას, რომ, ჩვენს განსახილველ საგანთან მიმართებაში, სიძველემ ჩვენს დროს უანდერძა სწორედ სპირიტუალისტური ფსქიოლოგიური სწავლება, რომელიც იმდენად სრულყოფილად არის დამუშავებული, რომ ჩვენ რაიმე ახლის თქმა აღარ ძალგვიძს.
 
ახალი სპირიტუალისტური ფსიქოლოგიის ამოცანა ახლა უკვე ძევს არა აქ, არამედ ზოგიერთი ნაკლოვანების აღმოფხვრაში, რომელიც გააჩნდა ძველ-კლასიკურ თეორიებს. ქრისტიანულ ფილოსოფიაში ის არ შეიძლება მთლიანად იყოს მიღებული უკვე მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკუთარ თავში ატარებს ძველ, წარმართულ ანაბეჭდს. კერძოდ, სტოიკოსებთან ამ თეორიას გააჩნია პანთეისტურ დუალისტური საფუძველი; გარდა ამისა მის წანამძღვრებს წარმოადგენენ ძველწარმართული ფილოსოფიის არაქრისტიანული ელემენტები. ერთი და იმავე სიტყვებით აქ ხშირად იმალება ღრმა და არსებითი განსხვავებანი.
 
აი მაგალითად: სტოიკოსები სამართლიანად ამტკიცებენ, რომ ადამიანის სულის წინასწარმეტყველური უნარი ეფუძნება მისი ბუნების ნათესაობას ღვთაებრივ ბუნებასთან. ჩვენც ვამტკიცებთ ამ ნათესაობას ადამიანის ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნისა და ღმრთის ძის განკაცების სწავლებებში. მაგრამ, აქ, ამ სწავლებებს შორის არსებითი განსხვავებაა: სტოიკოსებთან ჩვენი ღმრთისმსგავსებობა წარმოდგენილია პანთეისტურად, ჩვენში კი თეისტურად, სტოიკოსებში - ადამიანთ სულები ნაწილობრივ მსოფილო სულის ნაწილია, მისი გადმოღვრაა, ქრისტიანობაში კი - სული შედარებით დამოუკიდებელი და პიროვნული არსებაა, რომელიც არაფრისგან ღმრთის ყოვლადმოწყალებამ და სიკეთემ მოიყვანა ყოფიერებაში.
 
სტოიკოსები ძილში წინასწარმეტყველურ უნართა გამოვლინებაზე ამბობენ, რომ ეს ხდება სულის დიდი შესაძლებლობების შედეგად, როდესაც ის გათავისუფლებულია სხეულის საკვრელთაგან, ჩაძირულია საკუთარ თავში და იქ ჭვრეტს, თავის მარადიულ შინაარსს, ყოველივე არსებულის ხატებებს.
 
ყველასთვის ნათელია, რომ ამ შეხედულების საიდუმლო წყაროს წარმოადგენს აღმოსავლური (ინდური) სწავლება სულთა მარადიულ წინარეარსებობაზე. აი რატომ არის უარყოფილი ქრისტიანობაში ძველ-კლასიკური სწავლება დივინაციაზე და ძირეულ გადამუშავებას საჭიროებს. მაგრამ ეს გადამუშავება ეხება არა მის ძირითად მდგომარეობებს, არამედ მის არგუმენტაციებს; ხოლო ძირითადი მდგომარეობები, როგორიცაა: ა) წყაროები და ბ) დივინაციის პირობები, ქრისტიანული გაგებითაც მთლიანად შეიძლება იქნას მიღებული ისე, როგორც არის.
 
დივინაციის წყაროებად უნდა ვაღიაროთ: ა) ადამიანის სული; ბ) ღმერთი და გ) სულთა ზემოქმედებანი. მთავარი პირობებიდან სულის წინასწარმეტყველური უნარების გამოსავლენად, რომელსაც იზიარებდნენ ძველები, შეიძლება მიღებულ იქნას, - სულის ბატონობა სხეულზე და მისი დამოუკიდებლობა გრძნობითისგან; ხოლო თუკი ამ პირობას ვაღიარებთ, ჩვენ უნდა მივიღოთ მისგან მომდინარე შედეგებიც, ანუ ძველთა მსგავსად ვაღიაროთ, რომ ბუნებრივი დივინაცია ადვილად შეიმჩნევა ისეთ ადამიანებში, რომლებიც ეწევიან სულიერ ცხოვრებას, ასევე ძილში, სიკვდილის წინ, ექსტაზში და ორგანიზმის სხვა უჩვეულო მდგომარეობებში, მაგალითად, სომნამბულიზმსა და ჰიპნოტიზმში. ყველა ამ მდგომარეობაში მეტ-ნაკლებად ირღვევა წონასწორობა სულსა და სხეულს შორის, იზრდება სულიერი საქმიანობის წილი, რაც, როგორც უკვე ვნახეთ, თანამედროვე მეცნიერების მიერაც არის აღიარებული (იხ. წიგნი: Свящ. П. Светлов. "Пророческие или вещие сны", стр. 93–109, საიდანაც ამოვიწერეთ ჩვენც ზემოთგადმოცემული ცნობები).




დამატება. პროფ. ბიქსბის (Bixby) აზრები
 
 
გრძნობათა არასრულყოფილება
 
რაც უფრო დეტალურად სწავლობს მეცნიერება ჩვენს ხუთ გრძნობას, მით უფრო რწმუნდება იგი მათ შეზღუდულობაში და იმაშიც, რაოდენ მცირეა მთელ სამყაროში ის ნაწილი, რომელსაც ეს ჩვენი მატერიალური ორგანოები მოიცავენ და შეიგრძნობენ. ინსტრუმენტის დახმარებით, რომელსაც სირენა ეწოდება, ფიზიკოსი თვლის ხმის ვიბრაციას, რომელიც ესმის ადამიანის ყურს, და, შემდეგ, რწმუნდება, რომ ჩვენს სმენას არ ძალუძს დაიჭიროს მუსიკალური ნოტა, რომელშიც წამში მინიმუმ 15 ვიბრაციაზე ნაკლებია, ხოლო, მეორე მხრივ, არ შეუძლია დაიჭიროს ისეთი ნოტა, რომელშიც არის წამში 42.000 ვიბრაცია. და, მაინც, მაშინ, როდესაც სირენას ბორბალი კიდევ უფრო სწრაფად ტრიალებს, დგება სრული უხმობა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ვიბრაციები არ წყდება და, რომ, შედეგად, ხმა არსებობს, და ჩვენი სმენითი ორგანო უფრო ფაქიზი რომ ყოფილიყო და უფრო სრულყოფილი, ამ ნოტების მოსმენასაც შევძლებდით.
 
 
რას გვიმჟღავნებს სპექტროსკოპი?
 
ჩვენი გრძნობების შეზღუდულობას ამტკიცებს პრიზმაც, როდესაც ფიზიკოსს, შლის რა მზის სხივებს, ურთულესი და უფაქიზესი სამეცნიერო მოწყობილობების დახმარებით შეუძლია განსაზღვროს მათი მოძრაობის სისწრაფე. ამასთან ირკვევა, რომ ჩვენს თვალს შეუძლია დაინახოს მხოლოდ ის სხივები, რომელთა მოძრაობის სისწრაფე აღემატება 399.000.000.000 ვიბრაციას წამში, იმ სხივებამდე, რომლებიც მოძრაობენ არა უმეტეს 831.000.000.000 ვიბრაციისა წამში.
 
მეცნიერება ასევე ამტკიცებს, რომ ვიბრაციები, რომლებიც წარმოქმნიან ნათელს, არ წყდება, თუმცა ჩვენი მხედველობა უძლურია აღიქვას სხვები, თუკი ვიბრაციათა რაოდენობა ნაკლებია ან მეტია რხევათა ზემოთდასახელებული რიცხვებისა წამში. ეს მტკიცდება იმით, რომ, მიაღწევს და სპექტრის ულტრა-წითელ ბოლოს, სხივები ჩვენთვის უხილავი ხდებიან, მაშინ როდესაც ამ დროს მათი სითბო აგრძელებს ზემოქმედებას აპარატზე, რომელიც ზომავს სითბოს, და კიდევ იმით, ულტრა-იისფერის საზღვრებს მიღმა, ფლუორესცენცია, ან სხივთა ფოტოქიმიური ზემოქმედება, მათ ქიმიურ თვისებებზეც გვითითებს.
 
პროფ. რენტგენის უდიდესმა აღმოჩენამ, რა თქმა უნდა, გაზარდა აკტინური სხივების გამოყენების მეთოდების რიცხვი, რომლებიც ჩვენთვის ხილვად ულტრა-იისფერ გამოსხივებებზე შორს მიდიან, მაგრამ, აკტინური სხივების არსებობა ხომ ამ აღმოჩენამდე რამოდენიმე წლით ადრეც იყო ცნობილი. მაგალითად, სელენიუმი, ფუვდება, თუკი აკტინური სხივები მას გამსჭვალავენ; კარბობისულფატი, სპეციალური რეაგირებით აცხადებს მათ ზემოქმედებაზე; ჩვენთვის უხილავი ამ სხივების გავლენით, კოლოდიუმის მგრძნობიარე ფენამ, წარმოუდგენლად შორს მყოფი ვარსკვლავთშორისი სივრცეების გამო, ფოტოგრაფიულად ასახა საკუთარ თავზე ცის იკანკლედი (ე. წ. "ირმის ნახტომი"), რომელსაც მხედველობის ჩვენი ორგანოები უძლიერესი ტელესკოპების დახმარებითაც კი ვერ ხედავენ.
 
 
მეცნიერებას სჯერა, რომ ბუნებაში არსებობს ჩვენთვის უხილავიც
 
აღმოჩნდა, რომ უფაქიზესი და საუკეთესო ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაშიც კი ჩვენი გრძნობები შემოსაზღვრულია. იმის შემდეგ, რაც ყველაზე უსრულყოფილესმა მიკროსკოპმა გაგვიმხილა ინფუზორიების არსებობა, რომელთა ზომა უტოლდება დიუიმის ერთ ოთხმოცდაათმეათასედ ნაწილს, მხედველობა უძლური ხდება რაიმე დაინახოს ამის იქით. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მიკროსკოპი უძლურია გვიჩვენოს კიდევ უფრო მინიმალური ერთეულები, ამის გამო მეცნიერები დასაშვებად მიიჩნევენ ხილულის მიღმა მიკროორგანიზმების არარსებობას? პირიქით, მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი - ქიმია, ყველა თავის კანონს და ამ კანონთა განმარტებას ორმხრივ ზემოქმედებაზე აფუძნებს, ანუ ნივთიერების უმცირესი შემადგენელი ნაწილაკების ზემოქმედებას ერთი მეორეზე, რომლებიც თავიანთი მოცულობით იმდენად უფრო მცირედნი არიან მიკრობზე, რამდენადაც მიკრობია მცირე სპილოზე.
 
მატერიის სიმკვრივე, მეცნიერთა თქმით - მხოლოდ ფიქციაა. ჩვენი თვალები უცებ რომ გამდიდრდნენ მხედველობის უჩვეულო სიფაქიზით, ჩვენ მივიღებდით უნარს, რომლის დახმარებითაც გრანიტის ლოდის მიღმა ისევე თავისუფლად დავინახავდით, როგორც ვუყურებთ ახლა მოქსოვილი ბადის მიღმა; ხოლო წრე, რომელიც თამბაქოს კვამლის ნაკადისგან იკვრება, ჩვენთვის არ იქნებოდა იმაზე უფრო კომპაქტური (მკვრივი), ვიდრე არის მფრინავ ბეღურათა გუნდი.
 
ჰაერის კუბიკური დიუიმი შეიცავს 21.000.000 მოლეკულას; მაშასადამე, მთელი ჰაერი, რომელიც ჩვენთვის ხილული ცისქვეშეთისგან შედგება, მკვრივ მასამდე რომ შევასქელოთ მისი მთელი გორგალი დაეტეოდა მამონტის მღვიმეში, რომელიც არის კენტუკში (აშშ). ჰაერის ერთი ბუშტულა, რომელიც ჭიქა წყალში წარმოიქმნება, შეიცავს 50.000.000.000.000 უმცირეს მრგვალ სხეულებს, რომლებიც დაქრიან აქეთ-იქით, და ერთმანეთს ეჯახებიან 80.000.000-ჯერ წამში. იმყოფებიან რა განუწყვეტელ მოძრაობაში, წყლის ტემპერატურის ყოველი უმცირესი ცვლილება, ასევე მათ მიერ მიღებული ელექტრონული ბიძგები ცვლიან მათ მიმართულებას და წრიულ მოძრაობებს გარდაქმნიან ელიპტიურში, ელიპტიურ მიმართულებას სწორხაზოვანში ან პირიქით.
 
 
ყოვლისშემძლე ატომი
 
მაგრამ, მატერიის ეს ატომისტური ერთეულები, ეს პირველადი ძირითადი წერტილები, რომლისგანაც ჩამოყალიბდა ჩვენი პლანეტა, - ეს მეცნიერების მიერ აღიარებული ატომები, რომლებსაც ეფუძნებიან კანონები, უახლოესი აღმოჩენები ქიმიისა და ფიზიკის დარგში, იყვნენ თუ არა ისინი ცალკე, თუნდაც ვინმეს მიერ აწონილნი, მოსინჯულნი და სათითაო დეტალურობით გამოკვლეულნი? არასოდეს და არავის მიერ! ვინმემ ოდესმე დაიჭირა, თუნდაც სულ მცირე ხნით, მათი განუწყვეტელი მოძრაობები?
 
ხოლო ხმა, რომელსაც გამოსცემს ერთმანეთთან მათი განუწყვეტელი შეჯახება, განა ოდესმე მოსულა ადამიანის სმენამდე? მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმისთვის, რათა ჩამოყალიბდეს საკმაოდ დიდი წერტილი, რათა მათი დანახვა საუკეთესო და უძლიერესი მიკროსკოპის დახმარებით მაინც იყოს შესაძლებელი, საჭირო გახდებოდა ორი ათასი ყველაზე უმსხვილესი ატომის დაჯგუფება; მაგრამ, ეს მხოლოდ ვარაუდია, და ის არანაირად უშლის ხელს მეცნიერებას აღიაროს ატომთა არსებობის სრულიად დადგენილი ფაქტი და მათ შესახებ ილაპარაკოს მხოლოდ თეორიულად, სადაც საფუძვლად აღებული არ არის პრაქტიკაში მიღებული მტკიცებულებითი დასკვნები.
 
ამრიგად, ეს სამეცნიერო რწმენა, გადადის ხილულის საზღვრებს, იწყებს მოლეკულებით და მიდის ატომებამდე, რომელიც კიდევ უფრო მოუხელთებელია, ვიდრე მოლეკულა. და განა მეცნიერება ამაზე ჩერდება? განა ის უარს ამბობს წინსვლაზე ამ სფეროში?
 
 
მოუხელთებელი ეთერი
 
დაელაპარაკეთ ოპტიკის ნებისმიერ პროფესორს, და ის გეტყვით, რომ მისი მეცნიერების მთელი თეორია განპირობებულია სუბსტანციის არსებობით, რომელიც კიდევ უფრო ფაქიზია და შეუხებელი. ეძებენ რა მანათობელი სხეულების მახასიათებელი მოვლენის განმარტებას, როგორიცაა სინათლის არეკვლა, ნათლის პოლარიზება და ა. შ. უახლესი დროის "მეცნიერები" იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ სინათლე ვრცელდება ტალღობრივი მოძრაობებით.
 
კი, მაგრამ, სინათლე ხომ უჰაერო სივრცეს გადის, - იკითხავს ვინმე, - თანაც, სულაც არ ამცირებს თავის სიჩქარეს და არ კარგავს თავისი ნათების ძლიერებას... გარბის რა უზარმაზარ, ცარიელ ვარსკვლავთშორის სივრცეებს, ის ისეთი სრულყოფილებით ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ თავისებურებებსა და თვისებბს, რომ მისი სხივების ხაზებზე, რომელთაც ვცნობთ სპექტრალური ანალიზების მეშვეობით, თვით სირიუსზე ან პლეადის თანავარსკვლავედში  მყოფი აირები და მეტალები ისე თავისუფლად ექვემდებარებიან ჩვენს ანალიზს, თითქოსდა ეს პლანეტები ჩვენს ქიმიურ რეტორტებზე გვქონდეს დადებული... აღმოჩნდა, რომ სინათლის სხივი, რომელიც მოდის რომელიმე ვარსკვლავიდან, იქიდან ჩვენს დედამიწამდე იჭიმება ვიბრირებადი სიმივით, რომელიც იკლაკნება უთვალავ ტალღებად, რომლებიც მის ყოველ დიუიმში 30.000-დან 70.000-მდეა.
 
მაგრამ, რადგან ვიბრირება შეუძლია არა არაფერს, არამედ რაღაცას, რომელსაც ვიბრირების უნარი აქვს, ასტრონომები და ოპტიკის პროფესორები იძულებულნი გახდნენ გაეკეთებინათ დასკვნა, რომ ყველგან, სადაც კი სინათლის ეს ტალღები ძირითადი, ტალღობრივ-რხევადი ნივთიერების სახით გადიან, უნდა არსებობდეს უნატიფესი გამტარი, რომელსაც ნათლისგამტარი ეთერი უწოდეს. მისი სუბსტანცია მიუწვდომლად ნატიფია ჩვენს ყველაზე უნატიფეს აირთა შორის, რადგან აღავსებს მეტალებსა და კრისტალებს, გაჟღინთავს და გამსჭვალავს მათ მთლიანად, რის გამოც მისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს შუშისა და სხვა ჭურჭლების კედლები, რომლებითაც ჩვენ ვახდენთ აეროვანი ნივთიერებების იზოლირებას და ვინახავთ მათ.
 
თუმცა, რადგან ფრენშელმა დაგვიმტკიცა, რომ ეთერის ვიბრაცია განივია, და არა გრძლივი, არსებითად, ის უნდა მივაკუთვნოთ მკვრივ საგანთა კატეგორიას. ამასთან, მისი ჭიმვადობის ძალა უსაზღვრო უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ სინათლე მასში მილიონჯერ უფრო სწრაფად გადის, ვიდრე ჰაერში გადის ხმა. ჩვენ მივეჩვიეთ იმაზე ფიქრს, რომ ჩვენს დედამიწას გარს აკრავს ცარიელი სივრცე; არსებითად კი, დედამიწა და მასთან ერთად ჩვენც, რომლებიც მის ზედაპირზე ვცხოვრობთ, ჩაძირულები ვართ ეთერის უსაზღვრო და უზარმაზარ ოკეანეში, რომლის ტალღები უძრავ ვარსკვლავებამდე მიდიან.
 
 
ნებსით თუ უნებლიედ გიწევს დაჯერება
 
ხოლო თუ გვკითხავენ, რომელი ზუსტი დაკვირვებებითა და გამოკვლევებით იძლევა მეცნიერება გარანტიას, რომ მისი რწმენა ეთერის ოკეანის არსებობაზე ნამდვილია, რომელშიც ჩვენი პლანეტა დედამიწა ერთი პაწაწკინტელა წერტილია, კვლავ უნდა ვუპასუხოთ, - არავითარით. ყველაფერ იმასთან ერთად, რომ ეთერი წარმოადგენს სინათლის გამტარს, ის თვითონაც და მისი ვიბრაციაც კიდევ უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან ჩვენს მზერას, ვიდრე ყველაზე უმცირესი ატომთაგან. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ის, არსებითად, ლითონზე უფრო მკვრივია, მასში სრულიად თავისუფლად ვმოძრაობთ ისე, რომ არც კი ვგრძნობთ მას.
 
როგორც შეგვიძლია ვამჩნევთ, რომ ის, როგორც ჩანს, არ აყოვნებს ვარსკვლავთა და პლანეტათა მსვლელობის სწორ სისწრაფეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი წნევის ძალა ერთ კუბიკურ დიუიმზე უტლოდება მარავალ ათას ინგლისურ ფუნტს, მისი წონის განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა ის არა მარტო გვეხება ყველა მხრიდან, არამედ მთლიანად გამსჭვალავს მთელ ჩვენს ორგანიზმს, სრულიად ჟღინთავს მას თავისი სუბსტანციით, და ჩვენ მისი შეხებაც კი არ შეგვიძლია. მაგრამ, ყოველივე ამის შემდეგ, რის საფუძველზე არის აღიარებული ეთერული ოკეანის არსებობა? ვპასუხობთ: იმის საფუძველზე, რომ მსგავსი ეთერის არსებობა და მასთან დაკავშირებული თეორიები გვაძლევენ ერთადერთ თვალსაჩინო და გონიერ განმარტებას იმისა, რაც კი ოპტიკის სფეროში ხდება.
 
 
მტკიცებულება ანალოგიის ძალით
 
როდესაც ვხედავთ, რომ იქს-გამოსხივებების მეშვეობით, ჩვენთვის შეუღწევადი მატერიის ფენაში, კოლოდიუმის აპკი, მეტალთან შეხებისას, რომელიც მოთავსებულია ყუთში ან ადამიანის სხეულში, საკუთარ თავში ახდენს ამ მეტალის ფოტოგრაფირებას, შეგვიძლია თუ არა დავეჭვდეთ იმაში, რომ ჩვენი "სული" ფლობს მსგავს შესაძლებლობას თანაზიარობაში მოვიდეს სულთან (თვისებებით სრულიად მის მსგავსთან), მიუხედავად სივრცისა და სხვა წინაღობებისა თუ წინააღმდეგობებისა?
 
ტელეპათიის საკვირველი მოვლენები, აზრების შთაგონება (წინათგრძნობები, ჩვენი მხრიდან რომ ვთქვათ), შთაგონებით გამოწვეული განკურნებები და ნათელმხილველობა, რჩეულ ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომლებიც იკვლევენ ამ მოვლენებს, - უკვე აღიარებულია. ეს მოვლენები ნამდვილად არსებობენ.
 
მხედველობაში თუ მივიღებთ ბოლო დროს გაკეთებულ საფუძვლიან აღმოჩენებს ბუნების მატერიალური კანონების სფეროში, ვიკითხავთ: ხომ არ დადგა ამ მოვლენათა საყოველთაო აღიარების დროება? ჩვენი "სული" ხომ შემძლეა უზარმაზარ მანძილზე გააგზავნოს თავისი აზრობრივი ტელეგრამა ისე, რომ მას არც ელექტრონული ბატარეები სჭირდება და არც მავთულსადენები, არამედ მხოლოდ თავისი ბუნებრივი "დენი", და განა ეს უნარი არ უთითებს სულის ზემატერიალურ არსზე და იმაზე, რომ მასზე არ მოქმედებს თავისი მიწიერი გარსის (სხეულის) ხრწნადობა?
 
მიწიერი ფსიქიური ტელეგრამა განა არ არის მითითება იმაზე, რომ სულს, რომელმაც უკვე გადალახა ყოველივე მიწიერის ზღვარი, "იმ ნაპირიდანაც" ძალუძს, - თუკი ამისთვის შესაბამისი პირობები იარსებებს, - თავისი "ტელეგრამები" გამოაგზავნოს დედამიწაზე დატოვებულ სულებთან, მათსავე სანუგეშოდ და მათივე ზნეობრივი მხარდაჭერისთვის?
 
მეცნიერების უახლოესი აღმოჩენები, რომლებიც სასწაულს უტოლდება, იწყებენ ყოველივე იმის დადასტურებას, რაც ჩვენ ზღაპრულად და ლეგენდარულად გვეჩვენებოდა. მეცნიერება ამტკიცებს, რომ ბუნების უხილავი და ხელშეუხები ძალები მისი ყველაზე უმძლავრესი ძალებია.
 
იმის ზღვარს იქით, რისი ჩვენებაც ტელესკოპს შეუძლია, იწყება უხილავი უსაზღვრობა, რომლის ძალთა ენერგია ყოველივე ხილულს აცოცხლებს და გამსჭვალავს. მსოფლიო სივრცის ყოველი უმნიშვნელო დიუიმი შემოქმედის ბრძნული კანონების გარდაუვალი მტკიცებულებაა.
 
ვუერთდებით რა გულით მარადიულ ჰარმონიას, ვაყურადებთ რა მის გასაოცარ რიტმებს, ჩვენ ვმაღლდებით სულით და, ვიმსჭვალებით ირგვლივ გამეფებული გონიერებით. ამიტომაც ვამბობთ: "შეუძლებელია, არალოგიკურია გწამდეს, რომ ადამიანის პროგრესის ერთადერთი მიზანია მხოლოდ მისი ყოფიერების მიწიერ სფეროში არსებობა. ნათლის გამონათებები, მინიშნებები ჩვენს უზენაეს დანიშნულებაზე, რომელსაც უახლოესი დროს სამეცნიერო აღმოჩენები ადასტურებენ, ჩვენში ბადებენ უკეთესი მომავლის არსებობისადმი რწმენას.
 
დგება იმ დღეთა განთიადი, როდესაც აწინდელი სკეპტიციზმი და ყოველივე იმის უარყოფა, რისი შეხება, აწონვა და დანახვა შეუძლებელია უკვე შეუქცევადად მიეცემა წარსულს, როგორც მძიმე სიზმარი, რომელიც ატყუებდა ჩვენს გრძნობებსა და საგანთა არსის შემეცნებას ("Ребус". 1899 г,. №№ 5 и 6).


წყარო: Из области таинственного: простая речь о бытии и свойствах души человеческой, как богоподобной духовной сущности. / сост. Дьяченко Г.М. - Москв : тип. Т-ва И.Д. Сытина, 1900.

პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ. თებერვალი.
Назад к содержимому