იდუმალი სამყარო - იდუმალების სფერო 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

გრიგოლ დიაჩენკო

იდუმალების სფერო

მასალები ცდისეული ფსიქოლოგიისა და ქრისტეანობის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო აპოლოგიისთვის

იდუმალი სამყარო

შინაარსი



ყველაზე გავრცელებული ტერმინები, რომლებიც გვხვდება წიგნში "იდუმალების სფერო"


შთაგონება - თავისი ეტიმოლოგიით ეს სიტყვა პირდაპირ აღნიშნავს სხვა პირზე ზემოქმედებას იმ მიზნით, რათა შთააგონოს მას რაიმე იდეა მისი დეტალური გადმოცემის ან განმარტების გარეშე, ან კიდევ აიძულოს იგი ჩაიდინოს რაიმე ქმედება. ამბობენ, რომ ესა თუ ის პირი იმყოფება შთაგონების ქვეშ, როდესაც მას არ ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს შთაგონებულ იდეას, ან არ შეუძლია არ განახორციელოს შთაგონებული ქმედება. ხდება თვითშთაგონებაც, როდესაც სუბიექტი შეუგნებლად ზემოქმედებს საკუთარ თავზე. აზრობრივ შთაგონებას უწოდებენ იმგვარ მოქმედებას, როდესაც შთამაგონებელი პირი საკუთარ აზრებსა და სურვილებს არ გამოხატავს სიტყვით და არც სხვა რაიმე ნიშნით, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში ჩვენი გრძნობებისა და უნარებისთვის არის მისაწვდომი.

ჰალუცინაცია - გრძნობების მოტყუება. ამ სიტყვაში გულისხმობენ ხილვებს ან მოვლენებს, რომლებიც მხოლოდ წარმოსახვაში არსებობენ. ადამიანი ხედავს ისეთ რაღაცას ან ესმის ისეთი ხმები, რომელიც რეალურად არ არსებობს, მაშინ როდესაც ილუზია გრძნობების ისეთ მოტყუებას გულისხმობს, რომელიც არის არა სუფთა ფანტაზია, არამედ რეალურად არსებული საგნებისა და მოვლენების დამახინჯებული აღქმა.

ჰიპნოტიზმი - ეს სიტყვა პირველად დაამკვიდრა ინგლისელმა ექიმმა ბრედმა და სომნამბულიზმის ხელოვნურ გამოწვევას ნიშნავს (sonamboulisme provogue). საერთო გაგებით, ჰიპნოტიზმი - ეს არის სომნამბულიზმი, რომელიც გამოწვეულია ფიზიკური მოქმედებებით, მაშინ როდესაც მაგნეტიზმი - ხელოვნური სომნამბულიზმი, პირადი (individuel) ზეგავლენისგან ან ტკივილისგან მომდინარეობს.

ცხოველი მაგნეტიზმი - გაურკვეველი ტერმინია, რომელიც სხვადასხვა აზრით გამოიყენება. უმთავრესად მას სომნამბულიზმის გამოწვევის უნარს განაკუთვნებენ. სიტყვა: "მაგნეტიზმი" ჩვეულებრივი მნიშვნელობით დაშორებულ მოქმედებას გულისხმობს და შეიძლება მიესადაგოს ყოველგვარ ქმედებას, რომელიც სომნამბულიზმის გამოწვევას ისახავს მიზნად, მაგ., ე. წ. მაგნეტური პასსები, რომელიც მაგნეტურ ძილს იწვევს. მაგნეტური ძილი - სხვა არაფერია თუ არა ხელოვნური სომნამბულური მდგომარეობა, იგივეა ჰიპნოტური ძილიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ განსხვავებული მიზეზისგან, კერძოდ, ფიზიკური ზემოქმედებისგან წარმოიშვება.

ინტუიცია, ანუ ჭვრეტა - მედიუმიზმის უმაღლესი ხარისხია; ნიშნავს გარეგან პროცესებში შინაგან საწყისთა უშუალო შეგნებას, ასევე დიდ და ძირითად ჭეშმარიტებათა შემეცნებას გონების მიერ მათი წინასწარი განხილვის გარეშე. ეს არის შემეცნების ხედვა, განსაკუთრებული უნარი, რომელიც ცდისა და ლოგიკური აზროვრებისაგან დამოუკიდებლად, უშუალოდ წვდება ჭეშმარიტებას. ინტუიციის უნართან დაკავშირებულია ერთგვარი სულიერი ნათელმხილველობა, ასე რომ, მედიუმები, რომლებიც ინტუიციურად ლაპარაკობენ ან წერენ, წარმოსახვითად ხედავენ მიწიერ მოვლენებში არსებულ სულიერ პროცესებს.

მატერიალიზაცია. ამ სიტყვას სპირიტები უწოდებენ სულთა უნარს დროებით შეიმოსონ იმგვარი მატერიალური გარსით, რომელიც მათ მიწიერ სხეულს წააგავს, რათა თავიანთი გარეგნობით ცნობადნი გახდნენ. მოცემულ შემთხვევაში, თუ მედიუმური ძალები არასაკმარისია ამგვარი განსხვავებული ფიგურის თუნდაც რამოდენიმე წუთიანი წარმოქმნისთვის, მაშინ სულები თვით მედიუმს იყენებენ და იმდენად ცვლიან და ძაბავენ მათ, რომ მედიტაციის მონაწილენი მედიუმში გარდაცვლილის პიროვნებას ხედავენ (აღიარებენ). მაგრამ, ეს მოვლენა, მკაცრ და დადებით მეცნიერთა აზრით, რომელთაც ჩვენც უნდა დავეთანხმოთ, სულთა ჩარევის გარეშეც შეიძლება აიხსნას. ის, უშუალოდ მედიუმის სულის მიერ, ყალიბდება იმგვარი სიფრიფანა მატერიისგან, რომელიც მისივე სხეულიდან გამოიყოფა და ადამიანის სულის ერთგვარ შემოქმედებით-წარმომქმნელ ძალაზე უთითებს. გაორების მოვლენა სრულიად ადასტურებს ამ ფაქტს.

მედიუმი - შუამავალი. ასე უწოდებენ პირებს, რომელთა მეშვეობითაც "სულები" ადამიანებთან კონტაქტს ამყარებენ. ასეთია სპირიტისტების აზრი, მაგრამ არა მართლმადიდებლური ეკლესიისა. ჩვენის მხრივ მედიუმებს ვუყურებთ როგორც პირებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ფაქიზი ნერვული ორგანიზაციით და საკმაოდ მგრძნობიარენი არიან ფსიქიკური მოვლენებისადმი. ასეთ პირებს კიდევ სენსიტიურებს უწოდებენ. მათი მეშვეობით, ადამიანთა საცთუნებლად, არც თუ იშვიათად, თავის ზემოქმედებას ავლენს მაცთური სული (ეშმაკი), განსაკუთრებით მაშინ, თუ თვით მედიუმი არ გამოირჩევა მაღალი რელიგიურ-ზნეობრივი თვისებებით.

ფსიქომეტრია. ასე იწოდება ნიჭი (უნარი), რომელსაც ავლენს ზოგიერთი ადამიანი. მათ შეუძლიათ საკუთარი სული მიმართონ ზოგიერთი საგნის (მაგ.: წამლის) სულიერი არსისკენ, როდესაც მათ ეხებიან, და ამგვარად დაინახონ ყველა ვინც მას ოდესმე შეხებია; მეტიც, მათ შეუძლიათ აღწერონ მოვლენები, რომლებიც მასთნ არის დაკავშირებული. მაგალითად, ერთ ასეთ ფსიქომეტრიულ პიროვნებას ხელში აძლევენ ქანდაკების ნატეხს, რომელიც ათენის გათხრებზე ან კიდევ რომელიმე ძველ ტაძარში იპოვეს და მოკლე დროში მის სულიერ ხედვაში წარმოსდგება არა მარტო მთელი ქანდაკება და მთელი ტაძარი, არამედ ქალაქი, რომელშიც ისინი (ქანდაკება და ტაძარი - რედ.) იმყოფოდნენ, მთელი მათი შემოგარენითურთ და საცხოვრებელი ქოხებითურთ, და მას შეუძლია თქვას როგორ დაინგრა ეს ქანდაკება ან ტაძარი: მიწისძვრით, ხანძრით თუ მტრის შემოსევით. ასე მაგალითად, პროფ. დანტონმა თორმეტ მედიუმს მისცა მეტეორიტის ნატეხები, თერთმეტმა მათგანმა სრულიად იდენტურად აღწერა პლანეტა, რომელსაც მეტეორიტი მოსწყდა. ფსიქომეტრიულ მედიუმს ხელში რაიმე მედიკამენტი რომ მისცე, ის გონებით გამოიკვლევს მის თვისებებს და აღწერს მის ზემოქმედებას სხეულზე. მომავალში, შესაძლოა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ უნარი დასისხლიანებულ მატერიასთან ხელის შეხებით ამოიცნონ ადამიანის მკვლელი, აღწერონ მკვლელობის ვითარება და პირობები და ასე, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ დამნაშავის შეპყრობა. ამგვარი მედიუმური ფაზა ჯერ კიდევ საკმაოდ იშვიათად გვხვდება, რადგან ის ითხოვს უმაღლესი ხარისხის სენსიტიურ ადამიანს. გარდა ამისა, ისინი არიან ძალზედ განვითარებული ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი არა მარტო დაინახონ ნივთები და მოვლენები, არამედ შესაბამისი გამოთქმებითაც სწორად და ზუსტად აღწერონ ისინი.

სომნამბულიზმი - ძილის მსგავსი მდგომარეობაა, მაგრამ მისგან განსხვავდება შეფარდებითი ცხოვრების (de la vie de relation) ზოგიერთი მოვლენის მუდმივობით (persistance). ის ნორმალური მღვიძარებისგან განსხვავდება პიროვნების ცვალებადობით. სომნამბულიზმი შეიძლება იყოს ხელოვნური და ბუნებრივი, ან თვითწარმოქმნილი (spontane). თვითწარმოქმნილი (სპონტანური) სომნამბულიზმი (ლუნატიზმი) პათოლოგიური მოვლენაა, რომელიც ხშირად შეიმჩნევა ახალგაზრდებში და უფრო მეტად ნორმალური ძილის დროს დგება. ხელოვნური სომნამბულიზმი წარმოიქმნება ან ზოგიერთი ხერხის მეშვეობით, რომელსაც მაგნეტურს უწოდებენ და რომელთა მოქმედება ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი, ან შთაგონებით, ან კიდევ ფიზიკური ზემოქმედებით, როგორიცაა რიტმული ბგერები, ან გამჭოლი, მიზანმიმართული მზერა (fixation) რაიმე ბრწყინვალე საგნის მიმართ და სხვა. ხშირად სომნამბულიზმს იწვევს ერთობლივად მოქმედი მიზეზები.

სპირიტიზმი. თვით სიტყვა "სპირიტიზმი" დამაბნეველია; ის უეჭველად უნდა შეიცვალოს სხვა ტერმინით, უფრო ზოგადით, რომელიც არ შეიცავს არავითარ ჰიპოთეზასს, არავითარ სწავლებას, როგორც არის მაგალითად, სიტყვა: "მედიუმიზმი". სპირიტიზმი, ამ ცნების მკაცრი გაგებით, ერთია იმ სამი კატეგორიიდან, რომელშიც შეგვიძლია თავი მოვუყაროთ ყველა მედიუმურ მოვლენას. თითოეულს ამ კატეგორიებიდან, რომელიც ჯერ-ჯერობით ჰიპოთეზის სახით არიან გამოხატულნი, გააჩნიათ დამოუკიდებელი არსებობის უფლება და განსაზღვრავენ ფაქტების მხოლოდ შეზღუდულ ნაწილს.

მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, ეს სამი კატეგორია ჩვენ პირობითად აღვნიშნეთ შემდეგი ტერმინებით:
პერსონიზმი, ანიმიზმი და სპირიტიზმი.

სიტყვით
პერსონიზმი ჩვენ აღვნიშნავთ მედიუმიზმის ყველაზე ელემენტარულ მოვლენას: კონტაქტი მაგიდების (და მსგავსი საგნების) მეშვეობით; შეუცნობელი, უგონო წერა ან ლაპარაკი ტრანსულ მდგომარეობაში. მოვლენები, რომლებიც ამ რუბრიკას განეკუთვნება, თვალწინ გვიშლიან ადამიანის არსის ორადობის მკაფიო ფაქტებს, კერძოდ, ჩვენი ინდივიდუალური, შინაგანი, ქვეცნობიერი "მე"-ს უშუალო კავშირს ჩვენს გარეგან, შეგნებულ და გაცნობიერებულ "მე"-სთან. ეს არის ფსიქიკურად შეუცნობელი, უგონო (безсознательный) მოვლენები, რომელთა განმასხვავებელ ნიშანს, უმეტესწილად, წარმოადგენს პერსონიფიკაცია, ანუ მედიუმი არა მარტო ღებულობს უცხო პიროვნების სახელის, არამედ მის ხასიათსაც კი, და "სულები" აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია. აუცილებელია მხოლოდ ადამიანი დროებით განეშოროს საკუთარ "მე"-ს და თავი მთლიანად დაუთმოს შინაგან, ფსიქიკურ ძალას.

ანიმიზმს (anima - სული) ჩვენ ვუწოდებთ ქვეცნობიერ ფსიქიკურ მოვლენებს, რომლებიც ხდება მედიუმის სხეულებრივი სფეროს გარეთ, როგორიცაა: გონებრივი კავშირი ადამიანებს შორის, საგნების გადაადგილება ხელშეუხებლად, ცოცხალი მოჩვენებები, პლასტიკური მოქმედება გარკვეულ მანძილზე და სხვა.

ყველა ამ მოვლენას ჩვენ ცოცხალი ადამიანის ქვეცნობიერი, უგონო საქმიანობის შედეგად მივიჩნევთ, ან სხვა ადამიანისთვის საკუთარი აზრის გადაცემად, ან კიდევ მის განხორციელებად რომელიღაც განსაზღვრულ ფორმაში, თუნდაც მოჩვენების სახით.

ლონდონის "ფსიქიკური საზოგადოების" გამოკვლევებმა აჩვენა, რომ "ადამიანებთან გამოცხადებულ მოჩვენებათა უმეტესობა განეკუთვნებოდა არა გარდაცვლილ ინდივიდუმებს, არამედ ჯერაც ცოცხალ, თუმცა სიკვდილის პირას მყოფ ადამიანებს. და ეს სრულიად გასაგებია: მომაკვდავი ადამიანის აზრი, ალბათ კონცენტრირებულ იქნა რომელიღაც კონკრეტულ პიროვნებაზე, და ეს უკანასკნელი უკვე ხედავდა მას მოჩვენების სახით. აქაც "სულები" არაფერ შუაში არიან და "ანიმიზმში" ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ ფსიქიკური გაორების კულმინაციურ მოვლენასთან.

სიტყვით
"სპირიტიზმი" გარეგნულად იგივე პერსონიზმი და ანიმიზმი აღინიშნება, როდესაც მოქმედი მიზეზი მდებარეობს არა მარტო მედიუმს გარეთ, არამედ ჩვენი ყოფიერების სფეროს გარეთაც: ჩვენ აქ საქმე გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური "მე"-ს მიწიერ გამოვლინებებთან, სხეულიდან მისი გასვლის შემდეგ. აქედან გამოდის, რომ სპირიტული მოვლენები თავისი გარეგნული ფორმებით სრულიად ემსგავსებიან პერსონიზმს და ანიმიზმს და მათგან მხოლოდ გონებრივი შინაარსით განსხვავდებიან, რომელიც მათში გარეგანი, თვითმყოფადი პიროვნების ჩარევაზე მოწმობს. სწორედ მაშინ შეიცავენ ისინი რომელიმე უეჭველ მონაცემს გარდაცვლილი ადამიანის "სულის" მონაწილეობაზე; ან "სული" ატყობინებს დამსწრეთ რომელიმე ცნობილ მოვლენას, ან კიდევ სრულიად უშუალოდ აკეთებს კონკრეტულ მითითებას და განმარტავს ფაქტებს.

სპირიტიზმის ზემოთხსენებული განმარტება ჩვენ ვისესხეთ ა. აქსაკოვის თხზულებიდან. პირადად ჩვენ სპირიტიზმის პირველ ორ სტადიასთან (პერსონიზმი და ანიმიზმი - რედ.) სრულიად თანახმანი ვართ და ვთვლით, რომ მრავალი იდუმალი მოვლენა, რომელსახც ადგილი აქვს სპირიტულ სეანსებზე, ხშირად "სულების" მონაწილეობის გარეშე ხდება და ადამიანის ფსიქიკური ძალის ჯერ კიდევ არასაკმარისად შესწავლილ გამოვლინებას წარმოადგენს. მაგრამ, რაც შეეხება სპირიტიზმის განმარტების მესამე პოზიციას, ანუ საკუთრივ სპირიტიზმს, მართალნი ვიქნებით, თუ არ დავეთანხმებით ბ-ნ ა. აქსაკოვს და უფრო პროფ. როჟდესტვენსკისა და სხვათა აზრს გავიზიარებთ, რომელთა მტკიცებით, ამ ბოლო შემთხვევაში ადამიანებზე მაცდური დემონები მოქმედებენ, და არა მიცვალებულთა სულები. აი, რატომ არის საკუთრივ სპირიტიზმით გატაცება სახიფათო საქმე.

ტრანსფიგურაცია, ანუ "სულების" ძალით მედიუმის გარეგნობის სრული "გარდაქმნა", მაგალითად, სიმაღლის, ფიგურის, სახის ნაკვთების, თანაც იმდენად, რომ მას სხვა ადამიანადაც კი აღიქვამენ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მატერიალიზაცია, განიმარტება სულთა მოქმედების გარეშეც, ბუნებრივად, ტრანსფიგურაციაც, თუ ეს რაიმე ფოკუსი ან ილუზია არ არის, ასევე ადამიანის პიროვნების ბუნებრივი, ფსიქოფიზიკური ძალებით უნდა აიხსნას.

ტრანსი - ღრმა მისტიკური ძილი. არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება სრულ ტრანსსა და ნახევრად ტრანსს შორის. ნახევრად ტრანსის დროს მედიუმი ნახევრად უგონო მდგომარეობაშია; მან იცის, რომ რაღაც უნდა გააკეთოს, და ამას უნებლიედ აკეთებს, ის საკუთარ თავში ქმნის რაღაც არნახულ ძალას, რომელიც აიძულებს მას მოიქცეს გარკვეული სახით, მაგრამ კონკრეტულად როგორ, არ იცის, სანამ შთაგონებულ მოქმედებას არ შეასრულებს ზუსტად ისე, როგორც ეს ჰიპნოტიზმში ხდება. ნახევრადტრანსულ მდგომარეობაში მყოფი მედიუმის შეტყობინებები, არ არის სანდო, რადგან ისინი, მეტ-ნაკლებად, თვით მედიუმის საკუთარ აზრებთან არის არეული.

ნათელმხილველობა. ამ სიტყვაშიც, შორს მდებარე მოვლენის ხედვის მსგავსად, სულიერ საგანთა სულიერი ხედვა იგულისხმება. ეს უნარი უფრო ხშირად ახასიათებთ სომნამბულებს, ანუ ისეთ პირებს, რომელთაც სულიერი გრძნობები იმ დროსაც მღვიძარებენ, როდესაც სხეულებრივი გრძნობები მინავლებულია, იქნება ეს ბუნებრივი სომნამბულიზმი თუ მაგნეტური. მაგრამ ხდება ისეც, რომ ნათელმხილველობა შეიძლება ახასიათებდეს ისეთ პირებსაც, რომლებიც სრულიად ფხიზელ და მღვიძარე მდგომარეობაში იმყოფებიან, და გააჩნიათ სულიერი სამყაროს ჭვრეტის უნარი. აქედან გამომდინარე ისინი ხედავენ იმას თუ რა ხდება სულიერ სამყაროში. ამგვარ პირებს უწოდებენ სწორედ ნათელმხილველებს ან წინასწარმეტყველებს, მაგრამ არც თუ იშვიათად, ე. წ. ნათელმხილველებს სულიერი სამყაროსა და შორეული მოვლენების ჭვრეტის უნარი გააჩნიათ არა თავისთავად, არამედ საკუთარი სულიერი ხელმძღვანელებისგან.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню