განმარტებანი - ხიბლის, ანუ დემონთა მზაკვარების შესახებ 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ხიბლის, ანუ დემონთა მზაკვარების შესახებ

სიზმრები

"დე განაღოს უფალმა თქვენი გულის თვალები, რათა იხილოთ, რაოდენ მრავალრიცხოვანნი არიან დემონთა მზაკვარებანი და რაოდენ ბოროტებას გვაყენებენ ისინი ყოველდღე, - და, დე მოგანიჭოთ უფალმა გულის სიმხნევე და სულის სიბრძნე, რათა შეგეძლოთ ღმერთს მიუძღვნათ საკუთარი თავი, ყოველჟამ უფრთხოდეთ დემონთა შურსა და ბოროტ რჩევებს, მათ ფარულ მზაკვარებას და მიმალულ ბოროტებას, მათ მომატყუებელ სიცრუეს და ბილწ აზრებს, ფაქიზ შთაგონებებს, რომლებსაც ყოველდღე ნერგავენ ისინი ჩვენს გულებში..." (ანტონი დიდი. სათნოთმოყვარება).

"უპირველესად ყოვლისა ის უნდა ვიცოდეთ, რომ დემონები - ბოროტი სულები - თავდაპირველად იმ სახით არ არიან შექმნილნი ღმერთის მიერ, რა სახისთვისაც იწოდებიან კიდეც ბოროტ სულებად, რადგანაც შემოქმედს არაფერი ბოროტი არ დაუბადია. ეშმაკნიც კეთილ სულებად და ნათლის ანგელოზებად არიან შექმნილნი, მაგრამ შემდეგში ამპარტავნებით აღივსნენ, მოშორდნენ ზეციურ სიბრძნეს და დაეცნენ - ამქვეყნად გარდამოხდნენ, სადაც მათ მოჩვენებებით აცთუნეს ბერძნები; ხოლო რადგანაც შურთ ჩვენი - ქრისტეს მოსავი ადამიანებისა, დემონები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ხელი შეგვიშალონ ჩვენ ზეცისკენ მისწრაფებაში, იქ ამაღლებაში, საიდანაც თვით ისინი დამდაბლებულან. ამიტომ აუცილებელია ბევრი ვილოცოთ კიდეც და ბევრიც ვიშრომოთ, რათა სულიწმიდის მიერ სულიერი განსჯის უნარი მოგვემადლოს, ანუ "განკითხვაი სულთაი", როგორც პავლე მოციქული ამბობს (1კორ. 12,10), და ამ უნარით აღჭურვილებმა შევიძლოთ გამორკვევა, თუ ბოროტ სულთაგან რომელია აღმატებული ბოროტებაში და რომელი - ნაკლებ სასტიკი, ანუ ვის რა საქმე და მოვალეობა აკისრია დემონთა შორის. თუ ამას გამოვარკვევთ, მაშინ გვეცოდინება, როგორ უნდა ვებრძოლოთ ხოლმე მათ, რა გზით დავამხოთ და რა ღონისძიებით განვდევნოთ ჩვენგან თითოეული ბოროტ სულთაგან, რომელნიც კი თავს დგვესხმიან, რადგანაც მათ მრავალი მზაკვარება აქვთ მომზადებული ჩვენს დასაღუპად, და ასევე მრავალრიცხოვანია სახეობანიც მათი ცილისმწამებლობისა და დამბეზღებლობისა. ნეტარმა მოციქულმა პავლემ და მისმა მოწაფეებმა კარგად უწყოდნენ ყოველივე ეს, როცა ამბობდნენ: "არა გონებასა მისსა (ანუ წინააღდგომისა - ეშმაკისა) უმეცარ ვართო" (2 კორ. 2,11). ჩვენ კი რა სახითაც ვიქმნებით გამოცდილი ბოროტ სულთაგან, იმ სახითა და გამოცდილებით უნდა დავმოძღვროთ ერთურთი, რათა მომავლისათვის გავფრთხილდეთ და ფხიზლად ვიყოთ. ამიტომაც, აჰა, მეც, რაკი თავადაც არაერთგზის გამომიცდია დემონთა მზაკვარება და საცთურის წინაშეც ხშირად ვმდგარვარ, როგორც შვილებს გეტყვით მათთვის და გაგაფრთხილებთ" (სწავლანი ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის, ჩვენი წმიდა მამის ანტონი დიდისა).

შინაარსი

1. ხიბლის შესახებ (ზოგადად)

2. იმის შესახებ, რომ მრავალ ქრისტეანს
მხოლოდ ზედაპირული შეხედულება გააჩნია ხიბლის გარშემო


ადამიანზე ღმრთის მადლის ზემოქმედებასა და მის გამოვლინებებზე თუ ვისაუბრებთ, დავინახავთ, რომ ქრისტეანთაგან მრავალს ან საერთოდ არა აქვს ან კიდევ ძალზედ დამახინჯებული აქვს წარმოდგენა მასზე, რაც თან სდევს ადამიანის სხვა უბედურებას, - საკუთარი თავისა და მტრის ქმედებების ვერშემეცნებას, რომელიც გამუდმებით ჩასაფრებულია ქრისტეანს და თავისი მზაკვარებით სულის წარსაწყმედ მახეს უგებს. ამიტომაც, დეტალურად უნდა შევჩერდეთ დაცემულ ანგელოზთა ქმედებებზე, რათა ნათლად დავინახოთ განსხვავება ღმრთის მადლის მოქმედებასა და ეშმაკის მოქმედებებს შორის.

როდესაც უმაღლეს სულიერ მდგომარეობათა და ღმრთის მადლის ზემოქმედებათა შესახებ წმიდა მამათა სწავლებებს ვარჩევთ, სამწუხაროდ, გვიწევს ლაპარაკი ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა ხიბლი და რომელიც ღმრთის მადლის ადამიანზე ზემოქმედების დამახინჯებულ მსგავსებას წარმოადგენს. ამის შესახებ აუცილებელია ლაპარაკი, რადგან წმიდა მამები ყოველთვის გვირჩევდნენ და მოგვიწოდებდნენ გვესწავლა გარჩევა მტრის (ეშმაკის) ქმედებებისა ღმრთის ჭეშმარიტ ქმედებათაგან.

წმ. გრიგოლ სინელი ("სათნოთმოყვარეობა", ტ. 5:131). "ახლა კი აუცილებელია ხიბლზეც ვილაპარაკოთ შეძლებისდაგვარად, რადგან მრავალთათვის ის, თავისი მზაკვარების მრავალფეროვნებისა და მრავალგვაროვნების გამო, არცთუ იოლი ამოსაცნობია და თითქმის მიუწვდომელიც".

ამრიგად, ხიბლი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ ხიბლის სამი ძირითადი გამოვლინება: 1. ეშმაკით შეპყრობილობა, როგორც უწმინდურ სულთა აშკარა ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, 2. ხიბლი აშკარა გამოვლინებებით, რომლის დროსაც ადამიანს შგნებული აქვს, რომ ეს არის სულიერ ძალთა მოქმედება და 3. ხიბლი ფარული ზემოქმედებით, რომლის დროსაც ადამიანს შეგნებული არა აქვს, რომ ეს ბოროტ სულთაგან არის. ყველაზე იშვიათი მოვლენაა - შეპყრობილობა, ხოლო ყველაზე გავრცელებული - ფარული ხიბლი, რომელიც კაცობრიობის საზოგადო ხიბლია, რომელიც ზოგჯერ მკაცრი მოსაგრეებისთვისაც იყო დამახასიათებელი და მოვლენის სიხშირით მოსაგრეთა რაოდენობაზეც იყო დამოკიდებული.

წმ. მამები ხიბლის მრავალგვარ განმარტებას გვაძლევენ. მისი სახეობები მრავალგვაროვანია, მაგრამ ჩვენ, როგორც სულიერად ყრმებს, მცირედი რამ თუ ვიცით მის შესახებ. ქვემოთ დამოწმებულ სწავლებებში მოკლედ არის გადმოცემული სხვადასხვაგვარი ცთუნების (ხიბლში ყოფნის) მაგალითები.

წმ. იოანე კიბისაღმწერელი (კიბე, სიტყვა 19. § 4): "დავუფიქრდეთ და მივხვდებით: როცა სულიერ საყვირს დასცემენ, ანუ ჟამის ლოცვას დარეკავენ, მაშინ ძმები ხილულად იკრიბებიან ლოცვისთვის, ხოლო მტრები უხილავად - ბრძოლისთვის. აი, ამიტომ ზარის დარეკვის შემდეგ ეშმაკები გარს გვეხვევიან და გვეუბნებიან: "ერთი წუთით დაისვენე, ვიდრე პირველს ფსალმუნს იტყოდნენ და შემდეგ წადი ეკლესიაში". ასევე არსებობენ ეშმაკებიც, რომლებიც ლოვაზე მისულებს ძილით დაგვნთქავენ; სხვებს ხორციელი საჭიროების გამო უჩვეულოდ ხშირად გავყავართ გარეთ; სხვები ეკლესიაში საუბრისკენ გვიბიძგებენ; სხვები ბილწი აზრებით წარგვტაცებენ გონებას; სხვები, როგორც უძლურებს, კედელს მიგვაყრდნობენ და ხშირ უზომო მთქნარებას იწვევენ ჩვენზე; ზოგიერთი მათგანი ცდილობს ლოცვის დროს გაგვაცინოს და ამით ღმერთი განარისხოს ჩვენზე: სხვები დავითნის სწრაფად თქმას გვაიძულებენ, სხვები ჟამნობისას სიამაყეს გგვრიან, სხვები ჟამნობით ტკბობას აღგვიძრავენ; ასევე, სხვები ბაგეებზე გვასხდებიან და ლოცვისთვის პირის გაღებას არ გვანებებენ".

წმ. ანტონი დიდი (სწავლანი):
"უნდა იცოდეთ, რომ მტერი მართლმორწმუნეთ აცთუნებს სიკეთის სახით, და მრავალნიც ცთუნდებიან, რადგან არ გააჩნიათ განსჯა და სიბრძნე".

სხვა ადამიანთა ხიბლზე მსჯელობა კარგად ძალგვიძს, რადგან ვცდილობთ საკუთარი თავი არ დავაზიანოთ მათი ცრუ შეხედულებების მიღებით, მაგრამ როგორ განვსაზღვროთ რომელია ცრუ და რომელი არა? რა თქმა უნდა, ცხოვრების წესისა და მსჯელობის მიხედვით, რომელსაც ადამიანი წარმოთქვამს.

წმ. გრიგოლ სინელი (ხიბლის შესახებ): "გაუცხოებულია თუ არა ვინმე ხიბლისგან, იმით გაიგებ, იღვწის თუ არა ეს ადამიანი და ესმის თუ არა საღმრთო წერილის მოწმობანი, და აქვს თუ არა მოშიშება იმ საგნის მიმართ, რომელზეც განსჯა მართებს".

ამრიგად, ღირსი მამის ამ დარიგებიდან ვგებულობთ, რომ პირველ რიგში უნდა ვარკვევდეთ რა სახის ცხოვრებას ეწევა ადამიანი და ასრულებს თუ არა ის ღმრთის მცნებებს, თუმცა, ეს ყოველთვის ცნობილი როდია ჩვენთვის, რამეთუ მოცემულ პიროვნებას შესაძლოა ყოველთვის ვერ ვხედავდეთ და მისი ცხოვრებაც დაფარული იყოს ჩვენთვის. ამიტომაც უნდა მივმართოთ მეორე ნიშანს: რამდენად შეესაბამება მისი მსჯელობა წმიდა წერილსა და წმიდა მართლმადიდებელ მამათა სწავლებას. მესამეც: რამდენად ვლინდება მის მსჯელობაში მორჩილება, თავმდაბლობა, საკუთარი უღირსების შეგნება - ხომ არ განიკითხავს ცოდვილს, ან მართალს; აქვს თუ არა ღმერთზე გამუდმებული ფიქრი, და განიხილავს თუ არა ყველაფერს ღვთაებრივი სწავლების პრიზმაში, და არა ადამიანური სიბრძნისამებრ; ხომ არ ვლინდება მის მსჯელობაში მედიდურობა, საკუთარი თავის ამაღლების მცდელობა ან ამპარტავნება; როგორ შთაბეჭდილებას გვიტოვებს მისი სიტყვები? - აღშფოთებას, მშფოთვარებას, მედიდურობას და ა. შ. თუ თავმდაბლობას, მორჩილებას, საკუთარი უღირსების შეგნებას და სხვა.

რადგან ჩვენ თვითონ ბუნდოვანი წარმოდგენა გაგვაჩნია ხიბლის შესახებ, ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანი უდებებას იჩენს სინანულის მიმართ, არ ელტვის სულიერ განწმენდას, არ იბრძვის ვნებათა წინააღმდეგ, არ ლოცულობს და კიდევ, - პირადი გამოცდილებით არა აქვს ცოდნა ხიბლისმიერ სულიერ მოქმედებებზე, ხოლო როდესაც აფასებს სხვა ადამიანთა სულიერ მდგომარეობას, რომელიც მისი მდგომარეობის საპირისპიროა, უბრალოდ განიკითხავს მას ან რაღაც შორეულზე მსჯელობს. სწორედ ასეთ ადამიანს არ სწამს, ან ეშინია ხიბლის და მასში ვიღაცას ადანაშაულებს.

წმ. გრიგოლ სინელი (ლოცვისა და მდუმარების შესახებ): "და მადლი, რომელიც მრავალი შრომისა და ღვაწლის შემდეგ გვეძლევა, ხბილად გვიჩნს, ხოლო თუ სხვა მოსაგრეებში მის მოქმედებაზე გვესმის, შურის გამო მივიჩნევთ, რომ ეს ხიბლია".

წმ. მაქსიმე აღმსარებელი (თავნი სიყვარულის შესახებ. მესამე ასეული, მ. 81): "თუ გსურს, რომ ჭკვიანი და ამასთანავე თავმდაბალიც იყო და ამპარტავნობის ვნებას არ დაემონო, საგნებში ყოველთვის ის ეძებე, რაც შენი გონებისთვის დაფარულია და როცა მიხვდები, რომ ბევრი რამ შენთვის უცნობია, საკუთარ უვიცობას აღიარებ და საკუთარ სიბრძნეს დაამდაბლებ. საკუთარი არარაობის შეცნობასთან ერთად კი მრავალ დიად და საოცარ საგანს შეიცნობ. საკუთარ ცოდნაზე ოცნება კი შემეცნებაში წარმატებას ვერ მოგიტანს".

წმ. გრიგოლ სინელი (სათნოთმოყვარება. ტ. 5): "ჭეშმარიტად, ხორციელნი და თავმოყვარენი, რომლებიც თავმომწონეობენ ყოველთვის გემოთმოყვარებასა და ამპარტავნებას ემსახურებიან; შური მყარად არის დაბუდებული მათში. ბოროტი სიხარულით გამხმარნი და მოყვასის წარმატებებით დაბოღმილნი, ცილს სწამებენ კეთილს, ვითარც ბოროტს, ვითარც ვითომცდა ხიბლისგან წარმოშობილს, და არ შეიწყნარებენ მას "ვინც სულისგან არის", ან არ სწამთ მისი; ამგვართ, თავიანთი მცირედმორწმუნეობითა და სულიერი სიბრმავით, არც ღმრთის ხილვა ძალუძთ და არც მისი შემეცნება, ამიტომაც სამართლიანად მოისმენენ: "არა გიცნი თქუენ" (მათე 25:12).

ამიტომაც ვისარგებლოთ კეთილგონიერებით და შევიგნოთ, რომ არ შეუძლია ხიბლზე იმსჯელოს იმან, ვინც თვითონ იმყოფება ხიბლში, ანუ იმან, ვინც მოსაგრეობის გზაზე არ შემდგარა, არც ლოცვა უსწავლია და არც აზრთა გარჩევა; მას, ვისაც არც ერთხელ არ განურჩევია თავისი აზრი მტრის აზრისგან და არ შეწინააღმდეგებია; მას, ვისშიც მოიხილვება ვნებიანი აზრები და წარმოსახვანი ათსგვარი ოცნებებითა აქვს სავსე.

რაც შეეხება შიშს ხიბლის მიმართ, წმიდა მამები ამბობენ, რომ მისი კი არ უნდა გვეშინოდეს არამედ ვიღვწოდეთ და ვსწავლობდეთ, მუდმივად ვებრძოდეთ ვნებებს და ცოდვას. და მაშინ, ღმრთის მადლი ასწავლის ადამიანს გაარჩიოს რა არის კეთილი მისთვის და რა ცუდი.

წმ. იოანე ოქროპირი (ტ. 2. ნაწილი 1. ეშმაკის შესახებ. ჰომილია 2): "... ცოდნა ეშმაკის შესახებ უსაფრთხოებას მოგვიპოვებს: ის ჩვენი ცხოვნების მტერია, მტრის შესახებ კი უსაფრთხოების მიზნით მკაფიო წარმოდგენა უნდა გქონდეს"

წმ. გრიგოლ სინელი
(ხიბლის შესახებ): "მისმინე, მე მინდა, რათა შენ ზუსტად იცოდე ხიბლის შესახებ, უფრთხოდე მას და უმეცრებით მავალმა არ დააზიანო შენი თავი და შენი სული. ადამიანის თავისუფალი არჩევანი ადვილად მიიდრიკება მტრების საზოგადოებისკენ, განსაკუთრებით გამოუცდელებში, რადგან ყველაზე მეტად მათზე ნადირობენ ეშმაკნი".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню