სწავლანი > განმარტებანი
წმ. სიმეონ თესალონიკელი
დიალოგი ჩვენს რწმენაზე, საეკლესიო წესებსა და საიდუმლოებებზე
ყველა ერესის წინააღმდეგ
მღვდელმთავარი: ქრისტეს - ღმრთისა და მამის მხოლოდშობილი ძის, ჩვენი ღმერთის, ცოცხალი სიბრძნისა და სიტყვის მიერ, რომელიც გვანიჭებს სიტყვას ბაგის გასახსნელად, ძმებო, გემორჩილებით და მცნების მიხედვით, ძალისამებრ, იმ (საკითხების) შესახებ საუბრისკენ მივიწევ, რაც შეგეკითხეთ. ამიტომაც თქვენ მიერ ჩვენდამი და ჩვენგან თქვენ მიმართ სიტყვებს კითხვებად და პასუხებად გავაწყობ, დიალოგის სახედ. ჯერ (დავწერ) თქვენგან დაწყებულ სიტყვას, როგორც შეკითხვასა და ჩვენი პასუხის მიზეზს, მის შემდეგ კი ჩვენგან თქვენს კითხვებზე ქრისტემიერ გაცემულ პასუხებს, რადგან ამგვარად თქვენთვისაც და სხვა ძმებისთვისაც სიტყვა უფრო ადვილად გასაგები და შედეგიანი იქნება და ამას, თუ ღმერთმა ინება, შესაძლოა სარგებელიც მოჰყვეს.
კლერიკოსი: წმიდაო მეუფეო, ჩვენ იმ სულიერ და საღმრთო (საკითხთა) შესახებ, რომელთაც ვეძიებდით, კადნიერებით დაგისვით შეკითხვები, როგორც ჩვენს მამას სულიწმიდაში და ამის მიმართ ახლაც ისევე ვისწრაფვით, როგორც ადრე. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულში ჩვენს სიტყვებს მამობრივად იღებ, ჩვენც ქრისტესმიერი მოსურნეობით გისვამთ ამ კითხვებს. ჩვენ, ქრისტიანებს, მართლაც გვწამს ერთი ღმერთი და ვქადაგებთ მამას, ძესა და სულიწმიდას - წმიდა სამებას წერილთა მიხედვით, ერთ არსებასა და ღმრთეებაში და სულით ვაღიარებთ წმიდა სამებისგნა ერთის - ქრისტესა და ღმრთის სიტყვის - ქალწულისგან სულიწმიდისმიერ განკაცებასა და ჭეშმარიტებას, მაგრამ არსებობს რა მრავალი მადიდებლობა, როგორც ძველი, ასევე ახალი, რომლებიც ამ ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოების ყოვლითურთ საპირისპირონი არიან, როგორ დავარწმუნოთ ურწმუნოები, განვამტკიცოთ უძლურები და განვკურნოთ მაძიებლები? ვინაიდან გვისწავლია, რომ სიტყვას უნდა მივუგებდეთ ჩვენი სასოების შესახებ.
მღვდელმთავარი: ჭეშმარიტების ქადაგება, ძმაო, და კეთილმსახურების აღიარება ყველაზე უფრო აუცილებელია ჩვენთვის და ეს აღიარება ყოველთა წინაშეა სავალდებულო. ვინაიდან ყოველი მორწმუნისთვის ესაა საფუძველი; ამ აღიარების მეშვეობით ნეტარად ირაცხება პეტრე და ღვთის სასუფევლის გასაღების მქონე ხდება (იხ. მთ. 15:16-19). პავლეს კი ცხოვრების გვირგვინის მიღების იმედი აქვს, დაიცვა და იქადაგა რა სარწმუნოება (იხ. 2 ტიმ. 4:7-8). წმინდანთა მთელი დასიც, ამგვარად მოქმედი და სარბიელის კეთილად აღმსრულებელი, განდიდებულია. სავალდებულოა მოყვასის განმტკიცებაც, ძალისამებრ, მაგრამ ყველა ადამიანის დარწმუნება აუცილებელი არ არის, ვინაიდან ყველას დარწმუნება არცაა შესაძლებელი.
თუმცა, თუ შეგიძლია, უნდა უთხრა შესაძლებლობისამებრ, ვინძლო აღსაშენებლად - ესე იგი, კეთილმსახურების განსამტკიცებლად - მიიქცეს (შენი) სიტყვა. თუ აღაშენებ, ბევრი (სარგებელი გექნებათ) შენცა და შენგან სარგებლობამიღებულსაც, ხოლო თუ ვერ (აღაშენებ), არაფერი გმართებს ღვთისა ამ მადლისგან, ვინაიდან რაც გევალებოდა, გააკეთე.
და კიდევ, ესეც დაიცავი - ნუ ილაპარაკებ იმას, რაც (შენს) ძალას აღემატება, რათა დფაცემულის წამოყენებისას შენც მასთან ერთად არ დაეცე. უსაღვთოესი პავლეს თანახმად. "უცილობლად დიდია ღვთისმოშიშების საიდუმლო" (1 ტიმ. 3:16) და უდიდესი კეთილკრძალულებითა და ყურადღებით მართებს ლაპარაკი მასზე მოუბარს. იგი უნდა იყოს გამოცდილი და მოძღვრობის მადლს მიმთხვეული, რათა უკრძალველი სიტყვებით მკრეხელობის ბადეებში, გაუგებრობის მახეებსა თუ ურჯულოების დოგმატებში არ შთავარდეს ის, ვინც იმაზე დავობს, რაც არ გაეგება. ვინაიდან არამყართაგან ბევრი ვიცით ამისგან ვნებული.
კლერიკოსი და როგორია უფრო უსაფრთხო საუბარი, ბუნებითი ცნებებით თუ წერილობითი მოწმობებით?
მღვდელმთვარი: წმინდა წერილით, ვინაიდან ასე ამბობს უფალი: "წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის" (ინ. 5:39). ხოლო ხანდახან ზოგადი ცნებებითა და მაგალითებითაც შეიძლება (საუბარი), თუმცა, მხოლოდ ისინია სათქმელი, რაც წმინდანთაგან უმრავლესი მოუყვანიათ მაგალითდ და რაც არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს. და ისიც მხოლოდ გაკვრით, ვინაიდან სავსებით დაუშვებელია საღმრთო წერილის მიღმა ყოფნა და აზროვნება.
თავი 1. უღმერთოთა წინააღმდეგ და ღმერთის არსებობის შესახებ
კლერიკოსი: მამაო, ვინაიდან,როგორეც ადრეც ვთქვი, ღვთის შესახებ წარმართთა შორის მრავალს სხვადასხვა რწმენა აქვს - ზოგიერთს მრავალღმერთიანობის ცდომილება უპყრია, სხვებს თითქოს სწამთ ერთი ღმერთი, მაგრამ არა სამპიროვანი, რადგანაც არ აღიარებენ ღვთის სიტყვას და წმინდა სულს, ხოლო სხვები უღმრთოდ ამბობენ, რომ საერთოდ არ არსებობს ღმერთი - რა გზით უნდა მოვიზიდოთ ისინი ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ?
მღვდელმთავარი: უპირველეს ყოვლისა ღვთისადმი ვედრებით, შემდეგ კი სიმდაბლითა და სულიერი სიყვარულის საქმეებით, სარწმუნოების დამმოწმებელი უყვედრელი ცხოვრებით, როგორც მოციქულებმა გვასწავლეს და გვიჩვენეს, ვინაიდან სამოციქულო საქმეა ეს. დასასრულს კი, წმინდა წერილისეული არასაკამათო სიტყვებით, ვინაიდან კამატი და დავა უცხოა ეკლესიისთვის.
თავი 2. ღმერთის არსებობოს შესახებ. მტკიცებულება პირველი - წმიდა წერილიდან
კლირიკოსი: და საიდან დავარწმუნოთ უღმერთო, რომ არსებობს ღმერთი?
მღვდელმთავარი: უპირველეს ყოვლისა, როგორც ვთქვით, წმინდა წერილიდან, რომელიც ღმერთს აღიარებს ყოველივეს მეშვეობით, უფრო სწორად კი, იმათი მეშვეობით, რომელთა მიზეზიც არის ღმერთი და აღიარებს მას ყოველივეს შემოქმედად. თავის მარადიულად არსებულ სიტყვასა და სულთან ერთად. მოსეც ამბობს: "დასაბამში ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა" (დაბ. 1:1), "და თქვა ღმერთმა: "იქმნას ნათელი" და იქმნა ნათელი" (დაბ. 1:3) და დანარჩენიც მსგავსადვე; და "მე ვარ, რომელიც ვარ" (გამ. 3:14), და მაყვლოვანში: "მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა" (გამ. 3:6), მიანიშნებდა რა სამებაზე. და ადამიანის შესახებ - "თქვა ღმერთმა, ვქმნათ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ. 1:26).
მოსე ყველგან ასწავლის, რომ არსებობს ღმერთი და აქვს მას სიტყვა და სულიწმინდა, და რომ სიტყვის მეშვეობით მან ყოველივე ქმნა და თავისის სულით განასრულა და განწმინდა. დავითის შემდეგ ყველა წინასწარმეტყველიც ამას ასწავლიდა. თავად დავითი კი უგუნურს უწოდებს მას, ვინც ღმერთს არ აღიარებს და ამბობს: "თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არსებობს ღმერთი" (ფსალმ. 13:1). ეს ყოველგვარ ურჯულოებაზე მეტია, რადგან თვით ეშმაკიც კი აღიარებს ღმერთის არსებობასს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს მის მოწინააღმდეგედ და არამსახურად წარმოადგენს, იპარავს რა საღმრთო პატივს. ამით მან უღმერთო ელინებიც აცდუნა, რომლებიც მოტყუვდნენ სტიქიონთაგან და დემონთაგან და ქმნილებებს ღმერთები უწოდეს. ამგვარად, დემონებზე უფრო უგუნური, უღმერთო, უჭკუო და უარესია ის, ვინც ამბობს, რომ არ არსებობს ღმერთი. ამგვარი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავითვე იმხილება.
თავი 3. ღმერთის არსებობის შესახებ. მტკიცებულება მეორე - თავად ადამიანი, რომელიც აზროვნებს, მეტყველებს და ეძიებს ღმერთს
შემდეგ კი (დავარწმუნოთ უღმერთო, რომ არსებობს ღმერთი) თავად ადამიანის გონებით, რომელიც ეძიებს ღმერთს, რადგან ღვთის მეძიებლობა და მისი ჭვრეტა (გონების მიერ) გვასწავლის, რომ ღმერთია მიზეზი ამ გონებისა, თავად ღმერთი კი არის დაუსაბამო გონი. ჩვენი გონება რომელიც სიტყვით გამოეძიებს ღმერთს, გვასწავლის რომ ღმერთს - დაუსაბამო გონს - აქვს სიტყვაც. ის, რომ ცოცხალია ღვთის შესახებ მოაზროვნე და მეტყველი, გვასწავლის, რომ ღმერთშია სიცოცხლე - წმინდა სული და, რომ ეს გონია ადამიანის შემოქმედი.
ყოველივე ქმნილი ეძიებს თავის იმიზეზს. ვინაიდან ადამიანის გონება არის მოაზროვნე, ჩამწვდომი, სწრაფი, წინაგანმგები და არსთა მჭვრეტი, საღმრთო გონის შესახებ მოწმობსს იგი და, როგორც შესაძლებელია, მას გამოსახავს. თუ ადამიანი თავის გონებაში იტევს ამ ყოველივეს, მაშ, დიადი, დაუსაბამო და მარადიული ყოფილა ის გონი, რომლის მიმართაც აღისწრაფვის ყოველი გონება, რომელსაც ეძიებენ და რომელიც მხოლო შეჩერება და განსვენებაა ყოველი გონიერისა.
ამ დაუსაბამო გონს აქვს ცოცხალი სიტყვა, რომლისკენაც მიემართება ყოველი სიტყვა. ვინაიდან არ არსებობს გონება სიტყვის გარეშე, დაუსაბამო გონს - ღმერთსა და მამას - აქვს ლოგოსი და მხოლოდ ამ ლოგოსის მეშვეობითაა, რომ ყოველი გონიერი არის სიტყვიერიც - ანგელოზებიცა და სულებიც, და აღვსებულნი არიან სიბრძნით და ცოდნით.
ეს გონებაა მხოლო, პირველი, ცოცხალი, მარადიულად მყოფი, თავის თავში სიცოცხლის მქონე და თავისი თავისგან სიცოცხლის გამომავლინებელი, რომელიც არის სულიწმიდა, რომლის მიერაც ყოველივე გონიერი გონიერად ცოცხლობს სიცოცხლისგან, სულები არიან სულიწმიდისგან, განწმენდაში მონაწილეობენ წმიდისგან, და ძალასა და მოძრაობაში (მონაწილეობენ) ყოვლადძლიერისგან და ყოველივესთვის ძალის მიმცემელისგან. ამიტომაც ღვთის უგულებელმყოფელიც კი მოაზროვნეა, ცოცხლობს და აქვს თავის თავში სიტყვა.
ამგვარად, ადამიანი თავის თავში ადასტურებს ღმერთს, ვინაიდან დაწერილია: ღვთის ხატია ადამიანი (შდრ. დაბ. 1:26).
თავი 4. ღმერთის არსებობის შესახებ. მტკიცებულება მესამე - თავად შესაქმის, მისი მრავალფეროვნების, კეთილწესიერების, წინაგანგებისა და წარმართვის შესახებ.
შემოქმედის შესახებ მოწმობს თავად შესაქმეც და ხილულთა მეშვეობით შესაძლებელია დანახვა უხილავისა. ამასვე ამბობს წმ. პავლეც, რომელიც წერს: "მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავე ქმნილებებში ცნაურდება" (რომ. 1:20). მართლაც, ვინ დაამყარა მაღლა ცა? შუაში დედამიწა? ვინ ამოძრავებს ცას განუწყვეტლივ და ესოდენ კეთილწესიერად, დედამიწას კი (წელიწადის) დროთა შესაბამისად მიანიჭა ძალა აღმოცენებისა? საიდან აქვს მზეს ბრწყინვალება და ძალა? ვის მიერ იბრუნვის იგი წრიულად განუწყვეტლივ და ყოვველწლიურად კვლავ იმავე გზას გადის? საიდან აქვს მთვარეს ნათების უწყვეტობა და მოძრაობის ცვლილებები, სხვა ვარსკვლავებს კი - განსხვავებული და მრავალფეროვანი გზები? განა შემთხვევითია, რომ ზეაღიწევა ცეცხლი და გიგზგიზებს, წყალი ქვემოთ მიიქცევა და მარტივად განიღვრება, ხოლო ჰაერი ყოველმხრივ მოძრაობს და ქრის - ყველა სტიქიონი წინააღმდეგობრივია, მაგრამ თანხმობაში არიან - და ამგვარად წარმოადგენენ ამ (ხილულ) სამყაროს?
მაგრამ რა? ნუთუ ამაოდ არსებობს ცხოველთა ათასობით გვარი და მათი ბუნებები? განა თავისით, ვინმეს გარეშე, შეიქმნენ ისინი? რატომ არ იქმნებიან დროდადრო ახალი ბუნებები და რატომ (ნარჩუნდება) მუდმივად ცხოველებშიცა და მცენარეებშიც ერთი და იგივე (სახეობები) და მათგან მათი მსგავსნი (იბადებიან)? თუ მემკვიდრეობითაა, მაშ პირველნი და დასაბამისეულნი საიდან არიან? განა არავისგან არიან? ურჯულოებაა, თუ ვინმე იტყვის ამას!
იმ პირველთა მიზეზი შემოქმედი ღმერთია, რომელმაც არარსებობიდან შექმნა (ჯერ) ისინი და მერე მათგან (წარმოშობილნი), რომელმაც ძალა მისცა ყველას, რომ გადარჩენილიყვნენ - შობილიყვნენ და ეშვათ, აღმოცენებულიყვნენ და აღმოეცენებინათ - კეთილად აღშენებულიყვნენ და შეემყარებინათ საკუთარი შემტკიცება; მანვე მისცა გონიერთ გონიერება, ცოცხლებს სიცოცხლე, განბრძნობილებს სიბრძნე, მოსურნეებს სწრაფვა, რომელიც ყველა ქმნილებაშია ჩათესილი.
განა თავისით არსებობს ადამიანური ბუნება? ნუთუ უმიზეზოა მდაბალი (ბუნებაცა) და მაღალიც, მიწიერიცა და უსხეულო, წინაგანმგები და ბრძენიც, მოკვდავიცა და უკვდავიც? განა თვისით არსებობს ეს ყოველივე? და ყოველივეს გამშვენება არავის მიერაა მოწყობილი და ნაბრძანები?და არავის მიერ იმართება? მაშ, ვინ ჭკუათმყოფელია ისეთი უბადრუკი და შეუგნებელი, რათ მიიჩნიოს, რომ ეს ყოველივე ღვთის გარეშე არსებობს და იმართება? საიდან არსებობს (წელიწადის) დროები? საიდანაა ნაყოფები? საიდანაა ყოველივეს შემყარების შესახებ წქინდახედულებათა კეთილსწესიერებანი და აღძვრანი? განა ეს ყოველივე ყველაფრის შემქმნელის ძალასა და წინაგანგებას არ გამოაჩნეს?
ამათგან და მსგავსა საშუალებით შეიცნო აბრაამმაც ყოველთა შემოქმედი და ყველა წმინდანსაც მიეცა საღმრთო ცოდნა. ვგონებ, ამათგან და მსგავსთა საშუალებით ყველა უგულისხმო და უზრუნველი შეიცნობს შემოქმედ ღმერტს და საერთოდ მეუფედ აღიარებს მას. ამასთან, მათ შეარცხვენს უმრავლესთა ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ და, როგორც ვთქვით, საკუთარი მრავალღმერთიანობაც.
კლერიკოსი: საკმარისია, მეუფეო, უღმერთოთა საწინააღმდეგო. ვფიქრობ, არავინ შეეწინააღმდეგება ამას, თუ დემონებზე უარესი არ არის. თვით დემონებიც კი უნებურად აღიარებენ ცოცხალი ღმერთის ძეს. და რაღა უნდა ვთქვათ მათ მიმართ, ვინც დასნეულებულნი არიან მრავალღმერთიანობით და ცდუნებულნი ასტროლოგიითა და შობის დღით (შდრ. γένεσιν), ბედისწერითა და ბედით?
თავი 5. მრავალღმერთიან ელინთა წინააღმდეგ
მღვდელმთავარი: მათი თაღლითობა ცხადი და ადვილად სამხილებელი, ბრწყინვალედაა დამხობილი ქრისტეს ძალით და ახლა აღარავინ დავობს ამის შესახებ, ვინაიდან ელინთა სულელური სიბრძნე მეთევზეთა მეშვეობით დაამხო ჩვენთვის ჯვარცმულმა, რომელიც თავადაა მამის ცოცხალი და ჰიპოსტასური სიბრძნე. წმ. პავლეს მიერ დაწერილთაგან და თავად შესაქმისგანაც შესაძლებელია იმის შეცნობა, რომ მხოლო სამებითი ღმერთი ერთია და არავინაა სხვა, მის გარდა. თუ, როგორც ელინები ამბობენ, მრავალი და განსხვავებული (ღმერთი) არსებობს, მაშინ მათი ძალა და მოქმედებაც განსხვავებული იქნება და ვერ შეეძლებათ ყოველივეს ერთობლივად განგება. ვინაიდან მრავალნი არიან, მოჯანყენიც უნდა იყვნენ, მოწინააღმდეგენი ძალით და არაღმერთნი, ვინაიდან ჭეშმარიტი ღმერთი ყველაფრის მეუფეა, ყოველივეს შემოქმედი და ყველაფრის მართვა ხელეწიფება.
ასევე, გარეშემოწერილნიც იქნებიან (ღმერთები), თუ მრავალნი და განსხვავებულნი არიან. თუ გარეშემოწერილნი არიან, მაშ, უძლურნი ყოფილან და არა ყოვლისშემძლენი. ის, რომ მათ განსხვავებული ძალები აქვთ, ცხადყოფს, რომ ყოვლისშემძლენი არ არიან და, აქედან გამომდინარე, ურთიერთმოწინააღმდეგენი და ურთიერთმებრძოლნი ყოფილან. თუ როგორც ამბობენ, მამრები და მდედრები არიან, მაშ სქესითაც განსხვავდებიან და სხეულევანნი ყოფილან, ვინაიდან სხეულთა თვისებაა მდედრობა და მამრობა.
აქედან გამომდინარე, ვნებიანნიც არიან, მოწყვლადნიც და გამონადენიც აქვთ, ხრწნილებაც, უწმინდურობაც და ბიწიც. თითოეული მათგანი თავისი სქესის შესაბამისად აღიძვრება. და თუ მათ შორის არსბობენ საწყისნი, პირველნი, მომდევნონი და მათ შემდგომ სხვანიც, როგორც ელინები ლაყბობენ, დასაბამი ჰქონიათ და როგორღა არიან ისინი მთავარნი და სამყაროს გამგებელნი? თუ ზეცაა დაუსაბამო, როგორც ელინები ჩმახავენ, როგორ ხელმწიფებენ ზეცაზე და სახლობენ ზეცაში ზეცის შემდეგ წარმოშობილნი? ამგვარად და მსგავსთა საშუალებითაა შესაძლებელი იმათი მხილება, ვინც ამბობს, რომ ბევრი ღმერთი არსებობს.
ელინები ღმერთებად ქმნილებებს თუ მიიჩნევენ, კიდევ უფრო მეტად დასაცინები არიან, რადგან ქმნილებები თავიანთი მოქმედებებითა და ძალებითაც მოწმობენ, რომ მონები არიან, ნაწილობრივნი და უძლურნი და სხვისგან აქვთ ძალაცა და მოძრაობაც; უფრო სწორედ კი - მათი ძალაცა და მოძრაობაც ჩვენთვის, ადამიანებისთვის ცნობილია. ადამიანებმა ზეცისა და ვარსკვლავების მოძრაობებიც იციან. მაშ, ცა, ვარსკვლავები და ხილულთაგან რაიმე ღმერთები არიან, თუ ყოველთა ღმერთის ქმნილებები, რომლისგანაც მიღებული აქვთ შეძლებაც და არსებობაც? ამასთან, არც სხვა გონიერი ძალები - ღვთის გონისეული ქმნილებანი არიან ღმერთები. მათგან ზოგიერთი ხედავს და უგალობს ღმერთს, ზოგნი ღვთის მსახურნი არიან, სხვანი კი უბოროტესი არჩევანით განუდგნენ მას, დემონებად იწოდებიან და ელინთათვის საცდურად იქცნენ.
თავი 6. მათ წინააღმდეგ, ვინც ურჯულოდ განადიდებს ბედისწერას და ბედს;
აქვე ასტროლოგიის შესახებ
ბედის, ბედიწერის, ჰოროსკოპებისა და ასტროლოგთა შესახებ ლაყბობა ყველაზე უფრო მეტად უგუნურება და უღმრთოებაა. პირველი იმიტომ, რომ არღვევს შემოქმედის თვითუფლებრიობას, რომელმაც არარსებობისგან შექმნა ყოველივე და განაგებს, როგორც ნებავს, ჭეშმარიტად და სამართლიანად; შემდეგ კი - (არღვევს) ადამიანის თვითუფლებრიობასაც - თუ ადამიანი მოაზროვნე და თვითუფლებრივი ცოცხალი არსებაა, ეს ხილულნი კი (1) - არამოაზროვნენი და უსულონი, მაშ, როგორ წარიმართება სული მათ მიერ? და როგორ მოახდენს ადამიანზე ზეგავლენას მათი მოძრაობა? არამოაზროვნე ვერ აღძრავს მოაზროვნეს! ხოლო თუ ასე, ყოველივე ნაძალადევი ყოფილა და აღარ არსებობს არც სათნოება და არც ბოროტება, ამაო ყოფილა კანონები, სწავლებები, წინასწარმეტყველებები.
______________
1. იგულისხმება ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები, რომლებითაც ადგენენ ასტროლოგიურ პროგნოზს.
______________
ამაო ყოფილა ძველი და ახალი აღთქმაც, და, დასასრულს, ადამიანებისა და შესაქმის განსაახლებლად ღვთის სიტყვის განკაცებაც. აღარ არსებობს არც ჯოჯოხეთი, აარც სასჯელი, რომლებზეც ჩვენი მაცხოვარი ამბობს, რომ საუკუნოდ იარსებებენ. ხოლო ეს (ანუ ასტროლოგია - მთარგმნ.) ამის საპირისპიროა და უღმერთოთა და ურჯულოთა ბოროტი დიდებაა. თუ ვინმე უღმრთონი უგუნურად უწოდებენ მათ (ვარსკვლავებს - მთარგმნ.) სულიერებსა და მოაზროვნეებს, ეს სიტყვა უგუნურია და ცრუა, უპირველესად წერილის გამო, რომელიც მოაზროვნეებს მხოლოდ ანგელოზებსა და ადამიანებს უწოდებს და, ასევე, მათი მოქმედებებისა და ზეცის მოძრაობის გამო, რადგან თუკი, ელინთა თანახმად, ვარსკვლავები მოაზროვნენი არიან, ხოლო ყოველი მოაზროვნე თვითუფლებრივიცაა, ისინი კი მუდმივად ერთი და იმავე მოძრაობით მოძრაობენ, მაშ, როგორღა არიან მოაზროვნენი და გამომრჩეველნი?
თუკი ამგვარ მოძრაობას მშვენიერსა და მარტივ მოძრაობას უწოდებენ, როგორ იწვევს მოძრაობის მოქმედება ბოროტებებს მათივე სწავლებისა და ვარსკვლავების შესახებ არსებული შეხედულებების მიხედვით? თუ ღმერთებს უწოდებენ მათ, ადამიანთ უმრავლსეობას ღმერთებად არ მიუჩნევია ისინი. ელინები ამბობენ, რომ ადამიანთა სარწმუნოება და რელიგია ვარსკვლავების მოძრაობზეა დამოკიდებული. ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრაობენ და ადამიანებსაც ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს აძლევენ. აქედან აშკარაა, რომ ისინი არც განმრჩეველნი არიან და არც მოაზროვნენი, ვინაიდან ყოველი განმრჩეველი და შემძლებელი საკუთარი სურვილით მოძრაობს. თუ, როგორც (ელინები) ამბობენ, კეთილი და განრჩევითი მოძრაობით მოძრაობენ, მათი მოძრაობა როგორ იწვევს ბოროტებას მრავალთა შორის, განაქარვებს სათნოებას, იწვევს წარწყმედას (ვინაიდან, როგორც ბერძნები მიიჩნევენ, ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, როდესაც ვინმე სათნოა ან ბოროტი, უწმინდურია ან ბრძენი, უსამართლოა ან სამართლიანი), ერთა სიკვდილსა და აღორძინებას, დევნებსა და წარმატებებს და ათასობით სხვა რამეს, რაც ადამიანთ შორის ხდება და ურთიერთსაწინააღმდეგოა, ძირითადად კი საზიანოა?
ამგვარად, ბოროტებას, მზაკვრობას, მკვლელობასა და ზიანს იქმან, უქმნი არიან სათნოებაში და სრულებით არ არიან კეთილნი. ეს ყოველივე მკრეხელთ და უღმერთობა (აზრია), ღვთის ქმნილებანი კი კეთილნი არიან, ვინაიდან კეთილის ქმნილებანი არიან, რადგან ყველაფერი იხილა მან, და აჰა, ძალიან კარგია (იხ. დაბ. თ. 1) და ყოველივე კეთილად მოძრაობს იმისკენ, რისთვისაც ძალა მიიღო. მოაზროვნენი კი არ არიან ისინი, არამედ უსულო სხეულები, რომლებიც გრძნობადი მოძრაობით მოძრაობენ, რათა აღასრულონ ხილული წესი.
ისინი საცნაურნი არიან მათი მეშვეობით, რაც მათ მიერ ხილულად იმოქმედება. ჩვენში არსებული ბოროტებანი და სათნოებანი კი ჩვენი თვითუფლებრიობით აღესრულება - სათნოება ღვთის მიერაა ჩათესილი ჩვენში, ბოროტებას კი არსი კი არ აქვს, რაც სამყაროში და ჩვენში აღესრულება, არამედ ჩვენმიერი ნებით ხდება, პირველნი - ღვთის სათნოჩენით, მეორენი კი - ჩვენი მიზეზით.
ამიტომაც უნდა განვაგდოთ ამგვარი სულელური ძიებანი და ვირწმუნოთ, რომ, წმინდა წერილის თანახმად ღვთისგანაა შექმნილი ვარსკვლავები, ისევე როგორც მზე და მთვარე დედამიწის გასანათებლად. პირველი დღის, მეორე კი - ღამის მმართველად და მცენარეებისა და ცხოველების, წელიწადის დროების - გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის განგებისთვის და ქარებისა და სხვა რამ გრძნობადთა გამოსაცნობად, ვინაიდან თავად ისინიც სხეულნი და გრძნობადნი არიან, ვინაიდან, როდესაც ერთი წელი შესრულდება, მათი მოძრაობებით კვლავ ახალი იღებს დასაბამს და ღვთის ნებითა და ბრძანებებით ამგვარად იმართებიან ხილულნი. ქმნილებებს კი არანაირი ხელმწიფება არ აქვთ, არც რაიმე ზეგავლენა ძალუძთ შეხედულებებზე, ვერც სულს მართავენ, ვერც ცოდვისა თუ სათნოების ჩადენას გვაიძულებენ, არც შეუძლიათ რომ ვინმე აქციონ მეფედ ან მთავრად, ღარიბად ან მდიდრად, ჯანმრთელად ან სნეულად, მკვდრად ან ცოცხლად, უპატიოდ ან პატიოსნად, უგუნურად ან გონიერად, კეთილად ან ბოროტად. მართლა, უღმერთოებაა იმის რწმენა, რომ ამ ყოველივეს ქმნა შობის დღესა და ვარსკვლავებს შეუძლიათ.
წმიდა წერილი ამბობს: "უფალი მოაკვდინებს და განაცოცხლებს, ჩაჰყავს ჯოჯოხეთში და ამოჰყავს" (1 მეფ. 2:6); და ეს ყოველივე არის სამართლიანად, თითოეულის არჩევანისა და მოძრაობისამებრ და არა ძალადობით, ვინაიდან "სამართლიანია უფალი და სიმართლენი შეიყვარა" (ფსალმ. 10:8) და იგია, ვინც "მიაგესბ თვითოეულს თავისი საქმის მიხედვით" (ფსალმ. 101:11). მაგრამ როგორ მიაგებს, თუ ცოდვის ან სიმართლის ქმნა იძულებითია? ვინაიდან ვინც იძულებით მოქმედებს, არც უსამართლოდ სცოდავს და არც სამართლიანად სჩადის სიმართლეს. და აღარაა მკვლელობის ჩამდენი მკვლელი, აღარც მრუშობის ჩამდენი - მრუში, აღარც უწმინდური და მტაცებელი - უწმინდური და მტაცებელი, აღარც მაცხოვნებელი - მაცხოვარი, აღარც ქალწული - ქალწული, აღარც ბრძენი - ბრძენი და აღარც სამართლიანი - სამართლიანი. მაშ, როგორღა სჯის ან ამართლებს ღმერთი (ძველ და ახალ აღთქმაში ამის უამრავი მაგალითია)? ჩვენ კი, მორწმუნეებს, არა მხოლოდ ის მიგვაჩნია სამართლიანად, რომ ბუნებითად მოძრაობს ხილული სამყარო, არამედ - ბუნებაზე აღმატებულადაც, ვინაიდან შესაქმის შემქმნელს შეუძლია მისი შეცვლა, როგორც სურს. მან ბუნებაზე აღმატებული სიდიადენი აღასრულა რჯულამდეც, რჯულშიც და რჯულის შემდეგაც მართალთა ლოცვებით.
უდიადესი და ყოველგვარ გონებაზე და აზროვნებაზე აღმატებულია კი ის, რომ ჩვენთვის განხორციელდა ლოგოსი, მოქალაქეობით განვლო ცხვორება, ივნო ხორცით, აღდგა, გამოჩნდა აღდგომის შემდეგ, შეხებულ იქნა, ხორცით ამაღლდა ზეცად და სულიწმიდით აღავსო ადამიანური ბინება მოციქულთა მეშვეობით, ნიშნები და სიდიადეები აღასრულა, სამყარო რწმენისკენ მოაქცია მხოლოდ ქადაგებითა და სასწაულებით და ვიდრე აქამომდე სასწაულებით მოქმედებს, და წმინდანთა მკვდარი ნეშტებისა და მღვდელთა ლოცვების მეშვეობით იქმს სიდიადეებს, და გამოაჩინა შეკვრისა და გახსნის ძალა - ყოველივე ეს ბუნებაზე აღმატებულია და ყოვლადძლიერი ღმერთის საქმეებია.
ამიტომაც, როდესაც ავად ვხდებით, ვითხოვთ ჯანმრთელობას, როდესაც შეჭირვებულნი ვართ - სიძნელეთაგან გამოხსნას, როდესაც სიქიები მძვინვარებს - მათ ნაყოფიერებისკენ მიმართვას. და ბევრი რამ ხდება მართალ ადამიანთ ლოცვით - ნალექი გვალვაში, მოწინააღმდეგეთა განადგურება, შიმშილობისა და ჭირისგან გამოხსნა და კიდევ მრავალი რამ - უძლურთა განკურნებები, მწუხარეთა გათავისუფლება, რისთვისაც ლოცულობს კიდეც ეკლესია.
ამგვარად, ბედი და შობის დღე აუქმებს ღვთისადმი სასოებას და უგულებელყოფს თავად ღმერთსა და მის საღვთო ძალას, მთელ წმიდა წერილს, უსამართლოთა ტანჯვას, მართალთა განსვენებას და ღვთის ყველა საიდუმლოს.
ამიტომაც ნურავინ მიიჩნევს ქრისტიანად იმას, ვინც შობის დღის, ასტროლოგიისა და ამგვართა შესახებ მსჯელობს. თუ ვინმე იტყვის, რომ ამათგან სწავლობს რაიმეს, დემონთაგანაა ცდუნებული და განგდებულია იგი, ეკლესიისგან უცხოა და გაიძვერაა. ყველა კეთილმსახური კი, ვინაიდან ქრისტესია, რომელიც არის მამის ძალა, ჭეშმარიტება და ყოვლადძლიერი სიტყვა, უნდა ესავდეს უფალს ამიერიდან და უკუნისამდე. ეს სამყარო წარმავალია, შესაქმე კი ხრწნადია და გადასხვაფერდება. ჩვენ კი, როგორც წმ. პავლე ამბობს, ქრისტეში დამონებული არ ვართ სამყაროს სტიქიონებს, არამედ სულითაც და ხორცითაც ხრწნილებაზე უპირატესნი გავხდით, უხრწნელი სულის მადლით. ასე რომ, ყოველივე ღვთის ქმნილებაა და მათგან არაფერი არ არის ღმერთი.
თავი 7. იმის შესახებ, რომ ერთადერთი ღმერთი წმიდა სამებაა
არსებობს მხოლოდ ერთი და ჭეშმარიტი - სამობითი ღმერთი და მთელი შესაქმე მას აღიარებს. მართლაც, არის რა მარადიულად მყოფი მამისგან, სიტყვით იმართება მარადიული მამის ცოცხალი სიტყვისგან და შემყარებულია და ჰგიებს ერთადერთი და ცოცხალი ღმერთის ცხოველმყოფელი სულით. ამის შესახებ ასწავლიან წმ. ათანასე დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და მათთან ერთად სხვა მამები.
კლერიკოსი: საკმარისად შევიმეცნეთ, მეუფეო, მრავალღმერთიან ელინთა საწინააღმდეგო სიტყვა. ახლა კი აუცილებელია, რომ უფრო ცხადად შევიტყოთ სიტყვა წმიდა სამების შესახებ, რათა ჭეშმარიტების ცოდნისკენ მოვაქციოთ ისინი, ვინც უგულებელყოფს ძესა და ღვთის სულს, ვინაიდან მრავალია, ვინც ურჯულოდ უგულებელყოფს ღვთის სიტყვასა და სულიწმიდას.
თავი 8. იუდეველების, საბელიოზისა და უღმერთოთა წინააღმდეგ
მღვდელმთავარი: არც ამის გასაკეთებლადაა საჭირო ბევრი მცდელობა, ვინაიდან მთელი წმინდა წერილი ღვთის სიტყვისა და სულიწმინდის შესახებ მოწმობს. ისინი, ვისაც ღმერთი სიტყვისა და სულის გარეშე წარმოუდგენია, თითქოს აღიარებენ წმინდა წერილს, მაგრამ უღმერთოები არიან ისინიც, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონიათ, თითქოს იცნობენ ღმერთს, რადგან ამბობს: "ვინც უარყოფს ძეს, უარყოფს მის მომავლინებელ მამას" (შდრ. 1 ინ. 2:23). ამგვარი აღიარებს უსიტყვო, უსიბრძნო და ცოცხალი სულის არმქონე (რომელიც ყველას ანიჭებს ცხოვრებას) ღმერთს. ამიტომაც, როგორც ვთქვით, უღმერთობი არიან ისინი, ყოვლითურთ ურჯულოები და ღვთის მოწინააღმდეგეები.
ჩვენ კი ერთი ღმერთი გვყავს - მამა თავის გვამოვან სიტყვასა და ცხოველმყოფელ სულთან ერთად, როგორც მივიღეთ და როგორ თავად იესუ ქრისტემ - ღვთის სიტყვამ, მისი დიდების ბრწყინვალებამ და მამის გვამოვნების ხატმა (შდრ. ებრ. 1:3) მოწაფეების წარმართთა მოსამოწაფებლად გაგზავნისას ბრძანა: მოენათლათ მისდამი მორწმუნენი მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით, რითაც მან, ერთმა სამებისაგანმა, ერთდროულად აჩვენა სამების ერთობაც და სამობაც. როდესაც თქვა "სახელითა", სამების ერთობა აჩვენა, ვინაიდან ერთი და განუყოფელია სახელი, რადგანაც არსება, ძალა და მოქმედებაა ერთი; როდესაც თქვა: "მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა "(იხ. მთ. 28:19) - სამი ჰიპოსტასი აჩვენა, ხოლო როდესაც თქვა: "ნათელს-სცემდით", ამით კვლავ იმავე სამების ერთი ძალა და მოქმედება აჩვენა, ვინაიდან ეს უბრალოდ წყალში შთაფლვა კი არაა, არამედ - ნათელღებადის ახალქმნა და ახალშობა, რომელიც ყოვლადძლიერი სამების ერთი სახელის მოქმედებით, ძალითა და მადლით სრულდება; და როდესაც თქვა: "მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა", სამპიროვნულობა აჩვენა.
ამ აღმსარებლობას ღვთისმეტყველებს წმ. იოანე სახარების დასაწყისში: "დასაბამში იყო სიტყვა" (ინ. 1:1), რითაც მიანიშნა ძეზე; "სიტყვა იყო ღმერთთან" (ინ. 1:1), რითაც გვასწავლა მამის შესახებ; "ღმერთი იყო სიტყვა" (ინ. 1:1), რითაც ძის მიმართ ერთარსობა წარმოაჩინა; "ის იყო დასაბამში ღმერთთან" (ინ. 1:2) - ვინაიდან მამის თანაარსი და თანადაუსაბამოა. "ყოველივე მის მიერ შეიქმნა" (ინ. 1:3) - ვინაიდან თანაშემოქმედია მამასთან ერთად, როგორც დავითი ამბობს: "უფლის სიტყვით ცანი დაემყარა" (ფსალმ. 31:6). "და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა" (ინ. 1:3) - კვლავ ამბობს სახარება და დავითიც ამბობს უფლის მიმართ: "ყველაფერი სიბრძნით შექმენი" (ფსალმ. 103:26). "მასში იყო სიცოცხლე" (ინ. 1:4) - მამისგან გამომავალი საღვთო სული, რომელშიც ჩვენც ვცხოვრობთ, ვიძვრით და ვართ (შდრ. საქ. 17:27), რომელიც მარადიულად ჰგიებს მასში, როგორც ლოგოსში და განისვენებს, და რომლის შესახებაც ამბობს: "როდესაც ნუგეშისმცემელი მოვა, რომელსაც მე მოგივლენთ მამის მიერ - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისგან, ის დაამოწმებს ჩემ შესახებ" (ინ. 15:26).
თავი 9. სახარებისეული (ფრაზები) საბელიოზის წინააღმდეგ. ასევე იუდეველთა და სხვა უღმრთო წარმართთა წინააღმდეგ
ეს სახარებისეული ფრაზები მოყვანილ იქნა ლიბიელი საბელიოზის მკრეხელობათა გამო, რომელიც თითქოსდა აღიარებს სახარებას. ახლა კი წარმოგიდგენ (ფრაზებს) ძველი აღთქმიდან სამება ღმერთის შესახებ. იგი არა მხოლოდ სახარებამ, არამედ რჯულში მოსემ და ყველა წინასწარმეტყველმა იქადაგა. მოსე ყველგან ქადაგებს მარადიულად მყოფ ღმერთსა და მამას და აცნობიერებს ღვთის ძისა და ლოგოსის საიდუმლოს, როდესაც საღმრთო ხმას ისმენს და ცოცხალი სიტყვის მოქმედებას იღებს, ვინაიდან მოსმენა იმ სიტყვის მოსმენას ნიშნავს, რომლის განკაცებაც წინასწარ გააცნობიერა. პირველად, როდესაც ალმოდებული, მაგრამ შეუწველი მაყვლოვანი იხლა და თვით ღვთის სიტყვა საუბრობდა მასთან ადამიანური ფორმებით, რადგან, იერემიას თანახმად, "მიწაზე მყოფი ადამიანებისთვის გამოჩნდა და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის" (ბარ. 3:38); თავად მოსეს მიმართ კი ამბობს: "მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა" (გამ. 3:6).
ის, ვინც მოსეს ადამიანად ეჩვენა და წერილის მიერ ანგელოზად იწოდება, საკუთარ თავს ღმერთად სახელდებს და სამ პატრიარქს ახსენებს - "მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა", რათა ამითაც აჩვენოს, რომ ქალწულისგან განკაცებული გააცხადებს სამების საიდუმლოს. შემდეგ კი მოსემ ქვის ფიქალებზე მიიღო ღვთის სიტყვები და ამითაც ცოცხალი სიტყვის ძალა წარმოაჩინა და სასწაულებრივი საქმეებით გვასწავლა, რომ ღმერთში არის სიტყვა, რომელიც განკაცდება და ქალწულ ღვთისმშობელში, როგორც ფიქალზე, ჩაიწერება.
მოსემ კარავშიც კიდობნის შუიდან არაერთხელ მოისმინა საღვთო ხმა. ხმა კი გამოვლინებაა სიტყვისა, რომელიც მოწმობდა ცოცხალი მამის ცოცხალი სიტყვის შესახებ. მოსემ წმინდა სულიც მიიღო; ღმერთმა იმ სულისგან, რაც მოსეს თავზე იყო, სამოცდაათ მორწმუნე კაცს გადასცა, როგორც დაწერილია და ისინიც წინასწარმეტყველებდნენ. მოსემ წინასწარ გააცნობიერა და იქადაგა მამის, ძის, რომელიც არის სიტყვა, და წმინდა სულის შესახებაც. როდესაც თქვა: "თქვა ღმერთმა: იქმნას ნათელი (დაბ. 1:3), "თქვა ღმერთმა: "იქნას მყარი" (დაბ. 1:6). "თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ" (დაბ. 1:11). ამით ღვთის სიტყვის შესახებ ასწავლის. ეს სიტყვა ცოცხალი, ერთი და მხოლოდშობილია, ისევე, როგორც ღმერთი და მამაა ერთი, ცოცხალი და ერთადერთი.
სულიწმიდის შესახებაც ამბობს: "ღვთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ" (დაბ. 1:2) და ადამიანის შესახებ (ამბობს): "შთაბერა მის პირს სიცოცხლის სუნთქვა" (დაბ. 2:7). ნოესთან ამბობს: "არ დარჩება ჩემი სული ამ ადამიანთა შორის" (დაბ. 6:3), "წმინდა სულით აღივსო კარავი" (გამ. 40:31).
ამგვარად, მოსემ მრავალგან იქადაგა ცხადად ღვთის ცოცხალი სიტყვისა და წმინდა სულის შესახებ. მოსემდე კი აბრაამმა (იქადაგა), რომელმაც სამი კაცი შეიწყნარა მამრეს მუხასთან. ისინი მან ცხადად აღიარა ერთ ღმერთად და სამებითი ღმერთი იქადაგა, რომელიც ჰიპოსტასთა განთვისებულობის გამო სამ კაცად გამოჩნდა, ხოლო ბუნების ერთობის გამო აბრაამის მიერ ერთ ღმერთად იქნა აღიარებული და ამგვარად, ერთდროულად სამების სამობაცა და ერთობაც იქნა აღნიშნული.
შემდეგ ისააკშიც შეიცნო სამების და სიტყვის განკაცების საიდუმლო იმით, რომ იმ დროს დაიბადა, როდესაც აბრაამმა სამი კაცი იხილა და განკაცება მოასწავა; ასევე, ჯვარცმა და აღგომაც იმით, რომ მამის მიერ (გორაკზე) იქნა აყვანილი და მხრებით შეშა იტვირთა, რითაც ჯვარზე მიანიშნა და შეშაზე დაკრულ იქნა, რათა ქცეულიყო ღვთის მსხვერპლად და დაკლულიყო, და როდესაც ღვთის ხმა გაიგონა (ღვთის სიტყვის შესახებ მომასწავებელი), რომელიც მამამისს ეუბნებოდა: "ნუ აღმართავ ხელს მაგ ყრმაზე" (დაბ. 22:12). ხოლო ვინც მეტყველებდა, ღმერთი რომ იყო, ცხადია იქიდან, რაც აბრაამის მიმართ თქვა: "ახლა მივხვდი, რომ არ დაგენანა შენი საყვარელი ძე ჩემთვის" (დაბ. 22:12).
ამგვარად, ის იყო დიდი ზრახვის ანგელოზი, უმაღლესის ძე, რომლის მამასაც აბრაამი ელაპარაკებოდა, რომელიც შემდეგ იაკობს გამოეცხადა, თავის თავს იაკობის მამათა ღმერთი უწოდა და იგი წმინდა სულით აიყვანა მჭვრეტელობის სიმაღლემდე, რომლის მეშვეობითაც იაკობმა მიიღო სიტყვა, რომ გაქცეულიყო ესავისგან. მანვე ძილში იხილა ზეცად აღმავალი კიბეც და კიბის ზემოთ (კიბე განკაცებული სიტყვის დედას განასახიერებდა) მჯდომარე იყო ღმერთი. სიტყვა მიიღო მან, რომ გამოქცეულიყო სიმამრისგან და ნათლად იხილა გამოცხადება. ამ ყოველივემ კი გამოაჩინა, რომ ღმრთის სიტყვის ძალა და ღმრთის სული მოქმედებდა იმ მართლებში.
განა იოსებმაც არ მიიღო ღვთის სიტყვები სიზმრის მეშვეობით? განა უფრო მეტად არ იყო სულისგან აღძრული? საიდან (მიეცა) მას სიბრძნე და ამ სიბრძნის მეშვეობით გაოგნებულ ეგვიპტელთა მეფისა და მისი მსახურების გამოხსნა? განა ღვთის ძალით არა? განა ღვთის სიტყვის ცოცხალი სიბრძნის ყოვლისმოქმედი ძლიერებისგან არა?
ამგვარად, თითქმის ყველა წინასწარმეტყველთანაა დაწერილი: "სიტყვა უფლისა, რომელიც იქმნა ესაიას - ამოსის ძის - მიმართ" (ეს. 2:1); "სიტყვა უფლისა, რომელიც იქმნა იერემიას - ხილკიას ძის - მიმართ" (იერ. 1:1) და სხვებთანაც ამგვარადვე: "უფლის სიტყვების დასაწყისი ოსიას მიმართ" (ოს. 1:2); "ამოსის სიტყვა, რომელიც იქმნა იოველ ბეთუელის ძის მიმართ" (იოველ 1:1) და "ამას ამბობს უფალი, ღმერთი აბდიასი" (აბდ. 1:1) - ყველა ამ ადგილას სიტყვა მოიაზრება და ყოველი წინასწარმეტყველი, ამბობს რა - "ამას იტყვის უფალი", უფლის ცოცხალი სიტყვის შესახებ ქადაგებს.
"იყო უფლის სიტყვა იონას, ამათიანის ძის მიმართ" (იონ. 1:1); ნაუმი ამბობს: "სანინევიო მიღება" (ნაუმ. 1:1), იერემია კი "მიღებას" არ უწოდებს მას, არამედ "სიტყვას", თავად ნაუმიც სხვა ადგილას ამბობს: "ამას ამბობს უფალი, მრავალ წყალთა მმართველი" (ნაუმ. 1:12), და ისევ: "აჰა, მე ვარ შენზე, ამბობს ყოვლისმპყჰრობელი უფალი" (ნაუმ. 2:13); და "მიღება, რომელიც იხილა ამბაკუმ წინასწარმეტყველმა" (ამბაკ. 1:1). მიღება რომ წმინდა სულისაა, მოუსმინე წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: "საშინელი და საჩინოა იგი (ესე იგი ღმერთი), მისგანაა მსჯავრი (ესე იგი სიტყვა, ვინაიდან მსჯავრია სიტყვა) და მისი მიღება მის მიერ გამოვა" (ამბაკ. 1:17).
ხედავ მამისგან გამომავალი სულის ძალას? და კვლავ: "ჩემს სახმილავზე ავდგები, რომ ვნახო, რას მეტყვის მომიგო უფალმა და მითხრა" (ამბაკ. 2:1-2). აჰა, კვლავ სიტყვა (იგულისხმა)! ამბაკუმიც ღვთის სიტყვის განგებულების შესახებ ასწავლის: "უფალო, მოვისმინე შენი ხმა და შემეშინდა" და "ღმერთი თემანიდან მოვა" (ამბაკ. 3:3) და კიდევ მრავალი სხვა მისი განკაცების შესახებ.
იმის შესახებ, რომ ღვთის სიტყვა განკაცდებოდა, თქვა: "მისი პირის წინაშე გამოვა სიტყვა" (ამბაკ. 3:5) და "უფლის სიტყვა, რომელიც იყო სოფონიას, ქუშის ძის მიმართ" (სოფონ. 1:1) და "იყო უფლის სიტყვა მეტყველი ანგეა წინასწარმეტყველის ხელით" (ანგ. 1:1) და "იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, მეტყველი" (ზაქარ. 1:1). ზაქარიამაც ბევრი რამ თქვა მისი განკაცების შესახებ. და "უფლის სიტყვის მიღება მისი ანგელოზის ხელით" (მალაქ. 1:1) ესე იგი, მალაქიას ხელით. აქ სიტყვის მიღებად იწოდება წმინდა სულისა და სიტყვის ძალა. მალაქიავე ამბობს, რომ "ღმერთის სახელი საჩინოა წარმართთა შორის" (მალაქ. 1:14).
ხედავ, რომ ყველა წინასწარმეტყველმა იქადაგა ღვთის სიტყვის და სულის შესახებ? ამგვარად, უღმერთოა ის, ვინც არ აღიარებს ამ ყოველივეს. თავად დავითიც ხმობს უფლის მიმართ: "ყველაფერი სიბრძნით შექმენ" (ფსალმ. 103:26) და "ფალო, შენი სიტყვა ზეცაში დარჩება თაობიდან თაობამდე, უკუნისამდე" (ფსალმ. 118:89) და "უფლის სიტყვით ცანი დაემყარა" (ფსალმ. 31:6). ასევე, მოწმობს, რომ მისი ძალა არის მისი პირის სულში და ითხოვს, რომ განუახლოს ეს სული მის სხეულში და არ მოაკლოს მისგან და ცხადად ქადაგებს ღმერთსა და მამას სიტყვასთან და სულთან ერთად. მართალთა მთელი დასიც ნათლად ასწავლის სიტყვისა და სულის შესახებ.
თავი 10. ღვთის მხოლოდშობილი ძისა და წმინდა სულის შესახებ
თუ ვინმე საღვთო წერილებს იწყნარებს, ამ ყოველივესა და მათ მსგავსთა გამო შეწყვეტს ცილობას, ხოლო თუ ვინმე არ იწყნარებს საღვთო წერილებს, მაშინ შესაქმისგან და ადამიანური ბუნებისგან შეიცნობს ჭეშმარიტებას. თუ ღმერთია ყოველივეს შემოქმედი, მაშ, რისთვის შეიქმნენ ქმნილებები? რათა იხარებდნენ ღმერთში. ვინ იხარებენ ღმერთში და ვის აქვს ღვთის ხილვის ძალა? სიტყვის მქონეებს! ვინაიდან სიტყვის მეშვეობითაა შემეცნება.
ამგვარად, თუ შემეცნება სიტყვიერთა მიერაა, მაშ, ღმერთშიც ყოფილა სიტყვა. და თუ სიტყვიერთა მეშვეობით შეიქმნა ხილული სამყარო, მაშ, სიტყვისთვის და სიტყვის მიერაა შესაქმე; და ღმერთში ყოფილა სიტყვა, რომელსაც მამა, ვიდრე ყოველივეს შექმნიდა, უჭვრეტდა, როგორც თავის ცოცხალ ხატსა და უძრავ აღნაბეჭდს, სიბრძნეს, გამოცისკრებას, სიტყვას, ძალას და საყვარელ ძეს; და ყოვლადწმიდა სულსაც, როგორც განმწმენდელს, სიყვარულის წყაროს, სიცოცხლეს სიცოცხლისგან, ცხოველმყოფელს, სახიერების საუნჯეს.
სწორედ ამაზე საუბრობს გრიგოლ ღვთისმეტყველი, როდესაც ამბობს: "ღმერთი საკუთარი ჭვრეტით მოძრაობს". თუ ქმნილებები წილმქონეობენ სიტყვაში, რათა შეიცნონ ღმერთი, მით უფრო იარსებებს სიტყვა ღმერთში, რომლითაც და რომლის მიერაც ღმერთმა ყოველივე იცოდა მათ შექმნამდე. თუ შესაქმე სიტყვისამებრ შეიქმნა, სხვაა ის, რაც სიტყვისეულია და სხვაა ის, რაც სიტყვისეულთა მსახურებაშია.
ამგვარად, გამოდის, რომ არსებობს ღმერთში სიტყვა. თუ სიტყვიერი ქმნილებები აზროვნებენ და აქვთ თვითუფლებრიობა და მარადიული სიცოცხლე, მით უფრო უნდა იყოს სიტყვა ამ ყოველივეს შემოქმედ ღმერთში. ქმნილებები ხომ სწორედ იმიტომ არიან სიტყვიერნი, რომ ღმერთს აქვს სიტყვა. უსიტყვო ქმნილებანიც სიტყვიერად შეიქმნენ, არსებობენ და მოძრაობენ, ვინაიდან ღმერთს აქვს სიტყვა.
მაგრამ იტყვის ვინმე, რომ განსხვავებულნი არიან ქმნილებანი და განსხვავებულია მათი სიტყვა. ამგვარმა უნდა იცოდეს, რომ მრავალნი არიან ისინი, როგორც ქმნილებები, დასაბამი აქვთ მიღებული და სახეობრივად და უბნებითად განსხვავებულნი არიან და არაარსისგან არიან. ამიტომაც აქვთ არაგვამოვანი და მრავალგვარი სიტყვა, არათუ გვამოვანი. ვინაიდან ცოცხალი და ერთი ღმერთია მამა, მარადიულად მყოფი, ამიტომ ერთია მისი სიტყვაც. ცოცხალი, როგორც მამა, მარადიულად მყოფი, როგორც მამა და სრული ვინაიდან სრულია მამა. ამიტომაც ღმერთში არც მრავალი სიტყვაა და არც არაგვამოვანი, რათა არასრული და ცვალებადი არ გამოჩნდეს იგი. ამგვარად, ღმერთში არის ერთი, სრული, გვამოვანი, ცოცხალი და თანდაუსაბამო სიბრძნე, მისი მხოლოდშობილი სიტყვა, რომელშიც საუკუნეებზე უწინაა ყველა სიტყვა.
ყოველივეს ცხოველმყოფელი სულიწმიდაც ერთია მარადის ერთი მამისგან, ცოცხალი და ცოცხალმყოფელი. სიტყვიერნი სულიწმიდაში ცხოვრობენ, უფრო სწორად კი, უკვდავნი არიან, ვინაიდან სიტყვიერთ არც სულის გარეშე შეუძლიათ არსებობა. ამგვარად, სიტყვიერნი წმინდა სულისგან არიან ცოცხლები, სიტყვისგან - სიტყვიერნი, არსებობა კი არსებული მამისგან აქვთ. უსიტყვოებს არსებობა მარადის მყოფი მამისგან აქვთ; არსებობის წესი, თითოეულს თავისი ბუნების მიხედვით, - სიტყვისგან; მოძრაობა, მკვიდრობა და თითოეულის საკუთარი ძალა კი - ყოველივეს ცხოველმყოფელი და შემამყარებელი სულიწმიდისგან. არის რაიმე არსებულთაგან, რასაც სიტყვისამებრ არ არსებობს და საკუთარი მოძრაობა და ძალა არ აქვს? ამ ყოველივეს მიზეზი არის სამება, მარადის მყოფი, ცოცხალი და მკვიდრი მამა, და მამასთან მარადის მყოფი მისი თანაბუნებითი სიტყვა და ძე, უსხეულო, აღმოცისკრება, ხატი, სიბრძნე და ძალა; და ღვთისგან და ღმერთში მყოფი მაცოცხლებელი სული, რომელიც მარადიულად იმყოფება მასში და აცოცხლებს და ამყარებს ყოვლიერებას.
რამდენადაც ამ ხილულთაგან საუკეთესო (ქმნილება) ადამიანია და ღვთის ხატადაა შექმნილი, მისი შექმნისა და ბუნებისგანაც შევიცნობთ სამების ხატს. მართლაც, ისიც არ შექმნილა ამ ხილული სამყაროსთვის, რადგან ხილული უსიტყვოა, მისი მოძრაობა შემოზღუდულია და ჩვენთვის ცნობილია. უფრო სწორი იქნება (თუ ვიტყვით, რომ) ხილული სამყარო შეიქმნა ადამიანისთვის, რათა თავისი მოძრაობით შეამყაროს მისი სხეული. სულით კი ადამიანი უხილავად აღიძვრის (νοερῶς) და ჭვრეტს შემოქმედს. დაწერილია, რომ მხოლოდ ადამიანია შექმნილი ღვთის ხატისებრ, როგორც ამის შესახებ წმინდათა შორის მრავალს განეცხადა. თუ გამოიძიებ, იპოვი, რომ ესეც წმინდა სამების შესახებ მოწმობს, რის შესახებაც სხვა ადგილებში უფრო ვრცლად ვისაუბრეთ. სული გონებით დაუსაბამო გონის, მამის შესახებ მოწმობს, სიტყვით - სიტყვის შესახებ, ხოლო მაცოცხლებელი ძალით - ყოველივეს განმაცოცხლებელი სულის შესახებ.
ანგელოზები კი, არიან რა გონიერნი, ამგვარად ქადაგებენ წინასაუკუნო და ზეარსი გონის - მამის შესახებ; არიან რა სიტყვიერნი და ბრძენნი - სიტყვის და ცოცხალი სიბრძნის შესახებ, რომელიც დიად გონში მკვიდრობს (შეად.: μένουσαν ἐν τῷ μεγάλῳ νοΐ). არიან რა მუდამ ცოცხალნი და აქვთ რა ნათელთა ნიჭები - ცოცხალ და წმინდა მამაში მცხოვრებ (ζῶσαν) განმაცხოველებელ და განმწმენდელი გვამოვნებითი ძალის - სულიწმიდის შესახებ, რომელიც არის წყარო ნიჭებისა.
შემოქმედის შესახებ, ასევე, მოწმობს მთელი უსიტყვო ბუნებაც. იმით, რომ ცოცხალი ცოცხლისგან იშვება და შობს, თუმცა არდინებადად, ვინაიდან მატერიისა და სტიქიონებისან აქვს სხეული; რომ მსგავსისგან მსგავსი იშვება და თითოეული თავის უკვდავებას ეძიებს, რითაც ქადაგებს მამა ღმერთის შესახებ, რომელიც მყოფობს, სიტყვის შესახებ, რომელიც უვნებოდ იშვება და სულიწმიდის შესახებ, რომელიც განმაცოცხლებელია და მამისგანაა. მის, როგორც თავისი შემოქმედის, შესახებ მთელი შესაქმე მოწმობს. ამას აჩვენებს მზეცა და ყველა სხვა ვარსკვლავიც, რომლებიც გამოავლენენ სხივებსა და სინათლეს. მსგავსადვეა ცეცხლიც, ასევე, ხეები და მცენარეები, რომლებსაც გამოაქვთ ყვავილები და ნაყოფი; მიწა, რომელიც ათასობით ცოცხალი მცენარის სახეობას აღმოაცენებს. საერთოდ, მთელი შესაქმე ყოველთა მხოლო სამებით ღმერთს განადიდებს. სამების ძალა განსაკუთრებით განდიდდება და წარმოჩინდება იმ აღსრულებული, აღსრულებადი და მოქმედი სასწაულებით, საქმეებით თუ სიტყვებით, რომლებიც ქრისტეს ეკლესიაში ხდება.
ვინ გაავრცელა მთელ სამყაროში სამების ქადაგება და ქრისტეს განკაცება? ვინ აგრძელებს კვლავაც, მაშინ როცა აურაცხელი ადამიანი, მეფეები და ერები ეწინააღმდეგებოდნენ და დევნიდნენ ამ ქადაგებას და ახლაც დევნიან? საიდანაა მორწმუნეებში ქალწულობის სურვილი? საიდანაა სიბრძნისადმი ტრფიალება, ამქვეყნიურთაგან ლტოლვა და უდაბნოში ესოდენ (ადამიანთა) განმარტოება? საიდანაა მღვდლების მადლი და ყოველივე ის, რაც მღვდელთა მიერ აღესრულება, ცოდვათა გახსნა და შეკვრა, რაც გრძნობად თუ მკვდარ სხეულთა მეშვეობით დაამოწმა ღმერთმა? საიდანაა წმინდა ნაწილებით კურნებების მოქმედება, რომლებსაც ურჯულოებიც ხედავენ და უნებურად აღიარებენ? საიდან აქვთ მათ კეთილსურნელება და უხრწნელება? წმინდა ხატების, წმინდა ტაძრებისა და განწმენდილი წყლის საღმრთო მოქმედებანი საიდანღაა? ესენი ხომ აშკარად აღესრულება ვიდრე დღევანდელ დღემდე ეკლესიაში, რომელიც მართლმადიდებლურად აღიარებს სამება ღმერთს?
ასევე წმინდა მირონი მოწამეთა ნაწილებიდან, მათი საკვირველმოქმედებანი და აშკარა მფარველობა, ურჯულოების მიერ დევნილი მორწმუნეების დაცვა, ჩვენ მიმართ სატანური სიცოფითა და თანამოქმედებით აღძრული უღმერთოების მრავალგზისი განადგურება ბრწყინვალედ წარმოაჩენს ქრისტიანთა კეთილმსახურების საღვთო და დიდ საიდუმლოს. ასევე ისიც, რომ, როგორც მორწმუნეები და მართლმადიდებლები, ვიდევნებით რა მოწინააღმდეგეთა მიერ და ვართ რა დამდაბლებულნი და გვემულნი, წარმოაჩენს იმას, რომ ჩვენთანაა ჭეშმარიტი და მხოლო სამება ღმერთი. ამ სამყაროში ღმერთი არ განისვენებს იმაში, რაც ხილულია და არც იმ ადამიანებში, რომლებიც ამქვეყნიურს ეძიებენ და ესწრაფვიან, არამედ იმათში, ვისაც უყვართ ღმერთი, მის დიდებას ეძიებენ და იღვწიან მისთვის. ესენი არიან ისინი, ვინც, ძველი (აღთქმის) მართლების მსგავსად, შეჭირვებულნი, დევნილნი, მშიერნი, ნაგვემნი, მოწყვეტილნი და უცხოობაში მყოფნი არიან, როგორც აბელი, ნოე, აბრაამი, ისააკი, იაკობი და მისი შვილები; შემდეგ მოსე, ელია, დანიელი და სამი ყრმა, იერემია, მანამდე ესაია და ეზეკიელი, მის შემდეგ კი მაკაბელები და მათი მსგავსნი.
ქრისტეს უჭეშმარიტეს სარწმუნოებასა და მისი სწავლების სიტყვათა ჭეშმარიტებას წარმოაჩენს ისიც, რომ ჩვენ ტანჯვის დროს მოთმინება და მის გამო ყოველივეს ატანა გვმართებს. ვინაიდან მან ამ სამყაროში ჩვენი ტანჯვის შესახებ თავადვე გვითხრა წინასწარ და თავადვე იტანჯა ჩვენთვის. მისი ეკლესიის რჯულმდებლობა და სიბრძნე კი ქალწულობას, უბიწოებასა და სიწმინდეს ასწავლის, ასევე, სიმდაბლესა და მოთმინებას ღვთისადმი მადლიერებით, და მოუწოდებს უპოვარებისა და სოფლის დატოვებისკენ; ასევე, ასწავლის არა მხოლოდ ბოროტების არჩადენასა და ბოროტების წილ ბოროტების არმიგებას, არამედ შეცოდებების მიტევებას. მტრების სიყვარულს, ბოროტების არგახსენებას, არგანრისხებას, მოძულეებისადმი კეთილისყოფას და მათთვის ლოცვას. ყოველივე ეს და ამგვარნი ჩვენ, ქრისტიანთ ზეციურ, საღმრთო, ჭეშმარიტ და ერთადერთ სარწმუნოებას ასახავს. ესენია ყოველთა ღმერთისა და მეუფის რჯულდებანი.
ვგონებ, რომ ამ ყოველივესგან და ამის მსგავსთაგან მოიზიდავ ურჯულოს სახარების ცოდნისკენ და დაარწმუნებ, რომ შეიცნოს ღმერთის ცოცხალი სიტყვა და წმინდა სული და შეისწავლოს ეკლესიის გარდამოცემები, როგორც საღმრთო და წმინდა. ამით, ასევე (შეძლებ), რომ სამებისგან ერთის - ღვთის სიტყვის, იესუ ქრისტეს განკაცების საიდუმლო შემეცნებაში დაიყოლიო, თუმც კი რთულია მისი დაყოლიება, ვინც ურჯულოდ ცხოვრობს, მსგავსად მკვდრის აღდგინებისა ან უგუნურის გონს მოგებისა, თუკი ღმერთი არ გამოიწვდის დახმარების ხელს და მათ უგუნურებას, დაბადებიდან ბრმის თვალების მსგავსად, არ გახსნის.
საღვთო საქმეა ღვთის შემეცნება და მით უფრო იმ ადამიანის დარწმუნება (ღვთის შემეცნებაში), ვისაც ხორციელი გონება აქვს, რადგან გონიერთა, მოაზროვნეთა და ყოველივეს შემოქმედი სამება გონებასა და სიტყვაზე აღმატებულია და, რადგან ღვთის მადლის გარეშე ქმნილებისთვის შეუძლებელია შემოქმედის შეცნობა.
კლერიკოსი: მეუფეო, საკმარისად და მრავალსახეობრივად წარმოგვიჩინეთ ჩვენ წმინდა სამების შესახებ ცოდნა და გვასწავლეთ რომ მოვაქციოთ ისინი, ვინც უგულებელყოფს ღვთის მხოლოდშობილ ძესა და სიტყვას; მაგალითებით გაგვახსენე, რაც საღმრთოდ აღესრულება ეკლესიაში და აუცილებელია, რომ უღმერთოთა მიმართ ითქვას.
რამდენადაც მრავალი ერესი არსებობს და ყველა მათგანს ქრისტიანობა ეწოდება, თუმც კი სხვადასხვა სარწმუნოებებად განიყოფიან, ამათთან დაკავშირებით რაღა უნდა ვქნათ. ზოგჯერ თითოეული ერესისგან მავანნი ან კამათს იწყებენ ხოლმე ჩვენთან, მართლმადიდებლებთან, ანაც ჩვენი ჭეშმარიტი რწმენის შესახებ ეძიებენ სიტყვას.
მღვდელმთავარი: როგორც ზემოთ ვთქვით, აუცილებელი არაა ყველას მივუგოთ სიტყვა. ვისაც სწავლა სურს, მათ სიმშვიდით უნდა ვესაუბროთ, ხოლო ვისაც კამათი სურს, მათ განვეშოროთ, ვინაიდან ქრისტეს ეკლესია არ იწყნარებს მოკამათე ადამიანს, როგორც წმ. პავლე ამბობს: "თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ღვთის ეკლესიას" (1 კორ. 11:16). ამიტომაც ეკლესია ყველა ერეტიკოსს, როგორც დავის მოყვარულებსა და დაუმორჩილებლებს, ანათემას გადასცემს.
კლერიკოსი: თუ რომელიმე მათგანი სარგებლობის მისაღებად (ჩვენგან) სიტყვას ითხოვს, რა გავაკეთოთ?
მღვდელმთავარი: ამგვარი უნდა შევიწყნაროთ და სიყვარულით განვკურნოთ. თუ საუბრის ნიჭი გაქვს, ჯერ ქრისტეს სახელს მოუხმე და შემდეგ ისაუბრე წმინდა მამების დაწერილთაგან იმ ერესის შესახებ, რომელზეც გეკითხება, ვინაიდან ვერ იპოვი ვერც ერთ ერესს, რომლის შესახებაც მამებს არ უსაუბრიათ, რადგანაც მათ ბევრი იღვაწეს მწვალებლობათა წინააღმდეგ და საღმრთო სულის თანამოქმედებით გაიმარჯვეს მათზე, ამ ერესთა სწავლებანი კი სიცრუედ წარმოაჩინეს. თუ არ შეგიძლია იმის შესახებ ისაუბრო, რასაც ითხოვს და არც საუბრის ნიჭი და ნებართვა გაქვს (ვინაიდან ესაა ეკლესიის კანონი, რომ მოსაუბრეს საუბრისთვის ხელდასხმა და ნებართვა ჰქონდეს მიღებული), მაშინ ნუ შეგრცხვება, რომ მიიყვანო მეძიებელი ვინმე კეთილმსახურ კაცთან, რომელსაც მართებულად შეუძლია საუბარი. ასე ორმხრივად მოგებული დარჩები - შესაძლოა ის შეცდომილიც გამოასწორო შენი მეცადინეობითა და საღმრთო სიყვარულით და საკუთარი თავისთვისაც სარგებელი ჰპოვო და ამ ღვაწლის სანაცვლოდ ღვთისგან მადლი მიიღო.
კლერიკოსი: რომელია ყველაზე უარესი ერესი?
მღვდელმთავარი: ძმაო, ყველაფერი, რაც (ადამიანს) წარწყმედის სიღრმეში ჩააგდებს, ბოროტისგანაა, და ყველაფერი, რაც ცხონებას უშლის ხელს, წარმწყმედელია. მაგრამ როგორც სიკეთეებში და როგორც სხვადასხვა (კეთილი) საქმისთვის სხვადასხვა საზღაურია, უფლის სიტყვისამებრ: "მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა" (ინ. 14:2), ვფიქრობ, ასევეა საპირისპიროშიც, მიუხედავად იმისა, რომ მათში უწესრიგობაა (ვინაიდან ბოროტთაგან არაფერშია წესრიგი, რადგან სიცრუის მამაც უწესრიგოა); ყველაზე უარესი ერესი ისაა, რომელიც ღვთის შესახებ უმეტეს მკრეხელობას ასწავლის, ხოლო საშუალონი და უკანასკნელნი არიან ისინი, რომლებსაც ყველაზე ნაკლები მკრეხელური სწავლება აქვთ.
ვფიქრობ, რომ ურჯულოთა რიგი ამგვარია: უღმერთოთა შორის პირველი ისაა, ვინც ღმერთს საერთოდ არ ცნობს და ვისზეც მრავალღმერთიანობის ცდომილება უფლობს, ვინაიდან საერთოდ არ განსხვავდებიან ეს უკანასკნელნი ურჯულოთაგან, რადგანაც ღვთის სრულიად არცნობის ტოლფასია, როდესაც ვინმე ღვთის ქმნილებებს - ხილულ საგნებსა თუ უწმინდურ დემონებს - ღმერთებად აღიარებს და თაყვანს სცემს.
პირველ უღმერთოთა შემდეგ მეორენი არიან ისინი, ვინც ცისა და მიწის შემოქმედ უფალს ცოცხალი სიტყვისა და სულის გარეშე აღიარებენ ღმერთად. ესენიც უღმერთოები არიან, რადგანაც არ აღიარებენ ჭეშმარიტ და ერთადერთ ღმერთს. ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი არის მამა თავის მხოლოდშობილ ძესთან და ცხოველმყოფელ სულთან ერთად.
ამგვარად, მართალია, ესენიც უღმრთონი არიან, მაგრამ ცეცხლსა და მზეს არ სცემენ თაყვანს, არც დემონებს აღიარებენ ღმერთებად და მით ნაკლებ ბოროტებაში იმყოფებიან.
კლერიკოსი: მათ შემდეგ ვინაა უღმრთოებაში სხვებზე უარესი?
გაგრძელება იქნება.
წყარო: წმინდა სვიმეონ თესალონიკელი. დიალოგი ჩვენს რწმენაზე, საეკლესიო წესებსა და საიდუმლოებებზე. საეკლესიო გამომცემლობა "ახალი ივირონი". თბილისი 2023 წ.