განმარტებანი - ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

"ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი"

ლუკა 6:26

პოპულარობის ვნება

ლუკას სახარება: "ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები. ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ; აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის. ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ" (ლკ. 6:26-35).


26. "ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები"


ამბა ამონი (IV ს.). "არ არის კარგი მოსწონდე ყველა ადამიანს, რადგან წერილ არს: "ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი!" წინასწარმეტყველნი ჭეშმარიტებისთვის კვდებოდნენ, ხოლო ცრუწინასწარმეტყველნი ხალხს მათთვის სასიამოვნოს ამცნობდნენ და ამიტომ უყვარდათ კიდეც; შენ კი, რომელსაც გსურს ჭეშმარიტების ქადაგება, იმაზე უფრო იფიქრე, როგორ მოკვდე სიმართლისთვის, ვიდრე იმაზე, როგორ მოაწონო თავი უმრავლესობას და საყვარელი იყო მათთვის. ამას ვწერ ისე, როგორც მესმის; თქვენც ასე მოიქეცით და სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებთ. ჩემი აზრით, თუკი კაცთმაამებლობისკენ დაიწყებთ სწრაფვას, მომავალ განკითხვას დაექვემდებარებით, რადგან არ გქონდათ შიში ჭეშმარიტების წინაშე. ხოლო, თუ ჭეშმარიტებისთვის მოშურნენი იქნებით, მისი ქადაგებისთვის, თავიდან შესაძლოა მცირედით გული გატკინონ, მაგრამ ბოლოს გაუკვირდებათ თქვენი და შეგაქებენ საღმრთო მოშურნეობისთვის" ("ფრაგმენტები").

მაკარი ეგვიპტელი (IV ს.): "ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი!" ანუ, როდესაც თქვენში აღიძვრება სურვილი კაცთაგან ხოტბის შესხმისა და გაგიხარდებათ მათგან მომდინარე მაამებლური შექებანი" ("დიდი ეპისტოლე").

თეოფილაქტე ბულგარელი (XII ს.): "გვეშინოდეს, ძმანო, რადგან ვაი მათ, ვისაც აქებენ კაცნი, რამეთუ ჯერ არს ქება ღვთისგან დავიმსახუროთ, ვიდრე კაცთაგან".

არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) (1906-1976): ბოროტებაში დანთქმულ სამყაროს უყვარს ის, ვინც მას ემლიქვნელება; ის, ვინც ცოდვაში ცხოვრობს, ამიტომაც: "ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი!" რადგან ეს არის თქვენი უზნეობის ნიშანი".




მღვდელი მიხეილი
(ლუზინი) (1830
1887): "ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი!" "უბედურება ეუწყება მას, ვისზეც ყველა ადამიანი კარგს იტყვის, საპირისპიროდ იმისა, ვისაც დევნიან და გმობენ ქრისტეს სახელისთვის. დღეს მთელი ქვეყნიერება ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებასა და სულს, ამიტომაც სძულს მას მაცხოვარი და მისი სწავლების მქადაგებელნი (იოანე 15:17-19). ამიტომაც, ქრისტეზე და მის ჭეშმარიტებაზე გაბოროტებული ეს სამყარო ვინმეზე კარგს თუ ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ასეთი კაცი არ ქადაგებს ქრსიტეს და არ მისდევს მის ჭეშმარიტებას, სხვაგვარად წუთისოფელი შეიძულებდა მას და დევნას დაუწყებდა. თავისთავად იგულისხმება, რომ ამით არ გამოირიცხება კეთილი ქება ქრისტეანთაგან მათთვის, ვინც ამას იმსახურებს".

"
ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები". ცრუწინასწარმეტყველნი არიან ის პირები, რომლებიც თავიანთ სწავლებას ღმრთის სწავლებად და ჭეშმარიტებად ასაღებდნენ (იგივე ითქმის ცრუმოძღვრებზეც - რედ.). თავიანთი ცრუ სწავლებით ისინი ეპირფერებიან კაცთა ვნებებს, შეეწყობიან ხალხის შეხედულებებს, ამბობენ ხალხისთვის სასიამოვნოს, და არა იმას, რაც ღვთის ნების თანხმიერია (იხილეთ თუნდაც ხალხის მამხილებელი ქადაგება იერემიასი: 33:11-32), ამიტომაც, ხალხი, ანუ მისი უცუდესი ნაწილი, აქებდა და ადიდებდა ასეთ ცრუწინასწარმეტყველთ (ცრუმოძღვართ - რედ.) და კარგს ამბობდა მათზე. ადამიანებს, რომლებიც ასეთ ქება-დიდებას ეძიებენ, უფალი ამცნებს რომ დიდი ვაება ელოდებათ მომავალში".

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "(წერილ არს) "ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. ჰპოვა მადლი - ღვთის წინაშე". უბრალოდ კი არ არის ნათქვამი, მადლი ჰპოვაო, არამედ: უფალი ღმერთის წინაშე. რათა გვიჩვენოს, რომ მისი ერთადერთი მიზანი იყო, იმ დაუძინარი თვალის მოსაწონი გამხდარიყო, და ვერ შეარყევდა ადამიანური ვერც დიდება, ვერც უკეთურება, ვერც დაცინვები. ბუნებრივია, რომ თავისი მტკიცე გადაწყვეტილების გამო, ყველას და ყველაფრის მიუხედავად სათნოება მოეხვეჭა, უდიდეს ლანძღვასა და აბუჩად აგდებას იტანდა, რადგანაც ყველა უკეთური, როგორც წესი, მუდამ დასცინის მათ, ვინც სიბილწის მიტოვებას და სათნოების შედგომას გადაწყვეტს - ამის მოწმენი დღესაც ხშირად ვხდებით. და ვხედავთ, რომ მრავალი უზრუნველი ადამიანი წინ ვერ უდგება დაცინვასა და ლანძღვას, ადამიანურ დიდებას ჭეშმარიტ და მარადიულ დიდებაზე მეტად აფასებს, და მათაც გაიტაცებს და ჩაითრევს ხოლმე სხვათა უწმინდური ცხოვრება. მხოლო ქველ სულსა და მტკიცე გონებას შეუძლია, გაუმკლავდეს მისი გარყვნის მოსურნეებს და არაფერი გააკეთოს ადამიანთა გულის მოსაგებად, არამედ იმ მარადფხიზელ თვალს მიაპყროს მზერა და მხოლოდ მისგან მოელოდეს მოწონებას. ადამიანებს კი ყურს არ უგდებდეს და არად მიაჩნდეს მათი შექება თუ ძაგება, არამედ, ვით ჩრდილი თუ ზმანება, უყურადღებოდ დაყაროს ისინი. ახლაც ხშირია, როდესც მრავალნი ვერ იტანენ დაცინვას ათისგან, ოცისგან თუ უფრო მცირედთაგან, წაიბორძიკებენ და ეცემიან. არის სირცხვილი, რომელსაც ცოდვა მოაქვს (ზირ. 5:25). მნიშვნელოვანია, ყურადღებას არ ვაქცევდეთ მათ, ვინც ავსიტყვაობენ, დასცინიან და აბუჩად იგდებენ სხვებს. ამ მართალმა კაცმა კი გაუძლო ზეწოლას: არად ჩააგდო არა თუ ათი, ოცი თუ ასი ადამიანი, არამედ მთელი მათი ერთობა, უამრავი და ურიცხვი ხალხი" (ჰომილიები დაბადების წიგნზე. 23-ე ჰომილია).

მისივე (სხვა განმარტება): "ამიტომაც გვასწავლიდა ქრისტე, არ ვდიოთ ადამიანურ დებას და მრავალი სხვა შეგონების მერე ესეც გვითხრა: ვაი თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი! (ლუკა. 6:26). დააკვირდით, სიტყვით ვაი როგორ გვიჩვენა, თუ რა სასჯელი მზადდება ამგვარი ადამიანებისთვის. ეს ვაი სავალალო შეძახილია; ქრისტე თითქოსდა დაიტირებს მათ და ეუბნება: ვაი თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი! დააკვირდი, რა ზუსტადაა გამოთქმული: თქვა არა მხოლოდ კაცნი, არამედ: ყოველნი კაცნი. შეუძლებელია, სატნო ადამიანმა, რომელიც ვიწრო და მწუხარე გზას ადგას და ქრისტეს მცნებებს აღასრულებს, ყველა გარშემომყოფისგან ქება და აღტაცება დაიმსახუროს, რადგანაც დიდია ბოროტების ძალა და სათნოების მტრობა. უფალმა უწყის, რომ კაცი, ვინც უცვალებლად იღვწის სათნიო საქმეებში და მხოლოდ ღმერტისგან ელის შექებას, ვერასოდეს მოიხვეჭს ქებასა და დიდებას ყველა ადამიანისგან; ამიტომაც უბედურებს უწოდებს მათ, ვინც ადამიანთა შექების ხათრით სიქველეს განეშორებიან. ყველა ადეამიანისგან მიღებული შექება იმისი უპირველესი მტკიცებულებაა, რომ შექებული მცირედ ზრუნავს ქველ საქმეებზე. ან კი როგორ შეაქებს ყველა სათნოების მოქმედს, თუკი იგი ჩაგრულს მჩაგვრელისგან წარიტაცებს, ბოროტების მსხვერპლს ბოროტების ჩამდენისგან მოაშორებს? ისევ და ისევ, თუ მოინდომებს, ცოდვის მოქმედნი გამოასწოროს და სათნოდ მცხოვრები შეაქოს, განა ბუნებრივი არ არის, რომ ზოგი შეაქებს მას, ხოლო ზოგი გაკიცხავს? ამიტომ უფალი ამბობს: ვაი თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი!" (იქვე).


საიტი "აპოკალიფსისი". მასალები მოამზადა "მაქსიმემ".

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню