განმარტებანი - თეოდორე ჰარანელი უფლის ფერისცვალების და მისი ორი ბუნების შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ჩვენი წმინდა და ნეტარი მამის, თეოდორე ჰარანელი ეპისკოპოსის მიერ თქმული

თაბორის მთის, უფლის ფერისცვალების და მისი ორი ბუნების შესახებ
უფლის ფერისცვალება
სამკალი მწიფე ნაყოფისაა, რთველი - ვენახის მოსავლის, ხოლო სულიერი სწავლა წმიდა წიგნებიდან უნდა მივიღოთ. რთველი და სამკალი წელიწადში ერთხელაა, ხოლო ის საზრდელი, რომელიც ჩვენს სულებს სიცოცხლეს ანიჭებს, წმინდა წიგნების შესწავლაა. მოსავალი და რთველი აღების შემდეგ მალევე გამოილევა, ეს სულიერი რთველი კი ყვავილმცენარეა და მისი ნაყოფი მუდამ მისთანაა.

ახლა გვმართებს, გამოვიძიოთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს, სიცოცხლის მომნიჭებელი სიტყვების მნიშვნელობა: "ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, დიდებით მომავალს. ექვსი დღსი შემდეგ წაიყვანა უფალმა სიმონ-პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე და აიყვანა ძალიან მაღალ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი. და გაბრწყინდა მისი პირისახე, როგორც მზე და მისი სამოსი თოვლივით სპეტაკი გახდა" (მათ. 16:28; მარკ. 9:1-3).

ვინ, თუ არა მოციქულები, არიან ისინი, ვინც არ იხილავს სიკვდილს, ვიდრე არ ნახავს მეორედ მოსვლის ხილვას?! სწორედ მათ უჩვენა უფალმა მეორედ მოსვლის იდების სახე თავისი ფერისცვალებით. მათ მთაზე იხილეს, თუ როგორ აპირებს ღმერთის და კაცის ძე მოსვლას მეორედ; აიყვანა ისინი მთაზე, რათა აუწყოს, თუ საიდან მოვიდა და ვისი ძეა. მან ეს ადრეც ჰკითხა მოციქულებს: რას ამბობენ ადამიანები კაცის ძეზე? და მათ უპასუხეს: ზოგიერთი ამბობს, რომ იერემიაა, ან ვინმე სხვა წინასწარმეტყველიო (შდრ. მათ. 16:13-14; მარკ. 8:27-28).

ქრისტემ მოციქულებს ფერისცვალება იმისთვის უჩვენა, რომ საკუთარი თვალით ენახათ: ის ელია კი არაა, ელიას ღმერთია და ისაა, ვინც იერემიას დედის მუცელშივე უთხრა: მე განგწმინდე შენო. ფერისცვალების ხილვით მოციქულებმა უნდა გაიგონ და ნახონ: იესუა თავად წინასწარმეტყველთა მომავლინებელი, მას ემორჩილება ზეცაც და ღრუბლებიც.

ამიტომაც მოუხმო გარდაცვლილ მოსეს და ცაში ატაცებულ ელიას, რათა იცოდნენ, რომ ცოცხლებისა და მკვდრების ღერთია, რომელმაც მოსე მოაკვდინა და ელია მიწიდან ცოცხლად წაიყვანა ცეცხლოვანი ეტლით. მოუხმო მოსეს და ის ვერ შეაჩერა სიკვდილის კარიბჭემ; ასევე, ელიაც, მისი უცნობი სამყოფელიდან მალევე მოიყვანა. ეს საიდუმლო კი იმისთვის გაუხსნა მოციქულებს, რათა მათ სცოდნოდათ და ეჭვი არ შეჰპარვოდათ იმაში, რომ ნამდვილად ღმერთია ქრისტე; რადგანაც მოციქულები იცნობდნენ მის დედას, მარიამს და იოსებს, რომელიც არჩენდა მას, ვისთან ერთადაც იესუ ცხოვრობდა: ჭამდა და სვამდა, რაც უცხო და შეუსაბამოა ღვთაებრივი ბუნებისთვის.

ამიტომაც მოასმენინა უფალმა მოციქულებს მამა ღმერთის დამოწმება მასზე, რათა მისი ჯვარცმის შემდეგაც მტკიცედ მდგარიყვნენ, რაკი უკვე გაგონილი ექნებოდათ დიდებული ხმა მამა ღმერთისა; ეგაა ჩემი საყვარელი ძე, მაგას უსმინეთო (მათ. 17:5; მარკ. 9:7; ლუკ. 9:35).

იესუმ თავისი დიდებულება მოციქულებს ადრევე (ჯვარცმამდე) იმიტომ აჩვენა, რომ მათ სცოდნოდათ: ეს ძალა მას მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი არ მიუღია, არამედ თავიდანვე ჰქონდა - თავიდანვე იყო ის მეუფე სიკვდილისა და დიდებისა. თვითონაც ხომ ამბობდა ამას: "მამაო, მადიდე მე იმ დიდებით, რომელიც მქონდა შენთან ერთად სამყაროს შექმნამდე" (იოან 17:5). ნუთუ ადრე ჰქონდა მას დიდება და შემდეგ კი უკან წაერთვა? ნუ იფიქრებ ასე! მისი ღვთაება მის კაცობრივ ბუნებაში იყო დაფარული და მხოლოდ აღდგომის შემდეგ გამოჩნდა. თუმცაღა, ყოველთვის კი ჩანდა, მაგრამ არა ყველასთვის, ხოლო აღდგომის შემდეგ უკვე ყველასთვის აშკარად გაცხადდა, რომ, როგორც თავად თქვა: "მე ვძლიე წუთისოფელს" (იოან. 16:33).

მოციქულებმა იესუ მზესავით გაბწყინებული იხილეს. ისინი ორ მზეს უცქეროდნენ: ერთს - ჩვეულებრივს, ყველასთვის ხილულს და მეორეს - უხილავს; თუმცა იესუს სიკაშკაშე ისეთი კი არ იყო, როგორც მოსესი - შიგნით რომ არ ჰქონდა შუქი და მხოლოდ პირისახე რომ უნათებდა ზედაპირულად; არა, იესუს ბრწყინვალება სრულყოფილი იყო, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად.

იესუ თავად იყო ამ შუქის წყარო, ის მას ადრევე ჰქონდა და არავისგან მიუღია; მოციქულებს არც კი შეეძლოთ მთელი მისი სიკაშკაშის სრულყოფილი აღქმა, არამედ რამდენის განცდაც შეეძლოთ, მხოლოდ იმდენი უჩვენა მათ. ასევე, თვის თანამოსაუბრეებად დაანახა უფალმა მოწაფეებს მოსე და ელიაც. ისინი - წინასწარმეტყველთა მთავარნი - აღიარებდნენ, რომ აღსრულდა წინასწარმეტყველება; ამის გამო მადლობდნენ, ხარობდნენ და ადამიანთა მოდგმის ხსნისათვის თაყვანისცემას სწირავდნენ იესუს.

მოციქულთა მთავრებს კი - პეტრეს, იაკობს და იოანეს - მამა ზეციერის მოწმობა ესმოდათ და ამით უფრო განმტკიცდებოდნენ ქრისტეს ღმერთობის რწმენაში, რადგან ხედავდნენ, რომ მოსე და ელია ისე იდგნენ მის წინაშე, როგორც მონები. იხილეს წინასწარმეტყველებმა მოციქულები და მოციქულებმა - წინასწარმეტყველები. მოციქულებმა გაიაზრეს, რომ არავის შეეძლო მოსეს მოყვანა, იმის გარდა, ვინც გარდაცვალა იგი და ვერც ელიას მოიყვანდა სხვა, თუ არა ის, ვინც ცაში აიყვანა იგი; რადგან არავინ იცოდა მოსეს საფლავი, გარდა მისი დამსაფლავებელისა და არც ელიას ადგილსამყოფელი იცოდა ვინმემ, გარდა იმისა, ვინც წაიყვანა იგი. ამგვარად, იესუმ მოუხმო ცოცხალს და მკვდარს, რათა აუწყოს მოციქულებს, რომ იგია ცოცხლებისა და მკვდრების, ცისა და მიწის, ყოველი უფსკრულისა და ყოველივეს ღმერთი.

უყურებდნენ ერთმანეთს წინასწარმეტყველები და მოციქულები. იხილა ხორციელმა ნავმა (მოსემ), რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ხალხი (ეგვიპტიდან) სულიერი კლდე (პეტრე), რომელმაც დააფუძნა ეკლესიები; მამა ზეციერის საუნჯის საიდუმლო მცველმა იხილა ძე ღმერთის საუნჯის ცხადი პატრონი; მოსემ ზღვა გააპო ისრაელი ხალხისთვის, პეტრე კი ზღვაზე ისე დადიოდა, როგორც ხმელეთზე, რათა განემტკიცებინა ეკლესიის შვილები. ელიაც, რომელიც ცეცხლოვანი ეტლით ამაღლდა, ხედავდა იოანეს, რომელი ცსერობის დროს მკერდზე მიეყრდნო მიუახლებელ ცეცხლს (იესუს).

დღეს მოციქულთა და წინასწარმეტყველთა ერთად შეკრებით ორივე სჯული გამოცხადდა. ადრე წინასწარმეტყველთა მიერ ნაქადაგები, გამოუვლენელი, დღეს მოციქულთა ახლადნაქადაგებს შეუერთდა და როგორც მოციქულმა თქვა: "ორი ერთად აქცია და საზღვარი მოშალა" (ეფეს. 2:14).

პეტრე ღაღადებს და ამბობს: "კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა" (მათ. 17:4). ჰოი, მოციქულო, დიდ საიდუმლოს აცხადებ ამ სიტყვებით - კარგია ჩვენთვის აქ ყოფნაო - ნამდვილად კარგია, რადგან წინასწარმეტყველთა სიტყვები აღსრულდა და ადამის ხელწერილი, რომლითაც ის ცოდვას ემონებოდა, დაიხია. ხოლო როცა პეტრე ამბობს: სამი კარავი გავაკეთოთიო, ამ სამი კარვით წმინდა სამების მიმღებელი ეკლესიის აშენებაზე მიანიშნებს.

კარგია, რომ წინდაწინ ზრუნავ ეკლესიებისთვის, რადგან წმინდა ეკლესიების მუშაკების მთავრად ხარ დადგენილი და სარწმუნოების კლდედ ხარ დამტკიცებული. "კარვებში" ეკლესიებს გულისხმობს, რათა ეკლესიის შვილებმა მასში დაისვენონ ერეტიკოსთა მხურვალებისგან.

სანამ იგი ამას ამბობდა, ნათლის ღრუბელი გამოჩნდა (მათ. 17:5; მარკ. 9:7), რათა აუწყოს წინასწარმეტყველებს და მოციქულებს, რომ იესუა, ვინც მათ მამებს უჩრდილავდა უდაბნოში; ამავე ღრუბლიდან დაამოწმბდა მასზე მამის ხმა: "ეგაა ჩემი საყვარელი ძე, მაგას მოუსმინეთ!" და დაეცნონ მოციქულები შიშისგან, ხოლო წინასწარმეტყველები მაშინვე დაბრუნდნენ იქ, საიდანაც მოიყვანა ისინი უფალმა და არავინ დარჩა იქ, გარდა იესუსი; ვერავინ გაუძლო ამ სასწაულ ხმას, მხოლოდ იესუმ მიიღო ის ბუნებრივად, რადგან მას და მამა ზეციერს ერთი ბუნება აქვთ. იესუსთვის ეს ხმა არ იყო გასაკვირი, რადგან მამა მუდამ ესაუბრება თავის საყვარელ ძეს, მოციქულები კი, ამ ხმისგან ზარდაცემულნი, მკვდრებივით დაცვივდნენ მიწაზე. ისინი მამის ხმისგან შეშინდნენ და პირქვე დაემხნენ, ძის მიერ კი გაძლიერდნენ და წამოდგნენ.

რაკი მოციქულებმა მანამდე არ იცოდნენ ძის დაუსაბამობისა და მისი ღმერთობის საიდუმლოების შესახებ, მამისგან გაიგეს ამის დამოწმება: "ეგაა ჩემი საყვარელი ძე, მაგას მოუსმინეთ!" ხოლო შეძრწუნდნენ და დაეცნენ იმის გამო, რომ ამ ხმას თან მოჰყვა დიდი ჭექა-ქუხილი, რომელმაც შეძრა მიწა, ცა და მისი მკვიდრნი. მოუხმო ძემ მოციქუელბს, გაამხნევა და წამოაყენა; როცა მოციქულები წამოდგნენ, იესუს გარდა ვეღარავინ დაინახეს. ხმა, რომელიც მამისგან გაისმა, იესუს ადამიანობას მისი ღვთაებისგან არ გამიჯნავს; ძე ღვთისა დაუსაბამოა (არა აქვს დასაწყისი) და ის მანამდეც იყო, ვიდრე თავად დრო შეიქმნებოდა; ამავდროულად, ის არის მარიამის ძე, დროში შობილი ღვთისმშობლისგან.

რაკი ნამდვილად განუყოფელია მისი ადამიანური ბუნება (მისივე) ღმრთის დიდებისგან, ერთია ქრისტე თავის ადამიანობითა და დიდებით. გამოუჩნდა სამყაროს იმ ღმერთობის დიდებით, რომელიც მამისგან არის და სხეულით, რომელიც ადამიანისგანაა (მარიამისგან). ერთი და იგივეა მამა ღმერთის ძე და ქალწულისგან განკაცებული.

ვინც კი გაბედავს ქრისტეს არსების გაყოფას, დაე, სასუფევლის გარეშე დარჩეს იგი!

ვინც შეაერთებს ქრისტეს ორ ბუნებას, დაე, გაცამტვერდეს მისი სიცოცხლე!

ვინც იტყვის, რომ მარიამმა ღმერთი არ შვაო, დაე, არ იხილოს მისი ღვთაებრივი დიდება!

ვინც უარყოფს და იტყვის, რომ არ განხორციელებულაო, დაე, ამოიშალოს ცოცხლების წიგნიდან, რადგან იესუ ქრისტეა ცოცხლებისა და მკვდრების ხელმწიფე და იგი მიუზღავს თავის უარმყოფელთ და დასჯის თავის მგმობელთ, რადგან მისია სამარადისო დიდება. ამინ.

წყარო: რჯული ქრისტესი. დღესასწაული. ფერისცვალება იესუ ქრისტესი. გამომც. "ალილო". თბილისი 2018 წ. გვ. 66-71.
Назад к содержимому