განმარტებანი - სიზმართათვის - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

სიზმართათვის

წმიდა მამათა განმარტებანი სიზმართა შესახებ

სიზმარი

წმ. მამები სიზმრებს ყოფენ სამ კატეგორიად:

1. სიზმრები, რომლებიც გამოწვეულია ჩვენი ოცნებებითა და განცდებით,
რადგან წმ. ბასილი დიდის თქმით: "სიზმრისეული ოცნებები ხშირად დღის განმავლობაში ნაფიქრალის გამოძახილს წარმოადგენენ" (Толк. На 33 псалом). არსებობენ ბუნდოვან სიზმრები, რომლებიც ასახავენ მეხსიერებიდან ამოტივტივებულ, ან წარსულში, ან აწმყოში განცდილ გრძნობებსა და მოვლენებს, პირად განცდებს, ოცნებებს, რომლებიც ხშირად ერთმანეთში აღირევიან და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულნი არიან. ასეთ სიზმრებს წმ. ნიკიტა სტიფატი ოცნებებსაც უწოდებს; ისინი გონების წარმოსახვაში არ არიან უცვალებელნი, არ მოაქვთ არავითარი სარგებლობა და ამგვარი სიზმრისეული ოცნება გაღვიძებასთან ერთად ქრება. "სიზმრების ხილვა ერთმანეთის საწინააღმდეგოაო", ამიტომაც ბრძანებდა ბრძენი ზირაქი (ზირ. 34:3).

მ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თქმით: "როგორც ადამიანი არის ორბუნებოვანი არსება და სულისა და სხეულისგან შედგება, ასევე სამყაროც ორგვარია: ხილული და უხილავი. თითოეულში ცალ-ცალკე აღესრულება ესა თუ ის საქმიანობა, იმისდა მიხედვით, თუ ვის რა სურს, რა აწუხებს და რისთვის ირჯება. ასეთივე მსგავსებას ვხედავ ცხადსა და სიზმრისეულ ჩვენებებს შორის. რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში უტრიალებს, იგივე ეზმანება და იმაზე ფიქრობს ძილშიც..." (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. "სამოღვაწეო და შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი". თბილისი 1992 წ. გვ. 98).

ამიტომაც, "...სულის გონითი ნაწილი მზვაობრობამ და სიამაყემ თუკი შეიპყრო, სიზმრად ფრთაშესხმული ჰაერში აფრენას ლამობს, ეჩვენება, რომ მოკალათებულია მოსამართლის მაღალზურგიან სავარძელში და ხან სახალხო მსაჯულია, ხან საჯარო გამოსვლებში მონაწილეობს, ხანაც საზეიმო შეხვედრებს უწყობენ" (იქვე). ამიტომაც ამბობს ბრძენი ზირაქი: "ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები. რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე... სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებნ გულს. თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილნი უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ, რადგან მრავალი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი" (ზირაქი. 34:1, 2, 5-7).

2. მეორე კატეგორიის სიზმრები "სწორედ ის სიზმრებია, რომლებიც "შესაგონებლად არიან მოვლენილნი უზენაესისგან"
(ზირაქი 34:6). ასეთი ჩვენებებს სიზმრისეულ ხილვებს უწოდებს წმ. ნიკიტა სტიფატი, ისინი არ იცვლებიან და ისე გვამახსოვრდება, რომ მრავალი წლის განმავლობაში უცვალებლად აღბეჭდილია ჩვენს გონებაში (ციტ. (Христианская жизнь по добротолюбию". Москва 1991 г., стр. 124). მაგრამ ასეთი ხასიათის შთამბეჭდავ სიზმრებს ზოგჯერ ეშმაკიც იწვევს, რაც ხშირად ხდება ხიბლის მიზეზი. აი, რას ბრძანებს წმ. იოანე კიბისაღმწერელი: "სიზმარი გონების აღძვრაა ხორცის უძრავობისას, როდესაც უფლის სიყვარულისთვის სახლ-კარს, ახლობელთა და ნათესავებს დაუტევებთ და მოსაგრეობას შევუდგებით, მაშინ ეშმაკი სიზმართა მეშვეობით შეგვაშფოთებენ და ჩვენს ახლობელთ ან როგორც მგლოვიარედ ან შეჭირვებულად მყოფთ, ან კიდევ თითქოსდა გარდაცვლილებად წარმოგვიდგენენ და მით გვაბრკოლებენ. ამიტომაც, სიზმართმორწმუნე იმ კაცსა ჰგავს, საკუთარ აჩრდილს დასაჭერად რომ გამოჰკიდებია.

დიდებისმოყვარების ეშმაკი სიზმარში წინასწარმეტყველებს. თუმც ეშმაკმა მომავალი არ უწყის, თავისი ბუნების სისწრაფის წყალობით თუ რაიმე ესმა, ან იხილა ან იცის, მსწრაფლ მოვა და მოგვითხრობს. ვინც ეშმაკს ერწმუნება მას მრავალგზის წინასწარმეტყველად შეექმნება. ხოლო ვისაც სძულს, მისთვის ეშმაკი ყოველთვის მტყუარია. ეშმაკნი ხშირად გვეცხადებიან ანგელოზთა და წმიდა მოწამეთა სახით და გვიჩვენებენ, თითქოსდა ჩვენ მათ მივეახლებით, რათა ამით გახარებულები გამოგვაღვიძონ და აღგვავსონ მზვაობრობით" ("კლემაქსი", თ. 3. "სიზმართათვის"). მათი საცთურების ნიშნად ეს გქონდესო, გვაფრთხილებს წმ. იოანე, რომ ჭეშმარიტი ანგელოზნი ხორცისგან სულის განშორებასა და მარადიულ სატანჯველთ გვიჩვენებენ, რათა გაღვიძებულები შევრძწუნდეთ და შევშინდეთ, ამიტომაც, ვერწმუნოთ მათ, რომლებიც სასჯელსა და სატანჯველთ გვიჩვენებენ; ხოლო თუ სასოწარკვეთა დაგეუფლა, უწყოდე რომ აქაც ეშმაკი გებრძვის" ("კიბე", იქვე).

შეკითხვაზე: "თუ ვინმეს ერთი და იგივე სიზმარი სამჯერ დაესიზმრა, შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ ის ჭეშმარიტებად"? მამები პასუხობენ:

"არა! არ უნდა ვერწმუნოთ ასეთ სიზმრებს! რადგან, მას, ვისაც შეუძლია ყალბი სიზმარი ერთხელ გვიჩვენოს, ამის გაკეთება სამჯერაც შეუძლია. ასე რომ, იფხიზლე, ძმაო, რათა ეშმაკისგან შეგინებული არ აღმოჩნდე" (იქვე. ბარსონუფი დიდისა და იოანეს პასუხები. პასუხი 415). პატერიკებში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ეშმაკმა მოსაგრეს ერთი და იგივე სიზმარი ექვსჯერ დაასიზმრა. ერთ-ერთ კიევო-პეჩორელ ბერს, თევდორეს, სიზმარში ნათლის ანგელოზად გამოცხადებულმა ეშმაკმა საცთუნებლად გამოქვაბულში ჩამარხული განძი აპოვნინა, ხოლო ცხადში საკუთარი მოძღვრის, ბასილის სახით გამოეცხადა. ასევე გამოეცხადა ის სხვებსაც ბასილისა და თევდორეს დასაღუპად" ("Киево-Печорский патерик. 1991 § 10. О святых и преп. Отцах Феодоре и Василии, стр. 30).

ეშმაკის მზაკვარებას ვინ ჩამოთვლის; ვინც თუნდაც ზერელედ მაინც გასცნობია წმ. მამათა თხზულებებს, მან კარგად იცის ამ საგანზე წმ. მამათა გაფრთხილება. სანიმუშოდ ჩვენ შემოგთავაზებთ ნეტ. დიადოხოსის მეტად საჭირო და საყურადღებო დარიგებას, ვისი თქმითაც, როდესაც გონება სულიწმიდის მადლისმიერ ნუგეშს იგრძნობს, მაშინ სატანაც "დასვენების ანუ ძილის დროს სიზმრების მეშვეობით მოჩვენებით ნეტარ გრძნობებს აღუძრავს ადამიანს". ამავე მამის მტკიცებით სიზმრები ადამიანს ღმრთის სიყვარულით ევლინებათ (აქ, ცხადია, იგულისხმება ზემოთ უკვე ნახსენები მანუგეშებელი სიზმრები). წმ. ნიკიტა სტიფატთან ერთად ნეტ. დიადოხოსიც თვლის, რომ ასეთი სიზმრები არ იცვლებიან, არ გვაშინებენ, არ იწვევენ სიცილს, ან უეცარ წუხილს, არამედ უშფოთველად მიეახლებიან ადამიანს და აღავსებენ სულიერი სიხარულით... მაშინ როდესაც დემონური ოცნებები აღსავსეა მშფოთვარებით და, რაც მთავარია, დიად საქმეებს ჰპირდებიან ადამიანს. თუმც ისეც ხდება, რომ კეთილს სიზმრებს სიხარული და აღფრთოვანება კი არ მოაქვთ სულისთვის, არამედ ერთგვარი ტკბილი სევდა და უმტკივნეულო ცრემლი. მაგრამ ამას მხოლოდ ისინი განიცდიან, ვინც უკვე უდიდეს მორჩილებაშია გაწაფული. რაც ყველაზე საინტერესოა (რადგან სიზმართა გარჩევა, - ღვთისგან არის ის თუ ეშმაკისგან, - მხოლოდ გამოცდილ, სულიერ მოსაგრეებს ძალუძთ), ნეტარი მამა გვირჩევს "საერთოდ არ ვერწმუნოთ არავითარ სიზმრისეულ ოცნებას", რამეთუ "სიზმრები სხვა არაფერია თუ არა გულისთქმათა (ან ოცნებათა) მიერ წარმოქმნილი კერპები" და "ეშმაკისგან მოწოდებული სიცრუე და თავშესაქცევი".

"ამ წესს თუ მივყვებით, - ბრძანებს წმ. მამა, - და ზოგჯერ არ შევიწყნარებთ ასეთ სიზმრებს, ღვთისგანაც რომ იყვნენ მოვლენილნი, არ გაგვირისხდება ყოვლადსახიერი უფალი იესუ, რადგან იცის, დემონისგან მოვლენილ სცთურებს რომ ვუფრთხით" (Добротолюбие. Т. 5. Изд. Рус. Дух. Центр. // Роман-газета // Моск. Подворье св. Пантелеимонова монастыря. 1993 г, гл. 31, 38, стр. 25, 30).

3. რაც შეეხება მესამე კატეგორიის სიზმრებს, წმ. ნიკიტა სტიფატის თქმით, საღმრთო გამოცხადებანია, რომლებითაც გვეცხადება უფლის დაფარული და უსაიდუმლოესი განგებულებანი;
ჩვენი ცხოვრებისთვის აღსრულებადი უმნიშვნელოვანესი მოვლენები. ასეთი სიზმრები კი, როგორც წმ. ნიკიტა სტიფატის, ასევე წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის განმარტებით (რომელთაც წმ. სიმეონი უტყუარ სიზმრისეულ გამოცხადებებს უწოდებს), მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომელთა გონებაც სულიწმიდის მადლით დაწმენდილი და განათებული, ვნებათა და სულთქმათა მარწუხების ტყვეობიდან დახსნილია, იღვწის და ზრუნავს მარტოოდენ ღვთაებრივისთვის... მათი ცხოვრება ამა სოფლის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრებასთან შედარებით გაცილებით უფრო სისხლსავსე, უზაკველი და აუმღვრეველია, მშვიდი და სუფთაა, სავსეა წყალობით, ზეგარდმო სიბრძნით და "ნაყოფთა საქმეთა კეთილისათა" (იაკობ. 3:17), რამეთუ სულიწმიდით არის დამწყალობებული. ვინც ასე არ ცხოვრობს, მათ ცრუ და არეული სიზმრები აცთუნებენ და ხიბლში აგდებენ" (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. დასახ. წყარო. გვ. 99). ასეთი ცხოვრება კი მიიღწევა ხანგრძლივი ასკეზით, მდუმარებით (ანუ ისიქასტური ღვაწლით), თავმდაბლობით, სიყვარულითა და მორჩილებით. ამაში დასარწმუნებლად საჭირო არ არის დავიმოწმოთ წმ. მამათა თხზულებები, არამედ თვით მართლმადიდებელ წმ. წინასწარმეტყველთა და წინასწარმჭვრეტელთა ცხოვრობას გადავავლოთ თვალი და ნათლად ვიხილავთ თუ ვის როგორი ღვაწლისა და რწმენის შემდეგ მიეცა ამგვარი მადლი.


წყარო:
http://www.oldorthodox.ge/wrl_ep_pavle_gavamarjvebinot_siyvaruls_4_3.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню