განმარტებანი - "სისასტიკე" ფსალმუნში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

"სისასტიკე" ფსალმუნში

ბრძოლა ცოდვებთან

ფსალმუნებისა და წმიდა წერილის სხვა წიგნთა ზედაპირული კითხვის შემთხვევაში, საკუთარ სიკეთეში დარწმუნებული მკითხველის სინდისი შეიძლება წამდაუწუმ დაბრკოლდეს სიკვდილთა და სასჯელთა ცივი და განყენებული აღწერილობების გამო. ამგვარი მკითხველისთვის ბიბლია უკვე ოდენ ზნეობრივ მაქსიმათა კრებული კი არ არის, არამედ ღმრთის ერის ისტორიაც, რომელიც ხშირად სავსეა სისხლითა და სისასტიკეებით. მტრებთან ამ მუდმივმა ბრძოლამ და წინააღმდეგობამ ლოცვით ცხოვრებაშიც ჰპოვა თავისი ასახვა. ძნელია ისეთი ფსალმუნის პოვნა (თავად სცადეთ), რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები დაუღალავი, მზაკვარი, უსინდისო, ჩასაფრებული და მუდამ მშვილდმომარჯვებული მტერი, რომელიც ყოველთვის ძირს უთხრიდა რჩეულ ერს და ცდილობდა მის განადგურებას.

ეს მებრძოლი და მეომარი თემატიკა ქრისტეანმა ასკეტებმა სულიერი ბრძოლის სიმბოლოდ ადრიდანვე გაიაზრეს. ეწოდნენ რა გამუდმებულ ბრძოლას ცოდვასთან, ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ არა მარტო ორფეხა ბოროტმოქმედნი არიან სარწმუნოების მტრები და სიწმიდეთა დამარღვეველნი. დაცემულნი ანგელოზნი და ცოდვილი აზრები უკეთ მიესადაგება ამ კატეგორიას. მოდი, დავადასტუროთ ეს აზრი რამოდენიმე მაგალითით.



ავიღოთ მაგალითად 57-ე ფსალმუნი. მასში ავტორი მკაცრად უწინასწარმეტყველებს სუპოსტატთ (ბერძნ. - წინააღმდგომთ): "ვითარცა ცჳლი რა დადნის, ეგრეთ მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე" (ფსალმ. 57:9). ეს ითქვა მათზე, ვინც დედის მუცლიდან მიეჩვია სიცრუეს და ვისაც შხამი უდევს ენის ქვეშ. ხოლო მართალი, როდესაც დაინახავს მსგავს ბოროტეულთა აღსასრულს, აი რას გააკეთებს: "იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ, ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა. და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისა; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანას ზედა" (ფსალმ. 57:11, 12).

რას გულისხმობენ ეს სიტყვები? - ისინი გულისხმობენ იმას, რომ ბოროტეულთა საჩვენებელ დასჯას მიზნად აქვს ღვთისმოსავ ადამიანთა საქმიანობის გამოსწორება.

"ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა" ნიშნავს გამოიტანო სარგებლობა მომხდარისგან და შენი საქმეები წარმართო იქით, სადაც არ არის უკეთურება და ცოდვა. ასე, რომ ფსალმუნი გამოთქმა "სისხლში ხელების" განბანვა პირდაპირი მნიშვნელობით არამც და არამც არ უნდა გავიგოთ.

წმ. გრიგოლ ნოსელის განმარტებით "ნათქვამი ნიშნავს, რომ სათნო ადამიანთა სიხარულის მატებასა და გაძლიერებას ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენათა შედარება ემსახურება. გამოთქმა  "იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ, ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა" (ფსალმ. 57:11, 12) შეიცავს იმ აზრს, რომ ცხოვრებაში მისი საქმიანობის უბიწოება ცოდვილთა წარწყმედით დასტურდება. რამეთუ "დაბანა" სიწმიდეს გამოხატავს. მაგრამ, "სისხლით" არავინ იბანს, პირიქით მისით იბილწებიან კიდეც: ამიტომაც არის ცხადი, რომ უსიამოვნოს მოპირისპირე მოვლენით აჩვენებს სათნოებათა ნეტარებას".

ექვთიმე ზიგაბენის ბრძანებს: "მართალი კაცი, ცოდვილის სისხლს რომ დაინახავს, ხელებს დაიბანს; ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოსდა მართალი თავის ხელებს ცოდვილის სისხლში ჰყოფდეს, არამედ მისი სისხლის მიერ აჩვენებს თავის უდანაშაულობას. იოანე ოქროპირი და კიდევ ზოგიერთი წმიდა მამა ბრძანებენ, რომ როდესაც ცოდვილის სისხლი დაიღვრება, მართალი განიწმენდს თავის ხელებს, ანუ თავის ქმედებებს, გახდება რა ღვთისმოსავი და უფრო მღვიძარე ცოდვილზე მოწევნული სასჯელით. რადგან მართალი იხარებს არა ცოდვილის დასჯით, არამედ მისი შეგონებით და თვითონაც უფრო ფრთხილი შეიქნება, როდესაც იხილავს თუ როგორ ისჯებიან სიკვდილით ცოდვილნი.

იგივეს ადასტურებს თეოდორიტეც, რადგან ამბობს: "განიბანებიან არა სისხლით, არამედ სისხლის მიზეზით, იმ აზრით, რომ არაფერი აკავშირებთ ამ სისხლთან, როგორც არსებული ჩვეულების გამო დაიბანა თავისი ხელები პილატემ და ამით, როგორც ფიქრობდა, აჩვენა, რომ ის არ არის ქრისტეს მოკვლის თანამონაწილე და მისი სინდისი სუფთაა. ვიღაცამ თქვა: მართალი უფრო იხილავს თავისი ხელების სისუფთავეს, როდესაც შეადარებს ცოდვილთა სისხლით შემუსვრილობას: და სწორედ ამას ნიშნავს გამოთქმა -  "ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა".

ამრიგად, როგორც თეთრი ფერი შავთან შედარებით კიდევ უფრო სპეტაკდება, მართალთა ხელების სისუფთავე უფრო ბრწყინავს საწინააღმდეგოსთან შედარებით. ათანასე დიდის განმარტებით "მართალნი, როდესაც სამართლიანი სამსჯავროს დროს იხილავენ ზეციდან გადმოყრილ და შეკრულ დემონებს, ღმრთის ამ მსჯავრით გაიხარებენ, რადგან დემონები იმსახურებენ ამ დასჯას". ხოლო ოქროპირის თქმით "მაშინ მართალი იხარებს, რადგან აცდება გეჰენას; ის ასევე იხარებს იმ სასჯელთა გამო, რომელსაც ცოდვილთათვის სარგებლობა მოაქვს, რადგან მართალს სიხარული სწორედ ამ სარგებლობის გამო მართებს".




მეორე მაგალითი საყოველთაოდ ცნობილი ნიმუშია. ეს არის 136-ე ფსალმუნი - "მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა". ტექსტი იმდენად ცნობილია, რომ მასზე მუსიკა დაწერა ცნობილმა პოპ-ჯგუფმა "ბონი ემ"-მა (Boney M). ფსალმუნის ბოლოს დატყვევებული და დამცირებული ებრაელები წარმოთქვამენ ასეთ სიტყვებს: "ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!" (ფსალმ. 136:8, 9).

რომ არა ამ სიტყვების განსაკუთრებული და კონკრეტული სულიერი აზრი, ეს ტექსტი შეიძლებოდა ნამდვილ კოშმარად და ადამიანურობის საწინააღმდეგო მოწოდებად ჩაგვეთვალა. აზრი კი ასეთია: ბაბილოვნელი ყრმები - ეს ცოდვილი აზრებია. ისინი მანამ უნდა ამოვძირკვოთ, სანამ დაყმაწვილდებიან, რადგან შემდეგ ცოდვილი ფესვების ამოძირკვა შეუძლებელი გახდება. ასეა სარეველაც, მისი ამოძირკვა ხომ მანამდეა ადვილი, სანამ ბალახია, სანამ ბუჩქი გახდება და ფესვებს მყარად გაიდგამს. ხოლო "კლდე" - ეს ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია. "რადგანაც წერილი ამბობს: "აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე". ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი "ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცთური" (1 პეტრე 2:6-7). ასე ამბობს მთავარმოციქული პეტრე, ხოლო მთავარმოციქული პავლე კიდევ უფრო მარტივად ბრძანებს: "და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე" (1 კორინთ. 10:4).

ამბა დოროთე: "უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!"
ვნახოთ, რა მივეცით ჩვენ (ეშმაკს), რა მივიღეთ, და რისი მიგება გვსურს? ჩვენ მივეცით საკუთარი ნება და მივიღეთ ცოდვა. ეს გამოთქმა ნეტარს უწოდებს მათ, ვინც სამაგიეროს მიაგებს მას, ხოლო "მისაგებელი" აქ ნიშნავს: მეტად არ სცოდო. შემდეგ კი ამატებს: "ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!" ნეტარია, ვინც თავიდანვე არ შეიწყნარებს შენს (ანუ ეშმაკის) მიერ ნაშობთ, ანუ მზაკვარ აზრებს, და არ გამოზრდის მათ თავის სულში და არ გადააქცევს ბოროტებად; არამედ, სანამ ჩვილნი არიან ეს აზრები, მოუმწიფარნი და ვიდრე გამყარდებოდნენ, აუმხედრდება მათ, აიღებს და შეახეთქებს კლდეს, რომელიც არის ქრისტე (1 კორინთ. 10:4), ანუ ამოწყვიტავს მათ ქრისტეს შეწევნით".




ექვთიმე ზიგაბენი: რამეთუ, "იერუსალიმში" სული უნდა ვიგულისხმოთ. ხოლო "უბადრუკი ბაბილონი" არის უკეთურება და ცოდვა, რომელმაც გააპარტახა და დაიმონა სათნოება და სიკეთე. ამიტომაც, ნეტარია ის, ვინც ამოძირკვავს ამ უკეთურობასა და ცოდვას. უკეთურების მიერ ნაშობი ეს ჩვილნი ვნებითი აზრებია, ჯერაც მოუმწიფარნი და უაზრონი. ნეტარია ის, ვინც ძლევს მათ და სარწმუნოების კლდეს მიახეთქებს (ასეთი კლდე, წმ. პავლე მოციქულის თქმით არის ქრისტე).

იერონიმე სტრიდონელი: "მაშ, ნუ გამოზრდი შენს ცოდვილ ვნებებსა და აზრებს. დაე ნუ მიაღწევენ ისინი სიყმაწვილესა და რაიმე ბაბილონურს, რაიმე ცოდვის აღმძვრელს. მოჰკალ ეს მტერი, სანამ ის ჩვილია; დაე დასაბამშივე განადგურდეს სიზარმაცე, რათა მისგან სარეველები არ აღმოცენდეს. ისმინე ფსალმუნთმნაგლობლისა, რომელიც ამბობს: "ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!" (ფსალმ. 136:8, 9). რადგან შეუძლებელია გულში გაჩენილი ვნება და ლტოლვა არ გამოვლინდეს ადამიანის გრძნობებში, ნეტარად იწოდება ის, ვინც ვნებითი აზრების გაჩენისთანავე სპობს მათ და "შეახეთქებს კლდეს". "კლდე" კი არის ქრისტე" (1 კორინთ. 10:4).

ამრიგად, ფსალმუნში ლაპარაკია იმაზე, რაზეც წერს იოანე კიბისაღმწერელი: "ურტყი მტერს (ეშმაკს) იესუს სახელით. უძლიერეს იარაღს ვერ იპოვი ვერც ცაში და ვერც დედამიწაზე". ასე, რომ მთლიანობაში იხატება ასეთი სურათი: ცოდვამ განარისხა ღმერთი, მან (ცოდვამ) რჩეულ ერს ძალა გამოაცალა. ცოდვას ახლაც უნდა ვებრძოლოთ და დაუღალავად ვეომოთ. ვურტყათ მას უფლის სახელით, საფუძველშივე გავანადგუროთ, სანამ ჩვილია, სანამ არ ამოზრდილა და ფესვები არ გაუდგამს, სანამ არ გაძლიერებულა ჩვენს სულში. ნათელია, რომ ბუკვალური წაკითხვით, ისევე როგორც სისხლში ხელების დაბანვის შემთხვევაში, ვღებულობთ რაღაც კაცთმოძულეობრივ სისასტიკეს. ხოლო სწორი და სულიერი გააზრების შემთხვევაში ვხვდებით, რომ ამ სიტყვებს სულ სხვა დანიშნულება გააჩნია, ისტორიული და ცხოვრებისეული პერიპეტიები კი სულიერი ჭეშმარიტების გამოსახატავად არის გამოყენებული.

ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი. ეს არის 100-ე ფსალმუნი. მას პირველი ჟამნის დასასრულს კითხულობენ. აი მისი ბოლო ნაწილი: "ცისკარს მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა" (ახ. ქართ.: "დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა") (ფსალმ. 100:8).  

წმიდა წერილის ამ ადგილის განმარტებაში წმ. ბასილი დიდი ამბობს, რომ სრულიად შეუძლებელი იყო მეფე დავითისთვის ყოველდღიურად ცისკრის დადგომისთანავე ევლო ქალაქში მოშიშვლებული მახვილით და ეწყვიტა ყველა ბოროტი, რომ უფლის ქალაქიდან გადაშენებულიყო "სიმრუდის ყოველი მოქმედი". უნდა ჩავწვდეთ ამ სიტყვების სხვა, არა ბუკვალურ აზრს.

"უფლის ქალაქად" ადამიანის გულს თუ ჩავთვლით, ხოლო "ქვეყნის ცოდვილებად" - ადამიანის გულში დაბუდებულ ბოროტ ზრახვებს, მაშინ მივიღებთ ცოდვასთან ყოველდღიური ბრძოლისკენ მოწოდებას. ის სწორედაც რომ გაღვიძებისთანავე უნდა დავიწყოთ. აი რას ამბობს იერემია: "დავითის სახლო! ასე ამბობს უფალი, ყოველ დილით განიკითხეთ სამართალი და იხსენით მოძალადის ხელიდან გაძარცული, თორემ ცეცხლივით ავარდება ჩემი რისხვა, აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი, თქვენი ავკაცობის გამო" (იერემია 21:12).




წმ. ათანასე დიდის განმარტებით:
""სიმრუდის მოქმედთ" მზაკვარ აზრებს უწოდებს, რომლებიც უნდა ამოვწყვიტოთ ცისკრის ლოცვებით და გონების უფლისადმი განუწყვეტელი სწრაფვით".

"რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა",
სადაც "უფლის ქალაქს" წმიდა სულს უწოდებს, სიტყვისამებრ ფსალმუნთმგალობლისა, რომელიც ბრძანებს: "დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო" (ფსალმ. 86:3).

წმ. იოანე ოქროპირი: "იხილე, რას ამბობს შემდგომ: "დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა". ეს სიტყვები უკვე მომავალ საუკუნეს ეხება. მართლაც, აწინდელი საუკუნე არის ღამე, ხოლო მომავალი საუკუნე იქნება დღე, როგორც ამას ამბობს ბრძენი პავლე: "ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე" (რომ. 13:12); შედეგად, დილა (ცისკარი), ნიშნავს მარადიული ნათლის ამობრწყინებას, რომლითაც დატკბებიან მართალნი. სწორედ ამ დილას (ცისკარს) ამოწყვიტავს უფალი ცოდვილებს, ანუ გაამწესებს მათ სამარადისო ცეცხლში. ასეთია ცოდვილთა სიკვდილი, როგორც თვით მაცხოვარი ბრძანებს: "... გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მათე 10:28).

ამრიგად, "დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან
(ანუ ზეციური იერუსალიმიდან - "აპოკ". რედ.) ყოველი მოქმედი სიმრუდისა", რადგან მასში (ზეციურ იერუსალიმში) დაივანებენ მხოლოდ მართალნი და დაიმკვიდრებენ მარადიულ სასუფეველს.



ასე, რომ მოდი წმიდა წერილის ბაღ-ვენახებში ვეძებოთ სულიერი საკვები, ანუ მისი ჭეშმარიტი აზრი. ხოლო საგანთა და მოვლენათა ნამდვილი აზრი არასოდეს დევს ზედაპირზე. ის ძიებას, შრომას და ჩაღრმავებას ითხოვს. მისი აზრი კი ეხსნებათ მხოლოდ ყურადღებიანთა და შრომისმოყვარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც აღჭურვილნი არიან მხოლოდ მკვდარი ასოთი, ძლიერ დაემსგავსებიან საგიჟეთის პაციენტებს, რომლებსაც ხელში მძაფრი და მჭრელი იარაღები მისცეს. ისინი თავიანთ თავსაც დააზიანებენ და გარშემომყოფთაც.

წყარო: kotovsk-istok.com.ua

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню