განმარტებანი - შეიძლება თუ არა ლოცვა უკურთხებელი ხატის წინაშე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

შეიძლება თუ არა ლოცვა უკურთხებელი ხატის წინაშე?

ანგელოზთა დასი

ხატთაყვანისცემის დოგმატი ხატმებრძოლეებთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამტკიცდა VIII საუკუნეში, მეშვიდე მსოფლიო კრებაზე. ხატმებრძოლეობა აღმოცენდა თვით ეკლესიის წიაღში, იმ დროის ინტელექტუალური ელიტის, - ბერ-მონაზვნობის გარემოში.

იმ დროისთვის ამგვარი მიმართულების გაჩენას თავისი საფუძვლები ჰქონდა - მაშინ ეკლესიის წიაღში ზოგიერთს წმიდა გამოსახულებების მიმართ გააჩნდა არაჯანსაღი დამოკიდებულება, რომელიც უფრო კერპთაყვანისმცემლობას წააგავდა. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც მღვდლები ზიარებაში ურევდნენ ხატებისგან ჩამოფხეკილ საღებავებს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ასე ეზიარებოდნენ პირველხატს. ამგვარმა დამოკიდებულებამ (თუმცა, იყო სხვა მიზეზებიც - "აპოკ." რედ.) შექმნა ნაყოფიერი ნიადაგი ხატმებრძოლეობის აღმოსაცენებლად და გააჩინა ხანგრძლივი და სასტიკი დავა საკმაოდ სერიოზული შედეგებით. თუმცა, VIII საუკუნისთვის ხატთაყვანისცემა მაინც დამკვიდრდა მართლმადიდებლობაში, ოღონდ, გარკვეული მინიშნებით: "რამდენადაც უმეტესწილად დანახვა შეიძლება ხატზე გამოსახვის გზით, იმდენად მათი მაცქერალნი შეუდგებიან ღვაწლს, მოიგონონ და უყვარდეთ ხატზე გამოსახულთა პირველსახენი, პატივი მიაგონ მათ ამბორით და პატივისმცემელი თაყვანისცემით. არა ჭეშმარიტი ჩვენი სარწმუნოების მიხედვით ღვთის თაყვანისცემით, როგორც შეეფერება ერთიან ღვთაებრივ ბუნებას, არამედ იმგვარი პატივისცემით, როგორც ვეთაყვანებით პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულებას, წმიდა სახარებას და სხვა სიწმიდეებს, საკმეველით და სანთლების ანთებით პატივი მიეგებათ ისევე, როგორც ძველებს ჰქონდათ კეთილმსახური ადათ-წესი. რადგან პატივი, რომელსაც მივაგებთ ხატს, გადადის პირველსახეზე და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულ არსებას. ასე მტკიცდება ჩვენი წმიდა მამების მოძღვრება, ეს არის გადმოცემა ქვეყნის კიდით-კიდემდე კათოლიკე ეკლესიისა, რომელმაც მიიღო სახარება" (დოგმატი ნიკიის VII მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმიდა მამისა).

ამრიგად, მე-7 მსოფლიო კრების მიერ მიღებული დოგმატის მიხედვით ხატების თაყვანისცემა განსხვავდება ღმრთის თაყვანისცემისგან და ატარებს პატივისმცემელი თაყვანისცემის და არა ღმრთისადმი თაყვანისცემის ხასიათს. ღმრთისადმი თაყვანისცემის პატივი ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს, ხოლო პატივისმცემელი თაყვანი - წმინდანებს, ხატებს, ჯვარს, სახარებას და სხვა სიწმიდეთ.

როდესაც ხატის წინ ვლოცულობთ, საკუთარ გონებას მივმართავთ არა კონკრეტული დაწერილი ხატის მიმართ, არამედ იმ პიროვნებისკენ, რომელიც მასზეა გამოსახული. ლოცვა, ეკლესიის სწავლების თანახმად, საერთოდ არ ითხოვს დამატებით ვიზუალურ ატრიბუტებს: ის შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ პირობებში. ამისთვის მთავარია მხოლოდ რწმენის არსებობა და გულის მოძრაობა.
ადრე, ძველ საუკუნეებში ხატების კურთხევის სპეციალური წესი არ არსებობდა. რუსეთში, მაგალითად, ის მხოლოდ 17-ე საუკუნეში გაჩნდა.

ამ მომენტამდე მიიჩნევდნენ, რომ ხატს თვით პირველხატი აკურთხებს, და ამიტომაც, ხატი ნაკურთხად მიიჩნეოდა მასზე ქრისტეს, ღვთისმშობლის ან წმინდანის სახელის გამოსახვის შემდეგ. ამ საკითხზე მეშვიდე მსოფლიო კრების მამათა დადგენილებებში და კრების საქმეებში ვკითხულობთ: "მრავალ ისეთ საგანს რომელთაც ჩვენ წმიდას ვუწოდებთ, არა აქვს განსაკუთრებული წმიდა ლოცვა, რამეთუ ისინი თავისივე სახელით აღვსილნი არიან სიწმიდითა და მადლით" (ლეონიდ უსპენსკი. მართლმადიდებელი ეკლესიის ხატის ღვთისმეტველება. I ნაწილი. თბილისი 2012. გვ. 122).

ასე რომ, კანონიკუკრი ხატი, თუნდაც არ იყოს ნაკურთხი - მაინც ხატია, და, რა თქმა უნდა, მის წინაშე ლოცვა თავისუფლად დასაშვებია. ხატის კურთხევა ხომ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საგნისა, სრულდება ადამიანისთვის. ეს მაგიური რიტუალი კი არ არის, როდესაც საგანს თითქოსდა ენიჭება "განსაკუთრებული ძალი", არამედ, ეს არის კურთხევისა და შეწევნის გამოთხოვა ღმრთისგან, რათა ღირსეულად და ქრისტიანულ ღვაწლში განვვლოთ ეს წუთისოფელი.


მასალა მომზადდა მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню