განმარტებანი - რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
"რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს..."

(მათე 10:12-15; ლუკა 10:5-6).
სტუმართმოყვარება
"ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.  და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ.  და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.  ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის" (მათე 10:12-15).
 
"რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ" (ლუკა 10:5-6).
 
 
განმარტება:
 
 
წმ. ამბროსი მედიოლანელი (340 - 397):
 
§ 66. მახარობლებს უპირველეს ყოვლისა მშვიდობისა და თანხმობის საზოგადო მცნება ეძლევათ: ისინი ვალდებულნი არიან ყველგან მშვიდობის მახარობლები იყონ, ყველგან დაიცვან ურყევობა, ძმათმოყვარება და სტუმართმოყვარება. ამავდროულად მათ ევალებათ გამოხატონ მადლიერება სტუმართმოყვარებისთვის, მაგრამ თავიანთი ფეხებიდან ჩამოიბერტყონ მტვერი, და გავიდნენ იმ ქალაქიდან, სადაც მათ არ მიიღებენ.
 
ეს მცნება ასწავლის, რომ სტუმართმოყვარება დიდი სიკეთით დაჯილდოვდება: სტუმართმოყვარეებს ჩვენ არა მარტო მშვიდობას ვუსურვებთ, არამედ, თუკი მათ მიწიერი და არამდგრადი ცხოვრების ცოდვათა მსუბუქი მტვერი მიეკრობათ, მისგან იმის წყალობით გათავისუფლდებიან, რომ მქადაგებელი მოციქულები შეიწყნარეს.
 
მათეს სახარების მიხედვით, ამაოდ როდი ევალებათ მოციქულებს აირჩიონ ის სახლი, რომელშიც უნდა შევიდნენ, რათა სტუმრობის ადგილის შეცვლის საბაბი არ აღმოცენდეს და არ დაირღვეს წესი სტუმართმოყვარეობისა. მაგრამ ამგვარი გარკვეულობა არ ევალება სტუმრების მიმღებს, სხვაგვარად, სტუმრების შერჩევით, ის ძალას წაართმევდა სტუმართმოყვარებას.
 
67. მართალია, სტუმართმოყვარების წმიდა მოვალეობის მცნება პატივისცემას ბუკვალური გაგებითაც იმსახურებს, მაგრამ ამ სულიერი მცნების განმარტება საიდუმლო აზრითაც დიდებული იქნება. სახლს მისი ღირსეული პატრონის მიხედვით ირჩევენ. განვიხილოთ, ხომ არ იგულისხმება აქ, რომ გვმართებს ყოველივეს ვამჯობინოთ ქრისტე და ეკლესია? რომელი სახლია უფრო ღირსეული, რომ მას მოციქულები ეწვიონ, და რაში მდგომარეობს სიწმიდე ეკლესიისა? ვინ უნდა ვამჯობინოთ ყველას, განა ქრისტე არა, რომელიც ფერხთ უბანს თავის სტუმრებს (იხ. იოანე 13:4-10) და მის სახლში მიღებულთ ბინძური ფეხებით შემოსვლის უფლებას არ აძლევს? მართალია, ისინი შესვრიმულნი არიან ადრინდელი ცხოვრებით, მაგრამ ქრისტე მოწყალედ განბანს მათ მომავალი ცხოვრებისთვის.
 
ამრიგად, ქრისტე ერთადერთია, ვინც არავინ უნდა მიატოვოს და გაცვალოს სხვა სახლიკაცზე. მხოლოდ მას უნდა მივმართოთ სიტყვებით: "უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს" (იოანე 6:68-69). შენ ხედავ ზეციურ მცნებათა აღმასრულებელ პეტრეს, რომელმაც უარი არ თქვა გულითად მიღებაზე და მით ზეციური განწმენდის ღირსი გახდა.
 
68. ამრიგად, უპირველეს ყოვლისა მცნებად გვეძლევა განვიხილოთ ეკლესიის რწმენა: თუკი მასში ცხოვრობს ქრისტე, უეჭველად მისი არჩევა გვმართებს! ხოლო თუკი იქ ერი ურწმუნოა ან მწვალებელი მოძღვარი ბილწავს იქაურობას, დაუშვებელია მათთან თანაზიარობა და უნდა გავიქცეთ ამ სინაგოგიდან! ფეხებიდან უნდა ჩამოვიბერტყოთ მტვერი, რათა ჩვენი სულის ფეხები მტვრიანი მიწის, ანუ უნაყოფო ურწმუნოების სიხმელით არ დავისვაროთ.
 
სახარების მქადაგებელმა უნდა იტვირთოს მორწმუნე ერის ხორციელი უძლურებანი და მისი ამაო საქმეები საკუთარი ფეხებიდან ჩამოირეცხოს, მსგავსად მტვრისა, რადგან ნათქვამია: "ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე?" (2 კორინთ. 11:29). ხოლო თუკი სადმე მოიპოვება ეკლესია, რომელიც უარყოფს რწმენას და, რომელსაც სამოციქულო ქადაგების საძირკველი არ გააჩნია, უნდა დატოვო იგი, რათა არ შეძლოს მან განავრცოს შენზე თავისი ურწმუნოების სნეულება. ამის შესახებ ნათლად ბრძანებს მოციქული: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე" (ტიტ. 3:10) (Амвросий Медиоланский свт. Толкование на Евангелие от Луки. Книга шестая // Собрание творений. Т. 8. ч.2. М.: ПСТГУ, 2020. С. 59-63).

 
ღირ. ეფრემ ასურელი (IV ს.)
 
""რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს", რათა უფალი თვითონაც შევიდეს მასში და იქ დასახლდეს, როგორც მარიამთან (ლაზარეს დასთან), და ისინი, როგორც მისი მოწაფეები შეწყნარებულნი იყონ. ეს მისალმება დედამიწაზე ქრისტეს რწმენის საიდუმლოა, რომელსაც აკავებს მტრობა. ეს მისალმება ადრე ცთომილების საფარველით იყო დაფარული, თუმცა ძველთაგანვე იცოდნენ საიდუმლო მკვდართა აღდგომისა, რომლის მსგავსებას უსულო საგნებიც კი გამოხატავენ, როდესაც, მაგალითად, ამოდის მზე და დგება ნათელი და ბნელი განქარდება.
 
ამ დროიდანვე (ანუ ქრისტეს ქადაგებიდან - "აპოკ". რედ.) იწყებენ ადამიანები ერთმანეთის მისალმებას და იღებენ ნათქვამს, რათა ეს მშვიდობიანი მოწოდება მისალმებითვე იყოს მაკურნებელი და კურთხევა მიჰქონდეს მის მიმღებთან. ხოლო თუკი ვინმე ამ მისალმების მხოლოდ სიტყვებს შეიწყნარებს, მისით გამოხატულ გრძნობას კი არა, ამით მასზე გარდამოსულ ნათელს უარყოფს ისე, როგორც ირეკლავს მზის სხივებს დედამიწა" (Толкование на группу стихов: Мф: 10: 12-13).
 
 
ექვთიმე ზიგაბენი (XI ს.).
 
"რადგან ხშირად ისეც ხდება, რომ მიმღებს ღირსეული კაცის მხოლოდ სახელი აქვს, ცხოვრება კი - უღირსი, ამბობს: "თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, - ანუ მასზე იმოქმედებს, და ის დატკბება მშვიდობითა და მყუდროებით, - თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ", ანუ თუკი ეს სახლი უღირსი იქნება, მასზე არაფერი იმოქმედებს და თქვენ, თქვენსავ მშვიდობასთან ერთად გაშორდით მას" (Толкование на группу стихов: Мф. 10: 13-13).
 
 
წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.)
 
"ნუ ელოდებით, - ამბობს, - მოკითხვას სხვებისგან, რადგან თქვენ მოძღვრები ხართ, არამედ პირველებმა თვითონ მიაგეთ პატივი სხვებს. იგი იმასაც აჩვენებს, რომ მათი მოკითხვა უბრალო სიტყვა კი არ არის, არამედ კურთხევა და ამბობს: თუ სახლი ამის ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მოეფინება მას, ხოლო თუ თქვენ შეურაცხგყოფენ, პირველი სასჯელი ის იქნება, რომ ამ სახლს მშვიდობა მოაკლდება, მეორე კი ის, რომ მას სოდომის მსგავსი ხვედრი ეწევა.
 
რას ნიშნავს გამოთქმა "ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი"? ამით ან ის არის ნაჩვენები, რომ მოციქულებს მათგან არაფერი უსარგებლიათ, ან ეს არის დამადასტურებელი იმ შორის გზისა, რომელიც მოციქულებმა მათი გულისთვის გამოიარეს" (წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტომი. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი პირველი. ოცდამეთორმეტე ჰომილია. მათე. 9:27-30. თბილისი 2016. გვ. 401).

რას ნიშნავს სიტყვები: "იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.  ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის"?


ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI – XII სს.)
 
"ამრიგად, სოდომელთათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ურწმუნოთათვის, რადგან სოდომელები, რადგან აქ უკვე სასტიკად დაისაჯნენ, იქ (მომავალ სამსჯავროზე - "აპოკ." რედ.) შედარებით იოლად დაისჯებიან" (მათეს სახარების განმარტება).
Назад к содержимому