განმარტებანი - როგორ წარვემატოთ სულიერ ცხოვრებაში, რომ არ დავეცეთ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

როგორ წარვემატოთ სულიერ ცხოვრებაში, რომ არ დავეცეთ

Gmerti da adamiani

"ევერგეტინოსი". ტომი I. წმიდა დიოდოხოსისგან.

სულს არ მოუნდება სხეულიდან განსვლა, თუ ის გულგრილი არ გახდება ამა სოფლის მშვენიერებისადმი. რამდენადაც სხეული ყველა თავისი გრძნობით მიჯაჭვულია მიწიერისადმი, ამიტომ ეწინააღმდეგება იგი რწმენას, რომელიც მას სიკეთეებს მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში ჰპირდება. ამიტომ, ვინც მწირობა და მოსაგრეობა აირჩია, აღარ უნდა ფიქრობდეს ხეხილით დახუნძლულ ხეებზე, ანკარა წყაროებზე, ყვავილის მინდვრებზე, მყუდრო საცხოვრებელზე, ნათესავებთან საუბრებზე; არც - ამპარტავნების მასაზრდოებელ პატივზე.

სიხარულით უნდა კმაყოფილდებოდეს ცხოვრების უნარიანობისთვის აუცილებელი სახმარით და სიცოცხლეს განიხილავდეს, როგორც ყოველგვარ ხორციელ სიამოვნებას მოკლებულ გრძელ გზას. მხოლოდ მას შეუძლია დაკავდეს მარადიული ცხოვრების ძიებით, ვინც თავის ცნობისმოყვარე გონებას მოთოკავს, რადგან მხედველობას, გემოვნებასა და სხვა გრძნობებს, თუ ზედმეტად ვისარგებლებთ მათით, შეუძლიათ გულს ღმერთის ხსოვნა წაართვან.

ამას უპირველესად პირველმშობელი ევა ადასტურებს. სანამ ის აკრძალულ ხეს არ დაუწყებდა ცქერას, მანამდე გულმოდგინედ იცავდა ღვთის მცნებას; სანამ მას ღვთის სიყვარულის ფრთები იცავდა, თავის სიშიშვლეს ვერ გრძნობდა. შემდეგ, როდესაც მან აკრძალულ ხის ნაყოფს ცნობისმოყვარეობით შეხედა, მასში დაუძლეველისურვილი აინთო, იგი შეეხო მას, შემდეგ დააგემოვნა ნაყოფი ძლიერი შინაგანი ტკბობით და მაშინვე აღმოაჩინა მთელი თავისი სიშიშვლე.

ევამ თავისი ნება ვნებას დაუმორჩილა, მიეცა მსწრაფწარმავალ სიამოვნებას და მერე, გაუმასპინძლდა რა ადამსაც შესახედავად სასიამოვნო ნაყოფით,ისიც ჩაითრია თავის ცოდვაში. მას შემდეგ ადამიანური გონება ძნელად ინარჩუნებს მახსოვრობას ღვთისა და ღვთის მცნებების შესახებ.

ამიტომ დღევანდელ ცხოვრებაშიც, მუდმივად ვიმზიროთ ჩვენი გულის სიღრმეში, რათა ამ მაცდურ სოფელში არ დავემსგავსოთ ბრმებს და არ დავეცეთ იგივე ცოდვებით. რამეთუ ჭეშმარიტი სულიერი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ დავიცვათ თავი ხილული საგნებისადმი სიყვარულისგან. ამასვე გვასწავლის მრავალგამოცდილი იობი, როდესაც ამბობს: "გინათუ მისდევდა თუალთა ჩემთა გული ჩემი.., მითესავსმცა და სხუანი ჭამენ, და უძირომცა ვარ ქუეყანასა ზედა" (მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოძირკვოს ჩემი მონაგარი) (იობი 31:7,8). საკუთარი თავის ფლობა აუცილებელია სულიერ ცხოვრებაში წარმატებისთვის.

"ევერგეტინოსი". ტომი I. წმიდა დიოდოხოსისგან. თბილისი 2013. გვ. 149-150.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню