განმარტებანი - რატომ გვიგზავნის ღმერთი განსაცდელებს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

რატომ გვიგზავნის ღმერთი განსაცდელებს?

სტიქიური უბედურება

ავტორი: ალექსანდრე ტკაჩენკო.

ხომ არ გველოდება მომავალში წარღვნის მსგავსი რაიმე მოვლენა? რატომ უშვებს კეთილი ღმერთი ადამიანთა მასობრივ დაღუპვას და ტანჯვას? რამდენად გამართლებულია ქრისტეანისთვის ეშინოდეს კატასტროფების და შეიძლება თუ არა ამ შიშის დაძლევა?

თვით საკითხის ასეთი დაყენება - "რისთვის"? - ქრისტეანული თვალსაზრისით ძალზედ არასწორია. როდესაც ლაპარაკია მთელი ერის ტანჯვაზე სტიქიური უბედურების დროს, ამ კატასტროფის მოქმედების ახსნა განრისხებული ღმერთის მოქმედებით შეიძლება მხოლოდ წარმართული რელიგიების პოზიციიდან, მაგრამ არამც და არამც იმ წარმოდგენიდან ღმერთზე, რომელიც სახარებაში განგვეცხადა.

მართალია, ძველ აღთქმაში შეიძლება ვპოვოთ ფრაზები ადამიანებზე განრისხებული ღმერთის შესახებ; ან სიტყვები შურისმგებელ ღმერთზე, ან კიდევ ღმერთზე, რომელიც სჯის ცოდვილებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძველაღთქმისეული გამოცხადება მიეცა ერთ, სრულიად კონკრეტულ ეროვნებას (იუდეველთ), რომელიც კონკრეტულ ეპოქაში, ინტელექტუალურობის, ზნეობრიობისა და ზოგადკულტურული განვითარების გარკვეულ დონეს ფლობდა. იმ დროს კი ეს დონე ისრაელის ერს არაფრით განასხვავებდა მის გარემომცველ წარმართ ტომთაგან. ამიტომაც, ცოდვებისთვის დამსჯელი მრისხანე ღმერთის სახე, უფრო გასაგები და მისაღები იყო ძველაღთქმისეული ეპოქის იუდეველთათვის, ვიდრე მოწყალე და კაცთმოყვარე ღმრთისა. წმ. იოანე ოქროპირი ამის შესახებ პირდაპირ იუწყება: " როდესაც ღმერთთან მიმართებაში გესმის "მრისხანება" და "შურისგება", ნურაფერ ადამიანურს ნუ იგულისხმებ: ეს მხოლოდ კაცობრივი უძლურებისადმი ანგარიშგაწევის გამოხატულებაა. ღვთაებისათვის უცხოა მსგავსი რამ, და ასე თუ ითქმის, მხოლოდ იმიტომ, რომ სათქმელი საგანი გულისხმაყონ გონებრივად უხეშმა ადამიანებმა".

ღმრთის ძისა და ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს განკაცების შემდეგ ნებისმიერი სასჯელი, მისი სახეები და კულტუროლოგიური განსჯა ზედმეტი და უაზრო გახდა. სახარებისეული თხრობა იესუ ქრისტეზე პირდაპირ, ყოველგვარი ალეგორიების გარეშე გვიჩვენებს, თუ როგორია სინამდვილეში ღმრთის თვისებები.

შეუძლია თუ არა მას სტიქიათა მართვა? დიახ, რა თქმა უნდა! მაგრამ ქრისტე არ აღგვის პირისაგან მიწისა ქალაქებს თავის მცხოვრებლებთან ერთად, პირიქით - ის აცხრობს ქარიშხალხს, და იხსნის შიშისგან დაზაფრულ გალილეველ მეთევზეებს.

სამარიტელ მწვალებლებზე მას ცეცხლი და წუმწუბა კი არ გადმოჰყავს, არამედ თავის მოწაფეებს ამგვარი კატეგორიებით ღმერთზე ფიქრსაც კი უკრძალავს... "წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ" (ლუკა 9:52-56).

სახარების ფურცლებზე იხსნება ღმერთზე წარმოდგენის იმგვარი სისრულე, რომელიც თვით ქრისტეს მოწაფეებისთვისაც კი ძნელი დასატევნელია. "არა წარსაწყმედად, არამედ სახსნელად" - როგორ გავიგოთ ეს სიტყვები, თუ ლაპარაკია იმავე ღმერთზე, რომელმაც, ოდესღაც ნოეს დროს ბრძანა; "აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს" (დაბ. 6:17).

თითქოსდა ამაზე ნათლად და მკაფიოდ რაღა უნდა ითქვას, ეს არის საკმაოდ ნათელი მითითება კატაკლიზმის მიზეზზე, რომელმაც დაღუპა წარღვნამდელი კაცობრიობა: ღმერთმა ადამიანები ცოდვების გამო მოსპო. ბიბლიის ამგვარ გაგებაზე იყვნენ გაზრდილები მოციქულები, ამიტომაც ცდილობდნენ ისინი სამარიტელთა სოფლის ცეცხლით დაწვას და გადაბუგვას - ცოდვილებისას, რომლებმაც არ მიიღეს ქრისტე, უარყვეს მესია. და უცებ - ქრისტესგან ესმით საყვედური, რომ მათებური გაგება ღმრთისა და მისი დამოკიდებულებისა ცოდვილებთან - არასწორია.

შემდეგ, ასეთივე საყვედური ესმის მოციქულ პეტრეს გეთსემანიის ბაღში, რომელიც ხმლით შეეცადა ქრისტეს დაცვას მომხდურ ჯარისკაცთაგან. ყურადღებით თუ განვიხილავთ სახარებაში აღწერილ ყველა მსგავს სიტუაციას, მივიღებთ საკმაოდ ცალსახა დასკვნას: ქრისტემ - განკაცებულმა ღმერთმა, რომელმაც მრავალჯერ აჩვენა თავისი შეუზღუდავი ძალაუფლება ბუნებასა და სტიქიონებზე, არცერთხელ არ გამოიყენა ეს ძალაუფლება ცოდვილი ადამიანების დასასჯელად.

ის სასწაულებრივად აღუვსებდა ცოდვილთ საჭმლისა და სასმელის დანაკლისს, კურნავდა სნეულთ, ადამიანებს უბრუნებდა მხედველობას, მკვდრებს აცხოცლებდა... მაგრამ ვერსად სახარებაში ვერ ვჰპოვებთ ხსენებასაც კი იმის შესახებ, რომ ქრისტემ ცოდვილებს მოუვლინა წარღვნა ან მიწისძვრა.

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს კავშირი ადამიანის ცოდვასა და დედამიწაზე მიმდინარე კატაკლიზმებს შორის, და ეს ჭეშმარიტება ქრისტეანობაში არანაირად არ უარიყოფა. მაგრამ ამ კავშირის დაყვანა პრიმიტიულ სქემამდე "ადამიანმა შესცოდა - ღმერთმა დასაჯა" პრინციპულად არასწორია!

როგორ არის შესაძლებელი, კეთილმა ღმერთმა წარღვნის დროს დახოცოს თითქმის მთელი კაცობრიობა?

"დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე" (დაბ. 6:5-7).

ეს ბიბლიური ტექსტი სინამდვილეში მართლაც ძალზედ საშინლად ჟღერს და იწვევს მრავალგვარ კრიტიკას, როგორც ქრისტეანობის მტერთა მხრიდან, ასევე ზოგიერთ მორწმუნეთაგანაც. მაგრამ, თუ გავიხსენებთ წმ. ანტონი დიდის აზრს იმის შესახებ, რომ "... უგუნურებაა ფიქრი, ღმერთი ცუდად გამხდარიყო ან სინანული განეცადა ადამიანთა საქმის გამო", დავრწმუნდებით, რომ ასეთივე უგუნურებაა ვიფიქროთ, თითქოსდა ღმერთს შეუძლია "დამწუხრება" ან "შენანება". ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხატოვანი გამოთქმებია, რომლებიც მოწოდებულია იმის საჩვენებლად, რათა გონებით უხეში ადამიანი ჩასწვდეს წარღვნამდელი კაცობრიობის მთელ გარყვნილებას, რომელიც, როგორც ღირ. ეფრემ ასურელი ამბობს: "... თავშეუკავებლობის ისეთ დონემდე დავიდა, რომ ღმერთი, რომელსაც სინანული არაფრისთვის სჭირდება, სინანულამდე მიიყვანა".

ღმერთს არაფერი შეუნანია და მას ადამიანთა სიყვარული არასოდეს განელებია, იმის შემდეგაც კი, რაც მათი ცხოვრება უკეთურებითა და ბოროტებით აღივსო. რა თქმა უნდა, ღმერთი ცოდვებში დანთქმული კაცობრიობის ბედში მონაწილეობდა, ოღონდ ამ მონაწილეობის ხასიათი სულ სხვა გახლავთ, ვიდრე ეს ერთის შეხედვით გვეჩვენება.

ბიბლიაში ნათქვამნია, რომ უფალმა წარღვნამდელი კაცობრიობის ერთადერთ მართალს დაავალა უზარმაზარი კიდობნის მშენებლობა. ეს იყო ძალზედ მძიმე და შრომატევადი საქმე, რომელზეც ნოემ ასი წელიწადი დახარჯა. მაგრამ ნახეთ, როგორი საოცარი სიტყვებით განმარტავს ამ მშენებლობას ღირ. ეფრემ ასურელი: " ... ასეთი უმძიმესი ღვაწლი დააკისრა ღმერთმა მართალ ნოეს, რადგან არ სურდა ცოდვილებზე წარღვნის გადმოწვევა". ბიბლიის უავტორიტეტულესი კომენტატორის აზრით ღმერთს წარღვნა არ სურდა! მაშ, რატომ მოხდა წარღვნა? რატომ დაიღუპა თითქმის მთელი კაცობრიობა?

საქმე იმაშია, რომ როდესაც ბოროტებას იქმს, ადამიანი არღვევს ღმრთის არა რაღაც ფორმალურ და გარეგან განკარგულებებს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთან, არამედ ეწინააღმდეგება მისდამი ღმრთითბოძებულ ბუნებას; აწამებს, ტანჯავს და ანადგურებს მას თავისი ცოდვებით. ადამიანის ბუნება ხომ გარეგანი სამყაროსგან იზოლირებული ქმნილება არ გახლავთ, პირიქით, - ის უმჭიდროვესად არის დაკავშირებული მასთან.

მეტიც, საეკლესიო გადმოცემა პირდაპირ უწოდებს ადამიანს ქმნილების გვირგვინს, მთელი ქმნილი ყოფიერების ცენტრსა და შუაგულს. ამიტომაც, ყველაფერი რაც კი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში ხდება, გარდაუვალად ახდენს უძლიერეს ზეგავლენას მის გარემომცველ სამყაროზეც. ასე, მაგალითად, წმიდა წერილი პირდაპირ ადასტურებს, რომ ადამიანის ცოდვით მიწა დაიწყევლა, რომელმაც ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ უწყვეტი ნაყოფიერების უნარი დაჰკარგა; რომ სწორედ ადამიანთა ცოდვების გამო იტანჯებოდა და იტანჯება მისი გარემომცველი ბუნება.

მთელს გარემომცველ ბუნებასთან ადამიანის სულიერი მდგომარეობის კავშირის თვალსაჩინო მაგალითია ეკოლოგიური კრიზისი, სადაც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის სულ რაღაც ერთ საუკუნეში ადამიანებმა თავიანთი პლანეტა საშინელ მდგომარეობაში ჩააყენეს. და რა მოუტანა ამ "პროგრესმა" კაცობრიობას? - კარგი არაფერი...

ტყეების განადგურება, ცხოველთა მთელი სახეობების ამოჟლეტვა, მდინარეების, ატმოსფეროს, ოკეანეების და უახლოესი კოსმოსის დაბინძურება... მტპ-ს ეპოქის ადამიანის ზნეობრივი მდგომარეობა მკვეთრად არ შეესაბამება მსოფლიოზე მისი ძალაუფლების დონეს, რომელიც ადამიანებმა მეცნიერებისა და ტექნიკის წყალობით მოიპოვეს. რა თქმა უნდა, ოზონის ხვრელები, მტკნარი წყლის დეფიციტი და გლობალური დათბობა, რელიგიური თვალსაზრისით, შეიძლება ღმრთის სასჯელადაც ჩავთვალოთ ვერცხლისმოყვარეობისთვის, გემოთმოყვარეობისთვის და დიდებისმოყვარეობისთვის (რომელიც არის საკუთრივ დღევანდელი დაუოკებელი მატერიალური წარმოებისა და მოხმარების მიზეზი). მაგრამ აი კითხვა: თუ ლოთი საკუთარ ალმოდებულ ზეწარში ცოცხლად ჩაიწვება, რომელიც მან უგონო სიმთვრალეში ჩაუქრობელი სიგარეტით გააღვივა, შეიძლება თუ არა ასეთი სიკვდილი მის თავზე მოვლენილ ღმრთის სასჯელს მივაწეროთ? ალბათ, უფრო გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ ღმერთმა უბრალოდ შესაძლებლობა მისცა მას მიჰყოლოდა თავის ცოდვილ ნებას, რომელშიც ის ასე ჯიუტად ცხოვრობდა და რომელმაც საბოლოოდ სიცოცხლე მოუსწრაფა.

ცხადია, რაღაც მსგავსი რამ ხდებოდა წარღვნამდელი კაცობრიობის თავზეც, რომლის აზრში მხოლოდ გარყვნილება და ბოროტება ტრიალებდა. ბიბლია არ ამბობს, რაში გამოიხატებოდა კონკრეტულად ეს ბოროტება, მაგრამ გასაგებია, - ადამიანთა ესოდენი უპრეცედენტო სწრაფვა შეცოდებისკენ ასეთივე მსგავს უპრეცედენტო კატაკლიზმს უნდა იწვევდეს ბუნებაში. ყოვლისმხედველმა ღმერთმა იცოდა, რომ ასეთი კატასტროფა დადგებოდა და ჯერ კიდევ ასი წლით ადრე დაავალა ნოეს კიდობნის მშენებლობა, რითაც მთელს კაცობრიობას მოსალოდნელ კატასტროფაზე აფრთხილებდა. ნოეს ხომ თავისი ხომალდი ჩუმად და ყველასგან დაფარულად არ აუშენებია, არამედ ყველას თვალწინ, ამიტომაც, არსებითად ეს მშენებლობა უკვე გახლდათ სინანულისკენ მოწოდება, სინანულის ქადაგება.

ნებისმიერ ადამიანს რომ მოსურვებოდა, ასევე შეეძლო მსგავსი კიდობნის აშენება და ისიც ნოესავით გადარჩებოდა. ხოლო ყველა ადამიანს მთელი სერიოზულობით რომ დაეწყო კიდობნების მშენებლობა, ეს უკვე მათი სინანულისა და ცხოვრების წესის გამოცვლის მიმანიშნებელიიქნებოდა; და მაშინ, სრულიად შესაძლებელი იქნებოდა წარღვნის თავიდან აცილება.

განა არ გადარჩა ნინევია, რომლის მცხოვრებლებმა, იონა წინასწარმეტყველის გაფრთხილების შემდეგ შეინანეს, რადგან ესმათ წინასწარმეტყველისგან, რომ მათი ცოდვების საწყაომ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ნინევია ორმოც დღეში დაიღუპებოდა. განწირული ქალაქის მცხოვრებლებმა შეწყვიტეს ცოდვა, და ქალაქი გადარჩა. მათ ღმერთი კი არ მოქრთამეს, მისი "მრისხანება" კი არ აიცილეს თავიდან, არამედ, სინანულით მოსპეს მათზე მოწევნადი კატასტროფის მიზეზი.

სამწუხაროდ, წარღვნამდელი კაცობრიობა ნაკლებად გონიერი აღმოჩნდა და უგულებელჰყო ღმრთის გაფრთხილება, თუმცა, ამისთვის მას ბევრად უფრო დიდი დრო ებოძა. ღირ. ეფრემ ასურელი წერს: "ღმერთი ადამიანებს სინანულისთვის ას წელს აძლევდა, სანამ კიდობანი შენდებოდა, მაგრამ მათ არ შეინანეს; მან შეჰკრიბა მანამდე არნახული ცხოველები, მაგრამ ადამიანებმა არც ახლა შეინანეს; შემდეგ მშვიდობა ჩამოაგდო მტაცებელ და არამტაცებელ პირუტყვებს შორის, მაგრამ ადამიანები არც ამან შეაშინა. მეტიც, იმის შემდეგაც კი, რაც ნოე და ყველა ცხოველი კიდობანში შევიდნენ, ღმერთმა დამატებით შვიდი დღე შეაყოვნა... კიდობნის კარები შვიდი დღე ღია იყო ნებისმიერი მონანულისთვის, მაგრამ საოცარია, ... ნოეს თანამედროვეებმა, რომლებიც ყველაფერ ამას ხედავდნენ, ანუ ხედავდნენ, თუ რა ხდებოდა კიდობანში და მის გარეთ, თავიანთი ბოროტი საქმეები მაინც არ მიატოვეს".

ძნელია წარმოიდგინო, რომ თითქოსდა ღმერთმა ეს ყოველივე იმისთვის ქმნა, რათა ცოდვილი ადამიანები გაენადგურებინა. ღირ. ეფრემ ასურელის მიერ აღწერილი მოვლენები უფრო სამაშველო ოპერაციას გვაგონებს, როდესაც ადამიანთა უმრავლესობამ, რომელსაც უბედურება მოელის, შველაზე უარი განაცხადა.

და კვლავაც, როგორც სამოთხის ბაღში, ადამიანმა არ ისურვა ღმრთისთვის დაეჯერებინა. არადა, ნებისმიერი ღმერთს მინდობილი, ნოესა და მისი ოჯახის მსგავსად გადარჩებოდა, სწორედ ამისკენ მოუწოდებდა ღმერთი ძველ სამყაროს კატასტროფის დადგომამდე. მაგრამ, ვაი რომ, არავინ, ნოეს გარდა, უფლის მოწოდება არ შეისმინა. და ის, რაც წარღვნამდელ კაცობრიობას შეემთხვა, შეიძლება დახასიათდეს როგორც მასობრივი თვითმკვლელობა ღმრთის სიტყვისადმი ურწმუნოების მეშვეობით.

ალბათ, ამ ტრაგედიის უმთავრესი გაკვეთილი იმაშია, რომ ნებისმიერი სტიქიური უბედურება არ არის შემთხვევითობა და არც სადამსჯელო აქციაა ღმერთის მხრიდან, არამედ ადამიანთა ცოდვების პირდაპირი შედეგი გახლავთ. და როდესაც ადამიანთა ნება ჯიუტად არ მისდევდეს სიკეთეს მათი ცხოვრებისეული პრინციპი ხდება, უფალი კი არ სჯის მათ, არამედ ტოვებს და არ იცავს მათ საკუთარი ცოდვილი ცხოვრების შედეგებისგან.

ღმრთის "მრისხანება" კი არ არის ადამიანთა ტანჯვისა და წარწყმედის მიზეზი, არამედ ადამიანთა სისასტიკე და ულმობლობა საკუთარი თავისა და ერთმანეთის წინაშე.

ბიბლიის თანახმად მომავალში გლობალური რყევები კიდევ გველოდება. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?

დიახ, ბიბლიაში ამის შესახებ პირდაპირ გვეცნობება. მოციქული პეტრე კაცობრიობის ისტორიის ფინალზე წერს: "ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტრე 3:10).

იოანე ღვთისმეტყველი თავის "გამოცხადებაში" ამბობს, რომ ამ უკანასკნელი გლობალური კატასტროფის წინ მთელი რიგი კატასტროფები მოხდება: "და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად. სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა. ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები. ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაც მძიმე იყო მისი წყლულება" (გამოცხ. 16:18-21).

სამართლიანია თუ არა თქმა იმისა, რომ ტრაგედიები ევლინება კონკრეტულ ხალხებს ან ქვეყნებს მათი ცოდვების გამო?

ზუსტად ასევე შეგვეძლო გვეკითხა, მაგალითად: "სწორია თუ არა თქმა იმისა, რომ ღვიძლის ცეროზი ალკოჰოლიკს ლოთობის ცოდვისთვის ევლინება?" უსიტყვოდ, ცოდვილი ან წმიდა ცხოვრება კონკრეტული ადამიანის ან მთელი ერის ყოფიერებაზე, მისი არსებობის გარეგან ვითარებებზე ახდენს ზეგავლენას. ასეთი ვითარება შეიძლება აღმოჩნდეს კატასტროფა - მიწისძვრა ან წყალდიდობა.

თავიანთ ზნეობრივი მდგომარეობაზე ადამიანთა ეს დამოკიდებულება წმიდა მამებთან სულიერ კანონად იწოდება. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანებმა ამ კანონის შესახებ არაფერი უწყიან, ამიტომაც ვერ პოულობენ პასუხს კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს ადამიანურ ცოდვებს მის გამო მოვლენილ უბედურებაზე. ამიტომაც, აქ დავიმოწმებთ ღირ. მარკოზ განშორებულის სიტყვებს, სადაც ღირსი მამა დეტალურად განგვიმარტავს ამ პრობლემას სწორედ სულიერი კანონის თვალსაწიერიდან:

"ღმერთს არ შეუქმნია სიკვდილი და არ სურს მას ცოცხალთა წარწყმედა; მას არ მოჰყავს მოქმედებაში მრისხანების ვნება, არც იმას ფიქრობს როგორ დასაჯოს ადამიანი შეცოდებისთვის; ის არ იცვლება თითოეული ჩვენთაგანის ღირსების შესაბამისად, არამედ ყველაფერი ბრძნულად შექმნა, განაგო და განსაზღვრა, რათა ყოველივე სულიერ კანონს დამორჩილებოდა. ამ მიზეზით მან ის კი არ უთხრა ადამსა და ევას: "... იმ დღეს, როდესაც იგემებთ აკრძალულ ნაყოფს, მე თქვენ მოგკლავთო"; არამედ აფრთხილებდა და ამტკიცებდა რა მათ, სიმართლის კანონსზომიერებას უცხადებდა: "მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, რადგან როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით" (დაბ. 2:17).

საერთოდ, ღმერთმა დააწესა, რათა ყოველ საქმეს, კეთილსაც და ბოროტსაც, შესაბამისი მისაგებელი მოჰყვეს, რომელიც ცალკეული შემთხვევის გამო კი არ იგეგმება, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, არამედ სულიერი კანონის შესაბამისად, რომელიც უგულისხმოებმა არ უწყიან".

ერთის შეხედვით, აქ შეიძლება მოვიაზროთ პირდაპირი ანალოგია სამაგიეროს მიზღვევის კარმულ პრინციპთან ან ათეისტურ დეტერმინიზმთან, რომლის დროსაც სამყაროს ცხოვრების ყოველი მოვლენა წინა მოვლენების უეჭველი შედეგია. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი ანალოგიაა. ქრისტეანული სწავლა-მოძღვრების მიხედვით, სულიერი მიზეზებისა და მათი შედეგების გარდა, სამყაროში მოქმედებს კიდევ ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელსაც ძალუძს გაწყვიტოს კავშირი ადამიანურ ცოდვასა და მის, ერთის შეხედვით, ფატალურ შედეგს შორის. ხატოვნად რომ ვთქვათ, კარმულ სწავლებებში ერთხელ გასროლილი ისარი აუცილებლად უნდა მოხვდეს მიზანს, მაშინაც კი, როდესაც მისმა გამშვებმა ადამიანმა შეიგნო ის საშინელი რეალობა, რომ ისარი საკუთარ შვილს დაუმიზნა. ქრისტეანობაში კი ამგვარი "ცოდვილი ისრის" გაჩერება ღმერთს მიზნიდან მილიმეტრების დაშორებით ან კიდევ მიზნის მიღწევის შემდეგაც კი შეუძლია.

ამიტომაც, თუ ადამიანები შეინანებენ, შეაჩერებენ თავიანთ ცოდვილ ცხოვრებას და ღმრთის მცნებათაებრ ცხოვრებას შეუდგებიან, ღმერთს შეუძლია გააჩეროს ყველაზე საშინელი კატასტროფებიც კი, რომლებიც ადამიანებმა ან მთელმა ერებმა უკვე დაიტეხეს თავზე საკუთარი ცოდვების გამო. სწორედ ასეთი სიტუაციაა აღწერილი ბიბლიურ ისტორიაშიც იონა წინასწარმეტყველის შესახებ, როდესაც სინანულმა ნინევიის მცხოვრებნი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა.

ასე, რომ უფრო მართებულია ვთქვათ, უბედურებანი კი არ ევლინებიან ადამიანებს, არამედ მიშვებულია მათი მოყვარული ღმრთის მიერ, თუმცა მიშვებულია იმ ზომით, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოა. ეს არის სწორედ დასჯა ღმრთისგან, ოღონდ არა იურიდიული თვალსაზრისით, არამედ ამ სიტყვის ამომავალი, ფუძისეული გაგებით - ეს არის სწავლება, მითითება, გამოსწორება.

აქ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, კერძოდ - ჩვენი პირადი დამოკიდებულება ღმრთის ამგვარი დაშვების მიმართ. წყალდიდობებს, კატასტროფებს ან რომელიმე ადამიანის ჩვეულებრივ სნეულებასაც კი, რომელიც თითქოსდა ღმრთისგან არის მოვლენილი ცოდვათა გამო, "რატომ"-ის კატეგორიაში თუ განვიხილავთ, ძალზედ ადვილად შთავვარდებით ამ ადამიანის ან მთელი ერის განკითხვაში. მართლაც, რატომ არ უნდა ვისწავლოთ ღმრთისგან დასჯილ ცოდვილებთან დამოკიდებულება? ღმერთი ადამიანებს უბედურებებს კი არ უვლენს, არამედ მხოლოდ უშვებს მოხდეს იგი, როგორც შედეგი ადამიანური ცოდვებისა. ჩვენგან კი ამგვარად სასჯელმიღებულ ადამიანთა განკითხვას კი არ ელოდება, არამედ მათდამი სულ სხვა დამოკიდებულებას. აი რას წერს ამის შესახებ ამბა დოროთე:

"ყველაფერი, რაც ხდება, ან ღვთის დაშვებით არის, ან ღვთის სურვილით, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: მე ვარ უფალი, რომელმან დავბადე ნათელი, და ვქმენ ბნელი (შდრ. გამოს. 45.7). ასევე ამბობს: ”ანუ იყოს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?“ (ამოს. 3.6). სიბოროტეს ნებისმიერ საწყენ რამეს უწოდებს, რომელიც ჩვენ გასაწვრთნელად ხდება: შიმშილი, სრვა, გვალვა, სნეულებები, ომები. ესენი ღვთის სურვილით კი არ მოიწევა ჩვენზე, არამედ ღვთის დაშვებით - ჩვენდა სასიკეთოდ.

ღმერთი ამას კი აკეთებს, მაგრამ არ სურს, ჩვენც ხელი შევუწყოთ. გეტყვით, როგორ: თუ ღმერთს ქალაქის დაქცევა სწადია, არ სურს, ჩვენც შევუნთოთ ცეცხლი. ასევე, ზოგჯერ ღმერთი ვინმეზე მწუხარებას ან სნეულებას დაუშვებს ხოლმე, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა ვაწყენინოთ მას ან ვთქვათ: რაკი ღმერთს მისი ავადმყოფობა სურს, არ შევიცოდებ. ღმერთს არ სწადია ასეთი რამ, არამედ სურს, მოწყალენი ვიყოთ და ასეთ დროს სხვის ჭირზე გული შეგვტკიოდეს, სურს, მის კეთილ ნებას ვასრულებდეთ, რაც არის მცნებების დაცვა, ერთმანეთის სიყვარული, მოწყალება და ამის მსგავსნი. ეს არის ღვთის კეთილი ნება".

მართალია თუ არა, რომ მორწმუნეს ეკრძალება პანიკაში ჩავარდნა და შიში კატასტროფების წინაშე, - ყველაფერი ხომ "ღმრთის ნებაა" და მის გარეშე "ადამიანს ერთი ღერი თმაც კი არ ჩამოუვარდება"?

საქმე აქ რაღაც ფორმალურ აკრძალვაში როდია. ადამიანს მომავალი კატასტროფებისა კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ სხვა უფრო მახლობელი და ცხადი საგნებისა. ყოველი მორწმუნე ადამიანი საკუთარ თავს უნდა უსვამდეს უბრალო კითხვას: როგორ მონაწილეობს ღმერთი მისაგებელში, რომელსაც ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვისთვის მივიღებთ? საღი აზროვნებით ამ კითხვაზე შეიძლება არსებობდეს სამი პასუხი:

1) ღმერთი აძლიერებს ჩვენი ცოდვის ბუნებრივ შედეგებს, რათა რაც შეიძლება მტკივნეულად დაგვსაჯოს.

2) ღმერთი არანაირად არ მონაწილეობს ამ დასჯაში, რადგან სრულიად განაკუთვნა იგი სამაგიეროს მიზღვევის ერთგვარ "ავტომატურ" პრინციპს.

3) ღმერთი სხვადასხვა საშუალებებით ისე აკეთებს, რომ ჩვენი ცოდვების კანონზომიერმა შედეგებმა არ გაგვანადგუროს და ბოლოს, რათა ჩვენ, შეცოდების შემდეგაც კი, შესაძლებლობა გვქონდეს სინანულისა და ცხოვნებისა.

პირველი ვარიანტის განხილვას აზრი არა აქვს: ეს არის სურათი, რომელსაც სახარებაში იოტისოდენა დასტურიც კი არ გააჩნია. მეორე საერთოდ არ შეიძლება განვაკუთვნოთ ქრისტეანობას: ეს არის კარმული მსოფლმხედველობა, სადაც ღმერთს უბრალოდ არანაირი ადგილი არ გააჩნია. მხოლოდ მესამე ვარიანტი შეესაბამება ღმრთის შესახებ იმ ცოდნას, რომელსაც გვიხსნის წმიდა წერილი და ეკლესიის გადმოცემა. ღმრთის სწორედ ამგვარი "შემკავებელი" მოქმედების წყალობით, რომელიც გასაქანს არ აძლევს ჩვენი ცოდვების შედეგთა დამღუპველ მოქმედებას, ჯერ კიდევ ვარსებობთ ამ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ ათასწლეულებია ცოდვილ ცხოვრებასა და ბოროტებაში ვართ დანთქმულნი.

წმ. ისააკ ასურელი წერს: "იყავ ღმრთის სახიერების მოქადაგე, რადგან უღირსი ხარ, მაგრამ ღმერთი გაპურებს, და კიდევ იმიტომ, რომ მრავალი გმართებს ღმრთისა, მისი მოთხოვნა კი შენზე არ ჩანს; უმცირესი სიკეთისთვის მოგაგებს უდიდესად. ამიტომაც, ნუ უწოდებ ღმერთს სამართლიანს, რამეთუ მისი სამართლიანობა შენს საქმეებზე არ იცნობა. მართალია დავითი უწოდებს მას სამართლიანს, მაგრამ ღმრთის ძემ გამოგვიცხადა, - უპირველესად ყოვლისა ის სახიერი და მოწყალეა".

და რაც უფრო მალე ვირწმუნებთ ჩვენ, ქრისტეანები, სწორედ ასეთ სახიერ და მოწყალე ღმერთს, მით უფრო მალე მივხვდებით, რომ უნდა გვქონდეს არა შიში მოსალოდნელი კატასტროფებისა, წყალდიდობებისა და მიწისძვრებისა. ეს ყოველივე ჩვენი ცხოვნების ღვთაებრივი ინსტრუმენტებია ისტორიის იმ მომენტში, როდესაც ყველა დანარჩენი სხვა საშუალება უსარგებლო აღმოჩნდება. და როგორი უიმედოც გინდა იყოს კატასტროფა, უფალი ყოველთვის გამოგვიწვდის ხელს საშველად. ჩვენ მხოლოდ მისი რწმენაღა გვჭირდება, რადგან თუ არ ვირწმუნებთ - წარვწყმდებით.

სწორედ ამაში იქნება გამოხატული ბოლო ჟამინდელი ადამიანების არჩევანი. სამყაროს აღსასრულის წინ ღმრთის უარმყოფელნი ... "შიშით გახევდებიან სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი" (ლუკა 21:26). ხოლო მათ, ვინც შეინარჩუნებს რწმენას, ქრისტე ეუბნება: "ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა" (ლუკა 21:28).

კაცობრიობის ისტორიის აღსასრულის მოახლოვებული ერთი და იგივე ფინალი ადამიანებზე სულ სხვადასხვაგვარად იმოქმედებს. ერთი კატეგორიისთვის ეს იქნება შიშის, უსასოობისა და უსასტიკესი ტანჯვის მიზეზი. ხოლო მეორე კატეგორიისთვის (ანუ მორწმუნე ქრისტეანთათვის) - სასიხარულო ცნობა იმისა, რომ მალე ყოველგვარი უბედურება და კაცობრიობის გასაჭირო დასრულდება, დადგება ახალი ერა და იქნება "ახალი ცა და ახალი მიწა".

ამიტომაც, მორწმუნე ადამიანს მომავალი კატასტროფებისა კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ ღმრთის რწმენის დაკარგვისა, ასევე წუთისოფლის სიამტკბილობისადმი საკუთარი მიდრეკილებისა. უნდა გვეშინოდეს ჩვენი საკუთარი ცოდვებისა, რომლებიც გვაშორებენ ღმერთს და გვაიძულებენ მთელი ჩვენი სასოება დავამყაროთ არა მის მეოხებასა და შემწეობაზე, არამედ მიწიერ დაწესებულებებზე: სახელმწიფოზე, საგანგებო შემთხვევათა სამმართველოზე, პოლიციაზე, ბრძენ მმართველებზე... ჩვენი სულის აი ასეთი მოწყობისა უნდა გვეშინოდეს, და არა წყალდიდობებისა და მიწისძვრებისა. რადგან კატასტროფაში აღესრულება კაცი თუ საკუთარ საწოლში - ადრე თუ გვიან დავასრულებთ ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებას და ყველას მოგვიწევს პასუხისგება უფლის წინაშე. წარღვნა და მიწისძვრა შეიძლება აგვცდეს, მაგრამ სიკვდილს ჯერ არავინ აცდენია. ამიტომაც, უნდა ვისწავლოთ ისე ცხოვრება, რათა ყოველდღე მზად ვიყოთ მოსაკვდომად და ღმრთის სამსჯავროზე დასადგომად. სამყაროს თავზე მოწევნადი კატასტროფების შიშის დამძლევი სხვა რეცეპტი ჯერ არავის მოუცია, და ის არც ეკლესიას გააჩნია.

ჩვენ ღმერთს ვთხოვთ დაგვიცვას "მიწისძვრისგან, შიმშილისგან, წარღვნისგან, ცეცხლისგან და მახვილისგან", რადგან ვიცით, რომ ეს ყოველივე, ღმრთი მიშვებით, შეიძლება ყოველ წამს შეგვემთხვეს. მაშ რაზეა კერძოდ ამგვარი ლოცვა? გამოდის, რომ ჩვენ ვიცით, "ყოველივე ეს მოხდება", საიდუმლოდ კი ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი ამგვარ ხვედრს აგვარიდებს? მაგრამ, ეს სულაც არ არის ფარული სასოება. სიტყვები, სადაც ღმერთს კატასტროფებისა და უბედურებებისგან ხსნას ვევედრებით, მღვდლის მიერ ტაძარში წარმოითქმის და იგი ღმრთის უსაზღვრო მოთმინებასა და მოწყალებას ეფუძნება. ჩვენ უფალს ვთხოვთ ჩვენივე ცოდვების კანონზომიერი შედეგებისაგან დაცვას, ვთხოვთ მას... არ მოიხსენოს ჩვენი უსჯულოებანი და უსამართლობანი...

სასოების საფუძველია ის, რომ ღმერთს შეუძლია დაიცვას მონანული კაცი მისი წარსული ცოდვების წარმწყმედელი შედეგებისგან და ეს კარგად ჩანს თუნდაც ბიბლიიდან: "არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უსჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა" (ფსალმ. 102:10-11).

როგორ არ გადავაქციოთ ნებისმიერი უბედურებისადმი მზადყოფნა უარესის მოლოდინის დეპრესიულ მდგომარეობად, და ღმრთის ნებისა და განგებულებისადმი მორჩილება საკუთარი ცხოვრებისთვის ბრძოლაზე ხელის აღებად და აპათიად?

ლაპარაკი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვაწყოთ საკუთარი სული მომავალ უბედურებათა მიმართ, მორალურად მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ამგვარი უბედურებები ერთხელ უკვე განვლო. მაგრამ ამის შესახებ წინდაწინ მაინც შეიძლება და უნდა გვქონდეს კიდეც თუნდაც მინიმალური წარმოდგენა. ფილმში "ტიტანიკი" (რეჟ. რ. ლინდერმანი. 1996 წ.) არის მოკლე ეპიზოდი, სადაც იხსნება კატასტროფისადმი ქრისტეანული დამოკიდებულების მთელი სიღრმე. სხვა მგზავრებთან ერთად გემზე იმყოფება მრავალშვილიანი ოჯახი. ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან, ყველაზე უფროსი ათი წლისაა... და აი, როდესაც გემი უკვე წყალში იძირება და ოჯახი ქვედა იარუსებიდან გემბანზე გამოაღწევს, აღმოჩნდება რომ ყველა სამაშველო ნავი უკვე ჩაშვებულია, მაშასადამე - ოჯახი განწირულია. სწორედ ამ დროს, ოჯახის უფროსი დაბნეული ამბობს:

- ეს რა ვქენი? როგორი სასტიკი რამეა - აი ასე, ჩვენი ცხოვრება დავთმოთ არაფრის გულისთვის...

რაზეც ქმრის თვალში მომზირალი ცოლი პასუხობს: - ჩვენ არასოდეს გვეშინოდა სირთულეების, და მათ ყოველთვის აწეული თავით ვხვდებოდით. შენ კარგი ადამიანი ხარ, ბილი ჯეკ. პატიოსანი, კეთილი და შრომისმოყვარე. შენ სულით ხარ ძლიერი და ამიტომაც მიყვარხარ.

ისინი ბავშვებს თბილად გაახვევენ, ჩამოსხდებიან სკამზე და დაიწყებენ "მამაო ჩვენოს" ლოცვას. ამ დროს კი მათ ირგვლივ დაბორიალებენ ასობით ადამიანები, რომელთა სული პანიკას და სასოწარკვეთას მოუცავს... რომლებიც თავგანწირვით ცდილობენ გარდაუვალი კატასტროფისგან თავის დახსნას...

ალბათ, სწორედ ეს არის ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მოსალოდნელი უბედურებების მოწევნის ჟამს: უკანასკნელ მომენტამდე აკეთო ყოველაფერი, რაც კი შეგიძლია მოყვასის და საკუთარი თავის გადასარჩენად, და ყოველთვის მისცე ღმრთის იმედი როგორც საკუთარ თავს ასევე მოყვასს; და უეცრად თუ აღმოჩნდება, რომ შემდგომ ძალისხმევას აზრი არა აქვს - ჰპოვო კეთილი სიტყვა საყვარელ ადამიანებთან გამოსამშვიდობებლად, და სთხოვო უფალს გარდაუვალი ხვედრის მისაღები ძალა. ასეთ დროს ხომ ლოცვაც ბრძოლაა. ბრძოლა იმ აპათიისა და დეპრესიის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად ისადგურებს სულში, რომელსაც ლოცვის ძალა დაუკარგავს.

წყარო: hram-troicy.prihod.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню