განმარტებანი - რატომ არ ისჯებიან უკეთურნი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

წმ. იოანე ოქროპირი

რატომ არ ისჯებიან უკეთურნი?

Hell

მეთორმეტე ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე" (საქმ. 4:36-37).

ვინც ბევრს სცოდავს, მეტი შიში და ძრწოლა მაშინ მართებთ, როცა არ ისჯებიან, ვიდრე მაშინ, როცა ისჯებიან, იმიტომ, რომ მათი სასჯელი იზრდება დაუსჯელობითა და ღვთის ხანგრძლივი მოთმინებით. ამიტომ იმას კი ნუ შევხედავთ, რომ არ ვისჯებით, არამედ იმას მივაქციოთ ყურადღება, შევცოდეთ თუ არა? თუ ვცოდავთ და არ ვისჯებით, მეტად უნდა ვძრწოდეთ.

მითხარი: მონა რომ გყოლოდა, რომ დამუქრებოდი მხოლოდ და არ გეცემა, როდის უფრო მეტად შეეშინდებოდა, როდის დააპირებდა გაქცევას? ხომ მაშინ, როცა დაემუქრებოდი? ჩვენც იმიტომ გარიგებთ, ერთმანეთს მუდმივად არ ემუქრებოდეთ, ერთმანეთს გულები შიშით რომ არ შეუშფოთოთ, იარებზე უფრო მეტად არ დატანჯოთ. ერთ შემთხვევაში სასჯელი დროებითია, მეორეში - სამუდამო. ამიტომ, თუკი ამ გრაგნილით ახლა არავინ იტანჯება, ამას ნუ უყურებ, იმას დაუკვირდი, ხდება თუ არა ასეთი ამბები?

ახლაც ბევრი რამე ხდება ისეთი, რაც წარღვნის დროს ხდებოდა; მაგრამ წარღვნა არ მოსდევს, იმიტომ, რომ არსებობს გეენა და ტანჯვა. ბევრნი სცოდავენ სოდომელთა მსგავსად, მაგრამ ცეცხლოვანი წვიმა თავს არ ატყდებათ, რადგან ცეცხლოვანი მდინარე ელით. ბევრმა გაბედა ექნა ის, რაც ფარაონმა ქნა, მაგრამ მისი ხვედრი არ გაიზიარეს, არ შთანთქმულან მეწამულ ზღვაში, რადგან მათთვის უფსკრულია გამზადებული, სადაც სასჯელს გრძნობის დაკარგვა არ ახლავს და არ ბოლოვდება სიკვდილით, არამედ სადაც დაიტანჯებიან კიდევ და კიდევ, დაიწვებიან და დაიხრჩობიან.

ბევრმა გაბედა ებრაელთა მსგავსად შეეცოდა, მაგრამ გველებს არ დაუგესლავთ, რადგან მატლით დაუსრულებელი გვემა ელით. ბევრმა გაბედა ექნა ის, რაც გეხაზმა ჩაიდინა, მაგრამ კეთრი არ შეჰყრიათ, რადგან კეთრის ნაცვლად შუაზე გაკვეთა და ფარისეველთ ხვედრის გაზიარება ელით (მათ. 24:51).

მრავალნი ფიცულობდნენ და არღვევდნენ ფიცს, მაგრამ, თუ გაექცნენ სასჯელს, ამას ნუ მივენდობით, რადგან მათ ელით კბილთა ღრჭენა. შესაძლოა, ვერც აქ გაექცნენ სასჯელს, თუ მაშინვე არა, სხვა ცოდვებთან ერთად, ისე რომ, სასჯელი უფრო მძიმე იქნება. ჩვენც ხომ ხშირად მცირე გადაცდომები მიზეზად გვექცევა ხოლმე, დიდი დანაშაულისთვის ბოლომდე რომ მივუზღათ.

მაშ, თუკი რამე შეგემთხვა, ეს ცოდვა გაიხსენე. ზუსტად ასე დაემართათ იაკობის ძეებს. გახსოვდეთ იოსების ძმები: ძმა გაყიდეს, აპირებდნენ მოეკლათ, უფრო სწორად, მოკლეს კიდეც, რამდენადაც შეეძლოთ; მოატყუეს და დაადარდიანეს მოხუცი მამა და არაფრით არ დასჯილან. მაგრამ მრავალი წლის შემდეგ საშინელი საფრთხე დაემუქრათ და ეს ცოდვა გაიხსენეს. ეს ნათქვამი გამოგონილი არ არის, მოისმინე, რას ამბობენ: დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან... ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი (დაბ. 42:21). შენც ასე თქვი, როცა რამე მოხდება: ვცოდეთ, იმიტომ, რომ არ დავუჯერეთ ქრისტეს, იმიტომ, რომ ვიფიცებდით; ხშირი ფიცისა და ფიცის დარღვევის გამო მომეზღო.

ამგვარად, თქვი აღსარება, რადგან მათაც აღიარეს და გადარჩნენ. მერე რა, რომ მაშინვე არ გვეწევა სასჯელი? აქაბმაც ხომ მაშინვე არ მიიღო ის სასჯელი ნაბოთის გამო, რომლითაც მერე დაისაჯა. ასე რატომ ხდება? ღმერთი დროს გაძლევს, რათა განიბანო, ხოლო, როცა აყოვნებ, ბოლოს და ბოლოს გიგზავნის სასჯელს. ნახეთ, რა მიიღეს ტყუილის მთქმელებმა? აქედან მიხვდით, რას მიიღებენ ფიცის გამტეხებიც, მიხვდით და ნუ შესცოდავთ. ვინც იფიცება, არ შეუძლია ნებით ან უნებლიეთ ფიცი არ გატეხოს; ხოლო ვინც ფიცს ტეხს, ვერ გადარჩება. ფიცის ერთხელ გატეხვას შეუძლია ყველაფერი ქნას და თავს დაგატეხოთ სრული სასჯელი.

ამიტომაც, გევედრებით, ყურადღებით ვიყოთ, რათა აქაც გადავურჩეთ სასჯელს და ღვთის მოწყალობის ღირსნიც გავხდეთ, მადლითა და უხვებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომელსაც, მამისა და სულისა წმიდისა თანა, შვენის დიდება და უფლება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. III ტომი. თბილისი 2015. გვ. 135-136.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню