სწავლანი > განმარტებანი
რა არის ჭეშმარიტი სარგებელი, რომელიც ეპისკოპოსს მოაქვს
წყარო: წმ. იოანე ოქროპირის მე-5 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე".
3. ყველას თავისი მოვალეობა აქვს. თქვენგან ბევრი ვალდებულია გამოიჩინოს თანაგრძნობა და კაცთმოყვარეობა, იყოს თავაზიანი და ალერსიანი იმათთან, ვისაც სიკეთეს უკეთებს; ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, იმათ სასიკეთოდ, ვისაც ვემსახურებით, ვართ მძიმეები, სასტიკები, აუტანლები და უსიამოვნოები, ვინაიდან ჩვენ სარგებლობა იმით კი არ მოგვაქვს, რითაც მოვწონვართ, არამედ იმით, რითაც ვაღიზიანებთ. ასეთია ექიმიც. მაგრამ ის არ არის მეტისმეტად უსიამოვნო, იმიტომ, რომ მისი ხელობა მაშინვე გვაგრძნობინებს ხოლმე სარგებელს, ჩვენგან მიღებული სარგებელი კი მომავალშია.
მოსამართლეც ასეთია: ის მძიმეა დამნაშავეებისა და მეამბოხეებისთვის. ასეთივეა კანონმდებელი: ის უსიამოვნოა იმათთვის, ვინც მის კანონებს უნდა დაემორჩილოს. მაგრამ უსიამოვნო არ არის ის, ვინც სიამოვნებისკენ მოგვიწოდებს, ვინც აწყობს საზოგადოებრივ დღესასწაულებსა და ზეიმებს, ვინც გვირგვინებით ამკობს ხალხს; აი, ეს ხალხი მოსწონთ, იმიტომ, რომ მრავალგვარი სანახაობებით ამხიარულებენ ქალაქებს, არ იშურებენ სახსრებს და ხარჯებს არ ერიდებიან.
ამიტომაც მათგან ნასიამოვნებნიც თავის მხრივ აჯილდოვებენ მათ ხოტბით, ფარდებით, სანათურების სიმრავლით, გვირგვინებით, რტოებით, ბრწყინვალე სამოსით. მაშინ, როცა ავადმყოფისთვის ექიმის დანახვაც კმარა, რომ დასევდიანდეს და მოიწყინოს. ზუსტად ასევე ჯანყის მომწყობნი, დაინახავენ თუ არა მოსამართლეს, ყურებს ჩამოყრიან; და განა არ ხარობენ და ზეიმობენ, როცა ის თავადაც მათ მხარეს გადადის?
მოდი დავარკვირდეთ, ყველაზე მეტი სარგებელი ვის მოაქვს ქალაქებისთვის, იმათ, ვინც ამ ზეიმებსა და ნადიმებს, მდიდრულ სადილებსა და მრავალგვარ მხიარულებას აწყობენ თუ იმათ, ვინც უარყვეს ეს ყველაფერი და ჯოხიანი და მათრახიანი ჯალათები და საშიში მეომრები მოჰყავთ, წარმოთქვამენ მრისხანე სიტყვებს, მკაცრი განაჩენი გამოაქვთ, მწუხარებას გვგვრიან და ხალხს ჯოხით ერეკებიან მოედნებზე.
ვნახოთ, აბა, ვის მხარეზეა მეტი სარგებელი. ამ უკანასკნელთ ხომ გაურბიან და ისინი უყვართ. რას ვიღებთ იმათგან, ვინც ხალხს ამხიარულებენ? ერთადერთს - ცარიელ სიამოვნებას, რომელიც საღამომდე გაგვყვება, მეორე დღეს კი განქარდება, უწესო სიცილს, შეუფერებელ და მოურიდებელ სიტყვებს. ამათგან კი რას ვიღბთ? - საფრთხეს, თავშეკავებას, მოკრძალებულ აზრებს, სულის მყუდროებას, უზრუნველობის ჩამოცილებას, შინაგანი ვნებების ალაგმვას, დაცვას იმათგან, ვინც შემოჭრას ლამობს. ამათი წყალობით თითოეული ჩვენგანი ფლობს საკუთარ ქონებას, ხოლო იმ ზეიმებზე ჩვენ ვფლანგავთ მას, თანაც ზიანის სანაცვლოდ, ქონებას ვკარგავთ არა იმიტომ, რომ ყაჩაღები შემოგვეჭრნენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენივე სიამოვნებისთვის პატივმოყვარეობა გვძარცვავს. ყველა ხედავს, როგორ მიაქვს ამ მძარცველს მისი ქონება და ამით სიამოვნებას იღებს. აი, ძარცვის ახალი სხეობა, რომელიც აიძულებს იმხიარულოს იმან, ვისაც ძარცვავენ.
4. მაგრამ იქ (ეკლესიაში - "აპოკ." რედ.) ამის მსგავსი არაფერია; იქ ჩვენ მოზღუდულები ვართ ღვთისგან, როგორც საერთო მამისგან, დაცულნი ვართ ხილული თუ უხილავი საფრთხეებისგან. "ეკრძალეთ, ამბობს იგი, სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე, მათ დასანახად" (მთ. 6:1). იქ სული სწავლობს გაექცეს არამართებულს. არამართებულობა ხომ მხოლოდ ფულისადმი დანაშაულებრივი სიხარბე არ არის, არამედ ისიც, როცა მუცელს იმაზე მეტ საკვებს მიევცემთ, ვიდრე საჭიროა, როცა სიამოვნებით ტკბობაში მათთვის ნიშანდობლივ ზღვარს გადავდივართ და სიშლეგემდე მივდივართ. იქ სული ღვთისმოსაობას სწავლობს, აქ კი - თავაშვებულობას. თავაშვებულობა ხომ არ გულისხმობს ქალებთან საქმის დაჭერას მხოლოდ, არამედ ურცხვ მზერასაც.
იქ სწავლობენ თავმდაბლობას, აქ კი - ქედმაღლობას. "ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, ამბობს მოციქული, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო" (1 კორ. 6:12); იქ წესიერებაა, აქ - ურცხვობა. აღარაფერს ვამბობ, რაც ხდება ხოლმე სანახაობებზე. აქ ვერც კი ისიამოვნებ, არამედ დამწუხრდები. მიჩვენეთ ისინი, ვინც ხარჯი გაწია ერთდღიანი ზეიმისთვის და ისინიც, ვინც სანახაობებით გაერთნენ და ვნახავთ, რომ ისინი ყველანი მოწყენილები არიან, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფულს ხარჯავს. ეს ბუნებრივიცაა, წინა დღეს ზეიმი ართობდა უბრალო კაცს, ის მართლაც ბედნიერი იყო და დიდი სიამოვნებით ტკბებოდა, იმიტომ, რომ ბრწყინვალე სამოსი ახარებდა; მაგრამ მას არ შეეძლო მუდამ ასე ჩაეცვა, ამიტომაც შეწუხდა და დანაღვლიანდა, როცა ნახა, რომ უნდა გაეხადა. რაც შეეხება იმას, ვინც ხარჯი გაწია, როგორც ჩანს, მისი ბედნიერება კიდევ უფრო მცირე იყო, ვიდრე პირველისა. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ მეტი უკმაყოფილება უკანასკნელს ერგო. თუკი კაცობრივ საქმებში ის, რაც სიხარულის მომტანია, ამდენი უსიამოვნების შემცველია, ხოლო რაც მძიმეა, იმას ასეთი სარგებლობა მოაქვს, მაშინ მით უმეტეს - სულიერ საქმეებში.
ამიტომაც არავინ ჩივის კანონებზე. პირიქით, ყველანი საერთო სარგებლის მომტანად მიიჩნევენ, ვინაიდან მოსულმა უცხოელებმა ან მტრებმა კი არ შემოიღეს ისინი, არამედ თვითონ მოქალაქეებმა, მეთვალყურეებმა, მზრუნველებმა. კეთილდღეობად და კეთილმოსურნეობად ითვლება, როცა შემოღებულია კანონები, იმის მიუხედავად, რომ კანონები აღსავსეა სასჯელებით და ვერ ვნახავთ კანონს სასჯელის გარეშე. განა უცნაური არ იქნება ამის მერე, თუკი ადამიანებს, რომლებმაც ეს კანონები შემოიტანეს, მხსნელებს, კეთილისმყოფელებს, დამცველებს უწოდებთ, ხოლო ჩვენ ჩაგვთვლით სასტიკ და აუტანელ ადამიანებად, თუმცა ჩვენ ღვთის კანონებზე ვლაპარაკობთ? როცა გეენაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ხომ სწორედ იმ კანონებს ვიშველიებთ.
როგორც საერო კანონმდებლები წარმოგვიდგენენ კანონებს მკვლელობებზე, ქურდობებზე, ქორწინებებზე და სხვა ყველაფერზე, ჩვენც ასევე წარმოგიდგენთ კანონებს დანაშაულებებზე, კანონებს, რომლებიც დაადგინა არა ადამიანმა, არამედ თავად მხოლოდშობილმა ძემ ღვთისა. შეუბრალებელმა, ამბობს უფალი, დაე, მიიღოს სასჯელი; სწორედ ამას ნიშნავს იგავი მოვალეზე (მთ. 18:23-35); ძვირის მხსენებელი, დაე, მკაცრად დაისაჯოს; ვინც ამაოდ მრისხანებს, დაე, ცეცხლს მიეცეს; ვინც ბოროტად მეტყველებს, გეენით დაისჯება.
თუკი გეჩვენებათ, რომ უცნაურ კანონებს ისმენთ, ნუ შეშფოთდებით. რისთვის მოვიდა ქრისტე, თუკი არაჩვეულებრივი კანონების შემოტანას არ აპირებდა? ის ხომ უკვე ცნობილია ჩვენთვის, რომ მკვლელი და მრუში უნდა დაისაჯოს; შესაბამისად, თუკი იმავეს მოვისმენდით, ზეციური მასწავლებელი რისთვისღა იყო საჭირო? ამიტომაც არ ამბობს იგი, მრუში დაისჯებაო, არამედ, ის, ვინც ურცხვად უმზერსო და იმასაც დასძენს, სად და როდის მიიღებს სასჯელს.
თავისი მცნებები მას ფილებზე არ გამოუსახავს; არც სპილენძის სვეტები აღუმართავს და მათზე არ წაუწერია; არა, მან ჩვენთვის აღმართა თორმეტი მოციქული და მათ სულებში სულიწმიდით ჩაწერა ეს მცნებები. ჩვენც გადმოგცემთ მათ თქვენ მთელი სიმართლით. თუკი ებრაელებს უფლის მცნებები დაკანონებული ჰქონდათ და უცოდინარობით თავს ვერავინ გაიმართლებდა, მაშინ მით უმეტეს - ჩვენ. ვინმე თუ იტყვის, არ გისმენთ და არც სამსჯავროს წინაშე ვაგებთ პასუხსო, ამისთვის განსაკუთრებით დაისჯება.
მართლაც, არავინ რომ არ იყოს მასწავლებელი, ამით კიდევ შეიძლებოდა თავის გამართლება; მაგრამ, რაკი არიან მასწავლებლები, აღარც გამართლება შეიძლება. ნახე, როგორ ართმევს ქრისტე ებრაელებს ამ გამართლებას, როცა ამბობს: "რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა" (ინ. 15:22). პავლეც ამბობს: "მაგრამ მე ვამბობ: ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ" (რომ. 10:18). გამართლება მაშინ გვაქვს, როცა არავინ ლაპარაკობს; მაგრამ როცა ზედამხედველი ზის და ეს ევალება, მაშინ გამართლება უკვე აღარ არსებობს. სხვათა შორის, ქრისტეს სურდა, რომ ჩვენ არა მარტო გვეცქირა ამ სვეტებისთვის, არამედ თავადაც ეს სვეტები გავმხდარიყავით. მაგრამ, რაკი უღირსები ვართ ამ წარწერებისა, ამ სვეტებს ვუმზიროთ მაინც.
როგორც სვეტები ექადნებიან სხვებს, ხოლო მათ კი არ ეხება პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც თვით კანონები, ზუსტად ასევე არიან ნეტარი მოციქულები. თანაც ნახე: ასეთი სვეტი ერთ ადგილას კი არ დგას, არამედ ეს წარწერები ყველგან არის გავრცელებული. წახვალ ინდოეთში და მათზე მოისმენ; წახვალ ესპანეთში ანდა დედამიწის ბოლო კიდეებზე და ვერავის ნახავ, ვისაც მათ შესახებ არ სმენია; ამიტომ არცოდნა მხოლოდ საკუთარ უგულისყურობას შეიძლება დაბრალდეს.
მაშ, კი ნუ გაბრაზდებით, არამედ ყურადღებით იყავით იმისადმი, რაც აქ ითქმის, რათა შეგეძლოთ სათნოების საქმებს მიყვეთ და მიიღოთ მარადიული სიკეთეები, მადლითა და წყალობით, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელსაც, მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, შვენის დიდება და უფლება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. III ტომი. მე-5 ჰომილიიდან
"მოციქულთა საქმეებზე". §§ 3, 4 გამომც. "ალილო" // "ქორონიკონი".
თბილისი 2015 წ. გვ. 61-64.