განმარტებანი - ქრისტეანთა ნუგეშისცემა 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეანთა ნუგეშისცემა

ამონაწერები წმიდა წერილიდან,  წმიდა  მამათა თხზულებებიდან და პატერიკებიდან
მძიმე ცხოვრებისეულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანთა ნუგეშისცემისთვის

(გ. დიაჩენკოს წიგნის "შემწე და მფარველის" (Помощник и покровитель) მიხედვით

ფიქრები განსაცდელზე

სარჩევი

განყოფილება პირველი


I

ყოველთა მწუხარეთა საზოგადო ნუგეშისცემა



2. ბიბლიური მაგალითები

იობის წიგნი

თ. 2


მუხლი 10-ე: სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.

თ. 5


17-18: აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ! ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით.

თ. 11


13-18:თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ, თუ ცოდვა აქვს შენს ხელს, განიშორე და არ დაასადგურო უკეთურება შენს კარვებში, მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება. რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ; შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება; დამშვიდდები, რადგან არის სასო, დასადგურდები და იმედიანად დაიძინებ.

თ. 16


19-20: ახლაც კი, აჰა, ზეცაშია ჩემი მოწმე და ჩემი მეოხე ზესკნელშია! ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი.

თ. 33


19-21, 26: სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები; მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი; დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ; ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს.


თ. 34


10-12, 21, 31-32: ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან! რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და მისი საქციელისამებრ შეამთხვევს კაცს. ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი! რადგან მისი თვალი კაცის გზებს დაჰყურებს და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს; რადგან ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი: დავაშავე, აღარ შევცოდავო. შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ: თუ ცოდვა მაქვს ჩადენილი, აღარ ჩავიდენო.


თ. 36


5-12, 15: აჰა, ძლიერია ღმერთი, მაგრამ არავინ სძულს, ის სიბრძნის ძალით არის ძლიერი; ის არ აცოცხლებს ბოროტეულს და დაჩაგრულებს სამართალს აძლევს; მართალს თვალს არ არიდებს, მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ და აღზევდებიან ისინი; თუ ვინმეს ადევს ბორკილები და სივაგლახის საკვრელებით არის შეკრული, გამოუცხადებს მათსავე ნამოქმედარს და ცოდვებს. თუ რაოდენ დამძიმდნენ ისინი; გაუხსნის ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რომ განერიდონ უკეთურებას; თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს - ნეტარებაში; თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაიღუპებიან და უგუნურად დაიხოცებიან. ის იხსნის გაჭირვებულს გასაჭირითვე და სატანჯელით ყურს უხსნის მათ.


იგავნი


"უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს (იგავნი 3:11-12).

"სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს. წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის" (16:32-33).

"ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია" (17:3).

"თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა" (24:10).

"ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი სანდო არ არის, როგორც მოღალატე კაცი გასაჭირში. გინდა ტანსაცმელი გაგიხდია კაცისთვის და ძმარი დაგისხამს ჭრილობაზე, გინდა გულმწუხრისთვის მხიარული სიმღერა გიმღერია. რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს" (25:19-20; 28).


ზირაქის სიბრძნე


"შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს. მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ. რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი. რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში. ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე.

უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით, რათა არ დაეცეთ. უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური. უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა.

გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო? რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს.

ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს, ორი გზით მავალთ! ვაი, გულს დაძაბუნებულს, რადგან არა სწამს, ამიტომაც დაცული არ იქნება! ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ? უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ. უფლის მოშიშნი მის წყალობას ეძიებენ და მისი მოყვარულნი აღივსებიან რჯულით. უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე თავს დაიმდაბლებენ. ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა." (2:1-18).

"დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი.ნათელი გული და სიკეთე თავის საზრდელზე თავად იზრუნებს" (30:23, 25).

"მათგან ზოგნი აამაღლა და წმიდაჰყო, ზოგნი კი სადაგ დღეთა რიცხვს მიაკუთვნა. ყოველი ადამიანი მიწისგანაა და მიწისგან შეიქმნა ადამიც. მათგან ზოგნი აკურთხა და აამაღლა, ხოლო ზოგნი წმიდაჰყო და თავისთან მიიახლა, სხვანი კი დაწყევლა და დაამდაბლა და მიაქცია ისინი მათი ადგილიდან" (33:9-10, 12).


გოდება იერემიასი

"ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი; კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის; კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან; კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში; ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი; მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი; თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით; არ გასწირავს საუკუნოდ უფალი; კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით. რატომ ჩივის ცოცხალი კაცი, ვაჟკაცი, თავის ცოდვებზე? გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ; " (3:24-32, 39-40).


ფსალმუნი


"მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა" (ფსალმ. 4:2).

"სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო" (ფსალმ. 5:2-3).

"მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი. და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის? მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს, რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ. დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო. განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვჰკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა. განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა. " (6:5-10).

"უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო. აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო. შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა. ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვა მისი მარადღე. არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწველთათჳს ქმნნა. აჰა, ესერა, ელმოდა სიცრუჱ, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა უსჯულოებაჲ. ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა. მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუჱ მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდეს. აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა. " (7:9-18)

"რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას? დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა" (8:4-7).

"ვყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა. და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო. უგალობდეთ უფალსა, რომვლი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთა. მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა" (9:10-15).

"უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა. უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი. წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ და სული ნიაღვარისა _ ნაწილი სასუმელისა მათისა. რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან" (10:4-7).

"ჭირისათჳს გლახაკთასა და სულთქმისათჳს დავრდომილთასა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი, დავდვა ცხორებაჲ და განვცხადნე მას ზედა. სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შჳდ წილად. შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხენ ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე" (11:6-8).

"ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან? ვიდრე ვისთჳს დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა? მოიხილენ, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ. ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა. ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილისმყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა" (12:1-6).


მათეს სახარება

თ. 5


"ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ" (1-12).

"ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც" (44-45).

თ. 7


"ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. თუ გეგულებათ თქვენს შორის კაცი, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას? ან თევზი სთხოვოს და გველი მისცეს მას? ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილი საბოძვარი მისცეთ თქვენს შვილებს, რაოდენ უფრო მეტ სიკეთეს მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ მთხოვნელთ? როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (7-14).

თ. 10


"და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ" (22, 28-31).

თ. 11


"მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი" (28-30).


იაკობი

თ. 1


"ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს" (2-4, 12-15).

თ. 5


"მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს. თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა. ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით. აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას" (7, 8, 10).


1 პეტრე

თ. 2


"პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც. რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს. მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს" (17-23).

თ. 4


"საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება. მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული" (12-19).

თ. 5


"მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ" (6-10).


2 კორინთელებს

თ. 5


"კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა, ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც. რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ" (3-6).

"ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი. ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი" (16-18).

თ. 6


"ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში,სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი" (3-10).

თ. 7


"ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია" (9-10).


ებრაელთა მიმართ

თ. 12


"... ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.

ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ? რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას. მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები" (2-12).


3. ფიქრები განსაცდელზე

განსაცდელთა აუცილებლობა


1. "როგორც შეუძლებელია ადამიანისთვის სიკვდილის თავიდან აცილება, ასევე შეუძლებელია მისთვის ცხოვრება განსაცდელთა გარეშე" (წმ. იოანე ოქროპირი).

2. "როგორი განსაცდელიც უნდა გეწვიოს, ნურავის დაადანაშაულებ მასში საკუთარი თავის გარდა, და თქვი: "ეს მე საკუთარი ცოდვების გამო შემემთხვა" (ამბა ორე).

3. "დაითმინე ჭირვებანი, რადგან მათში, ვითარც ეკლებში, იზრდება და ყალიბდება სათნოებანი" (წმ. ნილოს სინელი).

4. სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის დროს - სნეულებებს, სიმდიდრის დროს - სიღარიბეს; კმაყოფის დროს - შიმშილს და თავსმოწევნული უბედურებების ჟამს არასდროს დაეცემი" (სულიერი მარგალიტი).


განსაცდელთა მარგებლობა


1. რამდენიც გინდათ შეაგონეთ ბავშვს, რომელსაც საკუთარ ხელში მძაფრი იარაღი უჭირავს, რათა მით თავი არ დაიზიანოს; მაგრამ თუ მას არ წაართმევთ ამ იარაღს, მთელი თქვენი დარიგება წყალში ჩაიყრება; ასევე ღმერთიც იძულებულია ზოგჯერ წაართვას ადამიანს ჯანმრთელობა, მონახვეჭი და სხვა სიკეთენი, როდესაც ადამიანი მათით საკუთარი თავის საზიანოდ სარგებლობს და არც სინდისის შეგონებას ისმენს და არც მოყვასთა დარიგებას.

2. არ გაშინებს არც დედა, არც მამა, არც მოძღვარი, არც უფროსი, არც მოსამართლე და არც მსაჯული? არ გამხელს მეგობარი? არ გასწორებს შენი სინდისი? - მაშინ მოვა ხორციელი სნეულება და ყოველივეს გაასწორებს" (წმ. იოანე ოქროპირი).


4. განსაცდელთა აუცილებლობა ცხონების გზაზე


"ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს" (2 კორინთ. 4:8). საიდან ჰქონდათ, ძმანო, წმინდანებს ასეთი ძალა და გამძლეობა, ასეთი ანგელოზური მოთმინება და სათნოება, რომ ღირსეულად უმკლავდებოდნენ მრავალგვარ შეჭირვებას? ცხადია, იქიდან, რომ გრძნობდნენ ამგვარ განსაცდელთა აუცილებლობას თავიანთი ცხონების გზაზე და ეჭვმიუტანლად სჯეროდათ მოციქულის ღმრთითშთაგონებული სიტყვებისა, რომელიც ბრძანებს: "მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველში" (საქმე 14:22).

და მართლაც, განსაცდელი აუცილებელია! ჯერ ერთი, ცხონების გზაზე მავალ ადამიანს განსაცდელი სამართლიანი მსჯავრითაც უნდა შეხვდეს. ღმერთს ადამიანის ზეცად აღტაცება სამოთხისეული გზით სურდა; მაგრამ როდესაც ქმნილება გარდახდა შემოქმედის ნებას, ხიბლში შთავარდა და ღმრთის გატოლება მოისურვა, თვითონ დაამხო საკუთარი თავი ღმრთითბოძებული პატივისგან. ძეძვი და ეკალი, ოფლი და შრომა, მოთქმა და მწუხარება ითესება მის გზებზე, ბოლოს კი დროებითი ან მარადიული სიკვდილიც გამოჩნდება.

შობის კანონის მიხედვით ჩვენ ყველამ მივიღეთ პირველმშობელთა შეცოდება და მისგან განუყოფელი მემკვიდრეობა - სასჯელი; მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ამ მემკვიდრეობის ბოლო ნაწილის თავიდან აცილება, რასაც ხშირად თვითონვე ვამძიმებთ ნებაყოფლობითი შეცოდებებით და ღმრთისგან განშორებით. ღმრთის მოწყალებამ გვიჩვენა გზა ქრისტეში, რომელმაც თავისი ჯვარცმით დააკმაყოფილა ღმრთის მართლმსაჯულება, მართალი ევნო ცოდვილთათვის, და თუკი პირველი ადამის მიერ ცოდვა შემოვიდა სამყაროში, მეორე ადამის (ქრისტეს) მიერ, ცოდვა აღხოცილ იქნა და ზეციური სასუფეველი კვლავ განიხვნა. თუმცა რაკიღა მართლმსაჯულების კანონი არ ირღვევა, შეწყალებული ცოდვილი სამოთხისეულ, უცოდველ ადამიანს ჯერაც ვერ ედრება.

გიხაროდენ, ადამიანო, რადგან ქრისტეს სიკვდილით "სიკვდილი დაითრგუნა" და უკვე სიცოცხლისკენ მიყევხარ ღმრთის მოწყალებას; ამიტომაც უსიტყვოდ და მორჩილად მიიღე მსუბუქი და ხანმოკლე გაკვეთილები მართლმსაჯულებისა: შრომა, ჭირვება და ურვა.

მეორეც, განგების ხელში განსაცდელი სულთა სამკურნალო საშუალებაა. ცოდვა, ვითარც სნეულება, მტკიცედ იდგამს ფესვს ადამიანში. ვნებიანი შთაბეჭდილებები და ტკბობა სულში თავის წარმწყმედელ კვალს ტოვებს, რომელიც ცოდვილ მოქმედებათა განმეორების შემთხვევაში ღრმავდება და, მოგონებათა მეშვეობით განახლდება, რაიც ცოდვის კვლავ ჩადენის წყურვილს ბადებს. ამიტომაც, როგორც ამქვეყნიური მკურნალი, როდესაც ადამიანის სხეულის დაზიანებულ და მოწყლულ ასოს ხედავს, მის ჭრილობას რკინით ამოშანთავს და აყენებს ხელოვნურ ტკივილს, რათა აღმოფხვრას სნეულება, ჩვენი სულების ზეციური მკურნალიც განსაცდელთა და ჭირვებათა საჭრეთელით კვეთს ჩვენს სულებს რათა აღმოფხვრას იქიდან ცოდვის ნაკვალევი და ტანჯვათა მიერ აღმოწვას ცოდვილ სიამტკბილობათადმი ლტოლვა. სწორედ ამაზე უთითებს წმ. მოციქული პეტრე, როცა ბრძანებს: "ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს. რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი" (1 პეტრე. 4:1, 2).

მესამეც, ღმრთის განგებულება განსაცდელებით გამოსცდის მორწმუნეთა სულებს, სრულყოფს მათ და უზენაესი ნეტარების მისაღებად ამზადებს. განსაცდელი ყოვლისმხედველი ღმრთისთვის კი არ არის საჭირო, არამედ თვით ადამიანისთვის, რომლის "გული ღრმაა" (ფსალმ. 63:7) და, რომელმაც თვითონაც კი არ იცის რა შეიძლება იქიდან გამოაშკარავდეს და გამოღებული იქნას. როგორც რკინა, რომელიც ქვაზე დარტყმით ცეცხლს აკვესებს, თუმცა მანამ ცეცხლის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა, სულიც, როდესაც მას განსაცდელი დაატყდება, სათნოებათა ცეცხლით აღინთება და რომ არა განსაცდელი, შესაძლოა არც არასოდეს გამოეაშკარავებინა ეს თვისება.

წარმოვიდგინოთ როგორ მტკივნეულ დარტყმებად აღიქმებოდა აბრაამის მამობრივ გულზე ღმრთის განგების ყოველი სიტყვა, რადგან უთხრა: "მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ" (დაბ. 22:2). მაგრამ როდესაც უჩვეულო განსაცდელმა ღმრთისადმი უზომო სიყვარულისა და უჩვეულო თავგანწირვისკენ აღძრა აბრაამი, მისი სათნოება წარმოუდგენელი ნათლით გამობრწყინდა და უფალმაც გამოუთქმელი მადლი მიაგო მის რწმენასა და ერთგულებას! მან მიიღო უზენაესი კურთხევა და იხილა დღე უფლისა (იოანე 8:56), გახდა წინაპარი ქრისტესი და მამა მრავალთა მორწმუნეთა.

მოდი, გავიხსენოთ რამდენი ჭირვება და განსაცდელი გადაიტანა მოციქულმა პავლემ! მაგრამ მიუხედავად ამისა, კადნიერად და გაბედულად ამბობდა: "რაკიღა რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით;და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას, მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება - სასოებას, სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც ჩვენ მოგვეცა" (რომ. 5:3).

"ვიქადითცა ჭირთა შინა" (კოლას. 1:24), - ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე, რადგან განსაცდელთა ნეტარ ნაყოფსა და კურთხევას სისხლხორცეულად გრძნობდა. "ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც" (2 კორინთ. 1:5).

ვინ ჩამოსთვლის ყველა წმიდათა განსაცდელებს, რომლებიც ზეციური სასუფევლის დასამკვიდრებლად მოთმინებით იტანდნენ მრავალგვარ გაჭირვებას, - განსაცდელს ხომ არა მარტო განწმენდისკენ, არამედ სრულყოფილებისა და სიწმიდისკენ მივყავართ!

"მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა" (სიბრძნე სოლ. 3:5-6). როგორც ოქრო განიწმიდება ცეცხლით და სამსხვერპლოზე შეწირულ მსხვერპლს მადლი გამოჰყავს, ასევე განსაცდელთა ცეცხლში იწმიდება სულიც და იმკვიდრებს ნეტარებას: "გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები" (სიბრძნ. სოლ. 3:7).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню