განმარტებანი - მცირედის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ნეტ. სვიმეონ თესალონიკელი
იმის შესახებ, რომ იმ საკითხებშიც უნდა ვიფრთხილოთ, რაც მცირედ გვეჩვენება
ნეტ. სიმეონ თესალონიკელი
მოციქულები ზრუნავდნენ, რომ კეთილმსახურნი იმ საკითხებშიც გამოესწორებინათ, რომლებიც მცირედ ეჩვენებოდათ. ეს იქიდან ჩანს, რასაც ისინი მოც. პავლესა და ბარნაბას მეშვეობით სწერდნენ წარმართობიდან მოქცეულებს - რომ განშორებოდნენ ნაკერპავს, სიძვას და დამხრჩვალს (1).
 
_____________
 
1. დამხრჩვალად იწოდება ის ცხოველები, რომელბსაც არ დაკლავდნენ, არამედ მოაშთობდნენ და მათი სისხლი მათ სხეულშივე რჩებოდა - მთარგმნ.
 
_____________

დამხრჩვალისგან განშორების შესახებ ბევრი ჩვენგანიც ფიქრობს, რომ წვრილმანია, მიუხედავად იმისა, რომ სრულებით ეწინააღმდეგება მოციქულების ნათქვამს. ლათინებისთვის დამხრჩვალის ჭამა ჩვეულებრივი საქმეა. მეტიც, მათ ხარჭებიც ჰყავთ და უსირცხვილოდ სჩადიან სიძვას. მაგრამ მოციქულებს ეს წვრილმანად არ მიუჩნევიათ და დაწერეს ის, რაც დაწერეს და თქვეს, რომ დამხრჩვალის ჭამა კერპთმსახურებისა და სიძვის თანასწორია, ვინაიდან ღმერთმა ეს, ჯერ კიდევ რჯულამდე, ნოეს დაუწესა.
 
ამგვარად, არც ისაა კარგი, რომ ყოველთვის უგლებელვყოთ, რაც ღმერთმა ძველებს დაუწესა, არამედ სულიერად უნდა გავიაზროთ და აღვასრულოთ ისინი, უმჯობესისკენ წარვემატოთ და რჯულზე მეტი აღვასრულოთ (მაგრამ არ გავურჯულოვდეთ). ვინაიდან სახარება ამბობს: "თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში" (მთ. 5:20). აგრეთვე, "ერთი იოტა და ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისგან, ვიდრე ეს ყოველივე არ აღსრულდეს" (მთ. 5:18).
 
არათუ იუდეველთაებრ, არამედ რჯულზე აღმატებულად, სულიერად. ჩვენ წინადაცვეთის ნაცვლად ნათლობა და ქრისტეში განწმენდილი ცხოვრება მოგვეცა; პირუტყვთა შეწირვის ნაცვლად - სიტყვიერი, ცოცხალი და უსისხლო მსხვერპლი, ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი პურისა და ბარძიმის მეშვეობით; არათუ მრავალცოლიანობა და სიძვა, არამედ პატიოსანი და წმინდა ქორწინება. ქვრივობის ნაცვლად ქორწინებაზე უფრო აღმატებული და ანგელოსთა თანასწორი ქალწულება. აგრეთვე უძღებობის ნაცვლად, საკვებში განკრძალულობა და რჯულისეულზე უფრო აღმატებული მარხვა. ამიტომ ზოგიერთ დღესა და ჟამს ხორცეულსაც განვეშორებით.
 
ამგვარად, რჯულის გაუქმება რჯულის დარღვევა კი არ არის, არამედ - უფრო აღმატებულთა სულიერად და საღმრთოდ შესრულება. ის, რაც რჯულისმიერია, აჩრდილებრივი და წინასახეობრივი სიმბოლოა, ხოლო ჩვენეულნი უკვე აშკარად ჭეშმარიტება. იქ იყო წინასწარმეტყველი მოსე, აქ კი არის ქრისტე, ჩვენთვის განკაცებული ღვთის სიტყვა.
 
ამიტომ ჩვენ ახალი ისრაელი ვართ, ვინაიდან ჭეშმარიტად შევიცანით და გულისხმავყავით სამება, ერთადერთი არსებული ღმერთი და შევიწყნარეთ ერთადერთი მესია, ქრისტე იესუ, ცოცხალი ღმერთის ძე და ყოველივე სულიერად, რჯულზე აღმატებულად მივიღეთ, რაც უნდა დავიცვათ და არ უ გულებელვყოთ და დაუდევრად არ ვიცხოვროთ; არც უგუნურად და ბარბაროსთა მსგავსად ვიარსებოთ და ვიმოქალაქეოთ, ვინაიდან უკვე ბნელში კი აღარ ვართ, არამედ - უფლისმიერ სინათლეში.
 
 
წყარო: წმ. სვიმეონ თესალონიკელი. დიალოგი ჩვენს რწმენაზე, საეკლესიო წესებსა და საიდუმლოებებზე. თავი 22. იმის შესახებ, რომ იმ საკითხებშიც უნდა ვიფრთხილოთ, რაც მცირედ გვეჩვენება. საეკლ. გამომც. "ახალი ივერონი". თბილისი 2023 წ. გვ. 61.
Назад к содержимому