განმარტებანი - ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს!

Locva

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: სიტყვა "ცოდვილს" სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია. ერთი მხრივ, ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, ყველამ შევცოდეთ და ვცოდავთ. უცოდველი - მხოლოდ მაცხოვარი იესუ ქრისტეა. მეორე მხრივ ამ სიტყვით შეიძლება გამოვხატოთ ცხოვრებისეული პოზიცია, ცხოვრებისეული ვექტორი, - რაც მსურს იმას ვაკეთებ. ეს არის ადამიანი, რომელიც სრულიად მშვიდად სცოდავს და არც ცდილობს მასთან ბრძოლას. მოცემულ შემთხვევაში სიტყვა "ცოდვილს" გააჩნია ანტონიმი: "მართალი". ამ ცნებათა აღრევის გამო ხშირად ჩნდება გაუგებრობები. სტატიაში, რა თქმა უნდა, ლაპარაკია ცოდვილთა მეორე სახეობაზე. სწორედ ის ჰქონდა სახარებას მხედველობაში. არა მონანული ცოდვილები, არამედ ამაყი, ამპარტავანი ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ან უუნარონი არიან ცხოვრების მოცემულ მომენტში თაყვანი სცენ ღმერთს, ილოცონ გულწრფელად, მთელი სულითა და გულით... რომელთათვისაც მღვდელი ვინმე მოგვი ან შამანია, ხოლო სანთელ-საკმეველი ღმრთისთვის შეწირული ქრთამი... აი ამგვარ ცოდვილებზეა აქ ლაპარაკი.

დიახ, "ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს" (იოანე 9:31)! არ უსმენს ის იმ მოუნანიებელ ჯიუტებს, რომლებისაც, არ სურთ მორჩილად მოიდრიკონ ქედი ღმრთის წინაშე, არამედ ცდილობენ თვით ღმერთი მიიმხრონ საკუთარი თხოვნის აღსასრულებლად. ბრძენი მშობელი არ დაექვემდებარება გაფუჭებული ბავშვის ჭირვეულობებს, როგორი ტკბილხმოვანიც იყოს მისი საუბარი ან გალობა, სიბრძნის მომნიჭებელი ღმერთი კი მით უმეტეს...

ღმერთი
არ უსმენს ცოდვილებს იმიტომაც, რომ ისინი, როგორც ჩანს, მთლად უფალს როდი მიმართავენ, რადგან "მათი ღმერთი მუცელია" (ფილიპ. 3:19) ან მამონა, ან კიდევ სხვა რამ, რომელიც მათ ცხოვრებაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. მათ თავიანთი კერპები გააღმერთეს, რის შედეგადაც ჭეშმარიტი ღმერთი მათთვის მორიგი კერპის მსგავსი გახდა, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა რელიგიური მომსახურეობებისთვისღა თუ ივარგებს, კერძოდ: დაეხმაროს გამოჯანმრთელებაში, წარემატოს ბიზნესში, შეეწიოს შვილთა გაჩენაში და ა. შ. რატომ უნდა შეისმინოს ღმერთმა ის თხოვნები, რომლებიც, არსებითად, მიმართულია არა მისკენ, არამედ მდაბიო რანგის მითიური არსებისკენ?

ღმერთი
არ უსმენს ცოდვილებს, რომლებიც დაბეჯითებით ითხოვენ, რომ მან ისმინოს, მაგრამ ამასთან დახშული აქვთ თავიანთი სასმენელი. რატომ უნდა ისმინოს, თუკი შეუძლებელია პასუხი ან ადამიანი ამ პასუხს არ ელოდება, თუკი დიალოგი უბრალოდ არც განიხილება? მეტიც, ასეთ ადამიანს არავითარი პასუხი არც სჭირდება! ჭირვეულ ცოდვილთა ახირებების აღმსრულებელი ღმერთი განა უფრო მოხერხებული და პრაქტიკული არ არის?!

ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს კიდევ იმიტომ, რომ მათი ლოცვები ხშირად ფუჭია და ამაო, თხოვნები კი ანგარებითაა სავსე: ითხოვენ არა სიკეთეს, არამედ საკუთარი ვნებების დაკმაყოფილებას, როგორც წმიდა იაკობ მოციქული ამბობს: "ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ" (იაკობ. 4:3). ისინი ითხოვენ ჯანმრთელობას და არ აპირებენ მის გამოყენებას ღმრთის სადიდებლად. ითხოვენ ფულს და სულაც არ ფიქრობენ მოწყალებაზე. ითხოვენ შვილებს და არ აპირებენ მათ აღზრდას რწმენასა და ღვთისმოსაობაში.

ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს, რადგან მათ არ  უწყიან რა სურთ. მათი სურვილები წინდაუხედავია და არაშორსმჭვრეტელი, შედეგად კი, თუკი რეალობაში განხორციელდება, უფრო ზიანს მიაყენებენ საკუთარ თავს ვიდრე სარგებელს. მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ უწყიან და აგრძელებენ ვედრებას და ითხოვენ, ითხოვენ, ითხოვენ... რა თქმა უნდა, ნორმალური მამა ყოველთვის იჩენს მზრუნველობას შვილებზე. როგორც სახარება ბრძანებს: "რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას? ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?" (ლუკა. 11:11-13). მაგრამ რა მოხდება თუკი ისინი ჯიუტად სწორედ გველს ითხოვენ?

ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ ესმის.

ექიმსაც ესმის, მაგრამ შეისმენს კი იგი ციებ-ცხელებიანის ბოდვას?  არა, არ შეისმენს! და არც არის საჭირო - ამგვარს უნდა უმკურნალო! თანაც სასწრაფოდ! გაივლის ციებ-ცხელება და მაშინ მეტყველებაც გასწორდება და გონიერებაც გამოკრთება. ამის შემდეგ
იქნება შესაძლებელი მისი მოსმენა, რადგან "თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა" (ფსალმ. 33:15). მანამდე კი ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს, თუმცა ზურგს როდი შეაქცევს.

კვლავ და კვლავ, მართალს ბრძანებს სახარება, რომ ღმერთი არ უსმენს ამგვარ ცოდვილებს, მაგრამ შეისმენს მისას, ვინც გულწრფელად შეინანებს თავის ცოდვებს და იტყვის: "მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას" (ლუკა 15:21), მაშინ მამა ზურგს კი არ შეაქცევს თავის ძეს, არამედ "შეებრალება იგი, გამოიქცევა, კისერზე შემოეჭდება და კოცნას დაუწყებს" (შეად. ლუკა 15:20), შემოსავს მას და პირველსავე პატივში აღადგენს (ლუკა 15:22). მაშინ იტყვის ზეციერი მამა: "ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა" და მთელი ზეცა გაიხარებს (ლუკა 15:24).




წყარო: pravoslavie.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню