სწავლანი > განმარტებანი
ეპისკოპოსის მოვალეობა; მისი ღვაწლი და ღირსება
წყარო: წმ. იოანე ოქროპირის მე-3 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე".
4. იმათ მივმართავ, ვინც ძალაუფლებისკენ ილტვის. თუკი გჯერა, რომ ღმერთი ირჩევს, მაშინ ნუ ხარ უკმაყოფილო, თორემ გამოდის, რომ ღმერთით ხარ უკმაყოფილო, მისგან ხარ გაღიზიანებული, იმიტომ, რომ მან აირჩია. თუკი მისი არჩევანის მიუხედავად, წყენას ბედავ, მაშინ კაენივით იქცევი. მას მართებდა ღვთის განაჩენი მოეწონებინა, ის კი იმის გამო, რომ ძმის მსხვერპლი ამჯობინეს, დაღონდა. უკმაყოფილო იყო, იმის ნაცვლად, რომ გული მოელბო. თუმცა ამაზე არ ვსაუბრობთ ახლა, არამედ იმაზე, რომ ღმერთმა იცის, უკეთ როგორ მოაწყოს საქმეები.
ხშირად ხდება, რომ, მაგალითად, შენ ბუნებით უფრო მოკრძალებული ხარ, მაგრამ მიზანს არ შეეფერები; ანდა უმწიკვლოა შენი ცხოვრება და კეთილშობილი ხასიათი გაქვს, მაგრამ მხოლოდ ეს არ სჭირდება ეკლესიას. თანაც ერთი ერთ რამეს შეეფერება, მეორე კი - მეორეს. ვერ ხედავ, რამდენს მოგვითხრობს ამის შესახებ წმინდა წერილი?
მე გეტყვით, ეს საქმე რატომ იქცა ამგვარი ლტოლვის საგნად. მიზეზი ის არის, რომ ჩვენ მას ველტვით არა როგორც სხვების მართვისა და ძმებზე ზრუნვის მოვალეობას, არამედ როგორც პატივსა და მოსვენებას. ის რომ იცოდე, რომ ეპისკოპოსი ყველას უნდა ეკუთვნოდეს, ყველას სიმძიმე უნდა იტვირთოს, რომ სხვებს, როცა მრისხანებენ, ეპატიებათ, მას კი - არასოდეს, რომ სხვებს, თუკი შესცოდავენ, ხალისით მიუტევებენ, მას კი - არა, - შენ არ შეეცდებოდი ამ ხარისხისთვის მიგეღწია, არ გექნებოდა მისკენ სწრაფვა.
ეპისკოპოსისთვის ყველას გამოაქვს განაჩენი, ყველა ასამართლებს - ბრძენიც და უგუნურიც. ყოველი დღე, ყოველი ღამე ის იქანცება საზრუნავებით. მას ბევრი არაკეთილმოსურნე, ბევრი მოშურნე ჰყავს. იმათზე ნურაფერს მეტყვი, რომლებიც ყველაფერში სიამეს ეძებენ, რომლებსაც ძილი უნდათ, რომლებიც ამ საქმეში განსვენებას ხედავენ, მათზე არ ვსაუბრობ, არამედ იმათზე, რომლებიც ფხიზლობენ თქვენი სულებისთვის, რომლებიც ქვეშევრდომთა გადარჩენას ამჯობინებენ საკუთარ ხსნას. მითხარი: თუკი ის, ვისაც ათი შვილი ჰყავს, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებულნი და მასთან ცხოვრობენ, იძულებულია გამუდმებით მათზე იზრუნოს, მაშინ როგორი ცხოვრება მართებს მას, ვისაც ასე ბევრი პიროვნება ჰყავს, რომლებიც არ ემორჩილებიან, მასთან არ ცხოვრობენ, არამედ თავისუფლად იქცევიან, როგორც სურთ? სამაგიეროდ, ის პატივით სარგებლობსო, იტყვი. რომელი პატივით? უკანასკნელი ღატაკები ლანძღავენ მას მოედანზე. რატომ არ აიძულებს მათ დადუმდნენ? კეთილი; მაგრამ ეს სულაც არ არის ეპისკოპოსის საქმე. აბა, ყველას არ მისცეს მოწყალება, იმათაც, ვინც უსაქმურად ატარებს ცოხვრებას და იმათაც, ვინც შრომობს, - ათას საყვედურს მიიღებს ყოველი მხრიდან. არავის ეშინია მას ბრალი დასდოს და ცილი დასწამოს. საერო უფროსების განკითხვისა ეშინიათ, ამათი კი - არა, იმიტომ, რომ ღვთის შიშს ასეთი ადამიანებისთვის არავითარი ძალა არა აქვს.
სიტყვისა და სწავლების შესახებ ზრუნვაზე რაღა ვთქვათ? ხელდასხმასთან დაკავშირებულ სირთულეებზე? ან, იქნებ, მე ვარ უკიდურესად უძლური, საწყალი და არარაობა, ან საქმე მართლაც ისეა, როგორც ვამბობ. მღვდლის სულის არაფრით განსხვავდება გემისგან, რომელსაც ტალღები სცემს. ყოველი მხრიდან იგვემება მეგობრებისგან, მტრებისგან, თავისიანებისგან, უცხოებისგან. მეფე ხომ მთელი ქვეყნის მფლობელია და მას განაგებს, მაშინ, როცა ეპისკოპოსი - მხოლოდ ერთ ქალაქს, მაგრამ ამ უკანასკნელი საზრუნავები იმდენად მეტია, რამდენადაც აბობოქრებული და გაშმაგებული ზღვა განსხვავდება მდინარის წყლისგან, რომელსაც ქარმა დაჰბერა.
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მას ბევრი დამხმარე ჰყავს და ყველაფერი კანონისა და ბრძანების მიხედვით სრულდება, აქ კი არაფერია ამგვარი და ვერც საკუთარი შეხედულებისამებრ უბრძანებ. თუკი მტკიცედ იმოქმედებ, უხეშად ჩაითვლები, ხოლო თუ რბილად - ცივად. საჭიროა ერთისა და მეორის შეთავსება ისე, რომ არც უგულებელყოფილი იყო, და არც სიძულვილი დაიმსახურო. მეორეს მხრივ, აქ თვითონ საქმეებიც განსაკუთრებით რთულია. რა ბევრი ვინმეს დაღონება უხდება ეპისკოპოსს ნებით თუ უნებლიედ! რა ბევრის მიმართ უწევს მკაცრად მოქცევა, სურს ეს თუ არ სურს! ამას ზუსტად ისე გეუბნებით, როგორც ვფიქრობ და ვგრძნობ. არა მგონია, რომ მღვდლებს შორის ბევრი იყოს, ვინც ხსნისკენ მიდის, არამედ გაცილებით მეტნი დაღუპვისკენ მიიწევენ და სწორედ იმიტომ, რომ ეს საქმე დიდებულ სულს მოითხოვს. ეპისკოპოსს ბევრი საქმე აქვს, რომლებიც აიძულებს სახლიდან გამოვიდეს. თან ასი თვალი უნდა გამოისხას. ვერ ხედავ, რამდენი რამით უნდა იყოს შემკული? ის უნდა იყოს დამრიგებელი, მომთმენი, მტკიცედ მიმდევარი მოძღვრებისა, "სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება" (1 ტიმ. 3:2; ტიტ. 1:9 და სხვა). ეს კი რა ძნელია!
მაშინაც, როცა სხვები სცოდავენ, ბრალი მას ედება. სხვა რომ არაფერი ვთქვა, თუკი ერთი ვინმე მაინც წავა ამ ქვეყნიდან განწმენდისა და ზიარების გარეშე, განა არ დაამხობს ეს მთელ მის გადარჩენას? ერთი სულის დაღუპვაც ხომ ისეთი დანაკლისია, რომელსაც ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს. თუკი მის ხსნას ისეთი ფასი აქვს, რომ ამისთვის ძე ღვთისაც კი კაცად იქცა და ამდენი გადაიტანა, მაშინ წარმოიდგინე, როგორ სასჯელს მოიტანს მისი დაღუპვა!
თუკი ის, ვის გამოც სხვა იღუპება, ამ ცხოვრებაში სიკვდილის ღისია, მაშინ მით უმეტეს - იმ ცხოვრებაში. ნუ იტყვი: პრესვიტერი ან დიაკვანი შესცოდავს და ყველას ბრალი ხელდამსხმელთა შორის უფროსს დაედება. სხვა რამესაც აღვნიშნავ: ხდება ზოგჯერ უწესო ადამიანის მიღბა სასულიერო პირად და ძნელი გასარკვევია, როგორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მის ადრინდელ ცხოდვებთან დაკავშირებით? აქ ორი უფსკრული არსებობს: არც ის დავტოვოთ დაუსჯელი და არც სხვებს მივცეთ ცდუნების მიზეზი. მაშ, გავაძევოთ? მაგრამ ახლა არ გვაქვს საბაბი. თუ დაუსჯელი დავტოვოთ? დიახ, რადგან დამნაშავე ხელდამსხმელიაო, იტყვი, მაშინ რა ვქნათ? უკიდურეს შემთხვევაში, არ დავასხათ ხელები და არ ავიყვანოთ მომდევნო ხარისხში? მაგრამ მაშინ ყველასთვის ცხადი გახდება, რომ ის რაღაცით შეუფერებელია და, შესაბამისად, ეს ისევ ცდუნებას წარმოშობს. თუ ავიყვანოთ მაღალ ხარისხში? მაგრამ ეს გაცილებით უარესია.
5. ამგვარად, ყველანი მღვდელმთავრობისკენ ისე რომ მიისწრაფოდნენ, როგორც სხვებზე ზრუნვის მოვალეობისკენ, მაშინ ვერავინ გადაწყვეტდა მალე მიეღო ეს ხარისხი. ჩვენ კი ზუსტად ისევე დავეძებთ მას, როგორც ამქვეყნიურ თანამდებობებს. იმისთვის, რათა დიდება მოვიხვეჭოთ, ადამიანებისგან პატივი მივიღოთ. უფლის თვალში ვიღუპებით და რას გვარგებს პატივი? ცხადად არის დამტკიცებული, რომ ის არაფერია! როცა ძალიან მოგინდება მღვდლობა, მაშინ ამას გეენა დაუპირისპირე, ანგარიში დაუპირისპირე, რომლის ჩაბარებაც იქ მოგიწევს, დაუპირისპირე საიქიო ცხოვრება, სასჯელის ზომა. თუკი შესცოდავ, როგორც ადამიანი, შეუდარებლად ნაკლები მოგეზღვება; ხოლო, თუ შესცოდავ მღვდლობისას, დაღუპული ხარ.
დაფიქრდი, რამდენი გადაიტანა, რამდენი სიბრძნე გამოიჩინა, რამდენი სიკეთე გამოავლინა მოსემ და მაინც, იმისთვის, რომ მხოლოდ ერთხელ შესცოდა, მკაცრად დაისაჯა. და სამართლიანადაც, იმიტომ, რომ ეს სხვებისთვისაც ზიანის მომტანი იყო.
ამგვარად, ის განსაკუთრებული სიმკაცრით დაისაჯა არა მარტო იმიტომ, რომ მისი ცოდვა აშკარა იყო, არამედ იმიტომაც, რომ ეს მღვდლის ცოდვა იყო. ერთნაირ სასჯელს ხომ არ ვიმსახურებთ ფარული და აშკარა ცოდვებისთვის. ცოდვა ერთი და იგივეა, მაგრამ მისგან მოტანილი ზიანი ერთნაირი არ არის, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, არც ცოდვაა ერთი და იგივე, იმიტომ, რომ სულერთი არ არის სცოდავდე მალულად და შეუმჩნევლად და სცოდავდე აშკარად. ეპისკოპოსი კი არ შეიძლება სცოდავდეს დაფარულადაც. ისიც შეღავათია, თუკი არ კიცხავენ, როცა არ სცოდავს; აღარაფეს ვამბობ იმაზე, როცა სცოდავს. თუ გბრაზდება, თუ გაიცინებს, თუ გამოძინებას მოინდომებს, - გამოჩნდებიან მრავალნი, ვინც დასცინებენ, ვინც ცდუნდებიან, მრავალი კანონმდებლები, ბევრი ისეთი ვინმე, რომლებიც ადრინდელ ეპისკოპოსებს იხსენებენ და ახლანდელს აძაგებენ; და ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ იმათი შექება სურთ, არა, ადრინდელ ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს იხსენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ახლანდელი დაგესლონ.
ომი იმისთვის არის საამური, ვისაც ის არ გამოუცდიაო, ნათქვამია. ამის თქმა ახლაც შესაფერისია. უკეთ რომ ვთქვათ, ასე ვამბობთ, სანამ ღვაწლში არ შევსულვართ; ხოლო, როცა შევალთ, ჩვენ ხალხი აღარც კი გვიცნობს. ჩვენ ახლა აღარ ვებრძვით იმათ, ვინც ღარიბებს ჩაგრავს; ჩვენ აღარ ვირჯებით ჩვენი სამწყსოს გამოსარჩლებისთვის, არამედ იმ მწყემსების მსგავსად, რომლებიც მოიხსენიებიან ეზეკიელთან (ეზეკ. 34:2), ჩვენ მხოლოდ ვიმოსებით და ვჭამთ. ჩვენგან ვინ ზრუნავს ქრისტეს სამწყსოზე ისე, როგორც იაკობი ზრუნავდა ლაბანის ფარაზე? ვინ დაიკვეხნის ისეთ რამეს, რაც შეედრებოდა ღამის სიცივის გადატანას? მღვიძარებას ნუ დამისახელებ ამ უდიდესი მზრუნველობის თანასწორად. არა, ახლა ყველაფერი სრულებით სხვაგვარადაა.
მხარეების უფროსები და ადგილობრივი მმართველები არ სარგებლობენ ისეთი დიდი პატივით, როგორითაც - ეკლესიის მთავრობა. თუ სამეფო სასახლეში შევა, პირველი ადგილი მისია, ქალების წრეში იქნება თუ წარჩინებულთა სახლებში, არავის მიაგებენ მასზე მეტ პატივს. ყველაფერი დაიღუპა, ყველაფერი წახდა!
ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ შეგარცხვინოთ, არამედ იმისთვის, რათა ამ ვნებისგნა შეგაჩეროთ. რა სინდისი გექნება, თუკი მიისწრაფი ამ ხარისხისკენ, ან თავად, ან ვინმეს მეშვეობით? რა თვალით შეხედავ იმას, ვინც შენი თანამზრახველი იყო? რა გამართლება გექნება?
ვინც ეს ხარისხი მიიღო არა საკუთარი ნებით, არამედ იძულებით, სურვილის საწინააღმდეგოდ, მას კიდევ აქვს რაღაც გამართლება; მართალია, მას უმეტესად არ ეპატიება შეცოდება, მაგრამ აქვს ერთგვარი გამართლება. დაფიქრდი, როგორ დაისაჯა სიმეონი? (იგულისხმება სიმონ მოგვი - "აპოკ." რედ.) მერე რა, რომ შენ ვერცხლს არ აძლევ, მაგრამ ვერცხლის ნაცვლად ეპირფერები და ათასგვარ ხრიკსა და ეშმაკობას მიმართავ. "ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად" (საქმე 8:20), უთხრეს მას. და ამ ადამიანებსაც ასე ეტყვიან: თქვენი ლტოლვა თქვენთანვე იყოს თქვენს დასაღუპად იმისთვის, რომ განიზრახეთ ღვთის ნიჭი მიგეტაცებინათ ადამიანური ხრიკებითო. მაგრამ ასეთი არვინ არის? ნეტავ, მართლა არავინ იყოს! მე ხომ სულაც არ მსურს, რომ ჩემი სიტყვები თქვენ გეხებოდეთ. უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა ეს სათქმელი.
როცა მომხვეჭელობის წინააღმდეგ ვლაპარაკობ, ჩემი სიტყვები ასევე არ გეხებათ, არც ერთ თქვენგანს. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ ტყუილად ვამზადებდეთ წამლებს. ექიმების სურვილებიც ზუსტად ასეთივეა: მათაც სხვა არაფერი სურთ, გარდა იმისა, რომ მათი საფუძვლიანი გარჯის შემდეგ წამლებზე უარი ვთქვათ. ჩვენც ეს გვსურს, რომ ჩვენი სიტყვები უქმად იხარჯებოდეს, ჰაერზე, ისე, რომ სიტყვებადვე დარჩნენ. მზად ვარ ყველაფერი ავიტანო, ოღონდ არ შევეჩეხო ამაზე ლაპარაკის აუცილებლობას. თუ გნებავთ, ჩვენ დავდუმდებით, ოღონდ ჩვენი დუმილი მავნებელი არ აღმოჩნდეს. არა მგონია, ვინმემ, რაოდენ პატივმოყვარეც იყოს, ყოველგვარი საჭიროების გარეშე მოინდომოს ლაპარაკი მხოლოდ იმისთვის, რომ თავი გამოიჩინოს. ჩვენ გაძლევთ სწავლას. საქმეებით სწავლა - გაცილებით მნიშვნელოვანი სწავლაა.
საუკეთესო ექიმებს, მიუხედავად იმისა, რომ სენს მათთვის შემოსავალი მოაქვს, სურთ, რომ მათი მეგობრები ჯანმრთელები იყვნენ. ისევე, როგორც მე მინდა, რომ თქვენ ყველანი ჯანმრთელები იყოთ. არ მსურს, მე მაქებდნენ, თქვენ კი განგიკითხავდნენ. ვისურვებდი, თუკი შესაძლებელია, მზერით გამომეხატა ის სიყვარული, რომელსაც თქვენ მიმართ განვიცდი, მაშინ ვეღარავინ მისაყვედურებდა ვერაფერში, თუნდაც მეტისმეტად უხეში იყოს ჩემი სიტყვა, რაც მეგობრებს შორის თითქმის ადვილი გადასატანია, თუნდაც რაიმე საწყენი იყოს. "მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს" (იგავ. 27:6).
თქვენზე ძვირფასი ჩემთვის არაფერია, თვალის სინათლეც კი. ათასჯერ ვისურვებდი თავად დამეკარგა თვალის ჩინი, თუკი ამით თქვენი სულების მოქცევას შევძლებდი, - თქვენი ხსნა თვით თვალის სინათლეზე საამოა ჩემთვის. რას ვაქნევ მზის სხივებს, როცა თქვენზე გლოვა თვალებს მიბნელებს? სინათლე მაშინაა კარგი, როცა სიხარულისას ჩნდება, ხოლო დამწუხრებულ სულს ამძიმებს კიდეც. ხოლო, რომ არ ვტყუი, ამაში, ღმერთმა არ ქნას, გამოცდილებით დარწმუნდეთ! თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე თქვენგანი სცოდავს, მოდით ჩემთან მძინარესთან: დაე, დავიღუპო, თუკი თქვენზე მწუხარების გამო დავრდომილსა და სნეულებით შეპყრობილს არ მივემსგავსები. მაშინ, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: "ნათელი თუალთა ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა" (ფსალმ. 37:11).
რისი იმედი გაქვთ, თუკი წინ არ მიიწევთ? ხოლო თუ ქებას იმსახურებთ, რაღა განაღვლებთ? ასე მგონია, ფრთები შემესხა-მეთქი, როცა თქვენაე რამე კარგს გავიგებ. "აღავსეთ სიხარული ჩემი" (ფილ. 2:2). მხოლოდ ამას გთხოვთ, იმიტომ, რომ წარმატებას გისურვებთ. მე კი ყველას შევეკამათები იმის გამო, რომ მიყვარხართ, რომ დაგინათესავდით, რომ ჩემთვის ყველაფერი ხართ - მამაც, დედაც, ძმებიც, შვილებიც. ნუ იფიქრებთ რამეს გეუბნებოდეთ თქვენდამი არაკეთილგანწყობის გამო; არა, თქვენი გამოსწორებისთვის ვლაპარაკობ. "ძმაი, - ამბობს წმიდა წერილი, - ძმისა შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი" (იგავ. 18:19).
მაშ, ყურად იღეთ ჩემი სიტყვები. მეც ხომ არ ვამბობ უარს მოგისმინოთ. ვისურვებდი თქვენ გამოგესწორებინეთ, თქვენგან მესწავლა. ჩვენ ყველანი ხომ ძმები ვართ და ერთი მასწავლებელი გვყავს. მაგრამ ძმებს შორისაც საჭიროა, რომ ერთმა უბრძანოს, ხოლო დანარჩენებმა შეისმინონ. მაშ, ნუ უგულებელყოფთ ჩემს სიტყვებს, არამედ ყველაფერი ღვთის სადიდებლად ვაკეთოთ, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. III ტომი. მე-3 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე". §§ 4, 5. გამომც. "ალილო" // "ქორონიკონი". თბილისი 2015 წ. გვ. 39-44.