განმარტებანი - დაე, ადამიანები სახარებასთან მოვიდნენ ჭეშმარიტების და არა სასწაულთა გამო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

დაე, ადამიანები სახარებასთან მოვიდნენ ჭეშმარიტების და არა სასწაულთა გამო

სასწაეულები

ეპისკოპოს ბასილის (როძიანკო) სიტყვა.

"იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო! და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო. მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ! და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს. ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი" (მათე 9:27-31).

"არავინ გაიგოს". - რატომ? ეს უკვე მერამდენედ, როდესაც იესუ ვინმეს კურნავს, მისგან ითხოვს, და თანაც დაჟინებით: "არავინ გაიგოს". რატომ? თავმდაბლობის გამო? სხვები ფიქრობენ, რომ იესუმ ეს თქვა უბრალოდ, სულის სიღრმეში კი არსებითად არაფერი ჰქონდა ამ ამბის გახმაურების საწინააღმდეგო. ის ხომ დედამიწაზე სამახარობლოს საუწყებლად მოვიდა და თვითონაც ეუბნებოდა მოწაფეებს: "რაც ყურში ჩაგესმით, - ერდოებზე იქადაგეთ" (მათე 10:27). იმ მხარეში სახლებს ბრტყელი სახურავები ჰქონდა და შესაძლებელი იყო მათი გამოყენება პლატფორმებად, საიდანაც ქადაგებდნენ, ლაპარაკობდნენ და ყვიროდნენ კიდეც, თუ სურდათ, რომ შორს მდგომთ გაეგოთ. არც მინარეთები და არც მიკროფონები მაშინ არ იყო.

მაშ, რა არის ეს? წინააღმდეგობა? ერთი მხრივ - "არავინ გაიგოს" და მეორე მხრივ - "ერდოებზე იქადაგეთ"? ხომ არ არის ეს მოჩვენებითი თავმდაბლობა? მაგრამ იესუ ქრისტეში არასოდეს არაფერი ყოფილა ყალბი და ფარისევლური, მითუმეტეს - ცრუ, თუნდაც თავმდაბლობა. არა, მისთვის მაშინ მართლაც მნიშვნელოვანი იყო იმის არგახმაურება, რასაც ის აკეთებდა. "ჯერ კიდევ არ მოსულა ჩემი ჟამი", - უთხრა მან თავის მშობელ დედას კანას გალილეაში გამართულ ქორწილზე ყოფნისას. მას უკვე ფეხდაფეხ მოსდევდნენ გამყიდველნი, უკვე უთვალთვალებდნენ მტრები, უკვე იკვრებოდა შეთქმულება, და მან უწყოდა ეს ყოველივე. იცოდა, რომ, რაც უფრო ნაკლებად გახმაურდებოდა მისი გასაოცარი მკურნალი ძალა, მისი სასწაულები, მით უკეთესი იქნებოდა ყველასთვის.

დაე, ადამიანები მოვიდნენ სახარებასთან, რომელსაც ერდოებიდან ქადაგებენ, არა სასწაულთა, არამედ ჭეშმარიტების გამო. მტრებს კი მოდი ჯერაც ნურაფერს გავაგონებთ სასწაულთა შესახებ, რომლებიც მიიპყრობენ მათ ყურადღებას და შეამოკლებენ მისი ქადაგების დროს. ის ისედაც მოკლეა, და კიდევ უფრო შემოკლება - თვით სახარების ქადაგების შემოკლებას ნიშნავს. აი რაში იყო საქმე, აი რა ჰქონდა მხედველობაში იესუს, და ამაში არ არის არავითარი წინააღმდეგობა. ის სასწაულებს იქმოდა არა პოპულარობის გამო, არამედ მათთვის, ვინც საჭიროებდა მას და მათივე რწმენისთვის. "გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო".
მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ!" (მათე 9:28-29).

კურნებანი, რომელსაც იესუ აღასრულებდა, და სასწაულნი, რომელთაც იქმოდა, ორმხრივი იყო, ერთობლივი. ქრისტე სასწაულებს მარტოკა არ იქმოდა, არამედ მათთან ერთად, ვისაც კურნავდა. რადგან ქრისტე არასოდეს აკეთებდა რამეს მარტო, თავისთავად, სხვებისგან განცალკევებით.

ის იმიტომაც მოვიდა დედამიწაზე, რათა აღეხოცა დაყოფა, შეეწყვიტა გაუცხოება, მოეხსნა განსაკუთრებულობა, აღედგინა ადამიანის ერთობა ღმერთთან და ურთიერთშორისაც კაცთა. მკურნალი ძალა, რომელიც იესუსგან გამოდიოდა, როგორც ეს განსაკუთრებული სიცხადით ჩანს სისხლმდინარე დედაკაცის მაგალითიდან, იმიტომაც გამოდიოდა, რომ თავდადებულად უყვარდა სხვები, თანაუგრძნობდა მათ უძლურებას და სნეულებებს. ქრისტეს თანალმობიერი სიყვარული იყო ის ძალა, რომელიც აკავშირებდა მას ზეციერ მამასთან და ღმერთთან. "შეგვიწყალე, იესუ, დავითის ძეო!" - და ისიც შეიწყალებდა მათ.

"დავითის ძეო" - ასე უწოდებდნე მესიას, რომელსაც ელოდნენ. მაშასადამე, ეს ბრმები მას მესიად, ქრისტედ აღიარებდნენ. ასე გაიბა ცოცხალი ძაფი ქრისტედან, ანუ ღმრთიდან ადამიანებამდე. მაგრამ ამ კავშირის ქმედითობისთვის საჭირო იყო მისი ორმხრივობა, ის არ უნდა ყოფილიყო ცალმხრივი, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის. საცოდავი და დასახიჩრებული ადამიანები მასში ქმედითად უნდა მონაწილეობდნენ, უნდა შევიდნენ მასში და ეს ძალაც გაითავისონ. ეს კი მხოლოდ რწმენით მიიღწევა.

ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ ქრისტე ყოველთვის კითხულობდა: "გწამს თუ არა ეს?", და შემდეგ
ამბობდა: "სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ" (ლუკა 7:50).

იესუ ქრისტეს სწავლების ერთ-ერთი საფუძველი არის სწავლება რწმენაზე. რწმენას მთების გადაადგილება შეუძლია, ბუკვალური და გადატანითი მნიშვნელობით. რწმენა არარსებულს არსებულად აქცევს, საცნაურს - საქმედ, ჩანაფიქრს - რეალობად. რწმენა - ეს არის ტვინი აზრსა და საქმეს შორის. რწმენა - ეს არის ცნობიერებისა და ყოფიერების გაიგივება. ღმერთში არავითარი აზრი, არავითარი გეგმა, არავითარი ჩანაფიქრი არ ხორციელდება რეალობის გარეთ. ღმერთია ყველაფერი, რაც კი იაზრება და არსებობს. ამაშია ქმნილების არსი.

ადამიანში, განსაკუთრებით მისი ცოდვით დაცემის შემდეგ, აზრისა და საქმეების გაფანტულობა სწორედ რწმენით იძლევა. ადამიანში რწმენა არის შემოქმედებითი ძალა, - ის ქმნის, ის აშენებს. რწმენა აღადგენს ადამიანს. რწმენა გარდაქმნის ადამიანს ჭეშმარიტად. რწმენა იძლევა ადამიანურობას. რწმენა აძლევს კაცს მთლიანობასა და სიმრთელეს. რწმენა კურნავს და ბრმებს თვალხილულად აქცევს.

"გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა?" "დიახ, უფალო". "მაშ,
თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ!" (მათე 9:28-29). "და აეხილათ თვალები" (მათე 9:31).



სიბრმავე მარტო ხორციელი სნეულება როდია, არის სულიერი სიბრმავეც, და ამ თვალსაზრისით ჩვენ ყველანი მეტნაკლებად ბრმები ვართ. ჩვენ ყველანი ვართ ბრმები, ვერ ვხედავთ ნამდვილ რეალობას, და, თუკი ვერ ვხედავთ, ვფიქრობთ, რომ ის არ არის. მაგრამ იესუ ქრისტეს შეუძლია ჩვენი სიბრმავის განკურნება. გვწამს, რომ მას ეს ძალუძს? დიახ, გვწამს. მაშ, მოდი იყოს ჩვენი რწმენისამებრ. და აგვეხილება თვალები, და ბრმებს მოგვეცემა სულიერი სინათლე.

წყარო: http://www.pravmir.ru/pust-lyudi-idut-k-evangeliyu-ne-iz-za-chudes-a-iz-za-suti/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню