სწავლანი > განმარტებანი
ბრბოს, რომელიც არ ასრულებს ღმერთის ნებას, ფასი არა აქვს
წყარო: წმ. იოანე ოქროპირის მე-8 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე".
3. "ერთი ღვთის ნების აღმსრულებელი სჯობს ათას ურჯულოს" (ზირ. 16:3). იმიტომაც ნადგურდება ყველაფერი, იმიტომაცაა ყველაფერი უკიდურესად მოუწესრიგებელი, რომ ჩვენ, თითქოს სანახაობაზე ვიყოთ, ბევრ ადამიანს ვეძებთ და არა ბევრ კარგ ადამიანს.
მითხარ, რას გარგებს ადამიანების ბრბო? იცოდე, რომ ხალხი წმინდანებისგან შედგება და არა ბრბოსგან. გამოიყვანეთ ომში ასობით ათასი მებრძოლი და ერთი წმინდანი: ვნახოთ ვინ გააკეთებს მეტს? ისუ ნავესი გამოვიდა ბრძოლაში და მარტომ გააკეთა ყველაფერი; სხვებმა კი ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს. ხალხის ბრბო, საყვარელო, თუკი ის ღვთის ნებას არ აღასრულებს, გინდ ყოფილა და გინდ არა.
მე ვლოცულობ და მსურს, რომ ეკლესიას ამშვენებდეს ბევრი ადამიანი, მაგრამ - ბევრი კეთილი ადამიანი: ამისთვის მზად ვარ ნაწილებად დამგლიჯონ. თუკი ეს შეუძლებელია, ვისურვებდი, რომ ცოტა ყოფილიყო კეთილი. იცით თუ არა, რომ ჯობს ერთი ძვირფასი ქვა გქონდეს, ვიდრე ათასი წვრილი მონეტა? განა არ სჯობს, გყავდეს ერთი ჯანმრთელი ცხვარი, ვიდრე ათასი უვარგისი? არა სჯობს, იყოლიოთ ცოტა და კარგი შვილები, ვიდრე - ბევრი და ცუდი? ვერ ხედავთ, რომ სასუფეველში მცირედი ხვდება, გეენაში კი ბევრი?
რა სიკეთე მოაქვს ადამიანისთვის სიმრავლეს? არაფერი! უმეტესად სხვებს ვნებენ. სიმრავლე, როდესაც მას სიკეთე არ მოაქვს, იქ სასჯელად გვექცევა ხოლმე და აქ - სირცხვილად. სიმრავლის გამო არავინ შეგვაქებს, ხოლო უსარგებლობის გამოისობით ყველა გაგვკიცხავს. სწორედ ამას გვიკიჟინებენ კერპთაყვანისმცემლები, როდესაც ჩვენგან ესმით, რომ ბევრნი ვართ: ბევრნი ხართ და ცუდებიო!... ასე გვპასუხობენ.
და აი, კვლავ გიკრძალავთ და ხმამაღლა გამცნობთ თქვენ: ამას ხუმრობად ნურავინ ჩათვლის. მე მოვიკვეთ და არ დავუშვებ გაუგონრებს. და სანამ მე ვიქნები ამ საყდარზე, უარს არ ვიტყვი ჩემი ძალაუფლების გამოყენებაზე. თუ ვინმე ძალით ჩამომაგდბს, მე უკვე უბრალო ვიქნები. ხოლო ვიდრე პასუხისმგებლობა მეკისრება, მანამ არ შემიძლია მისი უგულებელყოფა, არა ჩემი უსაფრთხოების გამო, არამედ თქვენი გადარჩენისთვის. რადგან მე ძალიან მინდა თქვენი გადარჩენა. ამის გამო ვიტანჯები და ავად ვარ. მაგრამ დამიჯერეთ, რათა აქაც და მომავალშიც დიდებული ჯილდო დაიმსახუროთ და, რომ ჩვენი ყველანი დავტკბეთ საუკუნო მადლითა და წყალობით მხოლოდშობილისა ძისა, რომელსაც მამასთან და სულიწმიდასთან ერთად შვენის დიდება, უფლება და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. III ტომი. მე-8 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე". § 3. გამომც. "ალილო" // "ქორონიკონი". თბილისი 2015 წ. გვ. 91-92.