განმარტებანი - ცხრა ნეტარება და მათი მნიშვნელობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ცხრა ნეტარება და მათი მნიშვნელობა
ცხრა ნეტარების მცნებები
ყოველ ქრისტიანს სმენია 9 ნეტარებაზე, მრავალმა ის ზეპირადაც იცის, მაგრამ თითოეული მათგანის მნიშვნელობა ყოველს როდი ესმის. სრულად რომ გავიგოთ, თუ რას ნიშნავს ნეტარების მცნებათაგან თითოეული და რატომ არის ეს ნეტარებები ასე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, დეტალურად და ყურადღებით უნდა განვიხილოთ.


ნეტარების მცნებები - რა არის ეს და რისთვის არიან ისინი მოცემულნი?
 
ღმერთი ადამიანებს მცნებებს ჯერ კიდევ ძველაღთქმისეული დროებიდან აძლევდა, რათა ისინი ირგვლივ გაბატონებული ბოროტებისა და ნეგატივისგან დაეცვა.
 
მცნებები - ეს ერთგვარი გაფრთხილებებია, რომელიც ცოდვის საშიშროებაზე მეტყველებენ და მისგან შორს დგომას გვირჩევენ. ახალ სულიერ სიმაღლეზე რომ აეყვანა და კაცთათვის ჭეშმარიტი სიყვარული ესწავლებინა, იესუ ქრისტემ ახალ აღთქმაში ძველი აღთქმის 10 მცნებას ნეტარების კიდევ 9 მცნება დაუმატა. ეს მცნებები არავითარ შემთხვევაში არ ცვლიან იმას, რაც უფალმა მოსეს მისცა, არამედ ადამიანს მხოლოდ შეაგონებენ, თუ რისი გაკეთება მართებს სრულყოფილების მისაღწევად და ღმრთისადმი მისაახლებლად.
 
მაცხოვარმა ნეტარების მცნებები კაცობრიობას მთაზე წარმოთქმულ ქადაგებებში ამცნო, სადაც დეტალურად განმარტა, თუ როგორ უნდა ააწყოს საკუთარი ცხოვრება ნამდვილმა ქრისტიანმა. ეს მცნებები წარმატებულად ავსებენ უფლის 10 მცნებას, რომელიც ადამიანებს ძველაღთქმისეულ ეპოქაში ებოძათ და რომელიმე ცოდვის აკრძალვაზე კი არ გველაპარაკებიან, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ნეტარებას და სრულყოფილებას, რომელი სათნოებები აახლოვებს მას უფალთან და როგორ შეუძლია ყოველ კაცს იპოვოს ჭეშმარიტი სიხარული და ნეტარება.
 
ცხრა ნეტარება
 
 
მაცხოვარმა ადამიანებს მისცა ნეტარების 9 მცნება, რომელთაგან თითოეულს თავისი აზრი და დანიშნულება გააჩნია. მოდი, განვიხილოთ ისინი.
 
 
პირველი ნეტარება
 
 
"ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა".
 
ნეტარების პირველ მცნებაში ლაპარაკია იმაზე, რომ ცათა სასუფევლის მისაღწევად საჭიროა სულით გლახაკობა. დიახ, მრავალს შეუძლია თქვას, რომ სიტყვა "გლახაკის" ნაცვლად უფალს შეეძლო ეთქვა "მორჩილნი", მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რამეთუ ტერმინს "გლახაკი" უფრო ღრმა სულიერი აზრი გააჩნია. სულით გლახაკობა უფლის მცნებათადმი მოშიშებას და მათ წინაშე ძრწოლას ნიშნავს.
 
მორჩილებად სწორედ სულიერი გლახაკობა მიიჩნევა. ეს კი ნიშნავს საკუთარი ჭეშმარიტი მდგომარეობის ობიექტურ დანახვას, ადამიანის მიერ იმის შეგნებას, რომ მისი არსებობა სრულიად ღმერთზეა დამოკიდებული და რაც კი ცხოვრებაში გააჩნია უფლის ბოძებულია.
 
მატერიალურად მდიდარი ადამიანიც კი სულიერ გლახაკად უნდა დარჩეს და თავმდაბლობით მიიღოს ყოველივე, რასაც ღმერთი იძლევა და ყველაფერი ღმრთის სადიდებლად და ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოიყენოს. ამით ის მრავალთა სულს შეეწევა და საკუთარი სულის ცხონების საქმესაც აამაღლებს.
 
 
მეორე ნეტარება
 
 
"ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ".
 
ნეტარების მეორე მცნების მიხედვით, როდესაც ადამიანი გულწრფელად ინანიებს საკუთარ ცოდვებს, მას უფალთან მიახლოვებაც არ გაუჭირდება. სწორედ ცოდვები უშლიან ხელს ადამიანს იყოს ღმერთთან, და თუკი კაცს ჭეშმარიტი სინანული ექნება იგრძნობს თავის უძლურებას და უფალთან თანაზიარობის მოთხოვნილებას.ს შემდეგ კი ცრემლმორეული შეევედრება უფალს მოზღვავებული ბოროტებისგან დახსნას. მოყვასთადმი თანაგრძნობითა და თანალმობით გამოწვეული ცრემლები ნეტარების მომგვრელია და გვაახლოვებს ღმერთთან.
 
 
მესამე ნეტარება
 
 
"ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა".
 
ეს მცნება გვეუბნება, რომ ღმრთისადმი მიახლოვებულებად მიიჩნევიან მშვიდი და მოსიყვარულე სულის მქონე ადამიანები. ასეთი ქრისტიანები სულით უშფოთველები არიან და სრულად ემორჩილებიან ღმრთის ნებას, სიხარულით ემსახურებიან მოყვასს და მშვიდად იტანენ ყოველგვარ გასაჭირს. მრავალი წმინდანი ხშირად ამბობდა, რომ მორჩილება მაცხოვნებელიაო, მტრობა და ომი კი - აბრკოლებსო ჩვენს ცხონებას. ამიტომ, ღმერთთან მისაახლებლად სიმშვიდე უმნიშვნელოვანესი თვისებაა.
 
 
მეოთხე ნეტარება
 
 
"ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ".
 
ნეტარების მეოთხე მცნების მიხედვით, ადამიანის სულიერი არსებობისთვის სიმართლისადმი წყურვილი ისეთივე აუცილებელია, როგორც მატერიალური არსებობისთვის - ჭამა და სმა. ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ღვთაებრივ სიმართლის წყურვილი უნდა ასულდგმულებდეს და ამ წყურვილის სრული დაკმაყოფილების დაუოკებელი ლტოლვა ამოძრავებდეს. საღმრთო სიმართლის ძიებაში, ქრისტიანი მუდმივად უნდა სწავლობდეს წმიდა წერილს, რაც სულიერ შიმშილს სიმართლის ცოდნით დაუპურებს და ღმერთთან მიაახლებს.
 
 
მეხუთე ნეტარება
 
 
"ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ".
 
მეხუთე მცნება მოყვასთადმი მოწყალებასა და ქველმოქმედებას გვასწავლის, რაც, თავის მხრივ, სიყვარულის გამოხატულებაა. როდესაც მოყვასს სიყვარულით ვწყალობთ და შევეწევით, ღმერთს ვუახლოვდებით და სანაცვლოდ მისგანაც უდიდესი სიყვარულისა და მოწყალების ღირსნი შევიქნებით. მაგრამ მოყვასისადმი სიყვარული უანგარო უნდა იყოს. ადამიანებს ისე უნდა დავეხმაროთ, რომ სანაცვლოდ არაფერს ველოდოთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დავამტკიცებთ ღმრთისშვილობას და, რომ მისი მცნებების მიხედვით ვცხოვრობთ. მოყვასთადმი მოწყალენი და შემბრალებელნი თუ ვიქნებით, უფალიც, ჩვენი არასრულყოფილებებისდა მიუხედავად, შეგვიწყალებს და ყველა ტკივილს დაგვიამებს.
 
 
მეექვსე ნეტარება
 
 
"ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ"
 
ნეტარების მეექვსე მცნება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი გული და გონება მუდმივად წმიდა უნდა იყოს ვნებითი აზრებისა და მოსურვებებისგან. ქრისტიანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გაექცეს ცოდვას არა მარტო ფიზიკურად, არამედ აზრითაც, რადგან რეალური ცოდვითი მოქმედებები სწორედ ბილწი აზრებიდან იწყება. სულის უწმინდურება ხორციელ უწმინდურებაზე ნაკლები როდია, ამიტომ უნდა გავურბოდეთ მას.
 
 
მეშვიდე ნეტარება
 
 
"ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ".
 
ეს მცნება კაცთა შორის მშვიდობისმყოფელობას და შემრიგებლობას გვასწავლის. დედამიწაზე კაცთა შორის მშვიდობა და სიყვარული ჩვენს მამა ზეციერს ახარებს და ადამიანს შესაძლებლობას აძლევს მიაღწიოს სულიერ სრულყოფილებას. ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებთან მშვიდობით ცხოვრობს და მეტიც, გადამტერებულთა შერიგებას ცდილობს, არა მარტო თვითონ იღებს სულიერ სიმშვიდეს და კმაყოფილებას, არამედ ღმრთისსასურველ საქმესაც იქმს, რის გამოც ღმრთის მადლისმიერ ძედ წოდებისა და ზეციერი სასუფევლის ღირსი შეიქნება.
 
 
მერვე ნეტარება
 
 
"ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა".
 
ეს მცნება ქრისტიანს შეახსენებს, რომ ღმერთთან ყოფნის სურვილი მას ქრისტეს მხედრად აქცევს, რაც რთული და სხვებისთვის არცთუ გასაგები მისიაა. ჭეშმარიტი ქრისტიანი შესაძლოა ადექვატურად ვერ იქნას აღქმულ სხვა ადამიანთა მიერ, შეიძლება ის უგულებელჰყონ, შეიძულონ და მეტიც, ღმრთისგან განდგომაც კი აიძულონ, მაგრამ ის, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი მხედარი, არ უნდა დაექვემდებაროს გარეშეთა მანიპულირებას, არც დაშინებას და სიკვდილის მოახლოვებასაც კი, არამედ ბოლომდე უფლის ერთგული უნდა დარჩეს. კაცი თუ თანამედროვე წუთისოფლის საცთურებს არ დაემორჩილება და ღმრთისმოსაწონი ცხოვრებით ცხოვრობს, ნამდვილად დაიმსახურებს ცათა სასუფეველში ცხოვრებას ურიცხვ ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად.
 
 
მეცხრე ნეტარება
 
 
"ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა".
 
მეცხრე ნეტარება წარმატებით აგრძელებს მერვეს. მასში ლაპარაკია ქრისტიანის მუდმივ მზადყოფნაზე, რომელიც ხშირად აწყდება უყურადღებობას გარეშეთა მხრიდან და შევიწროვებას ღმრთის სიმართლის გამო, მაგრამ მიწიერი დევნულებანი ასეთ მოსაგრე ადამიანს ზეციურ სიხარულად შეეცვლება. ეს მცნება ღმრთისადმი სიყვარულის უმაღლეს გამოხატულებაზე გველაპარაკება, რაც ჭეშმარიტებისა და სიმართლისთვის თავდადების მზადყოფნაში ვლინდება. ეს კი მართლაც უმაღლესი გზაა ნეტარებისკენ და ასეთ მოღვაწეს ცაში ჭეშმარიტად გამოუთქმელი სიკეთენი ელოდება.
 
წყარო: omolitvah.ru

თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 6 აპრილი. 2021 წ. დიდი მარხვა.
Назад к содержимому