ესქატოლოგია - საზვერეების შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
გამოცდა გადაბარების უფლების გარეშე
ანუ
როგორ გავიაროთ საზვერეები
საზვერეების შესახებ
ავტორი: პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი (Протоиерей Олег Стеняев. Экзамен без права на пересдачу или как пройти мытарства).
 
შინაარსი:

წინათქმა

მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობა

სიკვდილის შესახებ

მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეები
 

საზვერეები:

ბიბლიური მოწმობა საზვერეების შესახებ

იაკობის კიბე

წმიდა მამათა მოწმობა საზვერეების შესახებ

რატომ სძულთ ეშმაკსა და დემონებს ადამიანი

აღმოსავლელ წმიდა მამათა მოწმობანი საზვერეების შესახებ

დასავლელ წმიდა მამათა მოწმობანი საზვერეების შესახებ

იმის შესახებ, რომ ანგელოზები ადამიანებს ეხმარებიან ცხოვრებაშიც და საზვერეების გავლაშიც

მოწმობა საზვერეების შესახებ წმინდანთა ცხოვრებაში

რატომ სჯეროდა ზოგიერთი წმიდა მამას აპოკატასტასისისა და საიქიო ცხოვრების სხვა ცრუ წარმოდგენების?

 
***

 
წინათქმა

 
 
(ავტორისგან)

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო

თქვენს წინაშეა ჩემი ახალი წიგნი, რომელიც შედგენილია იმ ლექციებისგან, რომლებსაც ტროიცე-სერგიევოს ლავრაში და ასევე სხვა მონასტრებსა და ტაძრებში ვკითხულობდი. ბევრმა მთხოვა გამეფართოვებინა მოცემული მასალა, მიმეთითებინა მათთვის აუცილებელი წყაროები და გამომეცა ბროშურის სახით. რა გამოვიდა აქედან მკითხველმა განსაჯოს. ერთადერთი, რაც გავბედე ამ შრომის დაწერისას, გახლავთ ის, რომ შევეცადე შემენარჩუნებინა სალაპარაკო სტილი. ეს უფრო მაახლოვებს მკითხველთან, ხოლო მკითხველს - ჩემთან. მითუმეტეს, რომ ამ ბროშურის მთელი განყოფილებები - პირდაპირი საუბრებია, რომლებიც ჩაწერილია ჩემი ლექციების დროს, რომლებიც ექსპრომტად იყო წარმოთქმული.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობაზე (არ გაგიკვირდეთ), სიკვდილზე, საზვერეებზე, კერძო სამსჯავროზე, ადამიანის საიქიო ხვედრზე და მკვდართა აღდგომაზე. ჩვენ ასევე ვილაპარაკებთ უკანასკნელ სამსჯავროზე. უნდა ითქვას, რომ ჩვენს დროში მიმდინარეობს განდგომა კლასიკური ქრისტიანული თეოლოგიისგან, განსაკუთრებით აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში: ზოგიერთი ღვთისმეტყველ-ნოვატორი ქადაგებს აზრს, რომელიც არასოდეს ყოფილა ცნობილი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისთვის (1), ან უარესი, იმეორებენ ძველ მწვალებლობებს, რომლებიც დაგმობილ იყვნენ წმიდა მამებისა (2) და საეკლესიო კრებების მიერ (3).


__________

1. მ. სერაფიმე როუზი, რომელიც კარგად იცნობდა აშშ-სა და დასავლეთ ევროპის მართლმადიდებლური განათლების სისტემას, წერდა: "შესაძლოა, არც ერთი ასპექტი მართლმადიდებლური ესქატოლოგიისა არ ყოფილა გაგებული ისე არასწორად, როგორც საჰაერო საზვერეების საკითხი. თანამედროვე მოდერნისტული მართლმადიდებლური სემინარიის კურსდამთავრებული მიდრეკილია საერთოდ უარყოს ეს მოვლენა, როგორც "გვიანდელი დამატება" მართლმადიდებლური სწავლებისადმი ან, როგორც "გამოგონილი" რეალობა, რომელსაც საფუძველი არა აქვს არც წმიდა წერილში, არც წმიდა მამათა ტექსტებში და არც სულიერ რეალობაში. ეს სტუდენტები არიან რაციონალისტური განათლების მსხვერპლნი, რომელსაც არ ჰყოფნის იმ რეალობის სხვადასხვა დონეთა ფაქიზი გაგება, რომელიც ხშირად არის აღწერილი მართლმადიდებლურ ტექსტებში, ასევე სხვადასხვა აზრობრივი დონეებისა, რომელიც ხშირად გვხვდება ბიბლიურ და წმიდა მამებისეულ წყაროებში. თანამედროვე რაციონალისტური აქცენტი ტექსტების "ბუკვალურ" და "რეალისტურ" მნიშვნელობაზე, ან გამიწიერებული გაგება წმიდა წერილსა და მამათა ცხოვრებაში აღწერილი მოვლენებისა, აბუნდოვანებს ან მეტიც, სრულიად აბნელებს სულიერ აზრსა და სულიერ გამოცდილებას, რომელიც ხშირად წარმოადგენს ძირითად მართლმადიდებლურ წყაროს" (Серафим (Роуз), иеромон. Приношение православного американца. – М.: Российское отделение Валаамского общества Америки, 2003. С. 97).

2. წმ. ათანასე დიდის (430-500 წწ.) სარწმუნოების სიმბოლო ასწავლიდა: "მისი (ქრისტეს - "აპოკ." რედ.) მოსვლისას ყველა ადამიანი აღდგება ხორციელად და ყოველი პასუხს მიაგებს უფალს თავისი საქმეებისთვის: ისინი, ვინც სიკეთეს იქმოდნენ, შევლენ მარადიულ სიცოცხლეში, ხოლო ვინც ბოროტებას, - მარადიულ ცეცხლში. ასეთია საყოველთაო სარწმნოება, რომელსაც თუ ვინმე მყარად და ერთგულად არ მისდევს, შეუძლებელია ცხონდეს".

3. კონსტანტინოპოლის 543 წ-ის ადგილობრივი კრების განსაზღვრება საყოველთაო ცხონების შესახებ (ანათემა ორიგენეს): "9. თუ ვინმე ამბობს ან ფიქრობს, რომ დემონთა და უკეთურთა დასჯა დროებითია და, რომ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდება, ან თუ არსებობს დემონთა და უკეთურთა აპოკატასტასისი, დაე განიკვეთოს მართალთა თანაზიარობისგან (ანათემა)".

__________

აპოკატასტასისის (ბერძნ.: ποκατάστασις - აღდგენა, სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ) მომხრეებს ვურჩევ ხშირად გაიხსენონ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: "ეშმაკი იმიტომაც არწმუნებს ზოგიერთს იფიქროს თითქოსდა გეენა არ არსებობს, რათა შთააგდოს მასში. ხოლო ღმერთი, პირიქით, გეენით იმუქრება და მოამზადა იგი, რათა გვცოდნოდა მის შესახებ და ისე გვეცხოვრა რომ არ შთავვარდნილიყავით მასში" (Энциклопедия православной веры от А до Я в изречениях святых Отцов. – Клин: Христианская жизнь, 2004. С. 15). ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ სწორედ კლასიკურ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას.

მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი წერდა: "ცთომილება, თავისი სიშიშვლით თავი რომ არ გაიმჟღავნოს, ეშმაკურად იმოსება მიმზიდველი სამოსით და აღწევს იმას, რომ თავისი გარეგნობით ჭეშმარიტებად აჩვენებს თავს გამოუცდელთ" (Ириней Лионский. Против ересей. Обличение и опровержение лжеименного знания. Книга 1, 2. Христианский портал «My Studios»: http://mystudies.narod.ru/library/i/irenaeus/1adv_haer/ah00.htm)
 


მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობა

ბიბლიაში ნათქვამია: "იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი" (ეკლ. 11:9).

ზოგჯერ, როგორც მღვდელს, მეკითხებიან:

- როდის დგება ადამიანისთვის შეუქცევადობის მომენტი? როდის დგება ის წუთი, როდესაც ადამიანს ღმრთისკენ შემობრუნება უკვე აღარ ძალუძს?

მე ვპასუხობ:

- ეს ზღვარი - ფიზიკური სიკვდილია. სანამ ადამიანი ცოცხალია, ყოველთვის არსებობს სინანულის იმედი.
 
იესუ ზირაქის ძის სიბრძნის წიგნში, ნათქვამია: "გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას" (ზირ. 18:20). ანუ, სანამ ჯერ კიდევ არ დამდგარა გასამართლება, სანამ არ დაწყებულა საზვერენი, უნდა გამოვჩხრიკოთ საკუთარი თავი, და ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ფიზიკური სიკვდილის მომენტამდე. "გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას. ვიდრე დაუძლურდებოდე, მოთრგუნე თავი და ცოდვის ზღვარზე უკან მოიქეცი. ნუ დაბრკოლდები აღთქმის დროზე შესასრულებლად და მის განაღდებას სიკვდილამდე ნუ გადასდებ. გახსოვდეს რისხვა აღსასრულის დღეს და ჟამი შურისგებისა, როცა უფალი პირს მიიბრუნებს" (ზირ. 18:20-22, 24).

მრავალი ქრისტიანია ორიენტირებული საიქიო ცხოვრებაზე, სიკვდილის შემდგომ არსებობაზე, და იმედოვნებს, რომ იქ იპოვის ყველა პრობლემის გადაწყვეტას. ცხონებაზე ასეთ წარმოდგენას სუიციდალურ სოტერიოლოგიას ვუწოდებ. ეს არის მცდარი ორიენტირი. ჩვენი მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობა დასტურდება ღმრთის სიტყვითაც და წმიდა მამათა გამონათქვამებითაც.

ჩვენი მიწიერი ცხოვრება - ყველაზე მნიშვნელოვანი დროა ჩვენი ცხონების საქმეში. წმიდა მამები ხაზს უსვამენ მიწიერი ცხოვრების განსაკუთრებულ ღირებულებას. ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, როგორ პარადოქსალურადაც უნდა ჟღერდეს, - მიწიერი ცხოვრებაა. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ აქ წყდება ჩვენი ბედი: სად აღმოვჩნდებით მარადისობაში. საკუთრივ რომ ითქვას, ის (მიწიერი ცხოვრება) ჩვენ მოგვეცა იმისთვის, რათა ჩამოვყალიბდეთ, სად უნდა ვიყოთ მარადისობაში - სიცოცხლეში თუ სიკვდილში. როგორც ნათქვამია ტრაქტატში "ფირქეი აბოტ" ("მამათა სწავლანი"): "ადამიანი იბადება სიკვდილისთვის, ხოლო კვდება სიცოცხლისთვის" - ხოლო თუ რომელი სიცოცხლისთვის, თვით ადამიანი წყვეტს სიკვდილის მომენტამდე. მეორე სჯულთა წიგნში ვკითხულობთ: "ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე ..." (მეორე სჯული 30:19).

იესუ ზირაქის ძის სიბრძნეში, ნათქვამია: "რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ. წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის აღსასრულისას გაცხადდება მისი საქმენი" (ზირ. 11:26-27). საკმარისია ღმერთმა შეაჩეროს ეს ცხოვრება და იმწამსვე ქაფივით ამოტივტივდება ჩვენი ყოველგვარი სიბინძური.

ამავე წიგნში წავიკითხეთ: "გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას. ... ნუ დაბრკოლდები აღთქმის დროზე შესასრულებლად და მის განაღდებას სიკვდილამდე ნუ გადასდებ" (ზირ. 18:20-22). აი რაშია მრავალი ადამიანის შეცდომა - ისინი სიკვდილამდე გადადებენ სინანულის მომენტს, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უწყიან, როდის ჩამოჰკრავს მათი უკანასკნელი ჟამი. ისინი თავს ჯანმრთელებად და ძლიერებად მიიჩნევენ, და არც ისე უფიქრდებიან იმას, რომ ჯანმრთელობაც და ძალებიც შეიძლება ერთ საათში განქარდეს.

ერთი ადამიანი თუ დააგვიანებს მისვლას მეორე ადამიანთან, შეიძლება მას პატიება სთხოვოს; თუ დააგვიანებთ სამსახურში, მაშინ განმარტებითი ბარათის დაწერა მოგიწევთ; მაგრამ, თუ ღმერთთან შერიგებას დააგვიანებთ, ამ ტრაგედიას ექნება მარადიული შედეგები. წმიდა მოციქულები ურწმუნოებს და იმათ, ვინც ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არიან ამ ცხოვრებაში, ასე მოუწოდებენ: "ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს" (2 კორინთ. 5:20).
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ  ყველაფერი წყდება ამ მიწიერ ცხოვრებაში.

წმიდა მღვდელმოწამე კლიმენტი რომაელი: "მაშ, შევინანოთ, სანამ მიწაზე ვცხოვრობტ, რადგან თიხა ვართ შემოქმედის ხელში. მეთუნეს ხელში ყალიბდება ან იშლება ჭურჭელი, მაგრამ მას კვლავ შეუძლია აღადგინოს იგი, ხოლო როდესაც იჩქარებს მის შედგმას გავარვარებულ ღუმელში, ჭურჭელს უკვე ვეღარაფერი უშველის. ასე ვართ ჩვენც, სანამ ამ ქვეყანაზე ვცხოვრობთ, გულით უნდა შევინანოთ ის ბოროტებანი, რომელსაც ხორციელ ცხოვრებაში ჩავდიოდით, რათა სინანულის დრო გვაქვს უფლისგან მივიღოთ მიტევება. ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ უკვე ვეღარ შევძლებთ აღსარების თქმას და სინანულს" (Цит. по: Сильвестр (Малеванский), архимандрит. Опыт Православного догматического богословия. Том V. – СПб., Общество памяти игумении Таисии, – 2008. С. 79).

წმ. კვიპრიანე კართაგენელი: "იზრუნეთ, სანამ შეიძლება, საკუთარი ცხოვრების უსაფრთხოებაზე... გარწმუნეთ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია, სანამ ჯერ კიდევ დარჩენილა რამოდენიმე საუკუნე, - ესათნოვეთ ღმერთს ... როდესაც დადგება ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი, უკვე შეუძლებელი იქნება სინანული და ვერც ვერაფრით ვესათნოებით ღმერთს. წუთისოფლად ცხოვრება ან იკარგება ან მოიპოვება. აქ უზრუნველიყოფა მარადიული ცხონება ღმრთის თაყვანისცემითა და სარწმუნოებრივი საქმეების კეთებით. და დაე, ნურავის შეაკავებს ცხონების გზაზე ცოდვები ან წლები. იმისთვის, ვინც ჯერ კიდევ ამქვეყნად ცხოვრობს, სინანული არასოდეს არის გვიან. ღმრთის მოწყალებისადმი გზა თავისუფალია და ვინც მას ეძებს მოიპოვებს. ილოცე შენს ცოდვათა გამო თუნდაც ამ წუთისოფლის მიწურულს... მორწმუნე ადამიანს საღმრთო სიყვარული მაცხოვნებელ მოწყალებას გაუწევს, და თვით სიკვდილში აღუსრულებს გადასვლას უკვდავებაში" (იქვე. გვ. 80-81).

წმიდა კვიპრიანეს ეს სიტყვები შეგვახსენებს, რომ აქ, წუთისოფელში ცხოვრება ან იკარგება ან მოიპოვება. მისი სიტყვები ხაზს უსვამს მიწიერი ცხოვრების უაღრეს მნიშვნელობას. და ეს ნათქვამია არა იმ აზრით, რომ ჩვენ უნდა მივეჯაჭვოთ ყოველივე მატერიალურს, "რაც იხრწნება" (კოლას. 2:22), - არამედ იმ აზრით, რომ ჩვენი მარადიული ხვედრი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებთ აქ, ამ წუთისოფელში.

ღირ. ეფრემ ასურელი: "ვილოცოთ სანამ დრო გვაქვს. ვილოცოთ, რადგან სანამ წუთისოფელში ვართ, ყოველთვის შევძლებთ ღმრთის გულის მოგებას. აქ ძნელი არ არის მიტევების მოპოვება, თუკი დროულად დავაკაკუნებთ ღმრთის მოწყალების კარზე. დავღვრით ცრემლებს, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ცრემლთა შეწირვის, რათა საიქიოში გადასვლის შემდეგ, ცრემლთა ღვრა და გლოვა ამაო იქნება ჩვენთვის და უსარგებლო. რამეთუ იქ, საიქიოში, არაფრად ჩაგეთვლება შენი ცრემლები. ღმერთი ჩვენ აქ გვისმენს, წუთისოფლად, თუკი მას შევღაღადებთ. აქ მოგვიტევებს, თუკი მიტევებას ვითხოვთ. აქ აღხოცავს ჩვენს ცოდვებსა და უსჯულოებებს, თუკი გონივრულად მოვიქცევით. აქ გვაქვს ნუგეშისცემა. იქ - დაკითხვა. აქ - მოთმინება. იქ - სიმკაცრე. აქ - მოწყალება. იქ - სამართლიანობა. აქ - თავისუფლება. იქ - სამსჯავრო. ასე რომ, თავისუფალი ნება, ვითარც წმიდა ნიჭი, რომელიც ებოძა ყოველ ადამიანს, სწორედ იმისთვის არის მოცემული, რომ ამ წუთისოფელში განვსაზღვროთ სიკეთეში ვიცხოვროთ თუ ბოროტებაში" (იქვე. გვ. 81).

როდესაც განსჯიდა იმის შესახებ, რომ გარდაცვლილთათვის სინანულის შესაძლებლობა უკვე არ არსებობს, ღირ. იოანე დამასკელი წერდა: "უნდა ვიცოდეთ, რომ ანგელოზთათვის დაცემა იგივეა, რაც სიკვდილი კაცთათვის. რამეთუ დაცემის შემდეგ ისინი ვერ შეინანებენ, ისევე როგორც ვერ შეინანებენ ადამიანები სიკვდილის შემდეგ" (Цит. по: Сильвестр (Малеванский), архимандрит. Опыт Православного догматического богословия. Том V. – СПб., Общество памяти игумении Таисии, – С. 83).

აი ასე განსჯიან წმიდა მამები ამ დროებითი ცხოვრების, ამ წუთისოფლის მნიშვნელობაზე. "აქ ცხოვრება ან მოიპოვება ან იკარგება", რადგან მისი უმთავრესი დანიშნულებაა, "რათა მიწიერ ცხოვრებაში ჩამოვყალიბდეთ სიკეთეში უნდა ვიცხოვროთ თუ ბოროტებაში". მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ, როდესაც ამქვეყნად ვცხოვრობთ, ჩვენ საკუთარ სხეულზე უფრო ვზრუნავთ, რომელიც ზუსტად დაიღუპება, მოკვდება, ვიდრე სულზე, რომლის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ყველა ადამიანმა იცის, როგორც გინდ დავფოფინებდეთ ჩვენს სხეულს, როგორც გინდ ვზრუნავდეთ მისთვის - ის მოკვდება, მიწაში ჩაწვება და გაირხწნება. მიუხედავად ამისა, მაინც დიდად ვზრუნავთ იმაზე, რასაც ზუსტად ვიცით, რომ დავკარგავთ, ხოლო სული იშვიათად თუ გვახსენდება.

წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანი ღმერთთან შერიგებისთვის იბადება, რომ მხოლოდ ამ დროებით ცხოვრებაში შეიძლება მოვიპოვოთ მშვიდობა ღმერთთან ისევ და ისევ ღმრთის მიერ, - და ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ ეს ჭეშმარიტება.

ცნობილია ასეთი ისტორია: "კონსტანტინოპოლისგან მოშორებით ერთი ავაზაკი ხშირად ესხმოდა თავს მშვიდობიან მოსახლეობას: ძარცვავდა, ჰკლავდა, ცემდა, ძალადობდა. შეუძლებელი იყო იმ არემარეში მშვიდობიანი ცხოვრება. როდესაც ამის შესახებ ბიზანტიის იმპერატორმა შეიტყო ამ ავაზაკს ძღვნად ძვირფასი ქვებით მოვარაყებული ოქროს ჯვარი გაუგზავნა. როდესაც ავაზაკს იმპერატორის ძღვენი მიართვეს, ის დაფირდა, საჭირო საქმით იყო თუ არა ის დაკავებული. ეს ჯვარი იყო მოწოდება სინანულისკენ - და ავაზაკმაც უპასუხა ამ მოწოდებას: ის დაბრუნდა ქალაქში და ნებაყოფლობით ჩაბარდა ხელისუფალთ. მალე აღმოჩნდა, რომ სასიკვდილოთ ყოფილა დასნებოვნებული. როდესაც ავაზაკი უკვე სიკვდილის პირას იყო, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ტიროდა თავის მომაკვდინებელ ცოდვებზე. მას ჰქონდა ცხვირსახოცი, რომლითაც ცრემლებს იწმენდდა. და როდესაც კვდებოდა გარს შემოეტყნენ დემონები. მომაკვდავს შეეშინდა; მაგრამ უეცრად, გამოჩნდა ორი ანგელოზი, რომლებიც მის გამართლებას ცდილობდნენ. ამ ორ ანგელოზს ვერაფერი ჰქონდა ავაზაკის გასამართლებელი, რადგან მის მიერ აღსრულებულ ბოლო მკვლელობასა და მის სიკვდილს შორის სულ ათი დღე იყო გასული. ამ დროისთვის ის ვერ მოასწრებდა კეთილი საქმეების აღსრულებას. მაგრამ, აი, მისი სინანულის ცრემლით დამლბარი ცხვირსახოცი გახდა მისი მიტევების საფუძველი. ამ ყოველივეს ხილვაში უმზერდა ბერი, რომელმაც იხილა ანგელოზები ამ ცხვირსახოცით ხელში და მომაკვდავის ცხედარს მიაშურა. მან დაინახა ყოფილი ავაზაკი, რომელიც მკვდარი იწვა, ხოლო სახეს უფარავდა თავისივე, ცრემლებით დამლბარი ცხვირსახოცი: ამ ადამიანმა მოასწრო ღმერთთან შერიგება" (Марк (Лозинский), игумен. Отечник проповедника, 776. Прот. В. Гурьев. Пролог. – Сергиев Посад: Свято-Троицкая Сергиева лавра, 1996. С. 117).

მსგავსი ისტორიები საკმაოდ ბევრია.

ეკლესიასტეს წიგნში ნათქვამია: "იმ დღემდე, ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი და მეომარნი დაუძლურდებოდნენ, ვიდრე შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები (რადგან მცირედნიღა დარჩებიან), ვიდრე ნათელი დააკლდებოდეთ სარკმლიდან მჭვრეტელთ, ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის ხმაური, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული, დადუმდებოდეს ყოველი გალობა, შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება, - როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი, - ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი, დაიმსხვრეოდეს დოქი წყაროსთან, ჩაეშვებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაში, მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12:3-7).
საზვერეების შესახებ
სიკვდილის შესახებ

მორწმუნე კაცისთვის სიკვდილი - უკანასკნელი ეპითემიაა, რომელსაც წუთისოფელში იღებს ღმრთისგან. და მორწმუნეც მოწოდებულია მედგრად და მამაცურად მიიღოს იგი, როგორც თვით ღმრთის ხელისგან.

ნათქვამია: "რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები" (ფლპ. 1:21). ეს მამაცური სიტყვები წარმოთქვა მოციქულმა პავლემ. ვისთვისაც "სიცოცხლე - ქრისტეა", იმისთვის "სიკვდილიც - მონაგებია".

მაკაბელთა მე-2 წიგნში მშობელი დედა შეაგონებდა თავის შვიდ შვილს მამაცურად და მედგრად გადაეტანათ სატანჯველი და ღირსეულად მიეღოთ მოწამეობრივი სიკვდილი: "თითოეულ მათგანს მამაპაპური ხმით ამხნევებდა და ქალურ განსჯას კაცური სულით განამტკიცებდა, ეუბნებოდა: მე არ ვიცი, როგორ გაჩნდით ჩემს წიაღში, სუნთქვა და სიცოცხლე თქვენთვის მე არ მომიცია; მე არ შემინივთებია თითოეული თქვენგანის აღნაქვსი. ამიტომ ისევ ქვეყნის შემოქმედი, რომელმაც გამოსახა ადამიანის დასაბამი და ყოველი ქმნილების საწყისი, მოგმადლებთ კვლავ მოწყალებით სულსა და სიცოცხლეს, რადგან მისი რჯულისთვის გასწირეთ ახლა თქვენი თავი. ხოლო ანტიოქოსმა, რაკი იფიქრა, რომ იგი ეზიზღებათ და ეს ნათქვამიც თავის გაკიცხვად მიიჩნია, ცოცხლად დარჩენილ უმცროს შვილს არა მარტო სიტყვით, არამედ ფიცითაც აღუთქვა, რომ გაამდიდრებდა და გააბედნიერებდა, ოღონდ მამა-პაპის რჯული უარეყო, თან პირდებოდა, რომ დაიმეგობრებდა და სახელმწიფო საქმეებსაც მიანდობდა. როცა ყმაწვილმა არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი, მეფემ დედა მოიხმო და ურჩევდა მას, დაეყოლიებინა შვილი, რომ თავი გადაერჩინა. ბევრი რჩევის შემდეგ, იგი დათანხმდა დაერწმუნებინა შვილი. დაიხარა მისკენ და სასტიკი ჯალათის მიმართ დაცინვით ეს თქვა მშობლიურ ენაზე: შვილო, შემიბრალე მე, რომელიც ცხრა თვე მუცლით გატარებდი, სამი წელი ძუძუს გაწოვებდი და აქამდე გამოგზარდე. გთხოვ, შგილო, შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს, რაც მასზეა, მიხვდები, რომ არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს, და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც. ნუ შეუშინდები ამ ჯალათს, იყავი შენი ძმების ღირსი და შეეგებე სიკვდილს, რომ ღვთის მადლით შენს ძმებთან ერთად კვლავ მოგიპოვო. კიდევაც აგრძელებდა იგი სათქმელს, როცა ყმაწვილმა თქვა: რაღას უცდით? მე არ ვემორჩილები მეფის ბრძანებას, არამედ ვემორჩილები რჯულს, რომელიც მოსეს ხელით გადმოეცა ჩვენს მამა-პაპას" (2 მაკაბ. 7:21-30). - აქ ჩვენ ვხედავთ სიცოცხლისა და სიკვდილისადმი სწორი დამოკიდებულების მაგალითს. სიცოცხლის საიდუმლო - ეს არის ღმრთის წმიდა ნიჭი, და ჩვენ ამგვარი მაგალითებით (ნიმუშებით) ვსწავლობთ სწორ დამოკიდებულებას სიცოცხლისადმი (როდის უნდა გავუფრთხილდეთ მას, და როდის მზადყოფნით უარვყოთ იგი, თუკი სიცოცხლე გვეძლევა ჩვენი სარწმუნოების პრინციპთა გამცემლობის გზით). და ბუნებრივია, რომ ის, ვინც არაფრისგან შეგვქმნა, ძალმოსილია კვლავ აღგვადგინოს, დაგვაბრუნოს უფრო სრულყოფილ ყოფიერებაში, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

როგორც ცნობილია, "მოკლავს ცოდვილს ბოროტება" (ფსალმ. 33:22). ძველსაეკლესიო თარგმანებში ეს ადგილი უფრო ემოციური ვერსიით არის წარმოდგენილი: "სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს". ლუკას სახარებაში მოცემულია იგავი უგუნურ მდიდარზე, რომლის "ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა; საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი? და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?" (ლუკა 12:17-20). "ამოგართმევენ", ანუ ამოგგლიჯავენო მტკივნეულად, ცოცხლად, როგორც ცოცხლად აგლიჯავენ ხოლმე ვიეთნიმეს სხეულიდან ხელს ან ფეხს.

როგორ შეიძლება ასეთი რამ მოუვიდეს ცოდვილის სულს, როდესაც ის არც სხეულებრივია, არც ისე შეზრდია სხეულს, რომ მასთან გამოყოფის პროცესი "ამორთმევის", "ამოგლეჯის" მსგავსი იყოს? მოცემულ კითხვაზე ძალზედ საინტერესო პასუხს იძლევა იუსტინე პოპოვიჩი თავის "ესქატოლოგიაში", ის წერს: "მიწიერ ცხოვრებაში ცოდვებთან ნებაყოფლობით თანაშეზრდილ სულებს არ ძალუძთ მექანიკურად გათავისუფლდნენ სხეულისგან გამოსვლით და საიქიო ცხოვრებაში გადასვლით... ცოდვილი სული ძალადობრივად არ თავისუფლდება მისი საყვარელი ცოდვებისგან, რომელიც მიწიერი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი არსების შემადგენელ ნაწილად გაუხდია" (Иустин (Попович), преподобный. Догматика Православной Церкви: Эсхатология. М.: Издательство Московской Патриархии, 2005 г. С. 52–53). ძველბერძნულიდან ფრაზა "ამოგართმევენ სულს" იღებს კიდევ უფრო შემაძრწუნებელ ელფერს (ბერძნულად: - "შენს სულს უკან მოვითხოვ" ). აქ ღმერთი არა მარტო "ამოართმევს" სულს ადამიანს, არამედ ის თითქოსდა ართმევს მას თავის საკუთრებას იმას, ვინაც ეს სული დროებით საკუთრებაში მიიღო და მიაყენა მას გამოუსწორებელი ზიანი. ნათქვამია: "ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში? ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ" (1 კორინთ. 3:16-17).

აი როგორ აღწერს მოახლოვებული სიკვდილის ჟამს ღირსი თეოდორა, დიდი ღმრთისმოსავის ბასილი ახლის ერთგული მოწაფე: "როგორ შემიძლია საყვარელო შვილო გრიგოლ, რომ თითოეულად მოგითხრო ყოველივე, რაც შიში და ძრწოლა გამოვიარე, უფრო იმიტომ, რომ ისეთი პირები ვნახე, ისეთი ხმები და სიტყვები გავიგონე, რომ ჩემს სიცოცხლეში არ მენახა და გამეგონა. რა უნდა გითხრა ამის მეტი. ქვეყანაზე ჩადენილ უსამართლოებისათვის საშინელი აღსასრული შემხვდებოდა, წმიდა ვასილის ლოცვას რომ არ დავეხსენი. მხოლოდ მისმა ლოცვამ გამიადვილა სიკვდილი. ძნელი ასაწერია ის ხორციელი შეწუხება, წამება და ტანჯვა, რაც მომაკვდავმა უნდა გამოიაროს. წარმოიდგინე, შიშველი კაცი ცეცხლის ალში რომ ჩავარდეს და ნელნელა იწვოდეს და იშლებოდეს... აი ამის მსგავსია მომაკვდავის ტანჯვა. საშინელებაა ხორცისგან სულის გაყრა, განსაკუთრებით ჩემისთანა ცოდვილისა! როცა სიკვდილის ჟამი მომიახლოვდა, უეცრად დავინახე მრავალი ბოროტი სული, შავი სახით ჩემს გვერდით მდგომარენი. შემაშფოთებელს ლაპარაკობდნენ და მხეცურად მიყურებდნენ. თვალები სისხლით გავსებული და კუპრივით შავი ჰქონდათ, ყოველ საშუალებას ხმარობდნენ ჩემს შესაშინებლად. იკრიბებოდნენ ჩემს მოსატაცებლად, მოჰქონდათ წიგნები, რომლებშიც ჩაწერილი იყო სიყრმიდან ჩადენილი ყველა ჩემი ცოდვა. ათვალიერებდნენ ამ წიგნებს ისე, თითქოს ყოველ წამს მოელოდნენ ვისმე მსაჯულს. ყოველივე ეს რომ ვნახე, შიშისგან შევძრწუნდი და ამ ტანჯვაში მყოფი აქეთ-იქით ვიხედებოდი, მიდნოდა ვინმე დამენახა და მეთხოვა განედევნა ჩემგან ბოროტი სული, მაგრამ ვაი რომ არავინ გამოჩნდა დამხმარე და მხსნელი. ასეთ მწუხარებაში მყოფმა, უეცრად დავინახე ჭაბუკის სახით კეთილმშვენიერი და ნათელი სამოსლით მოსილი ორი ბრწყინვალე ანგელოზი" (Житие преподобного Василия Нового. Мытарства преподобной Феодоры. Видение Григорию, ученику преподобного Василия, о Страшном Суде. – М.: Сибирская благозвонница, 2009).

48-ე ფსალმუნში აღწერილია სიკვდილის მომენტი, რომელიც მსგავსია ღირ. თეოდორას მიერ აღწერილისა: "რაჲსათჳს მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უსჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარემომიცვას მე?" (ფსალმ. 48:6). "დღესა ბოროტსა", ანუ სიკვდილის დღეს და მის შემდეგაც ჩვენი ცოდვებით ვართ გარემოცულნი. სული გამოვა სხეულიდან და აღმოჩნდება დემონთა გარემოცვაში. ყოველ ცოდვას თავისი "მფარველი ანგელოზი", ანუ დემონი ჰყავს. 39-ე ფსალმუნში ფსალმუნთმგალობელი ბრძანებს: "რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთა არა არს რიცხჳ; მეწინეს მე უსჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროს თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე" (ფსალმ. 39:13). გული გაჩერდა და ადამიანმა თვალნათლივ დაინახა თავისი ცოდვები. ჭეშმარიტად საშინელია ეს სანახაობა!

ყოვლადწმიდა ქალწული, დედა ღვთისა, როდესაც უწყებულ იქნა თავისი გარდაცვალების შესახებ, უფალს შეევედრა, რათა მისი სული გათავისუფლებულ ყოფილიყო ცისქვეშეთის მზაკვარ სულთაგან. როდესაც დადგა მისი პატიოსანი მიძინების ჟამი, და ზეცითგან გარდამოხდა თვით მისი ძე და ღმერთი უთვალავ ანგელოზებთან და მართალთა სულებთან ერთად, ღვთისმშობელმა, სანამ თავის პატიოსან სულს ქრისტეს ჩააბარებდა, ლოცვა აღავლინა მისდამი შემდეგი სიტყვებით: "აწ მიიბარე ჩემი სული და დამიცევ ბნელ ადგილთაგან, რათა არ შემხვდეს სატანის რაიმე საბრხე". ღმრთის ძემ მარადის ქალწულ მარიამის ლოცვის საპასუხოდ თვით აიყვანა მისი ნეტარი სული ცათა სასუფეველში (Четьи-Минеи, 15 августа).

რომის წმიდა პაპი გრიგოლ დიალოგოსი (540–604), ამბობს: "საფუძვლიანად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამდენად საშინელი იქნება ჩვენთვის სიკვდილის ჟამი, როგორი ძრწოლა მოიცავს სულს, როდესაც გაახსენდება ყველა ბოროტება და მიავიწყდება განვლილი განცხრომანი, როგორი შიში დაეუფლება მას სამართლიანი მსაჯულის მოლოდინში. მასინ ბოროტი სულები, სხეულიდან განმავალ სულს წარუდგენენ მის ბოროტ საქმეებს; მაშინ წარმოუჩენენ მას იმ ცოდვებს, რომლისკენაც თვითონვე მიდრიკეს, რათა თანამოაზრე წარიტაცონ სატანჯველში. მაგრამ რისთვის ვლაპარაკობთ მხოლოდ ცოდვილ სულზე, როდესაც ისინი გარდაცვალების პირად მდგომ რჩეულებთანაც კი მიდიან და მათშიც ეძებენ რაიმე თავისას? კაცთა შორის იყო მხოლოდ ერთადერთი, ვინც თავისი ვნების წინ უშიშრად ამბობდა: "ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში" (იოანე 14:30) (Григорий Великий Двоеслов, святитель. Избранные творения (Библиотека отцов и учителей Церкви). Т. VII. Сорок бесед на Евангелия. Беседа 39.8. – М.: Паломник, 1999).

ამ ცხოვრებაში ჩვენი სხეული არსებობს სულთან ერთად და, როდესაც ის ტოვებს სხეულს დგება სიკვდილი. ნათქვამია: "სხეული მკვდარია სულის გარეშე" (იაკობი 2:26). სხეულის გარეთ სულს არ გააჩნია ყოფიერების სისრულე, რასაც ჩვენ შემდგომში ვნახავთ. მაგრამ მომავალში, როდესაც სხეული აღდგება და სული მასში კვლავ ჩაბრუნდება, აღმდგარი სხეული სულს მიანიჭებს ყოფიერების სისრულეს. წმიდა წერილში ნათქვამია: "თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის" (1 თესალონიკ. 5:23). ანუ, ადამიანი მთლიანობაში - ეს არის სწორედ სული, მშვინვა და სხეული. და თუკი სულის ხსნა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამ მიწიერ ცხოვრებაში, სხეულის ცხონება "მთელი სისრულით" შესაძლებელი იქნება "ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის". სხეულის ხსნა - ეს არის ხორციელი აღდგომა მკვდრეთით"ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის".
საზვერეების შესახებ
მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეები

საეკლესიო სწავლების მიხედვით, პირველი სამი დღის განმავლობაში სული დედამიწაზე იმყოფება, იმ ადგილების ახლოს, რომლებიც მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იყო. ღირ. მაკარი ალექსანდრიელი წერს: "რადგან ორი დღის განმავლობაში სულს უფლება ეძლევა, მასთან მყოფ ანგელოზებთან ერთად, იაროს დედამიწაზე, სადაც მოისურვებს. ამიტომაც სული, რომელსაც ხორციელი ცხოვრება უყვარდა, ზოგჯერ იმ სახლთან ახლოსაა, რომელშიც გაეყარა სხეულს, ზოგჯერ კი კუბოსთან, რომელშიაც ჩასვენებულია მისი სხეული; და ამგვარად ატარებს ორ დღეს საკუთარი ბუდის მაძიებელი ჩიტივით. ხოლო ღვთისმოსავი სული მიდის იმ ადგილებში, რომლებშიც ის ჩვეულებისამებრ იქმოდა სიმართლეს" (Слова св. Макария Александрийского о исходе душ праведных и грешных. «Христианское чтение», август 1831 г.).

ღირ. მაკარი ალექსანდრიელი საეკლესიო დაკრძალვის წესის მნიშვნელობაზე ასწავლიდა: "როდესაც მესამე დღეს ეკლესიაში გარდაცვლილი სული საოხად ლოცვა შეიწირება, მაშინ გარდაცვლილის სული მისი მფარველი ანგელოზისგან შვებას იღებს, რომელსაც სხეულისგან განშორებისთანავე გრძნობს, რადგან, ეკლესიაში მისი სულის საოხად არის შეწირული ღმრთისადმი ლოცვა, რისგანაც სული სასიხარულო ნუგეშს იღებს... ხოლო მესამე დღეს ის, ვინც მკვდრეთით აღდგა და სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა, ბრძანებს, მისი აღდგომის მსგავსად, ყოველი ქრისტიანის სული აიყვანონ ზეცად ყოველთა ღმერთის თაყვანისცემისთვის" (იქვე).

მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მოხსენიება ლიტურგიის დროს პროსკომიდიაზე. ამ დროს სეფისკვერთაგან ცოცხალთა და მკვდართათვის ამოღებული ნაწილები ქერუბიმთა საგალობელის დროს სამკვეთლოდან გადაიტანება საყდარზე, ხოლო მართალთა ზიარების შემდეგ ფეშხუმიდან ჩაიშვება ბარძიმში ქრისტეს ხორცთან და სისხლთან, და აი ასე განიბანება ქრისტეს სისხლით, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია, განსაკუთრებით გარდაცვლილ ქრისტიანთა სულთათვის. წმ. გრიგოლ დიდი (დიალოგოსი), რომის წმიდა პაპი ასწავლიდა: "... უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდა მსხვერპლს სარგებლობა მოაქვს მხოლოდ იმ გარდაცვლილთათვის, ვინაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში დაიმსახურა, რათა შეეწეოდნენ მას მის სახელზე სხვათა მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები. ამასთან ყოველთვის ისე უნდა ვიფიქროთ, რომ უფრო უსაფრთხოა კეთილი საქმეების აღსრულება სიცოცხლეშივე, ვიდრე ვიყოთ იმის იმედით, რომ ჩვენი გარდაცვალების შემდეგ შეგვეწევა ჩვენს სახელზე სხვათა მიერ აღსრულებული სიკეთენი. უმეტესი ნეტარებაა ამქვეყნიდან გავიდეთ თავისუფალნი, ვიდრე ვეძებოთ თავისუფლება მაშინ, როცა შევიკვრებით. ამიტომაც, რაც უ ფრო მკაფიოდ ვხედავთ წუთისოფლის განლევას, მით უფრო უნდა მოვიძულოთ ის მთელი სულით, ყოველდღიურად შევწიროთ ღმერთს სინანულის ცრემლები, და ყოველდღიურად შევწიროთ ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი" (Григорий Великий Двоеслов, святитель. Избранные творения. Собеседования о жизни италийских отцов и о бессмертии души. М.: Паломник, – 1999. С. 705–706).

სიტყვები: "... უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდა მსხვერპლს სარგებლობა მოაქვს მხოლოდ იმ გარდაცვლილთათვის, ვინაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში დაიმსახურა, რათა შეეწეოდნენ მას მის სახელზე სხვათა მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები" - ზუსტად შეესაბამება ქრისტეს სიტყვებს: "თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?" (მათე 7:16). და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ცხონდება თავისი საკუთარი საქმეებით, უფრორე მისი საქმეები გამოაჩენენ მასში რწმენის მაცხოვნებელ ნიჭს, როგორც ეს ნათქვამია მოციქულ იაკობთან: "მაგრამ მავანი იტყვის: "შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას" (იაკობი 2:18). საქმე კი არ შობს რწმენას, არამედ რწმენა აკეთილშობილებს ადამიანს. ამიტომაც სწავლებაში საჰაერო საზვერეების შესახებ მინიშნებაც კი არ არის ე. წ. პელაგიანელობაზე.

სიტყვები: "ბევრად უსაფრთხოა კეთილი საქმეების აღსრულება სიცოცხლეშივე, ვიდრე ვიყოთ იმის იმედით, რომ ჩვენი გარდაცვალების შემდეგ შეგვეწევა ჩვენს სახელზე სხვათა მიერ აღსრულებული სიკეთენი" - არ ნიშნავს იმას, რომ ცოცხლად დარჩენილებს შეუძლიათ კეთილი საქმეები აკეთონ გარდაცვლილის ნაცვლად. არამედ უპირველეს ყოვლისა გვამცნობენ, თუ როგორი გავლენა მოახდინა გარდაცვლილმა ცოცხლად დარჩენილებზე, ანუ იგულისხმება ისეთი ძლიერი ზნეობირივ გავლენა, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც კი (ცოცხლები) აგრძელებენ არსებობას მისი კეთილისმყოფელი გავლენით, რაც, უდავოდ, გარდაცვლილის დამსახურებას წარმოადგენს.

ნათქვამია: "გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას" (ებრ. 13:7). ხოლო ის, რომ ნათქვამია: "ბევრად უსაფრთხოა კეთილი საქმეების აღსრულება სიცოცხლეშივე", - ესეც ჭეშმარიტებაა, რადგან სიკვდილის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ როგორც კეთილი და სასარგებლო, ასევე არაკეთილი და უსარგებლო გავლენა, ამიტომ, ჯობს სულზე ვიზრუნოთ მაშინ, როდესაც ის ჯერაც სხეულში იმყოფება და გამოვიყენოთ სინანულისთვის გამოყოფილი დრო, რომელიც ამ წუთისოფელში მოგვეცა.

მესამე დღიდან მეცხრე დღემდე სული აიყვანება ღმრთის თაყვანსაცემად და სამოთხის მშვენიერებათა სახილველად. "რადგან ცხოველმყოფელი და უზრუნველი სამკვიდრებელია ჩვენთვის შემონახული, ჩვენ კი ბოროტებისკენ ვართ მიქცეულნი. რადგან უზენაესის დიდებაა შემონახული, ძნელად მიქცეულთა გადასარჩენად, ჩვენ კი უკეთური გზებით დავდივართ. რადგან გვეცხადება სამოთხე, რომლის ნაყოფი უხრწნელად ინახება, სადაც სიმრთელე და კურნება სუფევს, ჩვენ კი არ შევდივართ იქ, არამედ უამური ადგილებისკენ ვართ მიქცეულნი. რადგან ვარსკვლავებზე მეტად ბრწყინავენ მათი სახეები, ვინც თავშეკავებულ ცხოვრებას მისდევდა, ჩვენი სახეები კი წყვდიადზე უშავესია. არ ვფიქრობთ ცოცხლები, როცა უსამართლობას ჩავდივართ, რა განსაცდელი მოგველის სიკვდილის შემდეგ" (3 ეზრა. 7:51-55).

მეცხრე დღიდან მეორმოცე დღემდე სული გაივლის საზვერეებს, რომლის შემდეგ დგება კერძო სამსჯავრო. ამის შემდეგ კი სული გაიგზავნება იმ ადგილას, სადაც ის დაივანებს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (როუზი), რომელიც ყოველთვის სკეპტიციზმით უ ყურებდა მოდერნისტებსა და ნეოპროტესტანტებს, ყურადღება მიაქცია სახარებისეული მქადაგებლის ბილი გრემის ერთ ბროშურას. მ. სერაფიმე წერს: "ასე, მაგალითად, პროტესტანტ-ევანგელისტი ბილი გრემი თავის წიგნში ანგელოზების შესახებ წერს: "სიკვდილის მომენტში სული ტოვებს სხეულს და მოძრაობს ატმოსფეროს გავლით. მაგრამ წმიდა წერილი გვასწავლის, რომ იქ ჩასაფრებულია ეშმაკი. ის არის "ჰაერის ძალთა მთავარი" (ეფეს. 2:2). ჩვენი შემეცნების მზერა ღია რომ იყოს, ჩვენ, შესაძლოა, გვენახა როგორ არის სავსე საჰაერო სივრცე ქრისტეს მტრებით - დემონებით. თუკი სატანამ შეძლო სამი კვირით შეეჩერებინა ანგელოზი, წარგზავნილი დანიელთან დედამიწაზე, ადვილი წარმოსადგენია, როგორი წინააღმდეგობა ელოდება ქრისტიანს სიკვდილის შემდეგ... სიკვდილის მომენტი - ეს არის უკანასკნელი შესაძლებლობა ეშმაკისთვის თავს დაესხას ჭეშმარიტ მორწმუნეს, მაგრამ ღმერთი აგზავნის თავის ანგელოზებს, რათა მათ დაგვიცვან ამ მძიმე ჟამს" (Билли Грэм. Ангелы – тайные вестники Бога. Doubleday, Нью-Йорк, 1975, стр. 150–151)" (ციტ.Серафим (Роуз), иеромонах. Приношение православного американца. М.: Российское отделение Валаамского общества Америки, – 1998. С. 109–110).

გასაოცარია, მაგრამ, ნეოპროტესტანტი ავტორი, რომელი მხოლოდ ბიბლიით სარგებლობს, მივიდა ასეთ აღმოჩენამდე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საჰაერო საზვერეების შესახებ სწავლების არა მარტო წმიდა მამებისეულ, არამედ ბიბლიურ წარმომავლობას.
საზვერეების შესახებ
საზვერეები

ბიბლიური მოწმობა საზვერეებზე

როდესაც საზვერეებზე ვლაპარაკობთ, ზოგიერთი რელიგიური მოდერნისტი და განმაახლებელი ფრიად იძაბება. მათ ეჩვენებათ, რომ ეს არის აპოკრიფული გამოთქმა, რაღაც დაშორებული ღვთისმეტყველებას, მაგრამ, ეს სწავლება აქტუალურია და მას ბიბლიური და წმიდა მამებისეული წარმომავლობა გააჩნია.

უპირველეს ყოვლისა საზვერეებზე მოწმობს წმიდა წერილი, რომელიც სრულიად განსაზღვრულად გველაპარაკება საჰაერო სივრცეში არსებულ მომავალ გამოცდაზე. "და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფეს. 2:1-2). სატანა ბატონობს ჰაერში. შემდეგ ამ ეპისტოლეში ნათქვამია: "შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ" (ეფეს. 6:11-13).

"უკეთურ დღეს" (ძვ. ქართ.: "დღესა მას ბოროტსა") - ეს სიკვდილის დღეა, და სიტყვები "ყოვლის მძლეველნი" - საზვერეებზე მიუთითებს.

სიტყვები "ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" მიგვანიშნებს, რომ ღმრთის ზეციური სასუფევლისგან მიმავალ გზაზე - არა ატმოსფეროს ზედა სფეროებში, არამედ სწორედ ზეციური სასუფევლისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე - წინ აღგვიდგებიან ცისქვეშეთის უკეთური სულები ("მეზვერეები"), რომლებიც ხელს უშლიან ჩვენ ყოველ ზეაღსვლას, ხელს უშლიან ჩვენს მიახლოებას ცათა სასუფეველთან.

სიტყვა "ცისქვეშეთის" განმარტებისას, წმიდა იერონიმე წერს: "ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის, არამედ ზოგიერთ უხილავ ძალთა, ბნელეთის მთავართა წინააღმდეგ, რომელიც გარს აკრავს ამ სამყაროს, ავრცელებს ცთომილებებს ურწმუნო ადამიანთა შორის, და უკეთურ სულთა წინააღმდეგ, რომლებიც საჰაერო სივრცეებში ბინადრობენ. ეს ნიშნავს არა იმას, რომ დემონები ზეცაში ცხოვრობენ, არამედ იმას, რომ ჩვენს თავზე არსებული საჰაერო სივრცემ მიიღო ეს სახელწოდება (ზეციური)" (Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I–VIII веков (далее БКОЦ. – ред.). Новый Завет. Том VIII: Евангелие от Матфея 14–28 / Пер. с англ., греч., лат. и сир. Под ред. Манлио Симонэтти / Русск. изд. под ред. Ю.Н. Варзонина. Иероним Стридонский, Комментарий на Послание к Ефесянам.– Тверь: Герменевтика, 2007. С. 235–236).

წმ. თეოდორიტე კვირელი ვერ ეთანხმება იერონიმეს იმ საკითხში, რომ სივრცე ზეციურ გუმბათსა და დედამიწას შორის მთლიანად ეშმაკს ეკუთვნის. რადგან ტაძრების კურთხევის დროს საჰაერო სივრციდან განიდევნებიან ეშმაკნი, მითუმეტეს მონასტრებსა და სკიტეებში, ასევე მართლმადიდებელ ქრისტიანთა სახლებში (სადაც კითხულობენ ცისკარსა და მწუხრს), იმ ადგილებში, სადაც ტარდება ლიტანიობები, იკმევა საკმეველი ან გადააქვთ სიწმიდენი (განსაკუთრებულად წმიდა ნაწილები), - იქ უეჭველად განიწმიდება ჰაერი და მიწა და ირგვლივ ყოველივე.

აი, რატომ არის ესოდენ მნიშვნელობანი მომაკვდავისთვის ზეთისცხების წაკითხვა, აღსარება და ზიარება. წმიდა თეოდორიტე კვირელი წერს: "ნათლად გვასწავლა მოციქულმა, რომ ოდესღაც ეშმაკს მიენდო ძალაუფლება საჰაერო სივრცეზე. როესაც ამ პატივს მოაკლდა თავისი მზაკვარების გამო, ის ბოროტებისა და ეშმაკობის მოძღვარი გახდა. თუმცა, ბატონობს არა ყოველივეზე, არამედ იმათზე, ვინც არ შეიწყნარებს საღმრთო სიტყვას. სწორედ მათ უწოდა მოციქულმა "ურჩობის ძენი" (Там же. Феодорит Киррский, Толкования на Послания апостола Павла (Еф. 2, 2). С. 149).

113-ე ფსალმუნში ნათქვამია: "ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა" (ფსალმ. 113:24). ხოლო ბოროტების მთავარნი სწორედ ცასა და მიწას შორის ბოგინობენ, რდგან "ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა", თუმცა, ყოველთვის ასე როდი იქნება. და ამ აზრით სწავლება საჰაერო საზვერეების შესახებ ერთგვარად წარმოადგენს სწავლებას თვით ცასა და მიწას შორის სივრცის (ცისქვეშეთის) გათავისუფლების შესახებ. ეს აღსრულდება ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, როდესაც სიძის (ქრისტეს) და პატარძლის (ეკლესიის) შეხვედრა მოხდება: "შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თესალონიკ. 4:17).

უდავოდ, ყოველ ადამიანს მოუწევს ზეცად ასვლა, რადგან "ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს" (ფლპ. 3:20), მაგრამ მივაღწევთ თუ არა მას - დამოკიდებულია მრავალ მიზეზზე. სიტყვები: "საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს" გვიჩვენებს, რომ მხედველობაშია არა ალეგორიული (სულიერი), არამედ სრულიად კონკრეტული ზეცა. რამეთუ უფლის ზეცად ამაღლებისთვის ნათქვამია: "ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით, რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი" (საქმე 1:9-11).


იაკობის კიბე

მართლმადიდებლური სწავლება ზეციური სასუფევლისა და მისკენ ასვლის ან მისგან დაცემის შესახებ შეიძლება აგებულია ბიბლიურ თქმულებაზე "იაკობის კიბის" შესახებ, რომელსაც არგუმენტირებულად განმარტავს ნეტ. იერონიმე სტრიდონელი. იაკობის ხილვაში ვკითხულობთ: "გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს.მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას.ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე.აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია" (დაბ. 28:10-13).

თავის თხზულებაში "ტრაქტატი ფსალმუნებზე" ნეტ. იერონიმე სტრიდონელი წერს: "შეხედეთ ჩვენს ასკეტს (იაკობს): ის გაექცა ძალიან სასტიკ ადამიანს, ის გაურბოდა საკუთარ ძმას და შეწევნა ლოდში ჰპოვა, და ეს ლოდი არის ქრისტე. ეს ლოდი - ყველას საყრდენია, ვინც კი დევნულებას განიცდის; მაგრამ ურწმუნო იუდეველისთვის ეს არის "ლოდი საცთურისა". ნათქვამია: "ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე". დააკვირდით, რა არის ნათქვამი: მან დაინახა კიბეზე აღმავალი ანგელოზები, მან დაინახა ზეაღტაცებული პავლე. მან დაინახა ჩამომავალი ანგელოზები: იუდა - გამცემელი გადმოვარდა. მან დაინახა აღმავალი ანგელოზები: წმიდა ადამიანები, რომლებიც მიწიდან აღიტაცებოდნენ ცაში. მან დაინახა დაღმავალი ანგელოზები: ეშმაკი, დემონები და მისი მხედრობა, გარდამოცვენილნი ციდან. და ეს არის უდიდესი სიძნელე - აღმასვლა მიწიდან ცაში. ჩვენთვის ხომ დაცემა ადგომაზე ადვილია. ჩვენთვის ხომ დაცემა უფრო ადვილია, ვიდრე აღმასვლა, რომელსაც უდიდესი ღვაწლი სჭირდება და მრავალი ოფლი. და თუ მე დავდგები პირველ საფეხურზე, კიდევ რამდენი დამრჩება ზეცამდე? და თუკი ავალ მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე, მეათე საფეხუზე, რა სარგებლობას მივიღებთ, კიბის მწვერვალს თუ ვერ მივაღწევ? დავუშვათ, ჩემთვის ეს კიბე შედგება თხუთმეტი საფეხურისგან და მე მივაღწიე მეთოთხმეტეს: თუკი მეთხუთმეტეს ვერ მივაღწევ, რა შემერგება იმისგან, რომ მხოლოდ მეთოთხმეტეს მივაღწიე? ხოლო თუკი მეთხუთმეტემდე ავალ და დავემხობი, უმეტესი ასვლა უდიდესი დაცემის საწინდრად შემექმნება" (БКОЦ. Ветхий Завет. Том II: Книга Бытия1–11 / Пер. с англ., греч., лат. и сир. Под ред. Эндрю Лаута в сотрудничестве с Марко Конти / Русск. изд. под ред. К.К. Гаврилкина. Иероним Стридонский, Трактат на Псалмы. – Тверь: Герменевтика, 2004. С. 235).

რადგან ჯოჯოხეთი განკუთვნილია არა ადამიანებისთვის, რამეთუ საუკუნო ცეცხლი "ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41), კიბით ზეცაში ასვლა, რომელიც იაკობმა იხილა და აღწერილია საზვერეების შესახებ თხრობაშიც, ყოველ ადამიანს მოუწევს. და ბუნებრივია, რომ ეშმაკები და დემონები ყოველმხრივ შეეცდებიან ხელი შეუშალონ ადამიანს მსვლელობაში იქითკენ, სადაც ოდღესღაც თვითონ ბინადრობდნენ და ეშმაკთან ერთად გადმოვარდნენ, რადგან "ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრნენ" (შეად. იოანე 8:44); და კიდევ: "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!" (ესაია 14:12). მხოლოდ მოწამეები და დიდი წმინდანები ადიან ზეცად ისე, რომ გვერდს უვლიან საზვერეებს. საეკლესიო გადმოცემით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი სწორედ ასე ამაღლდა ზეცად. ამას მოწმობენ საეკლესიო ლოცვები და ხოტბა-დიდებანი, რომელიც აღევლინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მისი მიძინების დღესასწაულზე.

ვიღაცამ შეიძლება გვითხრას: განა ახლა ეშმაკები და დემონები ჯოჯოხეთში არ არიან? ნათქვამია: "და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად" (მათე 8:29). ახალი აღთქმა გვიჩვენებს, რომ დემონები ბინადრობენ შეპყრობილ ადამიანებში (მათე 8:28), შეუძლიათ შევიდნენ პირუტყვებშიც (მათე 8:32), მაგრამ მათი მთავარი საბინადრო და საბატონო ადგილი - ცისქვეშეთია. როგორც ზემოთ ვნახეთ, ომი ადამიანებსა და ბოროტების ძალთა შორის გრძელდება "ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფეს. 2:2). ანუ, ბატონობს რა საჰაერო სივრცეში ის (ეშმაკი) დედამიწაზე "ურჩობის ძეთა მეშვეობით" მოქმედებს". ჩვენ კი მგლოვარე იერემიასთან ერთად ისღა გვრჩება შევღაღადოთ ღმერთს:  "რისხვით დაედევნე მათ და მუსრი გაავლე უფლის ცისქვეშეთში!" (გოდება იერემიასი 3:66). ეშმაკის ძალაუფლება დედამიწაზე აღდგება მხოლოდ ანტიქრისტეს დროს, და ისიც მხოლოდ სამწელიწად ნახევრის განმავლობაში (გამოცხ. 20:7).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოწამენი და სრულყოფილი წმინდანები დაუობრკოლებლად ადიან სიკვდილის შემდეგ ზეცად. მაგრამ ბიბლიაში აღწერილია ზეცაში სხეულებრივად აღსვლის ორი შემთხვევა: მართალი ენოქისა და წინასწარმეტყველ ილიასი. და კვლავ ამისი აღწერა ეჭვსაც კი არ ტოვებს, რომ რეალურად ცათა სასუფევლისკენ აღსვლა ხდება ჩვენს მიწასა და ცას შორის არსებული სივრცის გავლით. ნათქვამია: "დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:24); და კიდევ: "როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. უყურებდა ელისე და ეძახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ! მეტი არაფერი დაუნახავს. ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია. აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა. დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა" (4 მეფ. 2:11-14).
საზვერეების შესახებ
 წმიდა მამათა მოწმობა საზვერეების შესახებ

როდესაც წმიდა მამები ადიდებდნენ ღმრთის ძის გოლგოთისეულ ვნებას, ისინი ყურადღებას მიაპყრობდნენ იმას, რომ იესუ ქრისტე ჯვარზე კვდება მიწასთან შეუხებლად, ანუ ცასა და მიწას შორის. ამ ვითარების ლიტურგიკულ ინტერპრეტაციაში, ისინი ამბობენ, რომ ქრისტე ჰაერის თავადს თავისსავე სასახლეში ამარცხებს.

სხეულთან განშორებული სული ისე იოლად როდი აღვალს ზეცისკენ, როგორც ამას პროტესტანტები და "ჩვენი" ნეოგანმაახლებლები ირწმუნებიან. არსებობს წმიდა მამათა არცთუ მცირე მოწმობები საჰაერო საზვერეების შესახებ. მაგალითად, წმ. ათანასე დიდი, ალექსანდრიის პატრიარქი, "ღირსი ანტონი დიდის ცხოვრებაში" აღწერს შემდეგ ამბავს:

"ერთხელ ანტონი საზრდელს იღებდა, რომ ცხრა საათიანი ჟამმა მოუწია და ფეხზე წამოდგა ლოცვის სათქმელად. ის იყო დაიწყო კიდეც ლოცვა, რომ მოულოდნელად გონება გაუნათდა და საკუთარ თავს გარედან დაუწყო ყურება, შემდეგ კი მისი სული ზეცისკენ წარმემართა. ამ დროს ჰაერის ეშმაკები გადაეღობნენ და შეეცადნენ აღსვლაში ხელი შეეშალათ. ანგელოზები ანტონის ეხმარებოდნენ და ეშმაკებს წინააღმდეგობას უწევდნენ, თან მოითხოვდნენ აეხსნათ, რა იყო მათი ხელის შეშლის მიზეზი. მაშინ, ბოროტმა სულებმა დაიწყეს ცოდვების ჩამოთვლა, რაც კი ანტონის ბავშვობის ასაკიდან ჩაედინა. ამის გაგონებაზე ანგელოზებმა შეაჩერეს ბოროტი სულები და უთხრეს.

- ის, რაც დაბადებიდან შესცოდა ანტონიმ, უფალმა წარხოცა. მაგრამ, თუ თქვენთვის ცნობილია მისი რომელიმე ცოდვა, მას შემდეგ, რაც მონაზვნობის აღთქმა დადო, შეგიძლიათ დაასახელოთ.

მაშინ ეშმაკებმა, თავისი ბოროტებიდან გამომდინარე ცილისწამების ხერხს მიმართეს და ანტონი იმ ცოდვებში დაადანაშაულეს, რაც არ ჩაედინა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ანტონის ვერც ამ გზით ავნეს რამე, დაესხნენ და გზა გაუთავისუფლეს.

ანტონი გონს რომ მოეგო, შენიშნა, რომ ისევ იმ ადგილას იდგა, სადაც ხილვამდე იყო. ნანახით განცვიფრებულს საზრდელის მიღება აღარც გახსენებია და მთელი დღე-ღამე ლოცვაში გაატარა და თან სულ იმის ფიქრში იყო, თუ რამდენი მტერი ჰყავს ადამიანს და რა რთულია უფლისკენ სავალი გზა" (ციტ. Игнатий (Брянчанинов), святитель. Творения. Том III. Фонд «Христианская жизнь». 2002. С. 210–211) (იხ. ასევე: წმიდა ანტონი დიდის ცხოვრება. მესამე ნაწილი. http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/antoni_didi_3.htm).

აქ წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის პატრიარქი, მოგვითხრობს, რომ როდესაც ჩვენი ლოცვა აღევლინება ღმერთს, ცისქვეშეთის ბოროტი სულები ცდილობენ მის შეჩერებას. რთული იქნება არა მარტო სულის აღსვლა ღმრთის სასუფეველისკენ - როგორც ერთგვარი ლივლივი, - რთული გახდება თვით ლოცვაც, რომელიც ზეცისკენ ძნელად აღვალს. და რომ არა დამხმარე ანგელოზები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მფარველი ანგელოზი და ის წმინდანები, რომელთა სახელებსაც ჩვენ მოვუხმოთ, - ვერ გავუძლებდით იმ ბრძოლას ეშმაკები რომ გამართავენ ჩვენს წინააღმდეგ.

სიტყვა "საზვერე" მომდინარეობს სიტყვიდან "მეზვერე" ) ბერძნ.: τελώνης; ლათ. Publicanus). მეზვერე - ეს არის ღალის ამკრეფი. რაღაც აზრით დემონები ერთგვარ სულიერ კრედიტორებად გამოდიან. ჩვენი ცხოვრების იმ ნაწილში, სადაც ვცოდავთ, ჩვენ - ნებსით თუ უნებლიედ - თავს მათთან ვაიგივებთ. და ისინი ჩვენში ერთგვარად საკუთარ ნაწილს ჭვრეტენ, მიიჩნევენ, რომ ჩვენ მათი მოვალეები ვართ.
 
 
მიზეზი, თუ რატომ სძულთ ეშმაკთა და დემონთ ადამიანები
 
მეორე მხრივ, რადგან ეშმაკისა და დემონებისთვის, ამ ყოფილი ანგელოზებისთვის (რომლებიც "უნივთო ცეცხლით" (ღირ. იოანე დამასკელის გამოთქმა. შეად. ფსალმ. 103:4. შექმნილნი იყვნენ ნათლისგან), ზეციური სავანეები მთლიანად დახურულია, ისინი სწორედ შურის გამო გვეწინააღმდეგებიან ჩვენ (მიწის მტვრისაგან შექმნილთ) და ხელს გვიშლიან ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაში.

ღირ. იოანე დამასკელი წერდა: "ანგელოზი არის მოაზროვნე ბუნება, ... იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული" (Иоанн Дамаскин, преподобный. Точное изложение Православной веры. Книга 2, глава III. – М.: Изд. Сретенского монастыря, 2003 С. 84) (იხ. ასევე: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეჩვიდმეტ. ანგელოზების შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/17.htm).

მეორე მხრივ, ადამიანისადმი შური თავიდანვე არის განპირობებული მით, რომ ეშმაკი "ამ ანგელოზურ ძალთაგან დედამიწისეული წესის თავმდგმური, ვისაც ღვთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა მინდობილი, ... თავი აიმაღლა მისი შემქმნელი ღვთის წინააღმდეგ, განიზრახა რა მისდამი დაპირისპირება, და იგი, პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა" (იქვე) (იხ. ასევე: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეთვრამეტე. სატანას და ეშმაკების შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/18.htm).

ამგვარად, ჩვენ ვამჩნევთ კაცთა მოდგმისადმი დაცემულ ანგელოზთა სიძულვილის რამოდენიმე მიზეზს:

·         ისინი შექმნილნი არიან უნივთო ნათლისგან (ცეცხლისგან), ჩვენ  კი მიწის მტვრისგან.

·         მათთვის, მიუხედავად მათი ბუნების სიმაღლისა, სინანულის გზა დახშულია; ხოლო ჩვენთვის, სხეულებრივი უძლურების გამო - ხსნილია.

·         ეშმაკმა და დემონებმა დაკარგეს ცათა სასუფეეველი, ძალაუფლება დედამიწაზე; ხოლო ადამიანი, რომელიც დედამიწაზე იბადება, ძალმოსილია ავიდეს ცათა სასუფეველში (ღმერთთან).
  
აქედან გამოდის, რომ შურისძიების ერთადერთი ხერხი მათ მიერ დაკარგული ზეცისა და მიწის გამო - ისინი ცდილობენ საჰაერო სივრცეში, დედამიწასა და ზეცას შორის შეგვაჩერონ.

როდესაც ცოდვილი ცდილობს საზვერეების გავლას, ისინი (დემონები) ცდილობენ მასში იმის მოთხოვნას, რასაც საკუთრად მიიჩნევენ. რადგან ღმერთი არის სიწმიდის წყარო და მასში არ არის არავითარი ცოდვა. ხოლო ცოდვილი, რომელიც არ განწმენდილა სიწმიდისთვის, თავის ცხოვრებაში ატარებს იმ ნაწილს, რომელიც ერთგვარად ეშმაკს და ყოველი ჯურის დემონს ეკუთვნის. და ისინი თავისას ითხოვენ და ამბობენ: "ის ჩვენია, ის მეძავია, მემრუშეა, მკვლელია, ლოთია, ცილისმწამებელია, ბოროტმოქმედია". და ითხოვენ - როგორც მეზვერეები, როგორც ღალის ამკრეფნი იმას, რასაც სამართლიანად მიიჩნევენ თავიანთ საკუთრებად.

აქ იბადება ასეთი შეკითხვა: თუკი ადამიანი ცოდვილია, სიკვდილის შემდეგ რატომ არ მიელტვის იმას, რაც მისთვის ბუნებრივია? თუკი ის ცოდვილია, მაშასადამე, ის ცოდვებშია და, მაშასადამე, მისი ცხოვრების ნაწილი ბოროტებაში ძევს, როგორც ერთგვარი რამ, რაც მის ბუნებასთან არის შერწყმული. მაშ, მაინც ღმერთს რატომ მიელტვის გარდაცვლილი ცოდვილის სული? იმიტომ, რომ ღმერთი არის ყოველი სულის შემოქმედი. სული ინსტინქტურად გრძნობს ღმერთს და არა აქვს მნიშვნელობა მორწმუნეა ის თუ ურწმუნო. ურწმუნო ადამიანი, მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებელი, გინდ აბსოლუტური უღმრთო, სიკვდილის შემდეგ მაინც ღმერთს მიელტვის. სულს ღმერთი სწყურია. წმიდა წერილში ნათქვამია: "მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ" (საქმე 17:28).

არსებობს შემოქმედის კავშირი მთელ ქმნილებასთან; ქმნილებათა ნებისმიერი ნაწილი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ღმერთი აგრძელებს მასთან თავის დიალოგს. ჩვენ ღმერთით ვცხოვრობთ, ვმოქმედებთ და ვარსებობთ; და თუ ღმერთი შეწყვეტს თავის დიალოგს ქმნილების ნებისმიერ ნაწილთან, ეს ქმნილება მომენტალურად წყვეტს თავის არსებობას. ამიტომაც ბრძანებდნენ წმიდა მამები, რომ ჯოჯოხეთშიც კი შენარჩუნდება ქმნილებასა და შემოქმედს შორის ურთიერთობის ფორმები - რადგან, ღმერთის გარეშე არაფერს შეუძლია არსებობა. ნათქვამია: "ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ! ... და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის. სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე" (ფსალმ. 138:8, 11-12).

მაგრამ, ქვესკნელში ღმერთის შეგრძნება მხოლოდ აძლიერებს ცოდვილი სულის ტანჯვას, რადგან ის ბევრ სხვა რამესთან ერთად, მის მიერ ღმრთისადმი გამოუყენებელი სიყვარულის დაკარგვით იტანჯება, "თავისი დემონური ეგოიზმის ცეცხლში, შეგნებული აქვს რა ყველა თავისი ცოდვა, ცოდვილის სულს სასოწარკვეთისა და სინდისის ცეცხლოვანი მატლი დაღრღნის, და ეს მდგომარეობა მისთვის წარმოუდგენლად მტანჯველი იქნება" (Иустин (Попович), преподобный. Догматика Православной Церкви: Эсхатология. М.: Издательство Московской Патриархии, 2005 г. – С. 54).
საზვერეების შესახებ
აღმოსავლელ წმიდა მამათა მოწმობანი საზვერეების შესახებ

ღირ. ეფრემ ასურელი: "როდესაც ახლოვდებიან ძალნი, საშინელნი მხედრობანი, როდესაც საღმრთო ამომრთმევნი სულს უბრძანებენ დატოვოს სხეული და გადმოსახლდეს მისგან, მაშინ, მივყავართ რა ძალით, გარდაუვალი სამსჯავროს წინაშე წარგვადგენენ; მაშინ, როდესაც მათ დაინახავს, საცოდავი ადამიანი... სულით ისე შეირყევა, როგორც მიწისძვრისას და ერთბაშად ათრთოლდება... საღმრთო ამომრთმევნი, ამოართმევენ რა სულს ადამიანს და მიიღებენ, ჰაერში ამაღლდებიან, სადაც დგანან წინააღმდგომ ძალთა ხელმწიფებანი, ძალნი და წუთისოფლის მთავარნი. ისინი არიან ჩვენი ბოროტი ცილისმწამებელნი და ბრალმდებელნი, უცნაური მეზვერენი, აღმწერნი და მევალენი; ისინი გვხვდებიან გზაზე, აღწერენ, განიხილავენ და ჩამოთვლიან ჩვენს უნებლიეთ თუ ნებსით ჩადენილ ცოდვებს მოყოლებულთ ჩვენი სიყმაწვილიდან ვიდრე სიბერემდე, საქმით, სიტყვითა და ფიქრით აღსრულებულთ. დიდია იქ შიში და ძრწოლა, აღუწერელია ის ურვა, რომელსაც მაშინ განიცდის სული ურიცხ ბილწ მტერთა გარემოცვაში, რომლებიც ამხელენ და ამავდროულად ცილს სწამებენ მას, რათა არ მისცენ ცაში აღსვლის შესაძლებლობა, მართალთა სავანეებში დასახლების უფლება და დააბრკოლონ მარადიული სიცოცხლს დამკვიდრების გზაზე. მაგრამ წმიდა ანგელოზები, აიღებენ სულს და განაშორებენ მას" (Цит. по: Макарий (Булгаков), митрополит. Православно-догматическое богословие. Том V. – СПб., 1853. С. 80).

ღირ. მაკარი დიდი: "როდესაც ადამიანის სული გამოდის სხეულიდან, აღსრულდება ერთგვარი უდიდესი საიდუმლო. რადგან, თუკი ის ცოდვებშია გახვეული, მოდიან დემონთა ურდოები, ბოროტი ანგელოზები, ბნელი ძალები და ამ სულს მიიტაცებენ. თუკი ადამიანი, რომელიც ჯერაც ცოცხალია და ამქვეყნად სული უდგას, დაემორჩილა მათ და დაემონა, განა მით უფრო არ დაიმონებენ და დაიმორჩილებენ მას ეშმაკნი ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ? რაც შეეხება ადამიანთა უკეთეს ნაწილს, მათში ეს არანაირად არ ხდება. ანუ, ღმრთის წმიდა მონათა შემთხვევაში, ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში მყოფთ დაჰყვებათ მფარველი ანგელზნი, რომლებიც გარს ეხვევიან მას და იცავენ. ხოლო როდესაც მათი სულები სხეულებს გაეყრებიან, ანგელოზთა დასები თავიანთ გარემოცვაში მიიღებენ, ნათელ ცხოვრებაში შეიწყნარებენ და ასე აიყვანენ უფალთან" (Там же. С. 81–82).

წმ. იოანე ოქროპირი: "თუკი ჩვენ, როდესაც სხვა ქვეყანაში მივემგზავრებით, აუცილებლად გვჭირდება მეგზური, რამდენად უფრო დაგვჭირდება შემწე და ხელმძღვანელი, რათა დაუბრკოლებლად გავიაროთ უფლებანი, ძალნი, საჰაერო ხელმწიფებანი, მდევარნი და საზვერეთ უფროსნი?" (Там же. С. 82).

ღირ. მაქსიმე აღმსარებელი: "როგორ არ შეუშინდება ჩემსავით ცოდვათა უწმიდურებით შებილწული ანგელოზთა მოახლებას, რომლებიც ამქვეყნიდან გასული კაცის სულთან მოვლენ ღმრთის ბრძანებით, და ძალით, მრისხანებითა და მისი ნების საწინააღმდეგოდ ამოიყვანენ სხეულიდან? ბოროტ საქმეთა რომელი ჩამდენი არ შეუშინდება სასტიკ, დაუნდობელ და მზაკვარ დემონებთან შეხვედრას? (Там же. С. 84).

წმ. იოანე ოქროპირი: "სწორედ მაშინ გვჭირდება მრავალი ლოცვა, მრავალი შემწე, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი შეწევნა, როდესაც დავიწყებთ აღსვლას საჰაეროს სივრცის გავლით. თუკი სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას გვჭირდება მეგზური, რამდენად უფრო დაგვჭირდება შემწე და ხელმძღვანელი, დაუბრკოლებლად რომ გავიაროთ უფლებანი, ძალნი, საჰაერო ხელმწიფებანი, მდევარნი და საზვერეთუფროსნი?"

გარდაცვლილ ქრისტიან ყრმათა სახელით იოანე ოქროპირი ასე ღვთისმეტყველებს და გვასწავლის: "ჩვენ მშვიდობიანად გაგვაშორეს საკუთარ სხეულებს წმიდა ანგელოზებმა, ჩვენ თავისუფლად გავიარეთ საჰაერო ძალთა დაბრკოლებანი. ჩვენ საიმედო მეგზურები გვყავდნენ! მზაკვარმა სულებმა ვერაფერი იპოვეს ჩვენში, რასაც ეძებდნენ, ვერაფერი ნახეს ისეთი, რის დანახვასაც ისურვებდნენ. როდესაც იხილეს შეუბილწავი სხეულები, შერცხვენილ იქნენ; როდესაც დაინახეს წმიდა, უბოროტო სულები - დაითრგუნნენ; მათ ვერ იპოვეს ჩვენში ცუდი სიტყვები და დადუმდნენ. ჩვენ ჩავუარეთ მათ და გავანადგურეთ ისინი; ჩვენ გავიარეთ მათში და დავთრგუნეთ ისინი; ბოლოს კი გავთავისუფლდით. "კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა. სული ჩუენი, ვითარცა სირი, განერა მახისა მისგან მონადირეთასა; საბრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით" (ახ. ქართ.: "კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის. ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით" (ფსალმ. 123:6-7). როდესაც ეს აღსრულდა, ჩვენმა წინამძღოლმა ანგელოზებმა გაიხარეს; გადაგვეხვივნენ, გვეამბორნენ, რადგან გავმართლდით და გვახარეს: "კრავნო ღმრთისანო! ვხარობთ თქვენი აქ მოსვლის გამო; გაიღო თქვენთვის პირველმშობელთა სამოთხე; თქვენ დაიმკვიდრეთ აბრაამის წიაღი. მოგიყვანათ აქ მეუფის ხელმა; მოგიწოდათ მისმა ხმამ დგომად მისგან მარჯვენით. კეთილმოწყალე თვალით გადმოგხედათ მან და სიცოცხლის წიგნში ჩაგწერათ". ჩვენ კი მივუგეთ: "უფალო! სამართლიანო მსაჯულო! რომელმან მოგვაკელი მიწიერი სიკეთენი - ნუ მოგვაკლებ ზეციერს. შენ განგვაშორე მშობელთა ჩვენთაგან - ნუ განგვაშორებ შენს წმინდანებს. ნათლისღების ბეჭედი აღუხოცველია ჩვენში: ჩვენს სხეულებს წარვადგენთ წმიდად ჩვენი სიყრმისეული ასაკის გამო" (ციტ.: Игнатий (Брянчанинов). Слово о смерти. Воздушные мытарства. – СПб.: Азбука, 2011. См. сн.: Маргарит) (4).

_________

4, "სიტყვა მოთმინებასა და მადლობაზე და იმის შესახებ, რომ ზედმეტად არ უნდა ვიგლოვდეთ გარდაცვლილთა გამო". ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) წერდა: "ამ სიტყვის წაკითხვა განწესებულია მეშვიდე შაბათს პასექის შემდეგ, ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვაზე. დასავლელი კრიტიკოსები მას იოანე ოქროპირს არ განაკუთვნებენ, მაგრამ ის ოდითგანვე ცნობილია აღმოსავლეთის ეკლესიაში და ღვთისმსახურებაზე კითხულობენ".
_________

წმიდა იოანე მრავალმოწყალე, ალექსანდრიის პატრიარქი, სიკვდილსა და სხეულისგან სულის გაყრაზე მსჯელობს ისე, როგორც მას ეს განუცხადა ღირსმა სიმეონ მესვეტემ: "როდესაც სული სხეულიდან გამოვა და ცისკენ ასვლას დაიწყებს, მას დემონთა დასები დახვდებიან და მრავალ სიძნელეებსა თუ გამოცდებს მოუწყობენ. ისინი ამხელენ ცოდვებში: სიცრუეში, ცილისწამებაში, შურსა და მრისხანებაში, ბოღმაში, გულბოროტობაში, ამპარტავნებასა და სიამაყეში, დაუმორჩილებლობაში, მევახშეობაში, ვერცხლისმოყვარეობაში, ლოთობაში, ნაყროვანებაში, ჯადოქრობაში, ძმათმოძულეობაში, მკვლელობაში, ქურდობაში, უმოწყალობაში, სიძვა-მრუშობაში და სხვა მრავალ ცოდვებში. როდესაც სული მიწიდან ცისკენ ადის თვით წმიდა ანგელოზებსაც კი არ შეუძლიათ მისი დახმარება: ერთადერთი რაც კაცის სულს შეეწევა ამ მძიმე ჟამს მისი ამქვეყნიური სინანულია, მისი ამქვეყნად ჩადენილი კეთილი, ყველაზე მეტად კი მოწყალების საქმეებია. თუკი აქ გულმავიწყობით არ შევინანებთ ჩვენს ცოდვებს, მოწყალებით შეგვიძლია თავი დავაღწიოთ დემონურ საზვერეთა ძალადობას. ძმანო! თუკი ეს ვიცით, შევძრწუნდეთ იმ მძიმე ჟამის გამო, როდესაც სასტიკ და მძვინვარე მეზვერეებს გადავაწყდებით; შევრძრწუნდეთ იმ ჟამის გამო, როდესაც გავოგნდებით და აღარაფერი გვექნება სათქმელი ჩვენს მეზვერეთათვის. მაშ, აწვე შევინანოთ ჩვენი ცოდვები, მივცეთ ძალა ჩვენს მოწყალებას, რომელსაც ჩვენი მიწიდან ცად აყვანა ძალუძს, და შეუძლია გაგვათავისუფლოს ეშმაკთა მძლავრებისგან. დიდია მათი სიძულვილი ჩვენდამი, დიდი შიში და ძრწოლა გველოდება ძმანო საჰაერო სივრცეში, დიდი ძრწოლა და უბედურება" (იქვე. იხ.: Пролог, 19 декабря).

 
დასავლელ წმიდა მამათა მოწმობანი საზვერეების შესახებ

ისეთი შთაბეჭდილება რომ არ დაგვრჩეს, თითქოსდა სწავლება საჰაერო საზვერეების შესახებ მხოლოდ აღმოსავლელი მამებისთვის იყო ცნობილი, მივმართოთ მამა სერაფიმეს (როუზი) წიგნს, სადაც ის გვიჩვენებს, რომ მისთვის ცნობილი იყო მრავალი დასავლური ძველი წყარო, რომლებიც არასოდეს თარგმნილა არც ბერძნულ და არც რუსულ ენბზე და, რომლებიც სავსეა ცნობებით საზვერეთა შესახებ. "სახელწოდება "საზვერე", - წერს მამა სერაფიმე (როუზი), - როგორც ჩანს, შემოიფარგლება აღმოსავლური წყარეობით, მაგრამ ის, რაც აღწერილია დასავლურ წყაროებში მის რეალობას ადასტურებს.

მაგალითდ, წმ. კოლუმბას († 597), რომელმაც შოტლანდიაში კუნძულის მონასტერი დააფუძნა, თავის ცხოვრებაში მრავალგზის უხილავს ჰაერში დემონთა ბრძოლა გარდაცვლილ სულთათვის. წმ. ადამნანი († 704) ამის შესახებ მოგვითხრობს წმინდანის მის მიერ დაწერილ ცხოვრებაში. აი ერთი შემთხვევა.

ერთხელ წმ. კოლუმბამ შეჰკრიბა თავისი ბერები და მათ უთხრა: "შევეწიოთ ლოცვით იღუმენ კომჰელის ბერებს, რომლებიც ამ ჟამს ცხვრის ტბაში იხრჩობიან, რადგან ისინი ახლა ჰაერში ბოროტების ძალებს უმკლავდებიან, რომლებიც ცდილობენ უცხოტომელის სულის მიტაცებას, მათთან ერთად რომ იძირება ტბაში".

ლოცვის შემდეგ მან თქვა: "მადლობდეთ ქრისტეს, რადგან ახლა წმიდა ანგელოზები მიეახლნენ ამ წმიდა სულებს, გაათავისუფლებს ის უცხოტომელი და ზეიმით გამოსტაცეს ხელიდან დემონებს".

წმ. ბონიფაციუსი, გერმანელთა ანგლო-საქსონელი მოციქული (VIII ს.) ერთ-ერთ თავის წერილში გადმოსცემს ამბავს, რომელიც მას უენლოკში ერთი ბერისგან სმენია, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ რამოდენიმე საათში კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდა. როდესაც სხეულიდან გავიდა, ის აუტაციათ ისეთი წმიდა სილამაზის ანგელოზებს, რომ მათი შეხედვის შემძლეც ვერ ყოფილა... "მათ წამიყვანეს მაღლა ჰაერში"... შემდეგ კი ჰყვებოდა, რომ იმ დროს, როდესაც სხეულის გარეთ იყო, სულთა იმდენმა რაოდენობამ დატოვა თავისი სხეული და შექუჩდნენ იმ ადგილას, სადაც ის იმყოფებოდა, რომ ეგონა, თითქოსდა მათი რაოდენობა ჭარბობდა დედამიწის მოსახლეობას. მან ასევე თქვა, რომ იქვე იყო ბოროტ სულთა ბრბო და წმიდა ანგელოზთა დასი. ასევე თქვა, რომ ბოროტი სულები და წმიდა ანგელოზები გააფთრებულ დავას ეწეოდნენ სხეულებიდან გამოსულ სულთა გამო: დემონები მათ ადანაშაულებდნენ და ამძიმებდნენ მათ ცოდვათა უღელს, ხოლო ანგელოზები, პირიქით, ამსუბუქებდნენ ამ უღელს და მოჰყავდათ ცოდვათა ჩადენის შემარბილებელი ვითარებები.

თვით ბერს თურმე ესმა ყველა მისი ცოდვა, მოყოლებული სიყმაწვილიდან, რომლებიც მას ან არ უთქვამს აღსარბაში ან დაავიწყდა, ან კიდევ არ აღიარებდა ცოდვად. ეს ცოდვები ღაღადებდნენ მის წინააღმდეგ და ადანაშაულებდნენ მას... ყველაფერს, რაც კი მას ჩაუდენია მთელი თავისი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში და, რომელთა ცოდვად აღიარებასაც თავს არიდებდა, ახლა დემონები პირდაპირ ჩასძახებდნენ და საშინელი სიტყვებით ამხელდნენ მას. ბოროტი სულები ასევე ჩამოთვლიდნენ ვნებებს, ადანაშაულებდნენ მას და მოჰყავდათ ამისი დამადასტურებელი მოწმობები, ასახელებდნენ დროსა და ადგილს, სადაც კი ჩაედინა ცოდვა და მისი ბოროტი საქმეების მტკიცებულებებსაც იმოწმებდნენ... და აი, მოაგროვეს რა მის წინააღმდეგ ყველა მისი ცოდვა, კაცობრიობის ამ უძველესმა და უბოროტესმა მტრებმა ის დამნაშავედ და უდავოდ მათი ძალაუფლების ქვეშ მოსაქცევ პირად გამოაცხადეს.

"მეორე მხრივ, - თქვა მან, - მცირე, უსუსური სათნოებები, რომლებსაც უღირსად და არასრულყოფილად ვფლობდი, ჩემს დასაცავად მეტყველებდნენ... და ანგელოზური სულები, თავიანთ უსაზღვრო სიყვარული მიცავდნენ და მხარს მიჭერდნენ, ცოტა გადაჭარბებულადაც კი მეჩვენებოდა მათგან დასახელებული ჩემი სათნოებები..." (Серафим (Роуз), иеромонах. Приношение православного американца. М.: Российское отделение Валаамского общества Америки, – 1998. С. 104–105).

ყურადღებით განვიხლოთ ბოლო აბზაცი: საზვერების შესახებ სწავლების უარმყოფელნი ყურადღებას არ აქცევენ ან არ უნდათ შენიშნონ, რომ საზვერეებში განიხილებიან არა მარტო ის ცოდვები, რომლებიც არ მოხსნილა ახალ აღთქმაში გათვალისწინებული წეს-განგებით. სინანულისადმი დაუდევარის სიტყვები აჩვენებენ მის პირად პასუხისმგებლობას მომხდარისთვის, მას "ესმა ყველა მისი ცოდვა ჩადენილი სიყმაწვილიდან, რომელიც მას არ უთქვამს სინანულში ან დაავიწყდა, ან კიდევ არ აღიარებდა ცოდვად. ყოველი მათგანი ღაღადებდა მის წინააღმდეგ". და აქ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ თავისი კერძო საქმეებით ადამიანს შეეძლოს საკუთარი პირადი ცოდვების გამოსყიდვა: "მცირე, უსუსური სათნოებები, რომლებსაც უღირსად და არასრულყოფილად ვფლობდი, ჩემს დასაცავად მეტყველებდნენ...".

ხოლო სიტყვები: "ანგელოზური სულები, თავიანთ უსაზღვრო სიყვარული მიცავდნენ და მხარს მიჭერდნენ, ცოტა გადაჭარბებულადაც კი მეჩვენებოდა მათგან დასახელებული ჩემი სათნოებები..." - ადასტურებენ არა იმას, რომ ანგელოზები სულის სინანულის ნაყოფს აჭარბებენ, არამედ, პირიქით, უფრო მონანული სულის განზრახვებზე მეტყველებენ, ვიდრე ამ განზრახვათა შედეგებზე. გარდაცვლილის სულს მხოლოდ ეჩვენეობდა, რომ ანგელოზები "მის სათნოებებზე გადაჭარბებულად ლაპარაკობდნენ".

წყარო: azbyka.ru

გაგრძელება იქნება.

TOP. GE
Назад к содержимому