განმარტებანი - მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?

(ლუკა 18:8)
მეორედ მოსვლა
ექვთქიმე ზიგაბენი (1050-1122): ""მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?" - მოსვლაში იგულისხმება მეორედ მოსვლა. ხოლო ამას კითხულობს იმიტომ კი არა, რომ არ იცის, არამედ აჩვენებს, - იმ დროს მცირედნი იქნებიან მორწმუნენი" (Толкование на Евангелие от Луки. Перевод иером. Феодора (Юлаева) специально для сайта Экзегет.ру PG 129, 1052).

***

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): "უფალი გვასწავლის ჩვენ ლოცვის აუცილებლობას და გვიჩვენებს, რომ თუკი უსამართლო მსაჯულმა (ლუკა 18:1-8) მოიღო მოწყალება მოუკლებელი თხოვნის მიზეზით, მით უფრო ღმერთი, მამა ყოველგვარი სიმართლისა, მალევე მოგვანიჭებს მფარველობას. თუმცა კი ის დიდხანს ითმენს და, როგორც ჩანს არ უსმენს მისდამი დღედაღამ მთხოვნელთ. გვასწავლა რა ეს და გვიჩვენა, რომ ქვეყნის აღსასრულის ჟამს მივმართოთ ლოცვას იმ საფრთხეთა წინააღმდეგ, რომელიც უნდა შეგვემთხვეს, უფალი ამატებს:"მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?" - საუბრობს რა კითხვის ფორმით, უჩვენებს, რომ ცოტანი თუ იქნებიან მაშინ მორწმუნენი, ვინაიდან ძეს უსჯულოებისას ისეთი ძალა ექნება, რომ თვით რჩეულთაც კი აცთუნებს თუკი შეძლებს (მათე 24:24).

იმის მიმართ, რაც იშვიათად გვხვდება, უფალი ჩვეულებრივი საუბრის კითხვით ფორმას იყენებს. მაგალითად: "ვინ-მე არს მნე იგი სარწმუნოი და გონიერი" (ლუკა 12:42). და აქაც იგივე რამეს აღნიშნავს, კერძოდ, რომ ღვთის მიმართ რწმენისა და ერთმანეთის მიმართ ნდობის შემნარჩუნებელნი ძალზედ მცირერიცხოვანნი იქნებიან. არწმუნებდა რა ელოცათ, უფალმა მართებულად დაუმატა სიტყვა სარწმუნოების შესახებ, ვინაიდან რწმენა შეადგენს ყოველგვარი ლოცვის საწყისსა და საფუძველს, რადგანაც ტყუილად ლოცულობს ადამიანი, თუკი არა სწამს, რომ თავისდა სასიკეთოდ მიიღებს იმას, რასაც ითხოვს (იაკობი 1:6-7). ამიტომ უფალი, როდესაც ლოცვას ასწავლიდა, სარწმუნოებაც ახსენა, შეფარულად მიგვანიშნა რა, რომ მხოლოდ მცირერიცხოვანნი შეძლებენ მაშინ ლოცვას, ვინაიდან მცირედნი თუ იქნებიან იმ დროს მორწმუნენი.

ამრიგად, უფალი, მოსული ღრუბელთა ზედა მჯდომარე, ვერ ჰპოვებს სარწმუნოებას მიწაზე, თუ არ ჩავთვლით მცირედთ. მაგრამ იგი წარმოშობს რწმენას, ვინაიდან, მართალია უნებურად, მაგრამ ყველანი აღიარებენ, რომ იესუ ქრისტე არის უფალი, სდიდებლად ღვთისა და მამისა (ფილ. 2:11), და თუკი საჭიროა ამას რწმენა ვუწოდოთ და არა აუცილებლობა, ურწმუნოთაგან არავინ დარჩება არავინ, ვინც არ ირწმუნებდა, რომ მაცხოვარი მხოლოდ ისაა, ვისაც იგი ადრე გმობდა" (ნეტ. თეოფილაქტე. ლუკას სახარების განმარტება. ნაწილი II. თბილისი 2008. გვ. 104-105).

***

ეპისკოპოსი მიხაილი (ლუზინი) (1830-1887): "იმ უეჭველი ჭეშმარიტებისდა მიუხედავად, რომ ღმერთი მსწრაფლ დაიცავს თავის რჩეულებს, ჰპოვებს თუ არა ის ისეთ მართალთ, რომლებიც ისე მონდომებით ილოცებენ, როგორიც საჭიროა? არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ ღმერთი არ შეასრულებს თავის დანაპირებს - დაიცვას თავისი რჩეულები ათასგვარი ჭირვებისა და უბედურებისგან; უფრო იმისი უნდა გვეშინოდეს, იქნებიან თუ არა ისეთი რჩეულები, რომლებიც მუდმივად ილოცებენ, მომთმენნი იქნებიან და ჭირთა და უბედურებათა ჟამს არ დაუძლურდებიან.

ამგვარად, ამ გამონათქვამის საერთო აზრი ასეთია: უფრო ქრისტიანთა რწმენაში დაუძლურებისა უნდა გვეშინოდეს და არა იმისა, რომ ღმერთი არ შეეწევა თავის ერთგულებს ან მოკლედ რომ ვთქვათ: უფრო მართალნი დაუძლურდებიან რწმენაში, ვიდრე ღმერთი აღმოჩნდება უსამართლო, და ამ გამონათქვამით მითითებულია არა ის, რომ მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ სრულიად დაკნინდება ღმრთისადმი რწმენა, არამედ ის, რომ საღმრთო აღთქმა ღმრთის მორწმუნეთა დაცვასთან დაკავშირებით გარდაუვალია და სანდო.

ასწავლის რა თავის მოწაფეებს, რომ უმძიმესი ჭირვებისა და განსაცდელის ჟამს, ღმერთი, როგორც აღგვითქვა, დაიცავს თავის რჩეულებს, თუკი ისინი მუდმივად და დაჟინებით ილოცებენ, ამავდროულად კითხულობს (საჩვენებელი აზრით): ექნება კი ეს მუდმივობა, დაჟინებულობა და სიმტკიცე მათ ლოცვას? ექნება თუ არა მათ რწმენას იმგვარი ძალა და სიცოცხლე, რომ შეინარჩუნონ ამგვარი სიმტკიცე? ჰპოვებს თუ არა ის თავის მიმდევრებში მტკიცე რწმენის ისეთ მღვიძარე მლოცველთ, როგორი მტკიცე და უეჭველია ღმრთის დაპირება მათი დაცვისა ჭირვებათა და უბედურებათა პერიოდში?"

***

ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია: ""მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?" ეს სიტყვები, უდავოდ, კავშირშია უკანასკნელი სამსჯავროს იდეასთან. ქრისტე თითქოსდა ამბობს: "უეჭველია, რომ ძე კაცისა მოვა, რათა დაეხმაროს მორწმუნეთ და დასაჯოს ურწმუნონი. მაგრამ საკითხი იმაშია, რომ, როდესაც მეორედ მოვა, ჰპოვებს კი მისდამი რწმენას ადამიანებში, როგორც ეს დედამიწაზე მისი პირველად მოსვლის დროს იყო?" აქ უფალი იმეორებს აზრს, რომელიც მან გამოთქვა მეორედ მოსვლის დროების გამოხატვისას (ლუკა 17:26). ზოგიერთი ეგზეგეტის აზრით აქ მორწმუნეთა შორის რწმენის დაუძლურება იგულისხმება. მაგრამ ქრისტე არ ამბობს, თითქოსდა მცირე რწმენას ჰპოვებდეს ქრისტიანთა შორის, არამედ გამოხატავს კაცობრიობის საზოგადო მდგომარეობას, "რწმენას ამ ქვეყნად" (ἐπὶ τῆς γῆς). აქ, ქრისტეს ამ სიტყვებში, გამოსჭვივის სევდა, მას სტკივა, რომ ადამიანთა უმრავლესობის მიმართ მოუწევს მკაცრი განაჩენის მიღება, მაშინ როდესაც, ისინი თავისი ბრწყინვალე სასუფევლის მონაწილეები უნდა გამხდარიყვნენ".

მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით მოამზადა "აპოკალიფსისის" რედაქციამ.
Назад к содержимому