ესქატოლოგია - გამოცხადება თ. 7: ჩვენ ჯერ დავინახავთ საოცარ მოვლენას - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
გამოცხადება თ. 7: ჩვენ ჯერ დავინახავთ საოცარ მოვლენას
აპოკალიპტური მოვლენები
იოანე ხედავს ოთხ ანგელოზს, რომლებიც დედამიწის ოთხივ კიდეზე დგანან: "შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ" (აპოკ. 7:1). ეს ნიშნავს, რომ ანგელოზები მთელ დედამიწას დაიცავენ სულიერ ქართაგან, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მთელ კაცობრიობაზე. ანგელოზები დგანან ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით.

ანდრია კესარიელი ბრძანებს: "ჩვენი აზრით ეს ყოველივე უმეტესი ძალით უნდა აღსრულდეს ანტიქრისტეს მოსვლისას, და არა იუდეველთა ქვეყანაში მხოლოდ, არამედ მთელ დედამიწაზე, რომლის ოთხ კიდეზე, როგორც ამბობს, დადგებიან ანგელოზნი, ღმერთის მიერ ჩვენთვის მიუწვდომელი მსახურების აღმსრულებელნი. ქართა შეკავება წარმოადგენს მინიშნებას იმაზე, რომ ქმნილება ექვემდებარება შეუქცევად ბოროტებასა და განადგურებას, რადგან ყოველივე, რაც კი იზრდება დედამიწაზე ქართაგან იკვებება; მათი მეშვეობით მოგზაურობენ მეზღვაურნიც" (აპოკალიფსისის განმარტება).

შემდეგ იოანე ხედავს სხვა ანგელოზს, "აღმოსავლეთით აღმომავალს, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა" (აპოკ. 7:2) (ანუ ანგელოზები აკავებენ ქარებს განადგურებისა, უბედურებებისა და კატასტროფებისა).

"ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (აპოკ. 7:3).

"და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან" (აპოკ. 7:4).

ანდრია კესარიელი ბრძანებს: "და ვიხილე სხვა ანგელოზი, ... რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი". ის, რაც ოდესღაც განეცხადა ეზეკიელს სელით შემოსილ კაცზე, რომელსაც დავალებული ჰქონდა "ნიშანი დაედო შუბლზე იმ ხალხისთვის, რომელიც კვნესის და მოთქვამს" (შეად. ეზეკ. 9:4), - რათა ცოდვილებთან ერთად მართალნიც არ წარწყმედილიყვნენ (რამეთუ თვით ანგელოზებმაც კი არ უწყიან მართალთა სათნოებები), - იგივე ეცხადება ახლა ნეტარ იოანესაც, როდესაც უმთავრეს წმიდა ძალებს ებრძანება ხელი არ ახლონ შემცოდეთ მანამ, სანამ არ ამოიცნობენ ჭეშმარიტების მსახურთ, რომლებიც ბეჭდით იქნებიან აღბეჭდილნი. ეს ნაწილობრივ აღსრულდა მაშინ, როდესაც მრავალმა ათასმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, როგორც დიდი იაკობი ეუბნება ნეტარ პავლეს, და განერიდნენ რომაელთა მიერ იერუსალიმის გაპარტახებას, მაგრამ განსაკუთრებული ძალით ეს მოხდება, როგორც უკვე ითქვა, ანტიქრისტეს დროს, როდესაც მართალნი უკეთურთა წინაშე გაბედულად და შეურცხვენლად ატარებენ ქრისტეს ნიშანს. სწორედ ცხოველმყოფელი ჯვრის ბეჭედი გამოარჩევს მათ უკეთურთაგან, რის გამოც ამბობს ანგელოზი: "ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს"" (აპოკალიფსისის განმარტება).

ამრიგად, ოთხი ანგელოზი გარკვეულ დრომდე შეაკავებს ქარებს დედამიწაზე, სანამ ღმრთის მონებათა შუბლები აღიბეჭდებიან. ეს ბეჭედი დაიცავს მათ მომავალი უბედურებებისგან.

ხოლო ის, რომ აღბეჭდილთა რაოდენობა "ას ორმოცდა ოთხი ათასი იყო ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან", ანდრია კესარიელის განმარტებით, ასე უნდა გავიგოთ: "გადარჩენილთა თანაბარი რაოდენობა ყოველი ტომიდან, ჩემი აზრით, უთითებს მოციქულებრივი თესლის ნაყოფიერებას, რადგან თორმეტი რიცხვი აღებული თორმეტჯერ და გამრავლებული ათასზე გვაძლევს ცხონებულთა რაოდენობას, რომლებიც მოციქულთა მიერ დათესილი სწავლების მოწაფეები იყვნენ დედამიწაზე ღმრთის კაცთმოყვარებით რომ ჩაითესა და, რომელმაც საყოველთაო ცხონების ესოდენ მრავალფეროვანი ნაყოფი აღმოაცენა" (აპოკალიფსისის განმარტება).

ამის შემდეგ იოანე ამაზე უფრო საკვირველ გამოცხადებას ხედავს: "შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი. ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისგან არის!" (აპოკ. 7:9-10).

დარწმუნებულნი ვართ, რომ ყოველ ჩვენთაგანს, ისევე როგორც იოანეს, გაუჩნდებოდა კანონზომიერი კითხვა - კი, მაგრამ, ვინ არიან ესენი? იოანემ, როგორც ბრძენმა წინასწარმეტყველმა უწყის, როდის უნდა დაიდუმოს და როდის ილაპარაკოს. მას, თავისი თავმდაბლური და ბრძნული მოლოდინით, შეეძლო ვერასოდეს გაეგო ამ ურიცხვ ცხონებულთა ვინაობა, მაგრამ მას მიმართა "ერთმა უხუცესმა" და უთხრა: "ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან?" (აპოკ. 7:13), თითქოსდა იოანეს შეეძლო ცოდნოდა მათი ვინაობა. მაგრამ, იოანემ დაიდუმა, არ დაიწყო მარჩიელობა, არამედ აღიარა ფაქტი იმისა, რომ ამ ურიცხვ ცხონებულთა ვინაობაზე წარმოდგენაც არა აქვს (ჩვენთვის რომ ეკითხა ვინმეს, იმწუთასვე დავიწყებდით პასუხის მიცემას, თითქოსდა ზუსტად ვიცოდეთ, როგორც ამ ადგილის, ასევე მთელი აპოკალიფსისის განმარტება). მაგრამ, იოანე, ბრძენი წინასწარმეტყველი, დუმს და ამ დუმილით აღიარებს თავის უცოდინრობას.

მაშინ მხცოვანმა თავის შეკითხვას პასუხი თვითონვე გასცა:

"ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი" (აპოკ. 7:14-15). რეალურ ცხოვრებაში სისხლი ტანისამოსს სვრის და აყროლებს, მაგრამ კრავის (ქრისტეს) სისხლი სულის სამოსს ასპეტაკებს და კეთილსურნელოვანს შეიქს. ამიტომაც არიან ქრისტიანები "ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით, ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს" (აპოკ. 7:15-17).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხონდება ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობა (წმიდა წერილის თქმით: "ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა" (აპოკ. 7:9), ანუ აშკარად არა ათასები, არამედ მილიონები, თუ არა მილიარდები, თუმცა ბევრად უფრო მეტი დაიღუპება, ოღონდ ეს უკვე საუბრის სხვა თემაა). ისინი გადარჩებიან "დიდი ურვის" დროს და შეიმოსებიან კრავის სისხლით განსპეტაკებული სამოსელით, ანუ ისინი გამოსყიდულნი არიან და გააჩნიათ მარადიული ცხონება.

ისინი გაიმარჯვებენ და ექნებათ მომავალი საუკუნის ყოველგვარი კურთხევა, უხრწნელი სხეულები და ენით გამოუთქმელი ნეტარება. ისინი მარადიულად იცხოვრებენ ახალ მიწაზე და მარადის თაყვანსცემენ კრავსა უფალს, იესუ ქრისტეს; ამასთანავე უშუალო მონაწილეობას მიიღებენ მის (ქრისტეს) ტრიუმფში და საქორწილო ტრაპეზზე დაპურდებიან (მათ რომ ხელთ ეპყრათ პალმის რტოები გამარჯვების სიხარულსა და კრავის დიდებაზე მიანიშნებს. ძველადაც ხომ ასე ხვდებოდნენ იმპერიის მოქალაქეები გამარჯვებულ იმპერატორსა და მის არმიას).

მაგრამ ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს - ისინი მოვიდნენ "დიდი ურვიდან", ანუ დიდი ურვის, ანუ ანტიქრისტეს დროსაც ცხონდებიან ადამიანები (ამასვე ადასტურებს იოველის წინასწარმეტყველების 2:32-ე მუხლი, სადაც ნათქვამია: "ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება" (იოველ 2:32 // 3:5)); ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ იოველის ამ წინასწარმეტყველების წინა 31-ე მუხლი სწორედ უფლის მეორედ მოსვლაზე მიანიშნებს - "მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი", - მაშინ დავრწმუნდებით, რომ მრავალი ადამიანი სწორედ ანტიქრისტეს ბობოქრობის ჟამს, დიდი "ურვის დროს" გადარჩება (მაშინ უამრავი ქრისტიანი მოწამეობრივად გაბრწყინდება, რადგან გააფთრებული სატანა მთელი ძლიერებით დაეტაკება ქრისტეს ეკლესიას).

მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ.
Назад к содержимому