ესქატოლოგია - ესქატოფობია - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
ესქატოფობია
ესქატოლოგია
ესქატოფობია (ძვ. ბერძნ. ἔσχατον – "საბოლოო", "უკანასკნელი" – φόβος – "შიში") - აქცენტი, გადახრა სულიერ ცხოვრებაში, რომელიც ბიბლიურ წიგნ "აპოკალიფსისში" აღწერილი მოვლენებისადმი, მიწიერი ისტორიის ბოლო ჟამისა და ანტიქრისტეს მოსვლისადმი შიშით შეპყრობაში გამოიხატება.

ესქატოფობიით შეპყრობილები მანიაკალურად ელტვიან მიმდინარე მსოფლიო პროცესებში დაინახონ სამყაროს აღსასრულის ნიშნები და როგორმე ამცნონ ის გარშემომყოფთ. ქრისტიანობა, როგორც პირადი სინანულის, სულიერი სიმშვიდისა და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრისადმი სიხარულის რელიგია, მათ შიშისა და საგანგაშო მოვლენების რელიგიად გადააქციეს.

აქვს თუ არა უფლება ქრისტიანს ეშინოდეს სამყაროს აღსასრულის მოახლოვებისა?

მთელი ახალაღთქმისეული პერიოდის განმავლობაში მორწმუნეთათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სწორედ სამყაროს აღსასრული იყო. ადრექრისტიანულ დროში, არადა ეს იყო ეკლესიის უსასტიკესი დევნულების დროება, მორწმუნენი რწმენითა და სასოებით ელოდნენ მაცხოვრის მოსვლას და ფიქრობდნენ რომ ის მალე მოხდებოდა. მათი დაძაბული მოლოდინი სრულიად შეესაბამებოდა აპოკალიფსისში წარმოდგენილ იმ აღშფოთებას, ქრისტესთვის წამებულნი რომ გამოთქვამენ: " როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?" (გამოცხ. 6:10).

ჩვენს დროში სამყაროს აღსასრულის განხილვისას მთავარი აქცენტი ქრისტეს მეორედ მოსვლიდან გადადის აპოკალიპტური უბედურებებისა და ქრისტეს ანტიპოდის - ანტიქრისტეს მოსვლაზე. შევნიშნავთ, რომ მრავალი ჩვენი თანამედროვის ცნობიერებაში "აპოკალიფსისი" - ეს მომავალი უბედურებებისა და კატასტროფების სახელწოდებაა.

ბოლო დროს საზოგადოება არაერთხელ აღელვებულა სამყაროს აღსასრულის "ზუსტი" დათარიღებით. წინასწარმეტყველებათა გარეგანი მსგავსება ძლიერდება მით, რომ თანამედროვე საზოგადოების მდგომარეობის თავისებურებათა შორის გამოსჭვივის ნიშნები, რომლებშიც ბოლო ჟამის დადგომის სახარებისეულ ნიშნებთან ნაწილობრივი მსგავსება ემჩნევათ. და ეს, რა თქმა უნდა, ადამიანებს აშინებს.

მესიის მეორედ მოსვლის სიხარულის წინასწარ განცდა, რომელიც ახასიათებდათ პირველქრისტიანებს, მრავალი დღევანდელი მორწმუნის შეგნებაში ხშირად მომავალი უბედურებებითა და გაჭირვებებით იფარება. მათ წარმოდგენაში ეს არის: ბუნებრივი კატაკლიზმები, ლოკალური და გლობალური ომები, სისასტიკის, უსამართლობის, მტაცებლობისა და უზნეობის გამრავლება. ეს ყოველივე ხომ წინასწარმეტყველებმა და მახარობლებმაც გვაუწყეს. დღევანდელი მორწმუნე შიშისგან ძრწის ანტიქრისტეს წინაშე: "შიში, ხარო და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო!" (ესაია 24:17).

მრავალი ადამიანისთვის, ქრისტიანთა ჩათვლით, შიში ფობიის ხასიათს იძენს. არცთუ იშვიათად ესქატოფობიის მსხვერპლნი, ვარდებიან რა სასოწარკვეთილებაში, ნუგეშს ეკლესიაში კი არ ეძებენ, არამედ იმგვარ სექტებში, რომლებიც "გარანტიას" აძლევენ მათ, რომ აპოკალიპტური მოვლენებისგან თავის დახსნა მხოლოდ მათ საზოგადოებაში შეეძლებათ.

რა შეიძლება ამაზე ითქვას? რაღაც ზომით შიში ბოლო ჟამინდელი მოვლენების წინაშე შეიძლება გავიგოთ კიდეც, ეს ხომ უმძიმესი ტანჯვის და ვაების დრო იქნება. როგორც ცნობილია, თვით ქრისტეც, როდესაც მომავალ ტანჯვასა და სიკვდილზე ფიქრობდა, ჭმუნვასა და წუხილს განიცდიდა (მათე 26:37), და ლოცულობდა, თუკი შესაძლებელია, არიდებოდა მას ეს თასი (მათე 26:39). სხვა საქმეა, როდესაც ქრისტიანის შიში მომავლის წინაშე სასოწარკვეთილებაში არ გადადის, არ ამცირებს ღმრთის განგებულებისადმი მის შინაგან რწმენას, იმედსა და სასოებას.

თუმცა, უზადოდ არ მიიჩნევა არც ის მოარული აზრი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მორწმუნეს უფლება არა აქვს უმცირესი შიშიც კი განიცადოს ანტიქრისტეს წინაშე და მხოლოდ სიხარულსა და აღფრთოვანებას უნდა გრძნობდეს ქრისტესთან მომავალი შეხვედრის გამო (რომელიც ანტიქრისტეს გამეფებიდან სამწელიწად ნახევარში მოხდება).

წყარო: azbyka.ru
Назад к содержимому