აპოკრიფები - აპოკრიფები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > აპოკრიფები

აპოკრიფები

აპოკრიფული ლიტერატურა

ზოგადი განსაზღვრება


აპოკრიფები (ბერძნ. ἀπόκρῠφος - დაფარული, იდუმალი, საიდუმლო) - ეს არის თხზულებები, როლმლებიც ამოღებულია საეკლესიო მოხმარებიდან, რადგან ეკლესია სხვადასხვა მიზეზთა გამო მათ არ აყენებს მის მიერ კანონიზირებულ წიგნთა გვერდით. თვით გამოთქმა არ შეიცავს სიყალბის ცნებას, ზუსტად ისევე, როგორც არ შეიცავს დოგმატურ წარმოდგენას, რომ ეს თხზულებები ჩაწერილია სულიწმიდის შთაგონებით, რომ, გამომდინარე აქედან, ისინი მხოლოდ ადამიანთა ხელის საქმეა.

ამიტომაც, არსებობს აპოკრიფის ორგვარი გაგება: 1) ეს არის რელიგიური ტექსტი, რომელიც ეხება წმიდა ისტორიის გარკვეულ მოვლენებს, მაგრამ ეკლესიის მიერ არ არის აღიარებული კანონიკურად და 2) ეს არის წიგნი, რომელიც დაწერილია უკვე არსებული წიგნის საფუძველზე, მაგრამ რომელიც ორიგინალური წიგნის სამყაროს წარმოაჩენს სულ სხვა თვალსაზრისით.

აპოკრიფთა საპირისპიროდ არსებობენ კანონიკური წიგნები, ანუ იმგვარი თხზულებები, რომლებიც ეკლესიამ აღიარებულ წიგნთა სიაში შეიტანა და ამიტომაც, ისინი ღვთისმსახურებაზეც გამოიყენება. მაგრამ ამ სიის დადგენამ ძველ ეკლესიაში უდიდესი დავა და კამათი გამოიწვია, ახლაც კი სხვადასხვა ქრისტეანული აღმსარებლობის წარმომადგენლები სხვადასხვა აზრზე არიან ამ საკითხთან დაკავშირებით.

ძველი აღთქმის აპოკრიფებს განეკუთვნება: მაკაბელთა სამი წიგნი (რომელთაგან ლუთერმა გადათარგმნა მხოლოდ პირველი ორი), ივდითი, ტობიას წიგნი, იესუ ზირაქის წიგნი (წინასიტყვაობით, რომელიც ლუთერმა ასევე არ გადათარგმნა), სოლომონის სიბრძნე, ბარუქის წიგნი, იერემიას ეპისტოლე (ლუთერთან ეს არის ბარუქის წიგნის 6-ე თავი), ე. წ. ეზრას სამი წიგნი (ეზრას I ლუთერმა ასევე არ გადათარგმნა) და ასევე დანიელისა და ესთერის წიგნებისზოგიერთი გვიანდელი დანამატები.

ყველა ეს წიგნი და დანამატი პალესტინელმა ებრაელებმა არ შეიწყნარეს წმიდა წერილის კანონში, რადგან ისინი დაწერილნი იყვნენ ნაწილობრივ იმ დროს, როდესაც ებრაელთა წმიდა წიგნების შეგროვება უკვე დასრულებული იყო (ქრ. შობამდე II-ს-ის მეორე ნახევარი). აპოკრიფების ნაწილი თავიდან ებრაულად იყო დაწერილი (მაგ.: ზირაქის "გამონათქვამები" და მაკაბელთა პირველი წიგნი, რომლის მიზანი იყო ასმონელთა დინასტიის ინტერესების დაცვა (Sarbeth Sarbane). როგორც დასახელებული ოთხი აპოკრიფი, ასევე ტობიას წიგნი, სავარაუდოდ აგრეთვე ბარუქი და იერემიას ეპისტოლე, თავდაპირველად ებრაულად იყო დაწერილი, თუმცა ჩვენამდე მათ მხოლოდ ბერძნულ თარგმანებში მოაღწია.

ძველი აღთქმის აპოკრიფულ წიგნთა მეორე ჯგუფს ქმნიან თავიდანვე ბერძნულად დაწერილი წიგნები: ეზრას (ეზრა III) ბერძნული დამუშავება, ე. წ. მაკაბელთა მესამე წიგნი (პტოლემეოს ფილოპატორის დდროს ეგვიპტელ ებრაელთა ერთი დევნულების ისტორია), ესთერისა და დანიელის წიგნთა დამატებები, რომლებიც დაწერილია ალექსანდრიულ-იუდაური ფილოსოფიის სულისკვეთებით და სოლომონის სიბრძნე.

გარდა ამისა, ძველაღთქმისეულ აპოკრიფებს უნდა მივაკუთვნოთ ზოგიერთი სხვა, ნაწილობრივ მხოლოდ სახელწოდებით ცნობილი წიგნები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი და დღემდე შემონახული წიგნია ენოქისა და ე. წ. ეზრას მეოთხე წიგნები. ისინი არ არიან შეტანილნი ბერძნულ ბიბლიაში, მაგრამ კარგად იყვნენ ცნობილნი ახალაღთქმისეული მწერლებისთვის. ორივე მათგანი მიეკუთვნება ე. წ. აპოკალიპტურ ლიტერატურას და წარმოადგენენ დანიელის წიგნის გვიანდელ მიბაძვებს.

ეკლესიის მამები დაუფიქრებლად სარგებლობდნენ ამ აპოკრიფთა უმეტესი ნაწილით, განსაკუთრებით პირველ ხანებში. ახალ აღთქმაში აპოკრიფული წიგნები ზოგჯერ ისეთივე ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც კანონიკური (მაგ.: ენოქის წიგნი იუდას ეპისტოლეში), განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს კლიმენტ ალექსანდრიელთან, ორიგენესთან, ირინეოსთან, ტერტულიანესთან და კვიპრიანე კართაგენელთან, რომლებიც პირდაპირ ციტირებენ მათ, როგორც წმიდა წიგნებს.

II საუკუნიდან ეს თხზულებები ძველაღთქმისეულ კანონიკურ წიგნთა სიაში არ შეიტანეს, თუმცა ჯერ კიდევ III საუკუნეში ბერძნული ეკლესია ამ წიგნებს სულისთვის სარგებლობის მომტანი თხზულებების რეკომენდაციას აძლევდა. იგივე აზრზე იყვნენ დასავლეთში რუფინუსი და იერონიმე (IV ს. დასაწყისი და V ს. დასასრული), მაშინ როდესაც აფრიკის ეკლესია თავის ერთ-ერთ კრებაზე (ჰიპოში, 393 წელს) მათი ძველაღთქმისეულ კანონში შეტანის ინიციატივითაც კი გამოვიდა; ამ გადაწყვეტილებას, ასე თუ ისე, დასავლეთიც დაეთანხმა, თუმცა სადავოდ ეს საკითხი რჩებოდა მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში და მხოლოდ ტრიდენტის კრებამ (1546 წ. 8 აპრ.) საბოლოოდ დაადგინა ლათინურ ბიბლიაში (ე. წ. ვულგატაში) შეტანილი აპოკრიფების სია (ეზრას 3-ე და 4-ე წიგნების გამოკლებით) და ისინი ძველი აღთქმის წიგნების ღირსებას გაუთანასწორა.

მარტინ ლუთერმა, მართალია, გერმანულ ენაზე გადათარგმნა აპოკრიფები, მაგრამ მცირე რაოდენობის და გამოსცა ისინი როგორც ძველი აღთქმის დამატება, თუმცა ის ამ თხზულებებს წმიდა წერილის წიგნებთან არ ათანაბრებდა და ფიქრობდა, რომ ისინი სულისთვის სასარგებლოა. პროტესტანტული ეკლესია ამ აზრზე შეჩერდა, ხოლო შოტლანდიური პურიტანიზმმა და ანგლიკანური ეკლესიის კიდევ ერთმა ფრთამ, ე. წ. ქვემო საეკლესიო პარტიამ (Low-Church-men) აპოკრიფთა გამოყენება საერთოდ აკრძალა; ამიტომაც ინგლისის ბიბლიური საზოგადოება ბიბლიებს ყოველთვის აპოკრიფთა გარეშე ავრცელებს.

შეუდარებლად მცირე მნიშვნელობა აქვს ე. წ. ახალაღთქმისეულ აპოკრიფებს, რომლებიც წარმოადგენენ ყალბი სახარებების, მოციქულთა საქმეების, აპოკალიფსისების და ეპისტოლეების მთელ ლიტერატურას; ზოგიერთი მათგანი განეკუთვნება ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნეს, მაგრამ კანონიკურ წიგნთაგან განსხვავებით, ყველა მათგანი გამოირჩევა გადაჭარბებულობისა და სასწაულებისკენ მიდრეკილებით. აპოკრიფული სახარებები უმეტესწილად შეიცავენ თქმულებებს ქრისტეს ბავშვობაზე; ასე, მაგალითად, "იაკობის პირველსახარება", "თომას სახარერბა", "მათეს ყალბი სახარება", რომელიც ადრე ცნობილი იყო "ნიკოდიმოსის სახარების" სახელწოდებით, "პილატეს საქმენი" (IV ს. პირველი ნახევარი) გადმოგვცემენ მაცხოვრის ვნებებს; გარდა ამისა, ცნობილია მოციქულთა მთელი რიგი აპოკრიფული საქმეები, მაგალითად, "საქმენი პავლესი, პეტრესი, ანდრიასი, მათე-თომასი, ფილიპესი, იოანესი და ბართლომესი".

ეს აპოკრიფები თავიანთ დასაბამს იღებენ ნაწილობრივ მოციქულთა, ნაწილობრივ კი იუდეო-ქრისტეანული წყაროებიდან, და განიცდიან ხალხური თქმულებების ზეგავლენას, რომელიც მათ კითხულობდა და ზეპირად გადმოსცემდა, ამასთან თავის ფანტაზიასაც ამატებდა. ხალხში ხშირად იცვლებოდა და სულ ახალი დეტალებით ივსებოდა სახარებისეული და მოციქულთა მოღვაწეობის ამსახველი გადმოცემები. აპოკრიფთა შეგროვებას ხელი მიჰყვეს ფაბრიციუსმა, ტილომ და ტიშენდორფმა, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი ჯერაც არ დაბეჭდილა (თუმცა, ამ ბოლო დროს ინტერნეტში ძალიან ბევრი აპოკრიფი გამოქვეყნდა).

გრიგოლ ტურელის (გეორგიუს ფლორენციუსი) (დაახლოებით 540-590 წწ) დროიდან ლათინური ეკლესიის საყვარელი წიგნი გახდა აპოკრიფებზე დაფუძნებული "მოციქულთა საქმეები" (Passiones apostolorum), რომელიც რამოდენიმეჯერ დაიბეჭდა აბდიას სახელით (შეად.Руд. Гофман, «Das Leben Jesu nach den A. erzählt» (Лейпциг, 1851); Штихарт, «Die kirchliche Legende über die heiligen Apostel» (Лейпциг, 1861). გარდა ამ ფანტასტიკური და ყალბი თხზულებებისა, არსებობს ისეთი წიგნებიც, რომლებიც მარტო იმიტომ ვერ მოხვდნენ კანონში, რომ დაწერილნი არ ყოფილან მოციქულთა მიერ; მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: იუდეველთა სახარება (წააგავს "მათეს სახარებას"), ეგვიპტელთა სახარება და პეტრეს სახარება.

კანონიკურ და აპოკრიფულ წიგნებს შორის შუალედური რგოლი უპყრიათ ე. წ. Antilegomena-ს, ანუ ახალაღთქმისეულ სადავო სამოციქულო თხზულებებს; ეკლესიის ძველი მამები მათ განაკუთვნებდნენ პეტრეს მეორე ეპისტოლეს, იუდას ეპისტოლეს, იოანეს მეორე და მესამე ეპისტოლეებს და იოანეს გამოცხადებას, ხოლო დასავლეთის ძველი ეკლესია - იუდეველთა მიმართ ეპისტოლესაც. მაგრამ როდესაც IV საუკუნეში მოხდა ახალი აღთქმის წიგნების ყოველმხრივი და კრიტიკული შესწავლა, მაშინ ეს წიგნები კანონიკურ წიგნთა კატეგორიაში იქნა შეტანილი. მხოლოდ ლუთერმა მოათავსა ეს 7 Antilegomena თავისი გერმანული ბიბლიის დამატებაში; და ბოლოს უახლოესი კრიტიკა კვლავ აყენებს ძველ საკითხს ამ თხზულებათა წარმომავლობის შესახებ და ცდილობს მათი სამეცნიერო კლასიფიკაცია ააგოს მათი შინაარსისა და დაწერის თარიღის მიხედვით. ყველა ეს აპოკრიფი უახლოეს დროებამდე სახარებით განათლებულ ერთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და ყოველი ერის ლიტერატურაში მეტ-ნაკლები ზეგავლენაც მოახდინა, რამაც, თავის მხრივ, დიდაქტიკური და რომანტიკული ხასიათის თხზულებათა გამოჩენას მისცა დასაბამი. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ აპოკრიფული თხზულებები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სლავურ, სერბულ, ბულგარულ და რუსულ სამყაროში, სადაც ისინი მეტად ძლიერ განვითარდნენ.

ძალზედ ძველ აპოკრიფულ ძეგლებს განეკუთვნება ზოგიერთ წმინდანთა ცხოვრების ძველი ტექსტები. ასე, მაგალითად, ცნობილია აპოკრიფები "იოანე მახარობლის საქმეთა" სახელწოდებით, რომელიც მის დიაკვან პროხორეს მიეწერება.

აპოკრიფული ლიტერატურა ყველაზე ძლიერ ბოგომილთა
(1) მწვალებლობის დროს განვითარდა.

____________________

1.
ბოგომილები
- ქრისტიანული ერეტიკული სექტა, რომელიც X საუკუნეში ბულგარეთში მღვდელმა ბოგომილმა დააარსა. ბოგომილები („ღმრთის მეგობრები“) ფილოსოფიურ და თეოლოგიურ დუალიზმს იცავდნენ, რომლის თანახმად, ღმერთმა მხოლოდ სულიერი არსებანი შექმნა, მატერია კი ეშმაკის შექმნილია. ამ დებულებაზე დაყრდნობით ბოგომილები მისდევდნენ მკაცრ ზნეობრივ წესებსა და ხისტ ასკეტიზმს, რის საფუძველზეც უარყოფდნენ ყოველივე იმას, რაც დაკავშირებული იყო სხეულთან და ზოგადად, მატერიასთან. ბულგარეთიდან განდევნილი ბოგომილები ბოსნიაში დამკვიდრდნენ და ოსმალთა შემოსევამდე გარკვეული წარმატებით სარგებლობდნენ.

____________________

მათი ლიტერატურა საკმაოდ ფართოდ ვრცელდებოდა მთელს ევროპაში. მათ მიემატა უარყოფილი წიგნები სხვაგვარი შინაარსით, მაგალითად, სამკითხაო წიგნები, ცრუმორწმუნეობრივი თხზულებები, ყალბი ქადაგებები, ყალბი ნომოკანონები, ცრუ ლოცვები და ა. შ. მარტო ძველრუსულ ლიტერატურაში ასზე მეტი ამგვარი თხზულებაა ცნობილი.

სლავურ ნიადაგზე ცნობილ აპოკრიფებს განეკუთვნებიან: «Адам», «Слово о исповедании Еввине и о болезни Адамовой», «Слово о древе крестном», «Вопросы из скольких частей создан был Адам», «Енох», «Ламех», «Мельхиседех», «Откровение Авраама», «Смерть Авраама», «Заветы двенадцати патриархов», «Исход Моисеев», «Соломон и Китоврас», «Суды Соломона», «Сказание Афродитиана», «Хождение апостолов: Петра, Андрея, Матфея, Руфа и Александра», «Варфоломеевы вопросы о Богородице», «Хождение Богородицы по мукам», «Хождение апостола Павла по мукам», «О иерействе Иисуса Христа», «Вопросы Иоанна Богослова Господу на горе Фаворской», «Вопросы Иоанна Богослова Аврааму о праведных душах и на Елеонской горе», «Прение Господа с диаволом», «Вопросы трех святителей», «Луцидариус» (Содержание и история главнейших апокрифов см. под соответствующими отдельными словами).

ყველა ეს აპოკრიფი არა მარტო ცნობილი გახლდათ, არამედ ძალზედ პოპულარულიც რუს ერში, რომლის ფანტაზია აქ სრულ გასაქანს პოულობდა, ხოლო მის ცნობისმოყვარეობას ყველაზე საინტერესო საკითხებზე, სწორედ აპოკრიფებში პოულობდა. ეს აპოკრიფები მუშავდებოდა ხალხურ-რუსულ ყაიდაზე; მათ ენიჭებოდა ადგილობრივი ელფერი, შემოჰყავდათ ახალი პერსონაჟები, იცვლებოდა სახელები... მოკლედ, ყველაფერს ეძლეოდა განსაკუთრებული ელფერი, თუმცა საქმის არსი მაინც იგივე რჩებოდა.

რამდენად ვითარდება აპოკრიფული ელემენტი ხალხში შეიძლება განვსაჯოთ უკვე მარტო იმის მიხედვითაც, რომ არა მარტო აპოკრიფებმა შეადგინეს მთელი ლიტერატურა, არამედ მათში მოექცა ხალხური თქმულებებიც. ზოგჯერ თქმულება აპოკრიფის უბრალო გადაკეთებაა; ასე, მაგალითად, თქმულება ბასილ ოკულევიჩზე, რომელიც სოლომონის შესახებ არსებული ერთ-ერთი აპოკრიფის გადაკეთებული ვარიანტია.

უარყოფილ, ანუ მწვალებლურ წიგნებს გააჩნიათ ცრუმორწმუნეობრივი, მწვალებლური შინაარსი, რის გამოც იწოდებიან ისინი ცრუმორწმუნეობრივად. ასე შეერწყა ერთმანეთს ერში არსებული ცრურწმენები სხვადასხვა გადმოცემებს. ხალხური თქმულებები ერში არსებულ მწიგნობრებს დიდძალ მასალას აძლევდა შეექმნათ ყალბი წიგნები, რომლებიც თავის მხრივ პოპულარული ხდებოდა წერილობითი გავრცელების ან ბეჭდვითი გამოცემის წყალობით და უფრო უწყობდა ხელს ამ ცრურწმენათა გავრცელებას. რუსეთში, მაგალითად, უძველესი დროიდან ებრძოდნენ ამგვარ ლიტერატურას.

უარყოფილი, მწვალებლურ-აპოკრიფული ლიტერატურის გადაწერა და რედაქტირება განსაკუთრებით აქტიურდება XVI-XVII საუკუნეებში. მათი შინაარსიც მრავალფეროვანია ცრურწმენათა თვალსაზრისით: "«Громник», «Молнияник», «Колядник», «О днях добрых и злых», «О часах добрых и злых», «О лунных днях», «Астрология», «Звездочетец и Зодий», «Альманах», «Чаровник», «Волховник», «Мысленик», «Сносудец (Сонник)», «Путник», «Трепетник», «Зелейник», «Аристотелевы врата», «Рафли».

ასევე აუცილებელია ითქვას, რომ "აპოკრიფის" ცნება თავდაპირველად განეკუთვნებოდა გნოსტიკურ თხზულებებს, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი სწავლების საიდუმლოდ შენახვას, მაგრამ მოგვიანებით "აპოკრიფი" უკვე ადრექრისტეანულ ტექსტებსაც შეარქვეს (განსხვავებული სახარებები, ეპისტოლეები, გამოცხადებები), რომლებიც ქრისტეანული ეკლესიის მიერ არ არიან აღიარებულნი "ღმრთივშთაგონებულად" და ამის გამო ვერ მოხვდნენ ბიბლიის კანონში.

ახალი აღთქმის აპოკრიფები იყოფა "უარყოფილ" (ქრისტეანული ეკლესიის მიერ აკრძალული წიგნები) და საკითხავად ნებადართულ, თუმცა ღვთისმსახურებისთვის აკრძალულ წიგნებად.


აპოკრიფები ქრისტეანობაში


აპოკრიფულ წიგნებზე პატრიარქი ბალსამონი წერდა: "არის სხვა წიგნებიც, რომლებსაც აპოკრიფულს უწოდებენ, სინამდვილეში კი აღსავსენი არიან ცრუ დოგმატებით" (Толкование Вальсамона на Святаго Афанасия, архиепископа Александрийскаго, из 39 послания о праздниках).

პ. ა. ალექსეევის "საეკლესიო ლექსიკონის" (Спб., 1817) მიხედვით, აპოკრიფები - ეს არის დაფარული, ანუ გაურკვეველი წარმომავლობის წიგნები, რომელთა შემთხზველი ან გამომცემელი უცნობია, ან რაც ეკლესიაში საყოველთაოდ შეწყნარებული არ არის, როგორც, მაგალითად, წმ. წერილი. ასეთია ყველა ის წიგნი, რომელიც არ შედის ბიბლიის კანონში".

არსებობენ აპოკრიფები, რომლებიც მთლიანობაში სცილდებიან ქრისტეანულ სწავლა-მოძღვრებას, მაგრამ მათი ცალკეული ელემენტები შევიდა ხატმწერლობაში ან საღვთისმსახურებო ტექსტებში: ასე, მაგალითად, არსებობს გვიანდელი აპოკრიფი, რომელსაც "იაკობის პროტოსახარება" ეწოდება, მაგრამ ეკლესიის მიერ არ ღმრთივშთაგონებულად არის აღიარებული და მსოფლიო კრებების მიერაც უარყოფილია. მიუხედავად ამისა, ამ "სახარების" ცალკეული ნაწილები გვიანდელ, კერძოდ VIII-IX საუკუნეებში, გადამუშავებული სახით შევიდა აგიოგრაფიაში, ჰიმნოგრაფიაში და კიდევ უფრო გვიან, IX-X საუკუნეებიდან მოყოლებული ასახვა ხატმწერლობაში ჰპოვა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაულთა უმეტესობა, როგორიცაა ქალწულ მარიამის შობა, მისი ტაძრად მიყვანება, ნაწილობრივ ხარება (ეს აისახა ხატმწერლობაზეც) იაკობის პროტოსახარებაზეა აგებული. მიძინების დღესასწაულის საღვთისმსახურებო ტექსტები აგებულია აპოკრიფების გვიანდელ (V-VII საუკუნეთა) გადამუშავებაზე.


ბრძოლა აპოკრიფებთან ქრისტეს შობამდე


აპოკრიფული წიგნები ქრისტეს შობამდეც იწერებოდა. ბაბილონის ტყვეობიდან ებრაელთა დაბრუნების შემდეგ ძველაღთქმისეულმა მღვდელმა ეზრამ სცადა შეეკრიბა და ყალბი აპოკრიფებისგან განეცალკევებინა იმ დროისთვის ჯერ კიდევ გაბნეული და ნაწილობრივ დაკარგული წმიდა წიგნები. თავის თანაშემწეებთან ერთად ეზრამ შესძლო ეპოვა, გაესწორებინა და მის თანამედროვე ენაზე გადაეთარგმნა, ასევე შეევსო და მოეწესრიგებინა 39 წიგნი (იუდაური ტრადიციის თანახში მათ აერთიანებდნენ 22 წიგნად - ებრაული ალფავიტის ასოთა მიხედვით). ის აპოკრიფული წიგნები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რჩეულ წიგნებს და სცილდებოდნენ ძველაღთქმისეულ გადმოცემას, ატარებდნენ წარმართული მითებისა და მეზობელი ხალხების ცრურწმენების კვალს, ასევე შეიცავდნენ ოკულტურ პრატიკასა და მაგიურ შელოცვებს; ასევე წიგნები, რომლებსაც არ გააჩნდათ რელიგიური ღირებულება (სამეურნეო-ყოფითი, გასართობი, საბავშვო, შემეცნებითი, სასიყვარულო და სხვა ხასიათის), იმთავითვე მკაცრად გამოიყოფოდა წმიდა წიგნებისგან (ზოგჯერ ულმობელადაც) და ძველი აღთქმის წმიდა წერილში არ შევიდა, მოგვიანებით კი ისინი ვერ მოხვდნენ ბიბლიის შემადგენლობაშიც. მოგვიანებით ამ აპოკრიფთა ნაწილი მაინც მოხვდა თალმუდში (მაგალითად, ესაიას ამაღლება, ცალკეული ციტატები ზირაქიდან (Апокрифы и псевдоэпиграфы // КЕЭ). აპოკრიფებით აღსავსეა კაბალა.


არაკანონიკურ წიგნებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა. მეორადკანონიკური წიგნები


ეზრას გარდაცვალების შემდეგ მისმა მიმდევრებმა - ღვთისმოსაობის დამცველებმა - გააგრძელეს ეზრას ძიებები და ის წიგნები, რომლებიც წმიდა წერილის შესაფერისად მიიჩნიეს, და ისინი, რომლებიც უკვე მომდევნო საუკუნეებში დაიწერა (მაგალითად, მაკაბელთა წიგნები), ღმრთივსულიერად მიიჩნიეს. მაგრამ სიმკაცრე და შერჩევის ჩარჩოები, ასევე ეზრას ტრადიციის შეუვალი ავტორიტეტი უფლებას არ აძლევდა მათ სიახლეები შეეტანათ წმიდა წიგნთა კანონში. და მხოლოდ უფრო თავისუფალ და განათლებულ ალექსანდრიაში, სადაც არსებობდა სიძველეთა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, ძველაღთქმისეულ წიგნთა ბერძნულ ენაზე გადათარგმნის დროს, 70-მა (ზოგი ვერსიით 72-მა) ებრაელმა მთარგმნელ-კომენტატორმა, ღრმა შესწავლის, გულმოდგინე ლოცვისა და დისკუსიის შემდეგ, ბერძნულ ტექსტში არსებულ 39 წიგნს კიდევ დაამატეს 11 წიგნი. სწორედ ეს ვარიანტი, ანუ სეპტუაგინტა გახდა საფუძველი ქრისტეანთათვის, რომლებიც ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში უპირატესად ბერძნულ ენაზე მეტყველებდნენ.

მოგვიანებით, როდესაც პროტესტანტებმა, სარგებლობდნენ რა ძველი ხელნაწერი ორიგინალებით, დაიწყეს ბიბლიის თარგმნა თანამედროვე ეროვნულ ენებზე, აღმოაჩინეს რომ ეს 11 წიგნი ყველა ებრაულ ტექსტში როდი მოიპოვებოდა და იჩქარეს ამ წიგნთა აპოკრიფებად გამოცხადება (თუმცა, არც აუკრძალავთ ისინი, არამედ მხოლოდ ნაკლებად მნიშვნელოვნად გამოაცხადეს). უნდა აღინიშნოს, რომ თვით ზოგიერთ კანონიკურ წიგნს (მაგალითად, მოციქულ იაკობის ეპისტოლეს) მარტინ ლუთერი "თივის" წიგნს უწოდებდა, რადგან ის არ ადასტურებდა პროტესტანტულ სწავლებას და მათში ეჭვს იწვევდა.

ეს 11 "არაკანონიკური" ანუ მეორადკანონიკური წიგნი, რომლებიც არ შევიდან ეზრას თავდაპირველ კანონში, მართლმადიდებლობაში ისევე პატივმიგებულია, როგორც ბიბლიის სხვა დანარჩენი კანონიკური წიგნები. ისინი საზოგადო ღვთისმსახურების დროსაც კი იკითხება კანონიკურ წიგნებთან ერთად. დღეისთვის ბიბლიური არქეოლოგიის წარმატებების წყალობით აღმოაჩინეს ზოგიერთი ამ წიგნის ებრაული ტექსტები, რომლებიც ადრე დაკარგულად ითვლებოდა.


აპოკრიფებთან ბრძოლა ქრისტეს შობის შემდეგ


ჯერ კიდევ ადრეული ეკლესია შეეჯახა აუცილებლობას განეყო კანონიკური ბიბლიური წიგნები სხვადასვა ალტერნატიული აპოკრიფულ ტრაქტატთაგან, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირთა მიერ იყო შეთხზული. ზოგიერთი მათგანი დაწერილი იყო სრულიად ღვთისმოსავი, მაგრამ მიამიტი და არასაკმარისად განათლებული ადამიანის მიერ. მათ სურდათ თავისებურად განემარტათ და შეევსოთ წმიდა წერილი (ასე, მაგალითად, "ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმოსვლა" აღწერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ჩასვლას ჯოჯოხეთში და შემდეგ მის წარდგომას ძის საყდრის წინაშე). სხვა აპოკრიფები სხვადასხვა ადრექრისტეანულ სექტებში, ადგილობრივ ეკლესიებში და მწვალებლურ-გნოსტიკურ სექტებში იშვა, რომლებიც იყენებდნენ ქრისტეანულ თემატიკას.

იყვნენ ისეთი ავტორებიც, რომლებიც შეგნებულად, ვითომცდა ქრისტეანობაში პატივდებულ მოციქულთა სახელით, წერდნენ და ავრცელებდნენ "ეპისტოლეებს", რომლებიც კომპრომეტაციას უწევდა ოფიციალურ ეკლესიას, რომელიც მათი აზრით - მალავდა თავდაპირველ ჭეშმარიტ სწავლებას. ამიტომაც ქრისტეანთა ტრადიციული თემები ყოველთვის ცდილობდნენ დაეცვათ თავიანთი სარწმუნოების სიწმიდე, და ყველა დროის მნიშვნელოვან კრებებზე ადგენდნენ უარყოფილ წიგნთა, ანუ აკრძალულ აპოკრიფთა და აშკარად მწვალებლურ თხზულებათა სიას, რომელთა წაკითხვაც კი იკრძალებოდა, არაფერი რომ ვთქვათ მათ გავრცელებაზე. ასეთი ნაწერები გამოვლენის შემთხვევაშივე ნადგურდებოდა (ხევდნენ, წვავდნენ ან პერგამენტიდან რეცხაავდნენ ერეტიკულ ტექსტებს და მათზე წერდნენ სხვა პალიმფსესტებს).

ეკლესიამ წმიდა წერილის კანონში შეიტანა 27 ახალაღთქმისეული წიგნი, რომელიც აღიარებულია ღმრთივშთაგონებულად და, რომლებიც, ეკლესიის აზრით, უშუალოდ მოციქულთა, ანუ ქრისტეს თვითმხილველთა მიერ არის დაწერილი. ახალაღთქმისეული წმიდა წერილის კანონი გამყარებულია წმ. მოციქულთა 85-ე კანონით. ძველი აღთქმის წიგნებთან ერთად ისინი შეადგენენ ქრისტეანულ ბიბლიას, რომელიც შეიცავს 66 კანონიკურ და 11 არაკანონიკურ (მეორადკანონიკურ) წიგნებს. ამ 11 წიგნის ბიბლიაში ჩართვის განსხვავებები შეიძლება ვნახოთ ბიბლიის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ვერსიებში. სწორედ ეს ღმრთივშთაგონებული წიგნები მიიჩნევიან ძირითად ავტორიტეტად საღმრთო ისტორიისა და ძირითად ქრისტეანულ დოგმატთა გადმოცემის საკითხში.

ჩვენამდე მოღწეულ ძველ აპოკრიფებს გააჩნიათ არა მარტო ისტორიული მნიშვნელობა, არამედ გარკვეულწილად დიალექტიკურიც, რადგან მათში ასახულია პირველ საუკუნეთა ქრისტეანების შეხედულებები.

აპოკრიფებს განაკუთვნებენ ე. წ. ძველაღთქმისეულ აპოკრიფებს, აპოკრიფულ სახარებებს, წმიდა მოციქულთა საქმეების ალტერნატიულ ვერსიებს, აპოკრიფულ აპოკალიფსისებს და სხვა. ასევე ეკლესიის მიერ ალტერნატიულად აღიარებულ წმინდანთა ცხოვრებებს. ეკლესიის მამათა ნაწერები, ლიტურგიკული ტექსტები, წმინდანთა ცხოვრებები და სხვა ტექსტები, რომლებსაც კათოლიკური, აღმოსავლური და ძველაღმოსავლური ეკლესიები წმიდა წერილს განაკუთვნებენ, აპოკრიფებად არ მიიჩნევიან.

აპოკრიფებს ჩვენს დროშიც თხზავენ, როდესაც სხვადასხვა სექტები, "მხცოვნები", წინასწარმეტყველები და "სასწაულთმოქმედები" წერენ და ავრცელებენ რელიგიურ ლიტერატურას, რომლებშიც თავისებურად განმარტავენ ისტორიას და ქრისტეანული სწავლა-მოძღვრების პრინციპებს.


ძველაღთქმისეული აპოკრიფები



ძველაღთქმისეულ აპოკრიფებს ჩვეულებისამებრ განაკუთვნებენ ენოქის წიგნს, იუბილეთა წიგნს, თორმეტი პატრიარქის აღთქმას და სოლომონის ფსალმუნებს. ყველა მათგანი დაიწერა ელინისტურ პერიოდში ეზრას ძველი აღთქმის კოდიფიკაციის შმდეგ, მაგრამ მათ მეორადკანონიკურ წიგნთაგან განაცალკევებენ მათი იდუმალი (ეზოთერული) შინაარსის გამო.

ძველაღთქმისეულ აპოკრიფებს ასევე განეკუთვნებიან:

ეზრას მესამე წიგნი

ენოქის სლავური წიგნი

ბარუქის სირიული და ბერძნული აპოკალიფსისები ("ბარუქის ხილვა")

"მოსეს ამაღლება"

"ისაიას წამება"

"იობის აღთქმა"

სიბილას წიგნების იუდაური განყოფილებანი

"ისაიას ხილვა"

"აბრაამის აღთქმა" ("აბრაამის გამოცხადება", "აბრაამის სიკვდილი")

"მელქისედეკი"



ახალაღთქმისეული აპოკრიფები

1. სახარება სიყრმისა (ქრისტესი)

2. პეტრეს სახარება

3. იუდას სახარება

4. სახარება ეგვიპტელთაგან

5. ებრაელთა სახარება

6. ჭეშმარიტების სახარება

7. მარიამის სახარება

8. თომას სახარება

9. ფილიპეს სახარება

11. ნიკოდიმოსის სახარება

12. ბარნაბას სახარება

13. ევას სახარება

14. ღვთისმშლობლის მიმოსვლა ჯოჯოხეთში

15. ჰერმესის "მწყემსი"

16. დიდაქე

17. იაკობის პროტოსახარება



აპოკრიფული სახარებები


რადგან კანონში შევიდა მხოლოდ 4 სახარება, რომელთაგან მხოლოდ 2 დაიწერა უშუალოდ ქრისტეს მოციქულთა მიერ, ქრისტეანულ სამყაროში ხშირად ჩნდებოდა საცთური ეს სია შეევსოთ სხვა მოწაფეთა (პეტრეს, იუდას, ფილიპეს, თომას), ან კიდევ იესუსთან დაახლოვებულ პირთა (უფლის ძმა იაკობი, მარიამი, ნიკოდიიმოსი) სახარებებით. ჩვენამდე მოაღწია 50-მდ აპოკრიფულმა სახარებამ. ავტორები აგროვებდნენ ზეპირ გადმოცემებს, რომლებიც შესაძლო იყო დავიწყნოდათ, ან აღწერდნენ იმ მოვლენებს, რომლებზეც კანონიკურ სახარებებში მხოლოდ მიანიშნებენ. ზოგჯერ სახარებისეულ ამბებს გადმოსცემდნენ ჩვეულებრივი მეტყველებითი ფორმით. ამ ტექსტების ავტორები საკუთარ სახელებს არ წერდნენ, არამედ თავიანთი თხზულებებისთვის დიდი მნიშვნელობა რომ მიენიჭებინათ მათ ავტორებად ასახელებდნენ რომელიმე მოციქულს ან მათ მოწაფეს. აპოკრიფულ სახარებათა შინაარსი მრავალფეროვანია, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს "სიყრმის სახარება".

"სიყრმის (ბავშობის) სახარება" მიეწერება მოციქულ თომას.

"ფსევდო-მათეს სახარება" ანუ "წიგნი ნეტარი მარიამის წარმომავლობისა და მაცხოვრის ბავშვობის შესახებ" იესუს სიყრმის პერიოდზე იუწყება.

"იაკობის სახარება"
("იაკობის პროტოსახარების" გაგრძელება). იესუს ბავშვობა ჩასახვიდან 12 წლამდე. ჩასახვა, შობა, გაქცევა და ცხოვრება ეგვიპტეს 3 წლის განმავლობაში, დაბრუნება ნაზარეთში 12 წლამდე. ტექსტის წარმომავლობა უცნობია.

"იოსების წიგნი" - იოსებ დამწინდველის ისტორია.

"სიყრმის სახარების" არაბული ვერსია - მაცხოვრის ცხოვრებაზე ეგვიპტეში;

"ტიბეტური სახარება" (ანუ "ტიბეტური თქმულება იესუზე") - ეს არის "სიყრმის სახარებათა" ერთ-ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც იესუმ თავისი ადრეული წლები ინდოეთის ტიბეტში გაატარა.

"იესუ ტაძარში" – 12 წლის იესუს 3 დღიანი დავა იუდეველ ფარისევლებთან იერუსალემის ტაძარში უკვე განკაცებული მესიის გამო. ტექსტის წარმომავლობა და ავტორი უცნობია.



სხვა აპოკრიფული სახარებები

"აპელესისი სახარება"

"ესეების სახარება"

"მარკოზის საიდუმლო სახარება"


"ანდრიას სახარება" (მას მიეწერება ციტატა: "ჩრდილოეთის წარმართებთან ნუ ივლით, რადგან ისინი უცოდველნი არიან, არ უწყიან ვნებები და ისრაელის სახლის ცოდვანი, თუმცა თვით აპოკრიფი არანაირი სახით არ შენარჩუნდა).


მოციქულთა აპოკრიფული საქმეები


"პეტრესა და პავლეს საქმენი"

"ბარნაბას საქმენი"

"ფილიპეს საქმენი ელადაში"

"თომას საქმენი" (უძველესი წარმომავლობის)

"იოანეს საქმენი"

"ქალწულ მარიამის მიძინება"

"წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის საქმენი"

"მოციქულ მატათას საქმენი და მარტვილობა"

"პავლეს საქმენი"

"პავლესა და თეკლეს საქმენი"

"საქმენი წმიდისა მოციქულისა თადეოსისა, რომელიც იყო ერთ-ერთი თორმეტთაგანი"

"ფილიპეს საქმენი"

"წმიდა მოციქულ პავლეს მარტვილობა"

"წმიდა და ქებული მოციქულის ანდრია პირველწოდებულის მარტვილობა"

"ადა მოციქულის სწავლება"

"მოციქულთა საქმეების 29-ე თავი"


მოციქულთა აპოკრიფული ეპისტოლეები

"ავგაროზის ეპისტოლე ქრისტეს"

"ქრისტეს ეპისტოლე ავგაროზს"

"მოციქულ პავლეს მიმოწერა სენეკასთან" (14 წერილი, მოიხსენიება იერონიმე სტრიდონელიდან მოყოლებული, ვიდრე XV – XVI საუკუნეებამდე. მიიჩნეოდა ნამდვილ თხზულებად, მაგრამ შემდეგ დადგინდა მისი აპოკრიფულობა, ანუ სიყალბე).


"ეპისტოლე ლაოდიკიელთა მიმართ"

"კლიმენტ ეპისკოპოსის ეპისტოლენი" (5 ეპისტოლე)

"მოციქულ ბარნაბას ეპისტოლე"

"მოციქულ პეტრეს ეპისტოლე მოციქულ იაკობისადმი"

"თორმეტი მოციქულის ეპისტოლე"

"მოციქულ პავლეს მესამე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ"

"დიონისე არეოპაგელის ეპისტოლე"

"წმ. იოანე ღვთისმეტყველის სიტყვა"


აპოკრიფული აპოკალიფსისები

აპოკრიფული აპოკალიფსისების რაოდენობა ძალზედ ბევრია, მაგრამ მთლიანობაში ჩვენამდე მხოლოდ ზოგიერთმა მოაღწია:

"იოანეს აპოკალიფსისი" (რომელიც არსებითად განსხვავდება კანონიკურისგან)

"იოანეს აპოკალიფსისი" (სხვა თხზულება, რომელიც აღმოაჩინეს 1595 წელს)

"პეტრეს აპოკალიფსისი"

"პავლეს აპოკალიფსისი"

"ბართლომეს გამოცხადება"


სხვა ახალაღთქმისეული აპოკრიფები

"მოციქულ პავლეს ჩასვლა ჯოჯოხეთში"

"იოანეს საიდუმლო წიგნი"

"იაკობის საიდუმლო წიგნი"

"მაცხოვრის დიალოგი"

"თომას წიგნი"

"სამი მღვდელმთავრის საუბარი"

"აფროდიტიანეს თქმულება"


აპოკრიფები, რომლებიც ეძღვნება წმინდანებს

"ღვთისმშობლის სიზმარი და თქმულება 12 პარასკევის პატივისცემის შესახებ"

"თქმულება თორმეტ პარასკევზე"

"თქმულება მაკარი რომაელზე"

"თქმულება თევდორე ტირონის გმირობაზე"


გვიანდელი და თანამედროვე ფსევდოსაეკლესიო აპოკრიფები


"მშვიდობის სახარება ესეელთაგან" - ცნობილია მხოლდო ედმონდ ბორდო სეკეის პუბლიკაციიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტს გაეცნო 1923 წელს ვატიკანის საიდუმლო არქივებში. სეკეის მიერ გამოქვეყნებულ აპოკრიფულ ტექსტში ქრისტე ასწავლის, რომ მამა-ღმერთის თაყვანისცემის გარდა თაყვანისცემა ეგების დედა-მიწას და მის ანგელოზებსაც. ის ასევე ასწავლის ადამიანებს იყონ ვეგეტარიანელები და არ შეამზადონ საკვები ცეცხლზე.

წყაროები: ru.wikisource.org და ru.wikipedia.org

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню