განმარტება - ზეციური საყდარი და მასზე მჯდომარე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ზეციური საყდარი და მასზე მჯდომარე
 
(გამოცხ. 4:1-3)
უფლის ზეციური საყდარი
იოანეს "გამოცხადების" მეორე ნაწილი, რომელსაც უწოდებენ "მოციქულ იოანეს წინასწარმეტყველურ ხილვებს", გამოყოფილია პირველი ნაწილისგან ("მიმართვა შვიდი ეკლესიისადმი, თთ. 1-3) არა მარტო მოქმედების ადგილის "მიწიერიდან" ზეციერში გადატანით, არამედ პრაქტიკულად ყველა ფორმისა და სიმბოლოს შეცვლით, რომლითაც იმოსება იოანესთვის ზეციური გამოცხადება.
 
ხოლო რადგან გამოცხადების წიგნის მოვლენები ხდება არა მარტო ცაში, არამედ მიწაზეც, და ქვესკნელშიც კი (ანუ მთელ სამყაროში), - მოციქულს ეხსნება მთელი ქმნილი სამყაროს აწმყოსა და მომავლის სრული სულიერი პანორამა, და ის ხდება არა უბრალო "მსმენელი" და "მჭვრეტელი" ხილვებისა, არამედ მთელი სამყაროს საბოლოო ხვედრის იდუმალთმხილველიც.
 
მეტიც, ზეცაში ასვლის შემდეგ (თ. 4) მოც. იოანე პირადად არის თანამოზიარე ყოველივე იმისა, რაც ეხსნება მის ხილვას, ანუ წინასწარმეტყველურ ძალაუფლებას ავლენს (გამოცხ. 22:18-19), დიალოგში შედის ზეცის მცხოვრებლებთან, განიცდის წუხილს (გამოცხ. 5:4-5), გაკვირვებას (გამოცხ. 17:6-7), ავლენს მორჩილებას (გამოცხ. 7:13-14; 19:10; 22:8-9) და ა. შ., ხოლო ცალკეულ შემთხვევებში "მოქმედი პირიც" კი ხდება წინასწარმეტყველური ხილვისა და საკმაოდ არსებით როლს თამაშობს სიუჟეტის აგებასა და განვითარებაში (მაგ.: გამოცხ. 10; 11:1-2). ამიტომ, ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს იმაში, რომ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნში ასახულია არა მარტო ხილვათა "გარეგანი" აღწერა, არამედ იდუმალთმხილველის შინაგანი აღქმა, თანაც მოც. იოანეს შეგრძნებანი მისთვის გამოცხადებულ პროცესთა და მოვლენათა მიმართ ქრისტიანთათვის არის სანიმუშო.
 
რაც შეეხება ქრისტეს ეკლესიის ხატებებს, - შვიდი "დაყოფილი" ადრესატისგან განსხვავებით ("მიმართვა შვიდ ეკლესიას"), იოანე ღვთისმეტყველის წინასწარმეტყველურ ხილვებში ქრისტეს ეკლესია წარმოდგება მიწიერი და ზეციერი ახალაღთქმისეული კრებულის სახით, რომელიც როგორც ერთი მთლიანობა უპირისპირდება უკეთურ ქვეყნიერებას. ამიტომაც გამოცხადების წიგნის მეორე ნაწილში უკვე აღარ არის ლაპარაკი განსხვავებაზე ერთგულებას, სიმართლეს და ღვთისმოსაობას შორის, არც რომელიმე "მცირე" ეკლესიის "განსაკუთრებულ" თვისებებსა და ხვედრზეა ლაპარაკი, არამედ ნაჩვენებია, რომ ჟამთა აღსასრულს საყოველთაო ეკლესია იზეიმებს ერთიან და საზოგადო გამარჯვებას.
 
ასევე საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ გამოცხადების წიგნის მეორე ნაწილში იდუმალთმხილველის თვალწინ გადაშლილი პანორამები შეიცავენ მრავალ სხვადასხვა მოწმობას ახალ აღთქმაზე.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუკვალურად ყველაფერი, რასაც მოც. იოანე ხედავს ზეცაში ასვლის შემდეგ, არსებობს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დამყარდა ახალი აღთქმა, ძალაში შევიდა და ჩამოაყალიბა იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებული სულიერი რეალობა.
 
(ყოველი ასეთი მოწმობა ცალ-ცალკე რომ არ აღვნიშნოთ, მე-4 და მე-5 თავების კომენტარების პარალელურად, შესაბამის ადგილებში დავსვამთ მინიშნებას. "ახ. აღთქმ. მოწმ.", ანუ "ახალი აღთქმის მოწმობა").
 
"შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ" (გამოცხ. 4:1).
 
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაფარული მოწმობა გამოცხადების წიგნისა მდგომარეობს იმაში, რომ სიტყვა "ზეცაში გაღებული კარის" შესახებ, რომელიც წინ  უსწრებს იდუმალთმხილველის მიერ ნანახ ზეციურ ხილვებს, პირდაპირ შეესაბამება მაცხოვრი მიწიერი ქადაგების მნიშნელოვანი ეპიზოდს, რომელიც აღწერილია იოანეს სახარებაში, სადაც უფალი თავის მოწაფეებს ამცნობს, რომ ახალაღთქმისეულ დროებაში ქრისტიანულ მზერას "გაეხსნება" არა მარტო წარსულის, აწმყოსს და მომავლის საიდუმლონი, არამედ თვით ზეცაც, - ასე რომ ქრისტესა და სახარების ერთგული ქრისტიანები გახდებიან ყველაზე დიადი ზეციური მოვლენების თვითმხილველნი:
 
"და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე" (ინ. 1:51).
 
ამიტომაც, საკმაოდ ნიშანდობლივია ის ვითარებაც, რომ ღმრთის განგებით სწორედ მოც. იოანე, რომელიც იმოწმებს ამ სიტყვებს თავის სახარებაში, გამოცხადების მინიჭების შემდეგ მათი ბუკვალური აღსრულების პირდაპირი მონაწილე ხდება.
(ამავე კონტექსტში შეიძლება აღვნიშნოთ, რომ გამოცხ. 4:1 პირდაპირ აგრძელებს პირველმოწამე სტეფანეს გულწფრელობით აღსავსე განსაკუთრებულ მოწმობას (საქმე 7:55-56). თანაც ვითარებანი, რომლებიც თან სდევდა სტეფანეს ხილვას, ეჭვსაც არ ტოვებს იმაში, რომ პირველმა ეკლესიამ სიტყვა "ცის გახსნაზე" და "კაცის ძეზე, რომელიც მჯდომარეა მარვენით მამისა", მიიღო როგორც მოწმობა დროთა უდიადეს ცვლილებაზე).
იდუმალთმხილველის თვალწინ გახსნილი "ზეცის კარი" უნდა მივიღოთ არა როგორც განკერძოებული რამ, რომელიც მხოლოდ იმ მომენტისთვისაა აქტუალური, და როგორც მეთოდი იმ ხილვათა მიღებისა, რომელიც იოანემ "უნდა ჩაწეროს წიგნში", არამედ მისი ახალაღთქმისეული აზრის მთელი სისრულე, რომელთან შესაბამისადაც "ცის გახსნა" თვისთავად წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ვითარებას. ხოლო "ცაში გაღებული კარის" სახე მიემართება თვით უფალ იესუ ქრისტეს (შეად.: - "მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს" (ინ. 10:7, 9); სიტყვებს "ამის შემდეგ" (შეად.: "ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ" (გამოცხ. 4:1)), ფორმალურად არ გააჩნია ერთმნიშვნელოვანი "კავშირი" რომელიმე ცალკეულ მოვლენასთან, არამედ წარმოგვიდგება კავშირში "ზეცაში გაღებულ კართან".
 
ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ მოც. იოანეს ზეციურ ხილვათა მნიშვნელობები არ არის შემოფარგლული "აპოკალიპტური" მოვლენებით, რითაც დასრულდება ბოლოს და ბოლოს ძველი კაცისა და მთელი ქვეყნიერების მრავალათასწლოვანი ისტორია, არამედ გამონაკლისის გარეშე მოიცავს მთელ ახალაღთქმისეულ დროებას, რომელიც უნდა გაიაროს ეკლესიამ იმის შემდეგ, რაც ქრისტეს მორწმუნეთათვის გაიღო ახალაღთქმისეული და მაცხოვნებელი სულიერი რეალობის "ზეციური კარი".
 
ასეა თუ ისე, "გაღებული ზეციური კარი", რომელშიც "შედის" გამოცხადების წიგნის იდუმალთმხილველი, პირდაპირ მოწმობს ახალი აღთქმის დამტკიცებაზე და ყოველივე იმის შესაბამისობაზე, რაც აღსრულდება ცაში, როგორც ახალაღთქმისეული სულიერი რეალობა (ახ. აღთქმ. მოწ.)
 
ასეთ მეორე მოწმობას წარმოადგენს მიწვევა-განკარგულება "ამოდი აქ" (ანუ ცაში), რომელიც იოანეს მისცა "ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩაესმა", ანუ თვით მაცხოვარმა (გამოცხ. 1:10, 15), - რადგან უფლის ასეთი მოწოდების შესაძლებლობა და აუცილებლობა მისდიო ნათქვამს, ადამიანს ეხსნება მხოლოდ ახალ აღთქმაში.
(ამგვარი აღმასვლის წინასახეობრივ ხატებად გამოდის მოვლენები, რომლებშიც წინასწარმეტყველი მოსე, რომელიც მორჩილი იყო უფლის ხმისა, ავიდა სინას მთაზე: "... მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე" (გამ. 19:20).

ხოლო ჟამთა აღსასრულს უფლის ხმის მოწოდებით ცაში ამგვარ ასვლას აღასრულებს "ორი მოწმე", რომელთა შესახებაც ლაპარაკია გამოცხადების წიგნის 11-ე თავში: "და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას" (გამოცხ. 11:12).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვით მეთოდი, რომლითაც იღებს იდუმალთმხილველი ხილვებს, და რომლისგანაც "შედგება" გამოცხადების წიგნი, პირდაპირი მოწმობაა ახალაღთქმისეულ აღთქმათა ქმედითობისა და სინამდვილისა. გარდა ამისა, რადგან ძველაღთმისეული პერიოდის არც ერთ წინასწარმეტყველს არასოდეს მიუღია ასეთი დონის გამოცხადება; ის ვითარება, რომ იოანე უფლის ხმის მოწოდებით და მის წინ გაღებული კარების გავლით ადის ცაში, რის შედეგადაც ის ცას მისი ბინადარივით აღწერს, გამოცხადების წიგნს წმიდა წერილისთვის უპრეცედენტო წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას ანიჭებს.
 
შემდეგ ეს მოწმობა გამოცხადებაში გრძელდება მოც. იოანესადმი, მისი მეშვეობით კი მთელი ეკლესიისთვის მიცემული "გამოცხადებით". იოანე, მის მიერ კი ეკლესიაც, ხედავს "მიწიერი" ხედვისა და გულისხმისყოფისთვის მიუწვდომელ პროცესებს, ანუ ყველაფერ იმას, რაც დრომდე იყო "დაფარული უკუნისიდან" (კოლას. 1:24-26), და, რაც მორწმუნეებს გაეხსნათ მხოლოდ ქრისტეში აღსრულებული აღთქმების შემდეგ.
 
თანაც ყველა ეს დაფარული აზრი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნში წარმოდგენილია არა ფრაგმენტარულად, ანუ "ლოკალური" წინასწარმეტყველებების სახით რომელიმე ცალკეულ მოვლენებზე, რამედ, როგორც ერთიანი სულიერი პანორამა, რომელიც მოიცავს კაცობრიობის მთელ წარსულ, აწმყო და მომავალ ისტორიას.
 
"მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე. მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი" (გამოცხ. 4:2-3).
 
ზეციური ტაძრის ახალაღთქმისეული მნივნელობები, ისევე როგორც უდიადესი ზეციური მღვდელმსახურების ზოგიერთი ასპექტი, რომელიც "დღე და ღამ" სრულდება ამ ტაძარში (შეად. - გამოცხ. 7:15), საკმაოდ დეტალურად იყო განხილული წინა პუბლიკაციებში.
 
რაც შეეხება ზეციურ საყდარს და მასზე მჯდომარეს, რომლიდანაც იწყება გამოცხადების წიგნის ზეციური ხილვები, - "იასპისი" და "სარდისი" ნიშნავს კაცობრიობისთვის ოდითგანვე ცნობილ ბუნებრივ ქვას, რომელთა ფერები ყვითელ-ნარინჯისფრიდან მუქ წითელ ფერამდე ვარირებენ (თანაც ხშირად ეს ელფერები ერთ მცირე ქვაშიც მოიხილვებიან). ხოლო რაკიღა წითელი ფერი ბიბლიური სიმბოლიზმის მიხედვით ერთდროულად ცეცხლის ფერიც არის და "სამეფო" ფერიც, - შეიძლება ვამტკიცოთ, რომ შემოქმედი და ყოვლისმპყრობელი, რომელიც თავის ზეციურ საყდარზე ზის, იდუმალთმხილველს "სამეფო ცეცხლის" სახით გამოეცხადა (შეად. დანიელ. 7:9; მთ. 23:22).
 
ამასთან, ცისარტყელასთან დაკავშირებულ მოწმობაში, რომელიც, როგორც ნათქვამია, გარს ეკრა საყდარს, ნახსენებია ძვირფასი ქვა "სმარაგდიც", ანუ ზურმუხტი, რომელიც გაჯერებულია მწვანე ფერით, - ეს კი ნიშნავს, რომ საყდრის გარემომცველი ცისარტყელას ფერი შეესაბამება იმ თავდაპირველი "მწვანე ბალახის" (დაბ. 1:29-30) ფერს, რომელიც სამყაროს შექმნისას მიანიჭა ყოვლისმპყრობელმა ყველა "სულდგმული" ცხოველის საჭმელს.
 
"თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე" (დაბ. 1:29-30).
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ გაზაფხულის მიწა, რომელზეც ამოდის ზურმუხტოვან-მწვანე ბალახი, ყველა ადამიანის მიერ აღიქმება, როგორც "ცოცხალი" და "მაცოცხლებელი". ამასთან უდაბნოს გამხმარ ადგილებში "ზურმუხტოვანი მწვანილი" ჩნდება მხოლოდ წვიმის შემდეგ, - "წვიმის" სახე კი, მითუმეტეს "წვიმისა უდაბნოში", არის დედამიწაზე ღმრთის მადლის წარმოგზავნის მყარი სახე. იხ.: მეორე რჯლ. 11:13-15; იოველ. 2:21-23.

ანდრია კესარიელიც "ზურმუხტოვან ბალახს" ადარებს ღვთაებრივ სწავლებას, სიტყვას და გამოცხადებას: "რადგან ყოველი თესლი მისგან (ღმრთისგან) აღმოაცენებს ბალახს, რის გამოც საშინელია ის თავის მოწინააღმდეგეთათვის").

გარდა ამისა, მწვანე ფერი წარმოიქმნება ცისფერისა და ყვითელის შეერთებით, ანუ ცის, წყლისა და მზის ფერთა შეხამებით, რომლებიც სიმბოლურად უკავშირდებიან თვით უფალს (ფერთა ბიბლიური სიმბოლიკა ცალკე გამოკვლევის საგანია და ასახულია მართლმადიდებლური ეკლესიის ხატმწერლობით კანონებში, ასევე სასულიერო პირთა შესამოსელის ფერებში და სხვა).
 
ამგვარად, მსგავსად იმისა, როგორც "მიწიერი" ცისარტყელა, რომელიც ცაში იშვება წვიმის შემდეგ (ეს კი ღმრთის დიდებისა და მადლის მყარი სიმბოლოა), ნოესთან დადებული აღთქმის მიერ გამოდის ყოველი არსების სიცოცხლის სიმბოლოდ (დაბ. 9:16-17). შეად.: ეზეკ. 1:26-28).


მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому