აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება
გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ახალი იერუსალიმი
(თ. 22:1-5)
ახალი ქართულით:
1. და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან. 2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს. 3. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას. 4. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი. 5. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე. 6. და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე. 7. აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს. 8. მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა. 9. მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი. 10. კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგანაც ახლოა ჟამი. 11. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს. 12. აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს. 13. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. 14. ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში. 15. ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან. 16. მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. 17. სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. 18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. 19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში. 20. ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო! 21. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
ძველი ქართულით:
1. და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაჲ, ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა. 2. შორის სივრცესა მის ქალაქისასა, და მდინარისა მის ამიერ და წიაღ, ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თუეთა მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა. 3. და ყოველი წყევაჲ არა იყოს მუნ. და საყდარი იგი ღმრთისაჲ და კრავისაჲ მას შინა იყოს. და მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას. 4. და იხილონ პირი მისი, და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა. 5. და ღამე არა იყოს მუნ, და არა საჴმარ იყოს ნათელი და მზე, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე. 6. და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან, და უფალმან ღმერთმან სულთა წინაწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თჳსი ჩუენებად, რაჲ-იგი ყოფად არს ადრე. 7. და, აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი. 8. და მე, იოვანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას ყოველსა, და რაჟამს მესმა და რაჟამს ვიხილე, დავვარდი თაყუანის-ცემად წინაშე ფერჴთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ. 9. და მრქუა მე: იხილე ნუ, რამეთუ შენ თანა მონაჲ ვარ და ძმათა შენთა თანა წინაწარმეტყუელთა, და რომელთა დაიცვნენ სიტყუანი ამის წიგნისანი. ღმერთსა თაყუანის-ეც. 10. და მრქუა მე: ნუ დაჰბეჭდავ სიტყუათა წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს. 11. უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ. 12. და აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს. 13. მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული. 14. ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად. 15. გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის-მკლველნი და კერპთმსახურნი და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაჲ. 16. მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი ბრწყინვალე განთიადისაჲ. 17. და სული და სძალი იტყჳან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას, თქუნ: მოვიდოდე! და რომელსა სწყუროდის, მოვიდოდენ, რომელსა ჰნებავს მიღებად წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ. 18. ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. 19. და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა. და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. 20. იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ! 21. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა. ამინ.
VII. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეხუთე თანამიმდევრობა (თ. 20-22)
ახალი იერუსალემი (თ. 22:1-5)
1. და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
ამ თავის პირველ ხუთ მუხლში გრძელდება ახალი იერუსალიმის აღწერა. მაგრამ ამჯერად აღიწერება არა ქალაქის გარეგნული სახე, არამედ მისი შინაგანი ცხოვრება. ამჯერად ანგელოზი (როგორც ჩანს შვიდი თასის გადმომღვრელთაგან ერთი-ერთი (17:1; 21:9)), იდუმალთმხილველის წინასწარმეტყველურ მზერას სიცოცხლის წყლის მდინარეს მიაპყრობს. ამ ადგილის დაახლოებით ანალოგიას ვპოულობთ იოველთან (3:18), ეზეკიელთან (47:1-12) და განსაკუთრებით ზაქარიასთან (14:8). მაგრამ ყველა მსგავსებასთნ ერთად ეს ადგილები ერთმანეთისგან არსებითადაც განსხვავდებიან. ზაქარიასთან უბრალოდ სიცოცხლის წყლებზეა ლაპარაკი, ისინი მოედინებიან იერუსალიმიდან, ტაძრიდან და ჩაედინებიან აღმოსავლეთ და დასავლეთ ზღვებში. ხოლო აპოკალიფსისის მდინარე ერთია, და "კამკამაა, როგორც ბროლი" და მოედინება არა ტაძრიდან, რომელიც არ არის ახალ იერუსალიმში, არამედ "ღვთისა და კრავის ტახტიდან".
ზოგიერთი კომენტატორი სიცოცხლის წყალში გულისხმობს თვის სულიწმიდას, წმ. სამების მესამე იპოსტასს, რომლის მიერაც (ეს. 11:2; ინ. 7:37-39) უხვად გვეძლევა მადლმოსილი ნიჭები, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისა და განათლებისთვის. მაგრამ თვით ტექსტში ამგვარი გაგების საფუძველი არ არსებობს; ახალი იერუსალიმის სურათის აღწერა უფრო სამოთხის სურათს მოგვაგონებს (იხ. დაბ. 2:10, 16); და როგორც ის ყველაფერი შეეწყობოდა პირველ ადამიანთა ცხოვრებას, ასეთივე შეწყობა უნდა დავინახოთ ახალ სამოთხეშიც. და ახალი კაცობრიობისთვის საჭიროა არა მარტო სიცოცხლის ხის ნაყოფები (მ. 2), არამედ წყაროს წყალიც.
ასე რომ, თუკი 22:17 და 7:17 მუხლებს ერთმანეთს შევადარებთ, სიცოცხლის წყლის მდინარეში იძულებულნი ვიქნებით ვიგულისხმოთ არა სიცოცხლის მომნიჭებელი სულიწმიდა (მაშინ მდინარესაც სიცოცხლის მომნიჭებელი უნდა რქმეოდა), არამედ მართლაც საიდუმლო მდინარე. მისი წყლები, რომელიც კაცთა მოდგმის გამომხსნელის, "ღვთისა და კრავის ტახტიდან" მოედინება, იქნება სწორედ ის სასმელი, რომელიც ახალი იერუსალიმის განდიდებულ ბინადრებს დაარწყულებს და მათ მარადიულ ნეტარ ცხოვრებას მიანიჭებს. უდავოდ, ეს სულიწმიდის მდინარეც იქნება, რადგან სულიწმიდა თანასწორი მონაწილეა კაცთა ცხონებისა და მათთვის ყოველი მაცოცხლებელი ძალისა და ცხონების მომნიჭებელია (იოანე 16:14, 15). ამრიგად, მდინარის წყლები განუყოფელი სამების ნიჭია და წარმოადგენს განდიდებული კაცობრიობის მჭიდრო ურთიერთობის გამოხატულებას მის განმადიდებელ ღმერთთან.
2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.
მე-2 მუხლიდან ვიგებთ, რომ სიცოცხლის მდინარე მარადიული ქალაქის ქუჩაში ჩამოედინება. იოანე, ისევე როგორც 21:21-ში, ხედავს მხოლოდ ერთ მოედანს (ქუჩას), ოქროსავით წმიდას და სხვა ქუჩებზე თითქოსდა არ ამახვილებს ყურადღებას. სწორედ ამ ქუჩაზე მოედინება სიცოცხლის მდინარე; თუ სად ჩაედინება იგი იოანე დუმს. მაგრამ რადგან, სავარაუდოდ, ახალი დედამიწის განდიდებული ბინადრები ზეციური იერუსალიმის გარეთაც იცხოვრებენ, სიცოცხლის მდინარე იერუსალიმის კედლებს გარეთაც იდინებსს, რათა იქაც დაარწყულოს ყველა მწყურვალი. ქალაქში მდინარე შუა ქუჩაში მოედინება ისე, რომ ქალაქის ნაგებობებსა და მდინარეს შორის ორივე მხრიდან თანაბარი სივრცე რჩება (ἐντεῦθεν καὶ ἐκεῖθεν). ეს სივრცე სიცოცხლის ხით არის გამშვენებული.
სიცოცხლის ხე ერთადერთი ხე როდია მთელს იერუსალიმში, როგორც ეს სამოთხეში ი ყო (დაბ. 2:9; 3:22), არამედ ბევრია: სიცოცხლის ხედ ის, როგორც ჩანს, გვაროვნული სახელწოდების აზრით იწოდება, როგორც ხის გარკვეულ გვარზე მითითება. ამგვარად, ეს ნეტარი დედამიწის იგივე სურათია, რომელსაც წინასწარმეტყველი ეზეკიელი აღგვიწერს (47:7-12). ის ასევე ლაპარაკობს ყოველგვარ ხეზე, რომელიც მდინარის გაღმა-გამოღმა ხარობს და უჭკნობი ფოთლები და ულევი ნაყოფი გამოაქვს. როგორც ჩანს, სიცოცხლის ხე, რომლის ნაყოფითაც იკვებებოდნენ ადამი და ევა სამოთხეში და რომელსაც ისინი მოაკლდნენ თავიანთი შეცოდების გამო, ახალი ადამის, იესუ ქრისტეს მიერ კვლავ დაუბრუნდება განდიდებულ კაცობრიობას.
ახალი იერუსალიმის სიცოცხლის ხე - არ გულისხმობს წმინდანებს და ხის ნაყოფი - წმინდანთა სათნოებებს, არამედ ეს სინამდვილეში ხეა და სინამდვილეში მისი ნაყოფია, თუმცა იდუმალი, რადგან მომავლის ხეა, რომლითაც იერუსალიმის განდიდებული კაცობრიობა დანაყრდება (2:17; დაბ. 3:22). ასე რომ, როგორც სიცოცხლის ხე დააპურებს ზეციური იერუსალიმის მცხოვრებთ, ასევე სიცოცხლის მდინარე მათ დაარწყულებს. სიცოცხლის მდინარე და სიცოცხლის ხე ერთად მარადიული, ნეტარი ცხოვრების აუცილებელ პირობას და წყაროს წარმოადგენენ ისევე, როგორც სამოთხის ხეთა ნაყოფები და სამოთხისეული ცხოვრების სხვა სიკეთენი წარმოადგენენ საშუალებას და პირობას ადამისა და ევას ნეტარი ცხოვრებისთვის.
ახალი იერუსალიმის სიცოცხლის ხეს ექნება ის თავისებურება, რომ ნაყოფს გამოიღებს არა წელიწადში ერთხელ, არამედ თორმეტჯერ, ყოველთვიურად. "ხის ყოველთვიური ნაყოფიერება ნიშნავს საღმრთო მადლის სიუხვეს და ამ ნაყოფის მირთმევით ღმერთთან ურთიერთობის უწყვეტობას. იქ არ იქნება ცოდვის ზამთარი, რომელიც წყვეტს მადლისმიერ ცხოვრებას, იქ არ იქნება სულიერი შიმშილი. რიცხვი თორმეტი ნიშნავს როგორც უწყვეტობას (ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში), ასევე მოციქულთა რიცხვსაც. სიცოცხლის ხის მადლისმიერი ნაყოფი მოციქულთა ქადაგებებითა და მღვდელმსახურებით გვანიჭებდნენ ეკელსიაში სიცოცხლეს. ხოლო სამოციქულო ეკლესია არა მარტო ამ წუთისოფელში, არამედ მომავალშიც ქრისტეს მიერ დააპურებს თავის შვილებს. ამ სიმბოლოს ვხედავთ ქალაქის თორმეტ საძირკველში, თორმეტ სახელში, თორმეტ კარიბჭეში და სიცოცხლის ხის თორმეტგზის ნაყოფიერებაში. "ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან" (მათე 5:6). გაძღებიან სიცოცხლის ხისგან" (დეკ. გენადი ფასტი. Толкование на группу стихов: Откр: 22: 2-2).
ამრიგად, სიცოცხლის ხის მუდმივი ნაყოფიერება მომავალი იერუსალიმის მცხოვრებთა ნეტარების უმაღლესი ხარისხის განსაკუთრებული მტკიცებულებაა: მაშინ იქნება მარადიული გაზაფხული და მარადიული ზაფხული, რომელიც არასოდეს არ შეწყდება; ხეები მუდმივად გაფურჩქვნილნი და ნაყოფიერნი იქნებიან, რაც ადამიანებს განუწყვეტელ სიხარულსა და მარადიულ ნეტარებას მოუტანს. ასეთი იქნება სიცოცხლის ხის ნაყოფის დანიშნულება.
მაგრამ, ხის ნაყოფის გარდა, ნეტარების წყაროდ ხის ფოთლებიც იწოდებიან: "ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს". ამ ბოლო გამონათქვამის საფუზველზე, ზოგიერთი კომენტატორი მომავლის ადამიანებს სიცოცხლის ხესთან მიმართებაში ჰყოფს ორ კატეგორიად: ერთნი ისარგებლებენ ნაყოფით, სხვები კი - მხოლოდ ფოთლებით. მათი აზრით, ნაყოფით მხოლოდ ის განდიდებულნი ისარგებლებენ, ვინც უშუალოდ იერუსალიმში იცხოვრებს, ხოლო მის გარეთ მცხოვრები ხალხები (21:24-26), ოდენ ხის ფოთლებს დაკმაყოფილდებიან. მათი მტკიცებით ეს ყოველივე იქნება მითითება მომავალი ნეტარი ცხოვრების მოშურნეობისადმი; ხოლო გამოთქმა: "ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს" მიუთითებს იმ ხალხთა ზნეობრივ სრულყოფილებასა და ამაღლებაზე, რომლებიც ვერ ეღირსნენ ახალ ირუსალიმში მუდმივ ბინადრობას.
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ქალაქი იერუსალიმი არ შეიძლება განვიხილოთ მთელი სამყაროსგან იზოლირებულ ქალაქად: ჩვენ ვხედავთ, რომ მისი კარიბჭენი ყოველთვის ღიაა და მასში ყოველთვის შედიან სხვადასხვა ხალხები და მათი მეფეები. ახალი იერუსალიმი მხოლოდ მომავალი მარადიული სამეფოს ცენტრი იქნება, და მასსა და ნეტარ გარესამყაროს შორის ისეთივე მიმართება იქნება, როგორც არის აპოკალიფსისის მიხედვით უკეთურ ბაბილონსა და მის გარემომცველ უკეთურ სამყაროს შორის: ეს ურთიერთობა ერთი მთლიანობაა, დედაქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობაა, მმართველისა და ქვეშევრდომების ურთიერთობაა. ამიტომაც მე-2 მუხლში ნახსენებ ხალხებში არ უნდა ვიგულისხმოთ არათანასწორობა. მაშ ვინ არიან ისინი? ისინი მომავალი მარადიული სასუფევლის ერთი და იგივე ნეტარი ბინადრები არიან; და განკურნებაში, რომელსაც ისინი ხის ფოთლებისგან მიიღებენ, არ უნდა ვიგულისხმოთ არც ცოდვათაგან განკურნება და არც სნეულებათა და ტანჯვათაგან, რადგან არც ცოდვა, არც სნეულება და არც ტანჯვა მომავალ სასუფეველსა და ახალ დედამიწაზე აღარ იქნება. მე-2 მუხლის სიტყვები მხოლოდ მათ წარსულ მიწიერ ცხოვრებას ეხება, რადგან მომავალ ცხოვრებაში ისინი სულ უფრო და უფრო სრულყოფილნი გახდებიან და "განკურნება" მათი სრულყოფის ოდენ მომდევნო საფეხურია.
ახალი სამყარო სრულიად განსხვავებული იქნება ადრინდელი ცოდვილი და ხრწნადი სამყაროსგან. მომავალი სასუფევლის ბინადარნი სიცოცხლის წყაროთი დარწყულდებიან და სიცოცხლის ხის ნაყოფით დატკბებიან არა იმიტომ, რომ მათ შიმშილით ან წყურვილით სიკვდილი ემუქრება, ან შეიძლება ამა თუ იმ დაავადებებით დასნებოვდნენ და დაექვემდებარონ ამა თუ იმ ცოდვას, არამედ იმიტომ, რომ მარადის ნეტარ სიცოცხლეში იხარონ, რომელიც აღსავსე იქნება სრულყოფილი სიწმიდითა და სისპეტაკით. აქ მხოლოდ საქმის დადებითი მხარე უნდა ვიგულისხმოთ, რამეთუ ყოველივე უარყოფითი, ყოველგვარი ნაკლოვანება და არასრულყოფილება ნეტართა მომავალ სასუფეველში ადგილს ვერ იპოვის. როგორც ნათქვამია "ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი" (გამოცხ. 21:27) და კიდევ: "სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში" (გამოცხ. 20:14-15) (Апокалипсис святого Иоанна Богослова: Опыт православного толкования. Опыт толкования священника Николая Орлова. Москва 1904 г. Репр. Санкт – Петербург. 1999 г.).
სიტყვები "ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს" არცთუ იშვიათად იწვევს გაუგებრობას. ნუთუ მომავალ საუკუნეში იქნება სნეულება, ტანჯვა და ცოდვებიც კი, რომლისგანაც კურნებაა საჭირო? ცხადია არა, რადგან ნათლად ითქვა: "აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი" (გამოცხ. 21:4). თანაც, "ხალხთა კურნება" რომ ახსენა, იოანე მაშინათვე ამბობს: "აღარაფერი დარჩება დაწყევლილი" (მ. 3).
სხვები ამ სიტყვებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, თითქოსდა მომავალ საუკუნეში ღმრთის წინაშე ადამიანთა უთანასწორობა მაინც დარცება. ზოგიერთი ახალ იერუსალიმში იცხოვრებს და ექნება სრული ნეტარება, სხვები კი მხოლოდ ახალ დედამიწაზე იცხოვრებენ და თავიანთი არასრულყოფილებებისგან სიცოცხლის ხის ფოთლებით განიკურნებიან. და საერთოდ, მრავალი სექტანტი ქმნის მარადისობაში მართალთა "განსახლების" რთულ სისტემას. ერთნი ღმრთის ტაძრად შეიქნებიან, სხვები ახალ იერუსალიმში იცხოვრებენ, დანარჩენები კი - ახალ დედამიწაზე.
ყველა ამ ამაო ბჭობასა და ბრძნობას, რა თქმა უნდა, წმიდა წერილში არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ოდენ სექტანტთა ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი სწავლების გამოხატულებაა. ჩვენ ვნახეთ, მიუხედავად განსხვავებული დიდებისა, მომავალი ნეტარი სასუფევლის მცხოვრებნი თანასწორნი იქნებიან ღმრთის წინაშე და ყველა მათგანი ცხონდება (გამოცხ. 21:24). ახალი იერუსალმი - განახლებული ქმნილების ცენტრია, ღმრთის საყდრის ადგილია, ეს არის მარადიული ეკლესია. და არ შეიძლება თქმა, თითქოსდა ერთნი მასში იცხოვრებენ, სხვები კი - მის გარეთ. აპოკალიფსისში სრულიად მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ქალაქის გარეთ იქნებიან ცხონებას მოკლებულნი, ზეციური იერუსალიმის გარეთ "ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან" (გამოცხ. 22:15). ანუ, ყველა ისინი ცეცხლის გეჰენაში ჩაიყრებიან. ვინც ვერ შევა ახალ იერუსალიმში ის საერთოდ ვერ დაიმკვიდრებს მომავალ ნეტარებას, არამედ გეჰენაში წავა. ახალი მიწა და ახალი ცა, ახალი იერუსალიმი - ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იქნება, ვინც კი ზეციურ ქანაანს მიაღწია. ყველა ადგილი მარადისობისაა: ახალი მიწიდან ვიდრე ყველაზე სანუკვარ - ღმრთის საყდრამდე და ყველასთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება. ყოველ ადამიანს, ყოველ ცხონებულს ყველგან ყოფნის შესაძლებლობა ექნება.
ანდრია კესარიელის განმარტებით ხალხთა მკურნავი "ხის ფოთლები" ეს არის საღმრთო განგებულების უმაღლესი და უნათლესი შემეცნება... ეს ფოთლები განკურნავენ იმ ხალხთა უმეცრებას, რომლებიც სათნოებათა ქმნაში ვერ წარემატნენ. ანუ აქ, მიწიერ ცხოვრებაში, ერები მოწყლულნი არიან უმეცრებით, სხვადასხვა ცოდვებით და ნაკლოვანებებით, ასევე ბუკვალურად სხეულებრივი სნეულებებითა და ჭირვებებით. ყოველივე ამისგან მომავალ საუკუნეში ერები სიცოცხლის ხის ფოთლებისგან განიკურნებიან. თუკი სიცოცხლის ხის ნაყოფით დაპურება მუდმივი იქნება (წელიწადში თორმეტჯერ), სიცოცხლის ხის ფოთლებით განკურნება ერთჯერადი მოვლენაა. ეს ერთხელ აღსრულდება, რათა სამუდამოდ განიკურნონ ხალხები ყველა მათი ხორციელი და სულიერი სნეულებებისგან. მეორე მხრივ, ამ მიწიერ ცხოვრებაში სიცოცხლის ხის მკურნალ ფოთლებში შეიძლება ვიგულისხმოთ წმიდა წერილის წიგნები, რომლისგანაც მკითხველი იღებს უდიდეს კურნებას" (გენადი ფასტი. Толкование на группу стихов: Откр: 22: 2-2).
3. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას. 4. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი. 5. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
ნეტარი ცხოვრების გამოხატულება, რომელიც მოცემულია 1-ელ და მე-2 მუხლებში, მთავრდება ახალი კონკრეტული ნიშნებით, რომლითაც მტკიცდება ის ჭეშმარიტება, რომ მომავალი ნეტარი ცხოვრება ყველა მისი მონაწილისთვის იქნება ყოველგვარი ბოროტებისა და ცოდვისგან სრულიად უცხო და თავისუფალი. ახალ სასუფეველში არაფერი იქნება წყეული (κατάθεμα).
წყევლა წარმოადგენს ღმრთის სამართლიანი მსჯავრის მოქმედებას, რომელიც გმობს ცოდვას და მისთვის სასჯელს აწესებსს. ასეთია წყევლა, რომელიც ღმერთმა მთელ კაცობრიობას დაადო ადამის შეცოდებისტვის, და რომელიც მიწიერ ცხოვრებაში მოწევნულ უბედურებებსა და ტანჯვაში მდგომარეობს. ასეთი მდგომარეობა კი ღმრთისგან გაუცხოების შედეგია. ასე, რომ მსგავსი არაფერი იქნება ახალ სასუფეველში (ზაქ. 14:11).
ყველაფერი, რაც კი იმსახურებს ღმრთის რისხვას და წყევლას, ყოველგვარი სიბილზე და ცოდვილი საქმიანობა გამოყოფილ და ჩაგდებულ იქნება ცეცხლის გეენაში (გამოცხ. 20:10; 22:15); ახალ იერუსალიმსა და მის ახლოს იცხოვრებს მხოლოდ ის, ვინც ქრისტიანობის ერთგულებისთვის საღმრთო ჯილდოების ღირს იქმნა, მიეტევა ცოდვები და შერიგებულ იქნა ღმერთთან. იქ, ახალ იერუსალიმში, დაიდგმება თვით ღმერთისა და კრავის საყდარი, და იქ დასახლდებიან მხოლოდ მისი მონები.
ახალი სასუფეველი იქნება როგორც ერთი ოჯახი, რომელიც ერთი მამის მზრუნველობას განიცდის; ყოველივე უცხო და მტრული, რამაც შეიძლება ამ ოჯახს ავნოს, ყოველივე, რამაც შეიძლება დააზიანოს მისი ინტერესები და დაჩრდილოს მისი მშვიდი სიხარული, საბოლოოდ და სამუდამოდ იქნება მისგან მოშორებული. ამ სასუფევლის ნეტარი ბინადარნი, მარადიულად განჭვრეტენ თვით ღმერთს და ამის შედეგად ეღირსებიან იმ სიკეთეთ, რომელიც, როგორც დაიწერა: "არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში"" (1 კორინთ. 2:9; ესაია 64:4). მაშინ ღმერთს, როგორც განუყოფელ სამებას ადამიანები იხილავენ ისეთს "როგორიც არის" (1 იოანე 3:2), ხოლო ღმერთის ხილვა ნიშნავს დაინახო ყოველივე დიადი, უზენაესი, უწმიდესი, უმშვენიერესი და უსრულყოფილესი, მარადიული სიბრძნე, უზენაესი სიკეთე, განუსაზღვრელი ძლიერება და უბრწყინვალესი სიწმიდე. ღმერთთან ეს სიახლოვე და მისი სიახლოვის ეს ჭვრეტა აისახება თვით ნეტართა ცხოვრებაზე: "იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი" (მ. 4; შეად. 3:12). ღმრთის ეს სახელი, ღმრთის არსების ეს ანარეკლი ნეტართა ცხოვრებაზე მათთვის უმაღლესი ჯილდო იქნება, რადგან ეს იქნება განდიდებულთა საზოგადოებისადმი კუთვნილების დასტური და იმისაც, რომ არ იარსებებს არავითარი დაბრკოლება მარადიული სასუფევლის მარადიულ ნეტარებათა მისაღებად.
5. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
მე-5 მუხლის შინაარსი იმეორებს 21:23 და 25-ე მუხლებს; აქ კიდევ ერთხელ მეორდება ის, რომ ახალი იერუსალიმის განდიდებული ბინადრები განუწყვეტელი, მუდმივი ნეტარებით იცხოვრებენ. იქ იქნება მარადიულად სიხარულევანი დღე, რომელსაც არა ჩვეულებრივი მზე, რომელიც ზოგჯერ გვწვავს და ტანჯვასა და უბედურებებსაც გვაწევს, არამედ მარადიული და დაუვალი მზე, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე გაანათებს. სფიზიკური მზისა და ვარსკვლავთა ნათელი საჭირო აღარ იქნება. საღმრთო ნეტარება და საღმრთო წყალობა არა მარტო გაანათლებს, არამედ გაათბობს და გაახარებს ქრისტიანთ.
მაინც რითი შეივსება ნეტართა ეს სიხარულევანი ცხოვრება? შეიძლებოდა ვარაუდით, მაგრამ უშეცდომოდ გვეთქვა, რომ ის აღივსება მუდმივი დიდებისმეტყველებით, რომელიც ადრე ნეტარ ანგელოზთა და წმიდათა ხვედრი იყო (გამოცხ. 4:8, 11 და სხვა). მაგრამ აპოკალიფსისი პირდაპირ ასახელებს იმას, თუ რითი იქნება აღსავსე ნეტართა ცხოვრება. ისინი, როგორც ნათქვამია, იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
მაგრამ, ვისზე იმეფებენ? როგორც ჩანს, არა უკეთურებზე, რომლებიც უკვე განკიცხულ არიან და ჩამოშორებულ არიან წმინდანებს, ასევე არა იმ ხალხებზე, რომლებიც იერუსალიმის გარეთ არიან, რადგან უკვე ვთქვით, რომ მომავალი ნეტარების ასეთ დაყოფას არავითარი საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ, ასევე არც ანგელოზებზე, რამეთუ შეუძლებელია რაიმე აზრი ჩავაქსოვოთ ამგვარ მეფობაში.
იქნებ ისინი იმეფებენ საკუთარ თავზე და ერთმანეთზე, შეეცდებიან ერთმანეთი გაახარონ მორჩილებითა და ურთიერთმომსახურებით? (მათე 23:11; მარკოზი 9:35). რა თქმა უნდა, ასეთი მეფობაც იქნება, მაგრამ ამასთან საჭიროა მივუთითოთ ისიც, რომლისკენაც არის მოწოდებული კაცობრიობა ღმრთის მცნებით: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:28) და რომელსაც ადამიანები ცოდვით დაცემით მოაკლდნენ.
მომავალ სასუფეველში ადამიანის ამგვარი დამოკიდებულება ბუნებისადმი აღდგება. მაშინ ნეტარი ქრისტიანები იქნებიან განახლებული ბუნების ჭეშმარიტი მეფეები, მისი უფლებანი, რომლებიც მისით საკუთარი ნეტარებისთვის ისარგებლებენ. და ეს ბუნება მათ "გმინვისა და წვალების გარეშე" (შეად. რომ. 8:22) დაემორჩილება, თავისუფლებით და სიხარულით, რადგან ამ მეფობაში განივთებული იქნება ბრძნული ხელმძღვანელობა საკუთარი ცხოვრების ბედნიერებისა და სიმართლისთვის. მაშინ ყველაფერს უფალი ჩაუდგება სათავეში: ღმერთი, რომელიც ყოველივეს ღმერთია - ადამიანებისაც და ანგელოზებისაც, ასევე მის მიერ შექმნილი ბუნებისაც.
გაგრძელება იქნება.