განმარტება - რატომ ამაგრებს მოციქული იოანე ყველა თავის მტკიცებულებას პირადი დადასტურებით? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
რატომ ამაგრებს მოციქული იოანე ყველა თავის მტკიცებულებას პირადი დადასტურებით?
იოანეს გამოცხადება
იოანეს სახარების ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი და განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გამოცხადების წიგნთან გახლავთ ის, რომ მახარობლის მიერ აღწერილი მოვლენების გარეგანი მხარე მკაცრ შესაბამისობაშია დამოწმების წესებთან მოსეს სჯულის მიხედვით (შეად. მეორე სჯლ. 5:20, მეორე სჯლ. 19:15-21, იგავნი 21:28, იოანე 1:34, იოანე 3:11, იოანე 5:33, იოანე 5:37, იოანე 8:17-18, იოანე 15:27, იოანე 19:35).
 
თანაც თავისი თხრობის ამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ასპექტზე უთითებს თვით მოციქული იოანე:
 
"ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია" (იოანე 21:24).
 
"რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას. (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ)" (1 იოანე 1:1-2).
 
ხოლო მოციქულ იოანეს სახარებისეული თხრობის სრული შესატყვისობა ბიბლიური მოწმობის პრინციპებთან და წესებთან საუკეთესოდ განგვიმარტავს მეოთხე სახარების კიდევ ერთ შესამჩნევ გარეგან განსხვავებას სინოპტიკური სახარებებისგან. - იოანეს სახარებაში მოვლენების აღწერა იწყება პირველ მოწაფეთა მოწოდებით, ანუ იმ მომენტით, როდესაც ყმაწვილი იოანე მიმდინარეო მოვლენების თვითმხილველი გახდა, და მიიღო "იურიდული" უფლება ნებისმიერი კრებულის წინაშე, იქნებოდა ეს საერო თუ რელიგიური სასამართლო, და ა. შ., დაემოწმებინა ის, რაც ნახა. შეად.:
 
"და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ" (იოანე 15:27).
 
(ამასთან უეჭველია, რომ მოციქული იოანე სინოპტიკოსებზე ნაკლებ როდი იცნობს სამახარობლო მოვლენებს, ქრისტეს შობას და სხვა, - ანუ ყოველივე იმას, რაც წინ უ სწრებდა მაცხოვრის შეხვედრას მომავალ მოციქულებთან).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოციქული იოანე თავის თხრობაში ათავსებს მარტო იმ მოვლენებს, რომლებიც მისი საკუთარი (პირადი) დადასტურებით მტკიცდება. შეად.:
 
"ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა. ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ" (იოანე 19:33-35).
 
მეტიც, იგივე ასპექტი (მოწმობის უზადო სჯულიერება) მოციქულ იოანეს მიერ აღინიშნება ქადაგებასთან მიმართებაშიც, რომელიც იოანე ნათლისმცემელისგან მოდიოდა:
 
"მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, მტრედივით გადმომავაღი და დავანებული მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი. მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა" (იოანე 1:32-34).
 
თანაც ეს "ადამიანური" მოწმობანი მოციქულ იოანესთან გამოდის როგორც ბუნებრივი ნაწილი იმ "მყარი საფუძვლისა", რომელზეც დგას და მტკიცდება რწმენა ქრისტეს ჭეშმარიტებისადმი, - ისინი ხომ იმ ზეგარდმო ბოძებულ მოწმობებს ერთვის, ანუ სასწაულებრივ ნიშებს, რომლითაც თვით ღმერთი მოწმობდა თავის ძეზე (იხ. 1 იოანე 5:9-10):
 
"თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის, და ვიცი, რომ ჭეშმარიტია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის. თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან, და ისიც ემოწმა ჭეშმარიტს" (იოანე 5:31-33).
 
"ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა" (იოანე 8:13-18).
 
"ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია. თუ კაცთა მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, რადგანაც ეს არის საღმრთო მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. მოწმობა კი ის არის, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე მის ძეშია" (1 იოანე 5:7-11).
 
ამასთანმოციქულ იოანეს ესოდენ აშკარა აქცენტი მის მიერ მოტანილ მოწმობათა უზადო სჯულიერებაზე შეიძლება აღქმულ იქნას როგორც იმ ვარაუდის სასარგებლო არგუმენტი, რომლის მიხედვითაც მეოთხე სახარება პირველ რიგში მიმართული იყო ხორციელ იუდეველთა მიმართ.
 
მაგრამ, მსგავსი დასკვნა, ჯერ-ერთი, ძალიან შეზღუდული იქნებოდა, - და, მეორეც, - აშკარად ნაჩქარევი.
 
როდესაც მეოთხე სახარების "დანიშნულებრივ მიმართულებაზე" ვლაპარაკობთ აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ვითარება, რომ მოციქული იოანე დაიბადა და აღიზარდა იუდაურ რელიგიურ გარემოში, რომელსაც ზოგადი აზრით შეიძლება "სჯულისმიერი" ვუწოდოთ. ეს კი ნიშნავს, რომ არგუმენტაციის განსაზღვრული ფორმები და მეთოდები, დისკუსიის ხერხები, დასკვნების აგების პრინციპები, და ა. შ., რომელიც რაბინისტულ რელიგიურ-კულტურულ ტრადიციას ახასიათებს, მისთვის აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან ეს მისი აღზრდის, განათლებისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია.
 
შესაბამისად, ის ვითარება, რომ იოანე მისდევს სრულიად განსაზღვრულ პრინციპებსა და წესებს, მისი თხრობის ადრესატებზე კი არა, თვით იოანეზე მიუთითებს.
 
გარდა ამისა, ბიბლიური მოწმობის "იურიდიული" წესების დაცვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც რელიგიური, მაგრამ ქრისტესადმი ურწმუნო იუდეველები იმყოფებიან ქრისტიანული ქადაგების კრიტიკოსებს, ოპონენტებსა და თავდაჯერებულ მოწინააღმდეგეებს შორის. რამეთუ ახალაღთქმისეული ქადაგების სიტყვი მათი სჯულის შესაბამისი რომ არ ყოფილიყო, - სახარების მოწინააღმდეგეები იუდეველთაგან მიიღებდნენ "იურიდიულ" უფლებას მოციქულთა მოწმობები ფორმალურ საფუძველზე უარეყოთ, თანაც ისე, რომ არც კი დაინტერესებულიყვნენ მისი შინაარსით.
 
ამასთან მოწმობა, რომელიც წარმოდგენილია მოსეს სჯულის წესების მიხედვით, ყოველ სჯულქვეშ მყოფ ადამიანს აკისრებს შესაბამის შემხვედრ პასუხისმგებლობას, და ასევე სჯულიერ რეაქციას ითხოვს: ან მიიღოს მოწმობა, - ან წარმოადგინოს ბრალდება ცრუმოწმობაში.
 
მოკლედ, მოსეს სჯული უბრალოდ დასაშვებადაც კი არ მიიჩნევს სჯულიერი მოწმობის ან იგნორირებას, ან კიდევ განუხილველად მის უარყოფას. შეად.:
 
"ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ" (იოანე 3:11).
 
ამიტომაც, იმის გათვალისწინებით, რომ იუდეველთა ნაწილი სახარების ოპოზიციაში იყო (მაგ.: იოანე 8:13, იოანე 9:40), მრავალნი კი პირდაპირ და ღიად ეწინააღმდეგებოდა მას (მაგ.: იოანე 8:59, იოანე 19:38, გამოცხ. 2:9), - ურწმუნო იუდეველებთან მიმართებაში, სჯულის პოზიციიდან მოციქულ იოანეს უზადო მოწმობა იძენს მებრძოლი სიტყვის ხარისხსა და ძალას, რომელიც ბუკვალური მცნებების მეშვეობით ააშკარავებს, ამხელს და გმობს ურწმუნოებსა და ქედმაღალთ.
 
რაც შეეხება "ელინებს" (მოციქულ პავლეს განსაზღვრებით: "ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის — უგუნურებას" ) (1 კორინთ. 1:23), რომლებიც თავისუფალნი იყვნენ ფორმალურ იუდაურ წესთაგან, - მათთვის თვითმხილველის პირადი მოწმობა თავისი ფორმით არაფრით ჩამოუვარდებოდა სინოპტიკოსთა მოწმობას.
 
ამგვარად, მოციქულ იოანეს თხრობის აღქმა "იუდაურ" ქადაგებად არასწორი იქნებოდა: მეოთხე სახარება ითვალისიწინებს მოწმობათა სპეციფიკას, რომლებიც სჯულს ქვეშ მყოფთაკენ არის მიმართული, - მაგრამ მას თანაბარი ძალა გააჩნია ნებისმიერი ხალხის წარმომადგენელთათვის.
 
(რა თქმა უნდა, იოანეს სახარების "იუდაური" ასპექტი არ შემოიფარგლება "სჯულიერების" ძველაღთქმისეული წესებით. ამ კონტექსტში შეიძლება ვახსენოთ ის, რომ მოციქული მრავალგზის იმოწმებს იუდაურ დღესასწაულებს, წესებსა და ჩვეულებებს; ასევე ის, რომ მან დეტალურად იცის იუდეისა და სამარიის "პოლიტიკური", "გეოგრაფიული" და "ეროვნული" რუქა; ასევე ისრაელის მიწის მრავალი ძველაღთქმისეული სიწმიდებიი და სხვა.
 
ეს ყველაფერი მოციქულ იოანეს ახასიათებს, როგორც საკმაოდ განათლებულ იუდეველს, რომელიც თავისი დროის პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ გარემოში ბრწყინვალედ ორიენტირებს.
 
ასე, მაგალითად, დ. გატრი აღნიშნავს, რომ მოციქული იოანე პირადად იცნობს იუდეველ მღვდელმთავარს, ან მეტიც, ნათესაური კავშირიც კი აქვს მასთან. ამ მტკიცებულებაში ის თვით იოანეს ეყრდნობა: "... ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში" (იოანე 18:15). რაც, სხვათა შორის, კარგად განგვიმარტავს, რომ მღვდელმთავრის სახლში მსახურები არა უბრალოდ იცნობდნენ მოციქულ იოანეს, არამედ ენდობოდნენ მას: "პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე" (იოანე 18:16).
 
მეორე მხრივ, მოციქული იოანე თავისუფლად ოპერირებს ისეთი მეტაფიზიკური ტერმინებით, როგორიცაა "ნათელი", "მარადიული სიცოცხლე", "ჭეშმარიტება" და სხვა, - ანუ მიმართავს ძველბერძნული ფილოსოფიის ცნებებს, რომლებსაც კონკრეტული აზრობრივი სისავსე არ გააჩნდათ იუდაურ რელიგიურ გარემოშის. მაგრამ, ანიჭებდა რა ამგვარ ცნებებს ძველაღთქმისეულ შინაარსს, და ოპერირებდა რა მათით, როგორც საღვთისმეტყველო ტერმინებით, მოციქული იოანე მათი მეშვეობით აყალიბებდა ყველაზე გლობალურ ახალაღთქმისეულ აზრებს.
 
შედეგად ის ახალი საღვთისმეტყველო ცნებები, რომლებიც იოანეს სახარებაში იქმნება, არ შემოიფარგლებიან იუდეველთა რელიგიური შეხედულებებით, - ამასთან არ იმეორებენ "ელინთა" მსოფლმხედველობრივ კონცეფციებს. მოციქული იოანე იყენებს უკვე არსებულ რელიგიურ და ფილოსოფიურ წარმოდგენებს, - მაგრამ ახალაღთქმისეული გამოცხადების საღვთისმეტყველო გააზრების მეშვეობით ის ამაღლებს ქრისტიანულ ცნებებს ძველაღთქმისეულ მცნებებსა და წეს-განგებებზე, ასევე ცნებებზე, რომლებიც "ელინური" ფილოსოფიისთვის იყო დამახასიათებელი.
 
საუკეთესო მტკიცებულება ერთდროული თანაარსებობისა "წმიდად იუდაური" და "უფრო ელინური" ლოგიკურ-აზრობრივი კონსტრუქტიისა მოციქულ იოანეს თხრობაში გახლავთ თვით მოციქულის სიტყვა, რომელიც მთელი კაცობრიობისადმი არის მიმართული.
 
"ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით" (იოანე 20:31).
 
გარდა ამისა, უეჭველია, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც მეოთხე სახარება წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანთათვის დაიწერა, როგორც "ახალ", ასევე "ძველ" საღვთისმეტყველო ტერმინთა ახალაღთქმისეული აზრები წარმართებისთვის უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდნენ, ვიდრე მაცხოვრისადმი ურწმუნო იუდეველთათვის.
 
რადგან მოციქულთა ქადაგების დაწყებიდან უკვე 40 წელი იყო გასული, ადამიანებმა, რომლებმაც მიუხედავად მათი წარმომავლობისა და ხორციელი ზრდისა, ბავშვობიდან შეისრუტეს იგი და მიაღწიეს სრულყოფილების ასაკს ახალაღთქმისეული მსოფლმხედველობის კოორდინატთა სისტემაში, - არსებითად უკვე "ახალ ხალხად" წარმოსდგნენ, რომელთა რელიგიური და კულტურული შეგნება ახალაღთქმისეულ ქრისტიანულ გარემოში იყო ჩამოყალიბებული.
 
მიუხედავად იმისა პირველ ეკლესიას ჯერაც არ გადაელახა იმდროინდელი თავისი "ისტორიული" დამოკიდებულება იუდაიზმისადმი, და არ ჩამოუყალიბებია ჭეშმარიტი სარწმუნოების დოგმატური შემოზღუდვის საყოველთაო პრინციპები და წესები, - ეს ნაკლოვანებები ეკლესიის შიგნით უხვად კომპენსირდებოდა მოციქულთა წინამძღვრობით, სასწაულებითა და სულიწმიდის პირდაპირი დარიგებებით (იხ. იოანე 14:26).
 
ამრიგად, სრულიად ცხადია, რომ "მოწმობითი" ასპექტი მეოთხე სახარების სხვა არსებით თავისებურებებთან ერთად აუცილებლად უნდა იქნას განხილული, და გათვალისწინებული იმ აზრებზე და ჭეშმარიტებებზე მსჯელობისას, რომლებიც იოანეს გამოცხადების წიგნშია მოცემული.

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.
Назад к содержимому