განმარტება - მეშვიდე ბეჭდის მოხსნა და მდუმარება ცაში (გამოცხ. 8:1) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
მეშვიდე ბეჭდის მოხსნა და მდუმარება ცაში

(გამოცხ. 8:1)
მდუმარება ცაში
შვიდი ანგელოზის გამოსვლა შვიდი საყვირით ხელში, რომელიც აღწერილია ზეციური წიგნიდან მეშვიდე ბეჭდის მოხსნის შემდეგ, უმეტეს შემთხვევებში განიმარტება, როგტორც მოვლენა, რომელიც უნდა მოხდეს ყველაფერ იმის დასრულების შემდეგ, რაც აღწერილი იყო პირველი ექვსი ბეჭდის მოხსნით, თანაც ბოლო ბეჭდის მოხსნა აღიქმება არა მარტო, როგორც მიზეზი, არამედ, როგორც "სიგნალი" სამყაროში შვიდი ანგელოზის გამოსვლისა შვიდი საყვირით.
 
ხოლო რადგან შემოთავაზებულ განმარტებათა უმეტესობაში ყველაფერი ის, რაც კი იხსნება ზეციურ წიგნში, წარმოდგენილია ბუკვალური "აპოკალიპტური" უბედურებებით, საიდანაც მომდინარეობს, რომ თვით "ოთხი მხედარი" ჯერაც არ გამოსულა (ეს არის პირველი ოთხი ბეჭედი), - შვიდი ანგელოზი საყვირებით (მეშვიდე ბეჭედი) აღიქმება, როგორც წინასწარმეტყველება შორეულ მომავალზე (თანაც, ამგვარი გაგებით, შვიდი საყვირის "დაშორება" დღევანდელ დღესთან იზომება არა მარტო დროით, არამედ იმ მოვლენებითაც, რომლებიც მანამდე უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერაც არ მომხდარა).
 
თუმცა, როგორც ეს უკვე განვიხილეთ წინა პუბლიკაციებში, ბიბლიური აზრით შვიდი ბეჭდის მოხსნა პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ზეციური წიგნი გადავიდა გამარჯვებულ კრავთან, და წარმოადგენს არა ჯერაც არმომხდარ მოვლენათა "გაშვების მექანიზმს", - არამედ ქრისტეს ეკლესიის ზეციურ კრებულში წარსულის, აწმყოს და მომავლის აზრობრივი პანორამების გაშლას.
 
ეს კი ნიშნავს, რომ ბეჭდების მოხსნის პროცესი არ ყოფილა "დროში გაჭიანურებული", და აღსრულდა ზუსტად ისე, როგორც მას აღწერს წმ. იოანე მახარობელი, - ანუ შვიდივე ბეჭედი მოიხსნა მაცხოვრის აღდგომისა და ზეციურ საყდართან და მასზე მჯდომთან ამაღლებისთანავე.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც ვლინდება ყოველი ბეჭდის ქვეშ, მეშვიდე ბეჭდის ჩათვლით, წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიისთვის "უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან" (კოლას. 1:26) დაფარული საღმრთო საიდუმლოს გახსნას; რომელთაგან ყოველი მათგანი მინიშნებული იყო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველურ სიმბოლოებში. ისინი ყოველი დღე და საათი სრულდება ახალაღთქმისეულ დროებაში და აქტუალური იქნება აწინდელი საუკუნის უკანასკნელ დღემდე.
 
"და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას" (გამოცხ. 8:1).
 
ყველაზე საზოგადო აზრით მდუმარება, რომელიც გამეფდა ცაში ბოლო, მეშვიდე ბეჭდის მოხსნისას, მოწმობს იმაზე, რომ საღმრთო გამოცხადება, რომელიც დაფარული იყო ზეციურ წიგნში და, რომელსაც კრავი აუწყებს მთელ ახალაღთქმისეულ ეკლესიას, წინასწარმეტყველურ და აზრობრივ ასპექტში სრულიად დასრულდა.
 
გარდა ამისა, "ზეციური მდუმარება", რომელიც გამეფდა შვიდი საყვირის დაცემამდე ზუსტად შეესაბამება დანიელის წიგნში მოცემულ მდგომარეობას, როდესაც ძველაღთქმისეული დროებისთვის დამახასიათებელი "ზეციური ხილვები" და "წინასწარმეტყველთა მსახურება" მთავრდება, - დედამიწაზე კი დგება "სიმართლის დამყარების" დროება, როდესაც არა მარტო წინასწარმეტყველები, არამედ ღმრთის მთელი ერი შეიმეცნებს და რეალობაში განახორციელებს ახალაღთქმისეული მაცხოვნებელი მნიშვნელობების მთელ სისრულეს, შეად.:
 
"შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად" (დან. 9:24).
 
თანაც უეჭველია, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად აღსრულდა, თანაც ახალაღთქმისეული დროების დასაწყისში, - რადგან მოც. იოანე ღვთისმეტყველისადმი ზეციური გამოცხადების შემდეგ ქრისტეს ეკლესიაში უკვე აღარ არის წინასწარმეტყველთა ცალკე მსახურება, არამედ წმ. წერილი უკვე ახალი წიგნებით ივსება.
(რაც შეეხება წინასწარმეტყველებას მომავალზე და წინასწარმეტყველურ ხილვებს, - ახალაღთქმისეული ეკლესია მათ საკმაოდ ფრთხილად ეკიდება).
მაგრამ "მეშვიდე ბეჭდის" ყველაზე მთავარი მოწმობა, რომელიც "ზეციური მდუმარების" სახით არის წარმოდგენილი, "საიუბილეო საყვირებით მსოფლიო იერიქონის შემოვლას" იუწყება, რომელიც ძველაღთქმისეული წინასახეების შესაბამისად სრულ მდუმარებაში უნდა მოხდეს (ის. ნავ. 6:9), - ასე რომ ამ მომენტიდან ძველი სამყაროსა და ურწმუნო კაცობრიობის დღეები დათვლილია, დროის მსვლელობა განუხრელად უახლოვდება "იერიქონის დაცემას", მაცხოვრის მეორედ მოსვლას და ღმრთის საყოველთაო სამსჯავროს ცოცხლებსა და მკვდრებზე (საქმე 10:42-43; 1 პეტ. 4:5-6; 2 ტიმ. 4:1 და სხვა), რის შემდეგაც განახლებული სამყარო წარდგება, როგორც მარადიული და სრულყოფილი ღვთაებრივი სამეფო.


______________________

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому