აპოკალიფსისი > განმარტება
"დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა"
(გამოცხ. 14:8)
"მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა" (გამოცხ. 14:8).
მეორე ანგელოზი, რომელიც მოჰყვება პირველს (ანუ, ისიც ფრინავს "შუა ცაში"), და აუწყებს "მიწის მკვიდრთ, ყოველ ტომსა და ხალხს, ენასა და ერს" (გამოცხ. 14:6), რომელიღაც "დიდი ქალაქის" დაცემას, რომელსაც "ბაბილონი" ეწოდება. ხოლო რადგან არც 14-ე თავში, არც გამოცხადების მთელ წიგნში პირდაპირი პასუხი არ გვავს კითხვაზე, თუ რომელი ქალაქია ეს და სად იმოფება, - სხვადასხვა კომენტატორი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში ამ ხატებაში ხედავდნენ ცალკეულ ქალაქებსა და ქვეყნებს, მთელ იმპერიებსაც, სხვადასხვა უკეთურ (მათი აზრით) ორგანიზაციათა კრებით სახეს, პოლიტიკურ სისტემებს, ეკონომიკურ კავშირებს და სხვა.
(აქ შეიძება ვახსენოთ მრავალი სექტანტის გადაულახავი ლტოლვა "ბაბილონის" და "ბაბილონური მეძავის" როლი მიანიჭონ მხოლოდ იმათ, ვინც ამხელს თავად მათვე მწვალებლობას, - ხოლო ნამდვილი "სიძვის რისხვა", რომლითაც აღსავსეა ძველი სამყარო, მსგავს "ღვთისმეტყველებას" თითქოსდა ვერ ხედავს, რადგან ნებისმიერი სიტყვა და მოქმედება, რომელიც ასეთ კომენტატორებს არ ამხელს, მათ მიერ არც თუ საძრახისად ფასდება).
ამასთან ადრე უკვე აღინიშნა, რომ "კრებითი ბაბილონი" სხვა უკეთურ ქალაქებთან ერთად მონიშნული იყო "დიდი ქალაქის" სიმბოლოში, რომელიც ნახსენები იყო გამოცხადების 11-ე თავში (11:7-8), - და, რაც არც ისე აშკარაა, წინასწარმეტყველური კავშირით ზაქარიას წიგნთან, ირიბად მოიხსენიებოდა "ბაბილონური ოქროსგან დამზადებულ სატაძრო გვირგვინებში", რომლებსაც მუდმივად იხსნიან თავიანთი თავიდან ზეციური მხცოვნები და ამ გვირგვინებს დებენ ტახტზე მჯდომის წინაშე (შეად.: ზაქ. 6:9-11; გამოცხ. 4:4, 10).
და მაინც, მიუხედავად ამისა, ბუკვალური სახელწოდება "ბაბილონი" პირველად ისმის მხოლოდ გამოცხ. 14:8-ში, ტანაც ეს "დიდი ბაბილონი" წარმოგვიდგება არა, როგორც "მზარდი" ან "გამაგრებადი" ქალაქი, არამედ, როგორც უკვე "დაცემული", თუმცა თავის დაცემამდე ის სადღაც და როგორღაც არსებობდა, როგორღაც მიაღწია სიდიადეს, ასე რომ ამბავით მისი დაცემის შესახებ მთავრდება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული ისტორია.
(მრავალი კომენტატორი გვთავაზობს ეს ეპიზოდი აღვიქვათ, როგორც წინასწარმეტყველება დედამიწის ერთ-ერთი ქალაქის ან ცალკეული ქვეყნის ბუკვალური დანგრევის შესახებ. მაგრამ მსგავსი დასკვნა არ შეიძლება ვაღიაროთ მართებულად მინიმუმ იმ მიზეზის გამო, რომ მსოფლიოს არც ერთი ქალაქი და არც ერთი თანამედროვე სახელმწიფო არაფრითაა სხვაზე უარესი, ამიტომაც არ შეიძლება მტკიცება, თითქოსდა მხოლოდ და მხოლოდ მათ ასვეს "თავიანთი სიძვის რისხვის ღვინო" დედამიწის ხალხებს (გამონაკლისის გარეშე) არა ჰიპერბოლური თვალსაზრისით, არამედ ბიბლიური სიზუსტით და ბიბლიური მასშტაბით.
ხოლო რადგან "სიძვის ღვინო", როგორც ცნებას შეიძლება გააჩნდეს სიმბოლურ-კრებითი აზრი, რომელიც მოიცავს არა რომელიღაც დანაშაულობებს, არამედ მთელ შესაძლო მსოფლიო ბოროტებას, - ერთი მიწიერი ქალაქის დადანაშაულება ან თუნდაც მთელი ქვეყნისა იმაში, რომ ვიღაცამ მათგან "ცალკე" შეძლო საკუთარ თავში მოექცია ყველა მიწიერი სისაძაგლე (გამონაკლისის გარეშე) და აღასრულა ყველა შესაძლო ისტორიული დანაშაულობა, აშკარად გადაჭარბებულია, მაშასადამე, აბსოლუტური აზრით არა თუ უზუსტოა, არამედ აშკარად უსამართლოცაა.
მეორე მხრივ, თუკი "დიდ ბაბილონში" მართლაც იგულისხმება მხოლოდ ერთი ბუკვალური ქალაქი, - ეს მიმანიშნებელი იქნებოდა იმისა, რომ ყველა სხვა მიწიერ ქალაქს მსგავსი ბრალდება უკვე აღარ დაეკისრება. და ესეც დაარღვევდა სრული საღმრთო სამართლიანობის პრინციპს, რადგან აშკარაა, რომ სულიერი სიძვის დანაშაული სამართლიანად უნდა გადანაწილდეს ყველა ბუკვალურ ქალაქზე და ყველა ქვეყანაზე, სადაც კი ყვავის სხვადასხვა სახის ურჯულოება და სისაძაგლე.
ამიტომ, სრულიად ცხადია, რომ "დიდი ბაბილონის" სახე უნდა აღწევდეს იმ აზრობრივ დონეს, სადაც გამოცხადების მოწმობა ხდება არა უბრალოდ "პრინციპულად "სწორი", არამედ აბსოლუტურად სამართლიანიც.
აქედან კი გამომდინარეობს ერთადერთი შესაძლო წინასწარი დასკვნა, რომ ბაბილონის ხატებაში აღწერილია არა ცალკეული ქალაქები და ქვეყნები, არა რომელიღაც "ცრუ რელიგია", როგორც ამას მიიჩნევენ სხვადასხვა სექტებში, არამედ რაღაც უფრო ძველი და უფრო მასშტაბური).
ასეა თუ ისე, პირველი მფრინავი ანგელოზის მოწმობა, რომელიც ეძღვნება "მარადიულ სახარებას" და "განკითხვის დღეს" (გამოცხ. 14:6-7), არ ნიშნავს შესაბამის მოვლენათა დაუყოვნებლივ და სრულ განხორციელებას ხილულ სამყაროში თუნდაც იმ მიზეზით, რომ შემდეგ "შუაგულ ცაში" პირველ ანგელოზს მოჰყვება კიდევ ორი ანგელოზი, - "სამმაგი" ზეციური უწყების შემდეგ გამოცხადების წიგნში ჟღერს სიტყვები: "აქ არის წმიდათა რწმენა და მოთმინება" (გამოცხ. 14:12), რომლებიც ვარაუდობენ "რწმენაში დგომას" და მოთმინებით მოლოდინს.
გარდა ამისა, სრულიად ცხადია, რომ "მარადიული სახარების" ქადაგება გულისხმობს არა მარტო შესაძლებლობას, არამედ დროსაც, რაც აუცილებელია რწმენისთვის, სინანულისთვის და სრული საკუთარი ხსნისთვის, - ხოლო მსგავსი რამ არ ხდება მომენტალურად (მეტიც, აბსოლუტური აზრით ამას ეძღვნება მთელი ადამიანური ცხოვრება). ამიტომაც შეიძლება ვამტკიცოთ, რომ პირველი ანგელოზის მოწმობა ქრისტეში ხსნისა და "განკითხვის ჟამის" შესახებ ეს არის წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც განსაზღვრავს და აღწერს არა იმდენად მომავლის რომელიღაც მოკლე მომენტს, რამდენადაც სულიერ რეალობას, ერთიანს მთელი ახალაღთქმისეული დროებისთვის.
შესაბამისად, მეორე ზეციური უწყებაც აღქმულ უნდა იქნას იმავენაირად: არა როგორც "ზეციური ღილაკი", რომელზე დაჭერითაც ბუკვალურად ინგრევა და "ეცემა", რომელიღაც მიწიერი ქალაქი, - არამედ, როგორც წინასწარმეტყველური სიტყვა ახალაღთქმისეული დროებისა, რომელიც განსაზღვრავს იმ უცვალებელ დაცემულ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება მთელი ძველი ქვეყნიერება და, რომელიც უკვე აღარ შეიცვლება მაცხოვრის მეორედ მოსვლის დღემდე (ინ. 12:31; 1 ინ. 5:19 და სხვა).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეორე ანგელოზის ცნობა პირდაპირ აგრძელებს "მარადიული სახარების" მოწმობას და იუწყება ქრისტეს ეკლესიის საპირისპირო უკეთურების ხვედრს, ანუ იმათ ხვედრს, ვისაც არ ესმის და ვინც არ ასრულებს იმას, რისკენაც მოუწოდებს მთელ კაცობრიობას პირველი მფრინავი ანგელოზი, - ხოლო სიტყვებში "დაემხო, დაემხო ბაბილონი", გამოხატულია არა ერთდროული ლოკალური მოვლენა, არამედ მსოფლიო დადასტურება იმის შესახებ, რომ მარადიული სახარების შუქზე უკეთურებისა და ურწმუნოების განკითხვა უკვე აღსრულდა, და რომ ამ მსჯავრმა მსოფლიო უკეთურებას განუხრელი მარადიული დაცემის ხვედრი განუსაზღვრა, შეად.:
"სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი. სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი (ინ. 3:19-21).
"ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული" (1 ინ. 5:19).
რაც შეეხება გამოცხადების მოწმობებისთვის დამახასიათებელ წინასახეობრივ ხატებათა "ეტაპობრივ გახსნას", რომელიც ძველი აღთქმის წმიდა ტექსტებშია მოცემული, - მეორე ანგელოზის სიტყვა ზუსტად შეესაბამება ბაბილონისადმი ნათქვამ ესაიას წინასწარმეტყველებას:
"აჰა, მოდის ეტლიონი, დაწყვილებული ცხენოსნები! კვლავ თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი და ყველა კერპი მისი ღმერთებისა მიწას დაენარცხა" (ეს. 21:9).
(შეად.: "და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც
ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან
გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები" (გამოცხ. 12:9)).
გარდა ამისა, გამოცხ. 14:8-ში ახალაღთქმისეული აზრით გრძელდება და მთავრდება იერემიას წიგნის წინასწარმეტყველური "გოდება ბაბილონზე", შეად.:
"გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავის თავს უშველოს. არ დაიღუპოთ მისი სასჯელით, რადგან ეს უფლის განკითხვის ჟამია, ის მიუზღავს მას სამაგიეროს. ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში მთელი ქვეყნის დამათრობელი; მის ღვინოს სვამდნენ ხალხები. უეცრად დაეცა ბაბილონი და დაილეწა; ივალალეთ მასზე, მოიღეთ ბალსამონი მისი ჭრილობისთვის, იქნებ განიკურნოს. ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა; მოეშვით და წავიდეთ ჩვენ-ჩვენ ქვეყანაში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია" (იერ. 51:6-9).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ გამოცხადების წიგნის 14-ე თავში მოცემული "მარადიული სახარების" ხატება ყველა აზრით შეესაბამება "ბაბილონის კურნებას", რომელზეც იერემიას წინასწარმეტყველებაშია ლაპარაკი (იერ. 51:9), - მაგრამ თვით "ბაბილონი" ყოველთვის უარყოფდა და დღემდე უარყოფს ნებისმიერ შეგონებას და მისი კურნებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
რაც შეეხება "სიძვის ღვინოს" და ამ ღვინით ყველა ხალხის "დათრობას" - ამ სიმბოლოს აზრი დეტალურად იქნება განხილული მომდევნო პუბლიკაციებში).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.