განმარტება - იოანეს გამოცხადების უმთავრესი "სატაძრო" მოწმობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
იოანეს გამოცხადების უმთავრესი "სატაძრო" მოწმობა
ძველაღთქმისეული კარავი
იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" მკითხველთა უმეტესობა, ფიქრობს რა იმ გასაოცარ და იდუმალ სახეებზე, რომლებიც იდუმალთმხილველს ზეციურ ხილვებში მიეცა, გონებრივ განსჯას იწყებს კითხვით "რა ხდება?" და "როდის მოხდება?"
 
მაგრამ ამ ახალაღთქმისეული მოვლენების გულისხმისყოფის მიახლება შესაძლებელია მარტო ერთი კითხვის დასმით: "სად ხდება ეს ყოველივე?" - ამ კითხვის პასუხია ხელთუქმნელი ზეციური ტაძრი, რომელშიც ახალი სრულყოფილი აღთქმის სულიერი რეალიები იხატება.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან გლობალურმა ახალაღთქმისეული რყევები შეეხო სამყაროს ყველა სულიერ დონეს; აღთქმის შეცვლით შეიცვალა არა მარტო სატაძრო მოწყობა, არა მარტო საღვთისმსახურებო წეს-განგებები, - არამედ, უპირველეს ყოვლისა, თვით ტაძრისა და სატაძრო მღვდელმსახურების არსიც. და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც "კაცის ხელით მსახურებამ" ხელთქმნილ ტაძრებში და აღთქმის კიდობანთან თავისი საკრალური აზრი დაკარგა (იხ. საქმე 17:24-25), ცვლილებები შეეხო ტაძრის მსახურებსაც, "კანონიერ" და ზნეობრივ განწესებებსაც და ა. შ.
 
მაგრამ ამ ცვლილებათა უპირველესად ღმრთის ერს უნდა გამოცხადებოდა სრულიად ახალი სრულყოფილი ტაძარი, რომელიც განსაზღვრავდა და განახორციელებდა ახალი სრულყოფილი აღთქმის ხარისხსა და მდგომარეობას.
 
შესაბამისად, უკვე თვით ის ფაქტი, რომ სიონზე მყარდება დიდი ზეციური კარავი, რომლის ცენტრში გამოცხადებულია საკვირველი კრავი, უდიდესი ღვთაებრივი მოწმობაა უფალ იესუ ქრისტეში ყველა ძველაღთქმისეუილ წინასწარმეტყველების აღსრულებისა გამონაკლისის გარეშე, რომლებიც იუწყებოდნენ მესიის მოსვლას, ახალი აღთქმის დადებას და ხალხისთვის ახალი ტაძრის ჩუქებას, რომელიც ჭეშმარიტი ღვთაებრივი დიდებით იქნებოდა აღსავსე (შეად. - ებრ. 8:2; 9:11-12; 10:15-23 და ა. შ.).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამ საყოველთაო კარვის "ზეციური" განლაგება არა თუ არ ეწინააღმდეგება ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს, არამედ, პირიქით, მათ აზრს უფრო მარტივად და გასაგებად წარმოაჩენს.

ამასთან, ისინი, ვინც თავს მორწმუნეს უწოდებს, მაგრამ არ აღიარებს ზეციური კარვის რეალურობას, მით არა მარტო ახალი აღთქმის სულიერ რეალურობას უარყოფს, არამედ ერთ-ერთ უდიადეს ბიბლიურ მოწმობასაც კაცობრიობის მაცხვრის პიროვნებისა და მისიის შესახებ).
გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე არსებითი მნიშვნელობა ეკლესიის მიერ ნაუწყები სახარებისა მდგომარეობს იმაში, რომ უფალ იესუ ქრისტეში კაცობრიობას მოევლინა არა სულიერ ჭეშმარიტებათა "აჩრდილი და წინასახე", არამედ თვით ღვთაებრივი ჭეშმარიტება (ინ. 1:9-14; 1 ინ. 1:1-3).
 
ამიტომაც, თუკი ჩვენს საუკუნეს ქრისტიანულად შევხედავთ, როგორც დროებას, როდესაც ძველაღთქმისეულმა "აჩრდილმა და წინასახემ", თავისი დანიშნულება შეასრულა, ადგილი დაუთმო ჭეშმარიტ მნიშვნელობებს, - საღმრთო აღმშენებლობის მთელი ახალაღთქმისეული ეტაპი უნდა გავიგოთ და აღვიქვათ, როგორც დრო ღმრთის ერის ჭეშმარიტი განწმენდისა რეალურ ზეციურ კარავში (ტაძარში), იესუ ქრისტეს მღვდელმთავრობის მეშვეობით (იხ. 1 ტიმ. 2:5), რომელიც აღვიდა ზეცად და გააღო ზეციური საწმიდარის შესასვლელი კაცთა მოდგმის საცხოვნებლად, შეად.:
 
"ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესუს სისხლის მეოხებით, ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით, და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში, მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი" (ებრ. 10:19-22).
 
ხოლო რადგან მრავალი ახალაღთქმისეული ტექსტი მოწმობს იმაზე, რომ ზეციური კარავიც ასევე იყოფა საწმიდრად (ებრ. 9:12; 10:19; გამოცხ. 11:1-2) და "გახსნილი ფარდა" (ებრ. 6:19; 10:20), რომელშიც იმყოფება "სასანთლეები" (გამოცხ. 1:12; 2:1; 4:5) და სამსხვერპლო (ებრ. 13:15; გამოცხ. 6:9; 8:3-5), და ა. შ., ახალაღთქმისეული ხელთუქმნელი ტაძარი იინარჩუნებს ძველაღთმისეული ტაძრის ერთგვარ მსგავსებას, - მასში აღსრულებული ყველა მოვლენა სწორედ ამ მსგავსებათა მეშვეობით უნდა იქნას აღქმული: როგორც იმ წინასახეობრივ მატერიალურ ფორმათა ჭეშმარიტი მიზნებისა და მნიშვნელობების ახალაღთქმისეული აღსრულება, რომლებიც მონიშნული იყო ხელთქმნილ კარავსა და ლევიტელთა სამღვდლო მსახურებაში.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "გამოცხადების ზეციური კარვის" ყველა დეტალი და ატრიბუტი უნდა აღვიქვათ, როგორც "ახლები ძველთან მიმართებაში", - და მათში დავინახოთ პირდაპირი და უწყვეტი გაგრძელება იმ არსებითი მნიშვნელობებისა, რომლებიც ნაწილობრივ, "ზეციურის აჩრდილისა და წინახატის" სახით, მონიშნული იყო მოსეს ძველაღთქმისეული ტაძრის წეს-განგებებსა და აგებულებაში.
(მკაცრად რომ ვთქვათ, ისტორიულ პირველობას აქ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და უფრო ზუსტი იქნება მტკიცებულება, რომ ხელთქმნილი კარავი, რომელიც მომავალ რეალობაზე მიუთითებდა, მაგრამ თავად საკუთარ თავში არ განახორციელებდა მას, წარმოადგენდა "მომავლის აჩრდილს" და გააჩნდა ზეციური ტაძრის გარკვეული მსგავსება, რომელიც გამოცხადების იდუმალთმხილველმა იხილა).
ამასთან საფუძველშივე არასწორი იქნებოდა ამგვარი მსგავსებანი დაგვეყვანა სრულ ანალოგიებამდე, და ზეციურ კარავში მიმდინარე მოვლენები ბუკვალურ ასახვად მიგვეჩნია იმ პრინციპებისა და სქემებისა, რომლებიც მონიშნული იყო ძველაღთქმისეულ ხატებებში. ახალი აღთქმის დაფუძნებით სამყარო უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც ის ძველაღთქმისეულ პერიოდში იყო, არამედ ის, რაც უნდა მომხდარიყო ნაწილობრივ განხორციელდა "წარსულსა" და "აწმყოში", - ასე რომ ზეციური ტაძრის ხატებები შეუძლებელია "წავიკითხოთ" მხოლოდ მოსეს სჯულის კანონებისა და წეს-განგებების პირდაპირი ანალოგიების მეშვეობით.
 
გარდა ამისა, ზეციურ "სატაძრო" სახეებს უნდა შევხედოთ არა "ცალ-ცალკე", არამედ ერთიანი კრებითი მზერით, - ანუ ისე, რომ არ გავყოთ ისინი ერთმანეთთან დაუკავშირებელ დეტალებად და ელემენტებად, არამედ მათში და თვით ზეციურ ტაძარში, ყველა მის ატრიბუტში, და მასში მიმდინარე მოვლენებში დავინახოთ ერთიანი პროცესი, რომელიც მოიცავს ახალაღთქმისეული სულიერი რეალობის ყველა მოვლენას და ასპექტს.
 
ასეა თუ ისე, თუკი განვიხილავთ ყველა "სატაძრო" მოწმობას გამოცხადების წიგნიდან მის ერთიან ჩამონათვალში, შევნიშნავთ, რომ ზეციური ტაძარი წიგნში (გამოცხადებაში) მოიხსენიება შემდეგ კონტექსტებში:
 
1. სულიერ ბრძოლაში გამარჯვებული უფალი "სვეტად" აღმართავს ზეციურ ტაძარს, ასე რომ მისი "სატაძრო" ადგილი და მდგომარეობა არის ურყევი (გამოცხ. 3:12).

2. ვინც გაიარა "დიდი ჭირვება" და ქრისტეს სისხლით განასპეტაკა თავისი სამოსი შევა ზეციურ ტაძარში. ისინი იქნებიან "ღმრთის საყდრის წინაშე, და დღე და ღამ ემსახურებიან მას მის ტაძარში" (გამოცხ. 7:15).

3. მორწმუნეები იდუმალთმხილველის სახით თავიანთთვის "გაზომავენ" ამ ტაძარს, ანუ დაინახავენ მასში ახალაღთქმისეული სულიერი რეალობის ხატს. ხოლო ის, რომ ტაძრის "გარეთა ეზო" არ გაიზომება, რადგან "მიეცა წარმართთ", მოწმობს იმაზე, რომ ყველა სივრცე, რომელიც არ ეკუთვნის ტაძარს (ანუ "ეს ქვეყანა"), უსჯულოებაშია დანთქმული, და, როგორც "სულიერი განზომილების" წარმავალი მოვლენა უნდა წარხდეს (გამოცხ. 11:1-2 შეად. – "მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ" (ებრ. 13:13)).

4. ზეციურ ტაძარში იმყოფება განსაკუთრებული "აღთქმის კიდობანი", რომელიც სახარების მიხედვით არის თვით უფალი (შეად. – "მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში" (გამოცხ. 11:19)).

5. ზეციური ტაძრიდან მოდის უწყება საყოველთაო სულიერი მკის დადგომაზე: "გამოვიდა მეორე ანგელოზი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბელზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად..." (გამოცხ. 14:15-18)).

6. ზეციური ტაძრიდან იღვრება ღმრთის რისხვა მთელ ხილულ და უხილავ სამყაროზე: "და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა" (გამოცხ. 16:1, შეად.: გამოცხ. 15:5-8; ფსალმ. 10:4-6).

7. ზეციური ტაძრიდან გამოდის ხმა, რომელიც ჟამთა აღსასრულს გვაუწყებს: "მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა" (გამოცხ. 16:17); "ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: ... და კვლავ მითხრა მე: აღსრულდა..." (გამოცხ. 21:5-6).
 
ზეციური ტაძარი, როგორც ერთგვარი განკერძოებული ცნება თავის არსებობას წყვეტს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მთელი სამყარო წარდგება, როგორც ერთიანი საღმრთო სამეფო, რომელშიც არაფერია უწმინდური და წყეული (გამოცხ. 21:7; 22:3), არამედ ყველაფერი იმყოფება უცვალებელ და სრულყოფილ მდგომარეობაში: "ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი" (გამოცხ. 21:22).


მასალა მომზ
დებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому