განმარტება - იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების "კატასტროფული" აღქმის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების "კატასტროფული" აღქმის შესახებ
უკანასკნელი ჟამის აპოკალიპტური მოვლენები
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების უგუნურ-ბუკვალური განმარტების ერთ-ერთი გარდაუვალი შედეგი გახლავთ შემდეგი სახის დასკვნა: რადგან არც წარსულში, არც აწმყოში არაფერი იქიდან, რაც აღწერილია წიგნში ჯერაც არ მომხდარა, - ყველა მისი სიმბოლო და მეტაფორა უნდა განეკუთვნებოდეს მხოლოდ უახლოეს ან შორეულ მომავალს.
(ასეთი შეცდომა ყველაზე მეტად ახასიათებს "საკუთარი ჭკუით მოქმედ მკვლევრებს", რომელთაც ყოველგვარი კავშირი ისტორიულ ეკლესიასთან გაწყვეტილი აქვთ).
ამასთან, მსგავსი თეორიის მომხრეები არ ამტკიცებენ, რომ მომავალში ყველა წინასწარმეტყველება (გამონაკლისის გარეშე) ბუკვალურად აღსრულდება, - და, გადადიან რა საკუთარი ვარაუდების აღწერაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყოველივე, მიმართავენ არა მარტო ბუკვალურ, არამედ სიმბოლურ განმარტებებსაც.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამგვარი მიდგომის დროს, აპოკალიფსისის მკაფიო წინასწარმეტყველურ სიმბოლოთა აშკარა განხორციელების არარსებობა ხილულ რეალობაში გამოიყენება მტკიცებულების საფუძვლად, რომლის მიხედვითაც "ეს ყველაფერი მომავალში მოხდება". მაგრამ როგორც კი ლაპარაკი დაიწყება იმაზე, თუ როგორ მოხდება "ეს ყველაფერი" მომავალში, - ყველაზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამგვარი კომენტატორები მომავლის საკუთარი ვერსიების გაჟღერებისას ბუკვალური ჩარჩოებით უკვე აღარ იფარგლებიან.
(თანაც, სანამ ლაპარაკი წავიდოდეს მომავლის აშკარად "ფანტაზიურ" ვერსიებზე, ამგვარი პოზიციის კრიტიკა საკმაოდ რთულია: კრიტიკისთვის აშკარა მიზეზებს ის ჯერ კიდევ არ იძლევა იმ მიზეზით, რომ თუკი წარსული 2000 ახალაღთქმისეული წლის განმავლობაში გამოცხადების წიგნში ნაწინასწარმეტყველევთაგან ბევრი რამ ჯერაც არ აღსრულებულა, - საკუთარი განმარტებების რაიმე ობიექტური საფუძვლების მოთხოვნა "კომენტატორთაგან" შეუძლებელია... რადგან თუკი "ჯერაც არაფერი დაწყებულა", მაშინ "დასამტკიცებელიც არაფერია").
მეორე მხრივ, ლოგიკური პოზიციიდან "ეს ყველაფერი მომავალში მოხდება", ძალიან მოხერხებულია მოითხოვო საფუძვლები და მტკიცებულებები მათგან, ვინც ირწმუნება, რომ აპოკალიფსისის აქტუალობა მთელ ახალაღთქმისეულ პერიოდს მოიცავს. ხოლო თუ ამგვარი გაგების სასარგებლოდ რაიმე არგუმენტი იქნება დამოწმებული, - თორიის "ეს ყველაფერი მომავალში მოხდებას" მომხრეები ყოველთვის იტყვიან, რომ "ეს ძალზედ არადამაჯერებელია..." და როგორც კი დაწერილიდან რაღაც ნამდვილად დაიწყებს აღსრულებას, - ის აშკარა გახდება ყველასთვის და არა მარტო თავისთავად დადასტურდება, არამედ გაამყარებს იმათ სიმართლესაც, ვინც აქამდე ამტკიცებდა, რომ "ჯერაც არაფერი დაწყებულა".
(ამასთან ის ვითარება, რომ "უფლის დღე ღამის ქურდივით მოვა" (1 თესალონიკ. 5:2), მსგავსი მსჯელობების კონტექსტში უბრალოდ ინგორირებულია).
მაგრამ ზემოთაღწერილ მიდგომას თუ ახალი აღთქმის სულისკვეთებით განვიხილავთ, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ თეორია "ეს ყველაფერი მომავალში მოხდება" გონებრივ სიცარიელეში იმყოფება, - ანუ ზოგიერთი ადამიანის შინაგან უუნარობაში დაინახოს და შეიგნოს ის ფორმები და მეთოდები, რომელთა შესაბამისადაც გამოცხადების მნიშვნელობები უკვე დღესვე სრულდებიან, როგორც ჩვენს გარემომცველ სამყაროში, ასევე "შინაგან ადამიანშიც". ასე რომ ამ აზრით სწორედ ხორციელი ადამიანისთვის დამახასიათებელი "სულიერი სიბრმავე" გახლავთ უმთავრესი მიზეზი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ადამიანი აპოკალიფსისის ყველა მოვლენას მხოლოდ ჯერ კიდევ არ მოწევნულ უკანასკნელ წლებს, დღეებსა და საათებს განაკუთვნებს.
 
რაც შეეხება ამ "აპოკალიპტური მომავლის" სხვადასხვა სავარაუდო ვერსიას, - იმ მსმენელთა გადარწმუნება ცთომილი შეხედულებებიდან, რომლებიც მსგავს განმარტებებს და ქადაგებებს სერიოზულად აღიქვამენ, ძალიან ძნელი იქნება. ასე ხდება იმიტომ, რომ ამგვარი მიდგომის სპეციფიიკიდან გამომდინარე, მისი უდავო უარყოფა შეიძლება გაჩნდეს არა უადრეს იმისა, სანამ სრულიად ცხადი გახდება, რომ ცრუ "კომენტატორთა" მიერ გაჟღერებული მოლოდინი არასოდეს განხორციელდება, - ხოლო აპოკალიპტური მოვლენების მოლოდინისთვის არანაირი დრო რომ არ დარჩეს, უნდა მოხდეს "თვით აპოკალიფსისი".
 
შესაბამისად, თუკი ამგვარი მიდგომის ჩარჩოებში შეთავაზებული განმარტება მცდარი აღმოჩნდება, - ყველა ისინი, ვინც იღებენ და იზიარებენ მსგავს თეორიებს, თავიანთ ცთომილებაში ძველი სამყაროს უკანასკნელ დღემდე და საათამდე დარჩებიან.
 
ამასთან, თვით "კომენტატორები", რომლებიც გაუფრთხილებელ ადამიანებს არწმუნებენ იმაში, რომ გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველებები და მნიშვნელობები მხოლოდ მომავალში მოხდება, აწმყო დროში, როგორც ისინი ფიქრობენ, არაფრით რისკავენ. და ამას ნაწილობრივ შეიძლება დავეთანხმოთ: დღეისთვის (აწმყოში) მათ "საღვთისმეტყველო" ავტორიტეტს მართლაც არაფერი ემუქრება.
 
მაგრამ სულიერი თვალსაზრისით მსგავსი განმარტებები არცთუ უსაფრთხოა, რადგან წარმოადგენს ცრუწინასწარმეტყველების ერთ-ერთ ფორმას. იმავე სქემით ხომ ძველაღთქმისეულ ცრუწინასწარმეტყველთაც შეეძლოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში მოეთხროთ მოვლენებზე, რომლებიც არასოდეს აღსრულდებოდა, - ხოლო ხალხის შეკითხვაზე "მაშ, სად არის აღთქმული?" ეპასუხნათ, რომ "ჯერ კიდევ დრო არ მოსულა... მაგრამ, როდესაც დადგება ამისი დრო, თქვენ თვითონ საკუთარი თვალით ნახავთ... ამავდროულად მეც გაგახსენდებით". ამიტომ, ესოდენ პრიმიტიული სიცრუის გამოსარიცხად ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველურ მსახურებაში ადამიანს უფლება არ ჰქონდა საკუთარი თავი წარმოეჩინა წინასწარმეტყველად, თუკი მას არ ექნებოდა ისეთი წინასწარმეტყველებები, რომელთა სინამდვილე დადასტურდებოდა პრინციპით "აქ და ახლა".
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმრთის ყოველი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი ვალდებული იყო სწორედ თავის დროებაში დაედასტურებინა თავისი წინასწარმეტყველური მსახურება - მხოლოდ ამგვარი დადასტურების შემდეგ აღიარებდა ხალხი მის საწინასწარმეტყველო მსახურებას, და იღებდა (ზოგჯერ კი არ იღებდა, მაგრამ ეს უკვე სხვა ასპექტია) მის მსახურებასაც, მის სიტყვასაც, რომელიც დაფარულსა და მომავალს ეხებოდა.
 
წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმარქვია "წინასწარმეტყველს" სწრაფი და გარდაუვალი მხილება ელოდა. შეად.:
 
"მოდგნენ და გაგვიცხადონ მოწევნადი. გამოგვიცხადეთ დასაბამი, რომ განვჭვრიტოთ და მივხვდეთ მის დასასრულს, ანდა მომავალი გვამცნეთ. გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ. ქმენით კეთილი, გინდა ბოროტი, რომ ვუყურებდეთ და ვხედავდეთ თქვენთან ერთად. აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით" (ძვ. ქართ.: "მოგეახლნედ და მიგითხრნედ თქუენ, რომელნი შეგემთხჳნენ თქუენ, ანუ პირველნი რანი იყვნეს, თქუთ, და ზედმივაწიოთ გონებაჲ და ვცნათ, რანი უკუანასკნელნი და ზედმომავალნი? მითხრენით ჩვენ, მიუთხრენით ზედმომავალნი უკანასკნელისა ზე და ვცნათ, ვითარმედ ღმერთნი ხართ, ქველის-მყოფლობდით და მეძჳრეობდით, და დაგჳკჳრდეს და ვიხილოთ ერთბამად, ვითარმედ ვინა ხართ თქუენ, და ვინა საქმიერობანი თქუენნი? ქუეყანისაგან საძაგელნი გამოგირჩინა თქუენ" (ესაია 41:22-24).
 
მართალია განკერძოებული წინასწარმეტყველური მსახურების დრო ძველ აღთქმასთან ერთად დასრულდა (შეად.: "რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე..." (ლუკა 16:16)ს - წინასწარმეტყველებანი მნიშვნელობათა უწყებისა და საღმრთო გამოცხადების ჭეშმარიტებათა სახით ახალაღთქმისეულ დროშიც არ შეწყვეტილან (საქმე2:8-11, 17-18; გამოცხ.19:10, და ა. შ.).

მეტიც, მსგავსი მსახურებისკენ არის მოწოდებული ქრისტეს ეკლესიის ყოველი წევრი.
(აქ აუცილებელია გაგება იმისა, რომ თვით წინასწარმეტყველების ცნება ძველ აღთქმასთან შედარებით იძენს სისავსის აზრს, და დღეს მომავლის წინასწარმეტყველებაზე მეტად აწმყოს სწორ გააზრებას ნიშნავს. შესაბამისად, სახარების დროინდელ წინასწარმეტყველებას წარმოადგენს ყოველგვარი სწორი ქრისტიანული მოწმობა, ან ჭეშმარიტების სიტყვა, ან კიდევ ქრისტიანული სათნოებისა და ქრისტიანული გააზრების გამოვლინება და ა. შ.)
მაგრამ "ცრუწინასწარმეტყველების" ცნებამ ახალაღთქმისეულ დროში უფრო ვრცელი აზრი მიიღო, და არ იფარგლება მომავლის არასწორი წინასწარმეტყველებით. ამიტომაც ბუნდოვანი განმარტებებისა და "მომავლის ვერსიების" მიღება, რომლებიც არსებითად წარმოადგენენ რწმენის მოწმობებს (ანუ ახალაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს), შესაძლოა მხოლოდ მათგან, ვისი ჭეშმარიტებაში დამკვიდრებაc ზეგარდმოა ბოძებული (ანუ ქრისტეს ეკლესიაში განდიდებულ უფლის წმინდანთაგან). რადგან მხოლოდ ამგვარ ადამიანებთან მიმართებაში შეიძლევა ვამტკიცოთ, რომ გამოცხადების წიგნის ზოგიერთი ფრაგმენტის არაზუსტი განმარტების შემთხვევაშიც კი (რასაც, გარკვეულწილად ვხვდებით კიდეც), ისინი არ სცოდავენ ქრისტიანული სწავლების მოწმობაში, და თავიანთ მსმენელებს თავს არ ახვევენ სახარებისეული ჭეშმარიტების დამახინჯებულ და დამაზიანებელ მნიშვნელობებს. ხოლო ყველა სხვა კომენტატორებსა და "წინასწარმეტყველებს" დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ (შეად.: მათე 24:11, 1 იოანე 4:1 და სხვა).
(მითუმეტეს, უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც კომენტარები არ უღრმავდებიან დეტალებს, და არ იმოსებიან "ვიწრო" საღვთისმეტყველო აზრებით, არამედ რჩებიან საზოგადო დამრიგებლურ, ზნეობრივ და დამმოძღვრელ დონეზე, - მათდამი მკაცრი მოთხოვნები შეიძლება მოვხსნათ).
 
ძირითადად სწორედ ასე განმარტავდა გამოცხადების წიგნს ისტორიული ეკლესია: არ ცდილობდა საჯარო ქადაგებებში განემარტა გამოცხადების საკმაოდ რთული საღვთისმეტყველო დეტალები, - არამედ, წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებს მიაქცევდა ადამიანის შინაგანი სამყაროსადმი იმგვარად, რათა ქადაგების ადრესატებს რეალური, პრაქტიკული სარგებლობა მიეღოთ "აქ და ახლა".
 
ცხადია, რომ სწორი სამოძღვრო და დამრიგებლური განმარტებები ყოველთვის ქრისტიანულად დარჩება, და მათ არაფერი აქვთ საერთო ადამიანურ ფანტაზიებთან).
რაც შეეხება სიფრთხილეს შემოთავაზებულ განმარტებათა წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებთან მიმართებაში, - ასეთ სიფრთხილეს თან უნდა ახლდეს გააზრება იმისა, რომ აწმყო დროში არ არსებობს საიმედო მეთოდი "კომენტირებულის" გადამოწმებისა იმ თეორიის ფარგლებში, რომელიც გამოცხადების ყველა მოვლენას ერთგვარ "აპოკალიპტურ" მომავალს მიაწერს.
 
ხოლო თვით ფორმულირება "ეს ყველაფერი მომავალში მოხდება", რომელიც გამოცხადების წიგნის დაწერიდან უკვე 2000 წელია გაისმის, პირდაპირ ეწინააღმდეგება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მარტივ და გასაგებ მტკიცებულებას: "ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 22:6-7).

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.
Назад к содержимому