განმარტება - I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები - აპოკ_22_1_21 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
I-VIII საუკუნეების მამათა და სხვა ავტორთა ბიბლიური კომენტარები
ღმრთის სასუფეველი და ხე სიცოცხლისა

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება

თავი 22

ღმრთის სასუფეველი და ხე სიცოცხლისა

22:1-5


ახ. ქართ.:
 
1. და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
 
2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.
   
3. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.
 
4. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი.
   
5. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
   
 
ძვ. ქართ.:
 
1. და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაჲ, ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა.
 
2. შორის სივრცესა მის ქალაქისასა, და მდინარისა მის ამიერ და წიაღ, ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თუეთა მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა.
 
3. და ყოველი წყევაჲ არა იყოს მუნ. და საყდარი იგი ღმრთისაჲ და კრავისაჲ მას შინა იყოს. და მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას.
 
4. და იხილონ პირი მისი, და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა.
 
5. და ღამე არა იყოს მუნ, და არა საჴმარ იყოს ნათელი და მზე, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: მადლის წყარო მისაწვდომი ხდება ქრისტე-კრავის განკაცების მეშვეობით (იერონიმე სტრიდონელი). სიცოცხლის წყარო - ქრისტეა (აპრინგიუსი). სიცოცხლის მდინარე - ქრისტეს ნიჭებია (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი). მდინარე - ეკლესიის წყარო ეკლესიის შუაში (კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი). წყარო-მდინარის ნაპირები - ორი აღთქმაა. ხეები მდინარის გასწვრივ, ორივე მხარეზე, - ქრისტე მაცხოვარია; ხეთა ფოთლები - მისი სიტყვებია, ხალხებს რომ კურნავენ. თორმეტი თვე - უფლის მოციქულებია (იერონიმე სტრიდონელი, აპრინგიუსი), რომელიც თავის წმინდანებში ცხოვრობს (ეკუმენიოსი, პრიმაზიუსი).
 
წერილი - რწმენის წამალია (იერონიმე სტრიდონელი). სიცოცხლის ფოთლები - ქრისტესთან შეერთებული წინასწარმეტყველები, პატრიარქები, მოციქულები და მოწამეებია (ეკუმენიოსი). სხვადასხვა ჯილდო ეკუთვნით მორწმუნეებს ჭეშმარიტებაში მათი განათლებისდა მიხედვით (ანდრია კესარიელი). იერუსალიმში იქნება ღმრთის სამეფო, სადაც წმინდანები ემსახურებიან ღმერთს (ეკუმენიოსი) და სადაც უკვე აღარაფერი იქნება წყეული (ანდრია კესარიელი). ღმრთის პირისახე - წმინდანთათვის სულიწმიდის მიერ მისი გამოცხადების სიმბოლოა (პრიმაზიუსი), როდესაც მას პირისპირ იხილავენ, როგორც თაბორის მთაზე (ანდრია კესარიელი). რწმენის ჯილდო - ეს ღმრთის ხილვაა (ბედა პატივდებული). საღმრთო ნათელი შეცვლის ყოველგვარ ცოდნასა და ნათელს (აპრინგიუსი, ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული).
 
 
***
 
 
1. და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
   
 
რწმენა და მადლი
   
გაითვალისწინე, რომ მადლის წყარო ენტრალური ნაწილიდან იღებს სათავეს. ეს წყარო ტახტიდან მხოლოდ მაშინ მოედინება, როდესაც კრავი დგას მის წინაშე: თუ არ გვწამს ქრისტეს ხორცშესხმისა, მაშინ ამ მადლისგან ვერ მივიღებთ.
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი, ტრაქტატი ფსალმუნებზე.
 

სიცოცხლის წყალი
 
სიცოცხლის წყალი - უფალი იესუ ქრისტეა. ამ წყლის შესახებ მან სამარიელ ქალს უთხრა: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ (ინ. 4:10), რომელიც არის ცოდნა მისი ღმერთობისა და სრულყოფილებია წმინდა რწმენისა, რადგან მასზე ნათქვამია: რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა (ფსალმ. 35:10).
 
რადგან მასთან ერთად დაიმარხნენ ნათლობის წყალობით, როგორც მოციქული ამბობს: მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით (რომ. 6:4). ამიტომ სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, და სრულიად წმინდა, უნეტარესი ნათლობის (საიდუმლოს) განმწმენდელი სინათლე. და ის ფაქტი, რომ ის მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან, ნათქვამია იმიტომ, რომ მისგან არის განწმენდა, მისგან არის სიცოცხლე, მისგან ხდება ყოველგვარი გამართლება და ნათლობის (საიდუმლოს) განწმენდა მისგან გამომდინარეობს.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ქრისტეს ნიჭები
   
სიცოცხლის წყლის მდინარე შეიძლება იყოს ქრისტეს უხვი და მდიდარი ნიჭები, რომლებიც დაუსრულებლად გადმოიღვრება წმინდანებზე; როგორც მდინარე, ისე გადმოჩქეფს და გადმოედინება მათზე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
საიდუმლოს ნაყოფები
   
სიცოცხლის წყლის მდინარე, რომელიც შუა ქალაქში მოედინება, აღარ არის ნათლობის მსახურება, არამედ უკვე თავად საიდუმლოს ნაყოფი ცხადდება. რადგან, რაც წარსულში დაითესა ცრემლით, მოგვიანებით მოიმკება სიხარულით. ამიტომ, ახლა ეკლესია სულისთვის თესავს, და სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს (გალატ. 6:8).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სულის მდინარე
   
ის, რაც ეკლესიიდან მდინარესავით მოჩქეფს ამ ცხოვრებაში აღორძინების ნათლისღებად იწოდება, რადგან სულიწმიდის მოქმედებით მისით განბანილები თოვლზე და კრისტალზე უსპეტაკესნი ხდებიან. ხოლო ზეციურ იერუსალიმში მომდინარე წყალუხვი საღვთო მდინარე მამა ღმერთისგან გამომავალი სულია, რომელიც ანგელოზთა უმაღლეს ძალთა მიერ, საღმრთო საყდრებად რომ იწოდებიან, არწყულებს წმიდა ქალაქის ქუჩებს, ანუ მის მრავალრიცხოვან მცხოვრებთ, რომლებიც, ფსალმუნთმგალობელის თქმით, ქვიშაზე უმრავლესია (ფსალმ. 138:8).
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.
 

წერილის წყარო
 
იოანე არა ხეებზე, არამედ ერთ ხეზე საუბრობს. მაგრამ, თუ ხე ერთია, როგორ შეიძლება ის მდინარის გაღმა-გამოღმა იყოს? რომ ეთქვა, მე ხეები ვნახეო, მაშინ შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ ზოგი მდინარის გაღმა იყო, ზოგი გამოღმა, მაგრამ ნათქვამია, რომ მდინარის გაღმა-გამოღმა ერთი ხე იყო.
 
ერთი წყარო მოედინება ღვთის ტახტიდან და ეს არის სულიწმიდის მადლი; და სულიწმიდის მადლს შეიცავს წმინდა წერილი. ამ მდინარეს აქვს ორი ნაპირი - ძველი და ახალი აღთქმა, და მის გაღმა-გამოღმა იზრდება ხე - ქრისტე. ამ ხეს წელიწადში გამოჰქონდა თორმეტი ნაყოფი, ანუ ყოველთვიურად. ამ ხის ნაყოფის მიღება მხოლოდ მოციქულთა მეშვეობით შეგვიძლია. თუ ვინმე მოციქულთა მიერ მიეახლება ხეს, ის აუცილებლად მოიწევს ნაყოფს, შეკრებს წმინდა წერილის ნაყოფს, იხმევს მის სიტყვებში დაფარულ საღვთო აზრს.
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი, ტრაქტატი ფსალმუნებზე.
 
 
სიცოცხლის ხე
 
სიბრძნის შესახებ ნათქვამია: გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას; ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კრიბჭეებთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვას (იგავ. 1:20-21). თუ ვინმე უარს იტყვის მეფის ქორწილში მისვლაზე, იგი უბრძანებს მონებს და ეუბნება: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი (ლკ. 14:23). ამიტომ აქ მაცხოვნებელი წყლისა და მადლის განწმენდის შესახებ ნათქვამია, რომ ის მოედნის შუაში მიედინება.
 
მდინარის გაღმა-გამოღმა - ეს არის ორი აღთქმა, რომლებშიც ჩაწერილია ჩვენი ხსნის სისავსე.
 
სიცოცხლის ხე - სხვაგან ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს შესახებ ნათქვამია, რომელიც არის სიცოცხლის ხე: ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ (საქმე. 17:28).
 
ფოთლები - ეს არის უფლის სიტყვები, რომლებიც კურნავს ხალხებს.
 
ყოველთვიურად - თორმეტი თვე - ეს უფლის მოციქულები არიან, რადგან თვითონ უფალი არის წყალობის წელიწადი (ეს. 61:2). ისინი არიან ტორმეტი თვენი, რადგან თითოეულ მათგანს ცოდნის სიმრავლის გამო უწყვეტი ქადაგების მრავალრიცხოვანი ნაყოფი მოაქვს.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
სიცოცხლის ხე არის უფალი, სიბრძნის შესახებ იგავთა წიგნის ავტორის თანახმად: იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მეოჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი (იგავ. 3:18). ხოლო ბრძენი პავლე ამბობს, რომ ქრისტე ღვთის ძალა და სიბრძნეა (1 კორინთ. 1:24). ის ასევე ამბობს, რომ წმინდანები არა მხოლოდ მდიდარნი არიან ქრისტეს წყალობით, არამედ იგი მათში დამკვიდრდება და მათთან ერთად მყოფობს (იხ. 2 კორინთ. 6:16. - რედ); სწორედ ეს არის უმაღლესი ნეტარების მწვერვალი.
 
ქრისტე, სიცოცხლის ხე, წმინდანებს მუდმივ და დაუსრულებელ ნაყოფსა და ძღვენს ანიჭებს, თითქოს ერთი გულუხვი მოწყალება გადაფარავს მეორეს და ისინი არასდროს მოაკლდებიან ღვთისგან სიუხვეს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.

ყოველთვიურად - თორმეტ თვეში იოანე გულისხმობს ყველა დროს და აღნიშნავს მარადისობას. ამიტომ იქ, სადაც მარად მწვანილოვანია, არასდროს იქნება ჭკნობა. ადგილს, სადაც სრულყოფილი სიჯანსაღე მკვიდრობს, აბსოლუტურად ვერანაირი უძლურება ვერ წაბილწავს. ეს წინასწარ გვამცნო წინასწარმეტყველმა, როდესაც თქვა: შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ (ეს. 35:10).
 
ეს არის ხე, რომელიც, როგორც ვკითხულობთ, წყლის ნაკადებთან დაინერგა (ფსალმ. 1:3), რომლის შესახებაც იერემია ამბობს, რომ მას მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული (იერ. 17:8), ანუ სასოება და რწმენა აქვს უფალში. ჩვენ ასევე შეგვიძლია სიცოცხლის წყლის მდინარე (აპოკ. 22:1) განვმარტოთ იესუ ქრისტესთან მიმართებით, რომელიც ნამდვილად თავად არის სიცოცხლის წყარო. რადგან ჩვენ ვკითხულობთ მის შესახებ: შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს (ფსალმ. 35:10). როგორც ვკითხულობთ, იგი თავად არის ღვთის სიბრძნის ხატი, ყოვლისშემძლე, თავის თავში მყოფი, მაგრამ ყოვლის განმაახლებელი; ეწევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში (სიბრძნ. 7:26-27).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სულის მდინარე
 
ამრიგად, ის არის წყარო, რომელიც ასევე მდინარეა. ის არის წყარო, რადგან ის ამოუწურავია. მდინარე კი იმიტომ, რომ იგი გულუხვად და განუწყვეტლივ არწყულებს წმინდანებს. რადგან, სადაც მას წყაროს უწოდებენ, ასევე ხევიც ეწოდება. რადგან, როდესაც ფსალმუნში ნათქვამია: შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ, შემდეგ წინასწარმეტყველი დასძენს: რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს (ფსალმ. 35:9-10).
 
კარგადაა ნათქვამი - მოედნის შუაში, თითქოსდა ეს ყველა წმინდანისთვის საერთო სიკეთეა, რომელსაც არცერთი ღირსეული არ უარყოფს და არც ერთ უღირსს არ ეძლევა.
 
წმინდანთა (მოედნის) შუაში - ეს, რა თქმა უნდა, განუყოფელი მემკვიდრეობაა ყველასთვის, ვინც ღმერთი იხილა. ამიტომ ვკითხულობთ: იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული (ფსალმ. 121:3).
 
თუ ნაყოფს განვიხილავთ, როგორც ნეტარი უკვდავების ჯილდოს, მაშინ ფოთოლი მართებულია განიმარტოს, როგორც დაუსრულებელი ქების საგალობელი, რადგან, როდესაც გალობენ, ის სცვივა, ჩანს, უფრო მეტად ბედნიერი ხვედრის სიჯანსაღის გამო. რადგან იქ ჭეშმარიტი კურნებაა ხალხების, სრული გამოსყიდვა და საუკუნო ბედნიერება.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სიცოცხლის ხე არის ქრისტე, რადგან მასთან არის სულიწმიდა, სულის მიერ თაყვანისიცემება და სულსაც ის იძლევა. მის მიერ მოგვენიჭება მოციქულთა კრებულის თორმეტი ნაყოფი, რომელიც არის მისი (ქრისტეს) შემეცნება. ქრისტეს - სიცოცხლის ხის ფოთლები აღნიშნავს საღვთო ხვედრს და მის ყველაზე ნათელ მნიშვნელობას, ხოლო მისი ნაყოფი არის სრულყოფილი ცოდნა, რომელიც გაცადდება მომავალ საუკუნეში.
 
ერებისთვის, რომლებიც დაბლა დგანან სათნოებათა აღსრულების საქმეში, ეს ფოთლები მათი უმეცრების გაწმენდას და განკურნებას მოემსახურება. რადგან სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავებისა (1 კორინთ. 15:41), და მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა (ინ. 14:2), რათა თითოეული მეტნაკლები ნათელის ღირსი გახდეს თავის საქმეთა ხასიათის შესაბამისად.
 
ეს შეიძლება გავიგოთ სხვაგვარადაც: სიცოცხლის ხე, რომელსაც გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, შეიძლება გავიგოთ, როგორც მოციქულთა სახე სიცოცხლის ჭეშმარიტ ხესთან თანამოღვაწეობის გამო, რომელმაც ჩვენც ასევე გვაზიარა მის ღმერთობას განკაცების წყალობით. მის ნაყოფს გამოაქვს ასგზის ნაყოფი, ხოლო ფოთლებს კი - სამოცჯერადი.
 
ესენი, როდესაც გადასცემენ უმდაბლეს ადამიანებს მათ მიერ მიღებულ ასგზის ნაყოფს ღვთის ნათლით გაცისკროვნებული სხივისა, კურნებასა და ჯანმრთელობას მოუტანენ იმ ხალხებს, რომლებმაც ნაყოფი ოცდაათგზის გამოიღეს. რადგან განსხვავება იქნება გამოხსნილთა შორისაც, როგორც ფოთლებსა და ნაყოფბს შორის: ზოგი უფრო მეტად განდიდდება და სხვები უფრო ნაკლებად.
 
საერთოდ, წმიდა წერილში ძალიან ხშირად ერთი ხე არის ნახსენები მრავლის ნაცვლად (ანუ მხოლობით რიცხვში მრავლობითის ნაცვლად - რედ.), ისევე, როგორც ბევრია შემთხვევა, როდესაც მრავალობითი რიცხვი გამოიყენება მხოლობითის მაგივრად.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სიცოცხლის წამალი
 
თუ ვინმეს არ შეუძლია (მონაყოფება), ეს იმიტომ ხდება, რომ ის ჯერ კიდევ სუსტია, ჯერ კიდევ არ არის მოწაფე, არამედ ჯერ ეკუთვნის ბრბოს, გარეგნულად,ა ნუ წარმართებს. ვისაც ნაყოფის მოწევნა არ ძალუძს, ჰკრებს სიტყვებს, ანუ ფოთლებს, რომლებიც კურნავენ ხალხებს. თუ ვინმე ჯერ კიდევ წარმართთაგან არის, ბრბოსაგან, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოწაფე, ის ჰკრეფს თავად ფოთლებს, იღებს, როგორც წამალს პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომ წმინდა წერილი წამალია.
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი, ტრაქტატი ფსალმუნებზე.
 
 
სიცოცხლის ფოთლები
 
სიცოცხლის ფოთლები - ქრისტესთან შეერთებული პატრიარქები, წინასწარმეტყველები, მოციქულები, მახარებლები, მოწამეები და აღმსარებლები არიან, რომელთა შორის მკვიდრობს ქრისტე, აგრეთვე ისინი, ვინც თავის დროზე აღასრულებენ სახარებისეულ მსახურებებს, ეკლესიის მოძღვრები და ყველა მართალი სული. ასეთი ხალხი ახლაც იკურნავს სულს, და მომავალში ისინი წმინდანთა სიკეთეს შეერთვიან.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
3. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.
 
 
კრავის მეუფება
   
აღარაფერი დარჩება დაწყევლილი - ქალაში, ანუ ვერანაირი ცდუნება ვერ მიეკარება მათ, არანაირი ამქვეყნიური ცოდვა არ იქნება უგუნური მოშურნის ზემოქმედებით, არამედ საღვთო ხელმწიფებბისა და კრავის ძალაუფლება იქნება მასში... ისინი გაიხარებენ მისი სახის ხილვით და მისი ყოფნის სიტკბოებით, შუბლზე მიიღებენ მის სახელს, რომელიც მისი ჯვრის ზემოთ, დაფაზე იყო ამოტვრიფრული (მე-4 მუხლი) (1).
 
_______________
 
1. იხ. ინ. 19:21: დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად. - რედ.).
 
_______________
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
წმინდანთა ქალაქი
   
მაშინაც კი, თუ დღეს წყევლა დიდწილად განიდევნება, ჩვენ მაინც ვართ მასში ჩართულნი, რადგან ათასგვარი საბაბიტ წარმოიქმნება იგი, როგორც ყოველთვის, ნებსით თუ უნებლიეთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დროს წმინდანები განწმენდილნი იქნებიან, როგორც სულიერი, ასევე ხორციელი უწმინდურებისაგან და წაუბილწველნი იქნებიან. ნათქვამია, რომ ამ ქალაქში იქნება ღვთის სამეფო, რადგან ის არის ტახტი. და წმინდანებიც მოემსახურებიან მას არა მძიმე მსახურებით, არამედ ეს მსახურება სიამოვნებასა და სულიერ სიხარულთან იქნება შერწყმული. ეს აღსრულდება უფლის სახის ხილვით.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ერთიანი საყდარი
 
არ უთქვამს, რომ ტახტები არ იყო, რადგან სადაც ბუნებრივი და განუყოფელი ერთობაა, იქ ყველაზე შესაფერისი სახით არის აღწერილი ღვთის დიდება. ერთი ტახტი (სამების) განუყოფელი ჯდომისთვის არ შეიძლება გაიყოს არც არიანელთა მცდარობის მზაკვრობით, არც საბელიანთა ქედმაღლური ეჭვით (2), არამედ მხოლოდ კათოლიკე ჭეშმარიტების შეძენის გზით უნდა განვჭვრიტოთ და მას შემდეგ მოვიხვეჭთ მას, როდესაც გამოვიცდებით მისი რწმენის მართალი აღიარებით.
 
_______________
 
2. არიანელები (IV ს.) ამტკიცებდნენ, რომ ძე არ არის თანაარსი მამისა და ამიტომაც არ არის ბუნებით ჭეშმარიტი ღმერთი, და უფლობას მხოლოდ მიშვილების ძალით ფლობს. საბელიანოზნი (III ს.) არ აღიარებდნენ რეალურ განსხვავებებს ღმრთის იპოსტასებს შორის, რადგან ღმერთს მონადად მიიჩნევდნენ, რომლისთვისაც უცხოა შიდა ურთიერთობები, რის გამოც სამების პირებს მხოლოდ სხვადასხვა ეპოქის ადამიანთა მიერ ღვთაების აღქმის მოდუსებად მიიჩნევდნენ, და არა რეალურ იპოსტასებად. - რედ.
 
_______________
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ორი მნიშვნელობა
 
აღარაფერი დარჩება დაწყევლილი - ზეციურ ქალაქში ყოველგვარი წყევლა გაუქმდება, რადგან არაფერი აქვს საზიარო სიბნელეს სინათლესთან. ამ ქალაქის მკვიდრობის ღირსნი, ანუ ისინი, ვინც უფლის ტახტად იქნებიან წოდებულნი და მათზე განისვენებს ღმერთი, პირისპირ იხილავენ ღვთის სახეს, არა იგავით, არამედ ისე და იმ სახით, როგორც მოციქულებმა იხილეს, როგორც წმიდა დიონისე ბრძანებს, თითოეულის სათნოების ძალის შესაბამისად. მოციქულებმა უფალი იხილეს წმინდა მთაზე, ოქროს ჯიღის ადგილას, რომელსაც ძველი მღვდელმთავრები ატარებდნენ (გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმიდე უფლისათვის. მიამაგრე იგი ლურჯი თასმით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს უნდა იყოს (გამ. 28:36-37)).
 
ანათემა (αναθεμα) (3), ანუ განკვეთა, შეიძლება გაგებულ იქნას ორი მნიშვნელობით: ან მხოლოდ ღვთისათვის წარდგენილი და ბევრისთვის მიუწვდომელი, ან არა ქმნილებებთან და წმინდა ძალებთან მიმართებით, არამედ ეშმაკისადმი ნათქვამი და მისადმი მიმართული, სიკეთისგან მისი საბოლოო გაუცხოების გამო. ვფიქრობთ, რომ აქ ანათემა გამოიყენება მკვეთრი მნიშვნელობით, რადგან ეს კი არ დაეკისრება (ანუ ვინმეს წყევლა კი არ დაეკისრება - რედ.), არამედ განიკვეთება, როდესაც ეშმაკს ექვემდებარება, და განისჯება გმობისთვის. ასეთი წყევლა ქალაქში არ იქნება.
 
_______________
 
3. გამოცხ. 22:3-ში გამოყენებულია ტერმინი κατάθεμα - ეს არის ანათემის გაძლიერებული ფორმა; იხ. შემდგ. - რედ.
 
_______________
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
   
 
4. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი.
 
 
ღმრთის ხილვა
   
იხილავენ მის სახეს - ანუ პირისპირ იხილავენ, რამდენადაც ხელმისაწვდომია ეს ადამიანის ბუნებით. და მათ შუბლზე, როგორც ნათქვამია, იქნება მისი სახელი. ეს გამონათქვამი ამოწმებს მათ მიერ ღვთის განუწყვეტელი ხსოვნისა და მასთან ზიარების შესახებ. რადგან, როგორც ღმერთი, დაივანებს რა მათზე, ისე მარადიულად მყოფობს მათთან. ეს ნათელია ასევე პავლეს ნათქვამიდან: და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით (1 თეს. 4:17).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
რწმენის ჯილდო ჩვენთვის მოამზადა ღვთის ხილვამ (შეად. 1 კორ. 13:12. "... ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ" - რედ.), რომლის შესახებაც მოციქული იოანე ამბობს: როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორც არის (1 ინ. 3:2). რადგან ღვთის სახე უნდა გავიგოთ, როგორც მისი გამოჩენა და არა როგორც სხეულის ჩვენთვის ნაცნობი რომელიმე ნაწილი. ღმერთი გახდება ცნობილი და აღქმული ჩვენ მიერ. ის ხილული იქნება სულის მოქმედებით: თითოეული ჩვენგანი დაინახავს მას საკუთარ თავში, ერთი ადამიანი დაინახავს მას მეორე ადამიანში, ის ხილული იქნება საკუთარ თავში, ახალ ცასა და ახალ მიწაზე და ყველა ქმნილებაში, რომელიც კი იმ სამყაროში იქნება (პრიმაზიუსი ეფუძნება ავგუსტინეს, საღმრთო ქალაქის შესახებ, 22.29 - რედ.).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ჩვენი რწმენის ჯილდოა ღვთის ხილვა და ეს არის უმაღლესი სიკეთე. მიხვდა ფილიპე, როდესაც წამოიძახა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის (ინ. 14:8).
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
სახელი შუბლზე
   
როდესაც წმინდანები გახდებიან უფლის საყდარნი, რომელზეც უფალი განისვენებს, ისინი იქნებიან ამ ქალაქის მცხოვრებნი და იხილავენ ღმერთს პირისპირ და არა მიმსგავსებით, ანუ, როგორც დიდი დიონისე მოწმობს (4), იმავე სახით, როგორც ის იხილეს მოციქულებმა წმიდა მთაზე (ანუ თაბორის მთაზე ფერიცვალების მომენტში - რედ.). ოქროს დაფის ნაცვლად, რომელსაც ატარებდა ძველი მღვდელმთავარი (იხ. გამ. 28:36 - რედ.), ღვთის სახელი ამოიტვიფრება არა მხოლოდ შუბლზე, არამედ გულშიც, რაც ნიშნავს მტკიცე, დაურღვეველ და შემართულ სიყვარულს მისადმი, რადგან შუბლზე ამოტვიფრა აღნიშნავს შემართებას (კადნიერებას).
 
_______________
 
4. დიონისე არეოპაგელი. საღმრთოთა სახელთათვის. 1.4. (PG 3:592) - რედ.
 
_______________
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
5. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
 
 
ღმრთის სამეფო და მისი ბრწყინვალება
 
აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი - რადგან არც ცოდვის ღამე დადგება არასდროს და არც უსამართლობის ნისლი ჩამოწვება. როდეესაც ასეთ ნეტარებაში იცხოვრებენ, ხალხს აღარ დასჭირდება რომელიმე მოძღვრის სიტყვები. ახლა ისინი მიატოვებენ ნებისმიერი სხვა ცოდნის ნათელს, მაგრამ თავად უფალი უმაღლეს ცოდნასა და გამოცდილებას აზიარებს, რადგან ყოველგვარი ცოდნა, რომელიც მათ სურთ, უფლის სახის სინათლეში ცხადდება. და ისინი იმეფებენ მთელი სიბრძნითა და ჭეშმარიტებით.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
თუკი მართალნი, ქრისტეს დაპირებისამებრ, მზესავით გამობრწყინდებიან (შეად. მთ. 13:43 - რედ.), აღარ დასჭირდებათ აღარც სანთელი და არც მზის ნათელი იმათ, ვისაც თავისი ნათლის წყაროთ და მეფედ ეყოლებათ დიდების უფალი, რის მიერაც იქნებიან ძღვანებულნი უკუნითი უკუნისამდე, ან უკეთ - თვითონვე, ღვთაებრივი მოციქულის თქმით, გამეფდებიან უფალთან ერთად.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
ღმრთის ნათელი უწყვეტლივ ანათებს. და იმეფებენ წმინდანები უკუნითი უკუნისამდე. ამასვე გულისხმობდა ბრძენი დანიელი, რომელიც მოწმობს: უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე (დან. 7:18).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
იქ არ იქნება ხორციელი უძლურება, ან ღამის დასვენება, ან ცეცხლის შუქი, როდესაც ღმერთი ყველასთვის ყველაფერში იქნება, რომელიც არის წმინდანთა ჭეშმარიტი ნათელი და საუკუნო განსვენება. ასევე, ეს სიტყვები შეიძლება გადატანითი მნიშვნელობითაც გავიგოთ: იქ აღარ არის საჭირო წინასწარმეტყველთა მოწოდება და რჯულის ქადაგება, რასაც ახლა ბნელში ლამპარს უწოდებენ, რადგან, როდესაც ყველაფერი აღსრულდება, ღვთის ჭვრეტისას შესრულდება აღთქმა.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
სამყაროს აღსასრულის უწყება
სამყაროს აღსასრულის უწყება
 
22:6-7
 
 
ახ. ქართ.:
 
6. და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე.
 
7. აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.
   
 
ძვ. ქართ.:
 
6. და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან, და უფალმან ღმერთმან სულთა წინაწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თჳსი ჩუენებად, რაჲ-იგი ყოფად არს ადრე.
 
7. და, აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი.
   
 
***
 
 
მიმოხილვა: ქრისტეს აღთქმები ნამდვილი და ჭეშმარიტია (აპრინგიუსი). იოანეს მიერ სული გვიცხადებს ქვეყნიერების მომავალს (ეკუმენიოსი) და გვანიჭებს წმიდა სამების შემეცნებას (პრიმაზიუსი). ანგელოზები - ღმრთის მახარობლები არიან, რომლებიც ადამიანებს ეგზავნებათ (აპრინგიუსი, ანდრია კესარიელი). ვინც წინასწარმეტყველებაში თქმულს დაიცავს სასჯელს გადაურჩება (ეკუმენიოსი, ანდრია კესარიელი).
 
 
***
 
 
6. და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე.
 
 
 
გამოცხადებული იოანეს მიერ
 
წინასწარმეტყველთა სულებში იგულისხმება წინასწარმეტყველური ნიჭები, უბრძენესი პავლეს სიტყვების თანახმად: წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ (1 კორინთ. 14:32). ასევე საღვთო წინასწარმეტყველის, ესაიას თანახმად: შენს წინაშე შიშის გამო უფალო მუცლადვიღეთ და ტანჯვაში ვშობდით; და შენი ცხონების სული გავაჩინეთ, რომელიც დედამიწაზე შექმენ (ეს. 26:17-18) (5).
 
_______________
 
5. LXX რუს. თარგმანში.: Из-за страха перед Тобой мы заимели во чреве и рожали в муках; и произвели на свет дух спасения Твоего, который Ты создал на земле (Ис 26:17-18). სინოდალური ტექსტი, რომელიც ეფუძნება ებრაულიდან თარგმნილს, ძლიერ განსხვავდება ამ ტექსტისგან. სინოდალური თარგმანი ასეთია: როგორც ორსული ქალი, შობად მიწევნული, იტანჯება, კივის ტკივილისგან, ასე ვართ ჩვენ, უფალო, შენ წინაშე! მუცლადვიღეთ, ტანჯვაში ვიყავით და აჰა, ქარი ვშობეთ; ქვეყანას ხსნა ვერ მოვუტანეთ, არ დაეცნენ ქვეყნიერების მცხოვრებნი - რედ.
 
_______________
 
რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე, როგორც ნათქვამია. იოანესა და მისი წერილის დახმარებით ყველამ შეიტყო ის, რაც მან იხილა. მან შესანიშნავად თქვა: მალე, რადგან ნებისმიერი დრო უმნიშვნელოა, როგორც ადრე ითქვა (იხ. გამოცხ. 20:2-7 და მათი განმარტება - რედ.), მაშინაც კი, თუ ვინმეს ეჩვენება, რომ განსაკუთრებით დიდხანს გრძელდება მომავალ, დაუსრულებელ საუკუნეებთან შედარებით.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ანგელოზს არ ეეჭვება, რომ იოანე ნდობის ღირსია, არამედ უფრო მთელ ეკლესიას სთავაზობს ამ ხილვას, როგორც ჭეშმარიტს, რადგან იცის, რომ მასში ახალი წინამძღოლები იქნებიან, რომელთაც მართებთ ამისგან ისწავლონ.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი, რადგან მას ჭეშმარიტება წარმოთქვამს. ... თუ ქრისტე არის წინასწარმეტყველთა ღმერთი, რომელმაც თავისი ანგელოზი წარმოგზავნა, რათა თვის მსახურთათვის მომავალი გაემხილა ნეტარი იოანეს მეშვეობით (ვისაც ჰქონდა ეს ხილვა), მაშინ ცხადია, მხოლოდ განგებულებით არის ნათქვამი მოციქულისგან წინასწარ, რომ გამოცხადება მიეცა ძეს (ქრისტეს) კაცობრივი ხორცის მიზეზით. ნუთუ წინასწარმეტყველთა ღმერთმა, რომელიც ანგელოზებს წარმოგზავნის მომსახურე სულებად, რათა თავის მონებს მომავალი გაუმხილოს, არ იცის სიკვდილის არც დღე და არც საათი და მხოლოდ ახლა გაიგებს ამას მამისგან, ვინც მის მსგავსად ფლობს სიბრძნისა დ გონიერების იდუმალ საგანძურს? უფლის სახელით, მახარებელი შემდგომ ამბობს: აჰა, მოვალ მალე: ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს".
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
7. აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.
 
 
ერთგულთა ნეტარება
   
თავად უფალმა, ჭეშმარიტების მაცნის საშუალებით, პირდაპირ უჩვენა თავის მონებს, რაც უნდა მოხდეს მალე. რათა მოლოდინის დროს არავის შეეპაროს ეჭვი, ანგელოზი აჩვენებს, რომ ეს მალე უნდა მოხდეს და ნეტარია, ვინც ინახავს წინასწარმეტყველთა სიტყვებს.
 
აპრინგიუსი, ტრაქტაგი გამოცხადებაზე.
 
 
ისინი, ვინც ინახავს (წინასწარმეტყველების სიტყვებს), ცდილობენ ღვთის სათნო ცხოვრებით იცხოვრონ, რათა თავს არ დაატყდეთ ის სასჯელნი, რომელთა შესახებაც წიგნშია საუბარი.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ინახავს ნიშნავს ღვთისმოშიშად გწამდეს და დაიცვა ლტოლვა უმეტესი წმიდა ცხოვრებისკენ.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ყოველივე წინასწარვე უთხრა მაცხოვარმა მოწაფეებს, რისი ცოდნაც კი სასარგებლო იყო მათთვის, მხოლოდ განგებულებითად დაუფარა დღე და საათი სამყაროს აღსასრულისა, რომ ამ დღისა და ჟამის უმეცართ მუდამჟამ ეფხიზლათ, მუდამჟამს ყურადღებით და მოლოდინით ყოფილიყვნენ.
 
ბერი ექვთიმე ზიგაბენი.
 
 
საღვთო განკარგულებათა შესახებ თითქოს საკუთარი სახელით საუბარი სხვა წინასწარმეტყველებსაც ასევე აქვთ ჩვევად. ეს სიტყვები (აჰა მოვალ მალე) გამოხატავს ან ამჟამინდელი ცხოვრების ხანმოკლეობას, ანდა თითოეული ადამიანის მსწრაფლწარმავალი ცხოვრების აღსასრულს. ხოლო რადგან არავინ იცის, რომელ საათზე მოვა მპარავი (მთ. 24:43), ამიტომ ანდერძად გვაქვს მოცემული, რომ ვიფხიზლოთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა (ლკ. 12:39-40).  უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღვთისთვის დრო არ არსებობს და რომ ერთი დღე უფლისთვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე (2 პეტ. 3:8).
იოანე ღვთისმეტყველი და ანგელოზი
"ღმერთს ეცი თაყვანი"
 
22:8-9
 
 
ახ. ქართ.:
 
8. მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა.
 
9. მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი.
 
 
ძვ. ქართ.:
 
8. და მე, იოვანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას ყოველსა, და რაჟამს მესმა და რაჟამს ვიხილე, დავვარდი თაყუანის-ცემად წინაშე ფერჴთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ.
 
9. და მრქუა მე: იხილე ნუ, რამეთუ შენ თანა მონაჲ ვარ და ძმათა შენთა თანა წინაწარმეტყუელთა, და რომელთა დაიცვნენ სიტყუანი ამის წიგნისანი. ღმერთსა თაყუანის-ეც.
 

***
 
 
მიმოხილვა: იოანე ადასტურებს, რომ იხილა ნაწინასწარმეტყველევი (აპრინგიუსი, ანდრია კესარიელი). ჩვენ უნდა ველოდოთ ქრისტეს მოსვლას, და არ უნდა დავიჟინოთ ცოდვილებზე ნაადრევი შურისგება (კვიპრიანე კართაგენელი). ანგელოზები და მართლები მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს სცემენ თაყვანს (ათანასე ალექსანდრიელი, აპრინგიუსი).
 
 
***
 
 
8. მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა.
 
 
მოციქულთაგან უნეტარესი იოანე ამბობს, რომ, როდესაც ეს სიტყვები მოისმინა, დაემხო, შეაშინა რა ნათქვამის ძალამ და ხილვის სიდიადემ. ანუ, მისი თქმით, ის მიწაზე განერთხა, რათა თაყვანი ეცა ჭეშმარიტების ანგელოზის წინაშე, რომელმაც აჩვენა მას ეს ყოველივე.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ეს არის ჩვეულება მოციქულებრივი სულისა, რადგანაც, როგორც მან თქვა სახარებაში, - რომელმაც იგი იხილა, ამოწმებს მასზე და ჭეშმარიტია მისი მოწმობა (ინ. 19:35) - ასევე აქაც, ამ ყოველივე გადმოცემისას არწმუნებს, რომ თვითონ იხილა და მოისმინა ნაწინასწარმეტყველები. უჩვენა ანგელოზის კურთხევა, რომ მან მოციქულისეული თაყვანისცემა არ შეიწყნარა, არამედ კეთილგონივრულად განირიდა იგი და ღმერთს განუკუთვნა.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
9. მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი.
 
 
ღმრთის თაყვანისცემა
 
მამა გვიჩვენებს, რომ იესუ არის მისი საკუთაირ და მხოლოდშობილი ძე, როდესაც ამბობს: ძე ხარ ჩემი (ფსალმ. 2:7) და ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე (მთ. 3:17). ამიტომ ანგელოზები ემსახურებიან მას, როგორც მათგან განსხვავებულს, და თაყვანს სცემენ მას არა როგორც დიდებულებით უმაღლესს, არამედ როგორც განსხვავებულს ყველა ქმნილებისგან.
 
და მათ რომ თაყვანი ეცათ უფლისათის, როგორც დიდებით აღმატებულისათვის, მაშინ თითოეულ უმცირესს მართებდა, თაყვანი ეცა მასზე აღმატებულისთვის. მაგრამ ეს ასე არ არის: ქმნილება არ სცემს თაყვანს ქმნილებას, არამედ მონა სცემს თაყვანს ბატონს და ქმნილება ღმერთს. მოციქული პეტრე კორნელიუსს, რომელსაც მისი თაყვანისცემა სურს, კიცხავს და ეუბნება: მეც ხომ ადამიანი ვარ (საქმე 10:26). და იოანეს გამოცხადებაში ანგელოზიც, როდესაც იოანე მის თაყვანისცემას მოისურვებს, ასევე საყვედურობს მას და ამბობს: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი. ამიტომ თაყვანისცემა მხოლოდ ერთ ღმერთს კუთვნის და ეს თავად ანგელოზებმაც იციან.
 
წმ. ათანასე ალექსანდრიელი, არიანელთა წინააღმდეგ.
 
 
რადგან მონაში (ანგელოზში) არ არის არავითარი ამპარტავნობა და წმინდანშიც არ არის არავითარი ქედმაღლობა, ანგელოზი მაშინვე ეუბნება მას, რომ ნუ იზამ ამას. ანგელოზი აცხადებს, რომ შემოქმედის მსგავსი არაფერია და ამოწმებს, რომ ისეთი თაყვანისცემით არ უნდა ვიყოთ არავის მიმართ, როგორც მხოლოდ ერთ უფალ ღმერთს შეეფეერება.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
მოთმინებითი მოლოდინი
 
მას, ჩვენს მსაჯულსა და შურისმგებელს, რომელიც თანაბრად იძიებს შურს, როგორც თავისი ეკლესიის შვილებისთვის, ისე ყველა მართალისთვის ქვენის დასაბამიდან, სწორედ მას ველით, საყვარელო ძმებო. იმ ადამიანმა, ვისაც ძლიერ სურს შურისგება საკუთარი თვის გამო, დაე იფიქროს, რომ ჯერ არ მიგებიათ სასჯელი იმისთვის, ვინც თავად იქმს შურისგებას. აპოკალიფსისში უფლის ანგელმა შეაჩერა იოანე, როდესაც მას სურდა საღთო თაყვანისცემა მიეგო მისთვის და თქვა: ნუ იზამ ამას; რადგან მე შენი და შენი ძმების თანა-მონა ვარ.
 
ასეთია უფალი იესუ! როგორია მისი მოთმინება, როდესაც მისთვის, რომელსაც ზეცად თაყვანს სცემენ, ჯერ კიდევ არ მიგებიათ სასჯელი დედამიწაზე. მისი მოთმინება, უსაყვარლესო ძმებო, გულისხმავყოთ ჩვენი განსაცდელებისა და ურვის ჟამს. მის მოსვლას სრული მორჩილებით დაველოდოთ. მოდით, ურჯულო და ურცხვი სისწრაფის გამო, არ დავიჟინოთ, რომ ჩვენ, მონებმა, მივიღოთ შემწეობა ჩვენს ბატონზე ადრე.
 
უმჯობესია ვიყოთ ურყევნი და მონდომებულნი ღვაწლში, დაუცხრომლად მღვიძარენი და, მყარად ვიდგეთ მოთმინებით; დავიცვათ ღმრთის მცნებები, რათა, როდესაც დადგება ჟამი მრისხანებისა და შურისგებისა, უკეთურებთან და ცოდვილებთან ერთად არ დავისაჯოთ, არამედ განვდიდნეთ მართლებთან და ღმრთის მორჩილებთან ერთად.
 
წმ. მღვდელმოწ. კვიპრიანე კართაგენელი, მოთმინების სიკეთის შესახებ.
მაცხოვრის მეორედ მოსვლა
ახლოა ჟამი
 
22:10-15
 
 
ახ. ქართ.:
 
10. კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგანაც ახლოა ჟამი.  
 
11. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს.
 
12. აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს.
   
13. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.  
 
14. ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში.
 
15. ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან.  
 
 
ძვ. ქართ.:
 
10. და მრქუა მე: ნუ დაჰბეჭდავ სიტყუათა წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს.  
 
11. უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ.  
 
12. და აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს.
 
13. მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული.
 
14. ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად.  
 
15. გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის-მკლველნი და კერპთმსახურნი და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაჲ.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: ანგელოზი შეგვახსენებს, რომ ახლოა ჟამი (აპრინგიუსი). მათ, ვისაც ჯერაც ვერ გაურკვევია განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის, უკვე ვეღარ უშველით წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე, მაგრამ ისინი საჭიროა ბოროტების სამხილებლად (ეკუმენიოსი, ბედა პატივდებული), რომელიც თავის ზღვარს სამყაროს აღსასრულის წინ მიაღწევს (ავგუსტინე იპონიელი, აპრინგიუსი, ეკუმენიოსი). წერილი დახურულია ამპარტავანთა და წუთისოფლის მოყვარულთათვის (კესარიოს არლელი, ანდრია კესარიელი).
 
ღმრთის მსჯავრი მკაცრია და წმიდა (კლიმენტ რომაელი, ფულგენციუსი, ეკუმენიოსი). ალფა - ქრისტეს ღვთაებრიობის სიმბოლოა, ომეგა - მის მიერ მიღებული კაცობრივი ბუნებისა (პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). ვინც თავის ცოდვებს უფლისთვის გაღებული სისხლით განბანს უფლებას მიიღებს სიცოცხლის ხის მიმართ, რაც არის ურთიერთობა ღმერთთან (აპრინგიუსი, ეკუმენიოსი). ერთგულნი ეყრდნობიან ქრისტეს და მის მიერ ზეციურ იერუსალიმ-ეკლესიაში შედიან (პრიმაზიუსი), რომლის კარიბჭეა - მოციქულთა ქადაგება (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). სათნოება - ბუნებასთან თანხმობით სულსაც ახასიათებს, მაშინ როდესაც ბოროტება ბუნების საწინააღმდეგოა (ეკუმენიოსი) და ღმრთის სასუფეველს განგვაშორებს (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული).
 
 
***
 
 
10. კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგანაც ახლოა ჟამი.  
 
 
ჟამი მიგებისა
 
ანგელოზი ამბობს, რომ ახლოა ჟამი შურისგებისა და ქვეყნის აღსასრულისა. მიმართავს რა იოანეს ზეციური სიტყვებით, იგი აღნიშნავს, რომ ბრძანებანი და სიტყვები არ უნდა დარჩეს უთქმელი და ბრძანებს, რომ ისინი დაიბეჭდოს, როგორც ყველასთვის შეხსენება.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ნუ შეინახავ შენთვის და ნუ დამარხავ მათ გონების საცავში ურდულის ქვეშ, არამედ წარუდგინე ყველას. როგორც შემდგომ არის ნათქვამი - ახლოა ჟამი. მას თითქოს ამის თქმა სურს: მათი (შესრულების) დრო ისე შორს არაა, როგორც ოდესღაც იყო, მაგრმა ახლა ჯერ კიდევ არ არის აუცილებლობა, რომ ისინი მოისმინონ.
 
მართალია, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ეს მოწოდება ზედმეტი აღმოჩნდეს. მართლაც, რა საჭიროა შეგონება მათთვის, ვინც კვლავ ცდილობს სიკეთის ან ბოროტების გარჩევას? უკვე დრო არ არის, სიტყვებით შევაგონოთ მათ, ვინც საქმით სწავლობს. მაგრამ რატომ არის ნათქვამი - ახლოა? (რადგან ეს) არც შორეულ მომავალში, და არც უკვე ახლა არ ხდება.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
წინასწარმეტყველების სიტყვები
 
ამრიგად, საღვთო წერილი დაბეჭდილია ყველასთვის, ვინც ამპარტავანია და სოფელი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ღმერთი; თავმდაბლებისა და კიდევ მათთვის, ვისაც ღვთის შიში აქვთ, იგი გადაშლილია.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
ნეტარ იოანეს, თავისივე სიტყვებით, აქამდე ანგელოზი ეუბნებოდა, ახლა კი თავად მეუფე უბრძანებს, რომ არ დაბეჭდოს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები, რადგან ღირსია ეს წიგნი და იმსახურებს იმას, რომ მას მორწმუნეები კითხულობდნენ, რათა შეიცნონ ცოდვილთა მოსალოდნელი სატანჯველი და წმინდანთა ნეტარება და ისწრაფოდნენ ცხონებისთვის.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
რადგან მომავალი სამსჯავრო ახლოვდება, აუცილებელია ყველასთვის ცნობილი გახდეს უფლის მცნებები, სასჯელნი და აღთქმანი, რომელთა შესრულების გამო თავმდაბალნი მიიღებენ ჯილდოს, ხოლო ჭირვეულნი, თავიანთი დაუდევრობით, დაიტეხენ თავს სასჯელს.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
11. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს.
 
  
მუქარა უკეთურებს
 
ეს არ ნიშნავს, რომ ანგელოზს ცოდვილთა განადგურება სურს, არამედ ის ემუქრება მათ, ვინც უკეთურებას ჩადის, რათა მათ, როდესაც მოისმენენ უმაღლესი მუქარის ხმას, თავი შეიკავონ დანაშაულებრივი საქმეებისგან. გარდა ამისა, იგი მოუწოდებს მართალს, რომ უკეთესი გახდეს და ამბობს: მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს - რათა მართლებმა შეიცნონ უფლის მალე მოსვლა, უკეთ დაიცვან თავი ცოდვისგან და უკვე ახლავე დაუღალავად ისწრაფონ ამ სიწმინდისა და ამ სიმართლისკენ.
   
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ანგელოზი რჩევას როდი გვაძლევს და უსამართლობასა და სიბილწეს როდი გვიწესებს, არამედ ამბობს შემდეგს: დარჩენილი მცირე დრო კვლავ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს - დაე, ყველამ აკეთოს ის, რაც სურს და გამოიყენოს საკუთარი თავისუფალი ნება ისე, როგორც მოისურვებს, იქნება ეს კარგი, თუ ცუდი საქმე.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
იოანე გვიჩვენებს, რომ ღვთის განაჩენი, რომელიც ბოროტ ადამიანებს კიდევ უფრო აბოროტებს, დაფარულია, მაგრამ სამართლიანია. ამასთან, უნდა ვიფიქროთ, რომ ბოროტი ადამიანები ვნებენ არა მხოლოდ სხვებს, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავს. ამიტომ ის განაგრძობს - ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს. ვინაიდან ვინც ვნბას აყენებს საკუთარ თავს, როგორ შეუძლია სარგებელი მოუტანოს სხვას?
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
(ჰეროდეს შემთხვევაში) ღვთის მკაცრი განაჩენი ისაა, რომ მეძავის თხოვნით, რომელიც, როგორც ცნობილი იყო ჰეროდესათვის, უნდა დაეტოვებინა, მან დაღვარა წინასწარმეტყველის სისხლი, რომელიც, როგორც მან ასევე იცოდა, მიღებული იყო ღმერთთან. ეს არის საღვთო განგებულება, რომლის შესახებაც ნათქვამია: უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბიწობდეს. მაგრამ შემდგომი სიტყვები: და წმიდა კვლავაც წმიდობდეს - ნეტარი იოანეს პიროვნებას მიესადაგება, რომელიც, უკვე წმინდანი, კიდევ უფრო განიწმინდა, როდესაც მოიხვეჭა მოწამეობის პალმის რტო სახარების ქადაგების წყალობით.
 
ღირ. ბედა პატივდებული, ჰომილიები სახარებაზე.
 
 
12. აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს.
 
 
ღმრთის შურისგება
 
ამრიგად, რა უნდა ვქნათ, ძმებო? უნდა ჩამოვრჩეთ სათნოებას და სიყვარულს? სულაც არა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს დაგვემართოს. პირიქით, მთელი მონდომებით და მზადყოფნით უნდა ვესწრაფოთ ყოვეოლგვარი კეთილი საქმის აღსრულებას. რადგან თვით შემოქმედი და ყველას უფალი ხარობს თვისი საქმეებით. კარგი მუშაკი თამამად იღებს პურს თავისი შრომისთვის; ზარმაცი და დაუდევარი კი ვერ ბედავს იმის შეხედვასაც კი, ვინც მას სამუშაო მისცა. ჩვენც მოშურნეობა გვმართებს სიკეთის კეთებაში, რადგან ყველაფერი ღვთისგან არის. რამეთუ წმინდა წერილი გვიწინასწარმეტყველებს: აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი, აჰა, საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო (ეს. 40:10) (ეს. 62:11, გამოცხ. 22:12. - რედ.). ამრიგად, იგი მოგვიწოდებს, მთელი გულით მივაშუროთ მას და არ ვიყოთ უყურადღებო და დაუდევარი არცერთ კეთილ საქმეში. დაე, მასში იყოს ჩვენი დიდება და სასოება.
 
დავემორჩილოთ მის ნებას. მოდით, გავიაზროთ მისი ანგელოზების მთელი სიმრავლე, როდესაც მის წინაშე წარდგებიან, თუ როგორ ასრულებენ ისინი მის ნებას. აკი საღვთო წერილში ნათქვამია: ათასის ათსნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე (დან. 7:10) და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება! (ეს. 6:3). ანალოგიურად, ჩვენც, ერთსულოვანი კრებულით, ერთსულ, თითქოს ერთი ბაგით, განუწყვეტლივ მოვუხმობთ მას, რათ მისი დიდი და დიდებული აღთქმების მონაწილენი გავხდეთ. აკი საღვთო წერილში ნათქვამია: რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ (1 კორინთ. 2:9).
 
წმ. კლიმენტი რომაელი, პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ.
 
 
რათა უფრო სრულყოფილად შევიცნოთ მხოლოდ ამჯამინდელი საუკუნის დროს, როგორც ადამიანთა მოქცევისთვის განკუთვნილი, მოდით, შევხედოთ იმ მუშაკებს, რომლებიც უფალმა იხმო ვენახში მიუხედავად იმისა, რომ მან ისინი სხვადასხვა დროს იხმო, მეთერთმეტე საათზე, ანუ დღის ბოლომდე მან შეწყვიტა ხმობა. იმ საათებში, როდესაც მუშაკები მოიხმეს, იგულისხმება ამქვეყნიური დრო, როდესაც ღმერთმა მოუხმო მათ, ვინც თავისკენ მოაქცია და გაამართლა ნაცვალგების გარეშე. დაბოლოს, მეთერთმეტე საათი დადგა ქრისტეს პირველი მოსვლისას, როდესაც ის, მდაბალი, მოვიდა მოკვდავი ხორცით, რომელშიც ინება, იყო რა უკვდავი, მომკვდარიყო ქვეყნის ცოდვებისთვის. ამ საათის დასასრულს, უფალი არ მოუხმობს მუშებს ვენახში, არამედ მოვა, რომ თითოეულს თავისი საქმისაებრ მიაგოს, როგორც თავად ამბობს: აჰა, მოვალ მალე ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი.
 
ფულგენციუს რუსპიელი, წერილი ექვთიმეს ცოდვათა მიტევების შესახებ.
 
 
უფალი ამბობს: აჰა, მოვალ მალე, რაშიც თავის მეორედ მოსვლას გულისხმობს. მას მოაქვს ის, რაც ყოველს უნდა მიაგოს მათი საქმისაებრ - სიკეთე ან ბოროტი.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
13. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.  
 
 
ალფა (α) და ომეგა (ω)
 
ყოველთვის, როდესაც ჭეშმარიტების სარწმუნო გამოცხადება და სათნოებათა უზადო ხატება, დამოწმებულია გამეორებით, ჩვენი სულიერი გონება უფრო ღრმაგანწყობით განიმსჭვალება. წიგნის დასასრულს მოკლედ, მაგრამ სათანადოდ არის ეს ნაჩვენები. ასო ანი ნიშნავს ღმერთს, ხოლო ჰაე არის მასში აღქმული კაცობრიობა, რომელიც არის დასაბამი, და არა აქვს დასასრული.
 
როდესაც დავინახე, რომ ამ წიგნში ანი და ჰაე ბევრჯერ მეორდება, ვიფიქრე, რომ ეს შემთხვევითი არ არის. ანდა, ამ გზით უფრო ურყევად არის დამოწმებული ერთი ქრისტეს ღმერთობა და კაცება, რომლის მოწმობაც, ვაღიარებთ, წარმოადგენს ქრისტიანული რწმენის არსს. ან ეს მიანიშნებს სამებაზე, რომლის ბუნებაც ერთია და რომელიც წინასწარმეტყველის პირით ამბობს: ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემ შემდეგაც არ იქნება. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემ გარდა მაცხოვარი! (ეს. 43:10, 11).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ალფა და ომეგა აჩვენებენ, რომ როგორც დასაბამიდან არაფერია ღმერთზე უმეტესი, ასევე დასასრული არ ექნება მის საღმრთო ძალაუფლებას და მეუფებას. არაერთხელ ითქვა ზემოთ, რომ ქრისტე არის ალფა, ანუ პირველი, ღვთაებრიობით, და ომეგა, ანუ უკანასკნელი, ადამიანობით.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
14. ნეტა მათ, რომლებიც იქმან მის მცნებებს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში.
 
 
ღმერთკაცი ქრისტე
 
ეს არის მთელი რწმენის არსი, რომ ერთსა და იმავე ქრისტეში ვაღიარებთ სრულ ღმერთობასა და ჭეშმარიტ კაცებას. იოანე ზნეობრივ სიწმინდესთან დაკავშირებით ამბობს: ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ, ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი (ინ. 1:12), როდესაც მიუთითებს რწმენისა და სიყვარულის ჯილდოზე.
 
როგორც ჩანს იოანე აქაც ასე საუბრობს, როდესაც ქრისტეზე მიანიშნებს ასოებით ანი და ჰაედა სპეტაკი სამოსით უბიწო ცხოვრებას აღნიშნავს, რისთვისაც იგი ზუსტად იმავე ჯილდოს აღუთქვამს და ამბობს: რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ. სიცოცხლის ხე არის ქრისტე, რადგან ვკითხულობთ: იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი (იგავ. 3:18). და წმინდანები ბჭით შედიან ქალაქში, რომელზეც დაწერილია: გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს, ეს არის კარიბჭე უფლისა, წმინდანები შევლენ შიგ (ფსალმ. 118:19-20). ანუ შეუძლებელია ამ ქალაქში სხვაგვარად შესვლა, გარდა ქრისტეს მიერ, რომელიც ამბობს: მე ვარ კარი (ინ. 10:9) და: ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემ მიერ (ინ. 14:6).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
უფლება სიცოცხლის ხის მიმართ
   
იგი აცხადებს, რომ ნეტარნი არიან ისინი, ვინც თავიანთი საქორწილო სამოსი უფლის ვნების სისხლში გარეცხეს ან ისინი, ვინც გულის მწუხარებით და ცრემლებით განიწმინდნენ ცოდვებისგან. იოანე ამტკიცებს, რომ მათ, უეჭველად უნდა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ. ეს უფლება მდგომარეობს იმაში, რომ ვიხილოთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახე, რომელიც არის ჭეშმარიტი სიცოცხლის ხე, ვილხინოთ და მისი ყოფნის ადგილამდე მივაღწიოთ. ბჭით, შევიდეთ იქ, ანუ მოციქულთა პატრიარქების სწავლებით, რომლის აღსრულებასაც ცდილობდნენ ისინი.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ამრიგად, ნეტარ არიან ისინი, ვინც სიკეთეში ცხოვრობენ, ვინც თავი განიწმინდეს ცოდვის ყოველგვარი ბილწებისგან. ვინც ამ გზით იცხოვრა, უფლება ექნებათ ჩამოეყრდნონ სიცოცხლის ხეს და მოსვენებით იყვნენ მასზე. და სიცოცხლის ხე არის ქრისტე, როგორც ადრე ითქვა (შეად. გამოცხ. 2:7; 22:2 და მისი კომენტარები - რედ.).
 
ბჭით შევიდნენ ქალაქში - ბჭით - ანუ სამოციქულო განკარგულებებითა და სწავლებებით - ისინი ხდებიან მოზიარენი წმინდანთ ცხოვრების წესისა და ნეტარებისა.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სიმართლის ბჭენი
   
აქ აღთქმული საძოვარი - სიცოცხლის ხეა; უეჭველად, ისინი ეკლესიაში შედიან კარიბჭეებით, რომელიც არის კარიბჭე სიმართლისა, და რომლის გაღებას ითხოვდა ფსალმუნთმგალობელი (იხ. ფსალმ. 117:19. - რედ.). ხოლო ვინც "სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი" (ინ. 10:1).
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
15. ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან.  
 
 
ურწმუნოთა უარყოფა
 
ისინი, ვინც წმინდანთ კრებულის გარეთ დგანან, სიხარულის კიდობნიდან ღიად იქნებიან განდევნილნი.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ცოდვის სიმბოლო
 
ჭეშმარიტად, ძაღლები წმინდა ქალაქის გარეთ დგანან, არა აქვთ საცხოვრებელი მართალთა შორის და ა. შ. რადგან რა აქვთ საერთო მათ და საღვთო მართლებს?
 
ყველა, სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი, მეორე მხარეს დადგებიან. ყველაფერი, რაც ბუნების საწინააღმდეგოა, ყალბია; რდგან სათნოება ჰარმონიაშია ბუნებასთან, ვინაიდან შემოქმედმა თავდაპირველად ჩვენში, როდესაც შეგვქმნა, ჩადო სათნოების მარცვალი. მართლაც, ისევე როგორც სხეულისთვის ბუნებრივია სიჯანსაღე, ხოლო სნეულება კი ეწინააღმდეგება ბუნებას, სმენა და მხედველობა ბუნებრივია, ხოლო სიბრმავე და სიყრუვე არაბუნებრივი, ასევე სულებში სათნოება ეთანხმება ბუნებას, ხოლო ბოროტება მას არ შეესაბამება. სინამდვილეში, ჯანმრთელობა შეესაბამება სათნოებას, ბოროტება კი სნეულებას, ამიტომ სიცრუე არის ბოროტება, რადგან ის ხშირად ცრუ იერს ირგებს, თითქოს მართალია. რადგან ხშირად ისე ხდება, რომ თავხედობა ჰგავს გამბედაობას, მანკიერება - კეთილგონიერებას, ჩამორჩენილობა - ბრძნულ ცოდნას და, რა თქმა უნდა, ცრუ მოკრძალება წარმოჩინდება, როგორც სიმართლე. ყოველივე ეს არის ბოროტება, სათნოების ნიღბით შემოსილი და, შესაბამისად, ვინც ბოროტებით თვალთმაქცობს, უფალი მათ საღვთო გალავნიდან შორს განაგდებს.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ძაღლებად აქ იწოდებიან არა მარტო ურცხვნი და ურწმუნონი, და, საზოგადოდ რომ ვთქვათ, ბოროტი მუშაკნი, რომლებსაც დასტირის მოციქული, არამედ ისინიც, ვინც ნათლისღების შემდეგ თავის ნარწყევს დაუბრუნდა (2 პეტ. 2:22). ამიტომაც მემრუშეებთან, მკვლელებთან და კერპთაყვანისმცემლებთან ერთად ზეცური ქალაქისგან იქნებიან განდევნილნი.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ბოროტეულნი ახლაც ცდიან ეკლესიას შიგნიდან მთელი თავიანთი უგუნურებით, მაგრამ როდესაც მამა მოვა სახლში საწორწილო ლხინზე და მასთან ერთად წმინდანები, ის დახშავს კარს, შემდეგ კი ისინი, გარეთ მდგომნი, დააკაკუნებენ.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.


გაგრძელება იქნება.

წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
მაცხოვრის მეორედ მოსვლა
"ჰე, მოხვიდოდე, უფალო იესუ"
 
22:16-21
 
 
ახ. ქართ.:
 
16. მე, იესმ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი.
 
17. სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.
   
18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.
 
19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში.
 
20. ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იეს!
 
21. ჩვენი უფლის, იეს ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
 
 
ძვ. ქართ.:
 
16. მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი ბრწყინვალე განთიადისაჲ.
 
17. და სული და სძალი იტყჳან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას, თქუნ: მოვიდოდე! და რომელსა სწყუროდის, მოვიდოდენ, რომელსა ჰნებავს მიღებად წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ.
 
18. ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. 19. და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა. და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.
 
20. იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!
 
21. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა. ამინ.
 
 
***
 
 
მიმოხილვა: გამოცხადება ეუწყება მთელ მსოფლიოს. ქრისტე - დავითის ფესვია, როგორც ღმერთი და მისი მემკვიდრე, როგორც კაცი (ეკუმენიოსი, ბედა პატივდებული). ცისკრის ვარსკვლავი - ეს არის უფალი თავისი აღდგომის შემდეგ (ანდრია კესარიელი, ბედა პატივდებული). ეკლესია და სული მოუწოდებენ ღმრთის ძეს (ანდრია კესარიელი). ვინც რწმენის ნათელი მიიღო ამისკენ სხვებსაც მოუწოდებს (ბედა პატივდებული). წყარო სიცოცხლისა - ღმრთის ნიჭია ბოძებული კაცთადმი, რომელიც გარდაქმნის ცოდვილს მართლად (პრიმაზიუსი). წინასწარმეტყველების სიტყვის განმარტება საშიშია სულის დარიგების გარეშე (აპრინგიუსი, პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი). წმინდანები მოელიან ქრისტეს მოსვლას ღმერთში მშვიდობის მოსაპოვებლად (ანდრია კესარიელი, ეკუმენიოსი, ბედა პატივდებული).
 
 
***
 
 
16ა. მე, იესუმ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს.
 
 
მოწმობა ნიშნავს ამის გასაჯაროებას, არა ფარულად ან მალულად - არამედ ყველას გასაგონად, ყველგან ეკლესიებში, ისე რომ, არავინ ცუდი განზრახვით არ ჩაიდინოს ბოროტება უმეცრების საბაბით.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
16ბ. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი.

 
ერთი იპოსტასი
 
ამასთან, თითქოს ზემოთქმულთან დაკავშირებით, უფრო თანმიმდევრული იქნება, თუ ვიტყვით: მე ვარ დავითის ფესვის ახალი ყლორტი. აქ კი, პირიქით, ის საკუთარ თავს დავითის ფესვს უწოდებს და არა მხოლოდ ფესვს, არამედ მოდგმას, როგორც ადრე ითქვა.
 
ის არის - ფესვი და ყველაფრის მიზეზი, მათ შორის დავითისა, ამიტომ არის ის ღმერთი და აღიარებული ღმერტად. მაგრამ ის, რა თქმ აუნდა, ასევე დათივით მოდგმაა, რომელიც მისგან ხორციელად წარმოდგა, რის გამოც ის არის კაცი და აღიარებული კაცად.
 
ასეთია ის, რადგან ამაზე ხშირი საუბარი ძნელი არ არის ჩემთვის, მკითხველისთვის კი - უსაფრთხოა, როგორც ერთ ადგილას ბრძანა ღვთაებრივმა მოციქულმა (იხ. ფლპ. 3:1 - რედ.).
 
ამრიგად, ის ემანუილია ღვთაებრივად და კაცობრივად, ამასთან ფლობს რა ორივე ბუნებას მთლიანად, რომელთაგან ყოველი მათგანი სრულყოფილია, და შესაბამისი განსაზღვრების თანახმად ფლობს მათ - შეურევნელად, გარდაუქმნელად, უცვალებლად, მოუგონებლად (1)
 
___________________
 
1. ეკუმენიოსი იყენებს ქალკიდონის კრების (451 წ.) განსაზღვრებას, რომლის თანახმადაც ქრისტეს ორი ბუნება შეერთებულია შეურწყმელად (ἀσυγχύτως), უცვლელად (ἀτρέπτως), განუყოფლად (ἀδιαιρέτως), განუცალკევებლად (ἀχωρίστως). ეკუმენიოსთან ფორმულა შეცვლილია: ის იყენებს ἀσυγχύτως (შეურწყმელად), ἀτρέπτως (უცვლელად), ἀναλλοιώτως (უცვალებლად), ἀφαντασιάστως (მოუგონებლად, შეუთხზველად) - რედ.
 
___________________
 
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ გამოუთქმელი შეერთების შემდეგ ის გახდა ერთი პირი, ერთი იპოსტასი და ერთი ენერგია, თუნდაც ორი განსხვავებული ბუნებისგან, როგორც ჩვენ ვამტკიცებთ, წარმოიშვა გამოუთქმელი და მიუწვდომელი შეერთება, ისევე როგორც მათი ბუნებითი თვისებები, როგორც ამას ჩვენი წმიდა მამა კირილე ამბობს (Кирилл Александрийский, Послание 39 (К Иоанну). - რედ.).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება. (2)

___________________
 
2. ანდრია კესარიელი მისდევს ეკუმენიოსს, რომელიც ახდენს ფესვის ინტერპრეტირებას ქრისტეს ღვთაებრიობასთან მიმართებაში, და მოდგმისას - მის ადამიანურ ბუნებასთან დაკავშირებით - რედ.)
 
___________________
   
   
ორი ბუნება
 
აქ ქრისტე ლაპარაკობს თავისი ბუნების ორობაზე, ვინაიდან საღვთო ბუნების მიხედვით, ის არის დავითის შემქმნელი, ხოლო ხორციელი ბუნებით, დავითის თესლისგან ხორციელად შობილი (რომ. 1:3). სახარებაში უფალი იმავე კითხვას უსვამს ებრაელებს: თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ? (მთ. 22:42-45).
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
16გ. ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი.
 
 
მოგვთა ვარსკვლავი
   
ეს არის ჭეშმარიტების ის ვარსკვლავი, რომელმაც მოგვები მიიყვანა მის მაკურნებელ სამყოფლამდე. და არც ერთი ჩვენი განმარტება არ შეიძლება იყოს უფრო ნათელი, ვიდრე ამ წიგნის სიტყვებია.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
მზე სიმართლისა
   
ცისკრის ვარსკვლავში მზეს მოიაზრებს, რადგან მალაქიასთან ქრისტეს მზე სიმართლისა ეწოდება (მალაქ. 4:2); წინასწარმეტყველი აგრეთვე ამბობს ფსალმუნში: ქალის საშოდან მოწყვეტილივით, ანუ იუდეველმა მღვდელმთავრებმა, - ვერ იხილოს მზე (ფსალმ. 57:9) - რა თქმა უნდა, სიმართლის მზე, ქრისტე.
 
ან ის გულისხმობს ცისკრის ვარსკვლავს. ვინაიდან ასე უწოდებს მას (ქრისტეს) პეტრე თავის მეორე ეპისტოლეში: ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი (2 პეტ. 1:19).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
პირველი აღდგომა
   
როდესაც აცხადებს ახალი აღთქმის მადლის ნათებას, იოანე საუბრობს პირველი აღდგომის დროზე, როდესაც ქრისტე მკვდრეთით აღდგა. ამიტომ, ვკითხულობთ საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, საჴმილითგან განთიადისა, ესევდინ ისრაჱლი უფალსა (ფსალმ. 129:6-7).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ეს ამოწმებს უფლის ღირსებას, რომელმაც ანგელოზი წარმოგზავნა. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა - ქრისტე არის დავითის ფესვი, როგორც ღმერთი, ხოლო როგორც მისგან წარმომდგარი, არის მოდგმა.
 
ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი - ქრისტე, რომელიც ჩვენთვის აღმობრწყინდა ცისკარზე მესამე დღეს და წმინდანებს უნდა გამოსცხადებოდა, ამჟამინდელი ცხოვრების შემდეგ საყოველთაო აღდგომის ცისკარზე დაუსრულებელ დღეს დაამყარებს.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 

ის ვნების ღამის შემდეგ საყოველთ აღდგომისა და სიცოცხლის ნათელში გამოჩნდა, აჩვენა რა ქვეყნიერებას სიტყვა და მაგალითი. ამის გამო ეთქვა ნეტარ იობსაც: თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე (იობი 38:32)?
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
17. სული და სასძლო ამბობენ: მოდი!
 
 
სასუფევლის მოწოდება
 
სულიწმიდა და ეკლესია ყველა მოუწოდებენ ცხონებისკენ ... და ვინც დაიცავს ამ წინასწარმეტყველების სიტყვას, რომელიც მოგვანდო თვით უფალმა, და ისმენს მას, ძალმოსილია იმისი, რომ იყოს განსწავლული.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
ჩვენ ველოდებით უფლის მეორედ მოსვლას, მაგრამ ასევე ვლოცულობთ მასზე. რადგან, უეჭველია, რომ ის, ვინც მიმართავს მამას: მოვედინ სუფევა შენი, ითხოვს ქრისტეს სუფევასაც, რომელიც არის მამისა და სულის სასუფეველი.
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
17. მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.
 
 
აღორძინების ნიჭი
 
ცხონება გვეძლევა ყოველგვარი საფასურისა და გირაოს გარეშე. მაგრამ ის, ვისაც ცხონება სურს, მოვა და უსასყიდლოდ მიიღებს აღორძინებას ნათლისღებაში ან კიდევ ღირსი აღმოჩნდება სინანულის წამალი მიიღოს საფასურისა და საჩუქრების გარეშე. მსგავსადვე ამბობს წინასწარმეტყველიც: ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე! (ეს. 55:1).
   
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
მსმენელმაც თქვას: მოდი! - ამით ნათქვამია, რომ ყოველი, ვისაც კი ეს სიტყვები ესმის, და შენ, იოანე, ილოცე ქრისტეს სასუფევლის დადგომისთვის. ამით ის ყველას მოუწოდებს მართალი საქმეებისკენ, რადგან მან, ვინც თავის სიმართლეში დარწმუნებული არ არის, დაე ილოცოს ქრისტეს მოსვლისთვის, რომლის დროსაც ყველას მოეთხოვება პასუხი თავისი განვლილი ცხოვრებისთვის.
 
რადგანაც, ჩემის მოსვლის დრო ახლოვდება, - ამბობს უფალი, - მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. აქეთკენ მოგვიწოდებს ესაიაც, რომელიც იგივეს ამბობდა უფლის მოსვლამდე: ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე! (ეს. 55:1).
 
ადრეც იყო ნათქვამი, რომ სათნოებათა ჯილდოს, რომელსაც მორწმუნენი მოიპოვებენ შრომითა და ღვაწლით, ისინი უსასყიდლოდ მიიღებენ (იხ. გამოცხ. 21:6 და მისი კომენტარი), რადგან, უბრძენესი პავლეს თქმით: აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ (რომ. 8:18).
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
რამდენადაც ფიქრობთ წასვლაზე, იმდენად მიგყავთ სხვებიც თქვენთან ერთად; გსურთ გყავდეთ თანმხლები მეგობრები ღვთისკენ მიმავალ გზაზე? თუ რომელიმე თქვენგანი, ძმებო, მიდის ბაზარში ან აბანოში, ის იწვევს მასთან ერთად წასასვლელად მას, ვისაც ამისთვის თავისუფალი დრო აქვს. ასე რომ, დაე, თქვენი ყველაზე მიწიერი საქმიანობა განგაწყობდეთ ისე, რომ მაშინაც კი, როდესაც ღმერთთან მიდიხართ, მასთან მარტო წასვლას არ შეეცადოთ. ამიტომ არის დაწერილი: მსმენელმაც თქვას: მოდი! ისე, რომ მან, ვინც უკვე მოისმინა უმაღლესი სიყვარულის ხმა გულში, გარეთაც მოყვასს გადასცემდეს დარწმუნების ხმას.
 
წმ. გრიგოლ დიალოგოსი.
 
 
18-19. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში.
 
 
განმარტების აკრძალვა
   
ეს ითქვა არა იმიტომ, რომ უფალი კრძალავს მის მიერ გამოცხადებული სიტყვების განმარტებას, არამედ იმიტომ, რომ დაახლოები იმ დროს, როდესაც წმინდა იოანეს ეს გამოცხადება ჰქონდა, გამოჩნდნენ ცდომილებაში მყოფი განსწავლულები და მწვალებლები. ამიტომ, რათა არანაირი ცდომილება არ შერეოდა მისთვის დამახასიათებელი სიცრუით უფლის სიტყვებს და რაიმე არ მოკლებოდა გამოცხადებას, ქრისტემ თავისი მტკიცებულება თავისი ნეტარი მოწაფის მოწმობით გაამყარა, რის გამოც გადაწყვიტა თავისი წიგნი დაესრულებინა ამ განკარგულებით.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
სოლომონი ბრძანებს: ნურას მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხილებს და მატყუარა გამოხვალ (იგავნი 30:6). აქაც იოანე წერს წყლულებათა საშინელებაზე, რათა არა მარტო საკუთარი ძალაუფლება შეახსენოს, არამედ აიძულოს დაუდევარნი და შეაკავოს ფუქსავატნი, რათა არაფერი დაურთონ უფლის სიტყვებს.
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
საშინელია წყევლა, რომელიც საღვთო სიტყვების შემცვალებელთა მისამართით არის წარმოთქმული, რადგან დიდია მათი უტიფრობა, ბოროტი ზნე და თავმოყვარეობა, რომლებიც აკარგვინებთ საუკუნო ცხოვრების სიკეთეს. ამიტომ მცნებად გვიდებს, რომ ასეთ საქმეს ვეკრძალოთ და წმინდა წერილის სიტყვა უფრო სარწმუნოდ და დიდებულად მოვიჩნიოთ ანტკიურ თხზულებებსა და დიალექტიკურ სილოგიზმებთან შედარებით, რადგან დიდია ზღვარი მათ შორის, ისეთივე, როგორც, ვფიქრობ, სინათლესა და სიბნელეს შორის.
 
ანდრია კესარიელი, გამოცხადების განმარტება.
 
 
აქ იგულისხმებიან ფალსიფიკატორები, და არა ისინი, ვინც უბრალოებით ამბობს იმას, რასაც გრძნობს ისე, რომ არაფრით არ ამახინჯებს წინასწარმეტყველებას.
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
20. ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იეს!
 
 
განკითხვისგან თავისუფალნი
   
უფალმა აჩვენა თავისი მოსვლის ჭეშმარიტება და სიახლოვე. და უკვე თავის ნეტარებაში დარწმუნებული წმიდა იოანე მხურვალედ აცხადებს: ჰო, მოდი, უფალო იესუ! ყოვლისშემძლე იესუ ქრისტე იმავე ძალით, როგორითაც გვწყუროდა მისი მოსვლა, გვაძლევს ძალას ვიყოთ შემძლენი მისი მფარველობით დავიცვათ თავი ყოველგვარი ცუდი ქცევისგან, რათა, როდესაც ჩვენი სურვილი აღსრულდება, ჩვენში რაიმე არ იპოვოს გასაკიცხი. და თუკი რაიმე იქნება მიტევების ღირსი, ის, რა თქმა უნდა, მიუტევებს ბრალდებულს, რადგან მას ეს მისცა იმან, ვისთანაც ნეტარი ცხოვრობს და მეფობს უკუნითი უკუნისამდე.
 
აპრინგიუსი, ტრაქტატი გამოცხადებაზე.
 
 
აღსასრულის მოახლოვება
   
აქ იოანე ამბობს იმას, რაც თქვა პავლემ: რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი (2 ტიმ. 4:6). იგულისხმება, რომ: "მე - ვარ ის, ვინც ასწავლის ამის შეასხებ, და მოაქვს მოწმობა წუთისოფლის დასასრულს, რათა არავინ დაეჭვდეს ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. ამრიგად, მე ამას ვწერ მომწოდებლის თქმით, რომელმაც ბრძანა: ჰო, მოვალ მალე!
 
ეკუმენიოსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
სამსჯავროს მოწოდება
   
მოწმობს იგივე ქრისტე, რომელიც ეკლესიას აუწყებს, რომ მალე მოვა. ეკლესიაც ერთგულად პასუხობს მას ქებათა ქების სულისკვეთებით: ამინ, ჰო, მოდი, უფალო იესუ! ის გალობით ამბობს: მოვედინ სუფევაი შენი (მთ. 6:10) და გზასა უბიწოსა; ოდეს მოხვიდე ჩემდა? (ფსალმ. 100:2).
 
პრიმაზიუსი, გამოცხადების განმარტება.
 
 
ჩვენ ვლოცულობთ, რათა აღთქმის თანახმად უფალმა იესუ ქრისტემ კეთილინებოს ჩვენთან მოსვლა და თავისი მოწყალების მიერ გაგვათავისუფლოს ამა ქვეყნის საპყრობილედან, მიგვიყვანოს თავის სამართლიანობასთან, თავის ნეტარებასთან. უფალი არის ის, ვინც მამასთან და სულიწმიდასთან ერთად ცხოვრობს და მეფობს უკუნითი უკუნისამდე.
 
წმ. კესარიოს არლელი, გამოცხადების გადმოცემა.
 
 
21. ჩვენი უფლის, იეს ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
 
 
მადლის თანამოზიარე
   
ყოველგვარი უწმინდურება ამოღებულია წმინდანთა ცხოვრებიდან და არ დაიშვება ზეციურ იერუსალიმში. მაშ, განდევნილებთან როგორ მოვა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის ქრისტეს მადლი? მაშ, გვყავ მის მოზიარედ, უფალო, ოდენ შენი სახიერებით, რადგან შენ გეკუთვნის დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
 
 
მადლი თქვენ ყოველთა თანა
   
დაე პელაგიანელებმა, რომელთაც თავიანთი სათნოებები ეიმედებათ, საკუთარი თავი მოაკლონ ღმრთის მადლს (3). თვით მოციქული პავლე ეძებდა უფლის მხარდაჭერას და კითხულობდა: ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? (რომ. 7:24) უპასუხებს საკუთარი მდგომარეობის მხსომებელი იოანე: ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. და რათა საკუთარ თავს არ აიმედებდნენ დონატისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ღირსქმნილნი არიან ღმრთის განსაკუთრებული მოწყალების, ისმინონ, იოანეს კურთხევა, რომელსაც, თითქოსდა საბოლოოდ გვემშვიდობებაო, ამატებს სიტყვებს: ყველა თქვენგანთან. ამინ (3).
 
ღირ. ბედა პატივდებული, გამოცხადების გადმოცემა.
 
___________________
 
3. პელაგიანელებს მიაჩნდათ, რომ მადლი თავიდანვეა თავისუფალი ნების ნიჭი. შედეგად, ჩვენი სიწმიდე მიიღწევა თავისუფალი ნების სწორი გამოყენებით, და არა საღმრთო მადლის მაკურნებელი და აღმაშენებელი ძალით. დონატისტები კი ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ისინი შეადგენენ წმიდა ეკლესიას, რითაც ეკლესიის საყოველთაო ბუნებას ეჭვ ქვეშ აყენებდნენ - რედ.
 
___________________
 
 
დასასრული.

წყაროები:

1. Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I - VIII веков. Книга Откровения Иоанна Богослова. Тверь: Изд. Герменевтика, 2009.

2. ბიბლია განმარტებებით. აპოკალიფსისი. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა (I ნაწილი). თბილისი. გამომც. პალიტრა. 2021 წ.
Назад к содержимому