განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_i_1_1_9 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
აპოკალიფსისის შესავალი

(თ. 1:1-9)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

1. გამოცხადებაჲ იესუ ქრისტესი, რომელ-იგი მოსცა მას ღმერთმან, ჩუენებად მონათა მისთა, საქმეთა მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ, და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს, 2. რომელმანცა წამა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და წამებაჲ იესუ ქრისტესი, რაოდენიცა იხილა და რომელიცა არს და რომელსა ეგულების ყოფად. 3. ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს. 4. იოვანე, შჳდთა ეკლესიათა ასიაჲსათა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან. 5. და იესუ ქრისტესგან, მოწამისა მის სარწმუნოჲსა, პირმშოჲსა შესუენებულთაჲსა და მთავრისა მეფეთა ქუეყნისათა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლითა თჳსითა. 6. და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამისა თჳსისა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 7. აჰა ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა-იგი უგუმირეს მას; და გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი: ჰე, ამინ. 8. მე ვარ ანი და ჵ, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი. 9. მე, იოვანე, ძმაჲ თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტესისა.

ახ. ქართულით

1. გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს, 2. რომელმაც იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესო ქრისტესი, - ყოველივე ის, რაც იხილა. 3. ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი. 4. იოანე ასიის შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და იქნება, და შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე, 5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით, 6. ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 7. აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ. 8. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი. 9. მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.
შინაარსი

I. აპოკალიფსისის შესავალი (თ. 1:1-9)

1. გამოცხადებაჲ იესუ ქრისტესი, რომელ-იგი მოსცა მას ღმერთმან, ჩუენებად მონათა მისთა, საქმეთა მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ, და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს.

აპოკალიფსისის შესავალი წარმოადგენს ლიტერატურული ნაწარმოების შესავალის მსგავს ფორმას და შეიცავს: 1) წიგნის სათაურს, რომელიც განაპირობებს მის შინაარსს (გამოცხ. 1:1-2); 2) დაწერის მიზანი (1:3); 3) მისი დანიშნულება (1:4-5); 4) იესუ ქრისტეს დოქსოლოგია (1:5-6) და 5) წიგნის ავტორიზაცია (1:7-9).

სიტყვა "გამოცხადება" (ბერძნ. "აპოკალიფსის"), რომლითაც იწყებს თავის წინასწარმეტყველურ წიგნს წმ. იოანე ღვთისმეტყველი, აქ წარმოადგენს დასათაურებას, რომელიც წიგნის შინაარსს გამოხატავს. "გამოცხადება", - როგორც წმ. ანდრია კესარიელი (IV ს.) ბრძანებს, - ეს არის დაფარულ საიდუმლოთა იმგვარი ჩვენება, როდესაც საღმრთო სიზმრით თუ განცხადებული ხილვით განათდება გონება".

"იესუ ქრისტესი" - აქ მიმატებულია გამოცხადების შინაარსის ავტორიტეტის აღსანიშნად.

სიტყვები: "რომელ-იგი მოსცა მას ღმერთმან" უნდა აღნიშნავდეს არა იმას, რომ ის ადრე უცნობი იყო ქრისტესთვის, - ეს სიტყვები სულაც არ მეტყველებენ მისი, როგორც ღმრთის ძის, ღვთაებრიობის საწინააღმდეგოდ, - არამედ იმას, რომ გამოცხადების ამ შეტყობინებაში, რომელიც მიეცა იოანეს, აღსრულდა საღმრთო განგებულება. იესუ ქრისტემ, ძემ ღმრთისა, აღასრულა რა ნება მამისა ადამიანთა მოდგმის საცხოვნებლად და გარდამოხდა დედამიწაზე, ამჯერადაც, მოქმედებდა რა მამისავე ნებით, კაცობრიობას ეკლესიისა და კაცობრიობის მომავალი გამოუცხადა. ამაზე მიუთითებს შემდგომი სიტყვები:

"ჩუენებად მონათა მისთა, საქმეთა მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ" (ახ. ქართ. "რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე"). აპოკალიფსისის გამოცხადება არის ერთგვარი გაგრძელება იმ გამოცხადებისა, რომელიც უკვე აუწყა ქრისტემ თავის მოწაფეებს მისი ამქვეყნიური ცხოვრების დროს. გამოთქმა "მონათა მისთა" მიანიშნებს, რომ გამოცხადება ეხება არა მარტო მცირე აზიის ეკლესიებს, არამედ ყოველა დროისა და ადგილის ქრისტეანთა მთელ საზოგადოებას.

სიტყვა "ჯერ-არს" გამოყენებულია იმ მიზნით, რათა მიუთითოს ყოველივე იმის უცილობლობასა და უეჭველობაზე, რაც საღმრთო განგებით არის განპირობებული. ხოლო სიტყვა "ადრე" (ახ. ქართ. "მალე") იმაზე ლაპარაკობს, რომ ქრისტეანული სასოებისთვის არ არსებობს დროის ხანგრძლივობა, არამედ ყოველივე, გამოცხადებული წინასწარმეტყველებიდან, არ დააყოვნებს და უეჭველად აღსრულდება. ხოლო წმ. ანდრია კესარიელის განმარტებით, "მალე" აქ გამოყენებულია ღმრთის მარადიულობასთან მიმართებაში, რომლისთვისაც "ათასი წელი ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა" (ფსალმ. 89:5; 2 პეტრე 3:8).

"და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს".

ზმნა "გამოუცხადა" (ახ. ქართ. "უჩვენა") აქ უშუალოდ მოქმედ პირად გულისხმობს თვით უფალ იესუ ქრისტეს, - ეს ერთის მხრივ; ხოლო მეორეს მხრივ - მიუთითებს იმაზე, რომ გამოცხადების მოცემის ფორმა წინასწარმეტყველების ფორმა კი არ არის, არამედ ხილვებისა და სიმბოლოებისა, რომელიც უპირველეს ყოვლისა გრძნობისმიერი მხედველობისთვის არის მისაწვდომი.

მაგრამ როგორ შევათავსოთ ზმნა "გამოუცხადა"-ს მნიშვნელობა შემდგომი ზმნის "მოვლინებითა"-ს მნიშვნელობას? ხომ არ ირღვევა აქ გამოცხადების ეს უშუალობა? ცხადია, არა. სიტყვა "მოვლინებითა", იესუ ქრისტესთან მიმართებაში, მომავლინებლის ქმედების სიშორეს კი არ უთითებს, არამედ მხოლოდ შუამავლობას. მსგავსად იმისა, როგორც უფალი ღმერთი, რომელიც იყო წარმგზავნელი თავის ძველ წინასწარმეტყველთა და ანგელოზთა თავისი ნების საუწყებლად, და ამავდროულად, თავისი ყველგანმყოფობისა და ყოვლისშემძლეობის ძალით განუშორებლად მყოფობდა მათთან, ასევე იესუ ქრისტეც, როდესაც თავის გამოცხადებას მოავლენს ანგელოზის მიერ, გამოცხადების ამ შეტყობინებაში თვითონაც მყოფობს და მოქმედებს. ანგელოზი აქ მხოლოდ მსახურია, რომელიც ასრულებს უფლის ნებას, ხოლო უშუალო ავტორი და წყარო გამოცხადებისა თვით უფალია.

"ანგელოზის" სახელი აქ გამოყენებულია ზოგადი მნიშვნელობით, რადგან ანგელოზნი არიან უფლის ნების მაუწყებელნი, და ამ შემთხვევაში, ერთი რომელიმე კონკრეტულ ანგელოზი არ იგულისხმება. ანუ უფლის ნების საუწყებლად გამოაგზავნაო ერთ ერთი ანგელოზი მრავალთაგან.

ანგელოზმა, როგორც უფლის ნების მაუწყებელმა მსახურმა, უნდა აუწყოს ეს გამოცხადება წმ. იოანეს, მონას ღმრთისა. სიტყვა "მონა" აქ გამოყენებულია საღმრთო გამოცხადების ღირსების ასამაღლებლად (შეად. რომ. 1:1; ფილ. 2:1), რომელიც ეკუთვნის ღმრთის ყოვლისმცოდნეობას და რომელიც ადამიანებს, ღმრთის უბრალო მონებს, რომელთაც უშუალო გამოცხადების მიღება არ ძალუძთ, მხოლოდ შუამავლის მეშვეობით აძლევს თავის გამოცხადებას. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ ის ჯერ მიეცა იესუ ქრისტეს, - ცხადია არა იმ აზრით, რომ მან ის ადრე არ უწყოდა, არამედ იმ თვალსაზრისით, როგორითაც იყენებს ამ სიტყვას იესუ ქრისტე თავის თავთან მიმართებაში, მაგალითად, როდესაც ამბობს, რომ მამამ "მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე" (იოანე 5:27). აქ მოცემულია იესუ ქრისტეს ორბუნებოვნების, მისი ღმერთკაცობის მიუწვდომელი საიდუმლო, რომლისთვისაც თვით უფალი სხვა ადგილას ამბობს: "მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" (მათე 24:36). სწორედ ამის გამო ბრძანებს წმ. ანდრია კესარიელი, რომ მოციქულის სიტყვები: "ეს გამოცხადება მოსცა ქრისტეს ღმერთმან" ქრისტეს კაცობრივი ბუნებას ეხება, ხოლო სიტყვები: "მონათა მისთა" მის ღვთაებრივ დიდებულებას, რამეთუ "მონათა მისთად" უწოდა ანგელოზებს, რომლებიც მიც მიერ გულისხმაყოფენ და უჩვენებს იმ საქმეთ, "რომელთა ჯერ არს აღსრულება".

ეს გამოცხადება იმდენად მნიშვნელოვანია და საღმრთო განგებულების ისეთ უღრმეს საიდუმლოებებს ეხება, რომ ადამიანებს მისი მიღება უშუალოდ, თვით იესუ ქრისტესგანაც კი არ ძალუძთ, რომელიც ოდესღაც ადამიანებს პირისპირ ელაპარაკებოდა. ამ გამოცხადების მისაღებად საჭიროა შუამავალი, რომლის მოვალეობასაც, უპირველეს ყოვლისა, ასრულებს ანგელოზი. მაგრამ, რადგან ყველა ადამიანი როდია ღირსი ან შემძლე უშუალოდ ანგელოზისგან მიიღოს გამოცხადება, მასსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორისაც შუამავალია საჭირო და ამ შუამავალად სწორედ მოციქული და ღვთისმეტყველი იოანე აირჩია ღმერთმა. შემდგომი მეორე მუხლი გაგვიმარტავს სწორედ თუ რატომ გახდა წმ. იოანე ამგვარი გამოცხადების ღირსეული შუამავალი, რადგან მან:

2. "წამა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და წამებაჲ იესუ ქრისტესი, რაოდენიცა იხილა და რომელიცა არს და რომელსა ეგულების ყოფად".


ზმნა "წამა" (ახ. ქართ. "იმოწმა") გვაგონებს იოანეს სახარების გამოთქმას: "ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია" (იოანე 21:24), ასევე სხვა ადგილებსაც წმ. იოანე ღვთისმეტყველის თხზულებათაგან. წარსულ დროში ამ სიტყვის გამოყენება უნდა უთითებდეს იმ მოქმედებაზე, რომელმაც უკვე მიაღწია თავის სრულ განვითარებას, მაგრამ ამჯერად დროებით შეწყვეტილია. იოანე ღვთისმეტყველთან მიმართებაში, როგორც ეს მისი ცხოვრებიდან არის ცნობილი, კუნძულ პატმოსზე გადასახლებამდე, თავისი სამახარობლო ქადაგებით მოწმობდა იესუ ქრისტეზე, როგორც განკაცებულ ღმერთზე და ასწავლიდა, რომ ყველა, ვინც მას ირწმუნებს ცხოვნდება.

სიტყვები "რაოდენიცა იხილა" ამასწინანდელი ნათქვამის აზრს აძლიერებს. თუ სიტყვებში: "წამებაი იესუ ქრისტესი" (ახ. ქართ. "მოწმობა იესო ქრისტესი") იესუ ქრისტეს ზეპირსიტყვიერი სწავლება, მისი ამაღლებული ქადაგებები იგულისხმება, რომლებიც მხოლოდ წმ. იოანეს მიერ გადმოგვეცა, სიტყვებით "რაოდენიცა იხილა" (ახ. ქართ. "რაც იხილა") მითითებულია იესუ ქრისტეს უდიდესი სასწაულები და ღვაწლი, რომლებიც, თვით უფლის თქმით, კაცთა თვალში უნდა ყოფილიყო მისი ღვთაებრივი წარგზავნილობის დამადასტურებელი მოწმობა (იოანე 5:36; შეად. საქმე: 26:16). აი, ამ, ასე ვთქვათ, დიადი წარსულის გამო, იესუ ქრისტესთან თავისი ამ სიახლოვის გამო, რომელიც საღმრთო ცოდნის წყაროა, იოანე საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ღირსს და უფლებამოსილს, იყოს საღმრთო გამოცხადების გარდამომცემი, არა როგორც წინასწარმეტყველი, არამედ როგორც მოციქული ქრისტესი.

3. "ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს".

"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს..." სიტყვა "ნეტარი" საკმაოდ ხშირად გამოიყენება ახალი აღთქმის წმიდა წერილში და ჩვეულებისამებრ უთითებს ადამიანის შინაგან მონაწილეობაზე იესუ ქრისტეს სულიერ სასუფეველში, რომელიც არის "სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში" (რომ. 14:17); ეს სიტყვები შეიძლება ასევე მიანიშნებდეს ბოლო ჟამის სასჯელთაგან გათავისუფლებას და სიხარულევან დამკვიდრებას ახალი იერუსალიმისა.

ამ მუხლში უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს მხოლობითი "რომელი იკითხვიდეს" (ახ. ქართ. "ვინც კითხულობს") შეხამება მრავლობით "და რომელნი ისმენდენ"-თან. ერთნი ამას იოანეს მეტყველების თავისებურებით ხსნიან, რომელიც თავისთავად არაფერს გულისხმობს. სხვები კი ამაში აპოკალიფსისის განსაკუთრებულ დანიშნულებას ხედავენ, რომელზეც იოანემ საეკლესიო გამოყენებისთვის მიუთითა, სადაც ერთია მკითხველი და მრავალი მსმენელი. მაგრამ, ამ ადგილის განმარტება უფრო მარტივადაც შეიძლება: წმ. იოანემ, თავისი წინასწარმეტყველური აღტყინებისა და მეტყველების სისწრაფის გამო, სიტყვა "ნეტარ არს" "ისმენდენ"-ის წინ არ გაიმეორა; ხოლო რაკიღა ამისგან არაფერი ზიანდება და არანაირი ბუნდოვანება ამას ტექსტის შინაარსში არ შეაქვს, გამოტოვებული ადგილი შემდეგშიაც ასევე დარჩა.

იმის შემდეგ, რაც თავისი აპოკალიფსისის მკითხველებსა და მსმენელებს "ნეტარნი" უწოდა, იოანე განმარტავს იმას თუ რა ჰსურს და რას ელოდება მათგან. წმ. იოანე ქრისტეანთაგან ითხოვს, დაიცვან ის, რაც აპოკალიფსისშია დაწერილი. მსგავსი მოთხოვნა გვხვდება მოციქულ პავლესთანაც, რომელიც ამბობს: "რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან" (რომ. 2:13). მაგრამ თუ მოციქული პავლე გულისხმობდა მცნებათა აღსრულებას, იოანე ითხოვს, რათა მისი აპოკალიფსისის მსმენელებს ყოველთვის ახსოვდეთ გამოცხადება სამყაროსა და ეკლესიის მომავლის შესახებ. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ამგვარი ხსოვნა თავისთავად არის საშუალება გახდე ღირსი მომავალი ნეტარებისა და თავი აარიდო სასჯელსა და სამარადისო ტანჯვას.

"რამეთუ ჟამი (καιρός) ახლოს არს" - ქრისტეანს მარადის უნდა თვალწინ ედგეს აპოკალიფსისის წინასწარმეტყველება სამყაროს ახლო აღსასრულის შესახებ, მართალთა ნეტარება და ცოდვილთა ტანჯვა, რადგან შეიძლება ისე მოხდეს, რომ უეცარმა სიკვდილმა ისე მოუსწროს მას, რომ მოუმზადებელი აღმოჩნდეს მკვდრეთით აღდგომისა და საუკუნო სამსჯავროზე წარსადგომად. და როდესაც ასეთი მოუმზადებელი ადამიანი აღსდგება მკვდრეთით, როგორი წარსდგება იგი ღმრთის სასამართლოს წინაშე?!

ამიტომაც, იოანემ დროის აღსანიშნავად სიტყვა "ხრონოსის" ნაცვლად (χρόνος),"კაიროსი" (καιρός) უმიზნოდ და შემთხვევით როდი გამოიყენა, რადგან "კაიროსი" უფრო მოხერხებულ, ხელსაყრელ დროს ნიშნავს, როდესაც თითოეული ადამიანისთვის დადგება შესაძლებლობა გადავიდეს მარადიულ, ნეტარ ცხოვრებაში; ამიტომაც, საჭიროა ხელიდან არ გავუშვათ ასეთი შესაძლებლობა და ჩვენი უდებებისა და უყურადღებობის გამო მარადიული ტანჯვით არ დავისაჯოთ (ლუკა 21:9; რომ. 13:11). "მარადიულ ყოფიერებასთან შედარებით, როგორც ბრძანებს წმ. ანდრია კესარიელი, ეს წუთისოფელი მოკლეა და მოვალს ჟამი და აწვე ახლო არს, როდესაც თითოეულსაც მიეგება "საქმეთაებრ მათთა".

4. "იოვანე, შჳდთა ეკლესიათა ასიაჲსათა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან".

"იოანე"-ში ის იგულისხმება, ვინც პირველ მუხლშივე იწოდა ქრისტეს მონად და რომელთან დაკავშირებითაც მეორე მუხლში ითქვა, რომ "იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესუ ქრისტესი, - ყოველივე ის, რაც იხილა". ამაზე მეტ დახასიათებას იოანე არ საჭიროებდა, რადგან ის წერდა იმ ეკლესიებს, რომლებიც მას კარგად იცნობდნენ, როგორც უფლის მოწაფესა და თავიანთ მწყემსმთავარს; მაგრამ, რატომ მიმართავს ის მხოლოდ შვიდ ეკლესიას და სახელობითაც კი აღნიშნავს მათ? ცხადია, არა იმიტომ, რომ იქ სხვა ეკლესიები არ იყო, - მოციქულ პავლეს ეპისტოლეებიდან ვგებულობთ, რომ აზიაში სხვა ეკლესიებიც არსებობდნენ, - და არც იმიტომ, რომ სხვა ეკლესიები არ საჭიროებდნენ მის გამოცხადებას და მოციქულის მზრუნველობას, რაც თავის მხრივ, უსასრულო სრულიყოფილების იდეალისკენ ქრისტეანული მისწრაფების საწინააღმდეგოა. წმ. იოანე შვიდ ეკლესიას მიმართავს როგორც საყოველთაო ეკლესიის სიმბოლოს და კიდევ იმიტომ, რომ სწორედ ეს ეკლესიები მიიჩნია ქრისტემ მომავლის საიდუმლოთა შესახებ თავისი გამოცხადების აღმქმელებად.

ნეტ. ავგუსტინეს (IV ს.) თქმით "აქ ნაწინასწარმეტყველევის არსი ნათელია მათთვის, ვისთვისაც ცნობილია შვიდობითი რიცხვის მნიშვნელობა. შვიდით, საერთოდ, მთელი ეკლესიის სისრულე აღინიშნება. ამიტომ ახსენებს მოციქული იოანე "შვიდ ეკლესიას", რითაც აჩვენებს, რომ წერილი ერთი ეკლესიის სისრულეს მისწერა".

წმ. ანდრია კესარიელი კი განგვიმარტავს: "თუმც მრავალად იყვნენ ადგილობრივი ეკლესიები, ყოველივე მხოლოდ შვიდ ეკლესიას მისწერა; აქ რიცხვი "შვიდი" დღეთა ბრუნვის შვიდეულებად ათვლას შეესატყვისება და საიდუმლოდ აღნიშნავს მთელ ეკლესიას. ამითვე აიხსნება მხოლოდ "შვიდი ანგელოზის" ხსენებაც, რომელთაც ეტყვის: "მადლი თქვენდა და მშვიდობაი სამპიროვანი ღმრთისგან", რამეთუ სიტყვით "რომელი არს" აღინიშნება მამა, რომელმან უთხრა მოსეს: "მე ვარ, რომელი იგი ვარ" (გამოსვლ. 3:14); გამოთქმით: "რომელი იყო" - სიტყვა, რომელიც "პირველითგან იყო ღმრთისა თანა" (იოანე 1:1). ხოლო სიტყვით, "რომელი მომავალ არს", აღინიშნება ნუგეშინისმცემელი სულიწმიდა, რომელიც წმ. ნათლისღების საიდუმლოში მარადის გადმოდის მორწმუნე შვილებზე ეკლესიისა და მთელი სისავსით გადმოიღვრება მათზე მომავალ საუკუნეში".

ამ ეკლესიებს იოანე მიმართავს ჩვეულებრივი სამოციქულო მისალმებით, რომელიც მათ თვით იესუ ქრისტემ ასწავლა: "მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან".

"და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან".

წმ. ანდრია კესარიელის განმარტებით: "შვიდ სულთა" ქვეშ წმიდა სამების გვერდით რომ მოიხსენიებიან, როგორც მონანი ღვთისა, შეიძლება ვიგულისხმოთ შვიდი ანგელოზი, რომლებმაც მიიღეს ეკლესიათა მართვის ხელმწიფება, თანახმად პავლე მოციქულისა, რომელიც მსგავსადვე ბრძანებს: "ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესსა და რჩეულთა ანგელოზთასა" (1 ტიმ. 5:21). ასევე, "შვიდ სულში" შეიძლება ვიგულისხმოთ ცხოველმყოფელი სულიწმიდის შვიდი ნიჭი, რომელთაც ესაიაც ახსენებს, როლო სიტყვებში "რომელი მომავალ არს", - იესუ ქრისტე, ღმერთი, რომელიც ჩვენთვის განკაცდა".

5. "და იესუ ქრისტესგან, მოწამისა მის სარწმუნოჲსა, პირმშოჲსა შესუენებულთაჲსა და მთავრისა მეფეთა ქუეყნისათა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლითა თჳსითა. 6. და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამისა თჳსისა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ".

მამა ღმერთთან და სულიწმიდასთან ერთად, ქრისტე არის მესამე წყარო მადლისა და მშვიდობისა. აი როგორ ახასიათებს მას იდუმალთმხილველი:

1) იესუ ქრისტე არის "მოწმე" მამა ღმრთისა, რადგან მოვიდა დედამიწაზე საუკუნითგან განსაზღვრული ცხოვნების საქმის აღსასრულებლად. ის მოწმობდა და ასწავლიდა ღმრთის ადამიანთადმი სიყვარულს და ყველას ნეტარებისკენ მოუწოდებდა. ამ მიმართებით, იესუ ქრისტე მსგავსია ძველ წინასწარმეტყველთა, რომელთაც წერილი ასევე ღმრთის მოწმეებს უწოდებს (გამოცხ. 11:3; იოანე 1:7-8; 5:33; ებრ. 1:1); მსგავსია მოციქულთა არა მარტო როგორც მისი ღვაწლის მოწმეთა, არამედ როგორ სახარების მქადაგებელთა (ლუკა 24:28; დაქმე 1:8 და სხვა); მსგავსია აღმსარებელთა და მოწამეთა, რომელთაც საბოლოოდ დაუმკვიდრდათ კიდევაც ეს სახელწოდება: "მოწამენი".

2) იესუ ქრისტე არის "სარწმუნო მოწმე" იმ თვალსაზრისით, რომ მან თავისი სწავლება და ქადაგება ადამიანთა ცხოვნების შესახებ ჯვარზე ვნებითა და სიკვდილით აღბეჭდა: "თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე" (ფილიპ. 2:8). ქრისტეს ამგვარი განსაზღვრება მისი, როგორც ჯვარცმულის თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ასწავლის ყველას, რომ მადლი ღმრთისა და მშვიდობა კაცთათვის შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაცხოვარის ჯვარცმის, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შედეგად.

3) ქრისტე დახასიათებულია, როგორც "პირმშო შესვენებულთა". წმ. ბასილი დიდის განმარტებით (IV ს.), "პირმშოდ შესვენებულთა" ის იმიტომ იწოდება, რომ არის მიცვალებულთა აღდგომის მიზეზი" (წმ. ბასილის დიდი. თხზულებანი. ტ. 3. М. 1846). "რამეთუ, - დასძენს წმ. მეთოდე, - განკაცდა და მოკვდა არა მოჩვენებითად, არამედ სინამდვილეში, რათა ჭეშმარიტად გამოჩენილიყო "პირმშოდ შესვენებულთა", რომელმაც მტვრისგან შექმნილი გარდაქმნა ზეციერად და მოკვდავი უკვდავად" (Полн. собр. твор. изд. II, С. П. 1905, стр. 258).

იგივე წმიდა მამა ბრძანებს: ""პირმშო შესვენებულთა" არის ის, ვინც აღსდგა მკვდრეთით უპირველეს ყოველთა. "პირმშო" არის ქრისტე, და ყოვლად შეუძლებელია, რომ ქრისტემდე ვინმე ღირსქმნილიყო მკვდრეთით აღდგომისა ისე, რომ შემდეგ კვლავ არ დაქვემდებარებოდა სიკვდილსა და ხრწნილებას. თუ ვინმე იტყვის, მაშ, როგორღა არის ნაუწყები ზოგიერთებზე (მაგალითად, სარეპტელი ქვრივის შვილზე (3 მეფ. 14:22), შუნამელი ქალის ძესა (4 მეფეთა 4:35) და ლაზარეზე (იოანე 11:44), რომ ქრისტეს მოსვლამდე აღსდგნენ მკვდრეთით, ვუპასუხებთ, რომ, მართალია, ისინი აღდგნენ მკვდრეთით, მაგრამ ისევ მოკვდნენ, ხოლო ჩვენ ვმსჯელობთ იმათ შესახებ, რომლებიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უკვე აღარასოდეს მოკვდებიან" (იქვე. გვ. 264).

4) იესუ ქრისტეს დახასიათებაში მითითებულია მისი სამეფო ღირსება: ის არის "მიწიერ მეფეთა მთავარი", სადაც, ცხადია, არ უნდა დავინახოთ მხოლოდ ფარდობითი ღირსება და ძლიერება მიწიერ მეფეებთან შედარებით: იესუ ქრისტეს ძლიერება, - როგორც ეს წინა დახასიათებებშია გადმოცემული, - მიწიერი მეფის ძლიერება და ხელმწიფება კი არ არის, არამედ ძლიერება და ხელმწიფება ღმერთკაცისა, განმგებელისა და მაცხოვარისა, ვისი სახელის წინაშეც, მისი გამომსყიდველობითი მსხვერპლის შემდეგ, "მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც" (ფილიპ. 2:10). "მეფენი ქუეყანისანი" აქ, როგორც ჩანს, აღებულნი არიან, როგორც კაცობრიობის წარმომადგენლები, მთელი მათი ხელწმიფებითა და ძალაუფლებით.

იესუ ქრისტეს დახასიათებას, რომელიც არის მადლისა და მშვიდობის მომნიჭებელი, წმ. იოანე ამატებს დიდებისმეტყველებას: "რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ".

ამრიგად, იდუმალთმხილველი ადიდებს უფალ იესუ ქრისტეს იმიტომ, რომ მან შეგვიყვარა ჩვენ უზენაესი, უსასყიდლო სიყვარულით, რომელიც "სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს" (1 კორინთ. 13:4-8); და 2) იმისთვის, რომ თავისი სისხლით განგვბანნა ჩვენი ცოდვებისგან.ძველქართულ თარგმანში (ისევე როგორც, მაგალითად, ძველსლავურში) მეექვსე მუხლი ასე იკითხება: "მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამისა თჳსისა" (ახ. ქართ. "მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია"). ეს თარგმანი უფრო შეესაბამება ზოგიერთ ძველ კოდექსს და უფრო ძელ თარგმანებს (კოპტურსა და სირიულს), ასვევე ძველ და ახალ კომენტატორთა განმარტებებს, ასევე ტექსტის გამოკვლევებს, ვიდრე ახალქართული და სინოდალური (რუსული) თარგმანები, რომელთა მიხედვითაც წერია: "მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია" (რუს. "и сделал нас царями и священниками" უნდა იყოს: "и сделал нас царством и священниками") (Свящ. Н. Орлов. Апокалипсис святого Иоанна Богослова. Опыт православного толкоавния. Москва 1904 (репр. 1999), стр. 41).

რაც შეეხება თვით ამ გამოთქმის შინაარსს, ის უნდა განმარტებულ იქნას მოციქულ პეტრეს გამოთქმის ანალოგიურად, რომელიც ამბობს: "და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად" (1 პეტრე 2:5) (ახ. ქართ. "როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად"). აქაც აპოკალიფსისში ლაპარაკია მეუფებაზე და არა სამეფო ძალუფლებასა თუ სახელმწიფოებრივ ძლიერებაზე. ამიტომაც, ქრისტეანები ქრისტეს სამეუფოში არიან არა მეფეები, არამედ ქვეშევრდომნი და თანამმართველნი. ამ სამეუფოში ერთადერთი მეფე იესუ ქრისტეა. მაგრამ რადგანაც მისი სამეფო, მისივე თქმით, "არა ამის სოფლისაგანი არს" (იოანე 18:36), მასში ქრისტეანთა მონაწილეობა უნდა გამოიხატოს ცოდვილ სამყაროში ჯვრის გამეფების მათეულ ღვაწლში. ქრისტეანები არიან ქრისტეს სამეუფოს მონაწილეები, რადგანაც ღმრთის მადლის შეწევნითა და საკუთარი ჯვრის ტვირთვით ბატონობენ საკუთარ, ადამიანურ ვნებებსა და მიდრეკილებებზე და ერთგულად მისდევენ ქრისტეს.

ამგვარად, ქრისტეანები წარმოდგენენ ქრისტეს ერთგვარ ძალას, რომელიც ამ სამყაროში მოქმედებს, რათა დაუმონონ იგი ქრისტეს, წარმოადგენენ სამყაროს იმ ნაწილს, სადაც განსაკუთრებულად ვლინდება უფლის მეუფება და ძლიერება. სწორედ ამ აზრით იწოდებიან ქრისტეანები "მღვდლებად". ისინი არიან "მღვდლები", ანუ ისინი ემსახურებიან ქრისტეს, სწირავენ უსისხლო მსხვერპლს, ევედრებიან მას და საკუთარ გულებსა და სულებს დამდაბლებულად და შემუსვრილად იცავენ. სწორედ ასეთ მსხვერპლშეწირვაში მღვდელმსახურებს და უნდა იმღვდელმსახუროს ყოველმა ქრისტეანმა, რამეთუ უსისხლო მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობს ყველა მორწმუნე, მაშინ როდესაც, ის, ვინც "მარადის იჭამების და არა დაილევის" (ფრაზა ლიტურგიიდან - შემდგ.) არის თვით უფალი იესუ ქრისტე.

მეექვსე მუხლით მთავრდება ქრისტეს დიდება, რომელიც არის წყალობისა და მშვიდობის მომნიჭებელი მამასთან და სულიწმიდასთან ერთად.

მეშვიდე მუხლშიც, მართალია, ასევე ქრისტეზეა ლაპარაკი, მაგრამ უკვე მომავალთან მიმართებაში, მის მეორედ მოსვლასთან მიმართებაში.

"7. აჰა ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა-იგი უგუმირეს მას; და გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი: ჰე, ამინ".


თავისი შინაარსით და გამოთქმითაც კი ის საკმაოდ ახლოსაა მათეს სახარებისეულ წინასწარმეტყველებასთან, სადაც წერია: "და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა" (ახ. ქართ. "და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით").

ღირ. თევდორე სტოდიელის (VIII-IX სს.) თქმით: "სამყაროს აღსასრულს, როდესაც გამოჩნდება იგი "ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებითა მისისათა" (2 თესალონიკ. 1:7) და გამოუთქმელი დიდებით, - "იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა უგმირეს მას", მაშინ "გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი". ენით აუწერელია ეს საშინელი სანახაობა, რაც ძრწოლას გვრის ადამიანს, მაშინ განიხარებენ სათნოებათა შინა მოღვაწენი, მტკიცენი განსაცდელში, სიწმიდის მოშურნენი, მორჩილებით საქმის აღმსრულებელნი, უფლისთვის სათნონი" (Преп. Феодр Студит. "Малое оглашение". М. 200, стр. 269).

წმ. იპოლიტე რომაელი (II - III სს.) ბრძანებს: "მაშინ გამოჩნდება წმინდანთა დაურღვეველი სასუფეველი და ზეციური მეუფე გამოეცხადება ყველას არა რაიმე უცხო სახით, ისე, როგორც იხილვებოდა იგი სინას მთაზე, და არც ღრუბლის სვეტის სახით გამოჩნდება იგი, როგორც ეჩვენა იგი მოსეს (ებრ. 8:5; გამ. 25:40; 33:9-10), არამედ მოვა ძლიერებით და ურიცხვი ანგელოზების თანხლებით, როგორც ღმერთკაცი. მოვალს ძე ღმრთისა და ძე კაცისა, როგორც სამყაროს ზეციური მსაჯული (2 თესალონიკ. 1:7). სწორედ ის შეცვლის მაშინ ყველა ამქვეყნიურ სახელმწიფოს, გააცამტვერებს, გაფანტავს და ქარს გაატანს მათ, როგორც "ბზეს ზაფხულის კალოზე" (დან. 2:35) და "უზენაესის წმინდანებს" გადასცემს სუფევას; "ხორბალს შეინახავს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს" (ლუკა 3:17) სწორედ ის, ვინც ამჟამად სძულთ უღმრთოებს და უკეთურებს, აძაგებენ ერეტიკოსები და წმ. წერილის არმცოდნე ადამიანები. ის არავის აძლევს მსჯავრის უფლებას და, თუი დრომდე აყოვნებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ზციური მამის ნების შემსრულებელს სამყაროს განკითხვა ჯერ არ ნებავს. მაგრამ, როდესაც საბოლოოდ მოვა თავისი ჭრილობებით (აპოკ. 1:7), ყველას მიაგებს "საქმეთაებრ მათთა" (მათე 16:27) (Св. Ипполит Римский. Творения. Вып. 1. "толкование на пророчество Даниила". Св. Троицкая Сергиева Лавра. 1997 г, стр. 120).

"მაშინ განიხვნებიან ცანი, - ბრძანებს ღირ. ეფრემ ასურელი (IV ს.), - და საშინელი ელვის მსგავსად, გამოუთქმელი ძლიერებითა და ურიცხვი ანგელოზებითურთ გამოჩნდება მეუფე მეუფეთა, რომელსაც იხილავს ყოველი თვალი და ისინიც, რომელთაც უგმირეს მას და "ჰგოდებდეს მის წინაშე ყოველი ტომი..." მაშინ გაიქცევიან ცა და მიწა..." (Преп. Ефрем Сирин. Творения, ч. 2, М. 1993, стр. 242).

წმ. ანდრია კესარიელიც ამბობს: "ის, ვინც დაიკლა, როგორც კრავი, მამის დიდებით მოვა "ღრუბელთა თანა". "ღრუბლებში" ან წმინდა უხორცო ძალნი, ანუ ანგელოზნი იგულისხმებიან; ან მოვა ღრუბლით, მსგავსად იმისა, როდესაც მოციქულთა წინაშე თაბორის მთაზე ფერი იცვალა. "დიდებით მომავალს იხილავს მას ყოველი თვალი და მაშინ გოდებდნენ ურწმუნონი, რომელთა იგი უგმირეს მას და იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი" (მათე 24:29-30).

"ჰე, ამინ", ნიშნავს, - ჭეშმარიტად ასეა. ამ სიტყვით, როგორც ბერძნულად, ასევე ებრაულად ერთი და იგივე აღინიშნება. "ამინ" - ანუ, იყავნ" (Св. Андрей Кесарийский. Толкование на Апокалипсис).

მე-8 მუხლში ლაპარაკია მამა ღმერთზე, როგორც საღმრთო შემეცნების პირველმიზეზზე, რომელმაც პირველი მუხლის მიხედვით მისცა გამოცხადება იესუ ქრისტეს, რათა ეუწყებინა იგი მორწმუნეთათვის. ასე, რომ ეს მუხლი, წინა მუხლის მსგავსად, კიდევ უფრო აძლიერებს აპოკალიფსისში ნაუწყების ავტორიტეტულობას.

8. "მე ვარ ანი და ჵ, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი".

ღმერთი, როგორც ყოვლისმპყრობელი ჭეშმარიტად არის "დასაწყისი" (ალფა - α) და ყოველგვარი ყოფიერების პირველმიზეზი. როგორც მოციქული ამბობს: "მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ" (საქმე 17:28). ამავე დროს ის არის "უკანასნელიც" (ომეგა - ω), ყოველგვარი ყოფიერების საბოლოო მიზანი.

"სიტყვები "ანი" და "ჰოე" (ბერძნ. "ალფა" და "ომეგა" - შემდგ.), - განმარტავს წმ. ანდრია კესარიელი, - მიგვანიშნებს, რომ ქრისტე არის ღმერთი და ყოვლისმპყრობელი, დაუსაბამო და უსასრულო, თანაარსი მამისა, "რომელი არს, და რომელი მარადის იყო, და აღსასრული არა აქუს". ამიტომაც მიაგებს თითოეულს "საქმეთაებრ მათთა" (16:27) (წმ. ანდრია კესარიელი. იქვე).

წმ. ათანასე ალექსანდრიელის (IV ს.) სწავლებით: "... ძე თანასწორია მამისა და რაც ითქმის მამის შესახებ, იგივეს ბრძანებს წმიდა წერილი ძეზეც, გარდა (იპოსტასური) სახელწოდებისა "მამა". რადგანაც ისინი ერთ არიან, მათი ღმრთეებაც ერთი და იგივეა, რამეთუ თვით ძემ თქვა: "ყოველი, რაოდენი აქუს მამასა ჩემი არს" (იოანე 16:15) და მამასაც უთხრა: "ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს" (იოანე 17:10). სწორედ ასეთია სახელწოდებები: "ღმერთი" ("ღმერთი იყო სიტყვა" (იოანე 1:1)) და "ყოვლისმპყრობელი" ("ამას იტყვის რომელი არს, და რომელი იყო, და რომელი მომავალ არს - ყოვლისმპყრობელი" (გამოცხ. 1:8).

9. "მე, იოვანე, ძმაჲ თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტესისა".

იდუმალთმხილველი ახსენებს საკუთარ სახელს, და ეს დამახასიათებელია ძველაღთქმისეული და ახალაღთქმისეული აპოკალიპტიკისთვის. ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ წმ. დანიელ წინასწარმეტყველი, რომელიც თავისი აპოკალიპტური ხილვების გადმოცემისას ასევე გვამცნობს თავის სახელს (დან. 7:15; 8:1).

რა თვალსაზრისით უწოდებს მოციქული და მახარობელი იოანე საკუთარ თავს "ძმას"? ხომ არ არის ეს დასტური იმისა, რომ აპოკალიფსისის ჩამწერი არის სხვა იოანე, რადგან თავის პირველ ეპისტოლეში იოანე თავის მკითხველს "შვილებს" უწოდებს (1 იოანე 2:1, 28); 3:18; 5:21)? მაგრამ საკუთარი თავის "ძმად" სახელდება, როგორც აქ, ასევე აპოკალიფსისის სხვა ადგილებში (6:11; 12:10; 19:10; 22:9) გამოყენებულია არა იმ მიზნით, რომ განსაკუთრებული სახით გამოჰყოს თავისი თავი სხვა მორწმუნეთაგან, არამედ ქრისტეანებთან თავისი განსაკუთრებული სიახლოვისა და სულიერი ერთობის გამო.

იოანე თითქოსდა ამბობს, ძმანო, მეც ისეთივე მოკვდავი ადამიანი ვარ, როგორც ყველა, ამიტომაც თუკი მე მივიღე ეს გამოცხადება, თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ იგი.

შემდგომი სიტყვებით "ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა" მოციქული და მახარობელი მიანიშნებს იმაზედ, რომ "მე, იოანე, არა მარტო ძმა ვარ თქვენი ადამიანური ბუნებით, არამედ თქვენი მსგავსი ვარ სხვა ცხოვრებისეული პირობებითაც"; ხოლო, იმის შემდეგ, რაც იოანე აღნიშნავს თავის სიახლოვეს ქრისტეან ძმებთან, წერს: "ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო"; ანუ მიანიშნებს ადგილს, საიდანაც უგზავნის ის ქრისტეანებს თავის აპოკალიფსისს. ეს არის სწორედ კუნძული პატმოსი, პატარა კლდოვანი კუნძული ეგეოსის ზღვაში. აქ, დომიციანეს მმართველობის დროს გადმოსახლებულ იქნა წმ. იოანე, როგორც თვითონ ბრძანებს, - "სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტესისა" (ახ. ქართ. "ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის"). და პატმოსზე ის მოვიდა არა ნებაყოფლობით ან სახარების საქადაგებლად, არამედ როგორც დევნილი ქრისტეს სახელისთვის.

"და მართლაც, - როგორც წმ. იპოლიტე რომაელი ბრძანებს, - ქრისტეს სახელის ქადაგებისთვის ის გადასახლებულ იყო კუნძულ პატმოსზე, სადაც ჰქონდა საშინელი ხილვა, რომელთაც დეტალურად აღწერს და უქადაგებს სხვათაც".
Назад к содержимому