აპოკალიფსისი > განმარტება
"და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის..."
(გამოცხ. 13:15)
"და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15).
როგორც უკვე ადრე აღვნიშნეთ, "ზღვიდან ამომავალი მხეცის" ხილვა, რომლის ერთი თავი "თითქოსდა სასიკვდილოდ დაიჭრა", აგრძელებს ოთხი მხეცის ხატებებს წინასწარმეტყველ დანიელის ხილვიდან, და ცისქვეშეთის ქვეყნიერებას უკეთურების ერთიან სამეფოდ წარმოგვიჩენს, რომელმაც მიიღო (და "გადაიღო") თავში დაჭრილი ურჩხულისგან მისი ძალა, მისი საყდარი და ურჩხულთან დარჩენილი სულიერი ხელმწიფება (გამოცხ. 13:1-4).
თანაც ახალაღთქმისეულ დროებაში უკეთურების ეს გლობალური კრებითი სამეფო გადადის "ზღვის ქვიშას" (ანუ ბიბლიურ ზღვარს, რომელიც მატერიალურ სამყაროს ჰყოფს "ზღვის სიღრმისგან") და გამოიყურება, როგორც "ამომავალი" (ანუ მუდმივად და უწყვეტად განხორციელებადი) ხილულ რეალობაში, სადაც ის არ არის შეზღუდული არც დროითი და არც ტერიტორიალური საზღვრებით.
ხოლო "მიწიდან ამომავალი მხეცი" (ანუ ასევე მუდმივად და უწყვეტად განხორციელებადი ხილულ სამყაროში), გახლავთ ძველი კაცის კრებითი ხატება, როგორადაც გამოიყურება იგი ახალი აღთქმის ჭეშმარიტებათა და მნიშვნელობათა შუქზე (შეად.: "პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი..." (1 კორ. 15:47)), - ანუ პერსონაჟად, რომელსაც თავის თავში აქვს უკეთურების ხატება და კრავის ხატება (გამოცხ. 13:11, "ვქმნათ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად..." (დაბ. 1:26)), თუმცა არ ელტვის ეძებოს და მიაღწიოს ღმრთის მსგავსებას და იქცევა მხეცად, რომელიც ურჩხულის პირით მეტყველებს.
მეტიც, რადგან დროთა განმავლობაში ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება, ხოლო კაცთა გლობალური საზოგადოება ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს ადრე წარმოუდგენელ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ძლიერებას, - რომელსაც ყველაზე ზოგადი აზრით შეიძლება "ქვეყნიერებაზე ძალაუფლება" ვუწოდოთ, - საცდურის ერთ-ერთი აზრი "მიწიდან ამომავალი მხეცისა" (შეად.: "და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე..." (გამოცხ. 13:14), მდგომარეობს იმაში, რათა კაცობრიობას ჩაუნერგოს აბსოლუტური თავდაჯერებულობა საკუთარი თვითკმარობაში. რადგან თუკი ადამიანს ძალუძს თვითონ გაანათოს ღამე, გაზარდოს მოსავლიანობა და შექმნას ახალი კულტურები, მოაბრუნოს მდინარეები და ხელოვნური ზღვები შექმნას, მართოს შობადობა, ჩაწვდეს სამყაროს საბაზისო კანონებს, გახლიჩოს ატომი, დაძლიოს მანძილი და დაავადებანი, აითვისოს კოსმოსი და გაიხანგრძლივოს ცხოვრება (თეორიულად - უსასრულობამდე, მთავარია იპოვოს საჭირო ტექნოლოგია), და ა. შ., - ასეთ გონიერ, მოხერხებულ და მძლავრ არსებას ღმერთი რაღაში დასჭირდება თავისი "პრიმიტიული" ზნეობრივი სწავლებებით, შეზღუდვებითა და აკრძალვებით?
ყველაფერი, რასაც კი ისურვებს ასეთი კაცობრიობა, როგორც ჩანს, ძალმოსილია თავისი საკუთარი ხელებით შექმნას, - ამისთვის მხოლოდ ძალისხმევათა გაერთიანებაა საჭირო და კიდევ ყველასი და თითოეულის გაერთიანება "პროგრესული" იდეებით, მიზნებითა და ამოცანებით.
შესაბამისად, დროთა განმავლობაში მსგავსი შეხედულებებისა და ღირებულებების ბაზაზე "მიწის მკვიდრნი" ნაბიჯ-ნაბიჯ, მთელი კაცობრიობის მასშტაბით, ქმნიან განსაკუთრებულ ტოტალიტარულ საზოგადოებას, რომელიც მუდმივად განიხილავს სხვადასხვა პრობლემას, აღამაღლებს "ჰუმანიზმის" იდეას, იცავს სხვადასხვანაირ "თავისუფლებას" და ა. შ. - მაგრამ არსებითად რეალობაში ახორციელებს სულიერ ხატებას, რომელიც არის ყველასი და თითოეულის მადევარი, ვინც კი არ გაიზიარებს ამ ხელოვნურად შექმნილ "ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს" და აბსტრაქტულ "მისწრაფებას პროგრესისკენ" (შეად.: "და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15)).
ეს კი ნიშნავს, რომ ის სულიერი გზა, რომლითაც ბოლო ჟამს მიდის (ან მიჰყავთ) თავდაჯერებული კაცობრიობა, ერთი მხრივ წააგავს ბაბილონის გოდოლის მშენებლობას, - მეორე მხრივ კი "ეგვიპტური" ოქროს ხბოს თაყვანისცემას, რომელიც "ჩამოასხეს" ჩვეულებრივმა ადამიანებმა, თუმცა საბოლოოდ თაყვანს სცემენ მას როგორც ღმერთსა და უფალს. თანაც თანამედროვე მოვლენების მსგავსება ბიბლიურ მოვლენებთან, რომლებიც "დიდი ბაბილონის" მეძავობასთან არის დაკავშირებული და ასევე "ეგვიტური ხბოს" თაყვანისცემასთან, ითხოვს ერთგვარ დამატებით შენიშვნას, რომ ცოდნის, თვითშეგნებისა და თვითშეფასების დონესთან ერთად, "მატულობს" იმ "კერპებისა" და "ქანდაკებების" დონეც, რომელსაც ქრისტეს მიერ ეშმაკის ტოტალური ძალმომრეობისგან ერთხელ უკვე გამოხსნილი კაცობრიობა თავისთვის ქმნის, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის ალტერნატივას.
შედეგად, ძველაღთქმისეული დროებისგან განსხვავებით, როდესაც მცნებათა სიტყვების მიღმა (გამ. 20 და მეორე რჯლ. 5) უპირველესად იგულისხმებოდა პირდაპირი აზრი, რომლებიც კრძალავდნენ პრიმიტიული ხელთქმნილი კერპების დამზადებას, რომელთაც "რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული" (გამოცხ. 9:20), "ბაბილონის გოდოლი" და "ეგვიპტური ხბოს" ის ხატებები, რომლებსაც ქმნიან "განათლებული" და "ცივილიზებული" კერპთაყვანისმცემლები, აღწევენ განსაზღვრულ "უკეთურ სრულყოფილებას" იმდენად, რომ "მხეცის ხატი", რომლის წინაშეც მუხლს იყრის მთელი ურწმუნო კაცობრიობა, უკვე აღარ არის "უსიტყვო კერპი", რომელსაც არ ძალუძს აღასრულოს ესა თუ ის აქტიური მოქმედება.
სხვადასხვა ცრუსწავლებათა მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები ამ ხატებაში დებენ "სულს", რის შედეგადაც მხეცის ხატი "ცოცხლდება", ანუ იძენს მეტყველების და მოქმედების უნარს, და პოულობს "კანონიერ" მიზეზს დევნოს ისინი, ვინც მას ეწინააღმდეგება.
ხოლო რადგან ადამიანების მიერ "საკუთარი ხელით" დამზადებული წარმოდგენებისა და ღირებულებების სისტემა "ურჩხულის პირით ამეტყველებული ორი მხეცის" ძალისხმევით აღიქმება და მიიღება, როგორც სრულიად წესიერი და მართებული, - "მიწის მკვიდრნი" იოლად მიეცემიან მათ გარემომცველ მასობრივ ცდუნებას და საკუთარ თავსა და სიცოცხლეს მიუძღვნიან ახლახან მოწყობილ და მათ მიერვე გასულიერებულ "ოქროს ხბოს" (რომელიც გავრცელებული წარმოდგენებისდა მიუხედავად შეზღუდული არ არის "ფინანსური" მნიშვნელობებით, მაგრამ მოიცავს ნებისმიერ ხრწნად ღირებულებას).
ასეა თუ ისე, "ზღვიდან ამომავალი მხეცის" ხატებაში, რომელსაც თავიანთთვის "აღამაღლებენ" და "ასხამენ" (აყალიბებენ) თანამედროვე კერპთაყვანისმცემლები, შეიძლება გავიგოთ ყველა ის იდეა, მიზანი და კაცთა საზოგადოების არსებობის პრინციპები, რომლებიც "ბნელი საწუთროს მპყრობელთა" (ეფეს. 6:12) ნებასა და ინტერესებს შეესაბამებიან. თანაც "საზოგადოების" ცნება, ისევე როგორც "ცივილიზაციისა" და "სოციუმის" ცნებები მოცემულ შემთხვევაში არც სრულია და არც ზუსტია, და სრულად ვერ მოიცავენ "მხეცის ხატების" არსს. რადგან ყველა ჩამოთვლილი ცნება გარეგანია ყოველი ცალკეული ადამიანისთვის, - ხოლო "მხეცის ხატება", რომელზეც ლაპარაკია გამოცხადების წიგნში, იქმნება ძველი კაცის მიერ და პირველ რიგში "ცოცხლდება" საკუთარ თავში, შინაგან შეხედულებათა, მოსურვებათა, მოტივაციათა და მისწრაფებათა დონეზე, და მხოლოდ შემდეგ ხორციელდება ეს ყოველივე მის გარემომცველ რეალობაში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან მეტყველების ნიჭი და შეგნებულ მოქმედებათა უნარი აქვს მხოლოდ ადამიანს, - იმ "სულს", - რომელიც "მხეცის ხატებას" მიანიჭებს "მეტყველებისა" და "მოქმედების" უნარს, - უკეთურ ხატებაში ჩადებს არა კაცობრიობისთვის ვინმე გარეგანი პერსონაჟი, არამედ თითოეული ცდუნებული ადამიანი.
ხოლო როდესაც ძველი კაცობრიობა, რომელსაც უკვე ერთიანი ბუნება აქვს, გააერთიანებს ყველა თავის მიზანსა და მისწრაფებას, და მოიპოვებს ერთიან უკეთურ ნებას, - ცალკეულ ადამიანთა ყოველი მცირედი ბოროტება შეიკრიბება და კონცენტრირდება მხეცის ერთ ხატებაში, რომელსაც აქვს მსოფლიო მასშტაბის ძალა და ხელმწიფება. შედეგად ასეთი ხატებისადმი წინააღმდეგობის გამო ადამიანებს მოკლავს თვით "მხეცის ხატება", - "ურჯულოთა ერთობლიობა" ხომ იოლად აღასრულებს იმას, რასაც "დედამიწაზე მცხოვრებთა" უმეტესობა პირადად თავისთვის მიიჩნევდა მიუღებლად.
მეტიც, კაცთა ღმრთისმბრძოლი სულით აღვსილი ეს მსოფლიო კერპი მუდმივად მყარდება, ამრავლებს მსოფლიოში ურჯულოებასა და სისხლისღვრას, და ელტვის ბუკვალურად ყოველი ადამიანის დამორჩილებას, ვინც არ იღებს და არ იზიარებს მის მიზნებსა და ღირებულებებს.
ხოლო რადგან "მხეცის ხატება" საკუთარ ღირებულებათა მიუღებლობას აფასებს, როგორც დანაშაულს, რომელიც დამნაშავეს წარმოიდგენს სიცოცხლისთვის უღირს არსებად, - უკვე მოცემული მომენტისთვის, ოდესღაც ქრისტიანობით განათლებულ ნაწილში დედამიწისა, ჩამოყალიბდა ფორმალური ლოგიკისთვის პარადოქსული ვითარება, როდესაც თავისუფლებისთვის ბრძოლა (სადაც "თავისუფლება" ნებისმიერი შეზღუდვებისგან გათავისუფლებას გულისხმობს), ასევე ბრძოლა "თანასწორობისა" და სქესთა "არარსებობისთვის", ბრძოლა შესაძლებლობისთვის რეალობაში განხორციელებულ იქნას ყველაზე გიჟური შეხედულებები, მოსურვებები და ქცევა, არანაკლებ აგრესიული და არანაკლებ სასტიკი გახდა, ვიდრე მოსურვება დაუფლებისა, დაჩაგვრისა და დამონებისა.
თანაც, რაც უფრო "ვითარდება" ასეთი "ცივილიზაცია", - მით უფრო რეალურად გამოიყურება სცენარი, რომლის დროსაც "თავისუფლებისთვის მებრძოლთ" ერთმანეთის საბოლოო განადგურებამდე მოუწევთ ბუკვალურად ყველა იმ რელიგიის აკრძალვა და განადგურება, რომლებიც ეფუძნებიან მცნებებს, რადგან "მიწის მკვიდრთა" წარმოდგენებში რელიგიები ეს "ტოტალიტარული სისტემებია", რომლებიც გამოგონილ აკრძალვებს უწესებენ ქვეყნიერებისთვის ესოდენ სანატრელ "თავისუფლებას", ანუ სულიერ და "ფიზიკურ" ურჯულოებას.
თუკი ეგვიპტიდან გამოსვლის ძველაღთქმისეულ მოვლენებს დავუბრუნდებით, - ყველაფერი ზემოთთქმული მოწმობს იმაზე, რომ იმის შემდეგ, რაც მაცხოვარმა დაამხო მსოფლიო ბოროტება, კაცობრიობა, ძველაღთქმისეული ისრაელის მსგავსად, "დასხდა საჭმელად და სასმელად". ხოლო "მერე ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს" (გამ. 32:6; 1 კორ. 10:7), ანუ მათ ვერ დაიტიეს ზეციურ ფიქალთა სულიერი ღირებულებანი, არამედ "საკუთარი ხელით" დაამზადეს "ეგვიპტური ოქროდან" მსოფლიო არამატერიალური კერპი, რომელიც "მახვილით მოიწყლა", მაგრამ თვით კერპთაყვანისმცემელთა სიტყვებმა და მოქმედებებმა ის "განკურნეს" და "გააცოცხლეს", თავიანთ გარემოში აღადგინეს "ეგვიპტური მონობის" უკეთური პრინციპები (შეად. - გამ. 32:1-4).
ამიტომაც უკვე დღეს ყოველი ძველი კაცი და მთელი ურწმუნო კაცობრიობა, რომელიც "ღმრთის ხატებისთვის" შეუფერებელ და არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება, დასცინის ღმერთებსაც, დემონებსაც მათი "რქებიან ჩლიქებიანად", - მაგრამ მათ საზოგადოებაში უკეთური კანონებისა და წესების მიღებით რეალობაში ახორციელებს და ამკვიდრებს არა სხვა რამეს, თუ არა ეშმაკის სწავლებასა და ხელმწიფებას (რადგან პირველად სწორედ ეშმაკმა ჩამოაყალიბა აზრი, რომ ღმერთი და მისი რჯული რაღაც ზედმეტია, რაშიც არ არის არანაირი არსებითი საჭიროება).
შედეგად ჩვენი თანამედროვე მსოფლიო სრულიად დარწმუნებულია, რომ საჭირო სურვილისა და ინვესტიციათა მოცულობის პირობებში კაცობრიობას შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ "აყვავებასა" და "პროგრესს", მეტიც, ყველაფერი უკეთესად მოაწყოს, ვიდრე ამას გულისხმობს ღირებულებათა ის სისტემა, რომელსაც "ჭკუამოკლე რელიგიური ფანატიკოსები" იცავენ.
ხოლო ის სრულიად აშკარა ფაქტი, რომ მსგავსი გეგმები არანაირად განხორციელდებიან რეალობაში, მხოლოდ მორიგი დასანანი გაუგებრობაა, - ასევე "პროგრესისადმი წინააღმდეგობის" შედეგი იმათი მხრიდან, ვისაც ჭკუა არ ყოფნის შეაფასოს და განჰყოს ის პრინციპები და იდეები, რომელთაც "მთელი ცივილიზებული სამყარო" ეთაყვანება.
მეტიც, პროფ. ლოპუხინის მართებული შენიშვნით, ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ იძენს ახალი რელიგიის აზრსა და სახეს, - თანაც არატოლერანტული და მეომარი რელიგიისა, როდესაც ის თავიდან ჯერ მხოლოდ საჯარო მხილებითა და გაკიცხვით შემოიფარგლება, შემდეგ უბრალო მსუბუქი კრიტიკით, და უახლოს მომავალში (სადღაც კი უკვე დღესაც) ყველას, ვინც კი ოდენ პირადი უთანხმოების გამო არ გაიზიარებს ცხოვრების ასეთ წესსა და "ცივილიზებული საზოგადოების" ღირებულებათა სისტემას, სასტიკად დასჯის... ამასთან საჯაროდ გამოავლენს პირმოთნე შეწყალებას, რადგან სულის სიღრმეში ხომ "ცივილიზებული ადამიანი ღმერთზე უმეტესად კეთილშობილია".
პროფ. ლოპუხინი: "ცრუწინასწარმეტყველის ეს თვისება უთითებს იმაზე, რომ ბოლო დროის ანტიქრისტეს სამეფო რელიგიური ხასიათისა იქნება და მიზნად ახალი რელიგიის ქადაგებას დაისახავს. ახალი რელიგია კი ქრისტიანობის საწინააღმდეგო იქნება".
რა თქმა უნდა, მსგავსი საცდურების მასშტაბურობისა და ძალმომრეობის მიუხედავად "მხეცის ხატების" თაყვანისცემას ყველა როდი შეუდგება.
წმ. ანდრია კესარიელი: "(მხეცი) აცდუნებს იმათ, ვისი გულიც მუდმივად მიწიერისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ ვერ აცდუნებს მათ, რომლებმაც თავიანთი საცხოვრებელი ცაში მოიპოვეს".
თუმცა მსგავსი საცდურებისგან აბსოლუტურად თავისუფალი არავინ იქნება.
თანაც რაც უფრო დიადი და მძლავრი იქნება თანამედროვე კაცობრიობის მიერ აღმართული და გამყარებული "მხეცის ხატი", - მით ნაკლები იქნებიან ისინი, რომლებიც იცავენ მიმიდინარე მოვლენების დანახვისა და შეგნების უნარს და გლობალურ "მხეცის ხატებას" შეეწინააღმდეგებიან.
(ამ აზრით, წარმოდგენა ბოლო ჟამს ერთადერთი "სუპერ-ანტიქრისტეს" მოსვლაზე, რომლის განხილვით დაიწყო წინამდებარე პუბლიკაცია (გამოცხ. 13:12-14), გარკვეული აზრით გამარტივებულად გვეჩვენება, რადგან თავდაჯერებული და საკუთარ თავზე შეყვარებული კაცობრიობა არავის აღიარებს ღმერთად ამ სიტყვის ჭეშმარიტი აზრით, ანუ თავისი "გულწრფელი ცრუ-რწმენით".
მეტიც, თავისსავე მზერაში ურწმუნო კაცობრიობა თვითონ არის ის ერთადერთი ნამდვილი ღმერთი, "რომლის წინაშეც" "ცივილიზებულ ადამიანს" არა ჰყავს და არც შეიძლება ჰყავდეს "სხვა ღმერთი", შეად. მცნებას: "არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები" (გამ. 20:3), ასევე მოციქულის სიტყვები: "... ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თეს. 2:4) შეიძლება მივუყენოთ "სამყაროს ტაძრის" ცნებას).
რაც შეეხება გამოცხ. 13:15-ის მთავარ და "მეორეხარისხოვან" მნიშვნელობებს, - იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ბოლო დღეებში "წუთისოფელში" იზეიმებს სრული და უსაზღვრო ურჯულოებას, ქრისტიანთათვის პირველხარისხოვანია არა მომავალ მოვლენათა მოლოდინი და იმაზე განსჯა, თუ რა უნდა მოხდეს ბოლო დღეებში, არამედ ჩვენს გარშემო არსებული ყოველდღიური რეალობა, სადაც მორწმუნე ადამიანებს ემუქრებიან არა შორეული ან თუნდაც უახლოესი მომავლის მოვლენები, არამედ ის მრავალრიცხოვანი საცდურები და განსაცდელები, რომლებითაც სავსეა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება.
ასეა თუ ისე, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ მოევლინება ქვეყნიერებას "უკანასკნელ ანტიქრისტედ", ბუკვალური თუ "კრებითი" აზრით, - ყოველი მისი ნიშანი კაცობრიობაში უკვე ვლინდება, და უკვე დღესვე ითხოვს ქრისტიანთაგან შესაბამის შინაგანშეფასებას და საჯარო ქრისტიანულ რეაქციას (ანუ სწორ და ჭეშმარიტ სახარებისეულ ქადაგებას).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.