განმარტება - აპოკალიფსისის პირველი საყვირი: სისხლშერეული სეტყვა და მსოფლიო ხანძარი (გამოცხ. 8:7) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის პირველი საყვირი: სისხლშერეული სეტყვა და მსოფლიო ხანძარი

(გამოცხ. 8:7)
ანგელოზი პირველი საყვირით ხელში
"პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა" (გამოცხ. 8:7)
 
 
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც შვიდ ზეციურ საყვირთან დაკავშირებით ჩნდება, მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უნდა აღვიქვათ მიმდინარე მოვლენები, ბუკვალურად - თუ სიმბოლურად.
 
თანაც ამ კითხვის გადაწყვეტა არც ისე მარტივია.
 
ასე, მაგალითად, ვიღაც გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველურ პანორამებს აღიქვამს, როგორც მსოფლიო "ბუნებრივ" კატაკლიზმთა აღწერად, "პირველი საყვირის" მოვლენებში ხედავს ერთგვარ მეტეორიტული წვიმის მსგავსებას, რომელიც დედამიწას ბოლო ჟამს უნდა დაატყდეს. ასეთ განმარტებას ძველაღთქმისეულ მოვლენათა რეალურობის გათვალისიწინებით, რაც, მაგალითად, სოდომის გამანადგურებელ ბუკვალურ ცეცხლოვან სეტყვასთან არის დაკავშირებული, არსებობის სრული უფლება ექნებოდა, პირველი საყვირის შემდეგ მომდინარე უბედურება ბალახისა და ხემცენარეების გარდა, რომ ანადგურებდეს ქალაქებს, ცხოველებს, ადამიანებს და ა. შ., როგორც ეს ხდება ჩვეულებრივი "ბუნებრივი" სეტყვის ან მეტეორიტის ჩამოვარდნისას.
 
მაგრამ, რადგან პირველი საყვირის "სეტყვა და ცეცხლი" თავს ატყდება მხოლოდ "მცენარეებს", - მსგავს მოვლენაში გლობალური "ბუნებრივი" კატაკლიზმის დანახვა შეუძლებელია (თუ, რა თქმა უნდა, ნათქვამს გარკვეულ აზრს არ მივამატებთ და ზეციურ სეტყვას და ცეცხლს აუხსნელი და გონივრული არჩევითობის უნარს არ მივაწერთ).
 
გარდა ამისა, "პირველი საყვირისგან მომდინარე დაზიანებები" შეზღუდულია ცეცხლის (და არა სეტყვის) ზემოქმედებით, თანაც ამის შედეგად დედამიწაზე იწვის ხეების მხოლოდ მესამედი, ბალახი კი მთლიანად. ეს ვითარება ასევე ითხოვს შესაბამის გააზრებას და გულისხმისყოფას.

მეტიც, ვერავითარი ბუნებრივი კატაკლიზმით ვერ განიმარტება ის ფაქტი, რომ სეტყვასთან და ცეცხლთნ ერთად ციდან დედამიწაზე ეცემა სისხლი, - მაგრამ ამ ექსტრაორდინალურ ვითარებას რაიმე ხილული შედეგი არ მოაქვს.
(რა თქმა უნდა, აქ შეიძლება დავიხიოთ ბუკვალური მიდგომიდან და ცნება "სისხლი" "ბუნებრივი ნალექის" მხოლოდ წითელი ფერით შემოვფარგლოთ. მაგრამ მაშინ ამგვარ ვერსიასაც რაღაც ბიბლიური ახსნა-განმარტება უნდა მივუსადაგოთ).
ამასთან არსებობს სხვა მიდგომა შვიდი საყვირის მოვლენათა გააზრებისადმი, რომელიც მომხდარს მხოლოდ ბუნებრივი მოვლენებით არ შემოფარგლავს, და ამ ყველაფერს გარკვეულ იდუმალებას ანიჭებს. ეს ვითარება კი ამ ყველაფერში სასწაულებრივ, და ამიტომ აუხსნელ ფაქტორთა გამოვლენას ვარაუდობს. თანაც ასეთი მიდგომა უფრო აწონ-დაწონილად და უფრო გონივრულად გამოიყურება. "საკვირველი უბედურებანი" ხომ არ ითხოვენ განიმარტოს თუ საიდან მოდის "სისხლშერეული სეტყვა", ან ზეციური ცეცხლის "გონივრული არჩევითობის უნარი", და ა. შ. და ამასთან ტოვებს შესაძლებლობას მეტ-ნაკლებად ბუკვალურ აღსრულებაზე ვილაპარაკოთ იმ დაშვებით, რომ ეს ყველაფერი აღსრულდება რომელიღაც განსაკუთრებული, მიუწვდომელი და აუხსნელი სახით.
 
პროფ. ლოპუხინი, როდესაც მსგავს ვერსიებს ახსენებს, შემდეგ წყაროებს იმოწმებს:
 
"პირველი საყვირის დაცემის შემდეგ იქნება სეტყვა, რომელიც არა მარტო ცეცხლთან იქნება შერეული, არამედ სისხლთანაც; შედეგად, ამ სეტყვას ექნება სისხლში დამბალი ბურთულების სახე, ნამდვილი ადამიანური სისხლის სუნითა და სახით" (Kliefoth)".
 
"შეცბუნების თავიდან ასაცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშინელი და აუხსნელი სასჯელი ჩვენი დროის სასჯელი კი არ არის, რამედ შორეული მომავლისა, რომელიც სამყაროს აღსასრულთან ახლოს იქნება, როდესაც მთელი მსოფლიო საშინელი ფიზიკური გადატრიალებით განახლდება" (Соrnel a Lapid, Suller).
 
მაგრამ, რაოდენ კატეგორიულადაც გინდ ჟღერდეს, არც ერთი ზემოთხსენებული ვარაუდი არ შეიძლება განმარტებად იწოდოს - ისინი ხომ აფართოვებენ იმის გულისხმისყოფას, რაც ბუკვალურად ითქვა, და არსებითად მიდიან ერთადერთ მტკიცებამდე, რომ "ეს" ჯერ კიდევ არ მომხდარა. თუმცა, რას შეიცავს "ეს", და რატომ ხდება "ეს" სწორედ პირველი საყვირის დროს, და რატომ სწორედ ასეთი ფორმით, ან როგორ შეერევა სეტყვა სისლს, და შედეგად რატომ ზიანდებიან მხოლოდ ხეები და საერთოდ არ დარჩება ბალახი, - ადრინდელივით გაუგებარი რჩება.
 
ამასთნ საკმაოდ მკაფიოა ის, რომ ყველაზე ზოგადი აზრით მსგავსი მოვლენები აგრძელებენ იმ "ცეცხლოვან" ზეციურ სასჯელთა ხატებებს, რომლებიც თავის დროზე ძველაღთქმისეულ სოდომზე მოხდა:
 
"აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი. უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად. წავიდა აბრაამი დილაადრიან იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე. გახედა სოდომსა და გომორს და, აჰა, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბოლი" (დაბ. 19:24-28).
 
გარდა ამისა ის, რაც პირველი საყვირის დროს ხდება ნაწილობრივ შეესაბამება "ეგვიპტის მეშვიდე სასჯელს", რომლითაც მოიწყლა "ფარაონის მიწა" ისრაელის ხალხს რომ აჩერებდა მონობაში:
 
"ყველაფერი გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის ქვეყნად, რაც კი გარეთ დარჩა, კაციდან პირუტყვამდე; მინდვრის მთელი ბალახი გაანადგურა სეტყვამ და მინდორში მდგარი ყველა ხე დალეწა" (გამ. 9:25)
 
მაგრამ სოდომისა და გომორას განადგურებისას ცეცხლოვანი წვიმა და სეტყვა შერეული იყო "გოგირდთან" და არა სისხლთან, - ამასთან აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ "არჩევითობას", ანუ მათ მთლიანად გაანადგურეს უკეთური ქალაქები, შეად.:
 
"გოგირდი და მარილი! გადაბუგულია მთელი მიწა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, არა ბალახი არ ამოდის! დაიქცა როგორც სოდომი და გომორი, ადმა და ცებოიმი, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და წყრომით" (მეორე რჯლ. 29:23).
 
ხოლო ეგვიპტის გამოსვლის მოვლენებში განამადგურებელ სეტყვას ცეცხლი მოჰქონდა, მაგრამ არა სისხლი, - და არა მარტო მთელი ბალახი გაანადგურა ეგვიპტის ქვეყანაში და ყველა ხე "დალეწა" (ყველა, და არა მესამედი, როგორც გამოცხ. 8:7-შია), არამედ ცხოველებიც და ადამიანებიც, რომლებიც მოსეს არ ერწმუნენ (გამ. 9:20-25).
 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოდომშიც, და ეგვიპტის მონობიდან გამოსვლაშიც ცეცხლოვანი სეტყვა არ იყო "სისხლის" მსგავსი", - და ამასთან არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბალახისა და ხეების მოწყვლით. ასე რომ სოდომში გადარჩა მხოლოდ ღვთისმოსავი ლოტი თავის ქალიშვილებთან ერთად - ხოლო "ეგვიპტის სეტყვისგან" არ დაზიანდა მხოლოდ ის ადგილი, სადაც ისრაელის ხალხი ცხოვრობდა.
(სიტყვამ მოიტანა, და საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ეგვიპტეში სეტყვისგან არ დაზიანდა "საგვიანო ხორბალი": "განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ათავთავებული იყო და სელი ყვაოდა. ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან საგვიანო იყო" (გამ. 9:31-32). ხოლო რადგან "ასლი" ასევე ხორბალია, ოღონდ აპკიანი და ველური, - გამოსვლის დროინდელი ეს ბიბლიური მოწმობა უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველური სიმბოლოა, რომელიც უთითებს ახალაღთქმისეულ დროებაზე და ღმრთის ერზე ყველა ხალხიდან, რომლებიც რწმენას შემოუერთდებიან, როგორც "საგვიანო" და "ველური" ხორბალი, დაუზიანებელი "ზეციური სეტყვისგან". პირველი შვიდი საყვირის დროს ინარჩუნებენ უნარს გამოიღონ ნაყოფი, ღირსი მარადისობისა).
ამრიგად, მიუხედავად საკმაოდ არსებითი მსგავსებებისა, პირველი საყვირის დროს ხდება რაღაც ისეთი, რაც არ იმეორებს ურჯულოებაში ჩაფლული სოდომისა და გომორას დასჯას, - არ წარმოადგენს ბუკვალურ გაგრძელებას მეშვიდე "ეგვიპტური სასჯელისა", რომელმაც საყოველთაო მასშტაბი მიიღო და გამონაკლისის გარეშე მთელი ძველი ქვეყნიერება დააზიანა.
 
მეორე მხრივ, თუ მივმართავთ შესაქმის პირველ დღეებს, შეიძლება შევნიშნოთ, რომ იმის შემდეგ, რაც ყველა წყლები შეკრებილ იქნა ერთ ადგილას, რის შედეგადაც გამოჩნდა "მყარი", - დედამიწამ "მცენარეული" და "ნაყოფის მომცემი ხეები" აღმოაცენა, რომელიც ადამიანისა და კაცობრიობის "მიწიერი" საკვები გახდა, შეად.:
 
"თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო" (დაბ. 1:29).
 
ეს კი ნიშნავს, რომ პირველი საყვირის შემდეგ "ხეების მესამედი" რომ დაიწვა და "მთელი ბალახი" გადაიბუგა, - ეს უბრალოდ გლობალური მიწიერი ხანძრის შედეგი კი არ არის, არამედ სამყაროს შერყევაა იმ ფუძემდებლურ სულიერ დონეზე, სადაც თავის დასაბამიერ სახეს იცვლიან ქმნილი სამყაროს საფუძვლები. თანაც დედამიწის ამ შერყევის შედეგად ის "წინასწარმეტყველურ უდაბნოდ" გადაიქცევა, - ანუ ადგილად, სადაც ადამიანს კატეგორიულად არ ჰყოფნის საკვები, რომელიც მთელ კაცობრიობას სამყაროს შექმნისას ებოძა (შეად.: - "ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით" (ლკ. 4:4)
 
შესაბამისად, შვიდი ზეციური საყვირის სახით, რომელთა "იერიქონისეულ" მნიშვნელობაზე ადრინდელ პუბლიკაციებში ვილაპარაკეთ, გამოცხადების მოწმობა პირდაპირ ანალოგიას აგებს ახალაღთქმისეულ რეალიებსა და ძველაღთქმისეული გამოსვლის სახეებს შორის. თანაც ეს ანალოგია იმდენად მთელი ეგვიპტის გამანადგურებელ და ყველა ხის დამლეწავ "ზეციურ სეტყვას" არ ეყრდნობა, რამდენადაც იმ მნიშვნელოვან ვითარებას, რომ ძველაღთქმისეულ დროს ღმრთის ერი ეგვიპტური მონობიდან სწორედ უდაბნოში გაიქცა, სადაც ორმოცი წლის განმავლობაში იკვებებოდა არა "მიწიერი ნაყოფით" (რომელიც უდაბნოში უბრალოდ არც არსებობდა), არამედ მისთვის ზეგარდმო ბოძებული მანანით.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი საყვირის სიმბოლო, რომელშიც აღწერილია ხილული სამყაროს გადაქცევა "წინასწარმეტყველურ უდაბნოდ", მოწმობს ახალაღთქმისეული გამოსვლის დროების დაწყებას, როდესაც ქრისტეს ეკლესია გათავისუფლდა ცოდვის მონობისგან და, თვით უფლის მიერ ახალაღთქმისეული დაპირებებისკენ ძღვანებული, აღასრულებს გასვლას ძველი სამყაროს სულიერი უდაბნოდან (შეად. - გამოცხ. 12:6, 14).
 
გარდა ამისა, "ბალახი", როგორც წმ. წერილის მყარი სიმბოლო შეიძლება აღნიშნავდეს მიწიერ ხორცსაც (1 პეტ. 1:24), ხოლო "ხეთა" სიმბოლო - ძალაუფლებას და ანგელოზთა ძალებს (შეად. - ეზეკ. 31:3-9). ამიტომაც "ბალახის მთლიანი გადაბუგვაში" იკითხება მოწმობა იმაზედ, რომ ახალაღთქმისეულ რეალობაში "ხორცსა და სისხლს არ ძალუძთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელებას" (1 კორ. 15:50).
 
ხოლო "ხეების მესამედი", რომელიც დაიწვა ნიშნავს იმ ზეციურ ანგელოზებს, რომლებიც, ეშმაკის მიერ ცდუნებულნი, დაეცნენ, და უკვე აღარ არიან არც მოძღვრები, არც შემწენი და არც მცველნი ადამიანებისა (ანუ მათ დაკარგეს "თესლის თესვის" და "კეთილი ნაყოფის გამოღების" უნარი). და თუკი სამოთხეში პირველმამა ადამს შეეძლო "ეჭამა ყოველი ხის ნაყოფი ბაღში" (დაბ. 2:16), - ახალაღთქმისეულ დროებაში დაცემულ "სულიერ ხეთა" მესამედს ნაყოფი არ გააჩნია, რომელიც შეიძლებოდა "გამომდგარიყო საკვებად" და ამასთან შემნარჩუნებელი ყოფილიყო სიცოცხლისა და სულიერი ჯანმრთელობისა.
 
მეტიც, ასეთი "ხეები" თვითონ გადაიქცნენ "ცეცხლის ლუკმად", - ანუ მათ თავი საბოლოო დამარცხებისა და განადგურებისთვის გაწირეს (შეად.: - "მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მთ. 25:41; იხ. ასევე: მთ. 3:10, ლკ. 3:9, მეორე რჯლ. 20:20), შეად.:
 
"ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა" (მთ. 7:17-19).
 
რაც შეეხება ზეციდან ბუკვალური, და არა სიმბოლური სისხლის დაცემას, - ეს მოვლენა ასევე ახალღთქმისეულ დროებაზე მიანიშნებს. ანგელოზის გამოსვლა ოქროს სასაკმევლით ხელში და ზეციური საიუბილეო საყვირების დაცემა პირდაპირ არის დაკავშირებული ზეციური ტაძრის განწმენდასთან, რომლის შედეგადაც სისხლის დაღვრის დანაშაულმა "დადაღა" ეშმაკი და მისი ანგელოზები (შეად.: "... დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი..." (ინ. 8:44 და სხვა), რომლებიც მასთან ერთად დედამიწაზე "დაეცნენ". სხვა ასპექტში სატანის და მის მომხრე ანგელოზთა დაცემა ედრება სეტყვას, რომელიც "თავზე დაატყდა" მათ, ვინც აგრძელებს და ამრავლებს უკანონობასა და სისხლისღვრას (შეად. მთ. 23:35, 27:25, ლკ. 11:50, საქმე. 18:6 და სხვა).
 
მაგრამ რადგან ზეციური ტაძრის განწმენდა არ არის საყველთაო და საბოლოო მსოფლიო სამსჯავრო (თუმც წინასწარ იუწყება ამას), - სისხლიანი დანაშაულის ზეციდან დედამიწაზე დაბრუნება დაკავშირებული იყო ბუკვალურ ბუნებრივ კატაკლიზმებთან, და ძველი ქვეყნიერებისთვის უხილავი დარჩა. ამის შესახებ ლაპარაკობენ მხოლოდ წმ. წერილი და ქრისტეს ეკლესია, - ხოლო "დაინახეს" და შეიგნეს ეს მოვლენა მხოლოდ მათ, ვისაც აქვს უნარი საყოველთაო სულიერი პანორამების დანახვისა არა ხორციელი, არამედ რწმენის თვალებით:
 
"აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს" (ინ. 12:31).
 
"რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე" (მთ. 23:35-36).
 
სხვათა შორის, იოველის წინასწარმეტყველებაშიც, რომელიც მოციქულთა მოწმობით ორმოცდამეათე დღეს აღსრულდა, "სისხლი, ცეცხლი და კვამლი" ძველ ქვეყნიერებას კი არ ანადგურებენ, არამედ აუწყებენ მას ძალაში ახალი, სრულყოფილი აღთქმის შესვლას (საქმე 2:17-19).
 
"ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს. გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს" (იოვ. 2:28-30)
 
ამასთან, იოველის წიგნის წინასწარმეტყველურ სიმბოლოთა საყოველთაო ახალაღთქმისეული მნიშნელობები, სხვა ბიბლიურ მოწმობებთან ერთად (როგორებიცაა: იუბილეთა დროება, ტაძრის განწმენდა და ერთგულთა აღბეჭდვა; მსოფლიო იერიქონის შემოვლა საიუბილეო საყვირებით; ცოდვის მონობისგან გათავისუფლება და დიდი ახალაღთქმისეული გამოსვლა; შვიდი დღის სიმბოლოთი მთელი ძველი სამყაროს განახლებაზე მინიშნება და სხვა) გამოცხადების წიგნში ვლინდება თანდათანობით, და ისინი ერთ მთლიანობად მხოლოდ ყველა, შვიდივე საყვირის სისავსეში იკრიბება.
 
ეს კი ნიშნავს, რომ გამოცხადების "საყვირებისეული" სიმბოლო უნდა აღვიქვათ არა "განცალკევებულად", არამედ კრებითად: ისე, რომ გონებით სახილველ მოვლენათა პანორამებში "ადგილი დარჩეს" შემდგომ წინასწარმეტყველურ მოწმობებსაც.

______________________

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому