განმარტება - აპოკალიფსისის მეორე მხედარი: სამსხვერპლო ცეცხლი და ზეციური მახვილი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეორე მხედარი: სამსხვერპლო ცეცხლი და ზეციური მახვილი
(გამოცხ. 6:3-4)
აპოკალიფსისის მეორე მხედარი
"და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი" (გამოცხ. 6:3-4).
 
შვიდივე ბეჭდის ერთიან ახალაღთქმისეულ კონტექსტში, "წითელი" და "ცეცხლოვანი" (ბერძნ. πυρρός ბუკვალურად ნიშნავს "ცეცხლოვანს") ცხენისა და მხედრის მისიის ყველაზე მოკლედ და ზუსტი ფორმულირება მოცემულია ანდრია კესარიელის მიერ:
 
"აქ, ჩვენი აზრით, იგულისხმება მოციქულთა სხვა სწავლება, რომლებიც მოწამეებმა და მოძღვრებმა იქადაგეს".
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიადი ზეციური წიგნის მეორე ბეჭდის ქვეშ იხატება არა "ბოროტების ძალნი" (როგორც ზოგიერთი თანამედროვე კომენტატორი ირწმუნება), არამედ მსოფლიო სახარებისეული ქადაგების კიდევ ერთი ხატი, რომელიც პირდაპირ აგრძელებს პირველი მხედრის მისიას (რომელიც გამოვიდა, გამოვიდა როგორც "მძლეველი, რათა სძლიოს" (გამოცხ. 6:2)).
 
ასე, მაგალითად, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ პირველი ოთხი ბეჭდის წინასახეობრივ ხილვებში, რომელიც მიეცა წინასწარმეტყველ ზაქარიას, უფლის ანგელოზი სწორედ "წითელ" ცხენზე ზის (ზაქ. 1:8-10). თანაც მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა უმეტესობის აზრით ეს იყო არა უბრალოდ ანგელოზი, არამედ მთავარანგელოზი მიქაელი (ამის შესახებ ლაპარაკობენ თეოდორიტე კვირელი, ნეტ. იერონიმე და სხვები).
 
ანუ, უკვე მარტო ამ მიზეზით ცეცხლოვანი ცხენისა და მისი მხედრის აღქმა ბოროტების ძალად არასწორი იქნებოდა, რომლებიც მსოფლიოში გამოდიან იმისთვის, რათა დედამიწაზე გააჩაღონ უკანასკნელი "აპოკალიპტური" ომი.
 
გარდა ამისა, "დიდი მახვილი", რომელიც, როგორც ნათქვამია, "მიეცა" მეორე მხედარს, მისი საკუთრება არ არის, არამედ ზეგარდმო მიენდობა გარკვეული მისიის აღსასრულებლად. მაგრამ განა შეიძლება დავეთანხმოთ იმას, რომ თვით უფალი, ან ვინმე ანგელოზთა უზენაეს დასთაგან, უკეთურებს ხელში მისცემს ზეციურ მახვილს და ამ "ცეცხლოვან მხედარს" დედამიწაზე ადამიანთა მასობრივი სისხლისღვრისთვის წარაგზავნის? (შეად. - მთ. 26:51-53; გამოცხ. 13:10 და სხვა).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ ის ვითარება, რომ ზეციური მახვილი მხედარს ეძლევა არა "მანამდე", არამედ იმის შემდეგ, რაც დედამიწაზე უკვე აღარ არის მშვიდობა, და თვით ადამიანები "ხოცავენ ერთურთს").
ამასთან მოვლენათა ერთიანი აზრის ქვეტექსტში პირველი ბეჭდის მოხსნისას მეორე მხედრის ზეციური მახვილი შეიძლება სრულიად ბუნებრივად იქნას აღქმული ღმრთის სიტყვის ხატად, რომელიც მახარობლის პირიდან გამოდის (შეად. - ზაქ. 9:13; "გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე..." (ეს. 49:2).
 
მეტიც, მსგავს "ზეციურ მახვილზე" მოწმობს თვით მაცხოვარი:
 
"ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა" (მთ. 10:34).
(აშკარაა, რომ პირველი მხედრის "სიტყვის მახვილი" ისევე, როგორც "ზეციური მშვილდი", არ ჰგვანან "ფიზიკურ" იარაღებს, რომლითაც შეიძლება დაიღვაროს უდანაშაულოთა სისხლი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზციურ მახვილს მართლაც "მიჰყავს" მიწიდან არაბუნებრივი ურჯულო კომპრომისები, რომლებიც ვარაუდობენ ბოროტებისა და სიკეთის "მშვიდობიან თანაარსებობას").
რაც შეეხება სიტყვებს "მუსრს ავლებდნენ" ("რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს..."), - ის ბუკვალურად ნიშნავს "დაკვლას" (ბერძნ. სიტყვიდან σφάζω), ანუ პირდაპირ არის დაკავშირებული ძველაღთქმისეულ მსხვერპლშეწირვასთან, და ამასთან იშვიათად აღნიშნავს "კრიმინალურ", "ყოფით" და "სამხედრო" მკვლელობებს.
 
ხოლო "სამსხვერპლო დაკვლის" კონტექსტში, მეორე ცხენის "ცეცხლოვანი" ფერი შემთხვევითი როდია, - არამედ უთითებს წმიდა ცეცხლზე, რომელიც ახალაღთქმისეულ დროში მსოფლიოს ყოვლადდასაწველ სამსხვერპლოზე ინთება:
 
"მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!" (ლკ. 12:49).
 
არ ითხოვს დამატებით მტკიცებულებებს ისიც, რომ "ჩვეულებრივი" მშვიდობის დროს (ანუ დროება ომების გარეშე), ყველაზე მოკლე პერიოდებშიც კი, "წუთისოფლის ადამიანებს" ერთმანეთი არ მოეკლათ. ძველაღთქმისეულ დედამიწაზე ასეთი დროება ბუკვალურად არასოდეს ყოფილა. ხოლო თუკი "ომისა" და "მშვიდობის" დრო მთელი პლანეტის მასშტაბით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, - ეს განსხვავება შემოიფარგლებოდა მხოლოდ სისხლისღვრის მასშტაბებით, ასევე სისასტიკით და უწყვეტად მიმდინარე ომების ხანგრძლივობით.
 
ამიტომაც სიტყვაში "მშვიდობა" ნაგულისხმევი რომ ყოფილიყო დროება ბუკვალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების გარეშე, - დედამიწაზე მცხოვრებთაგან უბრალოდ ვერავინ შეძლებდა იმ საკვანძო მომენტის განსაზღვრას, როდესაც რაოდენ "არამშვიდობიანი მშვიდობა" იქნა "აღებული" დედამიწიდან (შეად. – "მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა..." (გამოცხ. 6:4)).
 
ასეა თუ ისე, ყველა კომენტატორი, რომელიც მეორე მხედრის მისიაში ერთგვარ გლობალურ, "აპოკალიპტურ", და ადამიანური ისტორიის საზომით უპრეცედენტო ომს გულისხმობს, იძულებულია ასეთო ომი "იპოვოს" სიტყვაში იმის შესახებ, რომ მეორე მხედარს "მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი" (გამოცხ. 6:4). სხვა მიზეზს ამგვარი გაგებისა გამოცხადების წიგნი უბრალოდ არ იძლევა.
 
ამასთან ყველა ადრე ნახსენები სახარებისეული მნიშვნელობა გვკარნახობს მეორე მხედრის სიმბოლოში დავინახოთ არა "ახალი გლობალური ომი", - არამედ ახალი მიზეზი სიძულვილისთვის, მტრობისა და კაცთამკვლელობისთვის. ასეთი გაგება "ცეცხლოვანი მხედრისა" წარმოადგენს არა "აპოკალიპტურ" მსოფლიო უბედურებას, - არამედ პირდაპირ შედეგს ქვეყნიერებისთვის სახარების ჭეშმარიტებისა და მნიშვნელობის უწყებისა (ოღონდ არა მისი "გამარჯვების" ასპექტში, როგორც ეს პირველი მხედრის სიმბოლოში იყო წარმოდგენილი, არამედ "ცეცხლოვან-სამსხვერპლო" სახით, რომლის შესაბამისადაც იბრძვის ჭეშმარიტების სიტყვა, ხოლო ქრისტიანები, რომლებსაც ეს სიტყვა მიაქვთ წუთისოფელთან, წარმოადგენენ "დასაკლავად განწირულ ცხვრებს" (ფსალმ. 43:23; ზაქ. 11:4-7; რომ. 8:36-37 და სხვა), შეად.:
 
"რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ" (1 კორ. 4:9).
 
"საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ" (1 პეტ. 4:12).
 
შესაბამისად, "დიდი მახვილი", რომელიც მეორე მხედარს "ზეგარდმო ხელის" მიერ ეძლევა, წარმოადგენს "სიტყვის მახვილს" და "ჭეშმარიტების მახვილს", რომელიც დედამიწისკენ მიმართა თვით მაცხოვარმა (მთ. 10:34-35; ლკ. 12:51-53 და სხვა), - ხოლო "მშვიდობის აღიხოცება დედამიწიდან" არა იმიტომ, რომ მას თავისი მახვილით გაანადგურებს ცეცხლოვან ცხენზე ამხედრებული მხედარი, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიოს აუწყებს სიტყვას, რომელიც ამხელს ბოროტებას და დედამიწაზე მცხოვრებთ ცხონების მემკვიდრეებად და წარწყმედის მემკვიდრეებად განყოფს.
 
ეს კი ნიშნავს, რომ ბრალი სისხლისღვრისთვის, რომელიც უცილობლივ მოჰყვება ასეთ დაყოფას, ეკისრება არა "ცეცხლოვან მხედარს": მშვიდობას კაცობრიობაში ანგრევდნენ და ანგრევენ ისინი, ვისთვისაც აუტანელია სახარების სიტყვა, და ვინც უბრალოდ ვერ არის შემძლე შეურიგდეს იმას, რომ ეს სიტყვა ღიად იქადაგება ხალხებში და აღასრულებს იმას, რისთვისაც წარმოგზავნილი იყო, შეად.:
 
"მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა. და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად" (ახ. ქართ.: "დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან. მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან") (ფსალმ. 119:6-7).
 
ამრიგად, როგორც უკვე პუბლიკაციის დასაწყისშივე აღინიშნა, სულიერ პროცესთა მრავალგვარ ვარიანტებს შორის, რომლებიც დაკავშირებულია ზეციური წიგნის "მეორე ბეჭედთან", ყველაზე ზუსტ და საფუძვლიან განმარტებად ანდრია კესარიელის განმარტება გამოიყურება:
 
"აქ, ჩვენი აზრით, იგულისხმება მოციქულთა სხვა სწავლება, რომელთაც მოწამეები და მოძღვრები იქადაგებენ. ამ სწავლებით, ქადაგების გავრცელების შემდეგ, ბუნება თავის თავში გაიყოფა, დაირღვა მსოფლიოს მშვიდობა, რადგან ქრისტემ თქვა: "მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა" (მთ. 10:34).


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому