განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_7_9_17_მართალნი საყდრის წინაშე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
მართალნი საყდრის წინაშე

(თ. 7:9-17)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

9. და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები. 10. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა. 11. და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოჲს საყდრისა და მღდელთაჲსა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა 12. და იტყოდეს: ამინ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნე და მადლობაჲ და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 13. და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან? 14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. 15. ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის. 16. არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, 17. რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა.


ახ. ქართულით

9. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი. 10. ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის! 11. ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა: 12. ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე. 13. მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან? 14. მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი. 15. ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით. 16. ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი. 17. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
შინაარსი


IV. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა (თ. 7-11)

მართალნი საყდრის წინაშე (თ. 7:9-17)


144 ათასი აღბეჭდილის ხილვამ იდუმალთმხილველის თვალწინ სამყაროს აღსასრულის წინარე სურათი და ეკლესიის მდგომარეობა გადაუშალა. შემდგომი ხილვა ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ დაჯილდოვდებიან ზეცად ის ქრისტეანები, ვინც თავის მიწიერ სარბიელს მოთმინებით გადის ათასგვარ ჭირვებასა და უბედურებაში. განსაკუთრებით კი უკანასკნელი ჟამის საშინელებათა შორის. ამ ხილვას აქვს საზოგადო ნუგეშისცემის ხასიათი და წინასწარ გვაფრთხილებს არ შთავვარდეთ სასოწარკვეთილებაში უდანაშაულო ქრისტეანთა ტანჯვის გამო.

9-10. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა.

წმ. იოანე ხედავს საკვირველ ხილვას: "აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი".

ანდრია კესარიელის განმარტებით "ეს არის ყოველი ტომისა და ენის ხალხები, რომლებზეც დავითი ბრძანებს: "აღვრაცხნე იგინი, და უფროის ქვიშისა განმრავლნეს" (ფსალმ. 138:8), და რომლებიც ეწამნენ ქრისტეს სახელისთვის და კიდევ: ესენი პირველად წამებულ და ბოლო ჟამის მოწამეთა კრებულია, რომლებმაც თავიანთი სისხლის დათხევით სამოსელნი მათნი განასპეტაკეს. მათ ხელთ უპყრიათ ფინიკის რტოები, რაც ძლევისა და გამარჯვების სახეა. ისინი უფლის საყდრის წინაშე დგანან და, როგორც მადლიერი მონები, ძლევის მადლის მომნიჭებელ ღმერთს მიაწერენ დემონებზე თავიანთ გამარჯვებას".

იოანე ხედავს, რომ ეს ურიცხვი ხალხი "ტახტისა და კრავის წინაშე" იდგა "სპეტაკი სამოსით მოსილი და ხელთ ეპყრა პალმის რტონი"."ტახტისა და კრავის წინაშე" დგომა უფალთან მიახლოებას ნიშნავს, რომელიც არის წყარო ნეტარებისა; "სპეტაკი სამოსი" მათ გამართლებასა და ზნეობრივ სიწმიდეზე მიანიშნებს, რომელიც მიგვაახლებს უფალს, ხოლო "პალმის რტოები", უზენაესის საყდრის წინაშე მდგომთა სიხარულის აღმნიშვნელია.

10-12. ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის! ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა: ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე.

მთელი ეს სიმრავლე ღაღადებდა და ამბობდა: "ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის!". ეს ღაღადისი არ არის მარტოდენ მიწიერ ჭირვებათაგან გათავისუფლებისა და ზეცად გადასახლების სამადლობელი, ეს უფრო შეესატყვისება 12-ე მუხლის შინაარსს და წარმოადგენს ღმრთისა და კრავის წინაშე გამოხატულ სიხარულისა და აღფრთოვანების გრძნობას, რომელმაც თავისი მიუწვდომელი განგებულებით იხსნა სამყარო (ფსალმ. 3:9; რომ. 1:16; 1 ტიმ. 2:3; ტიტ. 1:3 და სხვა).

"ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა: ამინ!"


ღმრთისა და კრავის წინაშე იოანე ჭვრეტს არა მარტო სხვადასხვა ერთა, ტომთა, ენათა და ხალხთა სიმრავლეს, არამედ ანგელოზებსაც, მხცოვნებსაც და ოთხ ცხოველსაც. ყველა მათგანი ცხოვნებულ წმინდათა დიდების პასუხად ამბობენ "ამინ!" და თავის მხრივ თვითონაც აქებენ და ადიდებენ უფალს მისი შვიდი სათნოებისა და სრულყოფილებისთვის.

"აჰა, ერთი სამწყსო კაცთა და ანგელოზთა! ანგელოზნი, რომლებისაც, როგორც ეს დანიელისგან ვუწყით, თავიდან ანგელოზთასწორ კაცთაც კი ეშინოდათ, უკვე მათთან მდგომარედ და მსახურად იხილვებიან. ზოგიერთი წმიდა მამის აზრით, ისინი მათთვის დამახასიათებელი სახით გვეჩვენებიან, ხოლო სხვების აზრით, ანგელოზნი სამ განზომილებას - სიგრძეს, სიგანეს და სიმაღლეს არ ექვემდებარებიან. ამიტომაც გვეცხადებიან ისინი არა ბუნებისაებრ მათისა, არამედ იმ სახით, რომლის მიღებაც საღმრთო განგებულებას ნებავს. "საყდრის, უხუცესთა და ოთხი ცხოველის გარშემო დგომა" უხუცესთა რიცხვით მინიშნებულთა სიწმიდესა და პატივს გამოხატავს. ყოველ ქმნილებაზე და ჩვენზე საღმრთო მზრუნველობისთვის ყველა ზეციური ძალი განადიდებს უფალს" (ანდრია კესარიელი).

13. მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან?


მართალია, იოანეს მხრიდან არავითარი შეკითხვა არ ყოფილა, მაგრამ როგორც ჩანს მას ეს კითხვა გულში ჰქონდა, ამიტომაც ამბობს: "მომმართა"(ძველი ქართული უკეთ გამოხატავს ბერძნულ დედანს: "და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან").

"სულიწმიდა, "ერთ უხუცესთაგანთა" მიერ დასმული კითხვით ხილულის მნიშვნელობის გამოსაძიებლად აღძრავს ნეტარს, ხოლო იოანე, რომელიც კეთილგონივრულად აღიარებს თავის უმეცრებას, კვლავ გამოცხადებული უხუცესის მიერ იმოძღვრება" (წმ. ანდრია კესარიელი). ამასთან მიმართებაში უნდა გავიგოთ იოანეს პასუხიც:

14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი.

ეს მიმართვა ასე უნდა გავიგოთ: "შენ იცი, რას ვფიქრობ მე ამ საკითხზე", და მე თუმც ვიცი, შენ უფრო მეტი იცი და რად მეკითხები მე?! ამიტომაც, უმჯობესია შენ მითხრა, "უფალო ჩემო". ეს ბოლო ფრაზა პატივისცემის გამომხატველი მიმართვაა (დაბ. 23:6; ლევ. 12:11 და სხვა) და არ ნიშნავს იოანეს თაყვანისცემას უხუცესისადმი.

უხუცესი, პასუხობს რა ორ კითხვას: "ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან?", განმარტავს, რომ "ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი". ყველა ეს ნიშანი მათ მოწამეობრივ ღვაწლზე მიუთითებს, ხოლო გამოთქმა "დიდი ურვიდან მოსულნი", ზოგიერთი კომენტატორის აზრით ნიშნავს, რომ ესენი არიან ქრისტეანები, რომლებსაც დახოცავს ანტიქრისტე სამყაროს აღსასრულის ბოლოს. რადგან სწორედ ამ ურვის შესახებ გვამცნებდა თვით ქრისტე მაცხოვარი, როდესაც ამბობდა: "რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:21). ეს იქნება სწორედ მოწამეთა ის სისრულე, რომლის შესახებაც ლაპარაკია გამოცხადების მეექვსე თავის 11-ე მუხლში.

15. ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით.

უზენაესი ჯილდო, რომელსაც ისინი მიიღებენ, არის ღმრთის საყდრის წინაშე ყოფნა, და ღმრთის წინაშე მსახურება "დღე და ღამე", რაც ამ მსახურების განუწყვეტელ ხასიათზე მიანიშნებს, რადგან როგორც ანდრია კესარიელი განმარტავს "სიტყვები "დღე და ღამე" ამ მსახურების დაუცხრომლობაზე მიუთითებს, რამეთუ იქ არ იქნება ღამე, არამედ მარადიული ნათელი დღე, რომელიც განათდება არა გრძნობისმიერი, არამედ სულიერი მზით - ქრისტეთი, რომელ არს "მზე სიმართლისა". რაც შეეხება "ღამეს", მასში უღრმეს საიდუმლოთა გულისხმისყოფაც შეიძლება მაშინ, როდესაც "დღე" სიცხადესა და ადვილმისაწვდომობას აღნიშნავს. "ღმრთის ტაძარი" სულით განახლებული ყოველი ქმნილებაა. უფრო სწორედ, განახლებული კაცნი, რომელთაც დაწინდული სულის წინდი მრთელად და ჩაუქრობლად შეუნახავთ. ღმერთმა აღგვითქვა, რომ "შემოსახლდება ასეთ ტაძარში და დამკვიდრდება" (2 კორ. 6:16) (წმ. ანდრია კესარიელი).

ამ მართალთა ნეტარება კიდევ გამოხატულია სიტყვებით:

16. "აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი".

ანუ ისინი უკვე აღარ დაექვემდებარებიან იმგვარ განსაცდელსა და ჭირვებებს, ამქვეყნად რომ განიცდიდნენ. "და სამართლიანადაც, რამეთუ მათ ექნებათ ზეციური პური და წყარო სიცოცხლისა. იქნებიან უხრწნელნი და არ დაექვემდებარებიან არანაირ ჭირვებას, რასაც სიმბოლურად "მზე და სიცხე" გამოხატავს, რამეთუ ჟამი ჭირვებისა დასრულდა" (ანდრია კესარიელი).

17. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.


"სიტყვები: "დამწყემსავს მათ" მიანიშნებს, რომ ქრისტეს სამწყსოს აღარ ექნება დაუშრეტელ ცეცხლში ჩაგდებულ მგელთა თავდასხმის შიში. მორწმუნენი საღმრთო სიბრძნის წმიდა და დაუშრეტელ წყაროებზე დაიმწყემსვიან, რაც მითითებულია სიტყვით "წყარო", რომელშიც, აგრეთვე, სულიწმიდის უხვი გადმოღვრა იგულისხმება, რამეთუ უფალი მორწმუნეებზე ამბობს: "ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი" (იოანე 7:38). და მაშინ, როდესაც განქარდება "ნაწილობრივი" ცოდნა და შეიძენენ სრულყოფილ შემეცნებას, წმინდანნი, უხვად დარწყულებულნი ამ წყლით, ხრწნილებისა და ცვალებადობისგან თავისუფალნი დაუსრულებელი სიხარულითა და მშვიდობით დატკბებიან" (ანდრია კესარიელი).

კრავის მიერ "დამწყემსვა" ნიშნავს, რომ თვით ქრისტე უხელმძღვანელებს მათ და სულიწმიდის, "სიცოცხლის წყაროს" უდიდესი მადლის ღირსიქმნებიან და ღმერთი "მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს".
Назад к содержимому