განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_6_1_8_პირველი_ოთხი_ბეჭედი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
პირველი ოთხი ბეჭედი

(თ. 6:1-8)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

1. და ვიხილე, რამეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე. 2. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშჳლდი, და მიეცა მას გჳრგჳნი, და განვიდა ძლევითა, და სძლოსცა. 3. და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი, მესმა მეორისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოვედ! 4. და გამოვიდა სხუაჲ ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშჳდობაჲ ქუეყანით, რაჲთა ერთმანერთი მოსწყჳდონ, და მიეცა მას მახჳლი დიდი. 5. და რაჟამს აღაღო მესამე ბეჭედი, მესმა მესამისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე! და აჰა ცხენი შავი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი. 6. და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი იტყოდა: სამადგანი იფქლი - დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი - დრაჰკნის, და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ. 7. და რაჟამს აღაღო მეოთხე ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე, 8. და აჰა ცხენი მწუანე, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მეოთხედსა ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მჴეცთა მიერ ქუეყანისათა. 9. და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა. 10. და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა? 11. და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ. 12. და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსე ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი. 13. და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცჳვეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაჲ დაყარის ყუავილი თჳსი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან. 14. და ცაჲ წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი ადგილთა თჳსთაგან შეიძრნეს. 15. და მეფეთა ქუეყანისათა და მთავართა და ათასისთავთა და მდიდართა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან დამალნეს თავნი მათნი ქუაბთა შინა და კლდეთა შინა მთათასა. 16. და ეტყოდეს მთათა და კლდეთა: დამეცენით ჩუენ ზედა და დაგუფარენით ჩუენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა. 17. რამეთუ მოვიდა დღე იგი დიდი რისხვისა მისისაჲ და ვინ შემძლებელ არს დადგომად?


ახ. ქართულით

1. კვლავ ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი! 2. და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს. 3. და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! 4. გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი. 5. და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი. 6. და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ. 7. და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! 8. შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით. 9. და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. 10. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? 11. და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ. 12. და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. 13. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. 14. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ. 15. ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. 16. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; 17. ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?
შინაარსი

III. საღმრთო განგებულების გამოვლენის პირველი თანამიმდევრობა (თ. 4-6)

1. პირველი ოთხი ბეჭედი ( თ. 6:1-8)

ბეჭედი პირველი - თეთრი ცხენი


მეექვსე თავიდან იწყება საკუთრივ აპოკალიფსისის წინასწარმეტყველება სამყაროს მომავლისა და ქრისტეს ეკლესიის შესახებ. მთელი ეს ისტორია გადმოცემულია შვიდეული სიმბოლიკით (შვიდი ბეჭედი, შვიდი საყვირი და შვიდი თასი). ცნობილია, რომ რიცხვი შვიდი ყოველი მოვლენის სისრულეზე მიანიშნებს. ამ წინასწარმეტყველებათა გაცნობისას უმთავრესი შეკითხვა გამოცხადებაში გადმოცემულ მოვლენათა თანამიმდევრობას ეხება და ამიტომაც, აპოკალიფსისის კომენტატორების წინაშე ყოველთვის დგას საკითხი: როგორია შინაგანი ურთიერთმიმართება ამ განსხვავებულ შვიდეულებს შორის? ეს არის ერთი და იგივე გეგმისა და შინაარსის მქონე მოვლენის სხვადასხვა ვარიაცია, თუ მოვლენათა ქრონოლოგიური თანამიმდევრობა, როგორც ის აპოკალიფსისის შესაბამის თავებშია მოცემული? და ბოლოს, არსებობს თუ არა მათ შორის უფრო რთული და საიდუმლო მიმართება რაც, ერთსა და იმავე დროს, დამაახლოვებელიცა და განმასხვავებელიც იქნებოდა?

ამ შეკითხვებზე საბოლოო და კატეგორიული პასუხი არ არსებობს და თვით გამოცხადების გადმოცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, არც შეიძლება არსებობდეს. კატეგორიულობა აქ შეიძლება იყოს მხოლოდ თვითნებური და ჰიპოთეტიკური. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აუცილებელია ერთი რამ ვაღიაროთ: სამივე შვიდეული ერთმანეთს ავსებს და არ შეიძლება უბრალო ალეგორიულ იგივეობად აღვიქვათ ან ერთხეულ უკვე ნათქვამის სხვა ფორმით განმეორებად მივიჩნიოთ.

ამავე დროს, გადაჭარბებული იქნებოდა მათ მკაცრი ქრონოლოგიზირებაც, რადგან ზოგჯერ მათ ისტორიულ მოვლენათა და ეპოქათა ალეგორიულ ასახვად მიიჩნევენ და აქედან გამომდინარე, ერთგვარ იტორიულ შიფრადაც აღიქვამენ. ამგვარი "დაშიფრული" აპოკალიფსისი თვითნებურია და საეჭვო. იოანეს გამოცხადება ეს არის სიმბოლოებში გადმოცემული მსოფლიოს ისტორია, მისი ძირითადი და საკვანძო მოვლენები; ეს არის ისტორია, რომელიც ასახავს ბრძოლას ქრისტეს ეკლესიასა და მის მოწინააღმდეგეთა შორის; ბრძოლას ქრისტესა და მის წინააღმდეგ ამხედრებულ ამა სოფლის თავადს შორის, რომელიც აღესრულება როგორც ცაში, ასევე მიწაზე და მიწის ქვეშ. ამ ისტორიის ანტაგონისტური და ტრაგიკული ხასიათია სწორედ გამოსახული სხვადასხვა სიმბოლოებში, რომლებიც შესაძლოა ფორმით არა, მაგრამ შინაგანი არსით ხშირად მეორდება.

აპოკალიფსისის მეექვსე თავი წარმოადგენს მთელი აპოკალიფსური მოვლენების შესავალს, სადაც აღწერილია კრავის მიერ ბეჭდების ახსნა ერთი მეორის მიყოლებით, რითაც გვეხსნება ისტორიის საერთო შინაარსი. ეს საზოგადო სურათი თავისთავად ითხოვს პარალელის გავლებას ე. წ. მცირე, სახარებისეულ აპოკალიფსისთან, სადაც იგივე აზრს თვით მაცხოვარი გადმოგვცემს, ოღონდ პირდაპირი წინასწარმეტყველებით, სიმბოლოების გარეშე.

რატომ ხსნის ბეჭდებს თვით კრავი, ანუ ქრისტე? ეს მიანიშნებს, რომ ღმერთკაცი არის მთელი სამყაროს ისტორიის ცენტრი, მისი კანონზომიერება და გონება. მოკლედ ეს შეიძლება გადმოვცეთ მეოთხე მახარობლის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის, იმავე "გამოცხადების" ჩამწერის სიტყვებით: "ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა" (იოანე 1:3). ამ აზრით კრავი არის სამყაროს უზენაესი ბედისწერა და სიცოცხლის კანონი, რომელიც ბეჭდების აღებაში იხსნება და რომელთაც "ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა" ახლავს: "მოდი". თითქოსდა ეს არის მსოფლიოს ექო, რომელიც არა მარტო დედამიწაზე ისმის, არამედ ცაშიც, ანგელოზთა სამყაროში. ეს არის მოვლენები, რომლებიც გვეუწყება ანგელოზთა მეშვეობით. ეს ისტორია გამოსახულია ოთხი მხედრის ხილვით, რომელსაც სხვადასხვაგვარად განმარტავენ და ყოველ მათგანს უკავშირებენ სხვადასხვა ეპოქას. ამგვარი კავშირი, მათი დამაჯერებლობისა და ცალკეულ ნიუანსებში მსგავსების შემთხვევაშიც კი თვითნებურად ან კერძო შეხედულებად უნდა ჩაითვალოს, რადგან აპოკალიფსურ სიმბოლიკას, როგორც მსოფლიო-ისტორიული სიმბოლიკის დატვირთვის მქონეთ, საზოგადო-საყოველთაო მნიშვნელობას აცლის.

ამიტომაც, ჩვენის აზრით, უფრო სწორი იქნება მათ გაფართოვებულ და საზოგადო განმარტებას თუ მივჰყვებით. ისინი გვეუბნებიან იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ ისტორიაში საზოგადოდ, რაშია ისტორიის არსი. ეს არის მსოფლიო ისტორიის ცალკეული ნაწილები, რომელთა ჯამს სხვადასხვა ფერების, ფენებისა და მოვლენების შეერთებით ვღებულობთ. ავიღოთ მაგალითად, პირველი ხილვა, სადაც ნათქვამია:

1-2. "კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი! და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს".

"ზეციურ დასთა იერარქიულ წყობაში, ყოველივე უზემოეს დასთაგან ქვემოთ მდებარე დასებზე მოიწევა, ამიტომაც პირველი ხმა, რომელიც უბრძანებდა ხილვის გამომსახველ ანგელოზს, იყო ცხოველისგან. მას ლომის სახე ჰქონდა. ეს პირველი ცხოველი - ლომი, ჩემის აზრით, მოციქულთა იმ სამეუფო ძალაუფლებაზე მიუთითებს, რომელიც მიეცათ მათ დემონთა წინააღმდეგ, რამეთუ მათთვის ითქვა: "აჰა, შეიკრიბნენ მეფენი ქვეყანისანი" (ფსალმ. 47:5) (ანდრია კესარიელი).

თეთრი ცხენისა და მასზე მჯდომარის სიმბოლოს სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ (აღსანიშნავია, რომ ეს არის აპოკალიფსისისთვის დამახასიათებელი თვისება, რაც გამოწვეულია მისი მრავალმნიშვნელოვნობითა და სიმბოლოების იდუმალებით). ისტორიის გარეგან მოვლენებზე თუ შევჩერდებით, ამ სიტყვების (და საერთოდ, აპოკალიფსური მხედრების) მნიშვნელობას ეპოქის პოლიტიკურ მოვლენებში ხედავდნენ. მაგალითად, მიიჩნევდნენ, რომ პირველი მხედარი არის პართეველი მეფე ვოლოგეზი, რომელმაც ქრისტეს შობიდან 62 წ. რომის არმიას კაპიტულაცია აიძულა. მეორე მხედარი 61 წლის ბრიტანული აჯანყებაა, სადაც 150 000-მდე ადამიანი დაიღუპა, ან კიდევ იმავე დროის ომები გერმანიაში, ან კიდევ პალესტინის ამბოხი. გამომდინარე აქედან, მესამე მხედარს შეესაბამება 62 წლის შიმშილი სომხეთსა და პალესტინაში; მეოთხეს 61 წლის ეპიდემია აზიასა და ეფესოში; მეხუთე ბეჭედში - ნერონის მიერ ქრისტეანთა დევნას ხედავდნენ.

ასეთ შემთხვევაში, სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა კერძო მოვლენებს უკავშირდება, რომლებიც, შესაძლოა მიზეზი გამხდარიყო მათთვის, მაგრამ არამც და არამც არ შეიცავენ ამომწურავ პასუხებს. განსაკუთრებული სიძნელეები უკავშირდება პირველ მხედარს, რომელშიც, როგორც ადრექრისტეანული, ასევე გვიანდელი ეგზეგეტები, ხედავდნენ სახარების ძლევამოსილ მსვლელობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველდაწყებითი ეკლესიის, მოციქულთა და მათი მემკვიდრეების მეშვეობით; ზოგიერთები მასში თვით ქრისტესაც ხედავს, რომელიც 19-ე თავის სიმბოლოს პარალელურია.

გამოცხადების 19-ე თავშიც ლაპარაკია თეთრ ცხენზე მჯდომ მხედარზე, რომელიც, როგორც ჩანს, ჩვენი უფალი იესუ ქრისტეა: "ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი" (გამოცხ. 19:11-15).

აქედან მრავალი ფიქრობს, რომ 6-ე თავში აღწერილი თეთრ ცხენზე შემჯდარი მხედარიც უფალი იესუ ქრისტეა. მაგრამ, ზოგიერთი კომენტატორი ვერ ამჩნევს, რომ გამოცხადებაში უფალი გამოსახულია, როგორც "ორლესული მახვილის მქონე" (გამოცხ. 2:12, 16) და "მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რათა მოსრას წარმართნი" (გამოცხ. 19:15). რადგან "ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს" (ებრ. 4:12). მაშინ, როდესაც გამოცხადების 6-ე თავში აღწერილ მხედარს, რომელიც თეთრ ცხენზე ზის, ხელთ უპყრია არა მახვილი, არამედ მშვილდი ("და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი"), რომელიც უფრო ძალადობისა და მკვლელობის სიმბოლოა.

თანაც ღმრთის კრავი უკვე მონაწილეობს ბეჭდების ახსნაში: "ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი! და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს" (გამოცხ. 6:1-2). ამიტომაც, ცხადია, რომ კრავი, რომელიც შვიდ ბეჭედს ხსნის ერთდროულად არ შეიძლება იყოს აპოკალიფსისის ოთხ მოქმედ მხედარს შორის. ამიტომაც, არც არის გასაკვირი ანდრია კესარიელმა რომ უარჰყო ამგვარი განმარტება. ის წერს:

"ზოგიერთები ამ და სხვა ბეჭდების მოხსნას სიტყვა ღმერთის განკაცების საღმრთო აღმშენებლობას უკავშირებდნენ, კერძოდ: პირველი ბეჭდის მოხსნას - შობას; მეორისას -ნათლისღებას; მესამისას - იმ საღმრთო სასწაულებს, რომლებიც მან ნათლისღების შემდეგ აღასრულა; მეოთხისას -პილატეს მიერ გასამართლებას; მეხუთისას - ჯვარცმას; მეექვსისას - დაფლვას საფლავში; ხოლო მეშვიდე ბეჭდის მოხსნას - ჯოჯოხეთის შემუსრვასა და დატყვევებას. ჩვენ კი სრულიად ვეთანხმებით მეთოდეს აზრს, რომ "არ არის არავითარი აუცილებლობა, ყოველივე ეს განკაცებულ მაცხოვარს განვაკუთვნოთ", რამეთუ სიტყვა-ღმრთის განკაცების საიდუმლო ამ ხილვაზე ბევრად უფრო ადრე იყო ნაუწყები მაშინ, როდესაც იოანე აწმყოსა და მომავალზე ლაპარაკობს და ცეცხლოვან გველზე გამარჯვებას გვამცნობს. აი, რატომ უნდა ვიგულისხმოთ პირველი ბეჭდის მოხსნაში, როგორც ვფიქრობთ, მოციქულთა დასი, რომლებმაც სახარებისეული ქადაგება მოზიდეს, როგორც მშვილდი და მისი ცხოველმყოფელი ისრებით განგმირეს დემონები. ცხოვნებული კაცნი შეწირეს ქრისტეს, თავად კი მიიღეს უხრწნელი გვირგვეინები, რამეთუ ჭეშმარიტებით დაამხეს თავადი ბნელისა და მისი ხელმეორე ძლევისა და უფლის სახელისთვის მოწამეობრივი აღსასრული იგემეს. ამიტომაც არის ნათქვამი: "განვიდა ძლევით და სძლიოსცა", რამეთუ პირველი ძლევა - ეს არის წარმართთა მოქცევა, ხოლო მეორე - მოწამეობრივი სიკვდილი ქრისტესთვის" (ანდრია კესარიელი).

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანდრია კესარიელი ზოგიერთ მომენტში საკუთარ თავსაც და ისტორიულ ფაქტებსაც ეწინააღმდეგება. რადგან თუკი იოანე აწმყოსა და მომავალზე ლაპარაკობს, მაშინ მოციქულთა დასზე ლაპარაკი შეუძლებელია, - გამოცხადების დაწერის დროს (69 წ. ჩვ. წ.) მოციქულთაგან ცოცხალი მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველიღა იყო. ამიტომაც, ცხადია, რომ გამოცხადების 6-ე თავის მხედარი, რომელიც თეთრ ცხენზე ზის, მოციქულთა დასი (პირდაპირი მნიშვნელობით) ან თვით იესუ ქრისტე ვერ იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული პარალელის ეგზეგეტიკური სიძნელე სწორედ პარალელიზმის არარსებობაშია, ანუ სახარების ქადაგების ნათელი სახის შეუსაბამობაში იმ პირქუშ მოვლენებთან, რომლებიც ამ ოთხ მხედარს უკავშირდება როგორც ერთ მთლიანობას და ისტორიაში კაცობრიობის მომავალ უბედურებათა გამომხატველია. თუმცა ეს შეუსაბამობა გადამწყვეტი წინააღმდეგობა როდია ამგვარი განმარტებისთვის. ყოველ შემთხვევაში, პირველი მხედარი, ისტორიის ნათელ მხარეზე, სიკეთის გამარჯვებაზე, შესაძლოა მსოფლიოში სახარების ქადაგების გამარჯვებაზე მიანიშნებდეს. ეს გამოისახება სიმბოლიკის ფერებითა და სახეებით: "და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს" (6:2). მიუხედავად ამისა, არ გვაქვს საფუძველი მაში თვით ქრისტე დავინახოთ, რადგან ამგვარი განმარტება არ შეესაბამება ოთხი სიმბოლოს სიმეტრიის პრინციპს და ამიტომაც, საკმარისია ერთი მხედრის სიმბოლოში მხოლოდ სახარების ქადაგება, სამყაროში ქრისტეს ძლიერება მოვიაზროთ.

ამგვარ განმარტებას ისტორიული ფაქტიც ითხოვს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია პირველქრისტეანობის, მოციქულთა და მოწამეთა ეკლესიის ძლევამოსილი მსვლელობა მთელს მსოფლიოში. აღმოსავლელი კომენტატორები პირველ მხედარში "კონსტანტინე დიდი ეპოქასაც" ხედავენ, ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს კავშირს, როდესაც ის იმპერატორის ძალაუფლებას დაეყრდნო; ეს არის აგრეთვე მსოფლიო კრებათა ეპოქა. მაგრამ ამ დროიდან იწყება საერო ხელისუფლების მიერ ეკლესიის დაპყრობის პროცესიც. ძალიან მწირი წარმოდგენა უნდა გქონდეს მსოფლიოში ეკლესიის მოწოდებაზე ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ქრისტეანობის ძლევამოსილებაზე რომ იფიქრო. მეტიც: არსებობს საფუძველი ამაში სრულიად საპირისპირო ნიშნებიც დავინახოთ. ყოველ შემთხვევაში, ამ სიმბოლოს (პირველი ბეჭდის ახსნის) საზოგადო აზრი ასეთია: ისტორიას ეცოდინება მსოფლიოში ქრისტეანობის მძლეველი ძალი. ბეჭდების მოხსნის რიგში ამ სიმბოლოს პირველ ადგილზე ყოფნა ამ ძლევის უპირველეს მნიშვნელობაზე მიანიშნებს და შესაძლოა ის ეხებოდეს არა მხოლოდ ისტორიის ერთ ეპოქას, არამედ ყველა მათგანს. უფრო სწორედ, როგორც წარსულ ეპოქებს, ასევე აწმყოსაც და მომავალსაც, ოღონდ თავისებურად. ამიტომაც, არც ერთი ეპოქა არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას, არამედ საკუთარი თავი ჰპოვოს იმ გამარჯვებებში მის პერიოდში რომ მიაღწია ქრისტეანობამ.


ბეჭედი მეორე: წითელი ცხენი

3-4. და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი.

"როგორც ითქვა, პირველი ცხოველი (ლომი) მოციქულთა ძლიერებას აღნიშნავს, ხოლო მეორე ცხოველი, ხარი, წმიდა მოწამეთა მსხვერპლზე მიანიშნებს" (ანდრია კესარიელი).

"ჩვენი აზრით, აქ იგულისხმება მოციქულთა სწავლება, რომელიც მოძღვრებმა და მოწამეებმა იქადაგეს. როდესაც ეს სწავლება გავრცელდა, "მიწიდან აღხოცილ იქნა მშვიდობა", რამეთუ თავის თავში განიყო კაცთა მოდგმა და ერთმანეთს დაუპირისპირდა. როგორც ქრისტე ბრძანებს: "ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა" (მათე 10:34). ამ სწავლების აღსარებისთვის წამებულთა მსხვერპლი აღსრულ არს ზეციურ საკურთხეველში. "წითელი ცხენი" ნიშანია ქრისტეს სახელისთვის წამებულთა სისხლისა ან სარწმუნოებისთვის მათი გულითადი მოსაგრეობისა. სიტყვები: "მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშვიდობაი ქვეყანით", ყოვლად ბრძენი ღმერთის ნებაზე მიანიშნებს, რამეთუ მას ათასგვარ განსაცდელში მართალთა გამოცდა ნებავს" (ანდრია კესარიელი).

მაგრამ ამასთან ერთად ეს სიმბოლო ომებსა და მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა (თუ ყველაზე არა) ეპოქებზეც წინასწარმეტყველებს (შეად. მათე 24:7). დღეს, "წითელი ცხენის" ეპოქაში, რომლის მხედარსაც ხელში მახვილი უპყრია ("რათა ხოცავდნენ ერთმანეთს"), ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ვცნობთ ამ სიმბოლიკას. მაგრამ არსებობს ნიუანსი, რომელმაც უნდა მიიქციოს ჩვენი ყურადღება. კერძოდ, ეს მსოფლიო ომები გვეხსნება კრავის მიერ ბეჭდის მოხსნის შემდგომ. ცხადია, არ შეიძლება ეს უბედურება ღმრთის პირდაპირ ნებად მივიჩნიოთ, მაგრამ ეს არის საღმრთო დაშვება რომელიც საღმრთო განგებით გათვალისწინებულია და მსოფლიო ისტორიის "პროგრამაში" ჩართულია როგორც გარდაუვალობა.

ზეციური ხმა მეორე ბეჭდის ახსნის დროსაც მიმართავს იდუმალთმხილველს და ეუბნება: "მოდი". ამ ხილვასთან დაკავშირებული მოვლენებიც ზეცითგან არის დაშვებული. ამით უქმდება ომთან დაკავშირებული სენტიმენტალობა, ეს არის მსოფლიო ისტორიის უზენაესი კანონზომიერება, რომელიც არის ტრაგედია, ბრძოლა ქრისტეს მშვიდობისთვის და ამა სოფლის თავადის ამხედრება ქრისტეს წინააღმდეგ კაცობრიობის დასაპყრობად. ამ ისტორიოსოფიულ ჭეშმარიტებას უზარმაზარი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან ის გვასწავლის მედგარ დამოკიდებულებას ისტორიის საშინელებათა მიმართ, რამეთუ ეს ყოველივე უწყის ქრისტემ, რომელიც გვეუბნება: "ნუ გეშინინ".


მესამე ბეჭედი: შავი ცხენი


5-6. და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი. და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ.

მესამე მხედარი, რომელიც შავ ცხენზე ზის და ხელში სასწორი უპყრია, შიმშილს ნიშნავს. მის შესახებ "ოთხ ცხოველს შორის" კეთდება ალეგორიული წინასწარმეტყველება: "საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ". რაც ისტორიულად და არქეოლოგიურად სიძვირესა და შიმშილს მოასწავებს. ადამიანისთვის ეს მტრული სტიქია ასევე ღმრთით დაშვებულია, თუმცა თავის საზღვრები გააჩნია: "ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ". რასაც უნდა ნიშნავდეს ეს ალეგორია: ფიზიკურ კვებას თუ სულიერს (საეკლესიო სადიუმლოებანი), ის ლაპარაკობს განგების გზებზე, რომელიც საშინელი შიმშილის პირობებშიც შეინარჩუნებს და გადაარჩენს კაცობრიობას.

ანდრია კესარიელი გვაძლევს სულიერ განმარტებასაც: "ვფიქრობ, "მესამე ცხოველში" (მახარობელთა ოთხი სიმბოლოდან გამომდინარე) უნდა ვიგულისხმოთ კაცი, რომელიც ადამიანთა საკუთარი ნებით ცოდვით დაცემასა და ამისთვის ღმრთის მიერ მათ დასჯას მოასწავებს" (ანდრია კესარიელი).

"შავი ცხენი", ჩემი აზრით, სახეა გლოვისა. გლოვობენ იმათ, ვინც სატანჯველთა შიშით განეშორებიან ქრისტეს სარწმუნოებას. "საწყაო" გამომცდელია მათი, ვინც სატანჯველთა შიშით განეშორებიან ქრისტეს სარწმუნოებას. "საწყაო" ("უღელი") გამომცდელია მათი, ვინც ხორციელი უძლურების, გონებადახსნილების ან ცუდად მზვაობრობის გამო უარყოფს ქრისტეს. "კოფიო პური ("სამაგდანი იფქლი") დინარად" ("დრაკჰნად"), შესაძლოა, აღნიშნავდეს ხორციელ შიმშილს, რომელიც მომავალში უეჭველად მოიწევა. გადატანითი მნიშვნელობით კი დინარად შეფასებული კოფიო პური ყველა სჯულიერად მოღვაწისა და მათთვის ბოძებული ღმრთის ხატის დაცვას მოასწავებს.

"სამი კოფიო ქერი" იმ ლაჩართა სახეა, ვინც დევნულების შიშით დაემორჩილნენ ქრისტეანთა მდევნელთ, მაგრამ შემდგომ შეინანეს და შეგინებული იგი ხატი ღმრთისა ცრემლით განბანეს. სიტყვებით "ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ" მიუთითებენ, რომ შიშის გამო არ უნდა უარვყოფდეთ ქრისტესმიერ კურნებას - სინანულს, რათა ცოდვებით მოწყლულნი და ავაზაკთა ხელთ შთავრდომილნი უსასოების გამო სიკვდილს არ მიეცნენ, რამეთუ არიან მრავალნი, რომელთაც ძალუძთ ყოვლადმოწყალე ღმრთის მადლით დაძლიონ თავიანთი ცოდვები და კვლავ ღმერთს დაუბრუნდნენ.

ამრიგად, განსაცდელში ღმერთმა რომ არ მოგვატოვოს, შევეცადოთ, შემცოდე ძმათათვის ისეთი მკურნალები ვიყოთ, რომ შევძლოთ მათთვის ნუგეშისცემის ღვინისა და თანაგრძნობის ზეთის მირთმევა, რათა კი არ ჩავწიხლოთ კოჭლი და დაცემული, არამედ მოციქულთა მსგავსად შევეწიოთ და აღვადგინოთ. და მაშინ, როგორც მსახურნი ღმრთისა, დაუშრეტელ, მარადიულ სიკეთეთ დავიმკვიდრებთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელსაც ეკუთვნის დიდება და სიმტკიცე მამითა და სულიწმიდითურთ, აწ და, მარადის და საუკუნითგან მიუკუნისადმდე. ამენ" (ანდრია კესარიელი).


მეოთხე ბეჭედი: ჩალისფერი ცხენი


7. და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი!

"არწივი, რომელიც მეოთხე ცხოველის სახეა, მაღლად მფრინავია და სწრაფად და მოულოდნელად ესხმის თავის მსხვერპლს, რაც წყლულებათა სახით ზეცითგან ღმრთის რისხვის მოსვლას მოასწავებს. უფალი შურს იძიებს მართალთა სისხლისთვის და დატანჯავს უსჯულოთ, თუკი არ შეინანებენ და არ მოექცევიან " (ანდრია კესარიელი).

8. შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით.

ეს არის წინანდელი განსაცდელების (მახვილისა და შიმშილის) ერთობლივი მოქმედება, თანაც ყოველივე ამას ემატება ჭირი, ჟამიანობა და "მხეცები", როგორც შედეგი წინმსწრობი გაპარტახებისა. აქ ყურადღებას იპყრობს ის, რომ ეს უბედურებაც, რომელსაც გამოცხადება "სიკვდილსა და ჯოჯოხეთს" უწოდებს, ღმრთის განგებულებით დაიშვება. მეტიც, მას დედამიწის მეოთხედზე "ხელმწიფება" მიეცემა. ერთსა და იმავე დროს, ეს არის უფლების მიცემაც და დაშვებაც, თუმცა ამ უბედურებასაც თავისი საზღვრები აქვს.

ამრიგად, ეს ოთხი მხედარი გამოხატავენ კაცობრიობის ისტორიის ზოგად სურათს ნათელი და ბნელი მხარეებითურთ; ეს არის დედამიწის ისტორიის ერთგვარი მხატვრულ-ალეგორიული კონსპექტი, თუმცა, ჯერ კიდევ არასრული, როგორც ამას შემდგომ ვიხილავთ.

მეხუთე ბეჭდის მოხსნა უკვე ეხება იმას, რაც საიქიოში ხდება; აქ ლაპარაკია ღმრთის სიტყვისა და ღმრთის ჭეშმარიტების გულისთვის მოკლულთა სულებზე.
Назад к содержимому