განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_6_9_11_მეხუთე ბეჭედი_ღმრთის სიტყვისათვის მოკლულთა სულები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
მეხუთე ბეჭედი: ღმრთის სიტყვისათვის მოკლულთა სულები

(თ. 6:9-11)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

1. და ვიხილე, რამეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე. 2. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშჳლდი, და მიეცა მას გჳრგჳნი, და განვიდა ძლევითა, და სძლოსცა. 3. და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი, მესმა მეორისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოვედ! 4. და გამოვიდა სხუაჲ ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშჳდობაჲ ქუეყანით, რაჲთა ერთმანერთი მოსწყჳდონ, და მიეცა მას მახჳლი დიდი. 5. და რაჟამს აღაღო მესამე ბეჭედი, მესმა მესამისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე! და აჰა ცხენი შავი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი. 6. და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი იტყოდა: სამადგანი იფქლი - დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი - დრაჰკნის, და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ. 7. და რაჟამს აღაღო მეოთხე ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე, 8. და აჰა ცხენი მწუანე, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მეოთხედსა ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მჴეცთა მიერ ქუეყანისათა. 9. და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა. 10. და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა? 11. და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ. 12. და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსე ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი. 13. და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცჳვეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაჲ დაყარის ყუავილი თჳსი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან. 14. და ცაჲ წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი ადგილთა თჳსთაგან შეიძრნეს. 15. და მეფეთა ქუეყანისათა და მთავართა და ათასისთავთა და მდიდართა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან დამალნეს თავნი მათნი ქუაბთა შინა და კლდეთა შინა მთათასა. 16. და ეტყოდეს მთათა და კლდეთა: დამეცენით ჩუენ ზედა და დაგუფარენით ჩუენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა. 17. რამეთუ მოვიდა დღე იგი დიდი რისხვისა მისისაჲ და ვინ შემძლებელ არს დადგომად?


ახ. ქართულით

1. კვლავ ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი! 2. და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს. 3. და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! 4. გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი. 5. და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი. 6. და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ. 7. და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! 8. შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით. 9. და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. 10. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? 11. და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ. 12. და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. 13. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. 14. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ. 15. ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. 16. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; 17. ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?
შინაარსი

III. საღმრთო განგებულების გამოვლენის პირველი თანამიმდევრობა (თ. 4-6)

მეხუთე ბეჭედი: ღმრთის სიტყვისათვის მოკლულთა სულები (თ. 6:9-11)


9-11. და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ.

"უბიწო და სულით მართალ ადამიანთათვის ჯეროვანია სპეტაკი და უბრალო სამოსელი. ამის შესახებ ნათლად და დაუფარავად ამბობს დანიელი: "დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო" (დან. 7:9). ასეთი სამოსით ნახა მართალთა სულები უფლის იდუმალთმხილველმაც: "ვიხილე საკურთხევლის ქვეშ სულნი მოკლულთა ღმრთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ... და მიეცა მათ სპეტაკი სამოსლები" (გამოცხ. 6:9, 11) (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი).

"ჯერ კიდევ საყოველთაო აღდგომამდე წმინდანთა სულთათვის ნათქვამია: "და მიეცა მათ სპეტაკი სამოსლები, და ითქვა მათ მიმართ - ცოტა ხნით კიდევ განისვენონ, ვიდრე არ გასრულდება მათ თანამონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც, მათსავე მსგავსად, უნდა მოკლან". მაშ, თუკი მათ უკვე მიუღიათ სპეტაკი სამოსლები, განკითხვის დღეს ორ-ორ სამოსელს მიიღებს თითოეული; ისნი ჯერჯერობით მხოლოდ სულის დიდებით ტკბებიან, ხოლო მაშინ (საყოველთაო აღდგომის შემდეგ) სხეულთა დიდებითაც დატკბებიან" (წმ. გრიგოლ დეოლოღოსი).

"აპოკალიფსისში ნათქვამია, რომ მოკლულთა სულები არა მხოლოდ ადიდებენ ღმერთს, არამედ შუამავლობენ კიდეც მის წინაშე (გამოცხ. 6:10). სხეულთან გაყრის შემდეგ სულები არც უგრძნობლად არიან და არც უქმად... და არა მხოლოდ ახსოვთ ყოველივე, არამედ ნეტარებით განისვენებენ მომვალი საზღაურის მოლოდინში" (ღირ. იოანე კასიანე რომაელი).

"ღმრთის საკურთხევლის ქვეშ სულნი მოკლულთანი ხმამაღლა ღაღადებენ: როდემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?" (გამოცხ. 6:10), მაგრამ უფალი უბრძანებს, დაწყნარდნენ და ცოტაც დაითმინონ" (ღირ. იოანე კასიანე რომაელი).

"ამრიგად, თუკი ქრისტესთვის სისხლდათხეულ მოწამეებსაც კი ებრძანათ მოთმინება, შენც დაითმინე, რათა სხვებიც ცხონდნენ და გამრავლდეს უფლისთვის მოწოდებულთა რიცხვი" (წმ. იპოლიტე).

"ღმერთი რომ შურს იძიებს მოკლულ მართალთათვის, მალაქიაც გვამცნობს: "აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს" (მალაქ. 4:1).

"საკურთხევლის ქვეშ"
იღვრებოდა ძველ აღთქმაში სამსხვერპლო სისხლი. ეს გამოთქმა მოწამეობრივ სიკვდილს ნიშნავს, შედეგად, აქ იგულისხმება ეკლესიის საერთო დევნა კონკრეტული თარიღებისა და პერიოდების მინიშნების გარეშე. მოწამეთა სულები ხმამაღლა შეჰღაღადებდნენ უფალს და ამბობდნენ: "როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?" (6:10). ამ მუხლს უდიდესი დოგმატური მნიშვნელობა გააჩნია, რადგან აქედან იწყება გამოცხადების მრავალრიცხოვანი მოწმობა ამქვეყნიური სამყაროს ცხოვრებაში იმქვეყნიური სამყაროს ქმედითი მონაწილეობისა, როგორც სულიერი (ლოცვითი), ასევე პირდაპირი თვალსაზრისით.

"და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ" (6:11). აღსანიშნავია, რომ მართალთა სულები თავიანთი საწუხარის დაკმაყოფილებას და პასუხს გაბედულ კითხვაში პოულობენ, რომელიც თითქმის მოთხოვნას ესაზღვრება. თუმცა მათი კითხვისა თუ მოთხოვნის პასუხად უფალი განმარტავს, რომ მიწიერთა ხვედრი ჭირთაგან და უბედურებათაგან ხსნა კი არ იქნება, არამედ "მათსავით მოკლულთა რიცხვის აღვსება". ამგვარად, ის, რაც უბედურებად და ჭირად გვიჩნს მიწიერ ცხოვრებაში, აუცილებელი და საჭიროა სამყაროს გადასარჩენად და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის საცხოვნებლად. ამრიგად, მეხუთე ბეჭდის მოხსნა ავსებს ოთხი წინანდელი ბეჭდის საერთო შინაარსს. თუმცა ისტორიის ტრაგიზმი აქ როდი ნელდება.

მეექვსე ბეჭდის მოხსნა დაკავშირებულია სამყაროს უდიდეს რყევასთან, რომელიც თავისი მრავალი ნიშნით სამყაროს აღსასრულისა და პარუსიის დადგომის, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
Назад к содержимому