განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_6_12_17_მეექვსე ბეჭედი_სამყაროს_გადატრიალება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
მეექვსე ბეჭედი: სამყაროს გადატრიალება

(თ. 6: 12-17)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

1. და ვიხილე, რამეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე. 2. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშჳლდი, და მიეცა მას გჳრგჳნი, და განვიდა ძლევითა, და სძლოსცა. 3. და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი, მესმა მეორისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოვედ! 4. და გამოვიდა სხუაჲ ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშჳდობაჲ ქუეყანით, რაჲთა ერთმანერთი მოსწყჳდონ, და მიეცა მას მახჳლი დიდი. 5. და რაჟამს აღაღო მესამე ბეჭედი, მესმა მესამისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე! და აჰა ცხენი შავი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი. 6. და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი იტყოდა: სამადგანი იფქლი - დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი - დრაჰკნის, და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ. 7. და რაჟამს აღაღო მეოთხე ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე, 8. და აჰა ცხენი მწუანე, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მეოთხედსა ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მჴეცთა მიერ ქუეყანისათა. 9. და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა. 10. და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა? 11. და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ. 12. და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსე ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი. 13. და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცჳვეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაჲ დაყარის ყუავილი თჳსი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან. 14. და ცაჲ წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი ადგილთა თჳსთაგან შეიძრნეს. 15. და მეფეთა ქუეყანისათა და მთავართა და ათასისთავთა და მდიდართა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან დამალნეს თავნი მათნი ქუაბთა შინა და კლდეთა შინა მთათასა. 16. და ეტყოდეს მთათა და კლდეთა: დამეცენით ჩუენ ზედა და დაგუფარენით ჩუენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა. 17. რამეთუ მოვიდა დღე იგი დიდი რისხვისა მისისაჲ და ვინ შემძლებელ არს დადგომად?


ახ. ქართულით

1. კვლავ ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი შვიდ ბეჭედთაგანი, და მომესმა ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთის მგრგვინავი ხმა: მოდი! 2. და, აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი, რომელსაც მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა მძლეველი, რათა სძლიოს. 3. და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! 4. გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი. 5. და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი. 6. და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ. 7. და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! 8. შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით. 9. და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. 10. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? 11. და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ. 12. და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. 13. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. 14. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ. 15. ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. 16. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; 17. ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?
შინაარსი

III. საღმრთო განგებულების გამოვლენის პირველი თანამიმდევრობა (თ. 4-6)

მეექვსე ბეჭედი: მსოფლიო გადატრიალება (თ. 6: 12-17)


12-13. და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს.

"ამ სიტყვებს ზოგიერთი გადატანითი მნიშვნელობით განაკუთვნებდა ვესპასიანეს დროინდელ აოხრებას. ჩვენი აზრით, აქ საუბარი დევნულების პერიოდიდან გადადის იმ დროზე, როდესაც ანტიქრისტე გამოჩნდება.ეს და სხვა მსგავსი ჭირი სწორედ მის დროს იქნება და თანაც იმისთვის, რომ ადამიანები დაფიქრდნენ და არ გაექცნენ ქრისტეს აღმსარებლობას იმ სატანჯველთა შიშით, რომელსაც ანტიქრისტე მოაწევს და რომელთა მსგავსი, როგორც უწყით, ჯერ არ ყოფილა.

"მიწისძვრა", რომლის შესახებაც ხშირადაა ლაპარაკი წერილში, საქმეთა ცვალებადობას ნიშნავს, რამეთუ გამოთქმა "მერმე ერთ გზისღა შევძრა", როგორც თვით მოციქული ბრძანებს, შეძრულთა შეცვალებას ნიშნავს (ებრ. 12:26-27). ძველ აღთქმაშიც ისრაელის მსვლელობისთვის ითქვა: "ქუეყანაი შეიძრა და ცანიცა წურთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაისა" (ფსალმ. 67:9 (8).

"მზის გაშავება" და "მთვარის სისხლის ფერობა", ნეტ. კირილეს განმარტებით, იმათ სულიერ დაბნელებას და გაუნათლებლობას მოასწავებს, ვისაც ღმრთის რისხვა ეწევა; ხოლო "ვარსკვლავთცვენა", როგორც ეს აღწერლი იყო ანტიოქეს დროს მოწევნული საცთურების ჟამს, მიანიშნებს, რომ დაეცემიან ისინიც, ვინც ქვეყნის მნათობებად მიიჩნევენ საკუთარ თავს და დაეცემიან იმ ჭირთაგან, რომელიც იმ დროს მოიწევა, რადგან უფალი ბრძანებს, რომ ჭირთა გამო თვითონ რჩეულნიც ცთუნდებიან რამდენადაც შესაძლებელია (მათე 24:24).

დასაშვებია, ამიტომაც მიუთითებდეს "ლეღვის ხეზე", ანუ ეშმაკის ძლიერი ქარით შერყეულნი დაყრიან მოუმწიფებელ ნაყოფს (გამოუწრთობს განსაცდელთა ქურაში) ისინი ჯერ არც განსაცდელთაგან მომწიფებულან და არც მადლის სიტკბოება უგემიათ. თვით "ლეღვის ხე" ორნაირად განიმარტება და ეს შეიძლება დავასკვნათ იერემიას სიტყვებითაც, რომელსაც უფალმა ორი - კარგი და ცუდი ლეღვით სავსე კალათა აჩვენა (იერემია 24:1-2). ასევე უნაყოფო ლეღვის მიხედვითაც, რომელიც გაახმო უფალმა (მათე 31:19; მარკ. 11:13-14) და იმ ლეღვის მაგალითითაც, რომელმაც "გამოიღო თავისი ყვავილი" (ქებათა ქება. 2:13). აღსრულდება თუ არა ეს ყოველივე ხილული სახით ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, მხოლოდ უფალმა უწყის, რომლის ხელთაა სიბრძნისა და შემეცნების საგანძური" (ანდრია კესარიელი).

"ციდან გადმოცვენილ ვარსკვლავებში", წმიდა მამათა განმარტებით, ეკლესიის თვალსაჩინო მოძღვარნი იგულისხმებიან, რომელთაც მიწიერი ზეცა ეწოდებათ" ("წიგნი სარწმუნოებისა"). ამდენად, ეს მუხლი წინასწარმეტყველებს მოძღვართა დაცემას.

14. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ.

"გამოთქმა, "გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ", ჩვენი ვარაუდით, ნიშნავს, რომ არ ვიცით, როდის იქნება დღე ქრისტეს მეორედ მოსვლისა, რამეთუ გრაგნილი სწრაფად და უხმაუროდ იგრაგნება, ან იმ ზეციურ ძალთა თანაგრძნობაზე მიანიშნებს, რომელნიც სარწმუნოებისგან განდგომილთა გამო სწუხან. ამასთანავე, მიუთითებს, რომ ზეცა კი არ განქარდება და დაირღვევა, არამედ უკეთესობისკენ შეიცვლება. თავის მეხუთე სიტყვაში მწვალებელთა წინააღმდეგ, ირინეოსი ბრძანებს: "ქმნილებათა არც არსი და არც ბუნება არ დაიღუპება და არ განქარდება (რამეთუ მტკიცეა და ჭეშმარიტი მისი შემოქმედი), არამედ "წარმავალია საწუთროს ხატი" (1 კორ. 7:31), რომელშიც იქმნა ცოდვა.

ჩვენი ვარაუდით მოციქული იცავს ძველ ჩვეულებას: ებრაელები, ჩვენგან განსხვავებით, წიგნთა ნაცვლად გრაგნილებს იყენებდნენ, რომლებსაც განვითარების შემდგომ კი არ ანადგურებდნენ, არამედ, პირიქით, განმარტავდნენ დაწერილის შინაარსს. ზუსტად ასევე გაიხსნება ზეციურისა და წმინდანთათვის გამზადებულ მარადიულ სიკეთეთა არსი" (ანდრია კესარიელი).

15-17. ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?

"როდესაც მოციქულები ეკითხებოდნენ უფალს იერუსალემის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ, ქრისტემ მათ უწინასწარმეტყველა მომავალი იმ ზომით, რა ზომითაც შეეძლოთ მათ ამის დატევნა. ნაწილი ამ წინასწარმეტყველებისა აღსრულდა ქრისტეს მკვლელ იუდეველებზე ვესპასიანესა და ტიტუსის შემოსევის დროს, რასაც იოსებ ფლავიუსიც მოწმობს, მაგრამ ყოველივეეს, წინასწარმეტყველებისამებრ, განსაკუთრებული სიძლიერით მაშინ დაატყდება თავს მსოფლიოს, როდესაც ანტიქრისტე გამოჩნდება.

ისინი, ვინც იცავენ და მეთაურობენ საეკლესიო ღვთისმოსაობას ან სახელმწიფოს და აქ მოხსენიებულნი არიან, როგორც "მთები", ასევე მართალთა ეკლესიები, რომელთაც წერილი სიმბოლურად "ბორცვებს" უწოდებს, თავიანთი ადგილებიდან გაიქცევიან. ესაიას მიხედვით, ისინი, გადავლენ ერთი ადგილიდან მეორეზე, რაც ჩვენც განგვიცდია და გადაგვიტანია ჩვენი ცოდვების გამო.

"მეფენი ქვეყანისანი", ანუ ისინი, ვინც დედამიწაზე ბატონობენ, მაგრამ ზეცაში არაფერი გააჩნიათ, ყველა მდიდართან და დიდებულთან ერთად, რომლებსაც არ სურთ იყვნენ ქრისტეს მონები და მონობენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, დაიწყებენ ვედრებას, რათა გამოქვაბულებში და კლდეებში დაიმალონ ნაცვლად იმისა, რომ მოთმინებით გადაიტანონ სამართლიანად მოწეული ღვთის რისხვა, რომელიც დაუშვებს უდიდეს სიყმილსა და ჭირვებას ანტიქრისტეს მეფობისას.

ქრისტეს მონობასა და მორჩილებას გაქცეულნი და კლდე-გამოქვაბულებს შეფარებულნი გაურბიან სამარადისო ნეტარებას, რამეთუ აღდგომის შემდეგ საუკუნო ტანჯვასა და ჯოჯოხეთს დაექვემდებარებიან. და აი, მაშინ სამართლიანად აღინთება ღვთის რისხვა და დასწვავს მათ, ვინც ქრისტეს მოძღვრებას კი არ დებდა თავისი რწმენისა და ცხოვრების საფუძვლად, არამედ "ძელსა, თივასა და ლერწამსა" (1 კორინთ. 3:12). გვიხსნას ყოველივე ამისგან კაცთმოყვარე ღმერთმან და ღირს-გვყოს მარადიულ სიკეთეთა, რომელ განმზადებულ არს წმინდანთათვის და დაგვაწესოს მართალთა თანა მადლითა და კაცთმოყვარებითა ძისა თვისისათა, რომელსაცა ეკუთვნის დიდება მამით და სულიწმიდითურთ სამარადისოდ. ამენ" (ანდრია კესარიელი).

ამრიგად, ეს მსოფლიო და კოსმიური პერტრუბაციები გამოხატულია სიმბოლოებში, რომლებიც ცნობილია ბიბლიური და აპოკალიფსური დამწერლობიდან და თითქმის ყველა მათგანი დაუშვებლად მიიჩნევს ბუკვალურ გაგებას. ისინი ემსახურებიან ფერების გამუქებას სამყაროს კატასტროფიული მდგომარეობის საერთო აზრის გამოსახატავად (12-14). აქ არის მიწისძვრაც (რომლის სახე მრავალგზის გვხვდება გამოცხადების ტექსტში (მაგ.: 8:5; 11:3; 16:18 ორჯერ; შეად. ამოს. 8:8; 9:5; ეზეკ. 28:19; იოველ 2:10), მზისა და მთვარის გაშავებაც (მათე 24:29; მარკოზი 13:24; ლუკა 23:45), ვარსკვლავთცვენაცა (24:19) და ცისა და მიწის შერყევაც.

ვფიქრობთ არც არის საჭირო სათითაოდ გავარკვიოთ ერთმანეთს მიყოლებული ამ სიმბოლოების მნიშვნელობა იმისთვის, რათა გამოხატულ იქნას საერთო აზრი კატასტროფული რყევის შესახებ, რომელიც სამყაროს დაატყდება. ბუკვალური გაგების გარდა, ეს არის ეპოქისა და აპოკალიფსური დამწერლობის სტილიც (რომელიც, სხვათა შორის, ასევე წინასწარმეტყველურია). საჭიროა დავაკვირდეთ მოვლენათა თანამიმდევრობას, რომელიც ამ მეექვსე ბეჭდის მოხსნას განეკუთვნება და გამოცხადების საერთო, ისტორიული კონცეფციას. ეს თუ ჯერაც არ არის სამყაროს აღსასრული, ყოველ შემთხვევაში, მისი წინაპირობაა, რომელიც მთელს მის საშინელებაზე დაგვაფიქრებს. როგორი ხანგრძლივობისაა ეს მოვლენა? მოვლენათა ერთჯერადი ციკლია თუ ტიპიურად განმეორებადი? და საერთოდ, რა ადგილი უკავია მას საერთო, მსოფლიო-ისტორიულ სქემაში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თითქმის შეუძლებელია. უფრო სწორედ, მისაღებია ყოველი გონივრული გააზრება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მას თავისი ადგილი უნდა მოეძებნოს. ეს საკითხი გამოცხადების შინაარსის შემდგომი ანალიზისთვის გადავდოთ.

ამრიგად, უნდა დავასკვნათ რომ გამოცხადების მიხედვით ისტორია იდილია კი არ არის, არამედ ტრაგედიაა. ეს არის ბრძოლა ქრისტესთან ერთად და ბრძოლა მის წინააღმდეგ, რომელსაც ამა სოფლის თავადი და მისი მომხრეები ეწევიან.
Назад к содержимому