განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_4_ზეციური_საყდრის_ხილვა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ზეციური საყდრის ხილვა

(თ. 4)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

1. შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა. 2. მეყსეულად ვიქმენ სულითა, და აჰა დგა საყდარი ცათა შინა და საყდარსა ზედა მჯდომარე. 3. და მჯდომარე იგი იყო მსგავსი ქვასა მას იასპსა და სარდიონსა; და ირისე იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაჲ სამარაგდეთაჲ. 4. გარემო საყდრისა საყდარნი ოც და ოთხნი, და საყდართა მათ ზედა ოც და ოთხნი მღდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და თავთა მათთა ზედა გჳრგჳნნი ოქროჲსანი. 5. და საყდრისა მისგან გამოვლენ ელვანი და ჴმანი და ქუხილნი; და შჳდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწუებოდეს წინაშე საყდარსა მისსა, რომელნი არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი. 6. და წინაშე საყდარსა მისსა, ვითრაცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, მსგავსი ბროლისაჲ; და შორის საყდრისა და გარემო საყდრისა ოთხნი ცხოველნი, სავსენი თუალითა წინაჲთ და უკუანაჲთ. 7. და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისაჲ, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროჲსაჲ, და მესამესა ცხოველსა აქუნდა პირი კაცისაჲ, და მეოთხე მსგავსი არწივსა მფრინვალესა. 8. და ოთხთა მათ ცხოველთა თითოეულსა აქუნდეს ექუსნი ფრთენი გარემო, და შინაგან სავსე არიან თუალითა. და განსუენებაჲ არა აქუს დღე და ღამე, არამედ იტყჳან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს. 9. და რაჟამს მისცენ ცხოველთა მათ დიდებაჲ და პატივი და მადლობაჲ მჯდომარესა მას საყდარსა ზედა, რომელი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, 10. დავარდებიან ოც და ოთხნი იგი მღდელნი წინაშე საყდარსა ზედა მჯდომარისა მის და თაყუანის-სცემენ მას, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, და დასხმენ გჳრგჳნთა მათთა წინაშე საყდრისა მის და იტყჳან: 11. ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს.


ახ. ქართულით

1. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ. 2. მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე. 3. მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი. 4. ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი. 5. ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული. 6. ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი. 7. პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი. 8. ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა. 9. და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე, 10. ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: 11. ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
III. საღმრთო განგებულების გამოვლენის პირველი თანამიმდევრობა (თ. 4-6)

1. ზეციური საყდრის ხილვა (თ. 4);


IV თავიდან XXII თავის 6-ე მუხლამდე, იწყება აპოკლიფსისის მეორე ნაწილი, რომელიც განსხვავებულია პირველისგან (1:10-3:22) გამოცხადების შინაარსითაც და ვითარების მიხედვითაც, რომელშიაც მიიღო იოანემ ეს გამოცხადება. პირველი ნაწილი შეიცავს უფლის წინასწარმეტყველურ-სამოძღვრო მიმართვას აზიის შვიდი ეკლესიისადმი, მათი მეშვეობით კი მთელი კაცობრიობისადმი. მეორე ნაწილში კი გადმოცემულია მოვლენები, რომლებიც სიმბოლურად და ხატობრივად აღწერენ სამყაროსა და ეკლესიის ესქატოლოგიას.

1. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ.

ხმა უბრძანებს მას ავიდეს ("ამოდი აქ"), სადაც იოანეს სულიერი აღტაცება, სულიერი აღსვლა, ექსტაზის უმაღლესი მდგომარეობა იგულისხმება, რადგან იქვე ბრძანებს: "მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ" რაც ნიშნავს, რომ ღმრთის ნებით, წმ. მოციქული იოანე საღმრთო საიდუმლოთა სახილველად სულიერად აღტაცებულ იქნა ზეცად.

სულიწმიდის მიერ აღტაცებული წმ. იოანე ხედავს ზეცას გაღებული კარებით. ზოგიერთი კომენტატორი "კარის გაღებაში" სულიწმიდის დაფარულ საიდუმლოთა ხილვას, ანუ თვით გამოცხადების დაწყებას ვარაუდობს, სხვები კი ამ "კარში" გულისხმობენ თვით მაცხოვარს, როგორც პირს, რომელიც იძლევა გამოცხადებას (იოანე 10:9). საიდუმლო ხმა, რომელიც მახარობელს ესმა "თავდაპირველ" ხმად იწოდება. იოანემ ადრეც ახსენა "ხმა" (1:10, 15), სადაც ეს ხმა იესუ ქრისტეს ეკუთვნოდა; ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, მოცემულ შემთხვევაშიც ქრისტე ვიგულისხმოთ. მითუმეტეს, რომ ამის საფუძველს გვაძლევს თვით იდუმალთმხილველის განცხადება, რომლისთვისაც, როგორც ეს ჩანს 1:10, 13, 17, 18-დან ხმა, მსგავსი საყვირისა, უეჭველად იესუ ქრისტეს ხმაა.

"საყვირი" ხმადაც იწოდება, რამეთუ ნათქვამია: "... გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ" (წმ. ამბროსი მედიოლანელი).

"კარების გაღება" სულიწმიდის დაფარულ საიდუმლოთა გაცხადებაა; "საყვირი" - ძლიერი ხმა გამომცხადებლისა, ხოლო სიტყვებით: "ამოდი აქ" მსმენელს ამქვეყნიურ გულისთქმათაგან სრულ განშორებასა და გონების ზეცად აღპრყობას უბრძანებს" (ანდრია კესარიელი).

2-3. მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე. მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი.

პირველი, რაც იდუმალთმხილველმა იხილა საყდარი და მასზე მჯდომარე იყო: "და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე". მჯდომარეს იოანე არ ასახელებს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ "მისდევს ებრაელ თალმუდისტებს, რომლებიც ყოველმხრივ გაურბოდნენ ღმრთის სახელის ხსენებას" (Ewald), არამედ იმიტომ, სურს ქრისტესგან (5:6) და სულიწმიდისგან განსხვავებით (4:5), მიუთითოს წმ. სამების პირველ იპოსტასზე, მამა ღმერთზე.

"მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ". როგორც კი ხმა მოესმა, სულით აღვსილმა იხილა საყდარი, რაც გულისხმობს წმინდანებზე საღმრთო განსვენებას, რამეთუ განისვენებს მათზე, როგორც საყდარზე. ამ ხილვაში ის მამაზე საუბრობს, ამიტომაც რაიმე ხორციელ სახეს არ ანიჭებს, როგორც ეს თქვა ადრე, პირველ ხილვაში ძის შესახებ. აქ კი პატიოსან ქვებს ადარებს, რამეთუ იასპი მწვანე ფერის ქვაა და საღმრთო ბუნების მარადის ბრწყინვალებასა და ყოველთა ცხოველმყოფელობაზე მიანიშნებს. ღმერთი ყოველთათვის საზრდელის მომცემია და ყოველი თესლიც ღმრთისგან აღმოაცენებს ბალახს, ამიტომაც ეშინიათ მის მოწინააღმდეგეებს მისი ყოვლადძლიერებისა. ამბობენ, რომ მხეცებსა და ქვეწარმავალთ ეშინიათ იასპისა. ეპიფანე დიდის თქმით, ეს ქვა სიმსივნეს და მახვილით მიყენებულ ჭრილობებს კურნავს და სასარგებლოა მათთვისაც, ვინც სულიერ მკურნალობას საჭიროებს" (ანდრია კესარიელი).

ღმრთის აუწერელობას და მიუწვდომლობას წმ. იოანე "იასპისისა და სარდიონის" ქვების მიმსგავსებით გამოხატავს. ასეთივე მნიშვნელობა აქვს შემდეგ დახასიათებასაც: "ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი".

ამგვარად, ღმრთის ტახტისა და მასზე მჯდომარის ხილვა სრულიად განსხვავდება დანიელისა (დან. 7:9) და ეზეკიელის (ეზეკ. 1:26-27) ხილვებისგან. ასევე ესაია წინასწარმეტყველის ხილვისგან, რომელიც ამბობს: "ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს" (ეს. 6:1). ეგზეგეტების აზრით, ეს იოანესთვის უნდა გამოხატავდეს სამყაროსადმი ღმრთის დამოკიდებულების განსხვავებებს ძველ და ახალ აღთქმაში. ეს განსხვავება ირკვევა იმის აღწერით, რასაც იოანე შემდგომში ხედავს:

4. ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი.

ამ უხუცესთა ვინაობას წმ. წერილის კომენტატორები სხვადასხვაგვარად განმარტავენ. მაგალითად, წმ. იერონიმე და წმ. ამბროსი მათში ხედავდნენ ძველაღთქმისეული ეკლესიის 24 წარმომადგენელს (თანმიმდევრობით), რომლებზეც იყვნენ გადანაწილებულნი იერუსალიმის ტაძრის მღვდელმსახურები. წმ. ვიქტორინე და წმ. ანდრია კესარიელი, ასევე სხვებიც ამ 24 უხუცესში 12 პატრიარქს (ისრაელის 12 ტომის მამათმთავარს) და 12 მოციქულს გულისხმობენ, გამომდინარე მაცხოვრის აღთქმიდან, რომელმაც ბრძანა, რომ "როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე" მოციქულებს მასთან ერთად დასვამდა თორმეტ ტახტზე "ისრაელის თორმეტი ტომის განსასჯელად" (მათე 19:28).

"ძველთაგან ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ოცდაოთხ უხუცესში აბელი, ძველი აღთქმის ოცი და ახალი აღთქმის სამი მართალი უნდა ვიგულისხმოთ. რამდენად სწორია ეს ან, ვივარაუდოთ თუ არა ამ ოცდაოთხში სიტყვით და საქმით დამშვენებულნი მართალნი - თვით მკითხველმა განსაჯოს. მაგრამ, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, პირველ თორმეტ უხუცესში ძველ აღთქმაში გაბრწყინვებული მართლები ვიგულისხმოთ, ხოლო დანარჩენ თორმეტში - ახალი აღთქმისეულნი. პირველნი ისრაელის 12 ტომის პატრიარქ-მამათმთავარნი არიან, ხოლო მეორენი - 12 მოციქულნი რომელთაც, მათი ძალისა და სიბრძნის შესაბამისად, უფალმა ისრაელის 12 ტომის განსასჯელად, თორმეტ საყდარზე დაბრძანება აღუთქვა. "სპეტაკი სამოსი" წმინდანთათვის განმზადებულ სპეტაკ ცხოვრებაზე, მარადიულ სიხარულსა და ზეიმზე, ხოლო "ოქროს გვირგინნი" მათ მიერ ეშმაკთა ძლევაზე მიანიშნებს" (ანდრია კესარიელი).

არსებობს ასევე შეხედულება, რომლის მიხედვითაც ეს 24 უხუცესი ძველი და ახალი აღთქმის წმინდანებს. თვით გამოცხადებიდან ჩანს, რომ 24 მხცოვანი უფლის გარშემო სხედან არა როგორც მსაჯულნი, არამედ როგორც ღმრთის დიდების მჭვრეტელნი. ისინი შემოსილნი არიან სპეტაკი სამოსით, რომელიც არის მათი სიწმიდისა და უბიწოების ნიშანი (იხ. გამოცხ.: 3:4; 7:13), თავზე კი ედგათ "ოქროს გვირგვინი", რომელიც გამარჯვებულთა დაჯილდოების სიმბოლოს წარმოადგენს (გამოცხ. 2:10). ისინი, სხვა ზეციურ ძალებთან ერთად, ადიდებენ არა მარტო ყოვლისმპყრობელი ღმრთის (გამოცხ.: 4:10), არამედ კრავის, ანუ იესუ ქრისტეს ყოვლადძლიერებას (გამოცხ.: 5:13-14).

აქედან გამომდინარე იმ დასკვნამდე უნდა მივიდეთ, რომ 24 მხცოვანი ადამიანთა რაიმე განსაზღვრულ კლასს კი არ მიანიშნებს (თუნდაც პატრიარქებს ან მოციქულებს), -ამისთვის აპოკალიფსისი საკმაოდ ზოგადი შინაარსის წიგნია, რომელსაც საქმე აქვს ზოგად საიდუმლოებებთან და ქრისტეანული სარწმუნოებისა და ეკლესიის ჭეშმარიტებებთან, - არამედ მთელი, როგორც ძველაღთქმისეული, ასევე ახალაღთქმისეული, გამართლებული კაცობრიობის წარმომადგენელებთან. როგორც ძველ აღთქმაში ღმერთი ამბობდა, რომ ის არის "აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი" (გამ. 4:5) და როგორც დავით ფსალმუნთმგალობელი ღაღადებდა: "ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა" (ფსალმ. 88:8), ზუსტად ასევე, ახალ აღთქმაში მაცხოვარმა თავის მოწაფეებს აღუთქვა: "ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად" (მათე 19:28) და მოციქულიც ამბობს: "მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესუში" (ეფეს. 2:6).

შედეგად, უფლის საყდართან, მისი დიდებისა და სახიერების (სიკეთის) ჭვრეტასთან ახლოს არიან როგორც ძველაღთქმისეული, ასევე ახალაღთქმისეული წმინდანები. როგორც ერთს, ასევე მეორეთაც ახასიათებთ ზნეობრივი სიწმიდე და უბიწოება, ერთნაიერად ეკუთვნით მათ გამარჯვების გვირგვინები, როგორც ვნებისმიერი მიდრეკილებებისა და ცოდვის მძლეველთ, ან კიდევ როგორც მოწამეებს ჭეშმარიტებისა და მისთვის ტანჯულთ.

"და ანგელოზნი შეეკითხებიან ერთურთს: "ვინ არიან ესენი, ესოდენი დიდება და გვირგვინები რომ მიუღიათ და ჩვენ სამყოფელზე უფრო პატივდებულ სავანეებში რომ ამკვიდრებენ?", მაშინ უფალი მიუგებს მათ: "სამართლიანად ვანიჭებ მათ უპირატესობას, რამეთუ "ჩემი სახელისათვის" (მათე 24:9), ჩემს მცნებათაებრ განეშორნენ ამ წუთისოფელს და მოიძულეს იგი; იქმნენ უპოვარნი, განიცდიდნენ შეურაცხყოფასა და დამცირებას. მათ ებრძოდა სატანა, და ისინიც მედგრად იღვწოდნენ და იბრძოდნენ მის წინააღმდეგ და გაიმარჯვეს. მძიმე იყო მათი მოსაგრეობა, თვალები მუდამ ცრემლით ჰქონდათ სავსე, დღე და ღამე მემსახურებოდნენ; მათ საკუთარი მხრებით ატარეს ჩემი ჯვარი და ჩემი ვნებები საკუთარ სხეულებში განიცადეს. ამიტომაც, უფალი მიიღებს ამდაგვართა სულებს და წარუდგენს მათ მამას სიტყვებით: "აი, უბიწო ქალწულნი, რომელთაც შენი ისმინეს. მიიღე ისინი შენი სულის წიაღში და შენს ნათელში დაამკვიდრე. განა მათ გამო არ ვიყრი მუხლს შენს წინაშე და თვალცრემლმორეული გევედრებოდი: "მამაო წმიდაო! წმიდა ჰყვენ ესენი და დაიცავ ისინი ბოროტისაგან" (იოანე 17:15, 17), რათა შეერთდნენ ჩვენთან ერთ სხეულად, ერთ სულში. და არა მხოლოდ ამ ჟამისთვის და მხოლოდ ამათთვის, არამედ მთელი ეკლესიისთვის გევედრები"?! რამეთუ ღმრთის უსაზღვრო კაცთმოყვარებით ეს წუთისოფელი დღემდე სწორედ მათ გამო არსებობს, ვინც მომავალში გახდება მისი მსახური და ერთგული, და მათი ზეციური ეკლესიით აღივსება მისი მშვიდობის სასუფეველი. მათით გახარებული მამა კი იტყვის: "დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი" (მათე 25:34). მე და ჩემი ძე თქვენთან ერთად "ერთ სულ" ვიქნებით (შეად. 1 კორ. 6:17), რამეთუ "ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად" (1 კორ. 6:17). და წაიყვანს უფალი მათ სულებს მარადიული განსხვენებისა და სიხარულის უნეტარეს სავანეებში და დააბრძანებს ბრწყინვალე საყდრებზეე. ანგელოზთა მხედრიონი კი გააცილებს მათ და დაადასტურებს, რომ ჭეშმარიტად იღვწოდნენ ისინი, მედგრად იტანდნენ განსაცდელს, ვნებათა მოძალებას მტკიცედ უმკლავდებოდნენ და უფალს აღუვლენდნენ ლოცვებს გამუდმებულ მარხვასა და მღვიძარებაში მყოფნი" (ღირ. მაკარი დიდი).

რაც შეეხება "24"-ს, ის შეიძლება განმარტებულ იქნას, როგორც უფლის მიერ რჩეული რიცხვი მსგავსად იმისა, როგორც აირჩია მან: 6 შესაქმისთვის, 10 მცნებებისთვის და ა. შ. მას შესაძლოა არც კი ჰქონდეს რაიმე სიმბოლური დატვირთვა.

5-6. ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული. 6. ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი -ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვალებით სავსენი.

ღმრთის საყდრის მეორე და განსაკუთრებული კუთვნილება არის "ელვანი, გრგვინვა და გრიალი", მინიშნება მუდმივ სიცოცხლეზე და "მიანიშნებს, თუ რაოდენ საშინელია ღმერთი ცოდვილთა და უღირსთათვის; ცხოვნების ღირსთ კი ელვანი და ქუხილნი არ აშინებთ, არამედ, პირიქით, სიტკბოებასა და განათლებას მოასწავებს; ქუხილი ატკბობს მათ სმენას, ელვა კი თვალებს განუნათლებს" (წმ. ანდრია კესარიელი).

მესამე კუთვნილება ღმრთის საყდრისა ეს არის "შვიდი ლამპარი", რომლებიც ღმრთის შვიდ სულს გამოხატავენ (ეზეკ. 25:37; ეს. 11:2; ზაქ. 4:2). ეს გამოთქმა გამოცხადების 1:4 მუხლის ტოლფარდია, რასაც ყველა კომენტატორი ეთანხმება. "ღმრთის შვიდ სულში" ან შვიდი ანგელოზი უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც, როგორც განმარტავს წმ.ირინეოსი, სხვებზე მეთაურობენ, ან კიდევ სულიწმიდის შვიდი ნიჭი, რომლის შესახებაც ბრძანებს ესიაია (ეს. 11:2). ერთიც და მეორეც სარწმუნოა.

საყდრის წინ იდუმალთმხილველი ხედავს "ბროლის მსგავს მინის ზღვას", რომელიც არის მეოთხე კუთვნილება ღმრთის საყდრისა. "მინის ზღვა", ჩემი აზრით, ზეციურ ძალთა სიმრავლეზე, მათ სიმშვიდეზე, უბიწოებასა და ნათელსმოსილებაზე, ასევე, მომავალი ცხოვრების უშფოთველობაზე მიანიშნებს; "ზღვა" - შესაძლებელია იყოს "ცანი ცათანი", რომელიც ფსალმუნთმგალობელის სიტყვით, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი წყლებით არის დაფარული (ფსალმ. 148:4; დან. 3:60). თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზღვა "ბროლისაა" აქ იმიტომ, რომ ზეცათა არსზე მიანიშნებს, უნდა განვიხილოთ, ხომ არ იწოდება ამ სიტყვით თვით ღმრთის მიერ აღძრული სივრცე. მაგრამ ისეთ საგანთა ზუსტი გამოკვლევა, რომელთა არსი მიუწვდომელია ჩვენი ცნობიერებისთვის, საძრახისია და კიცხევასა და დაცინვას იმსახურებს" (ანდრია კესარიელი).

"უთითებს "საყდარზე", რომელიც სამეფო ძალაუფლებასა და საღმრთო სუფევაზე მიანიშნებს, რამეთუ "ტახტის შუა და მის გარშემო"ხედავდა სერაფიმებს. სერაფიმთა თვალების სიმრავლე ღმრთის ნათლის ჭვრეტის უნარს მოასწავებს, ხოლო ის, რომ "წინიდანაც" აღვსილნი არიან თვალებით და "უკნიდანაც", წარსულისა და მომავლის ცოდნით სერაფიმთა განათლებას აღნიშნავს" (ანდრია კესარიელი).

"ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი" - ეს არის ზეციური საყდრის მეხუთე კუთვნილება. "ტახტის შუა" არ შეიძლება ბუკვალურად გავიგოთ, ანუ იმ აზრით, რომ ცხოველები იმყოფებოდნენ თვით საყდარზე, რადგან მასზე "მჯდომარე", ანუ უფალი იმყოფება. ეს საყდარს მიახლოებული ადგილიც კი არ არის. აუცილებელია გამოთქმა "შუა" და"ირგვლივ" აზრობრივად უნდა შევათანხმოთ ერთმანეთს. ბიბლიის კომენტატორები ფიქრობენ, რომ ცნებით "შუა" იოანეს სურს მიანიშნოს ოთხიდან ერთ ერთი ცხოველის მდგომარეობა საყდარს ზემოთ, ხოლო ცნებით "ირგვლივ" - მარჯვნივ, მარცხნივ და ქვემოთ. ზოგი კი ფიქრობს, რომ საგნებზე და პიროვნებებზე არსებული ჩვეული წარმოდგენებიდან გამომდინარე, უკეთესია და ბუნებრივიცაა ვიფიქროთ, რომ ცხოველები, რომლებიც იმყოფებოდნენ მხცოვნებსა და საყდარზე მჯდომარეს შუა, ერთნი იმყოფებოდნენ საყდრის წინ ("შუა") და უკან, სხვები კი გვერდებზე.

ვინ არიან ეს ცხოველები? ეს შეიძლება გავარკვიოთ იმ აღწერიდან გამომდინარე, რასაც იოანე გვთავაზობს.

ა) ისინი იწოდებიან "ცხოველებად" (ბერძნულშია: ζωα (ცხოველი. ეზეკ 1:4) Zωον უნდა განვასხვავოთ θηρίον-სგან. Θηρίον არის მტაცებელი ცხოველი, სასტიკი, ხოლო ζωον -კეთილშობილი და საკუთრივ შეიძლება გადაითარგმნოს როგორც "ცოცხალი არსება" და დაუახლოვდეს ადამიანის ცნებას, რომელიც ასევე ცოცხალი არსებაა. ყოველ შემთხვევაში, - რაც მნიშვნელოვანია განმარტებისთვის, - ესენი არიან დამოუკიდებელი ცოცხალი არსებები, თითქოსდა ერთგვარი პიროვნებები.

ბ) ცხოველები "წინიდანაც და უკნიდანაც თვალებით იყვნენ სავსენი". ამგვარ ხილვას მიზნად აქვს აჩვენოს ამ ცხოველთა ბუნების სიწმიდე და ამაღლებულობა, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ მას იყონ ღმრთის საყდართან ახლოს და აქ ჭვრიტონ უფლის დიდება და მისი განგებულება.


7. პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი.

"პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა"
, რაც მის (ქრისტეს) ქმედითობას, უფლობას და სამეფო ძალაუფლებას ახასიათებს; "მეორე ცხოველი კუროს მსგავსი იყო", რაც მის სამღვდელმთავრო ღირსებას აღნიშნავს, "მესამე ცხოველს კაცის სახე ჰქონდა", რაც ნათლად გამოხატავს მაცხოვრის განკაცებას; "მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი", რაც სულიწმიდის ნიჭზე მიანიშნებს, რომელიც ეკლესიას აღავსებს. ამიტომაც, სახარებებიც იმის თანხმიერ ხატებს ატარებენ, რომელზეც, როგორც საყდარზე, დაბრძანებულია იესუ ქრისტე.

პირველი ამათგან (იოანესი) გადმოსცემს მის დაუსაბამო, ქმედით და დიდებით შობას მამისგან: "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა" (იოანე 1:1). ამიტომაც, ეს სახარება აღსავსეა ჭეშმარიტებით, ასეთია მისი სახელი.

ლუკას სახარება ატარებს სამღვდლო ხასიათს, რადგანაც იწყება მღვდელ ზაქარიას ამბის თხრობით, რომელიც მსხვერპლს სწირავდა უფალს, რამეთუ უკვე მზად იყო სამსხვერპლო კურო, რათა დასრულებულიყო მისი ცოლის ბერწობა და შვილი შესძენოდა.

მათე ქრისტეს კაცობრივ შობას გვაუწყებს და ბრძანებს: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა" (მათე 1:1). და კიდევ: "ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა" (მათე 1:18). ეს სახარება გამოხატავს მაცხოვრის კაცობრივ ბუნებას და ყველგან წარმოდგენილია მორჩილ, თანამგრძნობ და თავმდაბალ კაცად.

ხოლო მარკოზი თავის სახარებას წინასწარმეტყველების სულით იწყებს, რომელიც კაცთ ზეგარდმო ენიჭებათ და ამბობს: "დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას" (მარკ. 1:1-2) და სახარების ფრთოვანებაზე მიანიშნებს, ამიტომაც გადმოსცა ყოველივე მოკლედ და შემჭიდროვებულად, რამეთუ ასე ახასიათებს ეს წინასწარმეტყველების სულს" (წმ. ირინეოს ლიონელი).

"ვფიქრობთ, ეს ის ოთხი ცხოველია, რომლებიც ადრე იხილა ეზეკიელმა (ეზეკ. 1:6). ზოგიერთების აზრით, ეს ოთი ხატი მიანიშნებს ან ოთხ სტიქიაზე, რომელთაც ღმერთი მართავს და იცავს, ან კიდევ ღმრთის ძალაუფლებაზე ყველასა და ყველაფერზე, რაც ცაში, ზღვაზე, მიწაზე და მიწის ქვეშაა. მათ ოთხ მთავარ სათნოებადაც მიიჩნევენ და ოთხ სახარებათა სახედაც.

ლომი - სიმამაცისა და გმირობის სიმბოლოს, იოანეს სახარებას აღნიშნავს, რამეთუ, ირინეოსის თანახმად, ის ქრისტეს დაუსაბამო მეფობას გამოხატავს სიტყვებით: "დასაბამიდან იყო სიტყვა" (იოანე 1:1);

კურო - რომელიც მხოლოდ საკუთარ შრომას ჯერდება, სიმართლისა და ლუკას სახარების მიმანიშნებელია, სადაც გამოსახულია ქრისტეს სჯულისმიერი და სამღვდლო გენეალოგია;

არწივი - ზომიერებაზე მიანიშნებს (ამბობენ, რომ არწივს ზომიერება უყვარს) და აღნიშნავს მარკოზის სახარებას, რომელიც წინასწარმეტყველების სულით იწყება და ყველაზე მოკლეა.

ადამიანი - სიმბოლოა სიბრძნისა და მათეს სახარებისა, რომელიც ქრისტეს კაცობრივი შობისა და მისი გვარტომობის გადმოცემით იწყება. ამავე ხატებით, სავარაუდოდ, მინიშნებულია მაცხოვრის საღმრთო ბუნება: ლომით - როგორც მეფისა, ხარით - როგორც მღვდელმთავრისა ან მსხვერპლისა, კაცით - როგორც მღვდელმთავრისა ან მსხვერპლისა, კაცით - როგორც ჩვენი ცხოვნებისთვის განკაცებულისა და არწივით -მართლმორწმუნეებზე ზეგარდმო სიცოცხლის სულის მომცემისა" (წმ. ანდრია კესარიელი).

8. ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა.


"ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა"
. ეზეკიელის ცხოველებს ოთხ-ოთხი ფრთები ჰქონდათ, ამიტომაც, აპოკალიფსისის ცხოველები უფრო ემსგავსებიან სერაფიმებს, რომელიც წინასწარმეტყველმა ესაიამ იხილა (6:2) და რომელთაც ექვს-ექვსი ფრთები ჰქონდათ. მაშ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ფრთებს ცხოვლებისა, თუკი ისინი იმყოფებიან ნეტარებასა და სიმყუდროვეში? ესაიას ხილვის თანახმად, სადაც სერაფიმები თავს იფარავდნენ ოთხი ფრთით (შეად. ეზეკ. 1:11), უნდა დავუშვათ, რომ აპოკალიფსისის ცხოველებიც იფარავდნენ თავს თავიანთი ფრთებით ისე, რომ მათი ფიგურები, თავის გარდა, არ ჩანდა. ამრიგად, ფრთების დანიშნულება, აქედან გამომდინარე, მდგომარეობს ცხოველთა ფიგურების დაფარვაში.

"დიდი დიონისეს თქმით, ეს ოთხი ცხოველი ორი ფრთით იფარავს სახეს, ორით - ფეხებს, ხოლო შუა ორი ფრთით ფრენს. ამით გამოხატავენ გამოცხადებისადმი თავიანთ უდიდეს ღმრთისმოშიშებას და საღმრთო დიდებით განათლებულნი თვითონვე განანათლებენ ანგელოზთა უქვემოეს დასებს. ამ წმიდა ძალთა განსვენება მათ მიერ სამ "წმიდა არსის" განუწყვეტელ გალობაში მდგომარეობს: ისინი "სამ წმიდაარსს" აღუვლენენ სამიპოსტასოვან ღმერთს. სიტყვები "რომელიც იყო, არის და მოვა" (ანდრია კესარიელი).

"შიგნიდან თვლებით სავსენი". აპოკალიფსისის ცხოველებს თვალები ჰქონდათ არა მარტო საკუთარ სახეზე, წინ და უკან, არამედ მთელი მათი სხეული მოფენილი იყო თვალებით: ესენი იყვნენ მრავალთვალება ცხოველები.

ამ ოთხი ცხოველის დახასიათების უკანასკნელი ნიუანსი ღმრთის საყდრის წინ მათი ყოფნის მიზანში მდგომარეობს. ცხოველთა დანიშნულება კი იმაშია, რომ მათ "არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა". ესაიას ხილვაშიც ასე გალობენ სერაფიმები, განსხვავება ამ ორს შორის ისაა, რომ იოანესთან აპოკალიფსისის ცხოველები ადიდებენ არა მარტო ღმრთის სიწმიდეს, როგორც ყოვლისშემძლე განმგებელისა, არამედ, როგორც ყოვლისმპყრობელს.

"რომელიც იყო, არის და მოვა"
აქ ღმრთის სამიპოსტასოვნებაზე კი არ მეტყველებს, არამედ ან მის მარადიულობაზე, არამედ უფრო იმაზე, რომუფალი, რომელმაც გამოავლინა თავისი თავი ძველ აღთქმასი ("რომელიც იყო") და ახალში ("არის"), მომავალში თავს გამოავლენს, როგორც სამართლიანი მსჯავრის მიმგები სამყაროს აღსასრულს ("და მოვა").

ამრიგად, ამ ოთხ ცხოველში შეგვიძლია და უნდა დავინახოთ უხორცო ძალნი, რომლებიც გარს ერტყმიან ღმრთის საყდარს. ესენი არ არიან ეზეკიელის მიერ აღწერილი ქერუბიმები (ეზეკ. 1:10) და არც ესაიას მიერ აღწერილი სერაფიმები (ეს. 6:2) და არც რომელიმე სხვა ზეციურნი ძალნი, რომლებიც წმიდა წერილიდან არის ცნობილი, არამედ სრულიად განსაკუთრებული არსებები, რომლებიც მხოლოდ წმ. იოანემ იხილა თავის გამოცხადებაში და რომელთაც მან სხვა ვერაფერი უწოდა "ცხოველთა" (ζωον) გარდა, რომლებშიაც, უპირატესად "ცოცხალი არსებები" უნდა ვიგულისხმოთ.

ვის ან რას განასახიერებენ ეს "ცოცხალი არსებები"? წმ. ვიქტორინე, პრიმაზიუსი, ანდრია კესარიელი, კლიმენტი და სხვები ცხოველებს მახარობელთა სიმბოლოებად აღიქვამენ, რომლებმაც, როგორც პრიმაზიუსი ამბობს, სრულყოფილად იცოდნენ ძველი და ახალი აღთქმა. ამასთან, წმ. ვიქტორინე, რომელსაც მისდევს ოფიციალურად გაბატონებულ "მართლმადიდებელ" ეკლესიათა ბოლო საუკუნეების ხატმწერლობითი ტრადიცია, "ლომში" გულისხმობს - მარკოზს, "ხარში" - ლუკას, "ადამიანში" - მათეს, ხოლო "არწივში" -იოანე მახარობელს და თავისი განმარტების საფუძველს სახარებათა თავისებურებებში პოულობს.

მაგრამ, ანდრია კესარიელი, რომელიც მისდევს წმ. ირინეოსს სიმბოლოთა სხვა განლაგებას გვაძლევს (ამ განლაგებას მისდევს თავის ხატმწერლობით ტრადიციაში ძველმართლმადიდებლობა). მისი აზრით "ლომი", როგორც სიმბოლო გმირობისა და სამეფო ღირსებისა - იოანეს სახარებას აღნიშნავს;

"ხარი"
, რომელიც საკუთარ შრომას ჯერდება, სიმართლესა და ლუკას სახარებას;

"არწივი" ზომიერების გამომხატველია და მარკოზის სახარების სიმბოლოდ მიიჩნევა, "ადამიანი" კი სიბრძნესა და მათეს სახარებაზემიანიშნებს (იხ. ზემოთ).

9-11. და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე, ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.

"ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე". ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ ხსენებულნი მხცოვანნი ზეციურ ძალთა გალობის თანამონაწილენი არიან და ბოროტი სულების ძლევის ძალი მათ ღმრთისგან მიუღიათ (წმ. ანდრია კესარიელი).

ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.

"რადგანაც შენ ხარ, მეუფეო, ბრძანებენ ისინი, მიზეზიცა და მომცემელიც ბრწყინვალე ძლევისა და გვირგვინთა, შენი თაყვანისემა მართებს ყოველს" (ანდრია კესარიელი).

როგორც ადამიანები, რომლებსაც, უხორცო ძალთაგან (წმ. ანგელოზთაგან) განსხვავებით, არა აქვთ უნარი განჭვრიტონ მომავალი, ღმერთს მხოლოდ იმისთვის ადიდებენ, რაც მისაწვდომია მათი კაცობრივი ცნობიერებისთვის; სამყაროს შექმნისთვის და კაცთა მოდგმის გამოსყიდვისთვის; ადიდებენ ღმერთს მისი კეთილი ნებისთვის, რომ ინება შეექმნა სამყარო და გამოესყიდა ცოდვილი კაცობრიობა (საქმე. 7:26-28).

ამრიგად, გამოცხადების ეს თავი მიგვანიშნებს იმაზედ, რომ ღმერთი, თავის მიუწვდომელ სიდიადეში გარემოცულია ზეციური უხორცო ძალებით (ანგელოზებით) და გარდაცვლილთაგან უფრო სრულყოფილი ადამიანებით (წმინდანებით). ხოლო მხცოვანთა და ანგელოზთა გალობიდან კიდევ ის ჭეშმარიტება უნდა შევიმეცნოთ, რომ უფალი არა მხოლოდ სამყაროს შემოქმედია, არა მხოლოდ ყოვლისმპყრობელია და ყოვლისგანმგებელი, არამედ მომავალი, სამართლიანი მსჯავრის მიმგები და მსაჯული.
Назад к содержимому