განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_20_7_10_ეშმაკის საბოლოო დასჯა და სამარადისო ტანჯვა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ეშმაკის საბოლოო დასჯა და სამარადისო ტანჯვა

(თ. 20:7-10)
იოანეს გამოცხადება
ახალი ქართულით:

1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. 2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. 3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს. 4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. 5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა. 6. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს. 7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან. 8. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა, 9. მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი. 10. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე. 11. მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი. 12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები. 13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული. 14. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. 15. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.


ძველი ქართულით:

1. და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტე უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. 2. და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაჲ, რომელი არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. 3. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ. 4. და ვიხილენ საყდარნი, და დასხდეს მათ ზედა, და საშჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთაცა არა თაყუანის-სცეს ხატსა მას მჴეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ჴელთა მათთა, და ცხოვნდეს და სუფევდეს ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა. 5. და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხოვნდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაჲ იგი პირველი. 6. ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტესა, და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა. 7. და შემდგომად ათასისა მის წლისა განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა. 8. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ. 9. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი. 10. და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე. 11. და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაჲ და ცაჲ, და ადგილი არა ეპოვა მათ. 12. და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა. 13. და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა; და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თჳსთა. 14. და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ. 15. და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.


VII. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეხუთე თანამიმდევრობა (თ. 20-22)

ეშმაკის საბოლოო დასჯა და სამარადისო ტანჯვა (თ. 20:7-10)


7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან.

8.  და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და  მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა  ზღვისა,

9.  მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა  და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.

10.  ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის  ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და  ღამ უკუნითი უკუნისამდე.


***

7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან.

20-ე თავის 7-10 მუხლებს, ისევე როგორც 5-6-ე  მუხლების შესავალ აზრებს, იოანე გვაძლევს არა ხილვის, არამედ  წინასწარმეტყველების ფორმით. მის წინასწარმეტყველურ ხედვას გამოეცხადა, რომ  ათასი წლის გასვლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იქნება სატანა  ჩამწყვდეული უფსკრულში, ის კვლავ გათავისუფლდება იქიდან, როგორც თავისი  შეპყრობილობის ადგილიდან. სიტყვა "საპყრობილე" აქ, აღნიშნავს იგივეს, რასაც  "უფსკრული" (მ. 3); ეს ეშმაკის საქმიანობის შეკვრის, მისი ამ ერთსა და  იმავე მდგომარეობაში ყოფნის მხოლოდ ახალი სახელწოდებაა; რადგან ბეჭედდასმულ  საპყრობილეში შთაგდებული ეშმაკი თვითონ ვერანაირად დაიბრუნდებდა ადრინდელ  თავისუფლებას. ამგვარ მდგომარეობას მას მხოლოდ ღმერთი დაუბრუნებს, რომელმაც  შეჰკრა იგი იესუ ქრისტეს გამომსყიდველ ვნებათა ძლიერებითა და ქრისტეანული  ქადაგების წარმატებით.

ამიტომაც არის ნათქვანი 7-ე მუხლში, რომ ეშმაკი გათავისუფლდება და მას თვით ყოვლისშემძლე ღმერთი გაათავისუფლებს.

ანდრია კესარიელი
(IV ს.) ბრძანებს: "არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ზოგიერთის აზრით, "ათასწლეული" დაიწყო  ქრისტეს ამაღლებამდე სამწელიწადნახევრით არდე, რომლის შემდეგ თითქოსდა  განთავისუფლებულ იქნა ეშმაკი. სხვები, პირიქით, მიიჩნევდნენ, რომ ექვსი  ათასი წლის შემდეგ აღდგებოდნენ მხოლოდ წმინდანნი, რათა "ათასი წელი" დამტკბარიყვნენ დიდებითა და (ამქვეყნიური) სიტკბოებით, იქ, იმ მიაზე,  სადაც იყვნენ ტანჯულნი და წამებულნი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დამდგარიყო,  მათი აზრით, საზოგადო აღდგომა მართალთა და ცოდვილთა. რადგან ეკლესია  უარყოფს ამ განმარტებებს, ზედმეტად გვიჩნს მათზე საუბარი.

უფლის  სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც უთხრა მან სადუკეველებს, რომ მართალნი  "ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა" (მათე 21:30) და  მოციქულის სიტყვების მიხედვით, რომლის თანახმადაც, "არა არს სასუფეველი  ღმრთისაი საჭმელ და სასმელ" (რომ. 14:17), "ათას წლად" ჩვენ  მივიჩნევთ სახარების ქადაგების პერიოდს, რამეთუ, როგორც ადრევე ვთქვით,  არავითრი აუცილებლობა არ არის, ზუსტად განსაზღვრულ რიცხვად ჩავთვალოთ ეს  ათასი წელი, არამედ, როგორც ნათქვამია "ქება ქებათაში": "თითოეულს ათასი  მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ. ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა: ათასი  შენია, სოლომონი, ორასი კი ნაყოფთა მცველებს" (ქება ქებათა. 8:11-12). აქ აღინიშნება არა რიცხვი, არამედ მოსავლის სიუხვე, ასევეა აქაც, - "ათასით" მინიშნებულია სარწმუნოების სრული ნაყოფი და ამის შემდეგ მოვა  "კაცი იგი უსჯულოებისაი, შვილი წარსაწყმედელისაი" (2 თესალონიკ. 2:3).  "რათა, ისაჯნენ ყოველნი, რომელთ არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისაი მის, არამედ  სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკ. 2:12). უფალმაც ბრძანა:  "მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა, და არა შემიწნყარებთ, უკუეთუ სხუაი  მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ" (იოანე 5:43). მაშინ  გათავისუფლებული სატანა, რომელიც შეკრული იყო, როგორც ითქვა, აცთუნებს  ყველა ხალხს და სამყაროს მოსაოხრებლად აამხედრებს გოგსა და მაგოგს" (ანდრია  კესარიელი).

ამრიგად, იოანეს წინასწარმეტყველურ ხედვას გაეხსნა,  რომ ათასი წლის გასვლის შემდეგ, რომელ პერიოდშიაც არის ჩამწყვდეული ეშმაკი  უფსკრულში, თავის საპყრობილეში, კვლავ გათავისუფლდება. ამ თავისუფლებას მას  დაუბრუნებს მხოლოდ ღმერთი, რომელმაც შეჰკრა იგი იესუ ქრისტეს  გამომსყიდველი მსხვერპლის ძალით და ქრისტეანული ქადაგების წარმატებით მთელს  მსოფლიოში. ამიტომაც არის ნათქვამი 7-ე მუხლში, რომ "ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან".

ეშმაკს აქ სატანა ეწოდება. ეს ერთ-ერთი  მისი სახელწოდებაა (მ. 3), რომელიც ახასიათებს მის ღმრთისმბრძოლობას, მის  მუდმივ წინააღმდეგობას კაცთადმი, რომლებიც სულის მაცხოვნებელი ღმრთის  მადლის მიღებას ესწრაფვიან.

ანდრია კესარიელის განმარტებით:  "ეშმაკისა და მის დემონთა მიერ ძღვანებულნი გამოვლენ თავიანთი  ადგილებიდან, ბუნაგებიდან გამომძვრალი ველური მხეცებივით და მთელ დედამიწას  მოედებიან, რათა მოაოხრონ ქვეყანა და წმინდანთა ბანაკი და საყვარელი  ქალაქი, ანუ დაატყვევონ ეკლესია, რომელიც "ქვეყნის ოთხსავ კუთხეში" იყო  დაფუძნებული და განმტკიცებული. მაგრამ არ უწყიან, რომ ფსალმუნთმგალობლის  თქმით მხოლოდ ერთი ანგელოზი კი არა, მრავალნი დაიბანაკებენ ღვთისმოშიშთა  გარშემო (ფსალმ. 33:8)".

სატანა, აცთუნებს ხალხებს სწორედ იმისთვის,  რათა ჩააბას ისინი ამ ბრძოლაში, რამეთუ ყველანაირად, როგორც კი შეეძლო,  მრავალგვარი ბოროტებით აცთუნებდა მათ უწინაც: "გამოვა", ანუ ამ  საიდუმლო, დაფარული სიძულვილიდან გადავა აშკარა დევნულებაზე და უკანასკნელი  იქნება, რომელიც საუკუნო სამსჯავროს დადგომამდე თავს დაატყდება ეკლესიას  მთელ დედამიწაზე. ანუ "ღმრთის (ქრისტეს) ქალაქს" თავს დაესხმება ეშმაკის  ქალაქი და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ორივე იარსებებენ ამქვეყნად.  

ეშმაკისა და მის დემონთა მიერ ძღვანებულნი გამოვლენ თავიანთი  ადგილებიდან, ბუნაგებიდან გამომძვრალი ველური მხეცებივით და მთელ დედამიწას  მოედებიან, რათა მოაოხრონ ქვეყანა და წმიდანთა ბანაკი და საყვარელი  ქალაქი, ანუ დაატყვევონ ეკლესია, რომელიც "ქვეყნის ოთხსავე კუთხეში" იყო  დაფუძნებული და განმტკიცებული. მაგრამ არ უწყიან, რომ ფსალმუნთმგალობლის  თქმით: მხოლოდ ერთი ანგელოზი კი არა, მრავალნი დაიბანაკებენ ღვთისმოშიშთა  გარშემო (ფსალმ. 33:8). ამავე დროს, ისინი შეეცდებიან დაატყვევონ ახალი  იერუსალემიც - ღმრთის "საყვარელი ქალაქი, რომლიდანაც მოციქულთა მთელ დედამიწაზე საღმრთო სჯული განივრცო (ლკ. 24:47).

საპყრობილედან  სატანის გათავისუფლების ეს ესქატოლოგიური მომენტი უნდა განვიხილოთ, როგორც  თანამედროვე და იგივეობრივი აქტი იმასთან, რასაც ვხედავთ: 1) უფსკრულის  გაღებაში, საიდანაც ამოფრინდა კალია (დემონები) უფსკრულის ანგელოზის  (სატანის. 9:1-11) წინამძღოლობით; და 2) მხეცის გამოჩენაში  უფსკრულიდან (11:7). ამ შემთხვევებში ეშმაკი გამოჩნდება უფსკრულიდან  (საპყრობილედან. მ. 7), გამოჩნდება ღმრთის მიერ განსაზღვრულ დროში და  ღმრთის ნებით (დაშვებით); ეშმაკის გამოჩენის მიზანი ასეა აღწერილი: "და  მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას  ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოცხ.  13:7). აშკარაა, რომ ეს არის ერთი და იგივე მოვლენა, ოღონდ გამოცხადების  სისავსისთვის ნაჩვენებია სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა მიმართებაში.

ამგვარად,  ეს არის ეშმაკის ის საქმიანობა, რომელსაც ის გამოავლენს სამყაროს  აღსასრულის წინ, როდესაც უმეტესი წარმატებისთვის გამოიყენებს ანტიქრისტესა  და მისი ცრუწინასწარმეტყველის პიროვნებებს. უფალი ღმერთი, თავისი  განგებულებითი სიბრძნის მოქმედებით, სამყაროს მოუვლენს ეშმაკს, და მისცემს  მას მოქმედების სრულ თავისუფლებას (შეად. იობი., ეზეკ. 38:10) იმისთვის,  რათა სრული შესაძლებლობა მისცეს სიკეთესაც და ბოროტებასაც გამოავლინონ  საკუთარი თავი (2 თესალონიკ. 2:11; რომ. 1:24-26), რათა სრულყოფილებმა  დამსახურებულად მიიღონ ზეციური ჯილდოები, და ასევე გამართლებული იყოს  საკუთარი მოქმედებებითა და უკეთურებით ცოდვილთა თავზე მოწევნული საღმრთო  მსჯავრი.

"სატანის თავის დახსნა საპყრობილედან" ნიშნავს იმას, რომ ის ღიად გამოავლენს თავს ერთა წინაშე და იქნება მათი მაცთუნებელი (შეად. 9:11; 13:1).

8.  და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და  მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა  ზღვისა

8-ე მუხლში ცთუნებული ხახლები იწოდებიან "გოგად და მაგოგად". ნეტ. ავგუსტინეს თქმით: "ამ სახელთა მნიშვნელობა თარგმანში ასეთია: გოგი - "სახურავი", მაგოგი - "სახურავიდან", როგორც რამ სახლიდან და ის, ვინც სახლიდან გამოდის.  ამრიგად, ეს არიან ხალხები, რომლებშიც, ვითარც უფსკრულში, ჩამწყვდეულია  ეშმაკი" .

ანდრია კესარიელის მიხედვით: "ზოგიერთი აზრით "გოგი და მაგოგი" შორეული ჩრდილოეთის ხალხებია, რომელთაც ეწოდებათ ჰუნები, ყველაზე  მრავალრიცხოვანნი და მებრძოლნი მიწიერ ხალხთა შორის. მხოლოდ ღმრთის  მარჯვენა აკავებს მათ ეშმაკის განხსნამდე, რათა დაიპყრან მსოფლიო. სხვები  კი ამბობენ, რომ "გოგი", ებრაულიდან თუ ვთარგმნით, ნიშნავს შეკრებას და  შემკრებს, ხოლო "მაგოგი" - შემაღლებულ ადგილს ან თვით ამაღლებულს და  რომ ამ სახელებით აღინიშნება ხალხთა კრებული ან მათი გაამპარტავნება და  მედიდურობა. ეზეკიელი მათზე წინასწარმეტყველებს: "გამოვლენ უკანასკნელ  დღეებში დიდი ძლიერებით და დაეცემიან ისრაელის მიწაზე, ხოლო მათი იარაღი  დაიწვება დიდი რაოდენობით და მისი ცეცხლი შვიდ წელიწად იგიზგიზებს" (ეზეკ.  39:9). ამ სიტყვებს ზოგიერთი კომენტატორი განაკუთვნებდა იუდეველთ ბრძოლას  ასურელთა და მათი მეფის, სანხერიბის, წინაღმდეგ; მაგრამ ეს ომი ეზეკიელის  წინასწარმეტყველებამდე ბევრად ადრე იყო. სხვები მასში გულისხმობდნენ იმ  ხალხთა დამარცხებას, რომლებიც თავს დაესხნენ იერუსალემს მაშინ, როდესაც ჯერ  სპარსეთის მეფის კვიროსის, ხოლოლ შემდეგ დარიოსის ბრძანებულებით ბაბილონის  ტყვეობიდან გათავისუფლებული იუდეველნი ქალაქის კედლებს ამაგრებდნენ, ან  კიდევ ანტიოქოსის მხედრობის დამარცხებას მაკაბელთა მიერ. მაგრამ ცნობილია,  რომ ამ ხალხთა შემოსევა ბოლო ჟამს უფრო შეესაბამება, რადგან წმიდა წერილში  არსად არის ნახსენები მათი უეცარი გამდიდრება. და კიდევ იმიტომ, რომ  "გოგის" შესახებ ნათქვამია: ოდითგანვე ემზადება იგი და მოვალ ბოლო ჟამს. და  კიდევ იმიტომ, რომ ამ გამოცხადებაში, რომელიც მომავალს  წინასწარმეტყველებს, ნათქვამია - "გოგი და მაგოგი" სამყაროს აღსასრულის წინ მოვლენ".

"გოგისა" და "მაგოგის" სახელებს ჩვენ ვხვდებით ძველი აღთქმის წმიდა წერილშიც. მაგოგი იაფეტის ერთ-ერთი  შვილის სახელი იყო (დაბ. 10:2) და ქვეყნისაც (ეზეკ. 39:6), რომლის მეფე  იყო გოგი (ეზეკ. 38:15, 16). ნაკლებად სავარაუდოა რაიმე შესაბამისობა  არსებობდეს ჩვენს ადგილსა და დაბ. 10:2-ს შორის. უფრო ლოგიკურია ის დავაკავშიროთ ეზეკიელის წინასწარმეტყველების 38-ე და 39-ე  თავებთან, რომელთა წინასწარმეტყველებით, გოგი, როგორც მაგოგის წინამძღოლი,  წარმოადგენდა ღმრთის რისხვის იარაღს, მიმართულს ისრაელიტთა წინააღმდეგ  მათი ცოდვების გამო; მაგრამ, შემდეგ თავისი სისასტიკისა და უსჯულოების გამო  თვითონაც გახდა შურისგებისა და ღმრთის რისხვის საგანი.

გოგის  სახელწოდება უნდა განვიხილოთ არა როგორც მითითება მძვინვარე და  საჭურველშემოსილ მბრძანებელზე ან ანტიოქოს ეპიფანესა და ანტიქრისტეზე,  არამედ როგორც მითითება იმ ერის წინამძღოლზე, რომელიც დასჯის ღვთიური  იარაღი იყო. ამგვარ გაგებას ითხოვს 7-ე მუხლის საერთო აზრი, რომლის  მიხედვითაც გოგისა და მაგოგის ხალხები, ღმრთის მიშვებით, გამოვლენ წმიდათა  და საყვარელი ქალაქის წინააღმდეგ (შეად. ეზეკ. 38:15-16), თუმცა წარუმატებელი ბრძოლისთვის (შეად. ეზეკ. 39:4, 6).

ამრიგად,  გოგისა და მაგოგის სახელწოდებები ჩვენ უნდა გვეუბნებოდეს იმას, რომ ამ  ხალხთა მეომრული და სასტიკი ხასიათი მიმართული იქნება ქრისტეს სამეფოს  წინააღმდეგ. "და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები",  ანუ ეს რომელიმე ცალკეული ტომი კი არ არის, არამედ ხალხი, რომელიც მთელს  დედამიწაზე ცხოვრობს; ეს არის ქრისტეანობისადმი მტრულად განწყობილ სახალხო  ძალთა ერთობლიობა, მსოფლიოს ყველა ხალხის ერთობლიობა, რომლითაც ისარგებლებს  ეშმაკი ანტიქრისტეს მეშვეობით თავისი ღმრთისმოძულე საქმიანობაში. ამიტომაც  არის ნათქვამი, რომ თვისი რაოდენობრიობით გოგი და მაგოგი იყვნენ როგორც  ზღვაში ქვიშა (მსაჯ. 7:12).

ბოლო ჟამინდელი უკეთური ხალხები,  აღძრულნი ეშმაკისგან და ძღვანებულნი ანტიქრისტეს მიერ, შეიკრიბებიან  საბრძოლველად არა სხვა რაიმე საქმეზე, არამედ საომრად; თუ ვის წინააღმდეგ  იქნება ეს ომი, გვამცნებს 8-ე მუხლი "და გამოვა, რათა ქვეყნიერების  ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს  ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა".

ამის შესაბამისად უნდა გავიგოთ მომდევნო მითითებები "წმიდათა ბანაკსა" და "საყვარელ ქალაქზე":

როგორც  ჩანს ეს არის ერთი და იგივე მოვლენა, მაგრამ გამოცხადების სისრულისთვის  წარმოჩენილია სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა მიმართებით. ასე რომ, ეს  არის ეშმაკის ის საქმიანობა, რომელსაც ის გამოავლენს სამყაროს აღსასრულის  წინ, როდესაც უპირატესი წარმატებისთვის ისარგებლებს ანტიქრისტეს  პიროვნებითა და მისი ცრუწინასწარმეტყველით. უფალი ღმერთი, თავისი  განგებულებითი სიბრძნის მოქმედებით, სამყაროს მოუვლენს ეშმაკს და მისცემს  მას მოქმედების სრულ თავისუფლებას (შეად. იობი., ეზეკ. 38:10) იმისთვის,  რათა შესაძლებელი გახადოს სიკეთისა და ბოროტების სრული გამოვლენა (2  თესალონიკ. 2:11; რომ. 1:24-26), რათა სრულყოფილებმა დამსახურებულად  მიიღონ უზენაესი ჯილდოები, ხოლო ცოდვილებმა საკუთარი ქცევით გაამართლონ მათ  თავზე დატეხილი საღმრთო სასჯელები.

"და გამოვა" - ნათქვამია აპოკალიფსისში, ანუ სატანა გამოდის, ანუ ღიად გამოავლენს თავის თავს რათა "რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები" (9:11; 13:1).

7-ე მუხლში ცთუნებული ხალხები "გოგად და მაგოგად" იწოდებიან. "ამ სახელწოდებათა მნიშვნელობა, - წერს ნეტ. ავგუსტინე, - თარგმანში ნიშნავს: "გოგი" - "სახურავი", ხოლო "მაგოგი" - "სახურავიდან", თითქოსდა ეს არის სახლი და ის, ვინც ამ სახლიდან გამოდის.  ამრიგად, ესენი არიან ის ხალხები, რომლებშიც, ვითარც უფსკრულში, ჩაკეტილია  ეშმაკი" (ნეტ. ავგუსტინე. "საღმრთო ქალაქისათვის", 20:11).

ანდრია კესარიელის მიხედვით:  "მაშინ გათავისუფლებული სატანა, რომელიც შეკრული იყო, როგორც ითქვა,  აცთუნებს ყველა ხალხს და სამყაროს მოსაოხრებლად აამხედრებს გოგსა და  მაგოგს. ზოგიერთის აზრით "გოგი და მაგოგი" შორეული ჩრდილოეთის ხალხებია,  რომელთაც ეწოდებათ ჰუნები, ყველაზე მრავალრიცხოვანი და მებრძოლნი მიწიერ  ხალხთა შორის. მხოლოდ ღმრთის მარჯვენა აკავებს მათ ეშმაკის გახსნამდე, რათა  დაიპყრან მსოფლიო. სხვები კი ამბობენ, რომ "გოგი", ებრაულიდან თუ  ვთარგმნით, ნიშნავს "შეკრებას" და შემკრებს, ხოლო "მაგოგი" - შემაღლებულ ადგილს ან თვით ამაღლებულს და რომ ამ სახელებით აღინიშნება  ხალხთა კრებული ან მათი გაამპარტავნება და მედიდურობა. ეზეკიელი მათზე  წინასწარმეტყველებს: "გამოვლენ უკანასკნელ დღეებში დიდი ძლიერებით და  დაეცემიან ისრაელის მიწაზე, ხოლო მათი იარაღი დაიწვება დიდი რაოდენობით და  მისი ცეცხლი შვიდ წელიწადს იგიზგიზებს" (ეზეკ. 39:9).

ამ სიტყვებს  ზოგიერთი კომენტატორი განაკუთვნებდა იუდეველთა ბრძოლას ასურელთა და მათი  მეფის, სანჰერიბის, წინააღმდეგ; მაგრამ ეს ომი ეზეკიელის  წინასწარმეტყველებამდე ბევრად ადრე იყო. სხვები მასში გულისხმობდნენ იმ  ხალხთა დმარცხებას, რომლებიც თავს დაესხნენ იერუსალემს მაშინ, როდესაც ჯერ  სპარსეთის მეფის კვიროსის, ხოლო შემდეგ დარიოსის ბრძანებულებით ბაბილონის  ტყვეობიდან გათავისუფლებული იუდეველნი ქალაქის კედლებს ამაგრებდნენ, ან  კიდევ ანტიოქოსისი მხედრობის დამარცხებას მაკაბელთა მიერ.

მაგრამ  ცნობილია, რომ ამ ხალხთა შემოსევა ბოლო ჟამს უფრო შეესაბამება, რადგან  წმიდა წერილში არსად არის ნახსენები იუდეველთა ბრძოლა სკვითების  წინააღმდეგ, არამედ ლაპარაკია მათ ბრძოლაზე მეზობელ ხალხებთან, რომლებსაც  შურდატ მათი უეცარი გამდიდრება; და კიდევ იმიტომ, რომ "გოგის" შესახებ  ნათქვამია: ოდითგანვე ემზადება იგი და მოვა ბოლო ჟამს"; და კიდევ იმიტომ,  რომ ამ გამოცხადებაში, რომელიც მომავალს წინასწარმეტყველებს, ნათქვამია - "გოგი და მაგოგი" სამყაროს აღსასრულის წინ მოვლენ" (ანდრია კესარიელი).

9.  მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა  და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.

ამრიგად,  "გოგისა და მაგოგის" სახელწოდებები ჩვენ უნდა გვეუბნებოდეს ამ ხალხთა  ბრძოლისუნარიანობასა და სისასტიკეზე, მათ მტრულ დამოკიდებულებაზე ქრისტეს  სასუფევლის წინააღმდეგ. ისინი გამოიხატებიან, როგორც გამომავალნი  "ქვეყნიერების ოთხივე მხრიდან" (7:1), ანუ ეს რომელიმე ცალკე აღებული, ანუ  ერთი რომელიმე ცნობილი ხალხი კი არ არის, არამედ ხალხი რომელიც მთელს  დედამიწაზე ცხოვრობს; ეს არის ქრისტეანობისადმი მტრულად განწყობილ სახალხო  ძალთა ერთი სიმრავლე, დედამიწის ყველა ხალხი, რომლითაც, ანტიქრისტეს  მეშვეობით, თავის ღმრთისსაწინააღმდეგო საქმიანობაში ისარგებლებს ეშმაკი.

"ხალხებში, - ბრძანებს ანდრია კესარიელი, - რომლებსაც ეწოდებათ "გოგი და მაგოგი",  არ უნდა ვივარაუდოთ ის ბარბაროსი ერები, (რომლებითაც) დასახლებულია  დედადმიწის ესა თუ ის ნაწილი, ვთქვათ, გუთები ან მათი მსგავსი წარმართები,  როგორც ფიქრობს ამას ზოგიერთი მათ სეხელებში მოცემულ ასოთა შესატყვისობის  გამო; ან კიდევ რომელიმე სხვა უცხო ტომი, რომელიც არ იმყოფება რომაელთა  ძალაუფლების ქვეშ, რამეთუ ისინი განფენილნი არიან მთელ მსოფლიოში, როგორც  ბრძანებს აპოკალიფსისი: "ხალხნი, რომელნიც აიან ქვეყნის ოთხსავ კუთხეში",  და შემდეგ დასძენს, რომ ესენი არიან "გოგი და მაგოგი". ამ სახელთა თარგმანი  ასეთია: "გოგი" სახურავს ნიშნავს, "მაგოგი" - იმას, რაც მის ქვეშაა  (ვთქვათ, სახლი და ის, ვინც გამოდის ამ სახლიდან). მაშ ასე, ესენი ის  ხალხები არიან, რომლებშიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, როგორც რამ უფსკრულში,  ჩამწყვდეულ იქნა სატანა. ამ ჯერად ის გამოდის მათგან: ეს ხალხები სახლია,  ხოლო ვინც ამ სახლიდან გარეთ გამოდის, არის ეშმაკი; ამ ორივე სახელწოდებას  თუ მივუსადაგებთ მხოლოდ ხალხებს და არა ერთ რომელიმე მათგანს და მეორეს  სატანას, მაშინ ისინი (ანუ ხალხები) ერთსა და იმავე დროს წარსდგებიან  სახლადაც, რამეთუ დღეისთვის მათშია ჩამწყვდეული და დაფარული ძველი მტერი - ეშმაკი; და ისინივე გამოვლენ სახლიდან გარეთ, როდესაც ფარული სიძულვილიდან გადავლენ აშკარა სიძულვილზე" (ანდრია კესარიელი).

ამიტომაც არის ნათქვამი, რომ თავისი რაოდენობით გოგისა და მაგოგის სიმრავლე იყო "როგორც ქვიშა ზღვისა" (ოს. 11:4; მსაჯ. 7:12), ისევე როგორც თვით მხეც-ანტიქრისტესთვის  იყო აღნიშნული, რომ ის გამოვიდა ზღვიდან (ხალხთა) (13:1; შეად. 17:15).  ბოლო ჟამის უკეთური ხალხები, აღძრულნი ეშმაკისგან და ანტიქრისტეს მიერ  ძღვანებულნი, შეიკრიბებიან არა სხვა რომელიმე საქმისთვის, არამედ საომრად.

ხოლო, თუ ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული ეს ომი, ლაპარაკია 8-9-ე  მუხლში. ხალხები გამოვლენ და მოდებიან მიწის სივრცეს (შეად. ამბაკ. 1:6),  ანუ თავიანთი მდგომარეობის შესაბამისად, დედამიწის ოთხივე მხარეს დაიწყებენ  ბრძოლას. ამასთან შეთანხმებით უნდა გავიგოთ მომდევნო მითითებებიც წმიდათა  ბანაკზე და ღმრთის საყვარელ ხალხზე. "წმიდათა ბანაკი" ეს - სამხედრო  ბანაკი როდია, რომლებიც გოგისა და მაგოგის უკეთურ ხალხთაგან თავდასაცავად  რომ შეკრებილან, და არც უდაბური ადგილები, სადაც დაიმალებიან ქრისტეანები.  თუ ისინი მთელს დედამიწას არიან მოფენილნი, მაშინ მთელი დედამიწის  მასშტაბითაც გაჩაღდება ბრძოლა მათ წინააღმდეგ. ამიტომაც, "წმიდათა ბანაკი"  არ შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც დედამიწის განსაზღვრული პუნქტი. "წმიდათა  ბანაკი" - ქრისტეს ეკლესიაა, ბოლო ჟამის ჭეშმარიტ ქრისტეანთა ერთობაა, მათდამი დაპირისპირებული ანტიქრისტეს მიმდევართაგან განსხვავებით.

"წმიდათა ქალაქი"
- უკეთური გოგისა და მაგოგის წინააღმდეგ შეკრებილ წმიდათა სამხედრო ბანაკი  კი არ არის ან უდაბური ადგილები, რომელთაც თავს შეაფერებენ ქრისტეანნი; თუ  ისინი მთელს დედამიწაზე არიან განბნეულნი და თუკი მათ მტრობენ მთელი  დედამიწის მასშტაბით, "წმიდათა ქალაქიც" შეუძლებელი იყოს დედამიწის  რომელიმე განსაზღვრული პუნქტში. "წმიდათა ქალაქი" - ეს ქრისტეს  ეკლესიაა, ბოლო ჟამის ჭეშმარიტ ქრისტეანთა საზოგადოება, რომელთაც  უპირისპირდებიან ანტიქრისტეს მიმდევრები. მათ მოუწევთ ბრძოლა მთელი  დედამიწის მასშტაბით, რადგან მთელი დედამიწა და ყველა ხალხი აღიარებს  ანტიქრისტეს ძალაუფლებას და გახდებიან მისი ყურმოჭრილი მონანი.

ზუსტად  ასევე "წმიდა ქალაქი" არ არის მომავლის გეოგრაფიული და ბუნებრივი ქალაქი,  არამედ მასაც იგივე მნიშვნელობა გააჩნია, რაც "წმიდათა ბანაკს", ანუ  ეკლესიას. ეს არის ეკლესია, დევნილი, მაგრამ მტკიცე და ღმრთის შეწევნით  განდიდებული, რომელიც მკვიდრობს მათ შორის, როგორც თავის საყვარელ ქალაქში.

რაც შეეხება ქრისტეანთა ბრძოლას, წმიდა მოციქულის თქმით, გახლავთ ბრძოლა არა "სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, ... არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ". ამიტომაც, მოციქული მოუწოდებს ქრისტეანთ ხელთ იპყრან: "ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას" (ეფეს. 6:11-18).

იმ  დროს, როდესაც მტრები გარს შემოერტყმევიან ეკლესიას, რათა სრულიად  გაანადგურონ ქრისტეს "მცირე სამწყსო", მოხდება ბოროტების უკანასკნელი  შერკინება სიკეთესთან, უკანასკნელი და ყველაზე სასტიკი; ეს იქნება უკეთურთა  ბოლო მცდელობა პირისაგან მიწისა აღგავონ ყოველივე წმიდა და კეთილი,  ყოველივე, რაც კი მოგვაგონებს ღმერთს და მის სიწმიდეს, სრულყოფილებას, რაც  გვიბიძგებს საღვთო და სრულყოფილი ცხოვრებისკენ.

მაგრამ, როგორც აპოკალიფსისი გვამცნებს: "ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი".  ეს არის უშუალოდ ღმრთის მოქმედების გამოვლინება, რომელმაც ოდესღაც დაწვა  სოდომი და გომორი, და რომლის შესახება წინასწარმეტყველებდა ეზეკიელი  (38:22; 39:6). ამგვარად "ცეცხლის ზეცითგან ჩამოშვება" უთითებს იმ  ესქატოლოგიურ მომენტს, რომელზეც ლაპარაკობს 19:21-ე მუხლი (შეად. 2 თესალონიკ. 2:8).

10.  ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის  ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და  ღამ უკუნითი უკუნისამდე.

ხალხთა მაცთუნებელი ეშმაკისთვის სამარადისო სატანჯველი დადგება საყოველთაო სამსჯავროს დადგომამდე. ისევე როგორც 19:21-შია ნათქვამი, რომ მხეცი-ანტიქრისტე  და მისი ცრუწინასწარმეტყველი გასამართლების გარეშე, საყოველთაო სამსჯავროს  დადგომამდე შთაცვივდებიან ცეცხლის გეჰენაში სამარადისო ტანჯვისთვის.  ზუსტად ასე ჩავარდება ეშმაკი გოგირდის ტბაში. მისი უსჯულოება, მისი  ღმრთისმოძულეობა სრულიად ცხადია, ამიტომაც, ისევე როგორც ანტიქრისტესა და  ცრუწინასწარმეტველზე, სამსჯავრო სრულიად ზედმეტია.

ეშმაკს მსჯავრი  ღმერთმა გამოუტანა უფრო ადრე, მისი დაცემის შემდეგ (იუდ. 6); რაც შემდეგში  დაადასტურა იესუ ქრისტემ (იოანე 12:31). ეშმაკისთვის, უძველესი დროითგან  განკიცხულისთვის, საუკუნითგან არის დაწესებული ცეცხლის გეჰენა (მათე  25:41); უსფკრული იყო მისი ადგილი ანტიქრისტეს ბოლო დრომდე. ამის შემდეგ კი  ის უკიდურესობამდე მიიყვანს თავის ღმრთისმოძულეობრივ მოქმედებებს,  ამიტომაც მიეცემა ტანჯვას, რომელიც გაგრძელდება მარადიულად, მოუკლებლად,  უსასრულოდ, უკუნითი უკუნისამდე.

"მაშ, ასე მთელი იმ დროის  განმავლობაში, რომელსაც მოიცავს ეს წიგნი (აპოკალიფსისი), ანუ დაწყებული  ქრისტეს პირველი მოსვლიდან სამყაროს აღსასრულამდე, როდესაც იქნება მისი  მეორედ მოსვლა, ეშმაკი შეკრული იქნება არა ისე, რომ ამ "ჯაჭვებმა" ხელი  შეუშალონ აცთუნოს ეკლესია მთელი იმ ხნის განმავლობაში, რომელსაც "ათასი  წელი" ეწოდება; თუმც ის ვერანაირად ვერ შეძლებს მის ცთუნებას მაშინაც კი,  როდესაც "მცირე ხნით" გათავისუფლდება.

"ეშმაკის შეპყრობა" და  "ჯაჭვებით დაბმა" ნიშნავს იმას, რომ მას წართმეული აქვს შესაძლებლობა  აცთუნოს ქვეყანა იმ სისრულით, რაც შეუძლია, ან კიდევ მოტყუებითა და  ძალდატანებით მიიმხროს კაცობრიობა. მას ასეთი შესაძლებლობა რომ მისცემოდა  იმ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როდესაც ადამიანთა უმრავლესობა იჩენს  ესოდენ სულმოკლეობასა და სარწმუნოებისადმი გულგრილობას, უამრავ ასეთ  ადამიანს, - რომელთა ცხონებაც ღმერთს ნებავს და სურს, და არა მხოლოდ  მათ, არამედ მორწმუნეთაც, არ დაუშვებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან მათ  თანაზიარებას; და აი, სწორედ იმისთვის, რათა არ მისცემოდა მას ამგვარი  შესაძლებლობა, შეპყრობილ იქნა.

ხოლო, გათავისუფლდება ის მაშინ,  როდესაც ჟამი (სამყაროს აღსასრულამდე) მცირეღა დარჩება, რამეთუ როგორც  საკუთარი, ასევე მის მომხრეთა მთელი ძალისხმევით, მორწმუნეებზე გააფთრდება  და, როგორც წმ. წერილი ბრძანებს, მხოლოდ სამ წელიწადსა და ექვს თვეს  იმძვინვარებს. იმ დროს, მორწმუნენიც, რომლებსც შეებრძლოება მტარვალი,  იმდენად მტკიცენი იქნებიან, რომ ვერც მისი მძვინვარე თავდასხმები და  ბორკილები ვერ სძლევენ მათ. რამეთუ, არასოდეს რომ არ გათავისუფლებულიყო  იგი, ჯეროვნად ვერ გამოჩნდებოდა მთელი მისი ბოროტება, ჯეროვნად ვერ  გამოიცდებოდა წმიდა ქალაქის (ეკლესიის) მოთმინება და, ბოლოს, ჯეროვნად ვერც  ის გახდებოდა ცხადი თუ რაოდენ ბრწყინვალედ ისარგებლა ეშმაკმის ბოროტებით,  ყოვლისშემძლე ღმერთმა რომელმაც, მართალია, შეიპყრო ის, მაგრამ წმინდანთა  გამოცდის შესაძლებლობა სრულიად როდი აღუკვეცა; თუმც განაშორა ის შინაგან  ადამიანს, რომელიც იკვებება რწმენით ღვთისა, რათა ეშმაკის თავდასხმებაც კი  მისთვის სარგებლობა მოეტანა; და კიდევ იმიტომ გაათავისუფლებს მას ღმერთი,  რომ ღმრთის ქალაქმა (ეკლესიამ) იხილოს, რაოდენ ძლიერი მტერი დაამარცხა  სადიდებლად თავისი შემწისა და მაცხოვრისა.

ყოველივე ამის შემდეგ,  ვინღა ვართ ჩვენ იმ წმინდანებთან შედარებით, რომელთაც მოუწევთ ცხოვრება იმ  ჟამს? მათ გამოსაცდელად თავისუფლებას მიიღებს ისეთი მტერი, რომელსაც, ჯერ  კიდევ შეკრულს, უდიდესი სიფრთხილით ვებრძვით და რომელთან ბრძოლის გამო  ათასგვარ საფრთხეს ვაწყდებით. თუმც დროის ამ მონაკვეთშიაც (ანუ სატანის  გათავისუფლებამდე) უეჭველად იყვნენ და არიან (და იქნებიან) ქრისტეს ისეთი  მხედრები, იმდენად ბრძენნი და მხნენი, იმ ჟამს რომ ეცხოვრათ, როდესაც  გათავისუფლდებოდა მტარტვალი, ბრძნული წინდახედულობით აიცილებდნენ ყველა მის  საცთურსა და თავდასხმას.

სატანა შეპყრობილ იქნა არა მხოლოდ იმ  დროს, როდესაც ეკლესია გასცდა იუდეის საზღვრებს და განივრცო ყველა ხალხთა  შორის, არამედ ის შეპყრობილია ახლაც და ასე დარჩება სამყაროს აღსასრულამდე,  რომლის უწინარეს გათავისუფლდება მცირე ხნით, რამეთუ ამჯერადაც ადამიანები  ურწმუნოებიდან, რომელშიც ჰყავდა ისინი ეშმაკს ჩამწყვდეული, მოექცევიან და  სამყაროს აღსასრულამდე უეჭველად ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ კვლავაც მრავალი  მოექცევა. თითეოეულ მათგანთან მიმართებაში ეს "ძლიერი" იმ დროს, როდესაც  მას სტაცებენ ვინმე ურწმუნოს, როგოც ჭურჭელს, უცილობლივ უნდა იყოს შეკრული.  უფსკრულიც, რომელშიაც ის არის ჩამწყვდეული, არ განადგურებულა მათი  სიკვდილიტ, ვინც ცხოვრობდა იმ პერიოდში, როდესაც სატანა შეკრულ იქნა.

ღმრთის  მოწინააღმდეგენი გვერდში უდგანან ერთმანეთს, ერთის სიკვდილი ცვლის მეორის  დაბადებას და ასე იქნება სამყაროს აღსასრულამდე. მათ მაგივრობას გასწევენ  ქრისტეანთა მოძულენი, რომელთა სიძულვილით აღსავსე გულებში, როგორც  უფსკრულში ჩამწყვდეულია სატანა.

მაგრამ აქ იბადეა კითხვა: ამ ბოლო  სამი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში, როდესაც მთელი ძალით იმძვინვარებს  ეშმაკი, მოექცევა თუ არა ვინმე ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ, რომელიც ადრე არ  ეპყრა? რანაირად შეინარჩუნებს ასეთ შემთხვევაში თავის მნიშვნელობას  ნათქვამი: "ანუ ვითარ ვის ხელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესვლად და  ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და  მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს" (მათე 12:29). ეს გამონათქვამი  გვაფიქრებინებს, რომ მაშინ, ანუ იმ მცირე ჟამს, როდესაც სატანა  გათავისუფლდება, არავინ შეემატება ქრისტეანთა რიგებს, არამედ ეშმაკი  შეებრძოლება მხოლოდ იმათ, ვისაც მიიჩნევს ქრისტეანად, ანუ ვინც იმ  მომენტისთვის იქნება ქრისტიანი.

მაგრამ ჭეშმარიტებასთან უფრო  ახლოსაა ის აზრი, რომლის თანახმადაც იმ მძიმე ჟამს ეკლესიისგანაც მრავალი  განდგება, თუმცა არც მისკენ მოქცეულთა რიცხვი იქნება მცირე; თანაც, როგორც  მშობლები, რომლებიც მაშინ მონათლავენ თავიანთ ახალშობილ ყრმებს, ასევე  ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ ახალმოქცეულნი, რომელთაც პირველად ირწმუნეს  ქრისტე, იქნებიან იმდენად მხნენი და გაბედულნი, რომ დაამარცხებენ "ძლიერს"  და გათავისუფლებულს სწორედ მაშინ, როდესაც ისეთი ძალით დაესხმება  ქრისტეანთ, როგორიც ადრე არასოდეს ჰქონია.

წინდახედულნი იქნებიან  მის მზაკვრობათა მიმართ და მოთმინებით გადაიტანენ ყოველგვარ ჭირვებას. ამის  გამო არ დაკარგავს თავის ჭეშმარიტ აზრს სახარებისეული გამოთქმაც: "ვითარ  ვის ხელეწიფების სახლსა ძლიერისასა შესვლად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვალი  უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი"? რადგან ამ ფრაზის პირდაპირი  გაგებით მასში მითითებულ მოვლენათა თანამიმდევრობა შენარჩუნდება, რამეთუ  პირველად "ძლიერი" შეკრულ იქნა, ხოლო ისი "ჭურჭლების მიმო-ტაცების"  (მათი გაქრისტიანების) შემდგომ ეკლესია სხვადასხვა ხალხებში განივრცობა და  მისი წევრები იმდენად განმტკიცდებიან ზეგარდმო მადლით, რომ ძალმოსილნი  იქნებიან, ხელიდან გამოსტაცონ "ჭურჭლები" გათავისუფლებულ "ძლიერსაც" (ნეტ. ავგუსტინე).
Назад к содержимому