განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_20_11_15_საყოველთაო აღდგომა და საუკუნო სამსჯავრო - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
საყოველთაო აღდგომა და საუკუნო სამსჯავრო

(თ. 20:11-15)
იოანეს გამოცხადება
ახალი ქართულით:

1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. 2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. 3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს. 4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. 5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა. 6. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს. 7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან. 8. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა, 9. მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი. 10. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე. 11. მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი. 12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები. 13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული. 14. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. 15. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.


ძველი ქართულით:

1. და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტე უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. 2. და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაჲ, რომელი არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. 3. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ. 4. და ვიხილენ საყდარნი, და დასხდეს მათ ზედა, და საშჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთაცა არა თაყუანის-სცეს ხატსა მას მჴეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ჴელთა მათთა, და ცხოვნდეს და სუფევდეს ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა. 5. და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხოვნდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაჲ იგი პირველი. 6. ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტესა, და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა. 7. და შემდგომად ათასისა მის წლისა განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა. 8. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ. 9. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი. 10. და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე. 11. და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაჲ და ცაჲ, და ადგილი არა ეპოვა მათ. 12. და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა. 13. და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა; და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თჳსთა. 14. და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ. 15. და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.
VII. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეხუთე თანამიმდევრობა (თ. 20-22)

საბოლოო სამსჯავროს ხილვა (თ. 20:11-15)


აღწერა რა ბოლომდე ანტიქრისტეს, ცრუწინასწარმეტყველისა და ეშმაკის ბედი, რომლებიც სამარადისო ტანჯვას მიეცნენ, გამოცხადება უბრუნდება კაცობრიობის სამსჯავროს (მ. 11-15), ამის შემდეგ კი მომავალ, განახლებულ სამყაროს აღგვიწერს, რომელშიც განახლებული კაცობრიობა იცხოვრებს.

იოანე ხედავს "დიდ სპეტაკ საყდარს" (ტახტს). ის არ გვეუბნება, თუ სად დგას ეს საყდარი, მაგრამ როგორც შემდგომ ირკვევა, საყდარზე მჯდომისგან "ცა და ქვეყანა ლტოლვილ იქმნენ" (მ. 11). ეს ნიშნავს იმას, რომ საყდრის ადგილი ახალი ცის ქვეშ და ახალ მიწაზე უნდა იდგეს, რაც განუზომელი და წარმოუდგენელი სივრცეა ადამიანის გონებისთვის. სწორედ ეს სივრცე იქნება ღმრთის სამსჯავროს ადგილი მომავალ განახლებულ სამყაროში.

საყდარი "სპატაკია", რადგან სპეტაკია და წმიდა მასზე მჯდომარე. ხოლო "დიდია" სხვა მცირე საყდრებთან მიმართებაში (მ. 4) და ამიტომაც, მსაჯულის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობაზე მიანიშნებს.

მხედველობაში ჰქონდა რა აპოკალიფსისი წმ. ეფრემ ასურელი ამბობდა: "მსაჯული დაჯდება ცეცხლოვან საყდარზე, გარს შემოერტყმის ალის ზღვა და მისგან ცეცხლის მდინარეები იდინებენ, რადგან გამოიცდება მთელი სამყარო" (ჰომილია უკანასკნელ სამსჯავროზე. ნაწილი IV. გვ. 305).

თვით საყდარზე მჯდომი, როგორც 4:2 და 5:1 თავებშია აღწერილი, სახელდებული არ არის, მაგრამ, არა გვაქვს საფუძველი გავაიგივოთ ის იმ მჯდომარესთან და დავინახოთ მასში მამა ღმერთი ძისგან მის იპოსტასურ განსხვავებაში, ღვთაებრივ განუყოფლობასა და არსებრივ ერთობაში - ეს უეჭველად იესუ ქრისტეა მისი უწმიდესი ხორცით (შეად. მათე 25:31; იოანე 5:22, 27; რომ. 14:10, 2 კორ. 5:10). ეს ის იესუა, რომელიც თვითონ ამბობდა საკუთარ თავზე, რომ "მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა" (იოანე 5:22) და რომელიც ღრუბლებზე უნდა მოვიდეს ისე, რომ ის დაინახოს ყოველმა თვალმა და მათაც, ვინც ის განგმირეს (გამოცხ. 1:7).

შემდეგში, თუ საყდარზე მჯდომი წარმოდგენილია როგორც მთელი სამყაროს შემოქმედი და მეუფე, უფალი ძველისა და ახლისა (გამოცხ. 21:5), ესეც თანხმიერია წმ. წერილის საზოგადო გამოცხადებასთან, რადგან ის მოწმობს, რომ ყოველივე შექმნილია ღმრთის ძის მიერ, რომ ის არის ყოველივეს შემოქმედი "ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა" (მრწამსი. იხ. ასევე კოლას. 1:16).

მის, როგორც ყოვლისშემძლე ღმრთისა და უფლის წინაშე "ილტვოდნენ მიწა და ცა". ეს ნიშნავს არა იმას, რომ ცა და მიწა უფალს სივრცობრივად დაშორდნენ, არც იმას, რომ "აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი", რომ ისინი უნდა გაქრნენ და წარწყმდნენ (16:20). აქ ლაპარაკია საბოლოო მსოფლიო გადატრიალებაზე, რომლის შემდეგაც უნდა დადგეს ახალი, განახლებული სამყარო, დაიწყოს განახლებული სამყაროს ახალი ცხოვრება, ხოლო ადრინდელი, ადამიანური ცოდვით დამახინჯებული სამყარო ცეცხლის გამანადგურებელი და განმწმენდელი ძალით უნდა გაქრეს (1 იოანე 2:17).

მაგრამ, კოსმური პერტურბაციის (ლათ. Perturbatio; per, და turbor ნიშნავს მშფოთვარებას, უწესრიგობას, ხმაურს, არეულობას) შედეგად ყველაფერი სრულად და უკვალოდ როდი გაქრება, - ეს არ იქნებოდა შესაფერისი მისი ყოვლისშემძლე შემოქმედისთვის (შეად. იოანე 6:39), არამედ მხოლოდ მეორედშობა, განახლება (შეად. 1 კორ. 7:31, 32).

ახალ სამყაროში ადრინდელიდან უნდა დარჩეს ყოველივე, რაც უცხოა ცოდვისთვის, ხრწნილებისთვის, სნეულებისთვის, ყოველივე, რაც შეეწევა განახლებული კაცობრიობის მარადიულ ნეტარებას. ახალ მიწაზე და ახალი ცის ქვეშ დაიმკვიდრებს სიმართლე (2 პეტრე. 3:13).

ეს მსოფლიო გადატრიალება და მთელი ქმნილების განახლება უნდა უსწრებდეს საყოველთაო სამსჯავროს, მაგრამ უნდა მოხდეს არა მის შემდეგ, როგორც ფიქრობდა, მაგალითად, ნეტ. ავგუსტინე. სამყაროსა და ქმნილების განახლება ადამიანის განახლებასთან ერთად უნდა მოხდეს, - ცოცხლები მყისიერ შეიცვლებიან, ხოლო გარდაცვლილნი აღსდგებიან მკვდრეთით უკვე განახლებული სხეულებით. ეს უკანასკნელი მოვლენები უეჭველად საუკუნო სამსჯავრომდე უნდა მოხდეს, რადგან მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარმა ადამიანმა უნდა მიიღოს თავისი საქმეების შესაბამისად და "თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს" (2 კორ. 5:10).

საუკუნო სამსჯავროს შემდეგ უშუალოდ დადგება მარადიული ნეტარება და მარადიული სატანჯველი, და არა მსოფლიო გადატრიალება.

მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ ახალი მსოფლიო ვითარების დროს, ყველა ადამიანი წარსდგება თავისი შემოქმედის საყდრის წინაშე.

12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები.

იოანე მათ "მკვდრებს" უწოდებს, მაგრამ რადგან ისინი შემდეგ წარმოდგენილნი არიან როგორც ცოცხლები, რომლებიც უფლის საყდრის წინაშე დგანან, ცხადი ხდება, რომ "მკვდრებად" წოდება აქ გამოყენებულია იმ თვალსაზრისით, რომ ღმრთის ყოვლისშემძლე მოქმედებით ისინი მკვდრეთით აღსდგნენ სამსჯავროსთვის და პასუხი უნდა აგონ თავიანთი მიწიერი ცხოვრებისთვის.

აქ არაფერია ნათქვამი მათ შესახებ, რომლებიც სამსჯავრომდე ცოცხლად დარჩებიან (1 კორ. 15:51-52). მაგრამ ეს მდუმარება არ გახლავტ ცოცხლად დარჩენილთა განსჯის უარყოფა. რატომღაც თუ იოანე ლაპარაკობს მხოლოდ მკვდრებზე (ანუ მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულებზე), მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ლაპარაკი უმჭიდროვეს კავშირშია კოსმიურ გადატრიალებასთან, რომლის შემდეგაც ყველა ადამიანი, როგორც ისინი, ვისაც ადრე უცხოვრია დედამიწაზე ხრწნად სხეულში და სხვა ვითარებაში, წარსდგებიან როგორც მკვდრები, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ. ამიტომაც, არ გვაქვს არავითარი საფუძველი, ამ სიტყვების (მ. 12) გამო ეჭვი შევიტანოთ საბოლოო სამსჯავროს საყოველთაოობაში, რომელიც თითქოსდა კაცთა მოდგმის ზოგიერთ კლასებს შეეხება.

კომენტატორთაგან ზოგიერთები "მკვდრებში" ყველა უკეთურს, უღვთოს და ერეტიკოსს გულისხმობდა და ამ თავის შეხედულებას აფუძნებდა 4-ე მუხლს, სადაც ნათქვამია მართალთა განდიდებაზე, ან კიდევ იესუ ქრისტეს საზოგადო სამსჯავროზე, რომელმაც მკვდრები უწოდა ყველა ადამიანს, რომელიც ამ წუთისოფლის წარმავალ ღირებულებებს მისდევს, ხოლო ჭეშმარიტ მორწმუნეებს მარადიულ ცხოვრებას განაკუთვნებს (იოანე 5:24; 8:51; შეად. 1 იოანე 3:14). სხვები "მკვდრებში" ძველაღთქმისეულ მორწმუნეთ გულისხმობდნენ, რომელთაც ჯერაც არ ესმინათ სახარებისეული ქადაგება, ასევე ურწმუნოთ და იმათ, ვინც ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან განიდრიკნენ. მაგრამ აპოკალიფსისის ასეთი გაგება და განმარტება არ ეთანხმება წმიდა წერილის სხვა ადგილთა საერთო მოწმობას (შეად. მათე 25:31; 2 კორ. 5:10; 1 კორ. 15:52, 53).

საყოველთაო სამსჯავრო, - აქ კი სწორედ მასზეა ლაპარაკი, - ყველა ადამიანის სამსჯავრო იქნება გამონაკლისისი გარეშე; იმათიც, ვინც ცოცხლად მიაღწია ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, ასევე ამ დროისთვის გარდაცვლილთათვისაც, და მათში იგულისხმებიან მართალნიც და უკეთურნიც.

მართალია, იოანეს 5:28-29-ში ნათქვამია, რომ განკითხვას დაექვემდებარებიან მხოლოდ უკეთურნი, რამეთუ ნათქვამია: "ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა" (იოანე 5:28-29), მაგრამ, აშკარაა, რომ აქ განკითხვა აღებულია მსჯავრის თვალსაზრისით (2 თესალონიკ 2:12), და ნაგულისხმევია, რომ მოხდება აღგომას სიცოცხლისთვის და აღდგომას სამსჯავროსთვის, ანუ საუკუნო სატანჯველისთვის.

12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები. 13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული. 14. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. 15. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.

12-15 მუხლებში დეტალურად იხსნება სამსჯავროს მხოლოდ ბოლო მომენტი, მომენტი, რომელიც შეესაბამება მაცხოვრის სიტყვებს: "მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან" (მათე 25:34), და "მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41).

აპოკალიფსისი სამსჯავროს წარმოგვისახავს სასამართლო განკითხვის სახით: "გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები".

"მრავალ წიგნებს" ახსენებს წინასწარმეტყველი დანიელიც (დან. 7:10). მართალია, იქ ლაპარაკია სხვა პირთა განკითხვაზე, მაგრამ წიგნების გაშლის არსი ერთი და იგივეა: ყოველ დამნაშავეს უპოვოს და მიუთითოს თავისი დანაშაული.

კომენტატორთაგან ერთნი "მრავალ წიგნებში" გულისხმობენ წმიდა წერილის წიგნებს, განსაკუთრებით კი სახარებას; ხოლო სხვები მათში გულისხმობენ ისეთ მრავალ წიგნებს, რომლებშიც ჩაწერილნი არიან ყველა უკეთურნი, რომლებიც თავიანთი რიცხვით აღემატებიან მართალთ, რომლებიც ჩაწერილნი არიან მხოლოდ ერთ წიგნში. მაგრამ ამ "მრავალ წიგნებში" უმჯობესია ვიგულისხმოთ - წიგნი ყოველი ადამიანისითვის, რომელშიც ყველა მისი საქმეა ჩაწერილი.

ამ სიმბოლური წარმოდგენის სახე უნდა გავიგოთ იმ აზრით, რომ ღმრთის ყოვლისშემძლეობის მოქმედება საუკუნო სამსჯავროზე გახსნის ყოველი ადამიანის სინდისს, და ის მასში, როგორც წიგნში, წაიკითხავს ყოველივეს, რაც კი ჩაუდენია წუთისოფელში, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც შედგება ცალკეული აზრების, ქმედებებისა და სურვილებისგან.

"რომელ წიგნებზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი, - ბრძანებს წმ. ამბროსი მედიოლანელი, - თუ არა ჩვენი სინდისისა, რომელიც, როგორც წიგნი, შეიცავს ყოველივეს, რაც კი გვიქნია".

ამის შემდეგ, როგორც სასამართლო საქმისწარმოების შემდეგ ხდება ხოლმე, ყოველი ადამიანი დაინხავს სხვა წიგნს, მრავალთათვის საზოგადოს, - წიგნს სიცოცხლისა (3:5; 13:8; 17:8). ამ წიგნში საუკუნითგან არის ჩაწერილი სამსჯავროს განაჩენი მართლებთან დაკავშირებით: მასში ჩაწერილია მხოლოდ მართალნი, რომელთაც განუმზადა ღმერთმა თავისი სასუფეველი და რომელთათვისაც არის გამზადებული მარადიული, ნეტარი ცხოვრება. ყველა მიიღებს კუთვნილს საკუთარი საქმეებისა და ზნეობრივი ღირსების მიხედვით (რომ. 2:6; 2 კორ. 5:10).

თქვა რა საუკუნო და საშინელი სამსჯავროს შესახებ, იოანე 13-ე მუხლში უბრუნდება იმას, რაც ყოველივე ამას უნდა უსწრებდეს.

13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული.

გამოცხადება ავსებს ადრინდელს და განმარტავს, ვინ იყვნენ და საიდან მოვიდნენ ის მკვდრები, რომლებიც მსაჯულის საყდრის წინაშე წარსდგნენ. ესენი არიან მკვდრები, რომლებიც "ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს".

კომენტატორთაგან ერთნი "ზღვაში" ერთა ურიცხვობას ხედავს. მათი აზრით ეს არის ბოროტი და ზღვასავით მშოთვარე მსოფლიო, სადაც ერთმანეთს კლავენ, სადაც კაენი კაენს მოსდევს; ან კიდევ ზღვა იმ ხალხთა, რომლებიც ქრისტესკენ მისი ათასწლოვანი მეუფების დროს მოექცნენ. მაგალითად, ნეტ. ავგუსტინე წერს: "და დააბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში", რამეთუ იმ დროისთვის, ეს მშფოთვარე და მბორგავი საუკუნე, რომელიც აქ "ზღვად" იწოდება, მოკვდავთა საცხოვრისი უკვე ვეღარ იქნება" (ნეტ. ავგუსტინე).

მაგრამ, სიტყვა "ზღვას" თუ ასე გავიგებთ, მაშინ მათ შორის, ანუ ერთის მხრივ სიკვდილსა და მეორეს მხრივ ჯოჯოხეთს შორის გაქრება წინააღმდეგობა, არადა ის უთუოდ უნდა არსებობდეს.

აპოკალიფსისში "ზღვა" გამოიყენება არა მხოლოდ ერთა სიმბოლოდ, ერთა და ენათა აღსანიშნად (17:15 შეად. 13:1), არამედ ჩვეულებრივი, ბუნებრივი აზრითაც (16:3; 10:2; 18:17, 21). ამიტომაც, 13-ე მუხლში სხვა კომენტატორებთან ერთად შეიძლება მოვიაზროთ ის ადამიანები, რომლებიც ზღვაზე მოგზაურობისას დაიღუპნენ. ხოლო აქედან გამომდინარე, მომდევნო სიტყვა "სიკვდილი" უკვე მიუთითებს იმ ადამიანებზე, რომლებიც დედამიწაზე უკვალოდ გაქრნენ ან გაუგებარი სიკვდილით გარდაიცვალნენ: უდაბნოებში, უღრან ტყეებში, მტაცებლებისგან, ომში და გადატრიალებებზე, და ამის გამო დაკრძალულნი არ ყოფილან. ისინი მხოლოდ სიკვდილის ძალაუფლების ქვეშ არიან, მხოლოდ სიკვდილმა მიიტაცა ისინი ადამიანთა საზოგადოებიდან. მათი საპირისპიროა ჯოჯოხეთი, რომელიც აქ წამების ან განკითხულთა ადგილს კი არ მიანიშნებს, არამედ მიწის წიაღს, მის სიღრმეებს, მიწისქვეშა სამყაროს. ჯოჯოხეთში მყოფნი არიან სიკვდილის შემდეგ დაკრძალულნი, მიწაში ჩაფლულნი გარდაცვალების შემდეგ.

შეიძლება დავეთანხმოთ იმასაც, რომ ჯოჯოხეთი აქ აღებულია ჩვეულებრივი აზრით, როგორც ტანჯვა-წამების ადგილი. იოანეს უპირველეს ყოვლისა მხედველობაში აქვს უკეთურთა სამსჯავრო, უკეთურთა განკითხვა, რომლებიც ჯოჯოხეთში იმყოფებიან, ანუ საკუთარ, მომავალ ტანჯვას ჭვრეტენ, ხოლო მართალნი და დაკრძალული გარდაცვლილნი, რომლებიც ნეტარი ცხოვრების ჭვრეტით ტკბებიან, გამორიცხულია დაკრძალულთა საზოგადო რიცხვიდან. ამგვარად, 13-ე მუხლის მიზანია მიუთითოს, რომ ყველა გარდაცვლილი, გამონაკლისის გარეშ, სადაც უნდა მომკვდარიყო იგი და როგორი სიკვდილითაც უნდა მომკვდარიყო, ან როგორ შეიძლებოდა გარდაქცეულიყო იგი თავისი სიკვდილის შემდეგ (ფერფლად თუ გვამად, თუ მტაცებელთა და თევზთა მიერ შეჭმულად და სხვა), მაინც თავისსავე სხეულებში აღსდგებიან, როგორც გინდ მომკვდარიყვნენ და რად გინდ გადაქცეულიყვნენ. ისინი აღსდგებიან მკვდრეთით თავიანთი განახლებული სხეულებით.

ნეტ. ავგუსტინე ბრძანებს: "და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში" (გამოცხ. 20:13). "ზღვამ დააბრუნა მკვდრები" იმიტომ, რომ ისინი წარსდგნენ იქიდან, სადაც წაასწრო მათ სიკვდილმა; "სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს" იმიტომ, რომ კვლავ სიცოცხლედ მოუწოდს მათ, ვინც გარდაიცვალა. შესაძლებელია, ჰქონდა საფუძველი ეფიქრა, რომ საკმარისი არ იყო ეთქვა მხოლოდ "სიკვდილი" ან "ჯოჯოხეთი"; არამედ ერთიც და მეორეც ბრძანა. "სიკვდილი" მართალდა და კეთილთა მიმართ ახსენა, რომელთაც შეეძლოთ, განეცადათ მხოლოდ სიკვდილი, მაგრამ არ ყოფილიყვნენ ჯოჯოხეთს; ხოლო "ჯოჯოხეთი" ბოროტთა მიმართ ითქვა, რომლებიც მასში ისჯებიან, რამეთუ, უსაფუძვლო არ უნდა იყოს რწმენა, რომ თვით ძველი წმინდანებიც, რომლებიც აღიარებდნენ მართალ სარწმუნოებას და ცხოვრობდნენ ქრისტეს მოლოდინში, სიკვდილის შემდეგ, მართალია, უკეთური წამების ადგილიდან შორს, მაგრამ მაინც ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ. ისინი იქიდან ამოიყვანა ქრისტეს სისხლმა, რომელმაც ჯოჯოხეთშიც ჩააღწია. მაშინ მოვლენ ისინი თანმიმდევრობის თანახმად, თუკი მორწმუნეთ, შემდგომად იმისა, რაც ეს მსხვერპლი გაღებულ იქნა, ჯოჯოხეთი რა არის არც იციან, სხეულებრივად აღდგომის შემდეგ ისინი მარადიულ სიკეთეთ მიეწიფებიან. სიტყვები: "საქმეთაებრ მისისა განისაჯა ყოველი" (გამოცხ. 20:13) მოკლედ აჩვენებს მათი განკითხვის სახეს".

"თითოეული გვამი, - ბრძანებს ანდრია კესარიელი, - სადაც დაიღუპა იქიდანვე მოვა, იყო ეს ზღვა თუ მიწა. "სიკვდილი" და "ჯოჯოხეთი" ცოცხალი არსებები კი არ არიან, როგორც ეს ზოგიერთ ჰქონია, არამედ "სიკვდილი" არის სულის გაყრა სხეულისგან, ხოლო "ჯოჯოხეთი" ის უცნობი და უხილავი ადგილი, საითკენაც ჩვენი სულები აქედან მიემართებიან. მკვდარ საქმეთა მკეთებელი სული მკვდარია, ხოლო სულნი მართალთა, ბრძენი სოლომონის თქმით, არიან "ხელთა შინა ღმრთისადა და არა შეეხოს მათ ტანჯვა" (სიბრძნე სოლომონისა. 3:1).

14 - 15. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.

14-15 მუხლები წარმოადგენენ სამსჯავროს ხილვის დამამთავრებელ მუხლებს. იმის შემდეგ, რაც მოხდა სამყაროს განახლება და ღმრთის ყოვლისშემძლე მოქმედებით გამოჩნდა ახალი სამყარო განახლებული ქმნილებით, იმის შემდეგ, რაც კაცთაგან ერთნი განწესებულ იქნენ ნეტარი ცხოვრებისთვის, ხოლო სხვანი მარადიული ტანჯვისთვის, ყოველივე ამის შემდეგ სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა თავიანთი არსებობა უნდა შეწყვიტონ. აპოკალიფსისის გამოთქმით ისინი "დაინთქმებიან ცეცხლის ტბაში".  

სიკვდილისა და ჯოჯოხეთის სახელებქვეშ არ შეიძლება ვიგულისხმოთ ადამიანები, რომლებიც იყვნენ სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ძალაუფლების ქვეშ; მათ შესახებ ლაპარაკია 15-ე მუხლში. მაგრამ ასევე არ შეიძლება დავეთანხმოთ იმ აზრს, რომლის მიხედვითაც სიკვდილი და ჯოჯოხეთი დემონთა და მათ მეთაურთა სახელწოდებები იყოს, ან კიდევ ხორციელი არსებები, რომელთაც მნიშვნელობა მხოლოდ ხილვაში ჰქონდათ. მაშინ, მათზე, როგორც ეშმაკზე, ნათქვამი იქნებოდა, რომ ისინი დაიტანჯებიან (20:10).

წმიდა წერილისთვის, და მათ შორის აპოკალიფსისისთვისაც, უცხო არ არის განსახიერებების გამოყენება; მოცემულ ადგილზეც სიკვდილი და ჯოჯოხეთი უნდა გავიგოთ განსახიერების სახით. როგორც მოციქული ამბობს: "სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" (1 კორ. 15:55. შეად. ოსე. 13:14). ზუსტად ამავე აზრით ამბობს იოანეც აპოკალიფსისში: სიკვდილი და ჯოჯოხეთი შთაგდებულ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს გამოთქმა მსგავსია წმ. მოციქულ პავლეს სხვა გამოთქმისა: "და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი" (1 კორ. 15:26). სიკვდილი - კაცობრივი ხრწნადი სხეულის სიცოცხლის შეწყვეტაა; ხოლო ჯოჯოხეთი - ადგილი, სადაც ადამიანთა სულები ელოდებიან საშინელ სამსჯავროს და საუკუნო, დაუსრულებელ, მარადიულ მისაგებელს. მაგრამ, როდესაც სამსჯავრო უკვე აღსრულდა, როდესაც უკვე დადგა მარადიული სიცოცხლე (21:4), მაშინ სიკვდილი და ჯოჯოხეთი უქმენი არიან და ზედმეტნი. ისინი ცეცხლის ტბაში უნდა დაინთქნენ. როგორც ჩანს აქაც გარკვეულ სიმბოლიზმთან გვაქვს საქმე; მაშასადამე, ამ სიმბოლური მინიშნებების აზრი სრულიად უნდა განქარდეს, მათ უნდა დაკარგონ თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა (19:20).

"მეორე სიკვდილი" - ეს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ცეცხლის ტბაში ჩაგდების მოვლენა კი არ არის, არამედ თვით ცეცხლოვანი ტბა არის მეორე სიკვდილი.

პირველი სიკვდილი (ხორციელი სიკვდილის გარდა) პირველია იიმ აზრით, რომ ის არ არის საბოლოო, არამედ ადამიანის სულის გაუცხოებაა ღმრთის მადლისგან: ის მხოლოდ მარადიულ სატანჯველთა საწყისია, და ადამიანისთვის ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ეს სატანჯველნი ან საკუთარი სინანულის გზით და ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში, ან კიდევ თავისი სიკვდილის შემდეგ მისი სულის საოხად მლოცველ სხვა ადამიანთა, ეკლესიის მორწმუნეთა ლოცვის მეშვეობით.

მაგრამ მეორე სიკვდილი, ეს უკვე საბოლოო და შეუქცევადი განკითხვაა ადამიანისა საშინელი სამსჯავროს შემდეგ, როდესაც ის უკვე სრულიად და საბოლოოდ მოაკლდება თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების ყოველგვარ იმედს, რამეთუ, სინანულის არმქონე ადამიანი სრულიად აკლდება ღმრთის მადლის ყოველგვარ შეწევნას. ის ჩაგდებულ იქნება ცეცხლის ტბაში, რომელიც მისთვის მომავალი, მარადიული ადგილსამყოფელი გახდება; აქ გაატარებს ადამიანი მთელს თავის ცხოვრებას, მარადიულად და დაუსრულებალად, საუკუნო სამსჯავოს შემდეგ.

ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში. ანუ, ყველანი, ვინც განკითხვის ღირსნი გახდნენ, რომლებიც აღიარებულ არ იქნენ მარადიული ცხოვრებისა და ღმრთის სასუფევლის მოქალაქეობის ღირსად, ყველანი ჩაყრილ იქნებიან ცეცხლის ტბაში.

აქ უნდა ითქვას ისიც, რომ დროის ფარგლებში არ განიყოფა ეშმაკისა და ანტიქრისტეს განკითხვაც, რადგან მათ საქმიანობას შორის უმჭიდროვესი კავშირია: ისინი ერთად არიან ადამიანური უკეთურების მიზეზნი. ადამიანები, რომლებიც დაემორჩილებიან მათ წარმწყმედელ ზეგავლენას, ასევე უნდა დაისაჯონ და მარადიულ სატანჯველში დაიტანჯონ. ისინიც ჩაიყრებიან ცეცხლის ტბაში, და ეს მოხდება საუკუნო სამსჯავროზე უკეთურთა განსჯის შემდეგ.

მარადიული ტანჯვისთვის ცოდვილთა გასამართლების შემდეგ ცოდვილ სამყაროსთან ყველა ანგარიში გასწორებულია. და როგორც ძველი აღთქმის ბოლოს, საიდუმლო სერობაზე, იუდა-გამცემელის გამოსვლის შემდეგ, ქრისტე შეუდგა ევქარისტიის საიდუმლოს დაწესებას (მათე 14:22; მათე 26:25-26), რომელიც არის ქრისტეს უმჭიდროვესი ერთობა თავის მორწმუნეებთან, ზუსტად ასევე, ახალი აღთქმის ბოლოს, ცოდვილთა მოშორების შემდეგ, უნდა დადგეს ახალი სერობა (19:7-8). ეს სერობა - ქრისტესთან, მამა ღმერთთან და სულიწმიდასთან ერთად მართალთა მარადიული, ნეტარი ცხოვრება და სიხარულია, რომლეშიც, ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის საიდუმლო ზიარების ნაცვლად, მორწმუნენი ეზიარებიან გამოუთქმელი საღმრთო ნათლის  უშუალო სიახლოვეს. აპოკალიფსისის მომდევნო 21 და 22-ე თავები სწორედ ამ ახალ სერობას აღგვიწერენ, ამ მომავალ ენით გამოუთქმელ ნეტარებას, რომელიც საუკუნითგან გაუმზადებია უფალს მართალთათვის.
Назад к содержимому