განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_11_1_14_ტაძრის გაზომვა და ორი მოწმის გამოცხადება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ტაძრის გაზომვა და ორი მოწმის გამოცხადება

(თ. 11:1-14)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

1. და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუა: აღდეგ და განზომე ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. 2. და ეზოჲ იგი, რომელი არს გარეგან ტაძრისა, განაგდე გარე და ნუ განჰზომ მას, რამეთუ მიეცა იგი წარმართთა, და ქალაქი იგი წმიდაჲ დათრგუნონ ორმეოცდაორ თთუე 3. და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. 4. ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. 5. და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი. 6. ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. 7. და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. 8. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა. 9. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა. 10. და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი. 11. და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. 12. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. 13. მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ცათასა. 14. ვაებაჲ იგი მეორე წარჴდა, და აჰა ესერა ვაებაჲ იგი მესამე მოვალს ადრე.


ახ. ქართულით

1. მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. 2. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს. 3. მივცემ ჩემს ორ მოწმეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. 4. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. 5. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. 6. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ. 7. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. 8. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. 9. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას. 10. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი. 11. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. 12. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას. 13. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს. 14. მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მოგელავს მესამე ვაება.
IV. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა (თ. 7-11)

ტაძრის გაზომვა და ორი მოწმის გამოცხადება (თ. 11:1-14)

პირველი, რაშიც გამოიხატება იოანეს საწინასწარმეტყველო მსახურება, მისთვის ხილვაში მიცემული დავალებაა გაზომოს ტაძარი.

1. მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში.

იოანეს მიეცა "კვერთხის მსგავსი ლერწამი". ვინ იგულისხმება აქ მოქმედ პირში? ეს არ არის ქრისტე, რადგან ხილვაში აღწერილი ვითარებიდან მის შესახებ არაფერი გვემცნობა. უფრო ბუნებრივია "კვერთხის მსგავსი ლერწმის" მომცემში ვიგულისხმოთ ზეციური საყდრის ახლოს მდგომი ერთ ერთი ანგელოზი.

"ლერწამი" დიდი და კვერთხის მსგავსი იყო, ანუ მას სივრცის გასაზომად საჭირო ზომის ერთეულის მნიშვნელობა გააჩნდა. წმ. ანდრია კესარიელის განმარტებითაც "ლერწამი" ნიშნავს "ზომას შემეცნებისა და გულისხმისყოფისა, რომელიც მიეცემა მიმღებს იმ ზომით, რა ზომითაც ძალუძს მას ამის დატევნა".

როდესაც იოანეს კვერთხი მიეცა, მაშინ მისი დანიშნულების გასარკვევად ესმა მას ხმა, რომელმაც უბრძანა: "ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში". მართალია სიტყვები "ადექი და გაზომე" ჩვეულებისამებრ გამოიყენება მდგომარეობის შეცვლის აღსანიშნავად, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მისი მნიშვნელობა უფრო დავალების გადაუდებელი შესრულების თვალსაზრისით უნდა გავიგოთ. ამ მოწოდების მიხედვით იოანემ ახლავე უნდა დაიწყოს ღმრთის ტაძრის გაზომვა. თვით გაზომვას, წინასწარმეტყველურ სიმბოლიკაში, სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია. ის ხან გასაზომის წარწყმედის თვალსაზრისით გამოიყენება (მაგ.: ამოსი 7:7; ისაია 34:11), ხან კიდევ მშენებლობის თვალსაზრისით (ეზეკ. 43:10-11; ზაქ. 2:5) ან კიდევ აღწერის მნიშვნელობით (ეზეკ. 40:3; გამოცხ. 21:15). ამგვარად, "გაზომვას" არ გააჩნია დამოუკიდებელი სიმბოლური მნიშვნელობა, არამედ ყოველთვის მომდევნო მოვლენით განიმარტება. ჩვენს ადგილას, როგორც ეს მე-2 მუხლიდან ჩანს, გაზომვას აღწერის დანიშნულება გააჩნია. ანუ იოანემ უნდა მონიშნოს, განსაზღვროს საზღვრები, რათა შემდეგ გაზომილი სივრცე (ან საგანი) დაცული და ხელუხლებელი იქნას.

გაზომვის საგანი შეიძლება იყოს: 1) ღმრთის ტაძარი, 2) საკურთხეველი და 3) თაყვანისმცემელნი. "ღმრთის ტაძარი", როგორც მომდევნო მუხლებიდან ჩანს, არ არის ზეციური, ღმრთის დიდების ტაძარი, არამედ იერუსალიმისა, რომელიც უფლის სამსახურო ადგილი იყო და ამჯერად იდუმალთმხილველის წინასწარმეტყველურ მზერას წარუდგა.

გაზომვას ექვემდებარება უპირველეს ყოვლისა თვით ტაძარი, ანუ წმიდა წმიდათა და საკურთხეველი, როგორც ტაძრის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილები. შემდეგ იოანეს ევალება გაზომოს საკურთხეველი, რომელშიც ყოვლადდასაწველი მსხვერპლის საკურთხეველი უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც ტაძრის შიდა ეზოში იდგა. ეს ჩანს იქიდან, რომ იოანეს ეკრძალება მხოლოდ გარეთა ეზოს გაზომვა, ხოლო შიდა ეზოზე არაფერია ნათქვამი, ამიტომაც, სწორედ ის უნდა ვიგულისხმოთ "საკურთხეველში"; ცხადია, რომ აქ "საკურთხეველი" აღებულია იმ სივრცის ნაცვლად, სადაც ის მდებარეობს.

ძველ ტაძარში, ადგილი ხალხისთვის სპეციალური კედლით ორ ნაწილად განიყოფოდა: შიდა და გარე ეზოებად. გარეთა ეზოში დაიშვებოდა მხოლოდ მლოცველი ერი; ხოლო შიდა, რომელიც სამღვდლო ეზოდაც იწოდებოდა და წარმოადგენდა შემოკავებულ ადგილს, რომელიც გარე ეზოსთან შედარებით რამოდენიმე საფეხურით მაღლა იდგა და მხოლოდ მღვდელთა და ლევიტელთათვის იყო მისაწვდომი (2 პარ. 23:5). სწორედ მასში იმყოფებოდა ყოვლადდასაწველის სამსხვერპლო და ხელსაბანი.

ამგვარად, იოანეს უნდა გაეზომა ტაძრის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრებოდა მის წმიდათას. და ბოლოს გაზომვის საგანს წარმოადგენდნენ "თაყვანისმცემელნი მასში".

უეჭველად, იდუმალთმხილველს უნდა გაეზომა არა მარტო ტაძრის სივრცე, სადაც იმყოფებოდა საკურთხეველი. არამედ ისინიც, ვინც შედიოდა ტაძრის ამ ნაწილში, ესენი კი სამღვდლო პატივის მქონე პირები იყვნენ. ამიტომაც სწორედ ისინი უნდა ვიგულისხმოთ "თაყვანისმცემლებში".

ხილვის ტაძარსა და თაყვანისმცემლებში არ შეიძლება ვიგულისხმოთ იერუსალიმის ისტორიული ტაძარი, როემლიც აპოკალიფსისის დაწერის დროისთვის უკვე დანგრეული იყო. ზუსტად ასევე არ შეიძლება მასში ვივარაუდოთ მომავალი დროის ტაძარი. იოანეს ხილვაში გამოთქმის უმთავრესი აქცენტი კეთდება არა ტაძარზე, არამედ მაში თაყვანისმცემლებზე, და ტაძრის გაზომვა საჭიროა იმდენად, რამდენადაც ამის მიხედვით ირკვევა თაყვანისმცემელთა გაზომვის აზრი. ხოლო გაზომვის აზრი ან მიზანი ის კი არ არის აღრიცხოს თაყვანისმცემელთა რაოდენობა და მის ადრინდელ რაოდენობას შეადაროს, არამე დის, რომ გამოყოს ისინი სხვა ადამიანებისგან, - ანუ გამოყოს ქრისტეს ეკლესია ანტიქრისტეანული სამყაროსგან. წმ. ანდრია კესარიელი ბრძანებს, რომ "ცოცხალი ღმერთის ტაძარი" არის ეკლესია, რომელშიც ჩვენ მიერ ღმრთისადმი სიტყვიერი მსხვერპლი შეიწირება. "ეზო, რომელიც გარს აკრავს ტაძარს" - ურწმუნოთა და იუდეველთა საზოგადოებაა, რომლებიც თავიანთი უკეთურების გამო ანგელოზისმიერი გაზომვის ღირსნი არ არიან: "იცის უფალმან, რომელნიც არიან მისნი" (ტიმ. 12:19).

2. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს.

იოანეს ებრძანა, რომ ტაძრის გარეთა ნაწილი, რომელიც იერუსალიმის ძველ ტაძარში უბრალო მლოცველთა და პროზელიტთათვის იყო განკუთვნილი, არ გაზომოს, ვინაიდან "მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს". სიტყვები "გამორიცხე და ნუ გაზომავ" ნიშნავს, რომ იდუმალთმხილველმა უნდა უგულებელჰყოს გარეთა ეზო, როგორც არა ღირსი ყურადღებისა, როგორც ღირსი უგულებელყოფისა. გარეთა ეზოს გაუზომლობა მიზეზი და შედეგია წარმართების მიერ ორმოცდაორი თვის მანძილზე მისი გათელვისა. "გარეთა ეზო", როგორც ნათქვამია, "მიეცა წარმართთ".

გამოთქმის ფორმა უთითებს ღმრთის განგებულებაზე. უფალი ღმერთი დაუშვებს რათა გარეთა ეზოს დაეუფლონ წარმართები. წარსული ("მიეცა") და მომავალი ("გათელავენ") დროების შერწყმა იმაზე ლაპარაკობს, რომ გათელვა წინამდებარე სიტყვას განმარტავს, როგორც თავის მიზეზსა და საფუძველს. წარმართები გარეთა ეზოს გათელავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი იქნება ღმრთის განგება, ღმრთის ნება, რომელიც ამავე დროს დაიცავს თვით ტაძარს და "თაყვანისმცემელთ მასში".

გამთელავებს აპოკალიფსისი "წარმართებს" უწოდებს რაც კერპთაყვანისმცემელთა კერძო სახელწოდებად არ უნდა გავიგოთ, არამედ უფრო ფართო აზრით. ეს არის მითითება ყველა ადამიანზე, ვინც უფლის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა რიცხვს არ ეკუთვნის (შეად.: 6:10; 8:13; 10:11; 11:9). ეს არის მიწიერი ინტერესებითა გაერთიანებულ და ჭეშმარიტებისადმი, ღვთისმოსაობისა და ყველა ღვთისმოსავისადმი მტრულად განწყობილ ადამიანთა საზოგადო სახელი. მაგრამ, რადან ყველა ადამიანის ასეთი დაყოფა და მათი ასეთი დაპირისპირება შესაძლოა მხოლოდ მომავალში, სამყაროს აღსასრულის წინ, "წარმართთა (ანუ ურწმუნოთა და უღმრთოთა) მიერ ტაძრის გარე ეზოს გათელვა განეკუთვნება ანტიქრისტეს პერიოდს. სწორედ მაშინ, ანტიქრისტეს მეფობის წლებში გაითელება არა მარტო იერუსალიმის ტაძარი, არამედ თვით იერუსალიმიც, როგორც ამას აპოკალიფსისი გვამცნობს. "გათელვა" ამავე დროს ნიშნავს განადგურებას, გაპარტახებას, მოოხრებას და წმიდა ადგილთა შებილწვას. ამდენად, მე-2 მუხლში იგულისხმება არა მარტო გამანადგურებელი ომი, არა მარტო იერუსალიმის უბრალო დანგრევა, არამედ ომი და გაპარტახება, რომელიც მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ღმრთის მტრობასთან, რითაც ნამდვილად იქნება გამორჩეული ანტიქრისტეს დროება.

ღმრთის მოწინააღმდეგეთა ჟამი 42 თვით არის განსაზღვრული: "და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს". წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიის მამათა განმარტებით ""წმიდა ქალაქის", იერუსალემის, ანუ საყოველთაო ეკლესიის დათრგუნვა წარმართთა მიერ "ორმოცდაორი თვის" განმავლობაში, მიანიშნებს იმას, რომ ანტიქრისტეს მოსვლის დროს მართალნი სამწელიწადნახევრის განმავლობაში იქნებიან დევნილნი" (ანდრია კესარიელი).

რას გვაუწყებს ახალს ეს წინასწარმეტყველური ხილვა? წინა ხილვებში, როდესაც იოანემ "კალიები" და "მრავალმილიონიანი მხედრობა" იხილა, იდუმალთმხილველის წინაშე გაიშალა ის ჭეშმარიტება, რომ ბოლო ჟამს, რომელიც დედამიწაზე ანტიქრისტეს მოსლვას ეხება, საშინელი უბედურებები დატრიალდება. ეს უბედურებანი მოიწევა დემონთა ძალით და მძიმედ დააწვება არა მარტო უკეთურებს, არამედ ღვთისმოსავებსაც; ერთნიც და მეორენიც დაიტანჯებიან. ეს სწორედ ის ჭირვებებია, რომელთა შესახებაც იწინასწარმეტყველა მაცხოვარმა და ბრძანა, რომ "ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია" (მათე 24:8). მაგრამ მაცხოვარმა ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო ჟამს ღვთისმოსავებს განსაკუთრებული მნიშვნელობის განსაცდელი მოევლინებათ. ეს არის - უკეთურთა და უღვთოთაგან მოწევნული განსაცდელი, რომლებიც სიძულვილით აღვსილნი ქრისტეანთა მიმართ, საშინელ დევნულებასა და შევიწროებას დაატეხენ თავს ღვთისმორწმუნეთ. სწორედ მაშინ უნდა მოხდეს განცალკევება კეთილთა და ბოროტთა, ქრისტეს მიმდევართა და ანტიქრისტეს მომხრეთა. მათ შორის შეუძლებელი იქნება თანაცხოვრება, უკიდურესაც განცალკევდება მათი სასიცოცხლო ინტერესები და ყოველივე უკიდურეს დაპირისპირებაში გადავა.

მოვლენათა პირველ რიგში, იქნა მართალთა და უკეთურთა ამგვარი განყოფა მითითებულ იყო 144 000 აღბეჭდილის ხილვაში, ხოლო მეორე რიგში "კალიის" ხილვაში, სადაც მითითებულია, რომ ეს აღბეჭდვა მადლმოსილია ჭეშმარიტად მორწმუნეთათვის ცისქვეშეთის ბოროტ სულთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ მართალთა და უკეთურთა ამგვარი დაყოფა კიდევ უფრო შორს წავა. ბოროტ საზოგადოებას უნდა გამოეყონ არა მარტო ცალკეული რჩეულები და სრულყოფილი პიროვნებები, არამედ ამ წუთისოფელს უნდა განეშოროს ქრისტეანთა მთელი კრებული, ქრისტეანთა მთელი ეკლესია, მის მადლმოსილi ნიჭებითა და საიდუმლოებებითურთ.

როგორც ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში წარმოადგენდა ქრისტეანული თემი წარმართობისგან გამოცალკევებულ ერთობას, როგორც შინაგანი, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ინტერესების მიხედვით (1 კორ. 6:1-6; 5:13), ასევე იცხოვრებენ ბოლო ჟამის სრულყოფილი ქრისტეანებიც. მაშინ, ანტიქრისტეს მეფობის პერიოდში, სარწმუნოებასა და ღვთისმოსაობაში განმტკიცებულ რჩეულ ქრისტეანთა საზოგადოება, პირველ საუკუნეთა ქრისტეანთა მსგავსად შეადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში და საზოგადოებას საზოგადოებაში.

ქრისტეანული ეკლესიის სწორედ ამ გამოყოფაზე, ჭეშმარიტ ქრისტეანთა დანარჩენი საზოგადოებისგან განცალკევებაზე მეტყველეს ტაძრისა და მასში მყოფ თაყვანისცმემელთა გაზომვა. ქრისტეს ეკლესიას უვრცელესი გაგებით გააჩნია ორი ეზო: შიდა და გარეთა.

"შიდა ეზო", შიდა ეკლესია, ანუ ჭეშმარიტ ქრიტეანთა ერთობა საბოლოოდ გამოეყოფა გაწარმართებულ საზოგადოებას; ჭეშმარიტი ქრისტეანები, დანარჩენი ცოდვილი და ურწმუნო მსოფლიოსგან განსხვავებით, თაყვანს სცემენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით ზუსტად ისევე, როგორც ცალკე ლოცულობდნენ და ემსახურებოდნენ ღმერთს ძველაღთქმისეული მღვდლები, რომლებიც საკურთხეველში შედიოდნენ. ამ "რჩეული მოდგმისთვის, სამეფო სამღვდელოებისთვის, წილხვედრი ხალხისთვის" (1 პეტრე 2:9) ღმერთი მისაწვდომი იქნება, როგორც ღმრთის სახლში მყოფ ჭეშმარიტ შვილთათვის, როგორც ჭეშმარიტ მღვდელთათვის მისაწვდომი იყო უფლის საკურთხეველი.

ძველაღთქმისეულ პერიოდში წარმართებს - პროზელიტებს, რომლებიც გადმოდიოდნენ ისრაელის ჭეშმარიტ რელიგიაზე, შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ მსხვერპლშეწირვებში და, ყოფილიყვნენ, ასე ვთქვათ, მღვდელთა და ლევიტელთა თანამოზიარენი. პირველქრისტეანობის პერიოდში წარმართები და იუდეველები, ღებულობდნენ რა ქრისტეანულ სარწმუნოებას, ღმრთის ისეთივე შვილები ხდებოდნენ, როგორც დანარჩენი ქრისტეანები. მაგრამ, სამყაროს აღსასრულის წინა პერიოდში, ანტიქრისტეს დროს, ქრისტეანული საკურთხევლის კარები დაიკეტება. ადრე (და ახლაც) თუ ეკლესია თავის ძალაუფლებას განავრცობს მისდამი დაუქვემდებარებელ ადამიანებზე და მათზეც კი, რომლებიც სრულიად არ ემორჩილებიან მას, ანტიქრისტეს დროს ეს საქმიანობა შეწყდება (ან უკიდურესად შემცირდება): "გარეთა ეზო" გამოყოფილი იქნება "შიდა ეზოსგან", - და მაშინ იქნება უდიდესი ძალადობა და თავაშვებულობა უკეთურთა. ეს გარეთა ეზო, ანუ ურწმუნო და უკეთური სამყარო, საეკლესიო მმართველობის ნაცვლად თავი თავს დაუმორჩილებს უღმრთო მმართველებს. მაცხოვრის თქმით, გამოჩნდებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი. გამოჩნდებიან ადამიანური ცხოვრების არაუფლებამოსილი მმართველები. ესენი არიან ანტიქრისტე და მისი მსახურნი; სწორედ ისინი გათელავენ ტაძრის გარეთა ეზოს, ანუ გაანადგურებენ ყოველივე წმიდას და ქრისტეანულს მათდამი დამორჩილებული კაცობრიობის სულში, რომელიც ურწმუნოებითა და უკეთურებით განუდგება ჭეშმარიტ ეკლესიას და მოაკლდება მის მაცხოვნებელ საიდუმლოებებს. ასეთი ვითარება გაგრძელდება 42 თვის განმავლობაში, ანუ ანტიქრისტეს მეფობის პერიოდში, ვიდრე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლამდე.

ქრისტეანული ეკლესიის გამოყოფა დანარჩენი სამყაროსგან თუმც კი დაიწყება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იქნება საბოლოო. საბოლოო გამოყოფას წინ უსწრებს, მსოფლიო მნიშვნელობის ახალი მოვლენა, რაც გამოხატულია ორი მოწაფის მომდევნო ხილვაში:

3-4. მივცემ ჩემს ორ მოწმეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე.

სწორედ მათი გამოჩენა უსწრებს წინ წარმართთა მიერ 42 თვის განმავლობაში იერუსალიმის გათელვასა და ანტიქრისტეს გამეფებას.

მათი ქადაგების მიზანია არა მარტო უკეთურთა და წარმართთა მოქცევა, არამედ მართალთა ნუგეშისცემა და განმტკიცება ღმრთის მომავალი სამსჯავროს მოლოდინში.

"იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი"
- ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველთა სამოსი გაიგება, როგორც ადამიანთა მოვალეობა თავიანთი ცხოვრება შეუსაბამონ ღმრთის სჯულსა და მცნებებს (შეად.: ზაქ. 13:4; ეს. 20:2). ძაძით მოსილი ეს ორი წინასწარმეტყველი იწინასწარმეტყველებენ "ათას ორას სამოცი (1260) დღე". დროის ეს ხანგრძლივობა, რომელიც უდრის 42 თვეს, ან კიდევ 3,5 წელიწადს, უნდა განვიხილოთ როგორც მითითება განსაზღვრულ დროზე. ამგვარ გაგებას ითხოვს გამოთქმის სიზუსტე, რომელიც ისეთ დიდ რიცხვში, როგორიცაა 1260, მცირე ერთეულის მითითებამდეც მიდის, როგორიცაა დღე.

ვინ არიან ეს მოწმეები? ეკლესიის წმიდა მამათა განმარტებით: "ეს ორი მოწმე არის ენოქი და ილია, რომლებსაც სამყაროს აღსასრულის წინ ღმრთისგან საქადაგებლად მიეცემათ სამწელიწადნახევარი, რაც "ათას ორას და სამეოცი დღით" აღინიშნება. "ძაძით შემოსვა" გლოვის ნიშანია, ე.ი. იმ დროს მცხოვრებთაგან ყველა, ვინც უარყოფს ანტიქრისტეს საცთურებს, გლოვისა და ტირილისთვის გაიწირება. "ორ ზეთისხილსა და ორ სასანთლეზე" ბრძანებდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც" (ზაქ. 4) (წმ. ანდრია კესარიელი).

"როდის მოხდება ეს, საყვარელო?! - კითხულობს წმ. იპოლიტე რომაელი და თვითონვე პასუხობს, - მაშინ, როდესაც შვიდეული ორად გაიყოფა (დან. 9:27) და გამოჩნდება "უსჯულოების საიდუმლო", (მათე. 24:15; მარკ. 13:14; შეად. დან. 9:27). და ორნი წინასწარმეტყველნი და წინამორბედნი უფლისა აღასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას და ქვეყნიერების ისტორია დასრულდება..." (წმ. იპოლიტე რომაელი).

ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი "ორ მოწმეში" სჯულსა და სახარებას გულისხმობს, მაგრამ ასეთი აღქმა უარიყოფა თვით აპოკალიფსისის მიერ, რომელშიც ვხვდებით ამ მოწმეთა პირად თვისებებსა და ცხოვრებისეულ მომენტებს (სასწაულები, სიკვდილი და ამაღლება). ამიტომაც, არ შეგვიძლია დავეთანხმოთ მათ, ვინც "მოწმეებში" იდეას, ჭეშმარიტების მოწმეობის განსახიერებას ხედავს.

ორ მოწმეში ორი ნამდვილი პიროვნების აღიარებას ითხოვს არა მარტო მათი კერძო თვისებების აღწერა, არამედ მათი დაპირისპირება ანტიქრისტესთან და ცრუწინასწარმეტყველთან. მაგრამ ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ. არ არის საკმარისი ვთქვათ, რომ ეს ორი მოწმე ორი კონკრეტული ადამიანია. ბიბლიაში მოცემულია დღემდე გაურკვეველი ორი მოვლენა; კერძოდ - ენოქის სიკვდილის უარყოფა და წინაწსწარმეტყველ ილიას ცოცხლად აყვანა ცაში. როგორ შეეძლოთ ამ ორ ადამიანს თავი აერიდებინათ სიკდილისთვის, როდესაც ის მთელი კაცობრიობის საზოგადო ხვედრია (ებრ. 9:27)? განა არ უნდა განიცადონ მათ ის, რასაც ყოველი ადამიანი განიცდის? ხომ არ არიან ისინი ორი აპოკალიპტური მოწმენი, რომლებიც ბოლო ჟამს უნდა გამოჩდნენ სამყაროს აღსასრულის წინ? ამგვარ აზრს მხარს უჭერს წევრი to‹j, რომელიც დგას სიტყვების dusˆ m£rtusi-ის წინ; ანუ ეს არის ორი პიროვნება, უკვე ცნობილი და განსაზღვრული. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ მოწმეთა აღწერის ზოგიერთი ნიშანი (ზეცის დაკეტვა, პირთაგან ცეცხლის ფრქვევა) აღებულია ისტორიული პიროვნების, წინასწარმეტყველ ილიას ცხოვრებიდან. შემდეგ, შეგვიძლია დავიმოწმოთ წინასწარმეტყველი მალაქია (მალაქ. 4:5-6) და ასევე მაცხოვრის სიტყვები: "ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს" (მათე 17:11) და ბოლოს, ამ განმარტების სასარგებლოდ მეტყველებს წმიდა მამათა ავტორიტეტი.

წმ. იპოლიტე რომაელი, აპოკალიფსისის ყველაზე ძველი კომენტატორი, თავის თხზულებაში "ქრისტე და ანტიქრისტე" წერს: "ძაძით შემოსილი ილია და ენოქი იქადაგებენ 1260 დღე და ყველა ხალხებს აუწყებენ სინანულს".

წმ. ეფრემ ასურელი წერდა "უფალი, თავისი მოწყალებით, გამოაგზავნის ილია თეზბიტელსა და ენოქს, რათა აუწყონ კაცთა მოდგმას ღვთისმოსაობა და ასწავლონ ყველას შიშის გამო არ დაემორჩილონ მტარვალს".

ღირ. იოანე დამასკელის თქმით, უფლის მეორედ მოსვლის წინ "ამასთან, მოივლინებიან ენუქი და ელია თეზბიტელი და მოაქცევენ მამათა გულებს შვილებისადმი, ესე იგი -სინაგოგას ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი და მოციქულთა ქადაგებისადმი".

ხოლო ანდრია კესარიელი თავის განმარტებაში ამ შეხედულებას მამათა საზოგადო აზრს უწოდებს და წერს: "მრავალი მოძღვრის აზრით, ეს ორი მოწმე არის ენოქი და ილია, რომლებსაც სამყაროს აღსასრულის წინ ღმრთისგან საქადაგებლად მიეცემათ სამწელიწადნახევარი, რაც "ათას ორას და სამეოცი დღით" აღინიშნება".

მომდევნო მუხლებში კიდევ უფრო დეტალურად იხსნება ამ ორი მოწმის ცხოვრებისა და საქმიანობის დეტალები.

უპირველეს ყოვლისა მე-4 მუხლი ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ როგორი მიმართება აქვთ მათ ღმრთისადმი. ესენი არიან "ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის "უფლის წინაშე" და აქ განყენებული ცნებები კი არ არის მხედველობაში, არამედ კონკრეტული პიროვნებები.

ამგვარი დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს ის ვითარებაც, რომ ჩვენი ადგილი ძალიან წააგავს ზაქარიას წინასწარმეტყველებას (4:2-3, 14). იქ ლაპარაკია შვიდ სასანთლესა და ორ ზეთისხილზე, და მოცემულია განმარტება, რომ შვიდი სასანთლე ღმრთის თვალებია, რომელიც მთელს სამყაროს მოიცავს; ხოლო ორი ზეთისხილი "ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი" (ზაქ. 4:14).

5. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს.

ესენი არიან ღმრთის მოწმენი მოსულნი მართლმორწმუნეთათვისაც, რადგან ანუგეშებენ და განამტკიცებენ მათ და უკეთურთათვისაც, რადგან დააშინებენ მათ სასჯელებით და მოუწოდებენ სინანულისკენ. ვინც არ მიიღებს მათს ქადაგებას და არ შეინანებს, არამედ იმდენად გაჯიუტდება, რომ მათთვის ზიანის მიყენებასაც კი გაბედავს, როგორც ღმრთის სიტყვის უარმყოფელი თავს დაიღუპავს; ასეთი ადამიანი სულიერა წარწყმდება და მისი სული დაიღუპება.

"და თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას.". "ო, საკვირველო მადლო ღმრთისაო, რომელიც ჭრილობის შესაბამისად გვთავაზობს კურნებას! ანტიქრისტე, ეშმაკის შეწევნით, თავისი ცრუ ნიშნებითა და სასწაულებით ყველა მოგვსა და მაცთურს წარემატება; მაგრამ ღმერთიც თავის წმინდანებს მიანიჭებს ჭეშმარიტ ნიშთა და სასწაულთა ქმნის ძალას, რათა ნათლითა და ჭეშმარიტებით უძლონ მათ სიცრუის ბნელის განქარვება; რათა, გვალვით, ცეცხლით, სტიქიათა ცვალებადობითა და სხვა სასწაულებით დასაჯონ ან შეაგონონ ანტიქრისტეს მიერ ცთუნებულნი და მოაქციონ ისინი გზაზე ჭეშმარიტებისა, ხოლო თავად მზაკვარი და მაცთური იგი (ანტიქრისტე) ამხილონ; თავიანთი ქადაგების დასრულებამდე ვერავინ მიაყენებს მათ რაიმე ბოროტებას" (ანდრია კესარიელი).

6. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.

ძალაუფლება, რომელიც ამ ორ მოწმეს მიეცემა, რათა დაუბრკოლებლად აღასრულონ მსოფლიო ქადაგება, გამოიხატება მათ უნარში სასწაულებრივად დასაჯონ დედამიწა. როგორც წმ. ილია წინასწარმეტყველმა, თავისი სიტყვის ძალით, კერპთაყვანისმცემლობისთვის ებრაელი ერი გვალვით დასაჯა, რომელიც 3,5 წელიწად გრძელდებოდა (3 მეფ. 17:1), როგორც მოსემ დასაჯა ეგვიპტელნი ფარაონის სიჯიუტისთვის და წყლები სისხლად აქცია (გამ. 7:19), ზუსტად ასე ბოლო ჟამინდელი მოწმეები, თავიანთი სასწაულებრივი ძალით გამოიწვევენ გვალვას, წყლებს მიაქცევენ სისხლად, რაც გამოიწვევს ადამიანთა წყურვილსა და ტანჯვას. გარდა ამისა, ორი მოწმე ძალმოსილი იქნება სხვა სახის სატანჯველებიც მოუვლინონ ქვეყნიერებას, იმგვარი სატანჯველები, რომელსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. და მათი ეს ძალაუფლება და ძლიერება მთელი მათი წინასწარმეტყველური მსახურების პერიოდში, ანუ მთელი 1260 დღე გაგრძელდება, როემლიც უფლის მიერ არის დაწესებული, მსგავსად იმისა, როგორც ნოეს 120 დღე მისცა ქადაგებისთვის, ხოლო იონას 40 დღე.

7. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.

1260 დღის გასვლის შემდეგ, როდესაც მოწმეები დაასრულებენ თავიანთ ქადაგებას, აღასრულებენ ყოველივეს, რაც ღმრთისგან დავალებული ჰქონდათ, მათი ძლიერებისა და ხელუხლებლობის დროც ამოიწურება. ეს ისეთი ჟამი იქნება, როდესაც ბოროტება უკიდურესად გაბატონდება დედამიწაზე; და მხეცის მიერ მოკლული ილია და ენოქი საქმის ამგვარი თანამიმდევრობის მსხვერპლნი გახდებიან.

ბოროტების ძალის გამომხატველი და მისი წარმომადგენელი, აპოკალიფსისის განმარტებით იქნება თვით მხეცი, რომელიც ამოვალს უფსკრულიდან. (tÕ qhrˆon tÕ ¢naba‹non ™k tБj ¢bÚssou). ტერმინ qhrˆon (თერიონ)-ის გამოყენება და არა zîon-ისა, ამ არსების განსაკუთრებულ სისასტიკესა და მზაკვარებაზე, მის სისხლისმსმელობასა და საშიშროებაზე უნდა უთითებდეს... წევრი tÕ, რომელიც ამ სიტყვის წინ დგას, უთითებს, რომ ეს არის განსაზღვრული და ცნობილი არსება. ის, რომ აპოკალიფისის მხეცს უფსკრულიდან ამომავალს უწოდებს, შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ ამ აპოკალიპტური სიმბოლოს გაგებისა. უფრო ადრე, მე-9 თავის 1-11 მუხლებში, იოანე ლაპარაკობდა უფკსრულზე და უფსკრულიდან ამომავალ ანგელოზზე. როგორც იქ, ასევე აქ უფსკრულში - ¢bÚssoj უნდა ვიგულისხმოთ არა მიცვალებულთა სამკვიდრო, ან ზღვა მისი უძირო სიღრმით, როგორც ამას ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ვარაუდობდა, არამედ ბოროტ სულთა ადგილსამყოფელი, ჯოჯოხეთი, დემონური ძალის საკუთრივი მნიშვნელობით.

იქ, მე-9 თავის 11-ე მუხლში უფსკრულის ანგელოზი გვევლინება კალიის მეფედ, რომლის გაგება სხვაგვარად შეუძლებელია თუ არა როგორც ბოროტ სულთა სახე, რომლებმაც ბოლო ჟამს თავიანთი საქმიანობის თავისუფლება მიიღეს. უფსკრულის ანგელოზს ეწოდება აბადონი, იგივე აპოლიონი, ანუ წარმწყმედელი. მე-11 თვის მე-7 მუხლის მხეციც უფსკრულიდან ამოდის და მისი სახელწოდება "მხეცი", ახლოსაა წარმწყმედელთან. ამის საფუძველზე ორივე არსება (გამოცხადების მე-9 და მე-11 თავთა "მხეცები") შეიძლება ერთი და იგივე არსებად მივიჩნიოთ. "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი" იგივე "უფსკრულის ანგელოზი", იგივე აპოლიონია, განსხვავება მხოლოდ დედამიწაზე მათი მოქმედების ხანგრძლივობაშია. აწმყო დროის მიმღეობა ¢naba‹non - გამომავალი", დაყნებული მომავალი დროის ზმნად გარკვეულწილად ლაპარაკობს იმაზედ, რომ მხეცი უფრსკრულიდან ამოსვლისთანავე კი არ შეებრძოლება ორ მოწმეს, არამედ გარკვეული დროის შემდეგ. ამდენად, მხეცის საქმიანობა, მისი წინასწარი შებრძოლება მოწმეებთან და შემდგომი მისი გამარჯვება მოწმეებზე, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც უფსკრულის ანგელოზის საქმიანობის შემდგომი ისტორია.

აქედან გამომდინარე, "მხეცში" აქ არ შეიძლება ვიგულისხმოთ არც "მკვდრეთით აღმდგარი ანტიოქოს ეპიფანე - მხეცი, დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით, არც ნერონი - ანტიქრისტე, არც ღმრთისმბრძოლი წარმართული სახლმწიფო, არც ანტიქრისტე საკუთრივი აზრით (როგორც მსოფლიო ტირანი და მსოფლიოს მბრძანებელი).

"მხეცში"
შეიძლება ვიგულისხმოთ ანტიქრისტე, ოღონდ იმდენად, რამდენადაც მხეცი აქ არის მოწმეთა წინააღმდეგ მებრძოლი და მათი დამმარცხებელი. ანტიქრისტე და ეშმაკი ერთი და იგივე არ არის, რადგან არ შეიძლება ანტიქრისტე ჩავთვალოთ განკაცებულ ეშმაკად. ანტიქრისტე იქნება ცოდვის კაცი, ძე წარწყმედისა და მხოლოდ წარმომადგენელი და გამოხატულება ეშმაკის ბოროტი საქმიანობისა. მე-7 მუხლში უნდა ვიგულისხმოთ ეშმაკი; მხეცის სახელწოდება თუ ანტიქრისტეს შეიძლება განვაკუთვნოთ, მხოლოდ იმ აზრით და მნიშვნელობით, რომ ეს უკანასკნელი თავის ძლიერებასა და ძალაუფლებას დედამიწაზე, კერძოდ კი მოწმეებზე გასამარჯვებლად, ეშმაკისგან მიიღებს (13:2 -გველეშაპი, მხეცი). და "როდის მოხდება ეს, საყვარელო?! მაშინ, როდესაც შვიდეული ორად გაიყოფა (დან. 9:27) და სწორედ ამ შემთხვევაში გამოჩნდება "საიდუმლო უსჯულოებისა", (მათე. 24:15; მარკ. 13:14; შეად. დან. 9:27). და ორნი წინასწარმეტყველნი და წინამორბედნი უფლისა აღასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას და ქვეყნიერების ისტორია დასრულდება..." (წმ. იპოლიტე რომაელი 8.44).

განსახილველ ხილვაში გამოსახულია არა თვით ანტიქრისტეს პიროვნება (მის შესახებ ლაპარაკი იქნება შემდგომ, მე-13 თავში), არამედ მისი საქმე, რომელიც სინამდვილეში ეშმაკის საქმე იქნება. მხოლოდ ეშმაკის დახმარებით ისე გაძლიერდება ანტიქრისტე, რომ ღიად დაუპირისპირდება კეთილ, ქრისტეანულ სჯულს, დაიწყებს მოწმეთა დევნას და მოკლავს კიდეც.

"ის (ანტიქრისტე) მოკლავს ქრისტეს ორ მოწმეს, რომლებიც ქვეყანას ზეციდან მის დიდებით მოსვლას აუწყებენ, როგორც ეს წინასწარმეტყველის მიერ ითქვა: "და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინასწარმეტყველებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძით" (აპოკ. 11:3). ამაზე ბრძანებს დანიელიც: "და განაძლიეროს აღთქმაი მრავალთა შვიდეულსა ერთსა და კერძოსა შვიდეულისასა აღებულ იქნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი" (დან. 9:27). აქ მითითებულია შვიდეული, რომელიც ორად იყოფა, რადგან ეს ორი მოწმე სამწელიწადნახევრის განმავლობაში იქადაგებს, ხოლო შვიდეულის დარჩენილ ნაწილში (ანტიქრისტე) წმინდანებს შეებრძოლება და გააპარტახებს მთელ ქვეყანას" (ანდრია კესარიელი).

"ყოველივე ეს, საკუთრივ, აღსრულდება იმისთვის, რომ მთელ ქვეყანაზე ქადაგებულ იქნეს უფლის სახარება. აღსრულდება სისავსე ჟამთა და დადგება ბოლო შვიდეული, როდესაც გამოიგზავნება ქრისტეს ორი წინამორბედი, რომელთა შემდეგ გაიხსნება "მოოხრების სისაძაგლე" და შემდგომ ამისა დიდებით მოვა მსაჯული მსაჯულთა, მიცვალებულნი აღდგებიან და მიეცემა ღირსეულთ სასუფეველი ცათა, ხოლო ცოდვილთათვის დაუშრეტელი ცეცხლის გეჰენა აღინთება (ლუკა 21:24); მათე 24:14); აპოკ. 11:4; მათე 24:15; აპოკ. 20:4-6, 15) (წმ. იპოლიტე რომაელი).

არსებითად, ეს არ იქნება ბოროტების სიკეთეზე ან უსჯულოების სჯულიერებაზე, ეშმაკის კი ქრისტე ღმერთზე გამარჯვება, - ასე მხოლოდ იმ დროის ცოდვილი კაცობრიობის თვალში წარმოჩინდება; სინამდვილეში კი გამარჯვება მხოლოდ მოჩვენებითი იქნება და თანაც ღმრთის დაშვებით.

მაგრამ, ანტიქრისტეს ძალა და მნიშვნელობა იმდროინდელ საზოგადოებაში იმდენად დიდი იქნება, რომ მის მიერ მოწმეების მოკვლას, რომლებიც უდიდეს ნიშებსა და სასწაულებს აღასრულებდნენ, არა თუ არავინ დაგმობს, არამედ მოიწონებენ და გაუხარდებათ კიდეც.

8. "მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც".

ეს ქალაქი დახასიათებულია სამი მხრიდან: 1) ის არის დიდი ქალაქი; 2) სულიერად იწოდება "სოდომად და ეგვიპტედ" და 3) იქ აცვეს ჯვარს მათი უფალიც. ძველი კომენტატორების (წმმ. ვიქტორინეს, ირინეოსის და ანდრია კესარიელის) აზრით და თვით ტექსტის მიხედვითაც, ეს ქალაქი ანტიქრისტეს მომავალი სამეფოს დედაქალაქია, იგივე ძველი, ისტორიული იერუსალემი, რომელიც, ღმრთის განგებით, ბოლო დრომდე შენარჩუნდება და ანტიქრისტეს დედაქალაქი გახდება. უკიდურეს შემთხვევაში, იერუსალემი იქნებ მისი ერთ ერთი უმთავრესი ქალაქი მაინც. ეს შესაძლებელია თუნდაც იმიტომ, რომ ანტიქრისტე, რომელსაც ქრისტეანობის დამხობა ექნება მიზნად, ბუნებრვად შეეცდება იმოქმედოს იმ ადგილებში, რომელიც განსაკუთრებულად წმიდაა ქრისტეანთათვის. და თუ ეს ქალაქი "დიდად" იწოდება, და არა წმიდად, სხვა არაფრის გამო, თუ არა იმიტომ, რომ ის გახდება ანტიქრისტეანული სახელმწიფოს დედაქალაქი. იერუსალიმთან, როგორც ისტორიულად დიდ ქალაქთან შესატყვისობაშია მისი წოდება "სოდომად და ეგვიპტედ".

გამოთქმა "სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე" უთითებს არა მარტო იმაზე, რომ ეს სახელწოდებები გამოყენებულია გადატანითი მნიშვნელობით, არამედ იმაზეც, რომ ეს ქალაქი თავისი რელიგიურ-ზნეობრივი, "სულიერი" მდგომარეობით მსგავსია სოდომისა და ეგვიპტისა. ანტიქრისტეს დროინდელი იერუსალემი სოდომის მსგავსად ისეთივე ცოდვილი და გარყვნილი იქნება, და ისევე დაიმსახურებს ღმრთის რისხვას თავისი უსჯულებებისთვის, როგორსაც დაექვემდებარა ძველი ქალაქი სოდომი. ხოლო ეგვიპტეს იერუსალემი დაემსგავსება თავისი ღმრთისმბრძოლობითა და განდგომილებით, კერპთაყვანისცემითა და ღმრთის ნებისადმი დაუმორჩილებლობით, რაც ეგვიპტეში გამოჩნდა ფარაონის მაგალითზე, რომელიც ღმერთმა შთაჰფლა მეწამულ ზღვაში.

რაც შეეხება ქალაქის უკანასკნელ დახასიათებას: "სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც", შეუძლებელია გავიგოთ სხვაგვარად თუ არა, როგორც მითითება ნამდვილ, ისტორიულ იერუსალიმზე. ეს იერუსალემი, როგორც ის, ძველი, რომელიც იყო ადგილი უფლის ჯვარცმისა, ზუსტად ასევე იქნება ადგილი ბოლო დროის ორი მოწმის წამებისა და მოკვლისა. ასეთი განმარტება სულაც არ არის რაიმე არაბუნებრივი და შეუძლებელი. იერუსალემი უკვე რამოდენიმე საუკუნეა არსებობს და იარსებებს მეორედ მოსვლამდეც; და თუკი ანტიქრისტესთვის, როგორც მსოფლიო მბრძანებლისთვის საჭირო გახდება განსაკუთრებული ქალაქი, რატომ არ შეიძლება ეს ქალაქი იერუსალემი გახდეს?

9. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავს მათი დამარხვის ნებას.


იმისთვის, რათა ორი მოწმის სიკვდილს მეტი რეალობა რომ შესძინოს, მე-9 მუხლში ლაპარაკია იმ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც ის სხვა ადამიანებზე მოახდენს.

"სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს..." მოწმეთა გვამებს ალბათ იმ ტომის, მოდგმის, ენისა და ერის ხალხები შეხედავენ, რომლებიც იმ დროს ანტიქრისტესთან ერთად იქნებიან იერუსალემში, როგორც მისი მრავალეროვანი არმია და თანამშრომლები. აქედან გამომდინარე, ესენი არა მარტო ქალაქის მკვიდრნი არიან, არამედ, - და ამაზე მაყურებელთა მრავალეროვნულობა მიუთითებს, - ის ჩამოსულები, სარწმუნოებისგან განმდგარნი და უკეთურნი, რომლებიც უხვად იქნებიან იმდროინდელ იერუსალემში.

"სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავს მათი დამარხვის ნებას", ანუ წმმ. ილიასა და ენოქის გვამები მოკლებულნი იქნებიან გაპატიოსნებას დღეთა რიცხვი (3,5 დღეს აშკარად შესატყვისობა გააჩნია მე-2 და მე-3 მუხლებთან) და იმაზე მიუთითებს, რომ გვამები დაუმარხავად იქნებიან ჩვეულებრივზე მეტ ხანს.

10. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი.


ანტიქრისტესა და მის თანამოაზრეთა ასეთი არაადამიანურობის შესაბამისი იქნება დედამიწაზე მცხოვრებთა ზნეობრივი დაცემულობაც. (6:10; 8:13), ანუ ისინი, ვინც იერუსალემის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, როგორც კი მოწმეთა ხვედრს შეიტყობენ, გაიხარებენ და ერთმანეთს ძღვენსაც კი მიართმევენ. უკეთურთა ასეთი სიხარულის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ახლა უკვე აღარ არიან ისინი, ვინც "აწამა დედამიწის მკვიდრნი". და რითი აწამა? ღვთისმოსაობის ქადაგებით! მოწმეთა ეს ქადაგება, რომელიც, ერთის მხრივ შემაგრებული იყო ნიშებითა და სასწაულებით, მოსვენებას არ აძლევდა ცოდვილ თვითკმაყოფილებაში ჩაძირულ უკეთურებს და არ აძლევდა მათ შესაძლებლობას დამშვიდებით მისცემოდნენ გარყვნილებებს; ხოლო მეორეს მხრივ, აშფოთებდნენ იმ სასჯელებით, რომელიც ყველა იმ ადამიანის თავზე მოიწეოდა, ვინც კი გაბედავდა მოწმეთა ხელის ხლებას. არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ მოწმეთა სიკვდილით დაინტერესებულნი ყოფილიყვნენ არა მარტო მთავარი ქალაქის მკვიდრნი, არამედ დედამიწის მცხოვრებნიც ("ყველანი"). მაშინ იქნება ანტიქრისტეს ერთიანი სახელმწიფო მთელს დედამიწაზე და მთავარი ქალაქის მოვლენებსაც და ანტიქრისტეს მამხილებლებსაც მსოფლიო ინტერესი და მნიშვნელობა ექნება.

"ანტიქრისტეს ცრუ სასწაულებით ცთუნებული წარმართები და იუდეველები, რომლებმაც გულებში აღიბეჭდეს მისი სახელი, არავის მისცემენ უფლებას, დამარხონ წმინდანთა გვამები და განიხარებენ, რომ თავი დააღწიეს ამ ჭირს, რომელიც მათდა შესაგონებლად იყო დაშვებული. უგუნურნი ვერ გულისხმაყოფენ, რომ "ვინც უყვარს უფალს, მასვე ზრდის; ხოლო შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს" (ებრ. 12:6). "ლაგამითა და აღვირით მოაქცევს თავისკენ იმათ, ვისაც არ უნდა მოახლოება" (ფსალმ. 31:9), რომ იძულებით მაინც დადგნენ ჭეშმარიტ გზაზე, რომლისგანაც გარდახდნენ" (წმ. ანდრია კესარიელი).

თუმცა ცოდვილთა და უკეთურთა სიხარული ხანმოკლე იქნება.

11-12. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას.


"იმდენი დღით მკვდარნი, რამდენი წელიც წინასწარმეტყველებდნენ, ისინი ღვთაებრივი ღრუბლით კვლავ ავლენ ზეცად, მათ შესარცხვენად და შესაძრწუნებლად, რომელნიც იხილავენ ამას" (წმ. ანდრია კესარიელი). მათი მკვდრეთით აღდგომა ღმრთის ყოვლისშემძლეობის ნიშანი იქნება, რომლის მსახურებიც ისინი იყვნენ; ისევე როგორც მკვდრეთით აღდგომა იესუ ქრისტესი, რომელსაც ისინი ბაძავდნენ თავიანთი ღვაწლით, იყო მტკიცებულება მისი ბუნების ღვთაებრიობისა (1 კორ. 15:20).

ამაღლება მოწმეთა განდიდებაა მათი მტრებისა და მკვლელების წინაშე. ამასთან ეს არის ორი მოწმის მკვლელთა უსჯულოების კიდევ ერთი მხილება, რაც მათ კაცისმკვლელ და სისხლისმსმელ ხასიათში გამოიხატება. ამიტომაც ითქვა, რომ "თავზარი დაეცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ", რადგან ისინი ნამდვილად ხედავდნენ ღმრთის სასწაულს.

13-14. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს. მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მოგელავს მესამე ვაება.

წმინდანთა ზეცად ამაღლება არ შემოიფარგლება მხოლოდ უსჯულოთა შიშით, არამედ ამ ამაღლებას იმწამსვე მოჰყვა საშინელი მიწისძვრა. ასეთივე მიწისძვრა იყო იერუსალიმში უფლის ჯვარცმის დღესაც, მაგრამ ერთისა და მეორის ძალი და მნიშვნელობა სხვადასხვაგვარია. აქ მიწისძვრას ახლავს "ქალაქის მეათედის დაქცევა და შვიდი ათასი კაცის ამოწყვეტა".

"ქალაქში" უნდა ვიგულისხმოთ მე-2 და მე-8 მუხლებში ნაგულისხმევი ქალაქი, ანუ ანტიქრისტეს მომავალი სამეფოს დედაქალაქი, ხოლო მისი მეათედი ნაწილისა და შვიდი ათასი კაცის დაღუპვა უთითებს "იუდაური ქალაქისა და მის მცხოვრებთა შედარებით სიმსუბუქესა და შემწყნარებლობას", მაგრამ ეს ამავე დროს არის საშინელი უბედურებების დასაწყისი, რომელიც მალე უნდა დადგეს.

დაიწყო ღმრთის შურისგება უკეთურ, ანტიქრისტეანულ სახელმწიფოზე. როგორია ამ წინასწარი დასჯის მიზანი? უკეთურთა სინანულისკენ მოწოდება? ასეც რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა იგი ერთადერთი და მთავარი. სინანულისკენ მოწოდება ორი მოწმის ქადაგებაში მდგომარეობს; ხოლო ქალაქის მეათედი ნაწილის დანგრევა და შვიდი ათასი კაცის ამოწყვეტა უკვე მაშინ მოხდა, როდესაც სინანულისკენ ეს მოწოდება სრულიად ამაო გახდა. წინასწარმეტყველები მოკლეს, ხოლო მიწისძვრა და მისი შედეგები, შეიძლება უკეთურებზე სამართლიან შურისგებად აღვიქვათ მათი უსჯულოებისა და მოუნანიებლობისთვის.

დასჯა იმდენად აშკარა იყო, რომ "შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს". აპოკალიფსისი აქ ლაპარაკობს მხოლოდ დასჯაზე და სინანულისკენ მოწოდებაზე, მაგრამ არაფერს იუწყება მონანულებზე. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, არ არის ჯეროვანი მართალნი ვიგულისხმოთ სიტყვებში: "სხვები კი შეძრწუნდნენ". ამიტომ, მე-13 მუხლში უნდა ვიგულისხმოთ არა უსჯულოთა სინანული და ღმრთისკენ მოქცევა, არამედ უბრალო შიში (გამოცხ. 18:10, 15; ლუკა 21:26) და ღმრთის ყოვლადძლიერების უნებლიე აღიარება, რაც ხშირად მოსდით ხოლმე შეშინებულ ადამიანებს, თუმცა შიში რომ გადაუვლით ისევ ცოდვილ ცხოვრებას აგრძელებენ. შედეგად, ეს "დანარჩენები", რომლებიც "შეძრწუნდნენ", ქალაქის ის უკეთური მცხოვრებლებია, რომლებიც ქალაქის ნანგრევებსა და გვამებს შორის ცოცხალნ დარჩნენ.

ასე მთავრდება ორი მოწმის ხილვა, მე-14 მუხლის სიტყვებით, "მეორე ვაება, რომელმაც გადაიარა", ანუ ეს იყო ცოდვილი, ანტიქრისტეანული სამეფოს წინასწარი დასჯა; ახლა კი მას მესამე ვაება ელის. ანტიქრისტეს სამეფო უკვე მთელს თავის ძლიერებაშია, ის არა მარტო მსოფლიოა, არამედ საყოველთაოდ სიკეთის დამთრგუნველიც და ქრისტეანული ჭეშმარიტების მდევნელიც. მან მოახერხა დაეთრგუნა სიკეთისა და სარწმუნოების გამოხატულება და დევნა ქრისტეანული ჭეშმარიტების ორი მქადაგებელი, რომლებიც ამავე დროს იყვნენ ღმრთის ორნი მოწმენი. თუმცა ანტიქრისტეანობის ამ აპოგეის ნაცვლად დადგება მისი აღსასრული, ახლოვდება ანტიქრისტეს სამეფოს საბოლოო დანგრევა, ახლოვდება სამსჯავრო ყველა უკეთურზე, სადაც ღმერთი თითოეულს მიაგებს "მათ საქმეთაებრ".
Назад к содержимому