განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_11_15_19_ზეციერი ბინადრებისა და ზეციური ტაძრის ხილვა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ზეციერი ბინადრებისა  და ზეციური ტაძრის ხილვა

(თ. 11:15-19)
იოანეს გამოცხადება
ძვ. ქართულით

1. და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუა: აღდეგ და განზომე ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. 2. და ეზოჲ იგი, რომელი არს გარეგან ტაძრისა, განაგდე გარე და ნუ განჰზომ მას, რამეთუ მიეცა იგი წარმართთა, და ქალაქი იგი წმიდაჲ დათრგუნონ ორმეოცდაორ თთუე 3. და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. 4. ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. 5. და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი. 6. ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. 7. და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. 8. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა. 9. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა. 10. და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი. 11. და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. 12. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. 13. მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ცათასა. 14. ვაებაჲ იგი მეორე წარჴდა, და აჰა ესერა ვაებაჲ იგი მესამე მოვალს ადრე.


ახ. ქართულით

1. მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. 2. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს. 3. მივცემ ჩემს ორ მოწმეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. 4. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. 5. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. 6. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ. 7. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. 8. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. 9. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას. 10. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი. 11. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. 12. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას. 13. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს. 14. მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მოგელავს მესამე ვაება.


IV. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა (თ. 7-11)

ზეციერ ბინადრებისა და ზეციური ტაძრის ხილვა (თ. 11:15-19)

15. მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.

მესამე და უკანასკნელი ვაება, როემლიც თავისი შედეგებით მარადიულად გაგრძელდება, საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობაში დეტალურად არ იხსნება. იდუმალთმხილველს მხოლოდ მიანიშნებენ ამ ვაებაზე (მ. 18) და თანამიმდევრობა ზეცის ბინადართა და ზეციური ტაძრის ხილვით მთავრდება.

მეორე თანამიმდევრობის უკანასკნელი მოვლენა მეშვიდე ანგელოზის საყვირით იხსნება. საყვირის ხმამ შეცვალა იდუმალთმხილველის ფიქრთა თანმიმდევრობა და მისი ჭვრეტის საგნებიც. მას ახალი მგრგვინავი ზეციური ხმები ესმა, ხოლო მისმა მზერამ ზეციური ტაძარი იხილა. იოანე არ ამბობს ვისი იყო ეს მგრგვინავი ხმები, - ის მხოლოდ მათი ძალისა და შინაარსის მხრივ საზღვრავს. როდესაც გრგვინვათა ძალაზე ლაპარაკობს, მას "დიდს" უწოდებს (ძვ. ქართ.: "და იქმნეს ჴმანი დიდნი ცათა შინა"), რაც შეიძლება ხმათა ტონალობასა და სიმაღლეზე უთითებდეს, ასევე მათ სიმრავლეზე და მრავალგვაროვნებაზე. რაც შეეხება იმას, თუ ვის ეკუთვნის ეს ხმები, ანგელოზებს თუ ყველა წმინდანს, უკეთესია ვივარაუდოთ, რომ ეს ის ხმებია, რომლებიც ყოველთვის ისმოდა ღმრთის ტახტის გარშემო და რომლებიც ოთხ ცხოველ-სერაფიმს ეკუთვნოდათ (გამოცხ. 4:8), ანგელოზებს (გამოცხ. 5:11) და განდიდებულ წმინდანთ (გამოცხ. 7:9).

ზეცის ბინადართა ხმები ამბობდნენ, რომ "ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე". გამოთქმის აზრი იმაშია, რომ ქვეყანაზე და ქვეყნის ზემოთ შეწყდა სამეფო ძალაუფლება (შეად. 1 მეფ. 1:11, 13) ანტიქრისტესი და დამკვიდრდა მეფობა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, - ის მეფობა, რომელიც არის კიდევაც ჭეშმარიტი მეფობა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არსებითად ერთადერთია.

ამ ზეციური გალობის საპასუხოდ:

16. ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს.

ეს მათი მხრიდან საღმრთო დიდების სიტყვებთან სრული თანხმობის ნიშანია, რომელსაც შემდეგ თვითონაც უერთდებიან:

17. და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა.

რა თქმა უნდა, აპოკალიფსისის გამოთქმა, რომ "ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე" და, "რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა", უთითებს არა იმაზე, რომ უფალმა მხოლოდ ამჯამად მოიპოვა ეს ძალი და ადრე არ ჰქონდა, არამედ იმაზე, რომ ადრე უფალმა დათმო იგი, მიუშვა ბოროტი ძალები, განსაკუთრებით კი ანტიქრისტე, ებატონათ მართლმორწმუნეებზე და ერთგვარად მთელს მსოფლიოზეც. ახლა კი უფალი სრული მნიშვნელობით გამეფდა, ანუ (როგორც ეს ნათქვამია ფსალმ. 93:1; 96::10; 97:1) ხილულად ავლენს თავის სამეფო ღირსებას და სამეფო ძალაუფლებას, კეთილთ მიაგებს მარადიულ ნეტარებას, ხოლო ბოროტ დაუსრულებელ სატანჯველში განაწესებს.

შემდეგ უხუცესნი ამბობენ:

18. წარმართნი გაშმაგდნენ და და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა და მკვდართა შჯისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი.

ამ საგალობელში თითქოსდა მეორდება მე-2 და 99-ე ფსალმუნის (მ. 1) სიტყვები. აზრი კი ის არის, რომ უკეთურთა ყველა ბოროტების, სიჯიუტისა და მოუნანიებლობისთვის მათზე ღმრთის სამართლიანი მსჯავრი მოიწევა, რომელიც წარწყმედს მათ ამაყ მედიდურობას, ცოდვილ თავდაჯერებულობას და მიუხედავად თავიანთი უძლური ბოროტებისა, იქნებიან დასჯილ.

"და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა და მკვდართა შჯისა" შეიძლება გავიგოთ, როგორც: დადგა ჯამი მიცვალებულთა აღდგომისა და განსჯისა. საუკუნო სამსჯავროზე წარსდგება ყველა ადამიანი და ეს იქნება საბოლოო სამსჯავრო. ამ სამსჯავროზე მიეგება ყველას "საქმეთაებრ მათთა". "სანაცვლოს მიაგებს თავის მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და უფლის სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპავს ქვეყნის დამღუპველთ".

როდესაც მართალთა მისაგებელზე მსჯელობს, იდუმალთმხილველი ჯერ წინარწარმეტყველთ ასახელებს, რომლებიც ღმრთის ნების მაუწყებელნი იყვნენ, შემდეგ წმიდათ - და არა საერთოდ ქრისტეანთ, თუმცა ზოგჯერ ისინიც იწოდებიან წმიდებად (საქმე 8:10; გამოცხ. 13:16; 19:18), არამედ იმ ქრისტეანთ, რომლებიც მიუახლოვდნენ სრულყოფილებასა და სიწმიდეს, და ბოლოს "უფლის სახელის მოშიშთ", ანუ მათ ვინც ღმრთის შიშით, ვითარც მონა და მსახური ემსახურებოდა უფალს და მის მიერ ბოძებულ მცნებებს ასრულებდა.

იმის შემდეგ, რაც ყველა განაზოგადა და ჯილდოებისა და ნეტარების ხარისხთა განსხვავებანი მიუთითა, იდუმალთმხილველი ლაპარაკობს "დიდსა თუ მცირეზე", რომლებიც ასეთები იყვნენ ღმრთისა და ადამიანთა თვალში ამ წუთისოფელში.

მე-18 მუხლის ბოლოში ლაპარაკია ცოდვილთა ხვედრზე, რომელთაც "დაღუპეს ქვეყანა". საუკუნო სამსჯავრო ცოდვილთათვის და მართალთათვის იქნება ერთდროულად და ესეც განპირობებულია ღმრთის სამართლიანობით. დედამიწა კაცს მიეცა რათა ეუფლოს მას და სასიკეთოდ გამოიყენოს (დაბ. 6:11-13, 21-22). ეს ამავე დროს არის მითითება იმაზე, რომ ყოველივე რაც კი დედამიწაზეა ადამიანისთვის შეიქმნა და მისთვის არსებობს, ამიტომაც მოეკითხება ცოდვილთ ღმრთის მიერ ბოძებული უფლების ბოროტად გამოყენება და "ქვეყნის დაღუპვა". ამ თვალსაზრისით "ქვეყნის დამღუპველნი" არიან არაინ არა მარტო ანტიქრისტეს თანამოაზრენი და თანამებრძოლნი, არამედ ყველა დროის ცოდვილნი, რადგა ყოველი ცოდვა გარკვეული თვალსაზრისით არის კიდევაც ღმრთის მიერ ბოძებულ ნიჭთა არასწორი გამოყენების შედეგი, უპირველეს ყოვლისა კი თავისუფალი ნებისა, რომელიც უზენაესია ნიჭთა შორის. ასე წარწყმედენ და დაკარგავენ ნეტარებას ცოდვილნი, როგორც წარწყმიდეს და დაღუპეს თავიანთი ადამიანური თავისუფლება.

19. მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა.

მე-19 მუხლი წინა მუხლის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს და ამთავრებს მეშვიდე საყვირის ხილვას. 15-18-ე მუხლებში ნათქვამი იყო, რომ ზეცის ბინადრებმა დიდება აღუვლინეს უფალს, როგორც მართლმსაჯულსა და შურისმგებელს. მაგრამ ღმერთთან და მის მიერ შექმნილ სამყაროსთან და ადამიანთან მიმართებაში არ შემოიფარგლება, ასე ვთქვათ, იურიდიული მხარით; ღმერთსა და მის ქმნილებებს შორის არსებობს უფრო ღრმა და შინაგანი კავშირი - კავშირი პირველხატსა და მის მსგავსებას შორის. ღმრთისა და ადამიანის, უსასრულობისა და საზღვრულობის ეს კავშირი გამოხატული იყო ძველი და ახალი აღთქმებით. ძველ აღთქმაში ამგვარი კავშირის გამომხატველი იყო აღთქმის კიდობანი, როგორც იწოდებოდა ის თვით უფლის სახელით (მეორე რჯლ. 10:8; 31:9; ოსია 3:6; 4:9). უფლის კიდობანი იმყოფებოდა წმიდა წმიდათაში და მიუწვდომელი იყო ჩვეულებრივი ადამიანის მზერისთვის; ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი საიდუმლოდ იყო დაცული: ადამიანს ჯერ კიდევ მთელი სიღრმით არ ჰქნოდა ის შეცნობილი.

ახალი აღთქმა დაეფუძნა ქრისტეს სისხლს და კაცთადმი ბოძებული საღმრთო გამოცხადების მომდევნო გაგრძელება იყო. მაგრამ ამ აღთქმაზეც უნდა ითქვას, რომ მასშიც ვერ აღწევენ ადამიანების ღმრთის სრულ ერთობას, მათი ცოდვილიანობისა და არასრულყოფილების გამო, და ამავე მიზეზით სრულად ჯერ კიდევ შეუცნობელია მთელი მისი უღრმესი მიუწვდომლობით. როგორც ძველი, ისევე ახალი აღთქმები სრულიად გასაგები მხოლოდ ქრისტეს მომავალ სასუფეველში იქნება, როდესაც "ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველში" (1 კორინთ. 15:28; 13:12). გაღებული ტაძრისა და მასში მდებარე აღთქმის კიდობნის ხილვა ღმრთისა და ადამიანის სწორედ ამ მომავალ, უსრულყოფილეს ერთობაზე მეტყველებს.

ტაძრის გაღება და აღთქმის კიდობნის გამოჩენა, რომელიც ისტორიულად არ მომხდარა და შეუძლებელი იყო მომხდარიყო ძველაღთქმისეული სჯულის მიხედვით, უნდა მეტყველებდეს და გვეუბნება კიდეც აღსრულებულ, საბოლოო გადასვლაზე იესუ ქრისტეს სასუფეველში, ღმრთის აღთქმის სრულ აღსრულებაზე. როგორც (ხილვაში) ადრე მიუწვდომელი ტაძარი (წმიდა წმიდათა) მისაწვდომი გახდა, და აღთქმის კიდობანი, ადრე დაფარული და მიუწვდომელი, ხილული და მისაწვდომი გახდა, ასევე მართალთა და სრულყოფილთათვის, საუკუნო სამსჯავროს შემდეგ ხილული და მისაწვდომი გახდება ყველაზე უმჭიდროვესი ერთობა ღმერთთან, და ეს იქნება ყველაზე მჭიდრო და შინაგანი კავშირი (კოლ. 2:3, 9), და ღმრთისა და ადამიანის ამ კავშირის გულისხმისყოფა დაიწყება მარადიულ, ნეტარ ცხოვრებასთან ერთად ჩვენს უფალ ღმერთში, ახალ იერუსალემში (თთ. 21 და 22, ლუკა 1:72).

ეს არის ღმრთის საიდუმლოთა გამოცხადების დასასრული, რომლებიც მისაწვდომია ადამიანური გულისხმისყოფისთვის. მე-19 მუხლის დამამთავრებელი სიტყვები შეიცავენ იმის გამოხატულებას, რასაც აპოკალიფსისში ახლავს ან წინ უსწრებს საიდუმლოს გამოცხადება: "იქმნა ელვა (როგორც სამსჯავროს მოახლოების ნიშანი) და ქუხილი გრგვინვა(მინიშნება თვით სამსჯავროზე), მიწისძვრა (სამყაროს ცვლილების ნიშანი) და სასტიკი სეტყვა (სამსჯავროს მრისხანე შედეგები)" (შეად. 6:12; 8:5, 7; 16:18-20; ეს. 30:30; 32:19; ფსალმ. 18:13-14).

ასე მიანიშნეს იოანეს, მის მიერ კი ყველა ქრიტეანს მომავალი საშინელი სამსჯავროს, საყოველთაო მსჯავრისა და მისაგებელის, და მომავალი, დაუსრულებელი ცხოვრების დაწყების შესახებ.

ამით შეიძლებოდა გამოცხადება დამთავრებულად ჩაგვეთვალა; ის მივიდა სამყაროს უსასრულობაში გადასვლის მომენტამდე. მაგრამ რადგან ჯერ კიდევ გაუხსნელი დარჩა ზოგიერთი საკითხი, რომელიც წინ უსწრებს ამ გადასვლას, აპოკალიფსისი მომდევნო სიტყვებში ისევ უბრუნდება ღმრთის განგებულებას, ოღონდ მის უკვე ახალ (მესამე) თანამიმდევრობას. "ჩვენ, - წერს წმ. ვიქტორინე, - სარ უნდა მივაქციოთ ყურადღება გამოცხადებათა უბრალო თანამიმდევრობას, რადგან სულიწმიდა, მივიდა რა უკანასკნელი ჟამის ბოლომდე, ხშირად უკან, იმავე დროში ბრუნდება და აღავსებს ყოველივეს, რაც ადრე გადმოცემული იყო, ოღონდ ნაწილობრივ. და თუმც კი იდუმალთმხილველი თასების გადმოღვრისას იმეორებს იმას, რაც უკვე იგულისხმებოდა საყვირთა დაცემაში, ეს არ ნიშნავს თვით ფაქტის განმეორებას, არამედ მხოლოდ ერთი, განსაზღვრული მოვლენის ორგვარ გადმოცემას" (წმ. ვიქტორინე. Magna Biblioth., t. 1, 581).
Назад к содержимому